ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2017


ლოდინის ლოდი

ლოდინის ლოდი

ალბათ გინახავს, როგორ მძიმედ ათოვს ჯერ კიდევ
ორსულ საფლავს და უკუღმართი ბედის მდინარის
არის ზამთარი უსიცოცხლოდ მშვიდი მეტივე,
ბებერ ტყეებზე თეთრ სუდარად გადამდინარი.

ირგვლივ თეთრია ყველაფერი, ღამეა თეთრი...
თეთრია მკაცრი განაჩენი, სახელად გლოვა
და შავ ნაჭრებში გამოკრული ტანჯული ღმერთი
მამის სხეულით მიუყვება გაყინულ გორას.

გაწერილია მომავალი - საფლავი - სახლი
და უმთავრესი მოსჯილია, ნამალი ცრემლი
და თოვლის გზაზე კაცის მცირედ მოხრილი ტანი
გავს თეთრ ფურცელზე შავად დასმულ ერთადერთ წერტილს,

რომელიც დასვეს არაფერთან, რადგან მას შემდეგ
სულ არაფერი აღარ დარჩა, თუმცა კი ადრეც
არც არაფერი არსებობდა იმაზე მეტი,
ვინც სამი მეტრით დაბლა წევს და კვლავ სითბოს გაძლევს.

ღამეს შეარჩევს, ღამით არის იოლი გლოვა,
რადგანაც დედა მამის ტკივილს უსიტყვოდ ხვდება:
თავს იმძინარებს, ცოლის დარდი არ მისდევს თოვლში-
ესეც შვებაა,  უმცირესი და მაინც შვება...

მიათრევს სხეულს გზაზე სადაც არავინ დადის,
მით უფრო ღამით და მით უფრო როდესაც ღელავს
ყინვადქცეული ქარიშხალი... შვილამდე მანძილს
მხოლოდ და მხოლოდ მამის მძლავრი ნაბიჯი თელავს.

არაფერია ირგვლივ მხოლოდ სითეთრე ფერთა,
ღამის სიჩუმე მთელს სიცოცხლეს სხეულში მალავს.
მიუყვებიან მაღალ ბილიკს უსიტყვოდ ერთად
თოვლით გამთბარი ხეები და შვილმკვდარი მამა.

დედა რას იზამს... მარტო დარჩა კაცობა მამის,
ორივე უღელს ახლა ერთი მიათრევს მხარი
და მამის მოთქმა ისე ესმის გულსავსე მთვარეს,
როგორც ბღავილი დასაკლავად განწირულ ხარის.

მუხლებს დაადებს ახალ საფლავს, ჯერ კიდევ ორსულს
და შვილის სხეულს სამი მეტრის სიღრმეშიც ხედავს.
ჰგავს დედამიწა ზამთრის თეთრი სუდარით მორთულ
დასამარხავად გამზადებულ ვაჟკაცის ცხედარს.
...
იმ ღამით ცაზე ვარსკვლავები აქა-იქ ენთო,
ცას ნასაყდრალის ნანგრევები შესაფრად ჰქონდა.
მთელი სამყარო უყურებდა სასწაულს თითქოს,
კაცი იყო და გადაიქცა ლოდინის ლოდად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები