ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: კახა გრძელიშვილი
ჟანრი: პროზა
15 ივლისი, 2017


შახი

მთების გადაღმა ჩამავალი მეწამულისფერი მზის სხივები, საოცარი სილამაზით ედებოდა ბორცვებს და ვაკეებს. ტყეს უკვე მოესწრო ბინდში გახვევა, ხოლო ტყის პირას მოჩუხჩუხე მდინარე ტელონი ხალისით ირეკლავდა ცეცხლმოდებულ ზეცას. მზე უკანასკნელად გამოეთხოვა დედა ბუნებას და ნელ ნელა ჩაესვენა, ახლა ბინდი მთელი თავისი იდუმალებით ტევრიდან გამოვიდა და ვაკეზე გაიშალა. ჩიტებმა ჭიკჭიკი შეწყვიტეს და მიყუჩდნენ, მხოლოდ აქა – იქ  ისმოდა ღამის ფრივნველთა ძახილი. მდინარის ნაპირზე გაკრთა ნადირთა ლანდები  – ტურების ოჯახი დასუნსულებდა საკბილოს  საძებნელად.
        იმ საღამოს ხევის განაპირა სოფელში, დიდი ზარზეიმით შევიდა მონადირეთა მცირე ჯგუფი. სოფლის მოსახლეობა დიდი ინტერესით შეეგება მათ და დანთებულ კოცონთან გზა დაუთმეს. ღამეს ადამიანთა ათასგვარი გადალაპარაკება ისმოდა, ბოლოს ყველა გაჩუმდა და მორიდებით მიუახლოვდნენ ცეცხლთან გართხმულ უშველებელ ნადავლს. მძიმედ ესვენა მიწაზე მოკლული დათვი, მის ახლოს კი ტკივილისაგან საცოდავად ბღაოდა დაჭრილი ბელი, საშველად დედას ეძახდა, რა იცოდა უბედურმა რომ შემდეგ დედამისს ვეღარასოდეს ნახავდა,იგი ხომ მონადირეთა სასტიკ ხელს მოეკლა! ერთმა მოხუცმა მონადირემ რომელსაც მისტერ ვილის ეძახდნენ, ბელი სახლში შეიყვანა. ჭრილობა გაუსინჯა, მერე მობანა და რაღაც მალამო დაადო.
–დაგჭრეს იმ უგვანოებმა?! შახი მოდი, ნახე მეგობარი მოგიყვანე. – გასძახა ლოგინის ქვეშ შემძვრალ, დამფრთხალ ლეკვს. ამიერიდან პატარა ობოლი ბელის და ლეკვის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა.

II.
  გაიარა რამდენიმე თვემ, მიიწურა ზამთარი და ახლა გაზაფხულის მზე ძალას იკრებდა. საოცარი სილამაზე გადაშლილიყო პატარა მეგობრების თვალწინ. ხეებს კვირტები დაბერვოდათ და დახეთქვაზე  ჰქონდათ. აი იქით ვაშლის ხე აფეთქებულიყო და ერთიანად ლამაზ ყვავილთა სამოსელში გახვეულიყო. გვერდით ფერდობზე ბებერი ხარირემი ძოვდა ახლად ამოწვერილ ბალახს. დროდადრო თავს აწევდა, სიფრთხილით მზერას მიაპყრობდა დაუპატიჟებელ სტუმრებს და ისევ თავის საქმეს უბრუნდებოდა. მდინარის თავთხელში  მოუსვენრად დადიოდა, მერე კი მოტივტივე მორზე მშვიდად წამოსკუპდა თახვი, ზურგი მზეს მიუშვირა და მის მაცოცხლებელ სხივების ქვეშ სიამოვნებისაგან გაინაბა, საცაა ჩაეძინებოდა. მდინარე საგრძნობლად ადიდებულიყო, მაგრამ მის ცივ წყალს არად აგდებდა როგორც ჩანს დედა იხვი თავისი ხუთი ჭუჭულით რომელიც წარამარა წყალქვეშ ყვინთავდა  და მომცრო ზომის თევზები და ბაყაყები პატარებისთვის ამოჰქონდა. მთის კალთებზე, მომაჯადოებელ თეთრ საბურველ ქვეშ,  ალაგ – ალაგ მოჩანდა ჯერ კიდევ დაუმდნარი თოვლი. მდელოზე მოხუცი მონადირე წამოწოლილიყო და სიამოვნებით უყურებდა როგორ მონდომებით ცდილობდა ტანით საკმაოდ მომცრო ზომის ლეკვი, გაებრაზებინა მასზე ბევრად მოზრდილი  და ღონიერი ბელი.  შახი ხან ერთ გვერდიდან მიუხტებოდა  და სქელ ტყავში წაჰკბენდა  თავის მეგობარს, ხან მეორედან.  დათვის ბელი ჯერ ვითომ არ აქცევდა ამას ყურადღებას,  შემდეგ თანდათან გაბრაზდა, ბუზღუნი დაიწყო. ცდილობდა თავისი ღონიერი თათით ჭკუა ესწავლებინა აბეზარ მეგობრისთვის, მაგრამ ლეკვი მოქნილი იყო  და უმალ ირიდებდა  ბელის ტლანქ თათს, იმასაც გრძნობდა – მართალია ეს თამაში იყო, მაგრამ თუ მისი თათი მოხვდებოდა – კარგი დღე არ დაადგებოდა. აი, ასე ანცობდნენ, ერთობოდნენ და თამაშობდნენ ყოველდღე, ტყის პირას მდელოზე, ბუნება კი  მათთვის თითქმის დაუსრულებლად  ქმნიდა საინტერესო შემთხვევებს. საამო სანახავი იყო ის თუ როგორ დარბოდნენ ისინი ბუჩქნარში,როგორ დაძრწონდნენ და ყნოსავდნენ ბალახით მოსილ ფერდობებზე ყოველ მორსა და კუნძს. ზოგჯერ ჩხუბობდნენ კიდეც, მაგრამ არც მაშინ ივიწყებდნენ მეგობრობას და მეორე ყოველთვის ცდილობდა  შეერიგებინა განაწყენებული მეგობარი.
      ერთხელ ყირაზე გადადიოდნენ ლეკვი და დათვის ბელი, როდესაც ბუჩქნარიდან ნადირისაგან დაფეთებული ტახი გამოვარდა და თითქოს განზრახ, მათკენ აიღო გეზი. ლეკვმა ყურები ცქვიტა  როდესაც გამწარებული შლიგინი მოესმა, გამაფრთხილებლად შეყეფვა ძლივს მოასწრო და უგანა ნადირს  რომ ბელმა მის ხმაზე მოიხედა და დაინახა  მისკენ ეშვებალესილი რაღაც მხეცი გაშმაგებული მორბოდა. ბელი ჯერ დაიბნა,  გრძნობდა რომ ეს ვიღაცა მათდა სამტროდ მოსულიყო და თუ სწრაფად არ მოიმოქმედებდა რამეს, კარგი დღე არ დაადგებოდა. უმწეოდ მოატარა თვალები გარშემო და ძუნძულით მოკურცხლა, ინსტიქტურად ხესთან მიირბინა, თათები შემოაჭდო და შეშინებული სულ უფრო  და უფრო მაღლა აცოცდა.გაისმა საშინელი ხმა და მხეცი უსულოდ დაეცა ხის ძირას. მონადირე წამომდგარიყო თოფით ხელში.
      აი ასე ისწავლა დათვის ბელმა ხეზე აცოცება. ეს დღე მათთვის განსაკუთრებული იყო. მართალია ის დიდი, მოუქნელი და ბუზღუნა იყო მაგრამ ლეკვს კიდევ უფრო განუმტკიცდა მისდამი სიყვარული. ბელიც ემადლიერებოდა თავის  პატარა მაგრამ გონიერ მეგობარს. ახლა ორივე ხვდებოდა რომ ქვეყნიერება სულაც არ იყო მათი მეგობარი, რომ ყოველთვის შეიძლებოდა საიდანღაც საფრთხე გამომხტარიყო. დათვის ცნობიერებაში კიდევ ის საზარელი ხმა, წამლისა და რკინის სუნი ჩარჩა სამუდამოდ,- ჩარჩა თოფისადმი შიში.
      ლეკვმა კი იგრძნო პატრონის მფარველობა , მისი ერთგულება და ამიერიდან თავს იდო მისთვის ამითვე ეპასუხა მთელი ცხოვრება.

III.
      გადიოდა დღეები, თვეები თვეებს მისდევდა, ბელი წამოიზარდა, ჭრილობები თითქმის სულ მოურჩა  ახლა უკვე აღარ აწუხებდა  და ხასიათიც  უფრო თვინიერი გაუხდა, ტანთ წამოიზარდა .ბეწვი კი ისეთი ფაფუკი გაუხდა რომ ერთი სიამოვნება იყო მისი შეხება. ბალანი გამოეცვალა და ისე გალამაზდა, მთელ სოფელში ამბობდნენ ასეთი ლამაზი დათვი ჯერ არსად გვინახავსო. მრავლის მნახველი მონადირეებიც, პირში თუთუნ გაჩრილნი თავს მრავლისმთქმელად აკანტურებდნენ. – ვიშ! ჭეშმარიტად მოხდენილი დათვი დადგაო.მალე დათვის ამბავი სოფელს გასცდა. – ახლა ხშირად სტუმრობდნენ მეზობელი სოფლებიდან თუ ქალაქებიდან ახალგაზრდები, მონადირეები თუ ფოტოგრაფები. მეტწილად კი ბავშვები ჩამოჰყავდათ თავიანთ მშობლებს.
      ერთხელ სოფელში ორი შეძლებული ადამიანი ჩამოვიდა. მას შემდეგ რაც ახალგაზრდა დათვი ნახეს, სამიკიტნოში გაჩერდნენ, მოხუც მონადირეს პატარა ბიჭი მიუგზავნეს და თავაზიანად სთხოვეს. – კათხა ლუდზე გეპატიჟებით, თქვენთან საქმიანი მოლაპარაკება გვინდა , გთხოვთ უარს  ნუ გვეტყვითო.
მისტერ ვილის გულმა რეჩხი უწყო, რაღაც არ ესიამოვნა სოფელში მათი გამოჩენა, თავიდანვე დიდ ინტერესს რომ ავლენდნენ  დათვისადმი მაგრამ ჯიუტი კაცი იყო და თუ მას რამე არ უნდოდა, ვერავინ აიძულებდა თავის აზრის საწინააღმდეგოდ რამე მოემოქმედა.სოფელი ესეთს იცნობდა  მისტერ ვილის და პატივს სცემდა.  ახლაც მცირე ფიქრის შემდეგ გასწია სამიკიტნოსკენ, მისი ერთგული ძაღლი  კი როგორც ყოველთვის გვერდიდან არ შორდებოდა.
–გამარჯობათ მისტერ ვილ, ჩვენ თქვენი დათვი ვნახეთ და პირდაპირ აღტაცებული ვართ.ეს მისტერ ჯიმია, ედმონტონიდან  – ზოოპარკის დირექტორი. მე კი უბრალო ჯო გახლავარ, ჰამილტონში ცნობილი ცირკის მფლობელი.
–პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ! – მოუჭრა მკვახედ მოხუცმა .
–მაშ ასე  – ჩაერია საუბარში ჯიმი. – მინდა თქვენი ახალგაზრდა დათვი შევიძინო ჩემი ზოოპარკისათვის, მასში  შემიძლია შემოგთავაზოთ არც მეტი და არც ნაკლები ოთხასი დოლარი.
ინტერესით მისჩერებოდნენ მისტერ ვილის სამიკიტნოში მყოფი ადგილობრივი მონადირეები.
–ჰეი, მოხუცო უარი არ უთხრა, ამ ფულით შეგიძლია სამასამდე სული საქონელი იყიდო. – წამოიძახა ვიღაცამ. სხვები კი ამბობდნენ  – შენ ბებერი მგელი  ხარ, იცოდე არ  გაატანო სოფლის სიამაყე მაგ ცხვირმოუხოცავებს! მაგიდებიდან მოისმოდა სიცილ - ხარხარი.
მოხუცმა მონადირემ ხელი ასწია ზევით  – გაჩუმების ნიშნად, შემდეგ დიდხანს უყურა ჯიუტად თვალებში ზოოპარკის დირექტორს და მდუმარედ .უარის ნიშნად თავი გააქნია.
–დაფიქრდით რამდენი ფულია ოთხასი დოლარი, რამდენ რამეს გააკეთებთ მისტერ ვილ, – არ უნდოდა გაწბილება  ჯიმის.
–კმარა! – თქვენც მოგისმენთ მისტერ ცირკის მფლობელო და მე წავალ. იმედია  აღარ შემაწუხებთ ამ საკითხზე  მეორედ.
ჯოს მოხუცი მონადირის ნათქვამზე ოფლმა დაასხა, არ ელოდა საქმის ასე ცუდად შეტრიალებას.
–იქნებ  ჩემმა შეთავაზებამ  გაჭრას, მე მასში ექვსას ორმოცდაათ დოლარს გთავაზობთ. – აბა შეხედეთ, ის გალიაში გამოკეტილი კი არ იქნება, არამედ ცირკის არენაზე იდგება, რამდენი ადამიანის გულებს გაახარებს თავისი თამაშით. – აბა?
    მოხუცი მონადირე სკამიდან წამოდგა, მაგიდაზე ცენტები დაყარა, ქუდი აიღო და მძიმედ გაეშურა  გასასვლელისაკენ, კარებში შეჩერდა, მოტრიალდა და ზიზღნარევი ხმით გასძახა მათ: – რა ბედენაა თავისუფლებას რკინის გალიაში გამოეთხოვები თუ ცირკის არენაზე მათრახის ქვეშ!  – ტყუილად გარჯილხართ ბატონებო.

IV.
მისტერ ჯომ და მისტერ ჯიმმა მაშინ მზაკვრული გეგმა მოიფიქრეს, რაკი  მოხუცმა ასე პირში ჩალაგამოვლებული დატოვა ისინი, მათ გადაწყვიტეს სოფელი აემხედრებინა მისთვის,რათა მონადირე იძულებილი ყოფილიყო ნადირი გაეშვა ტყეში, შემდეგ კი თვითონ დაეჭირათ.ამისათვის ჯერ სოფლის გამგებელი, პატივმოყვარე ტომას ბერტი მოისყიდეს, შემდეგ კი რამოდენიმე ადგილობრივი.
      მოხუცი კი სახლის გვერდით მიშენებულ, საქონლის ცარიელ სადგომში იჯდა და თავის გამოზრდილ დათვს  ეფერებოდა. ძაღლიც იქვე იყო მის ფეხრთით.ისინი გუმანით გრძნობდნენ პატრონის საფიქრალს, მომავალ გასაჭირს და აღარც ერთს უნდოდა თამაში.
    ორიოდე დღის მერე აქა – იქ მოსახლეობაში ხმამაღლა გაისმოდა უკმაყოფილება. დაურიდებლად ბუზღუნებდნენ ვილის გასაგონად: – როდემდე უნდა ჰყავდეს საინტერესოა სახლში ის მხეცი? სანამ არ  გაიზრდება  და ყველას არ გადაგვჭამს? – სხვები მხარს უბავდნენ, – ეგ სანამ არ გაცოფდება და არ დაანგრევს თავის „ბუნაგს“, სანამ სოფელს არ დაერევა მანამდე ის ყეყეჩი არაფერს გააკეთებსო. მონადირენიც ვითომდა თვითონ სჯეროდათ  თავიანთი ნათქვამის – ამბობდნენ, ჩვენი ბავშვები, ჩვენი შვილები საფრთხეში არიან და დროზე უნდა გავაშვებინოთ სანამ რომელიმეს შეგვიჭამსო. იმას კი ივიწყებდნენ ორი დღის უკან მათივე ბავშვები საკუთარი ხელიდან რომ აჭმევდნენ იმავე დათვს. ვილის ეს ესმოდა და კარგადაც ხვდებოდა ვისი ოინებიც იყო. ცდილობდა მათთვის ყურადღება არ მიექცია. ფიქრობდა ახლა საცაა ზამთარი მოვა  და მისი გაშვება არ ივარგებს, ჯერ კიდევ პატარაა, რადგან დედა აღარ ჰყავს, მარტო ამ ზამთარში გაუჭირდება. მერედა როგორი ზამთარი იცის კანადაში. როდესაც გამოზაფხულდება მაშინ გავუშვებ, ამასობაში ჭრილობაც საერთოდ გაუქრება და ნორმალერ, დათვურ და რაც მთავარია თავისუფალ ცხოვრებას დაუბრუნდება ტყეშიო. დათვიც თითქოს ხვდებოდა ამ ყველაფერს, მოუთმენლად ქშინავდა  და ახლა პირიქით, თვითონ აბრაზებდა  ძაღლს. ერთ დღესაც  მოხუც მონადირეს თვით  ტომას ბერტი ესტუმრა, ვილის სწორედაც რომ გაუკვირდა გამგებლის სტუმრობა, შეიპატიჟა შინ და თავაზიანად ღარიბული სუფრა გაუშალა. საღამოს კი როცა ტომასი კარებამდე გააცილა, თავის გამხმარ ლოგინზე ჩამოჯდა და ფიქრს მიეცა. საქმე ბევრად უფრო რთულად იყო ვიდრე მას ეგონა. თუკი ორიოდე მოსახლის ყბედობას ყურადღებას არ აქცედა ამ დღეებში,  ახლა ვალდებული იყო ანგარიში გაეწია გამგებლისათვის რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა დათვის ტყეში გაშვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მას ჯარიმით, ქონების დაყადაღებით და  რამდენიმე წლით ციხეში ჩასმით ემუქრებოდა. რა თქმა უნდა ვილის მომხრეებიც ჰყავდა მაგრამ აბა რას გააწყობდა გამგებლის,  პოლიციის და იმ მოსახლეობის ნაწილის წინაშე რომელიც ადვილი შესაძლებელია მის წინააღმდეგ, ფულის გულისთვის დღითი დღე უფრო გაზრდილიყო. მეორე დილით თვითონ ესტუმრა გამგებელს, ვისთანაც კაბინეტში იმ წუთებში ჯიმი და ჯოც იმყოფებოდა. ვილიმ ორი კვირის ვადა ითხოვა მაგრამ ბერტმა მხოლოდ ერთი კვირა მისცა.
    ერთი კვირის თავზე მოხუცმა მონადირემ გაყიდა თავისი ძველი სახლი სოფლად, რამდენიმე საუკეთესო თოფიდან მხოლოდ ერთი დაიტოვა, და მთის აღმოსავლეთ ფერდობზე, სოფლიდან ოციოდე მილის მოშორებით, ფერმერთა კუთვნილი საძოვრების გვერდით პატარა რანჩო შეიძინა. ათიოდე საქონელიც ერგო აღებული ფულით.ვილი იქ გადასახლდა . იგი გახარებული იყო რომ იმ ორ ყეყეჩს და სოფლის გამგებელს ჭკუით აჯობა.

V.
      იმ წელს ნაადრევად დამდგარი ზამთარი მალევე მიილია და ნელ – ნელა მოეფინა გორაკებს მაცოცხლებელი გაზაფხული. მთების კალთები ჩამუქდა, მდინარეზე ყინულთა ნატეხები დაიძრა, ჰაერში სასიამოვნო სუნი დატრიალდა, ფრინველებმა ხალისით შეინავარდეს ცაში. სოროებიდან თავი გამოჰყვეს მინდვრის თაგვებმა. ბუნება იღვიძებდა, გამოცოცხლდა და ახმაურდა ირგვლივ ყველაფერი.
      მოხუცი მონადირე მოტეხა ზამთარმა. ასაკმა, მარტოობამ და დარდმა თავისი ქნა. ის ჯანი აღარ მოსდგავდა რაც სულის სიხალისესთვის, აქტიური ცხოვრებისათვის იყო საჭირო. სხეულში სენი შეეყარა რომელიც დღითი დღე უძლიერდებოდა, ბოჭავდა მის სხეულს. მონადირეს ნადირობაც აღარ შეეძლო. იშვიათადღა გადიოდა მახლობელ ფერდობებზე და გაჰყავდა თავისი მეგობრები.
ახალგაზრდა დათვი სრულიად განიკურნა, მას დღითი დღე ემატებოდა ძალა, სხეული აქტიურ ცხოვრებას სთხოვდა, ის ერთავად ქშინავდა, დროდადრო წამოდგებოდა ხოლმე ორ თათზე, ტყისკენ გაიხედავდა და ჰაერს ხარბად იყნოსავდა. მას ტყე უხმობდა. თავისუფლება სწყუროდა.
შახი კი უკვე კარგი, ზრდასრული ძაღლი დადგა. იმ შემოგარენში მასავით დიდი და ძლიერი თათები არცერთ  ძაღლს არ ჰქონდა. ახლა ყბები? – თავის თათების სიმსხო ტოტს ისე ამსხვრევდა, თითქოს აქ არაფერიაო. მართალია ძველებურად ვეღარ კბენდა და ჯაბნიდა დათვს მაგრამ მათი მეგობრობა მაინც ურყევი იყო. ყველაზე მეტად კი ძაღლს თავის პატრონი უყვარდა. ახლა მას ახალი ვალდებულებაც ჰქონდა დაკისრებული, მას უნდა დაეცვა საქონელი.  – და სიამოვნებითაც აკეთებდა ამას. სოფლიდან ხმები მოვიდა, როდესაც მისტერ ჯომ და მისტერ ჯიმიმ გაიგო ამჯერადაც როგორ გააცურა ისინი ბებერმა მონადირემ, სულ გაცოფდნენ და სასწრაფოდ შერცხვენილები, რადგან მიზანს ვერ მიაღწიეს, სოფლიდან აიბარგნენ.
დრო დადგა ტყის ბინადარი ისევ ტყეს დაბრუნებოდა!
ერთ დილით ვილიმ ცხენი შეკაზმა, თოფი მხარზე გადაიკიდა, დათვს თოკი გამოაბა და ძაღლთან ერთად  ფერდობიდან  მთის აღმართს შეუდგა. მონადირეს არ უნდოდა მისი ახლოში გაშვება, რადგან იქვე ახლოს საქონლის საძოვრები იყო და სრულიად შესაძლებელი იყო მომხდარიყო ისეთი შემთხვევა რაც მერე საბოლოოდ დათვისთვის საზიანო იქნებოდა. თანაც სოფლიდან რაც უფრო შორს იქნებოდა  მით უკეთესი იყო მისთვის. რამდენიმე საათის სიარულის შემდეგ გადაიარეს  მოზრდილი მთა და დაბლობზე, ერთ ლამაზ ტბასთან შეჩერდნენ. ვილიმ დათვს თოკი შეხსნა, მისი ვებერთელა თავი მკერში ჩაიკრა, დიდხანს ეფერებოდა და ელაპარაკებოდა მას. თითქოს დათვიც გებულობდა მის ნათქვამს.
–ასე ჩემო მეგობარო, ახლა შენ დაუბრუნდები შენს მშობლიურ ადგილს. წინ საინტერესო მაგრამ მძიმე ცხოვრება გელოდება. ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლო, საკუთარი თავის მცველი ახლა შენ უნდა იყო. გახსოვდეს ადამიანებს ერიდე, ყველას გული როდი სცემს ცხოველთა სიყვარულით. ადრე ხომ მეც მათნაირი ვიყავი. ამ რკინას ერიდე, ეს თოფია, მას შეუძლია ძალიან დიდი ზიანი მოგაყენოს, მას შემდეგ რაც შენ მყავხარ ერთხელაც არ გავსულვარ სანადიროდ. შენ მე ცხოველთა სიყვარული კიდევ უფრო გამიღვივე. წადი ახლა  და დაბაში ნურასოდეს ჩამოხვალ. ნუ გეშინია მე და შახი ერთად ვიქნებით და სანამ  ვიცოცხლებთ არასოდეს დაგვავიწყდები. ჩემს გულში მუდამ იმ პატარა ბაჯბაჯა ბელად დარჩები, ერთხელ პატარაობაში ტახმა რომ შეგაშინა. – მოხუცს თვალთაგან ცრემლი სდიოდა, იგი ცხოვრებაში პირველად ტიროდა. შახიც გრძნობდა რომ დამდგარიყო მეგობართან  განშორების დრო. თავი ჩაღუნა და დათვს წკმუტუნით მიეკრო. დათვმა რამდენჯერე აუსვა ენა. – ვერც ის დაივიწყებდა ამ კეთილ არსებებს. მერე წამოდგა ,  ამოიქშინა, ერთხელ კიდევ დაყნოსა მონადირე და ძაღლი და მძიმედ, ნელ ნელა შეუყვა ტყის ბილიკს. რამდენიმე ნაბიჯზე შეჩერდა, თავი  მოატრიალა და სევდიანად შემოხედა მათ.
–წადი დათვო ეხლა, წადი . . . 
      იმ თვეს რამდენჯერმე ავიდა მონადირე იმ ადგილას სადაც დათვი გაუშვა, იჯდა იქ ხოლმე თავის ერთგულ ძაღლთან ერთად საათობით და ჰორიზონტზე მზის ჩასვლას გაჰყურებდა. მხოლოდ ერთადერთხელ გამოჩნდა ის. – დათვმა როგორც კი ისინი შეამჩნია მაშინვე მათკენ გამოქანდა. შახიც მისკენ გავარდა და წაეთამაშა, მიუალერსა ძველ მეგობარს. ენით აუწერელი სიხარული იყო მოხუცი მონადირისათვის მაშინ ის წუთები. მისი ბებერი გული ვეღარ იტევდა ამდენ სიხარულს. დათვს რამდენიმე ადგილას მსუბუქი ჭრილობები მოუჩანდა, ეტყობა არსებობისათვის და ტერიტორიისათვის მოუწია ბრძოლა. საღამომდე ერთად იყვნენ, კვლავ ითამაშეს, პატარებივით იმხიარულეს. შემდეგ კი დაშორდნენ ერთმანეთს. იმ დღეს მოხუცმა მონადირემ უკანასკნელადღა ნახა დათვი. მას შემდეგ რამდენიმე თვე აკითხავდა  იმ ადგილებს  მაგრამ დათვი აღარსად ჩანდა. ერთ დღესაც რაკი შორახლო კვალს წააწყდა ვილი, გულმა ცოტა შვება უგრძნო. მაშასადამე მისი ძველი მეგობარი ცოცხალი იყო.
      გავიდა ხანი. შემოდგომის პირას მოხუცი ძალიან დაუძლურდა. იგი თითქმის ეზოში გამოსვლასაც ვეღარ ახერხებდა, მხოლოდ იშვიათად თუ გამოიხედავდა გარეთ. შახი მის საწოლს არ შორდებოდა. თავი პატრონის გამხმარ ჩექმებზე მიედო და ასე სდარაჯობდა მოხუცსაც და საქონელსაც. ერთ საღამოს მეზობელ ფერმერის ძაღლებმა ნადირის სუნი იკრეს და გაავებული ყეფა ატეხეს. სუნი იკრა შახმაც, უცხო. აქამდე რომ არ ეგრძნი მსგავსი სუნი. კისერზე ბალანი აეჯაგრა და ავად დაიღრინა. ყეფით გამოეხმაურა ძაღლებს და გარეთ გავარდა. სანამ დათვი მონადირესთან იყო მის სუნზე, შიშით უცხო ნადირი არ გაკარებია იქაურ ფერმებს, მაგრამ ახლა აი ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო. ძაღლმა ღამის წყვდიადში უმალ დალანდა მგელი რომელსაც მოესწრო საქონლის მოკვლა და ახლა მეორეს ქურდულად ეპარებოდა. გაავებული ეკვეთა ნაგაზი. ცდილობდა ყელში ჩაევლო კბილები მისთვის. შეიბნენ და ორივენი მიწაზე გაგორდნენ. მართალია მგელი ტანით ოდნავ მომცრო  იყო , მაგრამ ამ სასიკვდილო ბრძოლაში იგი დაუნდობლად იბრძოდა. ყბადაღრენილმა ეშვი გაკრა და მხარი გაუფატრა ნაგაზს, შახი შეტორტმანდა  და წამით მოეშვა, მაგრამ ეს მხოლოდ წამით იყო. იგი ისევ ეკვეთა  მგელს, ძაღლმა მოახერხა ზემოდან მოექცა მას, მთელი თავისი სიმძიმით დააწვა და ძირს დასცა მგელი, მხეცი უშედეგოდ ცდილობდა ყელი დაეცვა და წამომდგარიყო. ელვის სისწრაფით ჩააფრინდა ძაღლი ყელში, ჩაასო თავისი ბასრი კბილები, პირში სისხლი იგრძნო, ამან კიდევ უფრო გაახელა და აქეთ – იქით დაფერთხა მგელი, ბოლოს მთელი ხორხი ამოაგლიჯა. უკანასკნელადღა შეტოკდა და მოეშვა ნადირის სხეული. – ეს იყო შახის პირველი გამარჯვება მგელზე.
    იმ დღეებში მოხუცმა ვილიმ იგრძნო სიკვდილის მოახლოება. თავისი საქონელი მეზობელ ფერმერებს გაუნაწილა. ძაღლს უკანასკნელად  მიეფერა და სამუდამოდ მიაბარა სული უფალს.

VI.
რამდენიმე წელი გავიდა მას შედეგ რაც მოხუცი მონადირე გარდაიცვალა. მისი რანჩო გაველურდა და გაპარტახდა. აბიბინებულ მინდორს მაყვლისა და ასკილის ბუჩქები მოედო. მისი ერთგული ძაღლი ფერმერბთან არ დარჩა, ერთი ხანობა ტყეში, ერთ მთის წვერზე ადიოდა როგორც წარსულში ის და მისი პატრონი, ახლაც მარტო იჯდა  და მზის ჩასვლას გასცქეროდა სევდით მოცული, ნაღვლიანი თვალებით. ბოლოს შიმშილმა სძლია და სოფელში დაბრუნდა. იქ ერთმა მეკუბოვემ შეიფარა. მთელ სოფელს გაეგო ერთ ფერმერისაგან ძაღლის გმირობის ამბავი. დარდმა და საზარელმა ჭრილობამ შახი დააძაბუნა, ადრინდელივით აღარ მოსდგავდა ჯანი და სიმარდე. გახდა, გვერდები ჩაუცვივდა , ნეკნები საცოდავად ეტყობოდა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ძაღლს.
    ერთხელ სოფელში ხმები დაირხა,  შეშაზე წასულ ერთ გლეხს მთის გადაღმა უზარმაზარი დათვი უნახავს, თავის ორ ბელთან ერთადო. სოფელში საუბედუროდ ჯერ კიდევ დარჩენილიყო ისეთი გახრწნილი ადამიანები ვინც როგორც წლების უკან, ახლაც ამით ხელის მოთბობა გადაწყვიტა. მაშინვე გააგზავნეს კაცი ედმონტონსა და ჰამილტონს. ერთ კვირაში გაგზანილი უკან დაბრუნდა. – მისტერ ჯიმი როგორც აღმოჩნდა სამიოდე წელი ქნებოდა რაც გარდაცვლილიყო. ჰამილტონიდან კი ცირკის მფლობელს შემოეთვალა, მოხალისე მონადირეთა რაზმი შეკრიბეთ. ორ კვირაში გეახლებით და მზად იყავითო, ჯილდოს გარეშე არ დარჩებითო.
ორი კვირის თავზე მართლაც ჩამოვიდა მისტერ ჯო. სოფლის გამგებელს ძვირფასი, სპილოს ძვლის პესნე და ჰამილტონში, ცირკზე დასასწრები ორი ბილეთი ჩამოუტანა. ნადირობა მეორე დღეს, გამთენიისას დაიგეგმა.
      სამი დღის ხეტიალის შემდეგ მონადირეთა ჯგუფი ხელმოცარული დაბრუნდა. როგორც ჩანს დათვს კარგად შეესმინა ძველი მონადირის რჩევა და ადამიანებს სათოფეზე  აღარ ეკარებოდა. შორიდან გრძნობდა მათ სუნს და  ბელებთან ერთად მუდამ ერიდებოდა მათთან შეხვედრას, იმ ტერიტორიას კარგა ხნით ტოვებდა.
      ჯო ყოველ წელიწადს აწყობდა დათვზე ნადირობას, მისი დაჭერა ან განადგურება მანიად ექცა. თუ ცოცხლად ხელში ჩაუვარდებოდა მაშინ ცირკში მისით კიდევ უფრო ბევრ ფულს იშოვიდა ხოლო თუ ვერ დაიჭერდა, გადაწყვეტილი ჰქონდა მოეკლა და ამით  სამუდამოდ დაემთავრებინა ერთი ლამაზი დათვის ამბავი.
      შემოდგომის ერთ ქარიან საღამოს სოფლის მყუდროება  უცებ ხმაურმა დაარღვია, ხმაურზე დიდი თუ პატარა, ყველა გამოეფინა გარეთ. მონადირეები მძიმედ დატვირთული მოდიოდნენ თან სიცილ – ხარხარი გაჰქონდათ. ძაღლმა მთელი ის დღე ვერ მოისვენა, ახლაც გულმა ავი უგრძნო და მოწყვეტით გაქანდა შეჯგუფულ ბრბოსკენ.  დიდხანს, დიდხანს დასცქეროდა მიწაზე გართხმულ დათვის უსულო სხეულს. შახს ყელიდან საცოდავი, გაბმული ყმუილი ამოხდა. – იგი სამუდამოდ ეთხოვებოდა მის ძველ მეგობარს. შემდეგ წალასლასდა ისევ  მოხუცთან, მის წინ ჩაცუცქდა, მიწვა მის ფეხებთან და სველი დინგი დაკოჟრილ ხელებზე მიადო. თვალებზე ცრემლი ჰქონდა, ცრემლი  რომელსაც ვერავინ შეამჩნევდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები