ნაწარმოებები



ავტორი: ქეთიკა
ჟანრი: პროზა
17 ივლისი, 2017


მზის ჩასვლა 7

  არც ისე ადვილია უცხო მამაკაცთან სექსზე საუბარი. სიტყვების პოვნა ძალიან რთულია. იმ სიტყვების, რომლითაც დელიკატურად გამოთქვამ აზრს. მეც ეგ გამიჭირდა. ვფიქრობდი, რა მეთქვა. თითქოს ყველა სიტყვა დამავიწყდა. გამიჭირდა აზრის გამოთქმა. მომერიდა კიდეც და დავკომპლექსდი. ამის შემჩნევა კი ყველაზე მეტად არ მინდოდა. ის ისეთი თავისუფალი და ლაღი იყო. ყველა თემაზე ღიად შეეძლო საუბარი. არც მორიდება ჰქონდა, არც სიტყვების ძებნა სჭრდებოდა. მე კი დავმუნჯდი თითქოს. ვღელავდი და ვგრძნობდი ლოყებზე სიმხურვალე როგორ მემატებოდა. გოგოობიდან მქონდა ეგ თვისება, როცა ვღელავდი ლოყები მიწითლდებოდა და მიხურდა. არ მომწონდა მასე რომ მემართებოდა და სულ ვცდილობდი დავმალულიყავი. დიდი რაოდენობით პუდრს ვიყრიდი ლოყებზე, რომ სიწითლე დამეფარა.
- რა საყვარლად გაგიწითლდა ლოყები ლალი. ნუ გერიდება, ჩემთან ღიად და უკომპლექსოდ იყავი. - ღმერთო, შეამჩნია. გავხედე და იღიმოდა. ლოყებზე ხელები მივიფარე.
- უბრალოდ დამცხა. - მანქანაში გაგრილების სისტემა იყო ჩართული სად იყო სიცხე. ის კი კმაყოფილი სახით მალი-მალ იყურებოდა ჩემსკენ.
- ნუ გერიდება რა ლალი, ძალიან გთხოვ თავისუფალი იყავი ჩემთან.
- არ მერიდება.
- მაშინ გავაგრძელოთ. მითხარი ის, რის თქმასაც აპირებდი. - ამასობაში ისიც დამავიწყდა რის თქმას ვაპირებდი.
- ასე ადვილად ვერ იტყვი. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ყველა ისე ცხოვრობს როგორც უხერხდება.
- ეგ ძალიან ზოგადი ნათქვამია.
- ასეა და შენ თუ გინდა ზოგადი დაარქვი.
- არაა მასე. როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთ ისე აღარ უყურებს, როგორც ეს უწინ იყო, მაშინ კარგავენ ერთმანეთს და ვერ ხვდებიან.
- ყველაფერი ხომ ისე ვერ იქნება როგორც დასაწყისში იყო.
- მართალია, ისე ვერ იქნება, მაგრამ უკეთესად უნდა იყოს. ბევრად უკეთესად. უფრო მეტად უნდა დაუახლოვდნენ და დააფასონ ერთმანეთი, მათ კი პირიქით ემართებათ. უფრო და უფრო შორდებიან.
- ცხოვრება რთულია ოთარ. ყოფითი პრობლემები ართულებს ყოველდღიურობას.
- მერე მისი მოგვარება ორ შეხმატკბილებულ ადამიანს ხომ უკეთ შეუძლიე ვიდრე ცალ-ცალკე. კიდევ უარესი, თან ერთმანეთს აბრალებენ იმ პრობლემის წარმოშობას.
- ყველა თავისებურია, ვერ გაიგებ.
- საქმეც მაგაშია, რომ იმდენად თავისებურები ხდებიან ერთმანეთს აღარ ინდობენ. არადა პირიქით მხარში უნდა ამოუდგნენ და გაამხნევონ ერთმანეთი. ასე სიყვარულსაც შეინარჩუნებენ და ჰარმონიასაც.
- კარგი ერთი რაა, ისე ლაპარაკობ, თითქოს შენ თვითონ არ გყავდეს ყოველ წელს ახალ-ახალი „ჰიტები“. - ღმერთო ეს რამ მათქმევინა. მაგრამ ისე გამაბრაზა მისმა დამაჯერებელმა მსჯელობამ რომ გაბრაზებულმა ვეღარ მოვითმინე და მივახალე.
- ოოო... ეგ კონტრ შეტევა იყო. მასე არ შეიძლება. - გამხიარულდა და სიცილი დაიწყო. მე კი საპირისპირო რეაქციას ველოდი. - ეგ სხვა თემაა ლალი.
- არანაირად არაა სხვა თემა. - ახლა ჩემი შეტევის დრო იყო.
- ეგ სხვა თემაა, მართლა გეუბნები. არ უშლის ხელს, სულ სხვა თემაა.
- კარგი ერთი რაა, როგორ არ უშლის ხელს - აი ეს არ მესმის. ეს შენ გინდა რომ ასე იყოს და მაგიტომ გგონი რომ არ უშლის, სინამდვილეში ძალიან აკლდები ოჯახსაც და ცოლსაც.
- არ არის მასე. დამიჯერე. არ ვაკლდები. გინდა დავიფიცო?
- არა, დაფიცება რად მინდა?!
- მე ძალიან ბევრს ვშრომობ, ბევრ ადამიანს ვეხმარები და ვიმსახურებ ცოტა გართობას.
- შენი ცოლი იმსახურებს ღალატს?
- ღალატი არ არისთქო ხომ გითხარი.
- აი ეგ არ მესმის და რა ვქნა. ღალატია აბა რა არის.
- ეს მხოლოდ სექსია და მორჩა.
- როგორ არის მხოლოდ სექსი, მაშინ როცა თავად თქვი ყველა მიყვარდაო.
- ხო მიყვარდა, მაგრამ არა ისე როგორც ცოლი მიყვარს.
- შენი ცოლი იმსახურებს ასეთ მოქცევას?
- როგორს?
- როგორს და ღალატს, რომელსაც ღალატი არ ჰქვია.
- მე მის ადგილზე ხომ არასდროს არავინ დამიყენებია?!
- მას ხომ აკლდება ის საათები რომლებსაც იმ „ჰიტებთან“ ატარებ.
- არა, არ აკლდება. ის ამ დროს თავისი საქმითაა დაკავებული.
- კარგი მაშინ დრო თუ არა შენ ხომ აკლდები.
- მე თუ სექსი.
- ნუ, ხო, ორივე. - ისე გადაიხარხარა, მეგონა დამცინოდა.
- ლალი, ნუ ხარ ასე მორიდებული ჩემთან. მესაუბრე თავისუფლად.
- რა გესაუბრო. ამდენის თქმასაც არ ვაპირებდი, რა ჩემი საქმეა?!
- არა რატომ მე არ მაქვს პრობლემა, არც დასამალი მაქვს რამე. - მე მხოლოდ მხრები ავიჩეჩე და ფანჯარაში გავიხედე, ეს კი საუბრის დასრულებას ნიშნავდა. თუმცა მას სათქმელი ისევ ჰქონდა და აგრძელებდა.
- მესმის შენი ლალი, ქალი ხარ და იმიტომ ფიქრობ მასე. ვერ გამიგებ. არადა ყველაფერი მხოლოდ ხორციელი სურვილების ბრალია. უბრალოდ არ მყოფნის ცოლთან გატარებული ღამეები. მეტი მინდა. ხვდები? - მე ფანჯარას თვალი მოვაშორე და მხოლოდ თავი დავუქნიე. - მეც განვიცდი ამას, მაგრამ რას ვიზამ სურვილებს ვერაფერს ვუშვები. არ შემიძლია მონოგამია. მიყვარს ლამაზი ქალი და რა ვქნა. ქალის სუნი მიყვარს. აი ამაზე ვგიჟდები. კაცებს გვჭირს ასეთი უცნაურობა. უნდა გაგვიგოთ.
- ძნელია.
- ვიცი რომ ძნელია.
- ქალი რომ იყოს მასე მაშინ ხომ მიუღებელი იქნება. ქალს რომ ასე კაცის სუნები აგიჟებდეს და ყოველ წელს „ჰიტები“ ყავდეს - ხომ არ შეიძლება?! რა მოხდა მერე, ეგ ხომ ღალატი არ იქნება და მხოლოდ სექსი იქნება, ასე არაა?!
- არა. ქალი სხვა თემაა.
- რა თემაა?! ქალი ბოზია ხო? კაცები კიდევ კარგი ტიპები ხართ მაგის გამო.
- ნუ ცხარობ ლალი.
- შენი ცოლიც რომ ისე იქცეოდეს, როგორც შენ. გაუგებდი?!
- არ დასჭირდებოდა მას ჩემსავით მოქცევა.
- რატომ ვითომ?!
- იმიტომ რომ ის მონოგამი ადამიანია და თან მე სრულად ვყოფნი მის მოთხოვნილებებს.
- მონოგამი კი არა, ის ერთგული ადამიანია. სურვილები კი ისეთი რამაა, მათი კონტროლი შეგვიძლია. თავს ყველაფრის უფლებას ვერ მივცემთ, ეგ სიგიჟეა. ისევ ჩვენ დავზარალდებით.
- არ მსჯელობ სწორად ლალი. ქალი ნაზი არსებაა. სათუთი ფსიქიკა აქვს.
- კარგი, რაა, ნუ მაფიქრებინებ რომ შენც „გრუზინული“ აზროვნება გაქვს და გენდერულ ბალანსს არ ემხრობი.
- არა, გენდერული ბალანსი სულ სხვა თემაა.
- იგივე თემაა ოთარ, ქალსაც იმდენივე უფლება აქვს რამდენიც კაცს.
- მართალია, არ გედავები. კაცმაც უნდა გარეცხოს ჭურჭელი და დაალაგოს სახლი. ახლა ძალიან ატაცებულია ეგ ამბავი. სულ გადაირია ქალი და კაცი.
- რაა იცი?! კაცებს მაგ ბალანსის მხოლოდ ის გესმით რისი ცოდნაც გინდათ. ტრანსპორტში ორსულ გოგოებსაც აღარ აჯენენ ახალგაზრდა კაცები. ესაა გენდერული ბალანსის მათეული ახსნა.
- მერე ცუდია ეგ. ძალიან ბევრია რომელსაც დამახინჯებული განსაზღვრება აქვს გენდერულ ბალანსზე. უბრალოდ განვსხვავდებით ერთმანეთისგან ქალები და კაცები და ვერასდროს ვერ გავხდებით ყველაფრით თანასწორები.
- ეგ რა შუაშია.
- მოდი აგიხსნი. კაცისთვის ყოველი ახალი სექსუალური პარტნიორი არის ახალი თავგადასავალი და გამოცდილება. ქალისთვის კი ყოველი ახალი პარტნიორი არის პოტენციური მეორე ნახევარი, ის პრინცი, რომლის „თეთრი ცხენით“ მობრძანებასაც ელოდება. მერე როცა ეს პარტნიორი არ აღმოჩნდება პრინცი და ურთიერთობა ფუჭდება, ქალი რჩება იმედგაცრუებული. მაშინ როცა ურთიერთობის ბოლოს კაცი არის კმაყოფილი და ეძებს სხვა პარტნიორს. ქალიც ეძებს სხვა პარტნიორს და ყოველი შემდეგი პოტენციური მეორენახევარი არის კიდევ უფრო დიდი იმედგაცრუება. ასე რომ ამ თანაბარი უფლებებით ქალი ზარალდება კაცი პირიქით. მითხარი ახლა გიღირთ მასეთი უფლებები რამედ?
- მარტო სექსი არაა ეს ცხოვრება.
- მართალია, მარტო სექსი არაა, მაგრამ სექსი ძალიან მშინვნელოვანია. - მე ისევ ფანჯრისკენ მივაბრუნე თავი. ეს საუბარი სიამოვნებას, ნამდვილად არ მანიჭებდა. ლოყები ჯერ ისევ მიხურდა. - მითხარი რა არის შენთვის სექსი?
- რა? ჩემთვის?
- ხო. არ მოგერიდოს ისე მითხარი.
- არ ვიცი. - დავიბერი, რა უნდა მეპასუხა არ ვიცოდი. - არ მიფიქრია მაგაზე.
- ძალიან ცუდი თუ არ გიფიქრია. - გამომხედა უცნაურად. - რამდენი წლისაა შენი ქმარი?
- 65 - ის.
- გასაგებია.
- რა არის გასაგები? - გავბრაზდი.
- აღარ გაქვთ ხო?
- არ მინდა შენთან ამ დეტალების განხილვა.
- კარგი როგორც გინდა. დავხუროთ ეგ თემა. მინდა რომ ჩემთან ყველანაირი უხერხულობა დაძლიო. - კიდევ უფრო გავბრაზდი. ვინ იყო, ამდენის უფლებას რომ აძლევდა თავის თავს... ვნანობდი კიდეც სასეირნოდ რომ გავყევი. ორი უკიდურესი ძალია მოქმედებდა ჩემს არსებაში. ერთი რომელიც ამ კაცისადმი ზიზღს მიღვიძებდა და მეორე რომელიც მისკემ მიზიდულობას მიჩენდა. ეს ორი გრძნობა ურთიერთ ჭიდილში იყო და ხან ერთი იმარჯვებდა ხან მეორე.
  დარჩენილი გზა ჩუმად ვიმგზავრეთ. მე მისკენ აღარ გამიხედავს, ის კი მალ-მალე თავს ჩემსკენ აბრუნებდა. თიითქოს კითხულობდა ჩემს აზრებს. ჩემს შინაგან ბრძოლებს აკვირდებოდა და მაცდიდა. ელოდა ჩემს გადაწყვეტილებას. ახლა ასე მგონია. მაშინ ვერ ვხვდებოდი.
  ბოტანიკურ ბაღში შევედით და ჩუმად გავუყევით გზას. მართლაც ულამაზესი ადგილია. ბევრი ხალხი იყო. წყვილები ხელ-ჩაკიდებულები სეირნობდნენ. მოხუცი ცოლ-ქმარი ბამბუკის სკამზე ჩამოსხდრები ზღვის ხედით ტკბებოდნენ. პატარა ბავშვები მხიარულად დახტოდნენ და დარბოდნენ.
  მართლაც ძალიან კარგი იყო. მივდიოდით გვერდიგვერდ. ვჩერდებოდით, სხვადასხვა მცენარის თუ ხის შესახებ საინფორმაციო დაფებს ვკითხულობდით. თეთრ მოაჯირს იქით. მთის ძირს მშვიდი ზღვა ერწყმოდა. საოცარია, ასეთი თანხვედრა. გადმოყურებ მაღლიდან და თვალს ძლივს აწვდენ როგორ მოაქვს ზღვას ტალღები ნაპირისკენ. ულამაზესია... დიდხანს ვიყავი იმ თეთრ მოაჯირს დაყრდნობილი და გავყურებდი უკიდეგანო ზღვას. ფიქრებმა გამიტაცეს და ტალღა-ტალღად მოდიოდა ჩემთან საფიქრალი სხვადასხვა თემაზე. მე, ქმარი, შვილი, შვილიშვილი, მერე სამსახური. მანამდე ფიქრის და ზრუნვის სიას შვილიშვილი ედგა სათავეში. მისით იწყებოდა, სხვებით გრძელდებოდა, მერე წრეზე ტრიალდებოდა და ისევ მისით მთავრდებოდა. იმ  დღეს კი საკუთარ თავზე ფიქრმა გამიტაცა და მერე მოყვა სხვები. ოჯახი და სამსახური ყოველთვის ჩემი მთავარი საზრუნავი იყო. მათი კეთილდღეობა ყველაზე მეტს ნიშნავდა ჩემთვის. მაქსიმუმს ვაკეთებდი. რაც შემეძლო და რაც არ შემეძლო ყველაფერი მათთვის მინდოდა. მე სად ვიყავი ამ პროცესში? მე მათით ვიყავი. სხვა არაფერი არ მდომია. თუ არ ჩავთვლით ზაფხულობით ზღვაზე გატარებულ რამოდენიმე დღეს, რომელსაც მე „პენსიონერულ“ დასვენებას ვეძახი. საკუთრად ჩემთვის სხვა არაფერი მქონდა ისეთი რასაც გავიხსენებდი. დაქალებთანაც კი ცოტა დროს ვატარებდი და იქაც ბავშვი დამყავდა. უფრო შვილიშვილების დაახლოვებას ვცდილობდით... იმ დღეს კი, თეთრ მოაჯირს დაყრდნობილი ჰორიზონტს რომ გავყურებდი საკუთარ თავზე ვფიქრობდი. ჩემით დაიწყო ჩემს ოჯახზე ფიქრი... მე... მე, რომელიც დიდი ხნის წინ გამოვკეტე სადღაც სულში შიგნით. ის - მე გამოვიდა და თავისი ადგილის დაკავება მოინდომა - ადგილის, რომელიც წლების წინ სხვებს მივაკუთვნე. უკან დავხიე საკუთარი თავი და ოჯახი წინ წამოვწიე. ბევრი იქცევა ასე. მე გამონაკლისი არ ვიყავი...
- რაზე ფიქრობ ლალი?
- სილამაზით ვტკბები.
- მართლაც ძალიან ლამაზია. შენ კიდევ არ გინდოდა წამოსვლა.
- მე ვთქვი ეგ?
- არა, შენმა თვალებმა.
- და, რა თქვეს ჩემმა თვალებმა.
- შენმა თვალებმა ორჭოფობა გამოხატეს. პასუხის გაცემა რომ გაგიჭირდა ეგ მამცნეს.
- არ მგონია მასე იყოს. - გამეცინა.
- მასე იყო ნამდვილად. შენმა თვალებმა პასუხის ძებნაში აქეთ-იქით ცეცება დაიწყეს.
- მაშინ მოგატყუეს ჩემმა თვალებმა.
- გამორიცხულია, თვალები არასდროს იტყუებიან. ადამიანი თვალებით იცნობა.
- ნაწილობრივ.
- მხოლოდ გამოცდილ მატყუარებს შეულძიათ თვალებით მოტყუება. შენ კი ასეთი არ ხარ. ეგეც შენმა თვალებმა მითხრა. - მესიამოვნა მისი სიტყვები.
- წამოდი წავიდეთ. სადმე თავისუფალი სკამო მოვძებნოთ.
- ისევ გაწითლდი.
- კარგი რა ოთარ! რაღა დროს ჩემი გაწითლებაა. პატარა გოგო ხომ აღარ ვარ.
- ისევ ასაკზე აქცენტი. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წლის ხარ. ქალი ხარ და ასეთად დარჩები ღრმა მოხუცებულობის ასაკშიც.
- შენ შეგიძლია თვალებით მოტყუება?
- მგონი კი. თუმცა ამითი არ ვამაყობ. პირიქით განვიცდი.
- რომ განიცდიდე აღარ მოიტყუებოდი.
- ცხოვრებამ მოიტანა მაგისი საჭიროება. მართლა განვიცდი ლალი.
- კარგი. შევეშვათ მაგას და სკამი მოვძებნოთ რაა, დავიღალე.
- გინდა წავიდეთ?
- არა ჯერ. ვიყოთ კიდევ ცოტა ხანს.
- ხვალაც მოვიდეთ თუ გინდა.
- არა. საკმარისია.
- რა არის საკმარისი?
- სეირნობები.
- რატომ?
- არაა საჭირო?
- რას ქვია არაა საჭირო?
- არაა ლამაზი. - რას ჩამეძია ეს კაცი რაა.
- რა არაა ლამაზი ლალი?
- აი ასე უცხო კაცთან ერთად სეირნობა.
- კარგი რაა. - გაიცინა. - ხომ იცი ჩვენს ასაკში ყველაფერი მოსულა.
- ეგ შენთვის.
- ლალი. თავს ნუ შეიზღუდავ. ცხოვრებისგან ყველაფერი უნდა მიიღო რასაც გაძლევს. - ავხედე და ის იყო უნდა უხეშად შევკამათებოდი, რომ თითი ბამბუკის სკამისკენ გაიშვირა. - მგონი გაგვიმართლა. ის მოხუცი ცოლ-ქმარი წასვლას აპირებს. - გავაყოლე მზერა მის ხელს და მართლაც კაცი უკვე ფეხზე იდგა და ცოლს ხელს აშველებდა.
- რა კარგები არიან არა ლალი?!
- კი ძალიან. შეხმატკბილებული ცოლ-ქმარი. ეგაა ცხოვრების აზრი. ტკბილად დაბერდე საყვარელ ადამიანთან ერთად და სიბერეში დასასვენებლად იარო, მაშინ როცა ყველა საქმე მომთავრებული გაქვს.
- შენ რა მართლა გგონია რომ ყველა საქმეს მოამთავრებ მაგ ასაკში? არა ლალი. ოჯახი ისეთი რამეა ვერასდროს ამოწურავ. ჯერ შვილებს სჭირდები, მერე შვილიშვილებს. ბოლოს კი შვილთაშვილებს თუ მოესწარი, ყოველი დღე საჩუქარია და მათთან ყოფნა მოგინდება. საქმე და საზრუნავი არასდროს გამოელევა ადამიანს, თავად უნდა გამონახოს დრო საკუთარი თავისთვის. ჩვენ თუ არ დავუთმობთ დროს ჩვენს თავს და ჩვენს სურვილებს სხვა ამას არ გააკეთებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები