ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
15 ივლისი, 2017


მოთხრობათა კრებული "დღიური" - 4. პატარა ადამიანი

                                                      პირველი ნაწილი

მშვენიერი დილა გათენდა... ვგრძნობ, ჩემი თავი დღეიდან მე მეკუთვნის! უნებლიეთ თვალწინ წარმომიდგნენ ის უაღრესად ბედნიერი ადამიანები, რომელთაც არა მარტო საკუთარი თავი, არამედ ქვეყნიერებაც თავისად მიაჩნიათ - არ ვიცი, რატომ არ მშურს მათი! დიახ, არ მშურს, მხოლოდ გული მტკივა... თქვენ იცით ჩემი გულისტკივილის შესახებ? გულისტკივილი... თუმცა, ჩემი ტკივილი დღეს რაღა მოსატანია!
სათქმელი ბევრი მაქვს, ვღელავ, არ ვიცი რით დავიწყო. თქვენამდე მხოლოდ დღეს მოვედი, დღეს მოვაღწიე და აი, უკვე თქვენთან ვარ! და რომ იცოდეთ, ამით რა ბავშვივით ვარ გახარებული, გულაჩუყებული! არ დავმალავ და ვიტყვი: სხვა ყველაფერთან ერთად არც ის ვიცი, ვინ მიწყალობა ეს ბედნიერი დღე, ვინ დამდო პატივი, რა შეიცვალა.
არ მინდა იფიქროთ, ვიღაც შეშლილიაო. ვერ ვიტყვი, რომ საუკუნეების წინ დავიბადე, მაგრამ ერთ საიდუმლოს მაინც გაგანდობთ... აი, ჯერი საიდუმლოზეც მიდგა - როგორი გულგახსნილი ვარ, რა საოცარი დღეა! ამდენი რამ ჩემზე სიცოცხლეში არავისთვის მითქვამს. მეშინია და ეს შიში კიდევ უფრო მაფრთხობს, - იქნებ არც ვარ დარწმუნებული ყოველივე განცდილის რეალობაში?! იქნებ ეს დროებითია? არა! არა! ავი აზრები ამეკვიატა, შეუძლებელია, ილუზია იყოს! ჩემი ბედნიერება რეალური, ეჭვშეუტანელია - დასაბუთებას არ საჭიროებს! უბრალოდ, შეუძლებელია, სხვაგვარად იყოს... შე-უ-ძლე-ბე-ლი-ა!
რაღაცის თქმა მინდოდა... ჰო, მგონი, ვამბობდი კიდეც... თავში ყველაფერი ამერია. ასე დაბნეული არასოდეს ვყოფილვარ! ნუთუ ამ ახალ ცხოვრებას თან დაბნეულობაც სდევს, ცხოვრებას, სადაც ხეირიანად არც კი შემიდგამს ფეხი? არა და არა! ასეთი ცხოვრება - ყველასთან ლაღი, უკომპლექსო ურთიერთობა - ეს ხომ ამქვეყნიური ბედნიერებაა! ბედნიერება კი არასოდეს გთრგუნავს. არაფერია, გამივლის! ჩემი დაბნეულობა ნისლივით გაიფანტება!
აი, გამახსენდა კიდეც ყველაფერი: საიდუმლოს განდობას ვაპირებდი. დიდი რამე არ გეგონოთ. მოკლედ, პირდაპირ გეტყვით: მართალია, დარწმუნებული კი ვარ, რომ საუკუნეების წინ არ დავბადებულვარ, მაგრამ რატომღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ოდითგანვე ვცხოვრობ დედამიწაზე. სხვაზე რომ არაფერი ვთქვა, უბრალოდ, წარმოუდგენელია ერთ ზომიერ, ჩვეულებრივი ხანგრძლივობის ცხოვრებაში იმდენი წვალებისა და განცდის დატევა, რაც მე მხვდა წილად. მაინც მეშინია ჩემი წარსულის... მგონი, ეს არ უნდა მეთქვა! თუმცა ამას ხომ მნიშვნელობა აღარ აქვს! უკვე გავთავისუფლდი მარწუხებისაგან - მე ბედნიერი ვარ!
ჯერ ისევ ჩემს სახლში, ციცქნა ოთახში ვიმყოფები, რომლის აუტანელი სივიწროვე მხოლოდ დღეს ვიგრძენი. დღეიდან ჩემი სულიერი თავისუფლების სამყარო ამ ”კოლოფის” ცივად შემომყურე კედლებით აღარ შემოიფარგლება, კედლებით, რომლებიც აქამდე თბილი მეჩვენებოდა. ეს კედლები მიფარავდა ჩემი სუსტი არსების წინააღმდეგ ამხედრებული ყველასა და ყველაფრისაგან, მათგან, ვისაც და რასაც ვხედავდი და შევიგრძნობდი მათ მიღმა. აქამდე აქაურობა იყო ჩემი თავშესაფარი, დღეს კი აშკარად ვგრძნობ, როგორ გაფართოვდა ყოველი მხრიდან მისი საზღვრები ქვეყნიერების უკიდეგანო სივრცეში!
არა, არავინ იფიქროს, რომ მე ამ ბუმბერაზებით სავსე ქვეყანაში ვინმეს შევაწუხებ. პირიქით, სრულიად შეუმჩნეველი ვიქნები და, ალბათ, სწორედ ეს გარემოება მაბედვინებს თქვენკენ სწრაფვას. მომაქვს მცირედი, მაგრამ ჩემთვის უზარმაზარი ბედნიერება თქვენს ჭეშმარიტად უზარმაზარ ბედნიერებაში გასაზავებლად. მოუთმენლად მოვისწრაფვი თქვენკენ და მწამს თქვენი სულგრძელობისა, მწამს, რომ მიმიღებთ და შემიფარებთ. მე ხომ სულ მცირედიც მაკმაყოფილებს - პატარა ადამიანი ვარ... ჩვევად არ მაქვს ვინმესთვის რაიმეში შეცილება - ქვეყნიერება ხომ უსაზღვროდ ტევადია...

***
ასაკით ახალგაზრდა, ხოლო ბუნებით ბავშვივით პატარა ადამიანი მღელვარე ფიქრებისაგან მაღვიძარას წკრიალმა გამოარკვია და თვალწინ თავისი უღიმღამო ოთახი გადაეშალა. აქ ყველაფერი ძველებურად იყო და თავის თავს ჰგავდა: ჩახუთული, დღის სინათლეს მოკლებული ციცქნა ოთახი ათასი რამით იყო გავსებული. უამრავი ნივთიდან ვერაფერს გამოარჩევდი. ყურადღებას უფრო მათი სიმრავლე და ქაოსური განლაგება იქცევდა, ამასთან, ყველაფერი ძალზე მომცრო ზომისა იყო. შედარებით მოზრდილი საგნებიც კი მთლიან ფონზე პატარა მძივებივით ჩანდა. ეს ოთახი მასში მობინადრე ადამიანს რაღაცით ჰგავდა...
მაღვიძარა კი წკრიალებდა და წკრიალებდა. ფიქრით გართულს მისი გამორთვა მაშინღა მოუვიდა აზრად, როცა ის თავისით გაჩუმდა. მისი ყურადღება ახლა დადუმებულმა საათმა მიიპყრო - ყოველდღე ამ დროის უნდა გაეღვიძა, გაეხილა თვალი, ამდგარიყო საწოლიდან... მაგრამ ის უკვე ფეხზე იდგა! თითქოს სავსებით ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ უმალ ისიც გაახსენდა, რომ დილაობით გაღვიძებას ვერასდროს ასწრებდა მაღვიძარას, მისი წკრიალის შემდეგაც კი ხშირად ეძინებოდა - არადა, წუხელაც, სხვა დღეებისაგან განსხვავებით, წვალების გარეშე ჩაეძინა. არა, ეს, მართლაც უჩვეულო, განსხვავებული დილაა, - გაუელვა აზრმა და კმაყოფილს გაეღიმა. ისევ ჩაითრია ფიქრის მორევმა: საათი ახლა დუმს. რაღას უნდა ელოდოს ადამიანი მისგან? თავისი საქმე მოილია და დგას ძველი კომოდის თავზე მშვიდად. კომოდიც მშვიდია, სარკიანი კარადაც - ყველაფერი მშვიდია. ოთახში სიმყუდროვე სუფევს, ცხოვრება აქ თითქოს გაიყინა. სხვა დროს ასეთი ფიქრები მეტად ახალისებდა, მაგრამ ახლა ზიზღი იგრძნო. მიხვდა, რომ აქ არაჯანსაღი, ავადმყოფური ატმოსფერო გამეფებულიყო. მძიმე, სიძველისგან გაცრეცილმა ფარდებმა, დღის სინათლეს რომ ეღობებოდა, ყველაზე მეტად გააღიზიანა და სული შეუგუბა. თანდათან უფრო აუტანელი ეჩვენა საკუთარი ყოფა. კარგა ხანს იდგა ოთახში უძრავად. უეცრად წაიბარბაცა და თითქოს ამას ელოდებოდაო, ერთბაშად გამოცოცხლდა და სარკმელს მიაწყდა. იქ, სარკმლის მიღმა, სულისთვის შვება ეგულებოდა: კამკამა ცა, კაშკაშა მზე, ბავშვების ჟრიამული, რომელიც საბედნიეროდ არასოდეს წყდება ამ ცისქვეშეთში...
ხელის სწრაფი მოძრაობით ფარდები გადასწია, ლამის ჩამოგლიჯა - ჰაერის, უფრო მეტად კი სინათლის ხარბად ჩასუნთქვა სურდა, მაგრამ უეცრად მისი თვალებიდან ანაზდად გამომკრთალი სიცოცხლის ნაპერწკალი შიშმა შეცვალა: აღარსად იყო მზე, კამკამა ცა, ბავშვების ჟრიამული! ყველაფერი შავ ღრუბელსა და წუხანდელი ავდრისგან შემორჩენილ წუმპეებს შთაენთქა. სხეულში აუტანელმა ტკივილმა დაუარა, მუხლები მოეკვეთა, თავი რომ არ შეეკავებინა, იატაკზე გაიშხლართებოდა. მინას სახით მიაწვა და თითქოს გაიყინა. ეზოს გაჰყურებდა. მოძველებული სახლებითა და რამდენიმე ტანმაღალი ხით შემოფარგლული ეზოს იმ კუთხეს, სადაც ბავშვებს უყვარდათ თამაში, შავი, უზარმაზარი გუბე და ნიაღვრისაგან მოტანილი შლამი დაჰპატრონებოდა. ავდარს ლამის წაელეკა ქვეყანა - პატარა ადამიანს კი მშვიდად ეძინა. ეს აღარ იყო მისთვის ამინდის ჩვეულებრივი ჭირვეულობა. ქვეცნობიერად ახლა იმედი გარესამყაროსთან პირველ შეხვედრაზე ჰქონდა დამყარებული - როგორ დახვდებოდა იქაურობა, როგორ მიიღებდა სამყარო თავის ერთ-ერთ შვილს! სხვა თუ არაფერი, არაფრისგან იშვა მისი ბედნიერება და ახლა ისევ ეს არაფერი ემუქრებოდა მის ბედნიერებას. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ და უფრო ადრეც, ოთახში გამოკეტილს ამინდის ჭირვეულობისთვის კი არა, შეიძლება არც წარღვნისთვის მიექცია ყურადღება, მაგრამ ახლა თავზარდაცემული იდგა, აზრის მოკრება უჭირდა. მხოლოდ უმწეობას, საკუთარ არარაობას გრძნობდა და ესე იგი, ბედნიერების კოშკის დამსხვრევას!
ცახცახმა აიტანა. ძალა თანდათან ეცლებოდა, მაგრამ, უეცრად, საოცრება მოხდა - შვებად მოევლინა ამომავალი მზის სხივი, რომელიც ეზოს იმ კუთხეს მოეფინა, ბავშვებს რომ ჰქონდათ სათამაშო ადგილად არჩეული. მაშ, არ დაკარგულა მზე, ცა და სულ მალე, ალბათ, ბავშვების ჟრიამულიც გააცოცხლებდა ქვეყანას! შეამჩნია, როგორ იწყო წუმპემ შრობა. შეიძლება მოეჩვენა კიდეც, მაგრამ აქ მთავარი სულ სხვა რამ იყო. მთავარი იყო ის, რაც ხვებისთვის არაფერია - თავად არაფერი!
ცოტა ხანში თავს გადახდენილი ღიმილსღა გვრიდა პატარა ადამიანს. მოგვიანებით კი, როდესაც ოთახს უკან მოიტოვებს და სამყაროს, ხალხს შეერწყმება, წამიერად ბრაზიც მოერევა იმ სისუსტისთვის, რომელიც ეს-ეს არის მოეძალა. მართლაცდა, როგორ შეიძლება ასეთმა უბრალო რამემ დააფრთხოს ადამიანი, მით უმეტეს, ახალგაზრდა კაცი! ეს ხომ სასაცილოა?! - ინუგეშებდა თავს, - მე გავთავისუფლდი, თავი დავაღწიე ბოროტ, საზარელ ძალას, რომელიც თავისუფლად ცხოვრების საშუალებას არ მაძლევდა, - იმეორებდა გულში ერთსა და იმავეს, - გავთავისუფლდი იმ ძალის მარწუხებისაგან, რომელიც არაფერია და ამავე დროს ყველაფერს აღემატება. ეს რაღაც წამიერი, თითქმის არაფერი, სიცარიელე ცდილობს ჩემს დამორჩილებას, ადამიანის, რომელიც ამიერიდან მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნის! ამის გაფიქრებაზე ირონიულად გაეღიმა, რაც აქამდე არ ახასიათებდა. ეს რომ შეამჩნია, გაუხარდა კიდეც - მართალია, მგლობას არ აპირებდა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ ათასში ერთხელ წამოყმუვლებაც საჭიროა ცხოვრებაში!

***
გიჟივით ჩარბოდა პატარა ადამიანი ცელქი ბავშვების მიერ დაჩხაპნილ და გაჭვარტლულ სადარბაზოში. ვერაფერს ამჩნევდა ირგვლივ. საფეხურებს ინტუიციით ახტებოდა. ერთხელ ფეხიც კი გადაუბრუნდა, მაგრამ არ წაქცეულა, არც ტკივილი უგრძნია - სრულიად ვეღარ შეიგრძნობდა საკუთარ თავს, თითქოს თავის თავში არც იყო. მთელი არსება ფიქრებთან ერთად იქით გადახვეწოდა, საითაც ასე თავდავიწყებით მიიჩქაროდა. წინ მას ელოდა ცოცხალი, მფეთქავი, ფუტკარივით მოფუსფუსე ქვეყანა, უთვალავი ადამიანი, რომელთა სახეებზეც სითბოს, მოყვასის სიყვარულს ხედავდა. ეჩვენებოდა, რომ ისინი ელოდებოდნენ - მას, პატარა ადამიანს ელოდებოდნენ...

***
მართალია, წმინდა წიგნები არ ჰქონდა წაკითხული, მაგრამ გადმოცემით იცოდა იქ მოთხრობილ ადამიანებზე, რომელნიც ქვეყნად მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეს თესდნენ. ჩვენი გმირი მათ, რა თქმა უნდა, ვერ შეედრებოდა, მაგრამ სურდა თავადაც კეთილი ყოფილიყო - ყველასთვის გადაეშალა გული, დამეგობრებოდა. დარწმუნებული იყო, იმავეთი უპასუხებდნენ. ზოგიერთში მიძინებულ სიკეთეს თავად გააღვიძებდა, გაუცოცხლებდა დაკარგულ რწმენას! დაარწმუნებდა, რომ მეგობრობა შესაძლებელია ყველასთან და ამით კიდევ რაღაც სხვას, ყველაზე მნიშვნელოვანს დაამტკიცებდა, რისი არსებობის შესახებაც ჯერ არავინ არაფერი იცოდა. მაინც რა იყო ის რაღაც ”ყველაზე მნიშვნელოვანი”, ჯერ თვითონაც არ იცოდა. ჯერ ნაწყვეტ-ნაწყვეტი და დაულაგებელი ჰქონდა აზრები: მარადიულობა... მარადიული ჭეშმარიტება... ყოველივე ამ იდუმალების ფუძე... და ა.შ. თუმცა აზრების დაულაგებლობა სრულიადაც არ უუფერულებდა ოცნებას. პირიქით, როდესაც მათ დალაგებას ცდილობდა, უფრო იბნეოდა და თავისდა გასაოცრად კიდევ ერთხელ რწმუნდებოდა თავისი იდეის, იმ რაღაც ”ყველაზე მნიშვნელოვანის” საფუძვლიანობაში. მართლაც, წესით, ამგვარი მნიშვნელოვანი რამ ასე იოლად არც უნდა შეემეცნებინა ადამიანის გონებას... მიუხედავად ასეთი რთული აზრებისა, ვერ ვიტყვით, რომ პატარა ადამიანი თავს ფილოსოფოსად თვლიდა. მისი ქმედება უფრო გულიდან იყო ნაკარნახევი და არა გონებით გათვლილი, გონება ყველაფერ ამას შემდეგ აიტაცებდა, თავის სახელს დაარქმევდა, ფილოსოფიად აქცევდა! მანამდე კი უნდა ეჩქარა, ეჩქარა ადამიანებისაკენ! ჩვენი გმირი ნაცნობსა და უცნობს არ ასხვავებდა ერთმანეთისაგან, მას ყველა ერთნაირად უყვარდა. უყვარდა ისინიც, ვისგანაც წყენა ახსოვდა. სასაცილოც კი არის თითისტოლა ბავშვებზე განაწყენება, მაგრამ რაწამს სახლიდან გამოსულს დაინახავდნენ, გარს ეხვეოდნენ და... არა! არ ღირს ამის გახსენება - ისინიც უყვარდა... გამორჩეულად! და ეს გამორჩევა იყო ერთადერთი გამონაკლისი - ბავშვი ბავშვია! მუხლს იდრეკდა მათ წინაშე,  ეალერსებოდა და გულითადად არწმუნებდა, რომ მეგობრობა ბევრად უფრო მომხიბვლელი რამაა, ვიდრე დაცინვა და ისიც, ყოვლად უსაფუძვლო.
უეცრად პატარა ადამიანი სიტყვა ”დაცინვამ” შეაკრთო და გული მწარედ შეეკუმშა. ამ სიტყვამ მისი მტკივნეული წარსულიდან რაღაც ნაწილი ამოგლიჯა და აწმყოში შხუილით გადმოისროლა. მან იგრძნო, რომ ეს წარსულის შემობრუნებას თუ არა, მის წაუშლელობას მაინც ნიშნავდა... მაგრამ - არა! ვერ დაუშვებდა ამას! სიკვდილის ფასად ვერ დაუშვებდა! - წამსვე ლამის ყვირილით უარყო ეს საშინელი აზრი, რომელმაც გზა მოუჭრა თავისი სულიერი, ჯერ ისევ თოთო ბედნიერების მისასვლელებისაკენ.
...მას მხოლოდ აწმყოში უნდა ეცხოვრა, ეცხოვრა იმ შეგნებით, რაც მრავალ რამეს ითვალისწინებდა. ბავშვები - მერე რა, რომ ისინი ცელქობენ: სადარბაზოს ჭვარტლავენ, კედლებს ჩხაპნიან და კიდევ სხვა ათას ბავშვურ ონავრობასთან ერთად ზოგიერთ ადამიანს აბრაზებენ? აბრაზებენ და შემდეგ იცინიან! ისინი ხომ იცინიან, ესე იგი, ხუმრობენ - ხუმრობა კი... დღეიდან თავადაც იხუმრებს, იხუმრებს არა ვინმეს გასაბრაზებლად, არამედ ისე, უბრალოდ, სიყვარულით. სხვებსაც აჩვენებს, რომ ასე სჯობია, მისებურად, პატიოსნად, მეგობრულად... - და კიდევ ვინ იცის, რას აღარ ფიქრობდა ჯერ კიდევ სადარბაზოს არგაცილებული პატარა ადამიანი.
ერთი სიტყვით, სულ უბრალო რამით გაბედნიერებულს ემღერებოდა. ახსენდებოდა იმ ერთი მშვენიერი მელოდიის ჰანგი, რომელიც ოდესღაც მოესმინა და... თუმცა ვინ იცის, იქნებ მღეროდა კიდეც? ჰო, მღეროდა, მაგრამ ეს თვითონ მისთვისაც შეუმჩნეველი იყო, რადგან როგორც ითქვა, იმჟამად შორს, მოფუსფუსე ადამიანებთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე საკუთარ თავთან. იქაურებს უფრო ხედავდა, ვიდრე იმას, რაც ირგვლივ ხდებოდა. მათი უფრო ესმოდა, ვიდრე საკუთარი თავისა.

***
სადარბაზოდან გამოსვლამდე მეზობელი, პირველი სართულის ბინადარი, ერთი ახმახი, ხანში შესული, სქელწარბა და ლოყებდაბერილი მამაკაცი შემოეჩეხა, რომელთანაც პირისპირ შეყრას მუდამ გაურბოდა. გაურბოდა და ამ გაქცევის მიზეზი თვითონ მისთვისაც კი არცთუ მთლად გასაგები იყო. საქმე ის არის, რომ მეზობელთან ურთიერთობას არ მოეძებნებოდა ისეთი კონკრეტული გარემოება, რითაც ახსნიდა მის მიმართ დამოკიდებულების ამგვარ თავისებურებას. არადა, ეს დამოკიდებულება წლობით გრძელდებოდა. ყველაფერი ძალიან ადრე, ჩვენი გმირის ბავშვობაში დაიწყო. მაშინ იქნებ მართლაც ჰქონდა სერიოზული საბაბი მორიდებისა, რომელიც დროთა განმავლობაში ჩვევად ექცა და ვეღარაფრით დააღწია თავი. თვალს მოჰკრავდა თუ არა მეზობელს, გაურბოდა, ემალებოდა. უფრო მეტად ის აწუხებდა, გუშინ, იმის წინ და უფრო ადრეც, თვალი რომ ჰქონდა არიდებული - და ასე გრძელდებოდა ყოველი ახალი შეხვედრისას. ახლაც იგივე განმეორდა, იმავე გრძნობამ შეიპყრო, ოღონდ ერთი განსხვავებით: იმ წყეული დღის შემდეგ ასე პირისპირ არასდროს შეჰფეთებია.
დიახ, ეს ჩვენი გმირის ბავშვობის დროინდელი შემთხვევა იყო - თითქმის მივიწყებული, გაუქმებული მიზეზი მეზობელზე თვალის არიდებისა, რომელიც ახლა გაუცოცხლდა, განუახლდა და თავდაპირველი სიმწარე განაცდევინა. აღარ იცოდა, სად დაემალა თავი. ვერ წარმოედგინა, თუ ბავშვური გონებით განსაზღვრული რამ, ის ერთი რიგითი პრობლემა ბავშვობისა, დიდობაშიც ასე სერიოზულად შემოუტევდა. თვალწინ ნათლად წარმოუდგა ის წყეული დღე: ხანში შესულმა მეზობელმა მაშინ ჩვენი პატარა გმირი მაღაზიაში გაგზავნა რაღაც-რაღაცების საყიდლად. ერთი შეხედვით არაფერი იყო ამაში უჩვეულო ან ცუდი, მაგრამ სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი: ბიჭს უახლოესი მაღაზია დაკეტილი დაუხვდა, ცხვირწინ მიუხურეს კარი და ამიტომ მოშორებით მდებარე მაღაზიაში მოუწია წასვლა - დრო კი... დრო არ ითმენდა! რა თქმა უნდა, არაფერი იყო საჩქარო და საგანგაშო, მაგრამ პატარა ბიჭი მაინც ჩქარობდა, იმდენად ჩქარობდა, რომ სიარული მისდა შეუმჩნევლად სირბილში გადაუვიდა. გარბოდა და აღელვებული ცდილობდა წარმოედგინა, რას იფიქრებდა მისი მომლოდინე მეზობელი, რომელმაც ფული ჩააბარა!
- აი, აქვე, გადაირბინე უცებ... - მთელი გზა ყურში ედგა მისი სიტყვები, - აბა, შენ იცი, ბიჭო, კინოში კი არ გამეპარო მაგ ფულით.
ეს უკანასკნელი ფრაზა თავდაპირველად ხუმრობად ეჩვენა, მაგრამ შემდეგ, როდესაც მოვლენათა მსვლელობა გართულდა, რაღა იყო მასში სახუმარო! მართალია, ბიჭს ფიქრადაც არ მოსვლია კინოში გაპარვა, მით უმეტეს, სხვისი ფულით, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, მეზობელს მისი დაგვიანების გამო სწორედ ასე ეფიქრა! აი, ასეთი აზრები აწვებოდა გულზე პატარა ბიჭს და საშინლად ტანჯავდა. თავის თავზეც მოსდიოდა ბრაზი, ზოგიერთი სიტყვა გულუბრყვილოდ რომ წამოისროლა. მეზობელმა კინო რომ ახსენა, თითქოს მისი ნათქვამის დასაზუსტებლად თვითონვე განავრცო იგივე აზრი - ამცნო მეზობელს რომელიღაც ახალი ფილმის გამოსვლა. ფილმისა, რომელსაც თურმე მაყურებლის დიდი მოწონება დაუმსახურებია. მართალია, თავად ნანახი არ ჰქონდა, მაგრამ უეჭველად იცოდა, რომ კარგი ფილმი იყო და ახლო მომავალში აუცილებლად ნახავდა. სრული გულწრფელობით შესთავაზა მეზობელს, გაგიგებთ რომელ კინოთეატრში აჩვენებენ და დღესვე შეგატყობინებთო. ჩვენს გმირს ისიც დაამახსოვრდა, როგორ იუცხოვა მეზობელმა მისი გადამეტებული ზრუნვა. არა, რად მინდაო, შეიცხადა და ორიოდ წამის შემდეგ ფულიც შესთავაზა კინოში წასასვლელად. რა თქმა უნდა, ბიჭს ფული არ გამოურთმევია, არც უფიქრია თავისი ლაპარაკით მისთვის ბილეთის საფასური გამოეცინცლა. აი, ასე უცნაურად აეწყო იმ დღეს ყველაფერი.
გარბოდა და იხსენებდა ყოველივე ამას.
ალბათ, მის ადგილას ნებისმიერი ბავშვი დაიბნეოდა. ჩვენი გმირიც დაიბნა, თუმცა არც იმდენად. უბრალოდ, ისეთი გულუბრყვილოც არ იყო, რომ ჩვეულებრივი რამ რაღაც განუსაზღვრელ არაჩვეულებრიობად აღექვა. ასე თუ ისე, ესმოდა, რომ არ ჰქონდა საბაბი სერიოზული შეშფოთებისთვის, რადგან მეზობელს რომც ეეჭვა მისი კინოში გაპარვა, მაინც შეეცვლებოდა აზრი, როცა ბიჭი მაღაზიიდან დაბრუნდებოდა. დიახ, ესმოდა ეს, ოღონდ ბოლომდე დამშვიდებას მაინც ვერ ახერხებდა - სადაც და როგორც უნდა ყოფილიყო, სინდისი და პასუხისმგებლობა მისთვის მუდამ წინ იდგა, ყოველი წამი მისთვის ძვირფასი იყო.
სანამ მაღაზიამდე მიაღწევდა, აზრად მოუვიდა, უკან დაბრუნებულიყო, მომლოდინე მეზობლისათვის დაგვიანების მიზეზი ემცნო და შემდეგ გულდამშვიდებულს განეგრძო გზა მაღაზიისკენ, მაგრამ ეს აზრი სისულელედ ეჩვენა და შერცხვა თავისი ეჭვიანობისა: ვაი და, ცუდს არც არაფერს ფიქრობდა მეზობელი, ხომ გააოცებდა თავისი უადგილო ქცევით, თანაც კიდევ უფრო დაუგვიანებდა დავალებული რაღაცეების ყიდვას! ერთი სიტყვით, მაშინვე უარყო ეს აზრი. უარყო, ოღონდ დანიშნულების ადგილზე მისვლამდე კიდევ რამდენიმეჯერ აეკვიატა იგი. განა წინანდებურად აიძულებდა მას უკან დაბრუნებას, უბრალოდ, სარგებლობდა ჩვენი გმირის მღელვარე ბუნებით და თავში მსუბუქად უქროდა. მერე მაღაზიამდეც მიაღწია... მიაღწია და, ვაი, უბედურებავ, იქიდან რომ მოვა, საიდანაც არ ელი: სირბილში ფული დაჰკარგვოდა.
საბრალო ბიჭი საშინლად შეწუხდა. მთელი მისი სხეული რაღაც აუტანელმა გრძნობამ მოიცვა, ერთიანად გამოეცალა ძალა, გონება. მგონი, წაიქცა კიდეც, თუმცა დაზუსტებით ამის გახსენება მოგვიანებით, დაწყნარებულმაც ვერ შეძლო. დაამახსოვრდა მხოლოდ ერთი: უცნობი სახეები, შეძახილები, გამაყრუებელი წუილი, რომელიც ცხელი ნემსივით ესობოდა საფეთქლებში.
ვინ იცის, რამდენ ხანს გასტანა ყოველივე ამან. ბოლოს რაღაცასთან მწარე შეტაკება იგრძნო და სადღაც ვარდნა. თვალები რომ გაახილა, ირგვლივ მძიმე ბინდი იდგა და ამ ბინდში გახვეული, მასში შერწყმული მეზობლის ათასჯერ გადიდებული, უფრო დაბერებული, დანაოჭებული სახე მოჩანდა, მოჭუტული, ცივი თვალებით რომ მისჩერებოდა, როგორც ქურდს, რომელმაც ფული მოჰპარა - მისი ნდობის ხარჯზე! უნდოდა, მთელი ქვეყნის გასაგონად უნდოდა ეყვირა საწყალს, რომ არ იყო ქურდი, რომ იგი... მაგრამ ბინდმა სივრცე ერთიანად მოიცვა და შთანთქა ყველაფერი, ყველაფერი, პატარა ბიჭის ამოძახილისა და მისივე განცდის ჩათვლით...
...რა მოხდა შემდეგ, მხოლოდ ორიოდ სიტყვით შეიძლება ითქვას: ჩვენმა საწყალმა გმირმა ბავშვობიდან დღემდე ვერ შეძლო მეზობლისთვის დაკარგული ფულის დაბრუნება. პირველ დღეს, უბრალოდ, ვერ მოახერხა, რადგან ვერ იშოვა. მეორე დღესაც იგივე განმეორდა და იმ მეორეს კიდევ რამდენიმე დღე მიჰყვა. კარგა ხანს გარეთ ცხვირი არ გამოუყვია. მერე, როგორც იქნა, მოიგდო ხელთ საჭირო თანხა და რომ ეგონა, ყველაფერი დამთავრდებაო, სრულიად სხვა, კიდევ უფრო გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა, რასაც ვეღარასოდეს დააღწია თავი. საქმე ის იყო, რომ ფულის დასაბრუნებლად მეზობლის კართან მიახლოებული შიშნარევმა კანკალმა აიტანა. დასაკაკუნებლად ზეაღმართული ხელი ჰაერშივე გაუშეშდა, თითქოს გაიყინა, განძრევა აღარ შეეძლო. ათასგვარი აზრი წამოუტივტივდა თავში: სად იყო აქამდე, რატომ გაურბოდა და ემალებოდა მეზობელს?! თუკი ქურდი არ იყო, რატომღა იქცეოდა ქურდივით?! მისი საქციელიდან გამომდინარე ხომ სრული უფლება ჰქონდა მეზობელს ქურდად ჩაეთვალა? ან სხვა რა უნდა ეფიქრა?! ერთი სიტყვით, ყველაფერი პატარა ბიჭის საწინააღმდეგოდ იყო მომართული და ამაში აშკარად თვითონვე მიუძღოდა ბრალი! ახლა რითღა უნდა ემართლებინა თავი?! გულახდილად აეხსნა მეზობლისათვის ყველაფერი? რომ ეშინოდა მასთან ხელცარიელი მისვლისა და თან შიშობდა კიდეც, რომ მის გულწრფელობაში ეჭვი შეეპარებოდათ? სამწუხაროდ, მეზობლის გულისხმიერების იმედი არ ჰქონდა! ბოლოს და ბოლოს, ფულის დაბრუნების მიზეზად მეზობელს, შესაძლოა, შიშიც მიეჩნია, რადგან მან იცოდა თავისი გამქურდველის ვინაობა და რაწამს მოისურვებდა, იპოვიდა მას! სულ ბოლოს, ვითომ გამოსავალს მიაგნო - ადგა და ფული მეზობლის საფოსტო ყუთში ჩაუშვა. იმდენიც ვერ მოახერხა, წერილი დაეწერა და ყველაფერი აეხსნა. ეს იყო პირველი ტრაგედია ამ პატარა ადამიანისთვის, რამაც გადამეტებული გულუბრყვილობის გამო სამუდამო დაღი დაასვა მის მომავალ ცხოვრებას...
და აი, ახლა მეზობელთან სადარბაზოში პირისპირ შეჩეხებისას, თითქოს მივიწყებული ეს ამბავი თავს მეხივით დაატყდა პატარა ადამიანს. მართალია, ადრეც აღმოჩენილა მსგავს სიტუაციებში, - როდესაც თავისთვის არასასიამოვნო სუბიექტს მოჰკრავდა ხოლმე თვალს, თავს დახრიდა და სასწრაფოდ გაეცლებოდა იქაურობას. ახლა კი ყველაფერი დაინგრა! ყველაფერი განადგურდა! ჩვენი გმირის იმდილანდელი ბედნიერება ნაცარტუტად იქცა. ერთბაშად მოტყდა, მოდუნდა, განცდის უნარიც აღარ შერჩა - სურვილიც კი წაერთვა ხალხისკენ სწრაფვისა. ისევ იმ სუსტ არსებად იქცა, აქამდე რომ იყო. ახლაც ზედმეტ ადამიანად იგრძნო თავი, ვისი ადგილიც არსად არის. ყველაზე მეტად გულს ის უკლავდა, ქურდის სახელის ზიდვაც რომ უხდებოდა.
ვერაფერს გააწყობდა, გამოსავალზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. ნამდვილად ყველაფერს დათმობდა, რომ სადმე შორს, უკაცრიელ ადგილზე გადახვეწილიყო - იქ ერჩივნა... იქ სჯობია! იქ სამართალი ეგულებოდა! იქ სამართლიანობის დამყარებამდე არც მიდის საქმე! აქ კი იჩაგრება ჩვენი გმირი... რით დაამტკიცოს თავისი სიმართლე?! ვინ დაუჯერებს?! ხვრელი! ხვრელი უნდა ეპოვა, რომ შიგ ჩამძვრალიყო ან მიწა გასკდომოდა და შიგ ჩაეთრია! მაგრამ უბედურებას უბედურება ემატებოდა: არსად ჩანდა ხვრელი, არც მიწა აპირებდა მის გადასაყლაპად პირის დაღებას და არც იმ ერთმა უკან გადადგმულმა ნაბიჯმა უშველა, რადგან იგი გაქცევის მცდელობას ჰგავდა და შესაძლოა, მეზობელი კიდევ უფრო დაერწმუნებინა მასზე წაყენებული ქურდობის ბრალდების სამართლიანობაში - გაქცევა ხომ ქურდებს სჩვევიათ!
პატარა ადამიანს ყელში ისეთი მხუთავი გრძნობა მოაწვა, ლამის დაიხრჩო. არასდროს უგრძნია თვალებისა და ხელჶფეხის ასეთი ზედმეტობა, აღარ იცოდა, სად დაემალა ისინი, საით გაეხედა და, საერთოდ, რა ეკეთებინა. თითქოს გონებაც აღარ ემორჩილებოდა, მაგრამ არა, მისდა საუბედუროდ, გონება სწორედ რომ სხარტად უჭრიდა, ყველაფრის გააზრებას ასწრებდა: მიუხედავად იმისა, რომ პირისპირ მდგომი მეზობლისთვის არც შეუხედავს, მაინც გრძნობდა, როგორ უახლოვდებოდა იგი ნელი ნაბიჯით, რა მწარე სიტყვებით უპირებდა გამასპინძლებას - მისი თვალები მოწმობდა ამას! ბავშვობის მერე ამ თვალებში აღარ ჩაუხედავს ჩვენს გმირს, მაგრამ ზუსტად იცოდა, როგორი იყო ისინი - საკუთარ თვალებზე მეტად იცნობდა! მანძილი სულ უფრო მცირდებოდა ამ თვალებსა და პატარა ადამიანს შორის. ახლა ჩვენს გმირს, ალბათ, არც გაუკვირდებოდა, მეზობელს სილა რომ გაეწნა მისთვის. გაუკვირდებოდა კი არა, სწორედ ამის მოლოდინში გაირინდა, რაწამს ამ ფიქრმა გაუელვა გონებაში.
მაგრამ... მანამდე, იქნებ, ერთხელ მაინც ეცადა ბედი, გულწრფელად ეამბო ყველაფერი, საფოსტო ყუთში ფულის ჩაგდების ამბავიც, მაგრამ ეს აზრი მაშინვე უარყო.
ვერ შეძლო დაჯერება, აღარაფრის სჯეროდა; დარწმუნებული იყო, ის ფული მეზობელს თვალითაც არ უნახავს. ასე რომ არ ყოფილიყო,  ასე გამომწვევად, საზარლად არ მიაჩერდებოდა - ამ მზერას ხომ დაუნახავადაც გრძნობდა.
...არადა, სილის გაწნა ერჩია იმ დაუმსახურებელი სიტყვებით გამასპინძლებას, ნაძირალების შესამკობად რომ იყენებენ ხოლმე. ”ჰო, ნამდვილად მერჩია”, - დაასკვნა გუნებაში და სილის შემოსაკვრელად მომზადებულ მეზობელს, თითქოს თვითონვე წაეხმარაო, თვალებმინაბულმა და გატრუნულმა ლოყა მიუშვირა. აი, მიუახლოვდა ურჩხული... მისი მძიმე სუნთქვა ყურებს უხვრეტდა! ახლა უნდა მომხდარიყო ყველაფერი!
- ყოჩაღ, ბიჭო, კარგი სიმღერა გცოდნია...
საოცრება: სილის შემოკვრის ნაცვლად პატარა ადამიანმა მხარზე მეზობლის ხელის მსუბუქი მოთათუნება იგრძნო. მისდა მოულოდნელად, ტონიც იმდენად ალერსიანი ჰქონდა, რომ გაოგნდა. იმ რაღაც სიმღერის ხსენებამ ხომ მთლად აუბნია თავგზა - ნეტავ რას გულისხმობდა? დაბნეულობასთან ერთად შიშიც ისე მოერია, რომ კიდევ უფრო ავი, ჯოჯოხეთური წინათგრძნობა აეკვიატა და... არა, მაინც სცადა რამდენიმე წამის წინანდელი მოქმედებების გონებაში აღდგენა: ნუთუ მართლაც მღეროდა, მღეროდა მაშინ, როდესაც მის ბედნიერებით აღსავსე გულს ემღერებოდა? და თუ მღეროდა, თვითონ რატომ ვერ შეამჩნია? კიდევ ერთხელ აებნა აზრი, მაგრამ შიშის გარდა გულის სიღრმეში თითქოს შვებაც იგრძნო - ოჰ, რა საოცრად ჰგავდა ეს ყველაფერი სიზმარს...
- კარგი სიმღერა... - ამჯერად თავისთვის წაიბუტბუტა კედელს მიყრდნობილმა მეზობელმა და თვალები ისე მიაპყრო სივრცეს, თითქოს წარსულს, განვლილ დროს გახედა.
სიმღერის ხელმეორედ ხსენებაზეღა მოაგონდა ჩვენს გმირს, ერთი წამის წინ რა ჰარიარალით მიუყვებოდა კიბის საფეხურებს. ისედაც დაბმული ენა მთლად დაება, გაშრა, - არ მოელოდა თავისი თავისაგან ამას. ამ წუთში მეზობელს მზერა იმ შორეთის ნაცვლად, მასზე რომ ჰქონოდა მიპყრობილი, სირცხვილი გააფრთხობინებდა სულს. თუმცა სირცხვილის გრძნობა არც ახლა აკლდა... მაგრამ ეს უკვე არცთუ ისეთი უბედურება იყო. რაც შეეხება ბედნიერებას, ეს მისი საკუთრება გახლდათ - თუნდაც იმიტომ, რომ არავინ ეძახდა ქურდს...
მღელვარებისა და უხერხულობისაგან მუჭად ქცეული პატარა ადამიანი ცარიელ ჯიბეში გაცხარებით იქექებოდა, უნდოდა, შინაგანი დაძაბულობა რაღაცაზე გადაეტანა. რას ეძებდა, რა უნდა ეპოვა, რა თქმა უნდა, თვითონაც არ იცოდა, უბრალოდ, ეძებდა. მთავარი იყო, რომ ეძებდა. ისე კი ვინ იცის, იქნებ უკვე ნაპოვნიც ჰქონდა - თვით ცარიელი ჯიბის სახით. მერე რა, რომ ცარიელი ჰქონდა!
ალბათ, ყველაფერ ამას შეეგუებოდა, როგორღაც შეეჩვეოდა, დარწმუნებული იყო, რომ შეეჩვეოდა, ოღონდ მეზობლისთვის თვალი არ გაესწორებინა, ეს წარმოუდგენელ რამედ მიაჩნდა. მართალია, მეზობელს მზერა ისევ სივრცისათვის მიეშტერებინა, მაგრამ ოდესმე ხომ მოსწყვეტდა თვალს. პატარა ადამიანი უკვე გრძნობდა იმ წამის მოახლოებას, როდესაც მეზობელი მზერას მასზე გადმოიტანდა და მასაც აიძულებდა, იმავეთი ეპასუხა. ამაზე ფიქრი გულს უხეთქდა, რადგან დანაშაულის გრძნობა ისევ აწვალებდა - ამ წუთში უფრო მეტადაც, როცა შეიძლებოდა, მეზობელს საყვედურიც კი არ დასცდენოდა. ეს კიდევ უფრო თრგუნავდა და თავგზააბნეული გამეტებით ქექავდა შარვლის ჯიბეს, რომელსაც ჩახევამდე აღარაფერი აკლდა.
უეცრად მეზობელმა რომელიღაც მელოდია წაიღიღინა. თავიდან ჩუმად, თავისთვის, მხოლოდ ტუჩები ააცმაცუნა, მერე და მერე ხმას აუწია. ალბათ, პატარა ადამიანს ასე ვერაფერი გააოცებდა - კაცი იმდენად გაერთო, რომ მელოდიის ტაქტს ერთი პირობა ხელებიც ააყოლა. ისევ სადღაც შორს, კედლების იქით იმზირებოდა. მასზე მიშტერებულ პატარა ადამიანს ახლა თავისი არსებობაც გადავიწყებოდა, პირი დაებჩინა და მოღიღინე მეზობელს თვალებით ჭამდა. რაღაცით სასაცილოც კი იყო კაცი - იდგა ამხელა ახმახი სადარბაზოში და ღიღინებდა. თუმცა მის დამნახავს, უპირველეს ყოვლისა, საოცარი გულწრფელობა ეცემოდა თვალში. ამ კაცის სიწრფელეს ყველაზე მეტად თვალები მოწმობდა, თვალები, რომლებშიც თავისდა შეუმჩნევლად პირველად ჩაეხედა პატარა ადამიანს მალვასა და წვალებაში გატარებული ამდენი წლის შემდეგ.
- ეჰ... - ნაღვლიანად ამოიოხრა მეზობელმა, - შენხელა რომ ვიყავი, მეც მიყვარდა სიმღერა... - და თითქოს მოგონებებთან განშორება არ ეთმობაო, შორეთს ძლივს მოსწყვიტა თვალი და პატარა ადამიანს მიაჩერდა.
იდგნენ ასე და ერთმანეთს შეჰყურებდნენ. მეზობლის მეხსიერებაში ისევ ამოტივტივდა მისი ახალგაზრდობის დროინდელი რომელიღაც შემთხვევა და თვალების პაჭუნით იწყო მოყოლა, იმ მშვენიერ დღეს როგორ... მაგრამ მისი მონათხრობიდან არც ერთი სიტყვა არ გაუგია პატარა ადამიანს - უბრალოდ, ვერ შეძლო, ვერ მოახერხა. სადღაც შორს, ბედნიერების მწვერვალზე იყო და ნეტარების ალში იწვოდა. მხოლოდ იმას გრძნობდა, რა საოცრად, მყარად გაედგა ფესვი მის ცხოვრებაში ”ბედნიერ დილას”.
ოდნავ მოგვიანებით, როცა დამშვიდდა, ჩვენმა გმირმა სცადა, გაეაზრებინა ყველაფერი, რაც მოხდა. რა გარემოებას გამოეწვია მეზობლის ასეთი მკვეთრი სახეცვლილება, რას ექცია იგი სულ სხვა ადამიანად.
მის წინ ახლა კეთილშობილი ადამიანი იდგა. წამში იმაშიც კი შეეპარა ეჭვი, ჩემ წინაშე სხვა ადამიანი ხომ არ დგას, ვისაც მეზობლის მსგავსი გარეგნობა აქვსო. წამით ეჭვიც კი შეეპარა, მაგრამ ყველაფერი რომ აწონ-დაწონა, უცებ ყველაფერს მიხვდა და ლამის წამოიყვირა: თვალები! დიახ, ამ კაცს სულ სხვანაირი თვალები ჰქონდა. ჯერ ერთი, იგრძნო, ამ წუთში თავისდა შეუმჩნევლად უზარმაზარი ბარიერი რომ გადალახა და მეზობელს თვალებში თავისუფლად ჩახედა და მეორე - მის წინ კვლავ მისი მეზობელი იდგა, მაგრამ სადღაც გამქრალიყო ის ავყია კაცი! თვალებში სიკეთის სხივი ჩასდგომოდა და იმ სქელ, დაფანჩულ წარბებსა და დაბერილ ლოყებს, რომლებიც განცალკევებით... თუმცა განცალკევება სად გაგონილა? სად გაგონილა ადამიანის დანაწევრება? პატარა ადამიანს კინაღამ გაეცინა, მაგრამ თავი შეიკავა და ისევ მეზობლის სახეს მიაპყრო მზერა: მართალია, ერთი ახმახი კაცი კი იყო, ერთი შეხედვით უხეში კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ სრულიადაც არ ყოფილა ასეთი. პირიქით, ძალიანაც საყვარელი იყო. აი, საოცრება თუ გინდათ, ეს არის...
მღელვარებისაგან სუნთქვაშეკრული ჩვენი გმირი გრძნობდა, თანდათან როგორ ეწმინდებოდა, მისი აზრით, ისედაც უკვე დაწმენდილი გონება. ახლა უკვე დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი ესმოდა და ყველაფერს გრძნობდა. ამის დასტურად ისიც საკმარისი იყო, რომ მეზობლის მონაყოლიდანაც გაიგო ზოგიერთი რამ. მერე რა, რომ მხოლოდ ზოგიერთი? საკუთარი თავისგან მეტს არც ითხოვდა. სხვა, უფრო სერიოზული რამეები აფიქრებდა. თუნდაც ის, რომ მეზობელს ამ ხნის განმავლობაში, უთუოდ თავმდაბლობის ან რიდის გამო, სიტყვაც არ დაუძრავს დაკარგულ ფულზე, მაგრამ პატარა ადამიანი ხომ ვალდებული იყო, ეთქვა! ასე იქნებოდა თუ ისე, მაინც უნდა მოეფინა სიმართლისათვის ნათელი. უეჭველად გაუგებდა მეზობელი... თუმცა მეზობელი კი არა, მეგობარი - უფროსი მეგობარი! და მეგობარზე მეტიც! იმ მეტზე მეტიც!
აი, მეზობელმა ჩვენს გმირს შეხედა, გაუღიმა და ის იყო, თხრობა უნდა გაეგრძელებინა, რომ პატარა ადამიანმა პაუზით ისარგებლა და ახლა, თვითონ გაიკრიფა ენად. თავიდან მორიდებით, ენის ბორძიკითაც კი, მაგრამ მერე და მერე თავდავიწყებით იწყო სიტყვების ფრქვევა - რატომ, რა და როგორ ხდებოდა მის თავს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ბავშვობის დროინდელ იმ შემთხვევას დაუკავშირა. იხსენებდა დაწვრილებით. დროდადრო მეზობელსაც გადახედავდა, თითქოს მონაყოლის დადასტურება, დამოწმება სურსო. პატარა ადამიანი ერთდროულად ამბავსაც ჰყვებოდა, თავსაც იმართლებდა და უბოდიშებდა კიდეც. და როცა მისგანაც მოითხოვა რაღაც დეტალის დაზუსტება, თვითონაც რომ კარგად აღარ ახსოვდა, პასუხის ნაცვლად უცნაური, სრულიად მოულოდნელი რამ მიიღო: მეზობელი გაოცებული იდგა! ვერ მიმხვდარიყო, რას ითხოვდნენ მისგან. ეჭვი არაა, აღარც ახსოვდა ის ამბავი. პატარა ადამიანმა ეს მის თვალებში ამოიკითხა, მაგრამ ამის დაჯერება წარმოუდგენლად გაუჭირდა. ეჭვი შეეპარა, მატყუებსო! მართალია, ბოროტი განზრახვით არ იქნებოდა ეს ტყუილი გამოგონილი, მაგრამ... კაცის გუნება... მით უმეტეს, ასეთი კეთილშობილი ადამიანისა! და პატარა ადამიანმა სცადა, დაერწმუნებინა მეზობელი, რომ აღარ ტანჯავდა იმ შემთხვევის გახსენება, რადგან სჯეროდა მისი გულისხმიერებისა...
კიდევ დიდხანს ილაპარაკა. მაგრამ, დასასრულიც ხომ უნდა ჰქონოდა ამას! და დასრულდა კიდეც: ვის რაღაც გაახსენდა... ვის არ გაახსენდა... ვინ რაღაცას მიხვდა და, როგორც მოგახსენეთ, დასრულდა. კარგად დასრულდა პატარა ადამიანისთვის, არა უბრალოდ კარგად, არამედ გადასარევად კარგად დასრულდა: მან პირველი გამარჯვება მოიპოვა პირველივე შემხვედრ ადამიანთან. ამ გამარჯვებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მასში დამარცხებული არ არსებობდა.
ბედნიერებისგან რეტდასხმულისთვის ახლა თითქოს დროც რაღაც უცნაურად, გამოუცნობად მიედინებოდა და პატარა ადამიანი ვერ მიმხვდარიყო, ჰყოფნიდა თუ არა ის.
უეცრად ბავშვის ტირილი გაისმა და მიხვდა: თურმე დრო არც ისე ბევრი ჰქონია. ბავშვის ტირილი სწორედ მეზობლის ბინიდან მოისმოდა და ეს ხმა უთუოდ მის წასვლას მოასწავებდა.
- აჰ, - თვალები გაუბრწყინდა მეზობელს, - გაღვიძებია ჩემს ვაჟკაცს! - წამოიძახა და წასასვლელად მოემზადა, - ხომ იცი, პატარებს რარიგ სჭირდებათ სითბო და ყურადღება! - და წავიდა.
პატარა ადამიანმა რამდენიმე წამის მერეღა გაიაზრა, რამხელა ბედნიერება სწვევია მეზობელს, ხუმრობა ხომ არ არის შვილის შეძენა, თანაც რა შვილის - ვაჟკაცის! მოვალე იყო, მიელოცა მისთვის. უნდა ეჩქარა, საცაა მეზობელი თვალს მიეფარებოდა. გაუჭირდა მილოცვა - ბავშვის ტირილი არ ჰგავდა ახალშობილისას... სად იყო ჩვენი გმირი აქამდე? ჭურში? როგორღაც მაინც მოახერხა და ამოღერღა წასულის გასაგონად:
- გიჶლო-ცავთ!
- გმადლობ, გმადლობ! იცოცხლე! - გამოეპასუხა თვალს მიფარებული მეზობელი და შინ რომ შედიოდა, ბედნიერი ადამიანის ტონით დააყოლა, - შენ რაღას აგვიანებ, დროზე მიხედე საქმეს, რომ სიბერეში ჩემსავით გაგახაროს შვილიშვილმა!
შვილიშვილმაო - ამან სულ მთლად დააბნია პატარა ადამიანი. გუნებაში იმეორებდა ამ სიტყვას და სულ უფრო და უფრო წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, მაგრამ უცებ გაახსენდა, რომ მეზობელს დაახლოებით მისი ასაკის შვილი ჰყავდა. თავზე ხელები წაივლო... - არა, რაღაც საშინელება სჭირდა პატარა ადამიანს - ეს თვითონ დაასკვნა. სხვა დროს ეს აღმოჩენა მორიგი დეპრესიის მიზეზი გახდებოდა ჩვენი გმირისთვის, მაგრამ ახლა როგორღაც ამისთვის არ ეცალა. პატარა ადამიანი ამჯერად ძალზე მნიშვნელოვანზე, ძალზე ფაქიზზე ფიქრობდა - შვილიშვილზე, თავის შვილიშვილზე! თითქოს რაღაცას ეპარებაო, ისე მიუჩოჩდა ამ ფიქრს, შორიდან მოუარა და ბოლოს გაბედა: იქნებ მართლაც შეერთო ცოლი - მასაც ეყოლებოდა შვილიშვილი... არა, ჯერ შვილი და შემდეგ შვილიშვილი! ჰო, ჯერ შვილი... მაგრამ შვილამდეც ხომ იდგა ვიღაც - ცოლი! ესე იგი ქალი! ამის გაფიქრებაზე პატარა ადამიანს გააჟრჟოლა და თითქოს ერთბაშად დაპატარავდა. არა, ქალები როგორ არ იზიდავდნენ, ძალიანაც იზიდავდნენ, მაგრამ... ამის იქით საქმე არ მიდიოდა. ყველაზე მეტად მათ გაურბოდა - რცხვენოდა... არადა, იცოდა, სამარცხვინო ამაში არაფერი იყო. გადაწყვეტდა რომელიმე მათგანთან დაახლოებას, სხვათა შორის, ზოგი საამისო საბაბსაც აძლევდა, მაგრამ მაინც ერთთავად გაქცევაზე ეჭირა თვალი. და ვაი მაშინ, თუ გასაქცევი მოეჭრებოდა...
არა, აღარ ღირს ამაზე ფიქრი - მტკივნეულია ეს პატარა ადამიანისათვის. მით უმეტეს, რომ გამოიცვალა, სულ სხვა ადამიანად იქცა - ამიერიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება! მერე რა, თუ ორიოდ წამის წინ მეუღლეზე გაფიქრებისას გააჟრჟოლა? ეს ხომ პირველად მოუვიდა აზრად და რა გასაკვირია, თუკი ჩვეულებისამებრ დაფრთხა? დაფრთხა უბრალოდ, როგორც მაშინ, სარკმელთან, ამინდის ჭირვეულობის გამო. ახლაც ყველაფერი კარგად იქნება. ბოლოს და ბოლოს, სად გაგონილა ამდენი რამის ერთდროულად მოხერხება? საქმე ზღაპარი ხომ არ არის? მზამზარეულს არავინ არაფერს მოგართმევს - პატარა ადამიანს მიეცა ძალა, რწმენა გამარჯვების მოპოვებისა და არა - თვით გამარჯვება!
და მალე, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა: სახეზე ღიმილმაც კი გადაურბინა. ხელდახელ წარმოიდგინა შვილი, შემდეგ შვილიშვილი... მართალია, ამჯერად მეუღლეზე არ უფიქრია, მაგრამ ის ხომ თავისთავად იგულისხმებოდა და ახლა წინანდებურად აღარ დაუფრთხია ამაზე ფიქრს.
პატარა ადამიანი დედამიწაზე აღარ იყო, სადღაც დაფრინავდა. მხოლოდ შვილი და შვილიშვილი კი არა, ახლა მთელი შთამომავლობა წარმოუდგა თვალწინ - ბევრი, ბევრი პატარა ადამიანი... იმდენად ნაოცნებარით არ ტკბებოდა, რამდენადაც თვით ოცნება ალაღებდა, მსუბუქს, ჰაეროვანს ხდიდა მის ყოფას. მზად იყო, მთელი ცხოვრება ასე გაეტარებინა... ასე გაეტარებინა? არა, ასე არ გაატარებდა ცხოვრებას! მოეჩვენა, რომ ეს საკმაოდ არხეინი, უდარდელი ადამიანის ყოფა იქნებოდა - არ ჰქონდა ამის უფლება! ფიქრებიდან ბავშვის ტირილმა გამოარკვია, ტირილმა, მეზობელი რომ მოსტაცა. ისევ ტირისო, გაიფიქრა. ბრაზი არ მორევია, მაგრამ მაინც, ბავშვზე მეტად მეზობელს თანაუგრძნო. ისე კი ბავშვები მასაც ხომ ძალიან უყვარდა.
ბავშვის ტირილი მალე შეწყდა. პატარა ადამიანი ისევ მეზობელს გადასწვდა ფიქრით. ყველაფერი გაიხსენა. ახლა შორიდან უფრო ესიმპათიურა მეზობელი და სურვილი გაუჩნდა, კიდევ რამდენიმე ხანს დაეყო მასთან, მოეთხრო რამე, რაც, რა თქმა უნდა, თავის ბედნიერებასთან იქნებოდა დაკავშირებული. თანდათან ეს სურვილი ისე გაუცხოველდა, რომ კიბისკენაც კი წაიწია, იქით, საითაც, უფროსი მეგობარი მიჰფარებოდა თვალს. მაგრამ, სანამ ნაბიჯს გადადგამდა, მუხლები მოეკვეთა - არ დაურცხვენია, არც მორიდებია, - საკუთარი თავი შეეზიზღა ასეთი ეგოისტური სურვილისათვის. რა სინდისით უნდა მოეცდინა მეზობელი, როცა ბავშვზე ზრუნავდა, პაწიაზე, რომელსაც სითბო და ყურადღება ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა. ამხელა კაცი იყო და თვითონაც განიცდიდა სითბოსა და ყურადღების ნაკლებობას... ამას დანაშაული ერქვა! მართალია, წყალივით სწყუროდა თავისი ესოდენ უზარმაზარი ბედნიერება გამოემზეურებინა, მაგრამ - შეგნება?! შეგნება არ აძლევდა ამის უფლებას! შეგნება ხომ ყველაფერს აღემატება, ყოველ შემთხვევაში, უნდა აღემატებოდეს! როგორღაც მოტყდა პატარა ადამიანი, კიბის საფეხურზე ჩამოჯდა და თავი კედელს მიაყრდნო, ცოტა ხანში თვალებიც მინაბა - შეეგუა ყველაფერს... სამაგიეროდ, სინდისი გადაირჩინა!
ვერა და ვერ ვიტყვით, თითქოს სიმარტოვემ გული დასწყვიტა - რა უფლება ჰქონდა ამის! ისე, უბრალოდ, მძიმედ ჩაისუნთქა ჰაერი და... უეცრად, მოულოდნელი რამ მოხდა: თითქოს ამ ჰაერს მოჰყვაო, სამყაროს ძახილმა გამოაფხიზლა, გაამხნევა. აგრძნობინა, რომ სრულიადაც არ არის მარტო! სამყარო დიდია, ეს კი ჯერ თავისი სახლის სადარბაზოს არ გასცდენია! მაშ, წინ! სამყაროსაკენ! ადამიანებისაკენ!

***
სადარბაზოდან ქუჩაში შურდულივით გამოვარდნილ პატარა ადამიანს თავის შეკავება რომ ვერ მოეხერხებინა, გემივით შეცურდებოდა წვიმის წყლის უზარმაზარ გუბეში. ერთ ალაგას შედგა და გარემო მოათვალიერა. ნესტისა და დილის მსუბუქი სუსხით გაჟღენთილი დედამიწა ზანტად იშუშებდა წუხანდელი ავდრისგან მიყენებულ ჭრილობებს უკვე ძალაგამოცლილ ღრუბლებს შორის ხასხასა სვეტებად გამოღწეული მზის სხივებით. რაღაცნაირად მდორედ, აუჩქარებლად, თითქოს ეზარებაო, ისე იღვიძებდა არემარე. სიზანტე ყველაზე მეტად ადამიანებს ეტყობოდათ, ძილისა და უამინდობისგან რომ მოთენთილიყვნენ. თუმცა ქუჩები მაინც შესაჩნევად ავსებულიყო მათი ფუსფუსითა და ჟრიამულით - ვინ სამსახურში მიიჩქაროდა, ვინ სასწავლებლად, ვინ - სად და ვინ - სად... და მათ შორის, როგორც ყველა სხვა იქაურობის სრულუფლებიანი მკვიდრი, ჩვენი გმირიც ჩართულიყო ქვეყნის ამ ერთიან სუნთქვაში. მხნედ დააბიჯებდა ქალაქის იმ ქუჩებში, სადაც ხალხმრავლობა იგრძნობოდა და ადამიანებთან დამეგობრების სურვილი სულ უფრო და უფრო უძლიერდებოდა, - შეეძლო პირველივე შემხვედრი გაეჩერებინა, დამეგობრებოდა! ოღონდ არ ჩქარობდა, მთლად ასე, ნაუცბადევადაც აღარ უნდოდა მასსა და სამყაროს შორის აღმართული კედელი დამსხვრეულიყო. საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ რადგან ეს დღე მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, აღარ ემეტებოდა ასე უბრალოდ, ერთი ხელის მოსმით ამოსაწურად. ამ ყოყმანსაც თავისებური ხიბლი ჰქონდა. ეგეც არ იყოს, ერთხელ და სამუდამოდ გამოემუშავებინა ჩვევად სიდინჯე, თავდაჭერა, რომ იტყვიან, ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა.
მერე და მერე, რა თქმა უნდა, თამამად მოუწევდა ადამიანებთან მისვლა, კეთილი ზრახვებით მათ სულში შეჭრა, მათი გათბობა, გაღვიძება, ოღონდ თავდაპირველად საამისოდ უნდა გამოერჩია კონკრეტული ადამიანები. მართალია, ყველა უყვარდა, ყველასთვის გული ჰქონდა ღია, მაგრამ აჩქარება მაინც არ არგებდა. დასაწყისისთვის ნაცნობ ადამიანებთან უნდა ეცადა ბედი. დარწმუნებული იყო, ასეთებს მრავლად გადააწყდებოდა ამ ქუჩებში - ყოველთვის, როცა შინიდან გამოდიოდა, ეჩვენებოდა, რომ ლამის ყოველ ნაბიჯზე ნაცნობებს აწყდებოდა. გამვლელებს სახეზე არ უყურებდა, ჩვევად ჰქონდა მათთვის თვალის არიდება. უბრალოდ, ინტუიცია კარნახობდა, რომ ისინი ყოველ კუთხე-კუნჭულში მიმოფანტულიყვნენ - ელოდებოდნენ, როდის მოიცლიდა მათთვის, ყურადღებას მიაქცევდა, მიესალმებოდა!

***
...ისე, რაც მართალია, მართალია, დიდი დანაშაული მიუძღოდა ჩვენს გმირს ნაცნობთა წინაშე ამ ერთთავად თავჩაქინდრული სიარულით, სახის არიდებით! ეს რომ გაახსენდებოდა, ჟრუანტელი უვლიდა, ცდილობდა, სხვა რამეზე გადაეტანა ფიქრი, მაგრამ ვერ ახერხებდა, ვერც თავს ინუგეშებდა. მერე რა, რომ მწარედ განიცდიდა თავის საქციელს, რომ თავისივე ნება-სურვილის გარეშე სჩადიოდა ამას? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ ყოველთვის ხომ არ ეპატიება? ეს აღარ ჰგავს შემთხვევითობას! ვერ გაუგებენ - შუბლზე ხომ არაფერი გაწერია! ხალხი პირდაპირობას არის ჩვეული... პირდაპირობას, რომელიც ხშირად ზედაპირულობაში გადადის. ეჰ, ამის წინააღმდეგ ვერ გაილაშქრებ! ისე, სხვას რას ერჩოდა, თვითონ იყო უცნაური... მაგრამ, სადღაც, ცოტათი, ლამის თავის თავსაც რომ უმალავდა, ისე, მაინც სწყდებოდა გული: პირველად იმაზე, ასეთ უცნაურ ადამიანად რომ გაჩნდა ქვეყანაზე, და მერე ადამიანებზეც. ძნელიცაა და არც არის ძნელი, გაუგო ადამიანს, თუნდაც ისეთ უცნაურს, როგორიც თვითონაა! თავისი უცნაური, ყოვლად უმართავი საქციელით სახელს იტეხდა ნაცნობებში და მათაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა. მაგრამ რა ქნას, ასეთი გააჩინა ღმერთმა. ოდნავ გულისყურით თუ დააკვირდებიან ადამიანები, მიხვდებიან, რომ განზრახ არ სჩადის ამას! ცოდვად არ უნდა ჩაუთვალონ, სითბოს გამოჩენა რომ უჭირს! განა არ ავლენს, ვერ ავლენს! არ ძალუძს! არ ეხერხება! ბოლოს და ბოლოს, ყველა თავისებურია!
ყოველთვის და რაც მთავარია, დიდხანს არ უგრძელდებოდა ჩვენს გმირს ეს პრეტენზიაშეპარული განწყობა. სხვაგვარად ფიქრს მაშინ იწყებდა, როდესაც გრძნობდა, რომ ზღვარს ეს-ეს არის გადავიდოდა და ამ დროს ნაცვლად იმისა, რომელიმე გზაჯვარედინზე დამდგარიყო და მთელი ძალით ამოეღრიალებინა გულისნადები, სადღაც გარბოდა, იმალებოდა და ჯავრს საკუთარ თავზე იყრიდა. ახიაო ჩემზე, გაიძახოდა და ყველაფერს თავის პრეტენზიულობას მიაწერდა, რისი უფლებაც, მისთვის რომ გეკითხათ, ადამიანს არ უნდა ჰქონოდა - მით უმეტეს, ისეთ უხეიროს, როგორიც თვითონ იყო! ეს ტანჯვაჶვაება იმით სრულდებოდა, რომ დღის მიწურულს განმარტოვდებოდა თავის პატარა ოთახში, საწოლზე მიეგდებოდა, თავზე ბალიშს დაიმხობდა და იყო ასე გატრუნული, თვალცრემლიანი...
ფიქრებში ჩაძირული ერთ ადგილას შედგა. კარგა ხანს იდგა გაუნძრევლად. ბოლოს როგორც იქნა, გამოერკვა და ამღვრეული თვალებით ირგვლივ მიმოიხედა. ქუჩა კვლავ ძველებური ცხოვრებით ცხოვრობდა, ხალხი თავისთვის მიმოდიოდა. ბრაზი მოერია - ვინ იცის, რამდენმა ნაცნობმა ჩამიარა და მე კი ისევ თვალი ავარიდეო. რა თქმა უნდა, ეს ვარაუდი იყო და ასე ალალბედზე ვერავის დაედევნებოდა უკან, მაგრამ თავი კი მკაცრად გაიფრთხილა: ფიქრებს ნუ აჰყოლიხარ, გულისყური გამოიჩინეო და გზა განაგრძო. დიდხანს იარა, ერთი გრძელი ქუჩა და კიდევ რამდენიმე მისახვევჶმოსახვევი უკან მოიტოვა. მზად იყო, ასი ამდენიც გაევლო, მაგრამ ერთმა უცნაურმა გარემოებამ შეაცბუნა: მიუხედავად იმისა, რომ ყურადღება აღარ გაჰფანტვია და ხალხის ტალღაც არ შეთხელებულა, გამვლელ-გამომვლელში ვერც ერთი ნაცნობი ვერ აღმოაჩინა. შედგა და თავისდა უნებურად ფიქრს მისცა თავი, უნდოდა, გარკვეულიყო, რა ხდებოდა. ერთი პირობა, ეს შემთხვევითობას მიაწერა, მაგრამ იმდენად იყო დარწმუნებული, გუმანი არ ატყუებდა, შემთხვევითობა მალევე გამორიცხა. ახლა ეჭვი შეუჩნდა: ნუთუ ემალებიან? სამაგიეროს უხდიან - ახლა თვითონ არიდებენ თვალს... ოჰ, არა, ამის გაფიქრებაც კი შემზარავი აღმოჩნდა მისთვის! არადა, სინამდვილეს ჰგავდა... შემოწოლილმა ავმა წინათგრძნობამ სული შეუგუბა. სასწრაფოდ რამე უნდა ეღონა, სანუგეშო მოეფიქრებინა. ფიქრებში ღრმად ჩაძირული, გამწარებით დასჩერებოდა ქვაფენილს, ისე ხვრეტდა მზერით, თითქოს მისი ბრალი ყოფილიყოს რამე. ბოლო წამს, მთლად გადაწურული რომ ეგონა საქმე, თითქოს ქვაფენილმა უკარნახაო, ერთმა აზრმა გაუნათა გონება: იქნებ ისინი, ნაცნობები, არც არასდროს ყოფილან ქუჩებში ასე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მიმოფანტულნი? ჰო, ჰო, ნამდვილად ეჩვენებოდა მათი სიახლოვე - სიარულის დროს თავი ხომ ერთთავად მიწაში ჰქონდა ჩარგული! ბოლოს და ბოლოს, სად ჰყავდა იმდენი ნაცნობი, ყოველ კუთხე-კუნჭულში რომ შეჰფეთებოდნენ? რაწამს ეს გაიაზრა, გულზე მოეშვა. ისე ამოისუნთქა, გეგონებოდათ, მთელი ცხოვრება ფილტვებში ჰაერი უგროვებია და ახლაღა უშვებსო.
გზა განაგრძო. არ იცოდა, რამდენ ხანს დაეხეტებოდა უგზოჶუკვლოდ, ისევ აერია დროის შეგრძნება, მაგრამ მალე მაინც მოუწია გამორკვევამ: ქუჩის უზარმაზარმა საათმა ჩამოჰკრა და, ცოტა არ იყოს, დააფრთხო ჩვენი გმირი. მოეჩვენა, რომ განა მარტო იგი, მთელი ქალაქი გამოარკვია დროის ამ მექანიზმმა. საათი სამუშაო დროის დადგომასა თუ ჯერ ისევ მოახლოებას იუწყებოდა - პატარა ადამიანი არ დაინტერესებულა ამით, არც შეჩერებულა, ოდნავ შეანელა ნაბიჯი. ახლა უფრო დაჟინებით დააკვირდა არემარეს და მოეჩვენა, რომ ხალხის მასამ შეთხელება იწყო - სკოლის მოწაფეებიც აღარსად ჩანდნენ... სწორედ ამ დროს, თითქოს განგებო, რომელიღაც მიყრუებულ ჩიხში შებორიალდა, სადაც ქვის გალავნების, გამოხურული ჭიშკრებისა და ერთი გაქუცული ძაღლის მეტს ვერავის და ვერაფერს გადააწყდა. შედგა და უაზროდ დააცქერდა ოთხფეხა მაწანწალას. სურვილი გაუჩნდა მოფერებოდა ძაღლს, მაგრამ ეს მაშინვე გადაიფიქრა, - ახლა არ ჰქონდა მისი დრო, სხვა რამ უფრო სერიოზული აწუხებდა - მთელი გულისყურით ხომ სხვაგან, სულ სხვებთან იყო! ნაღვლიანად მოსწყვიტა ძაღლს მზერა და იმ მხარეს გაიხედა, საიდანაც ჩიხში აღმოჩნდა. იქ, მთავარ ქუჩაზე ჯერ კიდევ ტალღად მიედინებოდა ხალხი.
ნაცნობის პოვნის იმედი საბოლოოდ გადაწურული ჰქონდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დრო აღარ ითმენდა - ეჩვენებოდა, საცაა ქუჩები დაცარიელდებაო. და ადამიანებთან დამეგობრების მძაფრმა სურვილმა ერთი ახალი და თუმცა მაინც ძველი გადაწყვეტილება მიაღებინა: ყოველი ნაცნობი, რაღა თქმა უნდა, ოდესღაც უცნობი იყო! და მანაც უცნობების საძებნელად გასწია. დიახ, სწორედ უცნობების, რადგან მართალია, ისინი გარშემო მრავლად ირეოდნენ, მაგრამ მაინც საძებარნი იყვნენ! და აი, რატომ: ყველა ადამიანი თავისებურია და ერთმანეთისაგან განსხვავებული. ეჭვი არ არის, ყველა ერთნაირად ვერ აღიქვამდა და გაიგებდა მისგან შეთავაზებულ მეგობრობას. ვის უფრო კარგად, იოლად გამოუვიდოდა ეს, ვის - ძნელად. შესაძლოა, ზოგიერთი დაბნეულიყო კიდეც, რადგან უჩვეულოა გულის გადახსნა, მით უმეტეს, უცნობისაგან. თუმცა ამის საწინააღმდეგოდ პატარა ადამიანი რამეს მოიფიქრებდა, მაგრამ ახლა, რადგან პირველად იწყებდა ყველაფერს, განსაკუთრებული ადამიანები უნდა გამოერჩია. ისეთები, ვისაც ჰაერივით ესაჭიროებათ ადამიანების თანადგომა, ერთგულება. მართლია, შუბლზე არავის აწერია, რა უჭირს, რა სჭირდება, მაგრამ პატარა ადამიანი უცბად მიხვდებოდა ყველაფერს, გული უკარნახებდა ამას.
სწრაფად მოსწყდა ადგილს, ფეხებში გაქუცული ძაღლი აებლანდა, მასთან რომ მიცუცქებულიყო და კუდს უქიცინებდა. კინაღამ წაიქცა, ძაღლსაც ეტკინა რაღაც, დაიწკმუტუნა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია პატარა ადამიანს. ქუჩაზე გამოვიდა, გაიხედ-გამოიხედა და ხალხის ნაკადისკენ წავიდა, მასში გაითქვიფა. სათითაოდ ყველა გამვლელს ამოწმებდა, ზოგიერთს გამომწვევად აჩერდებოდა კიდეც, თითქოს მათში პოულობდა იმას, რასაც ეძებდა, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესის, ანუ უფრო უმწეოს პოვნის იმედით სულ წინ და წინ მიიწევდა. ასე წუნიაობაში  გაიარა მთელი ქუჩა. ახლა სხვა ქუჩაზე გადავიდა, იქიდან კიდევ სხვაზე, კიდევ, კიდევ და ბოლოს, ასე ფუჭად წანწალში ერთი ადგილი ეცნაურა: განიერი ქუჩა, ზემოდან გადმომდგარი ქუჩის უზარმაზრი საათი, იქვე მიყრუებული ჩიხი და ის ძაღლიც, წეღან ჩიხში შესულს რომ მიეწება - ესე იგი წრეებს არტყამდა. წესით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა, თუნდაც სულ ერთ ალაგას მდგარიყო, ბევრი არაფერი შეიცვლებოდა - ქუჩაში სახეები ხომ თავისთავად იცვლებიან, მაგრამ რატომღაც, თვითონაც რომ ვერ ამოხსნა რატომ, მაინც ეუცნაურა ეს გარემოება. სცადა, მთელი გულისყურით ჩაღრმავებოდა არსებულ სიტუაციას და ორიოდ წუთში დარწმუნებული იყო, რომ იმავე ადგილზე მისი აღმოჩენა არა შემთხვევითობა, არამედ ზებუნებრივი ძალების მიერ დაშვებული მოვლენა იყო. ეჭვი აღარ ეპარებოდა იმაშიც, რომ სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა იდგა, რაღაც მნიშვნელოვანი რამ მოხდებოდა - ვინ იცის, იქნებ ეპოვა კიდეც ის, ვისაც ეძებდა. ჰოდა, მისკენ მომავალ ხალხის ტალღას მზერით დააცხრა. იმდენად აღგზნებულიყო, შესაძლოა, ნებისმიერ გამვლელში ამოეცნო მისთვის საჭირო ადამიანი. და აი, აღმოაჩინა კიდეც: ეს იყო ვიღაც სიმპათიური ახალგაზრდა ბიჭი, ასე მისი ასაკისა ან ცოტა უფროსი. არეულად მოაბიჯებდა, ხან სხვებს ებლანდებოდა ფეხებში, ხან თვითონ უღობავდნენ გზას. ჩქარობდა, თან შეწუხებული ჩანდა. აი, ვიღაცამ ძლიერ გაჰკრა მხარი, ლამის წააქცია, მაგრამ მას არც კი შეუმჩნევია, თითქოს არაფერიო, ისე გააგრძელა გზა. რაც უფრო უახლოვდებოდა ჩვენს გმირს, მით მეტად გარკვევით ეკითხებოდა სახეზე წუხილი. ამას პატარა ადამიანს ვერ გამოაპარებდი, გუმანი არასოდეს ატყუებდა, მაშინვე გრძნობდა სხვის ტკივილს. გულისგულში კმაყოფილიც კი იყო, ასეთ ვინმეს რომ წააწყდა და ერთბაშად შეეშინდა, ეს ეგოისტობად არ ჩამეთვალოსო, მაგრამ თავი დაიმშვიდა - რაც მეტად წყალწაღებულია ადამიანი, ხომ მით უფრო დიდია მისი გადარჩენის ალბათობა!
აგერ, საცაა გაუსწორდებიან ერთმანეთს - თითქმის დრო იყო გამოლაპარაკებისა! და გამოელაპარაკებოდა კიდეც! მაგრამ... ეს რა არის?! რაღაც უშლის ხელს, აბრკოლებს... ვითომ ერიდება? ვერ ბედავს? ასეც რომ იყოს, მით უფრო უნდა მოერიოს საკუთარ თავს! დრო ისევ არ ითმენს! უკვე იმდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ პატარა ადამიანს ვეღარც განუსაზღვრავს, რამდენი ნაბიჯი დარჩა მათ შორის - იქნებ ორი ან ერთი, ან სულაც აღარაფერი... არა, სულაც აღარაფერი არ შეიძლება იყოს, რადგან ჩვენი გმირი მის სახეს ჯერ ისევ ხედავს - ოჰ, რა წამის მეათედებში ასწრებს პატარა ადამიანი ყოველივე ამის გააზრებას. ამ დროს, მგონი, ბარბაცებს კიდეც - ოღონდ ბარბაცი არაა სათვალავში ჩასაგდები. წვრილმანებზე ყურადღების გასამახვილებლად არა სცალია! მთავარია, არ წაიქცეს... ოჰ, ჯანდაბა, ისევ წვრილმანებზე ფიქრობს!
წამიც და, ასცდებიან ერთმანეთს... ნუთუ ვერ გამოელაპარაკება მას ჩვენი გმირი? რაო, ”ნუთუზეა” საქმე?! პატარა ადამიანს ამ გადამწყვეტ წამში მერყეობამ ბრაზი მოჰგვარა, მაგრამ რა დროს ბრაზის დროა! უეჭველად გამოელაპარაკება და მორჩა! გამოელაპარაკება და სირბილითაც გაჰყვება უკან - მასაც ხომ შეუძლია, სირბილზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩქარი სიარული მაინც - თანაც, უეჭველია, უცნობზე ჩქარი... ეგებ სწორედ მისმა სიჩქარემ გადაწყვიტოს უცნობის ბედ-იღბალი... და გადაწყვეტს კიდეც - პატარა ადამიანს სჯერა ამის! იგი თანახმაა, უცნობს ნებისმიერ საქმეში გაუწიოს დახმარება - რა თქმა უნდა, უცნობი უკეთურს არაფერს მოითხოვს მისგან, არ მოითხოვს, რადგან კარგი ადამიანი ჩანს - უკეთურს არ ეხერხება წუხილი... ოჰ, ისევ სისულელეებზე ფიქრობს! რა დროს ეჭვიანობაა! საცაა მხარს აუქცევენ ერთმანეთს... დრო არ ითმენს!
და ამ დროს, თითქოს მეხი გავარდაო... ან შესაძლოა, არც არაფერი გავარდნილა და ეს მხოლოდ მოეჩვენა პატარა ადამიანს, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო: თავს ვეღარ აკონტროლებდა, გონება გაეყინა. რამდენიმე წამს ასე იყო, რაც მისთვის, ალბათ, საუკუნეს უდრიდა. მერე და მერე ამ კოშმარიდან ნელ-ნელა იწყო გამორკვევა - გონება გაეხსნა, აზრი მოიკრიბა, მაგრამ ვაი, რომ ამით უარესი დაემართა - რას ხედავს: მთელი ტანით თრთის, მარჯვენა ხელით უცნობს ქურთუკში ჩაფრენია და მარცხენას მოშლილი წისქვილის ფრთასავით აქნევს, თან ლამის ყვირის და რას, ესეც ვერ გაურჩევია. სირცხვილისგან მთლად ოფლში გაწურულს ერჩივნა, მიწა გასკდომოდა. გველნაკბენივით გაუშვა უცნობს ხელი, მაგრამ ეს უფრო ინსტინქტურად მოიმოქმედა, ვიდრე გონებით. აზროვნების უნარი რომ დაუბრუნდა, გონებამ დაუნდობლად მოსთხოვა, უცნობისათვის რაიმე გონივრული ეთქვა, თავი ემართლებინა, ბოლოს და ბოლოს, მოებოდიშებინა მაინც, თორემ დამეგობრებას ვინღა ჩიოდა! ჰო, ბოდიში მაინც მოეხადა, მაგრამ ახლა ის ექცა თავსატეხად, რით დაეწყო. ცარიელი ბოდიში საკმარისი არ იქნებოდა, - თუ ესმოდა რასაც სჩადიოდა, საბოდიშოდ რატომღა იხდიდა საქმეს? და რადგან მაინც სჩადის, მაშ, ჩადენის მიზეზიც უნდა განემარტა. მიზეზი კი თავისთავად ერთი იყო: გულწრფელობა, სურვილი მეგობრის შეძენისა! თითქოს ამის ახსნა არცთუ ძნელი იყო, მაგრამ პატარა ადამიანი სულ სხვა პრობლემას გადააწყდა - განმარტება მეგობრობის შეთავაზება გამოვიდოდა და სად გაგონილა ადამიანს ერთდროულად მეგობრობაც შესთავაზო და შეურაცხყოფაც მიაყენო? არ გკითხავს, თუკი კეთილი ზრახვებით მოდიხარ, ტანსაცმელს რაღას მახევო. იქნებ უცნობს მისი ასეთი დაულაგებელი, გაუწონასწორებელი საქციელის გამო შეშლილადაც შეერაცხა.
ვითომ სიტუაციის გამოსასწორებლად რაღაც წაილუღლუღა. რას ითხოვდა ამ კაცისგან, თვითონაც ვერ გაერკვია, სიტყვები უფრო ინსტინქტურად, აზრის დაუტანებლად წამოისროლა - მგონი, საათზე ჰკითხა რაღაც.
უცნობს გამომეტყველება შეეცვალა. სადღა იყო ის სულიერი ტკივილით შეძრული კაცი, თავდაპირველად რომ ამოიცნო მასში პატარა ადამიანმა. ყველაზე მეტად მისმა თვალებმა დააფრთხო ჩვენი გმირი, - აშკარად ბოროტად უელავდა. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. მიხვდა, თავისი ქცევით მეტად და მეტად ამძიმებდა მდგომარეობას. ახლა ყველაფერი ბეწვზე ეკიდა - ცოტაც და, იქნებ უშვერადაც გაელანძღა უცნობს... თუმცა ჯერჯერობით თავს იკავებდა, მხოლოდ თვალით ზომავდა ჩვენს გმირს. უეცრად მზერა მოსწყვიტა და ცივად გაიხედა განზე, იქით, საიდანაც ქუჩას დიდი საათი გადმოჰყურებდა, პატარა ადამიანისაკენ სახემიუბრუნებლად წაიბუტბუტა რომელი საათი იყო და წასასვლელად ნაბიჯი გადადგა.
პატარა ადამიანს სიტყვით აუწერელი რამ დაემართა: ის მიდის! აი, წამიც და გაშორდება! განაწყენებული მიდის - მისგან განაწყენებული... ვერ დაუშვებს ამას! და ამ დროს მისი კონვულსიური მოძრაობა და ყრუ ხრიალად გადმონთხეული, ყელში გაჩხერილი სიტყვა უცნობს აჩერებს. აჩერებს, მაგრამ სახეზე აღბეჭდილი მრისხანება უფრო უმძაფრდება. ეს მრისხანება ლურსმანივით ესობა პატარა ადამიანს თვალებში, მაგრამ იძულებულია, აიტანოს... უცნობის რისხვა, ერთი მხრივ, სამართლიანია: ვინ იცის, რა ოქროს ფასად ღირებულ დროს ართმევს?! და საერთოდ, ის ერთი მხრივ კი არა, ყოველმხრივ მართალია - ჩვენს გმირს ერთი წამით არ უცდია მისი გამტყუნება. უბრალოდ, ისევ მისთვის უნდოდა კარგი: დროს ართმევდა, მაგრამ სანაცვლოდ ათჯერ და ასჯერ აუნაზღაურებდა დანაკარგს, აუნაზღაურებდა მხარში ამოდგომით, ჭირის გაზიარებით - რაც უცნობმა, რა თქმა უნდა, ჯერ არ იცოდა და ეს იყო სწორედ პრობლემა. არ ცოდნა არცოდვააო, ამბობენ. თუნდაც მარტო ამის გამო უნდა შეეკავებინა იგი პატარა ადამიანს, როგორმე უნდა აეხსნა მისთვის ყველაფერი - ამის საფასურად ღირდა იმ რამდენიმე ძვირფასი წუთის დაკარგვა, შემდეგ კი ერთად გაუდგებოდნენ გზას! და განა უბრალოდ გაუდგებოდნენ, სირბილით გაუყვებოდნენ - ორი მეგობარი!
მაგრამ ენა რომ ებმის? არა! არა და არა! გულში ლამის ყვირილით უარყოფს ამას. ყველაფერს დასძლევს! აი, ემზადება კიდეც... უკვე მზადაა. ყოველი სიტყვა, რომელიც უნდა წარმოთქვას, აწონილი აქვს... მაგრამ რა ხდება? უცნობმა ისევ გაიწია წასასვლელად. ოღონდ ახლა არ წასულიყო, სულ რამდენიმე წამი ესაჭიროებოდა პატარა ადამიანს მასთან გასატარებლად - სათქმელის დაწყება იყო მთავარი... მერე უცნობი მოლბებოდა და მიენდობოდა მას. ქურთუკში, რა თქმა უნდა, ვეღარ ჩააფრინდებოდა, სხვა რამე ხერხი უნდა ეღონა. და აი, უცებ, თვითონაც რომ არ მოელოდა, ისეთი მოხერხებულობა გამოიჩინა უცნობის კიდევ მცირე ხნით შესაკავებლად - არც მეტი, არც ნაკლები, უცნობს სიგარეტი სთხოვა. ეს იყო ის ელემენტარული საბაბი, რითაც თვითონაც ბევრჯერ გაუჩერებიათ ქუჩაში. პატარა ადამიანმა პატარა გამარჯვება მოიპოვა. უცნობი მისი სიგარეტით გამასპინძლებას რამდენიმე წამს მოუნდება - (თუკი საერთოდ ეწევა სიგარეტს) - ამ დროში უნდა ჩატეულიყო ჩვენი გმირი.
აი, ერთმა წამმა უკვე ჩაიქროლა... რამდენიმე ჯერ კიდევ მარაგში აქვს. სანამ უცნობი ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს ამოიღებს, სანამ კოლოფიდან ჩვენი გმირი ათრთოლებული თითებით ერთ-ერთს ამოაძვრენს... ოჰ, ეს დროის უზარმაზარი მარაგია! უზარმაზარია, რადგან პატარა ადამიანის ვარაუდით, მთავარი სათქმელის დაწყებაა. თანაც, დრო პატარა ადამიანს შეეძლო კიდევ რამდენადმე გაეჭიანურებინა, თუკი ოდნავ მაინც შეაყოვნებდა ხელის მოძრაობას კოლოფიდან ღერის ამოძვრენისას. და აპირებს კიდეც, ასე მოიქცეს, მაგრამ სიგარეტის კოლოფი ჯერ არც კი გამოჩენილა და ხელი უკვე თავისთავად გაურბის მისკენ, აღარ ემორჩილება, მისგან დამოუკიდებლად მოქმედებს! არა უშავს, ესეც არაფერია - დრო ისევ საკმარისად აქვს; რატომღაც მტკიცედ სწამს თავისი გამარჯვებისა!
და აი, იგი არ შემცდარა - საცაა სიგარეტის კოლოფსაც ამოიღებს უცნობი და... - იცით... - მორცხვად წამოიწყო...
თუმცა ღელავდა, აფორიაქებული იყო, მაგრამ ცდილობდა, არ გაემჟღავნებინა და თავს ინუგეშებდა - ახლა ყველაფერი თავისთავად წარიმართებაო!
და უნდა წარმართულიყო კიდეც, რომ... უცნობმა კოლოფის ნაცვლად უბიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოაძვრინა, ჩასჩარა გამოწვდილ ხელში და თვალის დახამხამებაში გაუსხლტა! ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა პატარა ადამიანისათვის, რომ ხეირიანად ვერც მიხვდა, რა მოხდა. გონება ისევ აერია, სიტყვა ყელში გაეჩხირა. აზრი მაშინღა მოიკრიბა, როდესაც უცნობი საკმაო მანძილზე გასცილებოდა. ეს იყო კატასტროფა! საბრალოს სისხლი თავში აუვარდა, ლამის თავის ქალა აეხადა...
ჯერ კიდევ კარგად ილანდებოდა უცნობის სილუეტი, რომ იგი უეცრად შედგა, ვიღაც გოგოს მიესალმა, გადაეხვია და გადაკოცნა კიდეც! ამ სცენაში პატარა ადამიანს ყველაზე აბსურდულად თაიგული ეჩვენა, უცნობმა რომ გოგოს მიართვა და რომელიც მის ხელში აქამდე რატომღაც ვერ შეამჩნია - უცნობი თურმე თავის სატრფოსთან მიიჩქაროდა, თვითონ კი...
თავი ისე გააქნია, თითქოს ყურებიდან რაღაცის გამობერტყვას ლამობსო. მერე იქვე, ტროტუარზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და გაიტრუნა. ხვდებოდა, უნდა ამდგარიყო და გასცლოდა იქაურობას, მაგრამ ვერც ამას აკეთებდა... პატარა ადამიანი ძალიან დაიღალა.
კარგა ხნის შემდეგ წამოდგა, მუხლებში სისუსტე იგრძნო და ხეს მიეყრდნო. ქუჩას უაზროდ მიაშტერდა. ხელი მექანიკურად წაიღო თავის მოსაქექად. მოიქექა კიდეც, მაგრამ ხელი მაინც ჰაერში გაუშეშდა - უცნობის სიგარეტი თითებში გასჩხეროდა. უსიამოდ შეიჭმუხნა, გადაწყვიტა, გადაეგდო, მით უმეტეს, რომ პატარა ადამიანი სიგარეტს არ ეწეოდა. შორიახლო ნაგვის ურნა დაინახა და ლასლასით გასწია მისკენ - ერთი ნაბიჯი გადადგა, ორი, სამი... და სანამ ურნამდე მიაღწია, ღერი გადასაგდებად დაენანა. ერთმა ნათელმა აზრმა გამოუკეთა გუნება: თვითონ თუ არ ეწევა, სხვას გაუმასპინძლდება, ვინმე სთხოვს და გაუმასპინძლდება! რატომ უნდა გადააგდოს? ადრეც რამდენჯერ უთხოვიათ... ისიც გაახსენდა პატარა ადამიანს, რომ სიგარეტი უცნობთა გასამასპინძლებლად ხშირად საგანგებოდაც უყიდია. ერთხელ ვიღაც გამვლელს ერთი ღერის ნაცვლად ექვსი გაატანა... მოკლედ, ჩვენი გმირი სასიამოვნო მოგონებებში ჩაიძირა. ახლახან თავს გადახდენილი სცენა ნელ-ნელა გაიცრიცა, დაილია, მართალია, დავიწყებას არ მისცემია, მაგრამ აღარც ხელი შეუშლია პატარა ადამიანის გამოცოცხლებისათვის. მცირე ხნის შემდეგ ჩვენი გმირი ოცნებით ისევ მეცხრე ცაზე აღმოჩნდა. ბევრი არ უფიქრია, გადაწყვიტა, მეგობრები უცნობებში კი არა, მხოლოდ და მხოლოდ ნაცნობებში ეძებნა! მერე რა, რომ ასეთი ადამიანები ქუჩაში ვერ აღმოაჩინა? უნდა წასულიყო იქ, სადაც ნაცნობთა მთელი არმია ელოდებოდა! ასეთი ადგილი კი მისი სამსახური იყო!
აქამდე როგორ არ მოუვიდა ეს აზრად - მაშ, წინ, სამსახურისაკენ! იმ ერთი არცთუ სხვებისაგან განსხვავებული, მოზრდილი დაწესებულებისაკენ, რომელშიაც ჩვენს გმირს ყველაზე დაბალი, არასაპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა - ის დამხმარე მუშა იყო. სართულიდან სართულზე, ოთახიდან ოთახში, კიდევ ორ თავისნაირ მუშასთან ერთად უნდა გადაეზიდა ხან საწერი მაგიდა, ხან - წიგნების კარადა, ხან - რა და ხანაც - რა. ზოგჯერ კედლებზე ნახატებსაც ჰკიდებდნენ...

***
ავტობუსის გაჩერებაზე ადამიანების პატარა, მაგრამ საკმაოდ ხმურიან ჯგუფს მოეყარა თავი. მართალია, მათში ორი ხანში შესული, თითქოს მოღუშული ადამიანიც ერია, მაგრამ დანარჩენები, ორი ბიჭი და ერთიც მათსავით ბიჭურად ჩაცმული კეკლუცი გოგო იქაურობას იკლებდნენ. ამ სრულიად ჩვეულებრივ, მაგრამ რაღაცით მაინც მოულოდნელ ატმოსფეროში აღმოჩენილ ჯერ კიდევ საკმაოდ აღელვებულ პატარა ადამიანს პირველი წამიდანვე, თვითონაც რომ ვერ ახსნა რატომ, მოეჩვენა, თითქოს მხიარულ ადამიანთაგან რომელიმე გამოელაპარაკებოდა, დაუკითხავად შეიჭრებოდა მის სულიერ სიმყუდროვეში, რაც იმჟამინდელ მის შინაგან მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ძალზე სახიფათო აღმოჩნდებოდა ჩვენი გმირისთვის - უცნობთან თავს გადახდენილი სამარცხვინო შემთხვევის შემდეგ, ალბათ, კარგა ხანს ვეღარ მოახერხებდა, ვეღარ გაბედავდა უცხო ადამიანებთან ურთიერთობას. ამიტომაც სავარაუდო თავდასხმისაგან თავის დაცვა გადაწყვიტა - ვითომ პერანგის მოწესრიგება დაიწყო. შინაგან პროტესტთან ერთად დამფრთხალიც ჩანდა ჩვენი გმირი. თუმცა ამაში გამოტყდომა ძალზე ეძნელებოდა. ამიტომ წინა პლანზე ისევ იმ შინაგანი პროტესტის გადმოქაჩვას ცდილობდა. ახლა პროტესტი საუკეთესო საშუალება იყო ”თავდამსხმელთა” ღირსეულად მოსაგერიებლად. პატარა ადამიანი თავს იგულიანებდა - აბა, ერთი გაბედონ და გამომელაპარაკონო და თვითონაც ვეღარ შეამჩნია ისე, ლამის მუშტების მოღერებაზე გადავიდა. დაახლოებით ერთ წუთს დაჰყო ამგვარ ”მძვინვარებაში”, მერე კი მოლბა, არც ასე შეიძლებაო და ცოტა ტონი შეარბილა: უბრალოდ, სჯობია, რომ არ გამომელაპარაკონო, თორემ ისე, გამოლაპარაკებასაც ყოჩაღად დავუხვდებიო! და იქნებ დახვედროდა კიდეც? ასე იყო თუ ისე, პატარა ადამიანისთვის უკვე გაუსაძლისი გამხდარიყო ამგვარი ყოფა. ყველასაგან ზურგშექცევით მდგომს მზერა წამდაუწუმ იქითკენ გაურბოდა, საიდანაც კარგა ხნის დაგვიანებული ავტობუსი უნდა გამოჩენილიყო, ის ავტობუსი, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, წერტილს დაუსვამდა მის ტანჯვას. ხან ბოლთას სცემდა, ხან ერთ ადგილს მოუთმენლად ტკეპნიდა, ავტობუსი კი არა და არ ჩანდა. ისევ წამოეპარა შიში, - ვაითუ, მაინც გამომელაპარაკოს ვინმეო. განსაკუთრებით ის ბიჭურად ჩაცმული და თმაშეკრეჭილი გოგო აფრთხობდა. ისევ აიძაგრა, თუმცა მუშტის მოღერებამდე არც ამჯერად მისულა. გულში კი იქადნებოდა, აბა, ერთი, გამომელაპარაკონო. არავისიც არ ერიდება! და არც არასოდეს მოერიდება! ან რატომ უნდა მოერიდოს, არავისთვის არაფერი დაუშავებია! ჰკითხავენ რამეს, ზრდილობიანად გასცემს პასუხს! აი, თუნდაც იმ გოგოს! ვინც უნდა იყოს, საკადრის პასუხს გასცემს! თუკი რამეს უდიერად ეტყვიან, თვალებსაც დაუბრიალებს... დიახაც, ასე იქნება! და პატარა ადამიანი თვალებს მართლაც აბრიალებს. მართალია, გაჩერებაზე მყოფთაგან ზურგშექცევით დგას და მის გაავებას ვერავინ ამჩნევს, მაგრამ თუ საჭირო იქნება, ნებისმიერს შეხედავს მრისხანედ - თვით იმ ქაჯ გოგოსაც კი, შორიახლო რომ დამდგარა! რატომ იმ გოგოს? რატომ და იმიტომ! ეგრეა საჭირო!
პატარა ადამიანი მიბრუნდა და იმ ”ქაჯ გოგოს” მრისხანედ შეაჩერდა... და რომ ელოდა, ალბათ, გოგო შიშით მიწაში ჩაძვრებაო, მისდა გასაოცრად არაფერი მომხდარა. იმ გოგოს ჩვენი გმირის მზერა თითქოს არც კი შეუმჩნევია. არა, როგორ არ შეამჩნია, ძალიანაც კარგად შეამჩნია, დაასკვნა პატარა ადამიანმა, მაგრამ თავი ისე დაიჭირა, ვითომ არ დაუნახავს... ხო, ხო, ხო, რა ოხერია! ოხერია? არა, ოხერი რატომაა და უცებ პატარა ადამიანს ამ ყმაწვილ ქალზე წარმოდგენა სრულიად შეეცვალა: ის ხომ მშვენიერი ქმნილება იყო! აქამდე როგორ ვერ შეამჩნია! სახეზე ალმურმა გადაურბინა, ძარღვებში სასიამოვნოდ აუჩქროლდა სისხლი. მერე ერთბაშად დაფრთხა, თვალები ძირს დახარა, გაშეშდა. ავტობუსს რომ ელოდებოდა, აღარც ახსოვდა. დაუოკებელი სურვილი კლავდა - კიდევ ერთხელ შეევლო თვალი ქალიშვილისთვის. უნდა შეეხედა, ოღონდ განა წეღანდელივით გამომწვევად, არა, ისე, ფარულად - ახლა ასეთი მზერა იყო საჭირო... და აი, გააპარა კიდეც თვალი მშვენიერი ქმნილებისაკენ. დარწმუნებული იყო, მის მზერას ამჯერადაც ვერ დაიჭერდა.
გოგო მართლაც ძალიან ლამაზი იყო. მიწაზე არ იდგა, თითქოს სივრცის ბევრად უფრო დიდ ნაწილში განთავსებულიყო. ამ დიდმა სივრცემ შთანთქა პატარა ადამიანი, შიგ მოიქცია. ასეთი განცდა იშვიათად დაუფლებია ჩვენს გმირს. ეს ძალზე ფაქიზი და ამავე დროს სახიფათო გრძნობა იყო. იცოდა, არაფრით არ უნდა გაეცა თავი. ამიტომ ხან ქუჩას გახედავდა ყასიდად, ხან ცას ახედავდა და დროდადრო ქალიშვილისკენ აპარებდა მზერას.
როგორც იქნა, ავტობუსიც გამოჩნდა. მძიმედ, გრუხუნით მოადგა გაჩერებას. პატარა ადამიანი მიხვდა, ქალიშვილი და მისი მეგობრები არ აპირებდნენ ავტობუსში ასვლას - ეს კი ქალიშვილთან განშორებას ნიშნავდა.
ამან პატარა ადამიანს შვებაც მოჰგვარა და თან გულიც დასწყვიტა. თუმცა ეს რეალობა იყო, სხვაგვარად არც შეიძლებოდა მომხდარიყო. კიდევ ერთხელ გახედა გოგოს და... მის თვალებს შეეფეთა. დაჟინებითა და იდუმალი მზერით მისჩერებოდა გოგო ჩვენს გმირს. ამ მზერამ დაარწმუნა პატარა ადამიანი, რომ ქალიშვილს შეუმჩნეველი არ დარჩენია იგი. პატარა ადამიანი თითქოს ნაწილაკებად დაიშალა და ჰაერში გაიფანტა. ერთადერთი, რაც მისგან დარჩა, თვალები იყო. განა არ აარიდა, ვეღარ აარიდა გოგოს და იდგა ასე. თითქოს თვალებით დუელი გაემართათ - პატარა ადამიანი და ცეცხლივით გოგო... ცეცხლივით გოგო და პატარა ადამიანი! ეს რამდენიმე წამს გაგრძელდა და შემდეგ მოხდა ყოვლად მოულოდნელი რამ: რაოდენ დაუჯერებელიც უნდა იყოს, გოგო დამარცხდა! მან თვალები დახარა - აშკარად არ უნდოდა ეს და მაინც დახარა. პატარა ადამიანმა გაიმარჯვა. ეს ბევრად აღემატებოდა იმდილანდელ, სადარბაზოში მეზობელთან მოპოვებულ გამარჯვებას. და გახალისდა პატარა ადამიანი - ცხოვრება ახლიდან დაიწყო!
რამდენიმე წამში ჩვენი გმირი თვალს მიეფარა...

***
...ოღროჩოღრო ასფალტიან გზაზე მიჯაყჯაყებდა ავტობუსი. სალონში ტევა არ იყო, განძრევა ჭირდა. უკანა ბაქნის შუაგულში, სადგომად საკმაოდ მოუხერხებელ ადგილზე მოხვედრილი პატარა ადამიანი ვერც ერთ სახელურს ვერ ეჭიდებოდა და წამდაუწუმ აწყდებოდა მგზავრებს. ერთადერთი, რითიც თავს იმაგრებდა, ავტობუსის ჭერზე მიხრახნილი ციცქნა ჭანჭიკი იყო, თითის წვერებით რომ ებღაუჭებოდა. ასე ცდილობდა თავის შემაგრებას - ცდილობდა, როგორც წყალწაღებული ცდილობს ხავსზე მოჭიდებას. თუმცა ახლა წყალწაღებული სრულიად არ ეთქმოდა. თქვენ მაშინ გენახათ, როდესაც ავტობუსში სახელურზე ორივე ხელით ჩაჭიდებული ვინმეს მხარს გაჰკრავდა და შეწუხებული საკუთარი სხეულის შეკუმშვას ლამობდა, მაგრამ ეს წარსულში იყო, თუნდაც გუშინ. დღეს კი ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა. ახლა ყოველი უნებური შენარცხება თანამგზავრებთან სიამოვნებასაც კი გვრიდა პატარა ადამიანს, რადგან იცოდა ამით მგზავრებს არ აწუხებდა - ყველას ესმოდა, რომ ეს ავტობუსია და თავის ნებაზე აჯანჯღარებს ხალხს!
ავტობუსი კი მიდიოდა, უკან რჩებოდა გაჩერებები, სადაც მგზავრთა ნაწილს ტოვებდა და მათ სანაცვლოდ ახალს კრებდა. პატარა ადამიანს წინ კიდევ საკმაო გზა ედო და მით უფრო გრძელი ეჩვენებოდა, რაც მეტს ფიქრობდა მის სწრაფად გავლაზე. ერთი სული ჰქონდა, სამსახურში მისულიყო, სადაც მისივე ღრმა რწმენით, დიდი საქმეები ელოდებოდა და მოუსვენრად ცქმუტავდა. თუმც ეს მოუსვენრობა მაინც გასაძლისი იყო. სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ის რად ღირდა, რომ თავს ავტობუსში მყოფთა ტოლად და სწორად თვლიდა. საცაა მისი სამსახურის შენობაც გამოჩნდებოდა, მაგრამ უეცრად ვიღაცამ მხარზე ხელი გაჰკრა. პატარა ადამიანი შეკრთა. ხელის ჩამოკვრა საკმაოდ მოურიდებელი იყო, შემთხვევითს არ ჰგავდა და იმდენს მიხვდა, რომ ზურგს უკან მდგომმა იმ ვიღაცამ ამ ზღვა ხალხში სწორედ ის გამოარჩია. ნეტავ ვინ იყო ან რა საქმე უნდა ჰქონოდა პატარა ადამიანთან? პატარა ადამიანი არა იმდენად ავისმომასწავებელმა წინათგრძნობამ შეიპყრო, რამდენადაც ამ შემთხვევის მოულოდნელობამ დააბნია. გამოდის, მაინც მოუწევდა ვიღაც უცნობთან კონტაქტში შესვლა. როგორღაც მოახერხა და თავი მიაბრუნა. ძალიან ბუნდოვნად, მაგრამ დაახლოებით მაინც წარმოდგენილი ჰყავდა ჩვენს გმირს, როგორი გარეგნობისა იქნებოდა ის უცნობი: მაღალი, თუმცა, შესაძლოა, დაბალიც ან საშუალო სიმაღლისა, ოღონდ აუცილებლად უხეში - ძალზე უხეში! ქალი თუ კაცი? კაცი! მაგრამ იქნებ ქალიც იყო - საშუალო ხნისა, კოტიტა თითებით... ერთი რამ იყო ცხადი - როგორიც უნდა ყოფილიყო უცნობი, პატარა ადამიანი მაინც მხნედ უნდა დახვედროდა.
და აი, მიბრუნდა, მიბრუნდა და... ხელთ ერთი ჩია მოხუცი ქალი შერჩა - ქალი ფულს აწვდიდა სამგზავრო ბილეთის ასაღებად. რაც მართალია, მართალია, გაიხარა პატარა ადამიანმა. სიამოვნებით გამოართვა მოხუცს ფული და ვიღაც შუახნის ტანმაღალ მამაკაცს ყოველგვარი მორიდების გარეშე გადააწოდა, თუ არ შეწუხდებით, ერთი ბილეთი გადმომაწოდეთო! მერე ისევ მოხუცს მიუბრუნდა და თითქოს მისი დამშვიდება სურსო, ღიმილით მოახსენა, ახლავე გადმოგვცემენო. სანამ ბილეთს მოხუცს ჩააბარებდა, ფიქრით წარსულს გადასწვდა. ო, რომ იცოდეთ, როგორ უჭირდა ადრე ჩვენს გმირს ამის გაკეთება. ერიდებოდა რაღაცის, თვითონაც არ იცოდა, რისი. წვალობდა, ბილეთის ასაღებად გამზადებულ მონეტას ხელით უმოწყალოდ ჭყლეტდა. ერთხელ წითელსამკლაურიანმა კაცმა დააჯარიმა კიდეც უბილეთოდ მგზავრობისათვის. აი, მაშინ კი მართლაც შავი დღე დაადგა საწყალს. სულ ჭირის ოფლში გაიწურა...
ამასობაში ბილეთიც გადმოაწოდეს და პატარა ადამიანი რეალობას დაუბრუნდა. თავი იმით გაიმხნევა, რომ ის დღეები წარსულს ჩაბარდა. ახლა სულ სხვა ადამიანი იყო - ლაღი, თავისუფალი. მხრებში გაიშალა და მამაკაცს, რომელმაც ბილეთი მიაწოდა, თავაზიანად მადლობა გადაუხადა, თავიც კი დაუკრა. სხვათა შორის, არც თვითონ დაუტოვებიათ დაუჯილდოებელი - ქალი კეთილი და მადლიერი აღმოჩნდა. ყველა კეთილმა იცის სიკეთის ფასი! ჩვენს გმირსაც უნდა აეღო ბილეთი, მაგრამ რა ქნას, სალაროზე ხელი არ მიუწვდება. მერე და რა? ფულს თვითონაც გადააწოდებს და ბილეთს აუღებენ! ასეც მოიქცა: აღარ მორიდებია იმ მამაკაცის ხელმეორედ შეწუხებას და მანაც უწყინრად და მშვიდად კიდევ ერთი ბილეთი გადმოაწოდა. პატარა ადამიანი იმდენად გახარებული იყო, რომ კინაღამ გამოეპარა თავისი გაჩერება. აქედან ახლოს, ქუჩის მეორე მხარეს იყო მისი სამსახური, რამდენიმესართულიანი, ძველებური სტილის უსახო შენობა.

***
მაშ, ასე, ჩვენმა გმირმა სამსახურს მშვიდობიანად მიაღწია. ავტობუსიდანაც ჩავიდა, მაგრამ უეცრად სითამამე სადღაც გაუქრა. ნაცვლად იმისა, ქუჩა გადაეჭრა და სამსახურის ზღურბლს მიღმა გადაედგა ფეხი, შეყოვნება არჩია. მზერაც, დაწესებულების ნაცვლად მძიმედ დაძრულ ავტობუსს გააყოლა. კარგა ხანს მისჩერებოდა, სანამ მთლიანად არ დაეკარგა თვალიდან. ვერ აეხსნა, სამსახურში მისვლა ეძნელებოდა თუ სევდას ჰგვრიდა ავტობუსში ახლახან განცდილ სასიამოვნო გრძნობასთან განშორება. მაგრამ ვაი, რომ ავტობუსი აქ არაფერ შუაში იყო. რაც უფრო დიდხანს იდგა, მით მეტად მაღალი ბარიერი იმართებოდა მასსა და მის სამსახურს შორის. თვალწინ წარმოუდგა პირქუში თანამშრომლებით გამოჭედილი ოთახები, დერეფნები და კიბეც კი - უაზრო, არაფრისმთქმელი საუბრები, მითქმა-მოთქმა, სიცილ-კისკისი, ხანდახან ჩხუბი და კივილი, სიგარეტის კვამლი, უზომო რაოდენობით ყავა და ზოგ შემთხვევაში, სასმელიც... არა, არ იყო პატარა ადამიანი ამისათვის მზად! ეგონა, რომ იყო, სინამდვილეში კი არ ყოფილა. რაოდენ ძნელი იყო ამ მწარე სინამდვილის აღიარება და მასთან შეგუება! პატარა ადამიანმა იცოდა, რომ როგორმე გონებიდან უნდა განედევნა ეს სინამდვილე, მიეჩქმალა! მიეჩქმალა თუნდ ერთი წუთით, თუ ერთი წუთით არა, ერთი წამით მაინც! იცოდა, მხოლოდ იცოდა და გაკეთებით კი ვერაფერს აკეთებდა. ყველაფერს კი მიზეზად მისი სულიერი სისუსტე ედო, ყოვლად გაუმართლებელი, საფუძველს მოკლებული გრძნობა - უძლურების თვითშთაგონება!
თვალს მომდგარი ცრემლი ძლივს შეიკავა პატარა ადამიანმა. უკვე მზად იყო, შეჰგუებოდა თავის უმწეობას და დამარცხებულს მოეკურცხლა, მაგრამ რაღაც ჯერ კიდევ არ აძლევდა ამის გაკეთების უფლებას. სადღაც, ცოტათი, კიდევ შემორჩენოდა იმედის ნაპერწკალი. არა, პატარა ადამიანი არ უნდა დამარცხებულიყო იმ დღეს! დასამარცხებელი არც არაფერი სჭირდა! არ შეიძლება დამარცხდეს ადამიანი, ვინც არ ცდილობს, სხვისი დამარცხების ხარჯზე მოიპოვოს საკუთარი გამარჯვება! სიმშვიდე, უპირველეს ყოვლისა, შინაგანი სიმშვიდე უნდა მოეპოვებინა მას. ბოლოს და ბოლოს, ასე ერთბაშად არ უნდა ეცადა ცხოვრების შეცვლა. შეცვლით უნდა შეეცვალა, მაგრამ ნელა, მშვიდად, თანდათან. მთავარი იყო, იმედის ამ ნაპერწკალს დაჰყოლოდა ჩვენი გმირი. იმედთან ერთად მარტო აღარ იქნებოდა - პატარა ადამიანი და იმედი... იმედი და პატარა ადამიანი - აი, უკვე ორნი არიან... გაიმარჯვებენ კიდეც! და პატარა ადამიანი სამსახურისაკენ მიბრუნდა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი - ამით იმედის ნაპერწკალი გააღვივა, როგორც ნაკვერჩხალს აღვივებს სულის შებერვით ადამიანი და ადგილს მოსწყდა. გზა ისე გადაჭრა, აქეთ-იქით არც გაუხედავს... კიდევ კარგი, გზა მანქანებისაგან დაცლილი იყო.

***
პატარა ადამიანი სამსახურის მაღალთაღიანი შესასვლელისაკენ გაემართა. ნაბიჯის მწყობრ თანამიმდევრობას, გეგონებათ, ჯარშიაო, ხელების ქნევას აყოლებდა. ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გამოზომილი, მაგრამ მძიმე კართან, თავისდა უნებურად, მაინც შედგა. მისი ყურადღება შესასვლელში დამონტაჟებულმა ელექტროსაათმა მიიპყრო, რომელმაც საყვედური სტკიცა სამსახურში ჩვევად ქცეული დაგვიანებისათვის. პატარა ადამიანს გააჟრჟოლა: ამ დღეს მაინც გამოცხადებულიყო სამსახურში თავის დროზე. სამწუხაროდ, ეს დღეც წინა დღეებივით ჩვეულებრივად დაიწყო... არა, ჩვენი გმირი არც სხვა დღეებში აგვიანებდა განზრახ სამსახურში მისვლას. უბრალოდ, დაგვიანება მისდა უნებურად დასჩემდა. დილით, ადრე, სანამ თანამშრომლები თავიანთ ადგილს იპოვიან და საქმეში ჩაერთვებიან, დიდი არეულობაა - ყველა ფაციფუცობს, მიდი-მოდიან, ერთმანეთს რაღაცებს ეკითხებიან და უყვებიან. კაცი იფიქრებს, წლობით არ უნახავთ ერთმანეთიო - ყველას ყველასთვის სცალია! ასეთ სიტუაციებში თავს ვალდებულად გრძნობდა, თვითონაც სხვებივით დაეჭირა თავი, შეერთებოდა მათ გუნდს, ჩართულიყო საერთო საუბარში თუ ფაციფუცში. ჩართულიყო თუნდაც იმისთვის, რომ ერთთავად დუმილი ერცხვინებოდა. ეჩვენებოდა, რომ ამით არა მარტო საკუთარ თავს, სხვებსაც აგდებდა უხერხულ მდგომარეობაში. ამიტომ სულ მოუსვენრად იყო, ადგილს ვერ პოულობდა, ეჩვენებოდა, რომ ისე არ უნდა მდგარიყო, როგორც იდგა, მაგრამ არც პოზის გამოცვლა შველოდა საქმეს და სულ ებნეოდა თავგზა! ამ გარემოებას ისიც ამძაფრებდა, რომ ერთ ალაგას მიჩენილი სამუშაო კუთხე არ ჰქონდა, სადაც განმარტოებას, დამშვიდებას მოახერხებდა. იმხელა დაწესებულებაში ხან რომელ სართულზე უხდებოდა ასვლა და სხვადასხვა სახის ცქერა და ხანაც რომელზე. ძლიერ უჭირდა! ამიტომაც აიფარა დაგვიანება ფარად. რა თქმა უნდა, ეს დიდი ვერაფერი შვება იყო, მაგრამ საიმდროოდ, როცა სამსახურში მივიდოდა, თანამშრომლები თავიანთ მაგიდებს უსხდნენ და მისთვის აღარავის ეცალა. სამაგიეროდ, დაწესებულების ხელმძღვანელობა საყვედურებით დაუზარებლად აჯილდოებდა...
საათზე მიშტერებულს ერთი უსიამოვნო დღე გაახსენდა. გაახსენდა არცთუ შორი წარსულის ის დღე, რომელიც რაღაცით ჰგავდა დღევანდელს. მაშინაც დილა იყო. პატარა ადამიანმა სამსახურს ადრიანად მიაშურა. უნდოდა, ყველასთვის დაესწრო მისვლა და თანამშრომლებს სავსებით გამოცვლილი, ახალ ადამიანად გარდაქმნილი დახვედროდა. სამწუხაროდ, დრო ვერ გამოზომა, იმდენად ადრიანად მივიდა, რომ დარაჯი ჯერ ისევ მძინარე დაუხვდა და კარზე კაკუნით ძლივს გააღვიძა. წარმოიდგინეთ, რა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებოდა ჩვენი გმირი, როდესაც კართან ნამძინარევი, ღამის საცვლიანი, ხანში შესული, სქელ-სქელი მამაკაცი მობაჯბაჯდა. მგონი, წუხანდელი ნაბახუსევიც იყო და მორგვივით გასივებული, გაუპარსავი სახე ისე მიაბჯინა პატარა ადამიანს სახეზე, ცოტა არ იყოს, შეაშინა კიდეც. თითქოს სისხლის სამართლის დამნაშავე ყოფილიყო, ისე დახარა თავი. ერთხანს იდგა თავდახრილი და მერე უცებ თავი ასწია და სიტყვების კორიანტელი დააყენა. თავის მართლებას მოჰყვა - სცადა, განემარტა დარაჯისათვის მისვლის მიზეზი, რას გრძნობდა, რას განიცდიდა. ზოგი ისეთი რამაც უთხრა, სხვა ნებისმიერ სიტუაციაში დაირცხვენდა ამაზე ლაპარაკს. გვიანღა მიხვდა, რას სჩადიოდა. ენა ჩაიგდო, მაგრამ... დარაჯმა ერთი გააქნია თავი - ვინ ხარ, ან რაებს მიედ-მოედებიო და კარი მიუჯახუნა.
მოკლედ, ასე უიღბლოდ დაიწყო ის დღე. თუმცა შეიძლებოდა უფრო უარესადაც წარმართულიყო. პატარა ადამიანს სანუგეშოდ ისღა დარჩენოდა, რომ დარაჯმა ვერ იცნო იგი და ვერც ვერაფერი გაიგო მისი ნათქვამისაგან. რომ ეცნო პატარა ადამიანი, მით უარესი, რადგან როგორც გითხარით, უამრავი სისულელე წამოროშა. მაშინ დაწესებულების კარს მძიმედ გასცილდა იგი. დრო უნდა გაეყვანა და შემდეგ თავისი დიდი მიზნის მისაღწევად თავიდან ეცადა ბედი - ეს თეორიულად. პრაქტიკულად კი აღარც იცოდა, რას მოიმოქმედებდა. გაიარ-გამოიარა - არემარე მოათვალიერა და იქვე, თავისი სამსახურის მახლობლად მდებარე პატარა სკვერს შეაფარა თავი. მყუდრო ალაგას მდგომი გრძელი მერხი იპოვა, ჩამოჯდა და კვლავ ფიქრს მისცა თავი. თავიდან იფიქრა, გავიქცევი, სამუდამოდ მივატოვებ სამსახურსო, მაგრამ ასე არ მოქცეულა. კარგა ხანს დაჰყო სკვერში - იქ გამეფებულ სიმყუდროვეს ვერ შეელია. მერე თანდათან მოლბა, დამშვიდდა - ეს სიმყუდროვის დამსახურება იყო. უცებ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ ეცადა ბედი - იქნებ საერთო ენა გამოენახა თანამშრომლებთან. იმწუთას ამის თავი აშკარად არ ჰქონდა, მაგრამ იმედმა - ოდნავ მოგვიანებით ძალის გამონახვისამ, როგორღაც გაამხნევა და... და დაიწყო უქმი, საკუთარი უძლურებით გაჟღენთილი წუთების ფანტვა. ბოლოს, როდესაც სამსახურში დაბრუნებაჶვერდაბრუნებით დაქანცულმა შეძლო სიმყუდროვის მიტოვება და დაწესებულების ცენტრალურ შესასვლელს ხელახლა მიუახლოვდა, ბოროტმა საათმა, როგორც ეს ამ დილით მოხდა, საყვედური მიახალა სამსახურში დაგვიანებისათვის. დაიბნა პატარა ადამიანი, ვერ წარმოიდგინა, სკვერში გატარებული დრო თუ ასე გაიწელებოდა...
...საათთან დაკავშირებული მოგონებების ამოწურვის შემდეგღა გამოერკვა პატარა ადამიანი. ზანტად შეირხა, ფეხები საოცრად დამძიმებოდა - მისი ოპტიმიზმი კვლავ პესიმიზმისკენ გადახრილიყო. როგორ მოიქცეს, რა გააკეთოს? უკან დაბრუნდეს? ამ აუტანელ ყოფას სიცოცხლის ბოლომდე შეეგუოს? არა, ეს სიკვდილზე უარესი იქნებოდა მისთვის! წინ წასვლაა საჭირო. წინ წასვლა კი, ჯერჯერობით, არ შეუძლია, მაგრამ რატომ არ შეუძლია? უნდა შეძლოო(!), გუნებაში ითხოვს თავისი თავისგან. მას შესწევს საკუთარ თავზე გამარჯვების უნარი! უბრალოდ, გამხნევება სჭირდება. სჭირდება და ისიც კი იცის, როგორ უნდა გაიმხნევოს თავი: იხსენებს იმ შემთხვევებს, სადაც მან ბრწყინვალე გამარჯვებებს მიაღწია - სულ ცოტა ხნის წინანდელი გამარჯვება მეზობელთან სადარბაზოში, ცეცხლივით გოგოს დამარცხება ავტობუსის გაჩერებაზე! ნუთუ კიდევ არის რაიმე საჭირო?! მაგრამ საპირისპირო რამეებიც რომ ახსენდება? თუნდაც ის, სამსახურში დაგვიანებისათვის საყვედურებით რომ აავსებენ? მერე რა! გავუძლებო საყვედურებს, გულში ასე ამბობს! ძალას იკრებს და შედის დაწესებულებაში... დაწესებულებაში? დაწესებულებაში კი არა, გველეშაპიან ციხეში! აი, ცეცხლოვან კიბეს ზედა სართულებისაკენ მიუყვება - ზევით არის ამ დიდი ბუნაგის მთავარი ბირთვი. კიბეზე, ზედა სართულის ბაქნიდან, მკაფიოდ ესმის ადამიანთა, ანუ გველეშაპთა მოურიდებლად მხიარული ხმები - მათში ახალგაზრდა ქალიც, დედალი გველეშაპიც ურევია! კიბე ზანზარებს, ისე ზანზარებს, რომ პატარა ადამიანი ლამის წააქციოს, მაგრამ მაინც წინ მიდის, მიდის! მხოლოდ თვალს არიდებს ყველაფერს - თითქოს იქაურობაზე თვალის არიდება დააღწევინებს თავს იმ განსაცდელისაგან, რომლისკენაც თავად მიისწრაფვის.
არა, წინათ სამსახურში ყოფნისას ასეთი რამ არასოდეს განუცდია პატარა ადამიანს, არასდროს დაძაბულა ასე ძლიერ, ასე ქაოსურად არ დამძიმებულა ემოციებით. რისი მომასწავებელი უნდა ყოფილიყო ეს? ამ დილით თავისი მუდმივი, უჩვეულო სულიერი პატიმრობის შემდეგ თითქოს თავისუფლება მიენიჭა, მაგრამ რა შეემატა ამით? ნუთუ მხოლოდ და მხოლოდ საბედისწერო გამოცანა? ჯერ კიდევ წინა დღით, იმის წინ და საერთოდ, ადრე, ძლიერ წვალობდა, იტანჯებოდა, მაგრამ თავის ყოფას როგორღაც შეგუებული შვებას მაინც პოულობდა მყუდრო თავშესაფარში. დღეს კი ყველაფერი სხვაგვარად შემოუბრუნდა - გული აღარც სიმყუდროვეში უდგებოდა და აღარც ხმაურში, ხალხში, იქ, სადაც ასე თავდავიწყებით მოილტვოდა. შეცდომას შეცდომაზე უშვებდა პატარა ადამიანი. წარმოიდგინეთ, სამსახურში მისვლისთანავე წინანდებურად აღარ მოუძებნია ის ორი თანამშრომელი, აქ მისებრ დამხმარე მუშებად რომ ირიცხებოდნენ და რომლებთანაც კარგა ხნის, ფაქტობრივად, იძულებითი მხარდამხარ მუშაობის გამო, საერთო ენის მსგავსი რამ გამოენახა. დიახ, მათი, ამ ორი ბიჭის (არ იქნება გაზვიადებული თუ ვიტყვით, მფარველთა), მფარველთა პოვნა აზრადაც არ მოსვლია პატარა ადამიანს. ახლა ის ერთდროულად მიიწევდა ყველასაკენ და ამ ყველაში, რა თქმა უნდა, ის ორი ახალგაზრდაც იგულისხმებოდა. ყველასაკენ ერთდროულად სწრაფვა კი ვერასგზით ვერ ხერხდებოდა და ხმაურსა და სიმყუდროვეს შორის ჰაერში უცნაურად გამოკიდებული პატარა ადამიანი ერთიჶათად გაუცხოებულიყო ყველას მიმართ.
საფეხურებმა ელვის სისწრაფით აიყვანეს შენობის მეორე სართულზე, სადაც თვალი შეავლო რამდენიმე კაცისა და ერთი ახალგაზრდა, ლამაზი ქალისაგან შემდგარ საქმიან ჯგუფს - გველეშაპთა თავყრილობას(!), რომელთა ხმამაც ჯერ კიდევ პირველი სართულის ბაქანზე შეაკრთო და ერთიანად აშალა ჩვენი გმირი. კიდევ კარგი, ამ ჯგუფში არც ერთი ისეთი ნაცნობი არ აღმოჩნდა, რომელიც ყურადღებას მიაქცევდა მას, მისასალმებლად მისკენ თავის მიბრუნებით შეწუხდებოდა. თუმცა საქმეს ეს მცირედი შეღავათი ვერას შველოდა. სიტუაცია მეტად და მეტად იძაბებოდა! პატარა ადამიანი გრძნობდა, რომ სასწრაფოდ რაიმე უნდა ეღონა. ბოლოს და ბოლოს, თუკი ჯერ ისევ არ შესწევდა თავისდა სასიკეთოდ რაიმეს შეცვლის უნარი, იმდენი მაინც უნდა მოეხერხებინა, რაიმე არ დაეშავებინა, თავისი მდგომარეობისათვის არაფერი ევნო ისეთი, რასაც მერე ვეღარ გამოასწორებდა. უპირველესად გონება უნდა დავასვენოო, ასე იფიქრა. მერე ყველაფერს ახლიდან აწონ-დაწონიდა და რაღაც გამოსავალს გამოძებნიდა. გონების დასვენებას, რაღა თქმა უნდა, სიმყუდროვე ესაჭიროებოდა. სად უნდა ეპოვა აქ მყუდრო ადგილი პატარა ადამიანს?
მესამე სართული ბევრად ხმაურიანი იყო მეორეზე. მესამე სართულზე იყო განთავსებული დაწესებულების ადმინისტრაცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, პატარა ადამიანი მაინც იქითკენ გაემართა. საქმე ის არის, რომ მეორე სართულის სიღრმისკენ მიმავალი ერთადერთი დერეფანი სწორედ იმ ჯგუფს გადაეხერგა, რომელთა ლაზღანდარობამ ჯერ კიდევ პირველ სართულზე შეაკრთო ჩვენი გმირი. გზა რომ გაეგრძელებინა, მათ შორის უნდა გაევლო, ამას კი ძალზე ერიდებოდა, - ჯგუფში ხომ ერთი ახალგაზრდა, ლამაზი ქალიც ერია... და აი, მძიმედ შეუდგა ჩვენი გმირი მესამე სართულის გზას. რამდენიმე საფეხური რომ მოიტოვა უკან, მაშინღა გაიაზრა, საით ეჭირა გეზი - იქ, ზევით, ხომ ბევრად უარეს დღეში აღმოჩნდებოდა! და წამში თვალწინ წარმოუდგა მესამე სართულთან დაკავშირებული მისთვის მიუღებელი, ყოვლად გიჟური სცენები - ქაჯები და დევები აქ იყვნენ თუ იყვნენ. სხეულში ჟრუანტელად დაუარა ისე ბასრმა და მკვრივმა სიცივემ, რომ ლამის წონასწორობა დაკარგა და კიბეზე გაიშხლართა. ზედა სართულზე გამოჩენა უთუოდ მისი სასტიკი და სამუდამო დამარცხებით დაბოლოვდებოდა. ასე თავგზარეული ვერ მოახერხებდა თანამშრომლების წინაშე ხეირიანად თავის დაჭერას და რაღაც ისეთ შეცდომას დაუშვებდა, რომ სათქმელადაც ძნელია! არათუ სათქმელად, ამაზე გაფიქრებაც კი სახიფათო იყო ჩვენი გმირისთვის! თუმცა უკვე არც უკან დასაბრუნებელი გზა ჰქონდა საბრალოს - მეორე სართულზე თანამშრომელთა ჯგუფის გვერდით ხელახლა ჩავლას ცოცხალი თავით ვერ მოახერხებდა. ვერ მოახერხებდა, რადგან შიშობდა, ამ წინ და უკან სიარულით მათი ყურადღება არ მიექცია. ყველაზე მეტად იმას შიშობდა, გარეგნული აშლილობა შინაგანი აშლილობის გამოაშკარავების საბაბი არ გამხდარიყო. ეს კატასტროფა იქნებოდა პატარა ადამიანისათვის - არავის უნდა ენახა იგი ისეთი უმწეო და უსუსური, როგორიც სინამდვილეში იყო! ესე იგი, ისევ წინ, მესამე სართულისაკენ - უკან არ არის გზა! წინ კი ჯერ კიდევ მანძილია...
პატარა ადამიანმა კიბის კიდევ რამდენიმე საფეხური მოიტოვა უკან. მესამე სართული სულ უფრო ახლოვდებოდა. აჩქარება დაუშვებელი იყო და არც ჩქარობდა, რამდენადაც შეეძლო, იმდენად წელავდა ნაბიჯს... მიუხედავად ამისა, მესამე სართულამდე დარჩენილი მანძილი დაუნდობლად მცირდებოდა. აი, გველეშაპთა ციხის მთავარი სართულიდან ბუნდოვანი ხმები ჩაესმა ყურში და...
არა, მეტის გაძლება აღარ შეიძლებოდა! და რამდენიმე წამის უკან ნაფიქრი ყოველი აზრი პატარა ადამიანს თავში სულ სხვაგვარად ულაგდება: დაუშვებლად მიჩნეული უკან დაბრუნება უკვე მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად ეჩვენება - და მართლაც, რატომ უნდა ნიშნავდეს შუა გზიდან უკან დაბრუნება დამარცხებას ან რაღაც ამგვარს? რა, არ შეიძლება, ადამიანს გზად რაიმე გადავიწყებული გაახსენდეს და უკან გაბრუნდეს? საერთოდ, ყველაფერი შესაძლებელი და დასაშვებია, რასაც კი ადამიანი ჩვეულებრივად, თავისუფლად მოიმოქმედებს! და საფეხურებზე თანდათან შეჩერებული პატარა ადამიანი უბეში არაფერს (ჰო, ისევ არაფერს!) ეძებს და ვითომ რაღაც გადავიწყებულის გახსენებით უკან მიტრიალებას აპირებს, რომ უეცრად, ზურგს უკან, მეორე სართულის ბაქანზე მდგომი თანამშრომელთა ჯგუფის სიცილი ჩაესმის ყურში - ახალგაზრდა ქალის ხმა განსაკუთრებით გამოირჩევა... რა თქმა უნდა, ჩვენი გმირის უჩვეულო და ამავე დროს სრულიად ჩვეულებრივი საქციელის გამო არ იცინოდნენ, უბრალო დამთხვევა იყო ეს და სხვათა შორის, ჩვენი გმირიც მიხვდა ამას, მაგრამ ტანში მაინც ცივმა ქარმა დაუქროლა - ისევ ვერ შეძლო უკან ჩასვლა.
როგორც უნდა ემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, ეს ასე კი არა, ისე არისო, თავს ზევით ძალას მაინც ვერ პოულობდა და კიბეზე შტერივით რომ არ დაყუდებულიყო, ისევ ზედა სართულისკენ გააგრძელა გზა.
კიდევ ერთი უკან მოტოვებული საფეხური, ორი, სამი... მაგრამ ასე ხომ არ შეიძლება(!), ლამისაა იყვიროს პატარა ადამიანმა. ყველაფერი უარესობისაკენ მიდის! თვითონვე გაიფუჭა საქმე. ამჯერად უკან დაბრუნება გამორიცხულია - კიბეზე მეორედ შეჩერების შემდეგ ხომ ვერ ჩაუყვება უკან საფეხურთა წყობას! ამით ხომ მართლა ყველას ყურადღებას მიიქცევს - თვითონვე გასცემს თავის თავს!
მაგრამ... მაგრამ არაფერი აღარ იცის პატარა ადამიანმა. აღარ იცის და მაინც ზევით მიდის. მიდის მხოლოდ იმიტომღა, რომ ერთი წამის უკანაც ასე მიდიოდა და რამის შეცვლის უნარი აღარ გააჩნია - ადამიანები ხომ სახრჩობელაზეც თავისი ფეხით ადიან...
მეოთხე, მეხუთე, მეექვსე საფეხურიც უკან მოტოვებულია... ლამის გული გაუსკდეს პატარა ადამიანს და სწორედ ამ დროს, თითქოს რასაც განიცდიდა საკმარისი არ იყო, ახალი თავსატეხი დაემატა: მესამე სართულიდან, კიბეზე, ვიღაც ჩამოდიოდა. კიბე ხვეული იყო და ჩამომავალს ჯერ ვერ ხედავდა, მაგრამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის პაკაპუკით არ გასჭირვებია იმის დადგენა, რომ მისკენ ქალი მოემართებოდა. ქალის ყოველ ახალ, თანმიმდევრულად ჟღერად ნაბიჯში რაღაც გამოზომილი შეყოვნება იგრძნობოდა - რაც, ალბათ, მისი სიმკვირცხლემოკლებული რხევით თუ იქნებოდა გამოწვეული, ხანში შესასვლელად შემზადებულთ რომ შეეპარებათ ხოლმე. ქვის კიბიდან ასხლეტილი მკვეთრი ხმა ყოველ ახალ საფეხურზე ფეხის სწრაფსა და ენერგიულ დაშვებაზე მიუთითებდა - ეს კი ქალის არცთუ ისე ჰაეროვნების მომასწავებელი უნდა ყოფილიყო და ამასთან, ჩვენი გმირის აზრით, ეს სწრაფი, ენერგიული ნაბიჯები იმ ქალის სუფთა ქალურ, მედიდურობისა თუ თავაშვებულობის გავლენით შეძენილ სრულიად უკომპლექსო ხასიათზეც მიანიშნებდა - რაშიც, რაღა თქმა უნდა, ცხოვრებისაგან მიღებული დიდი გამოცდილების ხარჯზე გამომუშავებული სიმკაცრე და საერთოდ, სიმკაცრისადმი მისი სიმპათიაც გამოსჭვიოდა. ეს ხმა დაწესებულებაში კადრების განყოფილების უფროსის, ვნებიანი, ეშმაკივით მაცდური ქალის ნაბიჯს წააგავდა!  ამის შემდეგ მოვლენები კატასტროფული სისწრაფით განვითარდა. კადრების უფროს ქალს ჯერ ისევ კიბის კიდე ფარავდა. პატარა ადამიანს თვალწინ დაუდგა მისი გამყინავი, უაღრესად მომაკვდინებელი მზერა. თითქოს ხმაც კი ჩაესმა ამ ქალის, მისი უსაშველოდ ერთფეროვანი საყვედურნარევი სიტყვები: ”Ну вот, наконецჶто явился!” (აი, როგორც იქნა გამოჩნდა!).  ეს ქალი რატომღაც უმეტესად რუსულად ლაპარაკობდა: - ”Где ты до сих пор, знаешь ли который час?!” (სადა ხარ აქამდე?! იცი რომელი საათია?!) - ეს კი უკვე მეტისმეტი იყო! პატარა ადამიანი გაშრა, გაშეშდა. მხოლოდ თვალებსღა აცეცებდა აქეთ-იქით. არ არსებობს სიტყვები მისი მდგომარეობის გადმოსაცემად!
შემდგომი მოვლენები ისე რომ განვითარებულიყო, როგორც ეს პატარა ადამიანმა წამიერად ივარაუდა, რაღა თქმა უნდა, ჩვენ მოსათხრობი აღარაფერი დაგვრჩებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი სხვაგვარად აეწყო - ჩვენმა გმირმა თურმე ყველაფერი გააზვიადა: ზემოდან ჩამომავალი ქალი არ ყოფილა ის, ვინც მას ეგონა. მართალია, იმ ქალის სახეს (და ტანსაც, წვივების გარდა) ჯერ კიდევ კიბის კუთხე ფარავდა, მაგრამ შეუძლებელია, ჩვენი გმირი შემცდარიყო. ან როგორ შეცდებოდა, როდესაც კადრების განყოფილების უფროსს მარტო იმ მაღალი, ლამაზად თლილი წვივებით კი არა, ალბათ, ცალი თითის ფრჩხილითაც ნებისმიერ დროსა და გარემოებაში ამოიცნობდა. უბრალოდ, როგორც ყოველთვის, აღელვების გამო წინათგრძნობამ უმტყუნა.
პატარა ადამიანი მოსულიერდა. კიბის ზედა მხრიდან საშიშროება აღარ ელოდა, მაგრამ ახლა ქვედა მხარე რჩებოდა საეჭვოდ - იქ ხომ ძველებურად იდგნენ ”გველეშაპები”... ვინ იცის, შესაძლოა, ჩვენი გმირის უცნაურმა ქცევამ მათ საჭორაო საბაბი მისცა - პატარა ადამიანი დარწმუნებული იყო, რომ ისინი აკვირდებოდნენ. გულმა აღარ მოუთმინა და მზერა ქვევით, გველეშაპთა თავყრილობისაკენ გააპარა - ის დედალი გველეშაპიც მათ შორის იდგა... მაგრამ ჰოი საოცრებავ, არც იქაურობას გაუმართლებია ჩვენი გმირის მხუთავი ეჭვი - იქ, დაბლა, ყველა ერთმანეთით იყო გართული და პატარა ადამიანისათვის არავის სცხელოდა! ეს გარემოება იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენი გმირისთვის, რომ გონება ლამის ხელახლა აებნა, გაუჭირდა ამდენი სასიკეთო რამის ერთდროულად გადამუშავება და დაეჭვებულმა, თვალი ხომ არ მატყუებსო, კიდევ ერთხელ ახედა ჯერ ზემოდან ჩამომავალ ქალს, შემდეგ ქვემოთ თანამშრომელთა ჯგუფი გადაამოწმა. ყველგან მშვიდობა იყო. მშვიდობა იყო და სანამ კიდევ რაღაც სხვა უკუღმართი აზრი დაუტრიალდებოდა თავში, რისი საშიშროებაც თვითონაც იგრძნო, უკანმოუხედავად მოკურცხლა. სასწრაფოდ უნდა გასულიყო აქედან - იქვე, მისი სამსახურის მახლობლად მდებარე მყუდრო სკვერი ხომ მის მოლოდინში იყო...
ჩაქინდრული თავი პირველ სართულზე, გასასვლელ კართან მიახლოებისასღა ასწია და გასვლის ნაცვლად, თავისდა მოულოდნელად, ხელმარცხნივ, ტუალეტისკენ გადაუხვია. საქმე ის იყო, რომ ხალხისთვის თვალის არიდების ინსტინქტმა აიძულა, მორიდებოდა იმ ორ, სრულიად უცნობ ადამიანს, რომლებიც ის-ის იყო დაწესებულებაში შემოდიოდნენ. მოულოდნელობამ და ამით გამოწვეულმა დაბნეულობამ პატარა ადამიანს საფეთქლებში სისხლი აუდუღა. ერთადერთ გამოსავალს აქაურობის მიტოვებაშიღა ხედავდა და ესეც ვერ მოახერხა. ყველაფერი ერთდროულად მოაწვა ყელში, ლამის გულიც აერია.
რობოტივით მიაბიჯებდა არაფრით განადგურებული პატარა ადამიანი და მალე ტუალეტის წინკარში აღმოჩნდა. ერთ ალაგას შედგა და დაბნეული თვალებით იქაურობას დააცქერდა: მოთეთრო, ნესტიანი კედლები, ხელსაბანი და კაბინებისკენ მიმავალი ნახევრად ღია, ჩაშავებული კარი ცივი სიჩუმით შემოჰყურებდა. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, მაგრამ... ეს სად მოხვდა ჩვენი გმირი? იქ რა უნდოდა? საით გადმოისროლა ცხოვრების ნიავმა? სიმწრის ცრემლი მოადგა თვალზე. თუმცა საკმაოდ ბუნდოვნად რაღაც შვებისმაგვარიც იგრძნო, რადგან ირგვლივ აბსოლუტური სიმყუდროვე სუფევდა. გონებით კი ესმოდა, რომ ძალიან ცუდად ჰქონდა საქმე, მაგრამ ისე მწვავედ აღარ განიცადა - სიმყუდროვემ თავისი ქნა. პატარა ადამიანი მიხვდა, რომ სიმყუდროვე იყო სწორედ ის, რაც ახლა ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა. ის ტკივილი, წამის წინ თვალზე ცრემლი რომ მოჰგვარა, როგორღაც გაუქარვდა. საკმაოდ ამოუხსნელი, არაცნობიერი მდგომარეობა იყო ეს პატარა ადამიანისათვის და იმის შიშით არ შემომეფანტოსო, აღარ უცდია ამ მდგომარეობის დეტალურად გამოკვლევა - აღმოჩნდა ტუალეტში? ესე იგი, ასე ყოფილა საჭირო! კედელს მიეყრდნო, გაინაბა და ასე განაბულმა დაჰყო რამდენიმე ხანს, იქამდე, სანამ მისმა ამ უცნაურმა მდგომარეობამ თუ განწყობამ თავისთავად არ განიცადა სახეცვლილება, ნელ-ნელა განელდა იგი. სამაგიეროდ, ამასობაში შედარებით დამშვიდდა, უკვე აზრიც დაატანა თავის მდგომარეობას. სცადა სიღრმისეულად გარკვევა იმისა, რა გადახდა თავს და საერთოდ, რა ხდებოდა მის ირგვლივ.
საკმაო ხანი გავიდა. პატარა ადამიანს ისევ სევდანარევი ფორიაქი შემოაწვა - ტუალეტში უსასრულოდ გაჩერება არ შეიძლებოდა! მართალია, აქ სიმყუდროვე იყო, მაგრამ ეს ხომ, ბოლოს და ბოლოს, ტუალეტი იყო, ესე იგი, უქმად დგომისთვის მიუღებელი ადგილი! სასწრაფოდ უნდა ეღონა რაიმე! სასწრაფოდ? ოჰ, ჯანდაბა! ჩვენი გმირი ვერც აქაურობას მიატოვებს და ვერც უქმად დადგება - მორჩა და გათავდა! სულიერად დაღლილსა და დაქანცულს აღარც კი ეგონა, თუ კიდევ შეძლებდა საკუთარი თავისთვის რაღაც მოთხოვნების წაყენებას, მაგრამ ფაქტია, თავის თავთან უთავბოლო მსჯელობაზე დროულად წერტილის დასმით საკუთარი თავიც გააკვირვა და მგონი, იქაურობაც. ამის მერე, ცოტა არ იყოს, გული მიეცა - არ მიუტოვებია იქაურობა და არც უქმად დაყუდებულა - ონკანს მიუახლოვდა, წყალი მოუშვა, საგულდაგულოდ დაიბანა ხელები, შემდეგ ცხვირსახოცით შეიმშრალა. მერე წამით შეყოვნდა და ამის შემდეგ ისევ დაიბანა, ისევ შეიმშრალა... ბოლოს, ონკანის გადაკეტვის შემდეგ, როგორც განზრახული ჰქონდა, თავის ურთულეს მდგომარეობაში კიდევ ერთხელ, უკვე საბოლოოდ გარკვევა სცადა. გონება დაძაბა, მაგრამ არც ამჯერად გამოუვიდა რამე. როგორც ჩანს, ჯერ ისევ საკმაოდ იყო აბნეული. არა, ჯერ დაწყნარებაა საჭირო! უნდა დაწყნარდეს, ესე იგი, არაფერზე არ უნდა იფიქროს, მაგრამ ადგილსამყოფლით გამოწვეული უხერხულობის გრძნობა რომ არ აძლევს განტვირთვის, არაფერზე ფიქრის საშუალებას! ეგეც არ იყოს, ვინმემ რომ შემოუსწროს და ნახოს ასე უქმად მდგომი?! სწორედ ამ დროს გარედან რაღაც ხმაური შემოესმა და დამფრთხალმა, ვიღაც აქეთ მოდისო, ტუალეტის კაბინაში ამოყო თავი. იქ, მართალია, მთლიანად იზოლირებული იყო გარე სამყაროსგან, მაგრამ უხერხულობის გრძნობა ერთი-ათად გაუძლიერდა - წინკარისაგან განსხვავებით, აქ ხომ სრულიად სხვა დანადგარები იდგა!
არა, კაბინაში გაჩერება ნამდვილად შეუძლებელი იყო - სასწრაფოდ ისევ წინკარში, წინკარში სჯობია! ბოლოს და ბოლოს, კიდევ ერთხელ დაიბანს ხელებს. და ის იყო კაბინიდან გასვლა დააპირა, რომ უეცრად კარის ჯახუნი შემოესმა - ვიღაც შემოვიდა! დამფრთხალმა პატარა ადამიანმა მისდა უნებურად შარვლის ღილები გაიხსნა. საბედნიეროდ, არასასურველი სტუმარი მხოლოდ წინკარის მომსახურებას დასჯერდა. როგორც ჩანს, მხოლოდ ხელების დაბანა სურდა და ისე დატოვა იქაურობა, კაბინაში შებრძანებით არც თავი შეუწუხებია და არც იქ დამალული ადამიანი.
პატარა ადამიანმა შუბლიდან ცივი ოფლი მოიწმინდა. შვებით ამოისუნთქა. ახლა ერთი რამ სურდა - როგორმე წასულიყო აქედან! და აი, წინკარში გამოვარდნილი კარის სახელურს დაეჯაჯგურა, მაგრამ ხელი მიეყინა, კარის გამოსაღებად ძალა აღარ ეყო - წინ, კარის იქით, პირველი სართულის ფოიეში, ვინ იცის, რა ელოდება! იქნებ კადრების განყოფილების უფროსიც შეჰფეთებოდა. ამის გაფიქრებამ კიდევ გარკვეული ხნით დაათმობინა ტუალეტიდან გასვლის განზრახვა. კიდევ ერთხელ დაიბანა ხელები. იბანდა ნელა, ნაზად, საგულდაგულოდ, დიდხანს. წყალი ალერსიანად, ნაზად ეფერებოდა პატარა ადამიანის ხელებს და ირგვლივ სიჩუმე და სიმყუდროვე სუფევდა. პატარა ადამიანს წამით მოეჩვენა, რომ ეს დაუსრულებლად გაგრძელდებოდა - დაუსრულებლად. თითქოს სასიამოვნო ჟრუანტელმაც დაუარა ტანში, მაგრამ ამ დროს ფოიედან ვიღაცის ძახილი მოესმა. ვის უხმობდა ის ხმა, არ აფიქრებდა, უფრო ის აინტერესებდა, მართლა იმ კაცს ეკუთვნოდა თუ არა ხმა, ვისზეც იფიქრა. კიდევ ერთხელ მიაყურადა და - ჰო, ის არისო, სიხარულით ლამის იყვირა. ხმა ერთ მის თანამშრომელ ბიჭს ეკუთვნოდა, რომელსაც ჩვენ დაუსწრებლად ვიცნობთ და ერთხელ პატარა ადამიანის მფარველიც კი ვუწოდეთ. ამ ხმამ ჩვენს გმირს ყველაფერი გადაავიწყა - კეთილი ონკანის ამაგი, მისი სითბო. ისე მოსწყდა იქაურობას, არც კი გადაუკეტავს. გასვლისას კარი იმდენად ძლიერ გაიჯახუნა, კედლებმა ზანზარი დაიწყეს. ონკანი კი დარჩა თავისთვის, მარტოდმარტო, სევდიანად მოჩხრიალე და მასზე ზურგმინაქცევ ადამიანს კამკამა წვეთების სახით ცრემლი გააყოლა.

***
ტუალეტიდან სველი ხელების სამოსზე მშრალებით გამოვარდნილი პატარა ადამიანი გიჟივით მოჰყვა ყოველი კუთხე-კუნჭულის თვალიერებას - სადღაც მახლობლად უნდა ყოფილიყო მისი მფარველი, მისი უკანასკნელი იმედი. ერთი სული ჰქონდა, ეპოვა ის ბიჭი, რაიმე თბილი სიტყვა ეთქვა მისთვის, მოფერებოდა და მერე გულიც გადაეშალა, თავისი სატკივარი შეეჩივლა - ის გაუგებდა! მხარში ამოუდგებოდა! არ მიატოვებდა! სხვა ვინ გაუგებდა ჩვენს გმირს, თუ არა ის, მისი მფარველი! გაუგებდა და გადაარჩენდა კიდეც! გადაარჩენდა იმ თავისი შინაგანი უბრალოებით, რომელსაც ჩვენი გმირი ხედავდა ამ ადამიანში. არადა, წარსულში თავისი უმართავი ხასიათის გამო ამ კეთილ ადამიანთანაც უჭირდა ურთიერთობა - ეს რომ არა, აქამდე იმაზე მეტად დაახლოებული უნდა ყოფილიყვნენ, ვიდრე ამჟამად, მაგრამ არა უშავს, პატარა ადამიანი დღეიდან ამასაც გამოასწორებს - ასე ფიქრობს თვითონ.
მეგობრის ძებნაში ჩვენ გმირს უკვე ფოიეს ნახევარი გაევლო - ხან აქეთ აწყდებოდა, ხან იქით. განწყობა იმდენად გამოჰკეთებოდა, რომ ახლა კადრების განყოფილების უფროსიც რომ გადაჰყროდა, ვეღარას დააკლებდა. ძალიან ჩქარობდა პატარა ადამიანი, არც ერთი წამის დაკარგვა არ შეიძლებოდა - ახლავე უნდა ეპოვა ალალბედზე გამოჩენილი მეგობარი. თუ ვერ იპოვიდა, შესაძლოა, მისი გზა-კვალისთვის ვეღარ მიეგნო, რადგან დაუდეგარი ბუნებისა იყო ის ბიჭი. პატარა ადამიანისთვის რომ გეკითხათ, არც მეტი, არც ნაკლები, ნამდვილი დონ ჟუანი იყო - ოკეანეში მცურავი გემივით თავისუფალი ქალიშვილი გოგონებით სავსე ხან რომელ ოთახში ჩაუშვებდა ღუზას და ხანაც, რომელში. ამ ბიჭის თვისებები ხიბლავდა პატარა ადამიანს - ენამოსწრებული, მოლაზღანდარე, სპორტული აღნაგობის, მუშაობის დროსაც კი გამოწკეპილი და კოხტად დავარცხნილი. აი, ასეთი ყოჩაღი ბიჭი იყო ჩვენი გმირის მეგობარი. ძალიან უყვარდა მისი სასიყვარულო თავგადასავლების მოსმენა და ბიჭსაც (როგორც ბარონ მიუნ ჰაუზენის ბუნების მქონე ადამიანს) სიამოვნებას გვრიდა პატარა ადამიანთან საუბარი, რადგან მასზე უკეთესი მსმენელი ქვეყნად არავინ ეგულებოდა.
ფოიე რომ მოიარა, პატარა ადამიანი შიშმა შეიპყრო - ვერ აღმოაჩინა ის, ვისაც ეძებდა. გამასწროო, იფიქრა და მაშინვე, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, გუნება მოეშხამა. ერთხანს ხსნად ისევ იქაურობისგან გაცლა ეჩვენა, რაშიც ხელს უკვე აღარაფერი უშლიდა და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ იგი შენობიდან ქუჩაში გასხლტა - იქ, გარეთ, ბევრად უფრო მსუბუქად შეძლო სუნთქვა. პირი სკვერისკენ იბრუნა, მაგრამ უეცრად შედგა - გული მოულოდნელი სიხარულით აევსო - ქუჩაში, პირდაპირ დაწესებულების მძიმე კართან თავისი მეგობარი შემოეფეთა, ის, რომელსაც ეძებდა. საოცრება ის არის, რომ მეგობარი მარტო არ ყოფილა. მის გვერდით იყო მათივე თანამშრომელი, ისიც მათსავით დამხმარე მუშა, ჩვენი გმირისგან პირველზე არცთუ ნაკლებდაფასებული - დაბალი ტანის შავგვრემანი ბიჭი დონჟუანის გვერდით, ტროტუარზე ჩაცუცქულიყო. ისინი ხის მოზრდილ ყუთს დარაჯობდნენ, რომლითაც დაწესებულების სახელზე რაღაც ინვენტარი მოსულიყო და ამათ, როგორც დამხმარე მუშებს, მესამე სართულზე უნდა აეტანათ. პატარა ადამიანმა ზედ სულზე მიუსწრო, რადგან ყუთი საკმაოდ მძიმე ჩანდა და ორი კაცისათვის ძნელი იქნებოდა მისი მესამე სართულამდე ატანა - სამნი ამას უფრო იოლად მოახერხებდნენ.
ბიჭები ჩვეულებისამებრ თბილად შეხვდნენ. აი, პატარა ადამიანმა კი, გადააჭარბა - ჯერ ერთს გადაეხვია, მერე კი მეორეს. პირი რომ დააღო, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კაი ხანს აღარ გაჩერებულა - რას ყვებოდა, თვითონაც არ იცოდა, რაღაც-რაღაცები რამდენიმეჯერაც გაიმეორა, მერე, როგორც იქნა, დაწყნარდა, გონი მოიკრიბა. ბიჭებს მისი საქციელით განცვიფრება არ გამოუხატავთ. რომც გამოეხატათ, ჩვენი გმირი ისე იყო აღგზნებული, ამას მაინც ვერ შეამჩნევდა. საკმაო ხანი გავიდა. ამასობაში ამინდი ცოტათი შეიცვალა, წვიმამ წამოჟინჟლა და ყუთი სასწრაფოდ შენობაში შესატანი გახდა. აბა, წავიღეთო... - თქვეს და სამი ვაჟკაცი ყუთს შეეჭიდა! ამ ყუთს მარტო პატარა ადამიანიც მოუგრეხდა ურჩ კისერს! დიახ, ეს გაზვიადება არ არის - პატარა ადამიანს ასე სჯეროდა. მეგობრებთან შეხვედრით მოზღვავებული ძალა აძლევდა ასეთი რწმენის უფლებას. იქნებ მთაც კი გადაებრუნებინა - უბრალოდ, საჭიროებას ვერ ხედავდა ამისას... და მთაც, ალბათ, მისგან შეშინებული, იქ ახლომახლო არსად ჩანდა. ასეთი უზარმაზარი ძალის პატრონს ახლა თავშეკავებაც მართებდა და პატარა ადამიანი არც მთას უბრიალებდა თვალს და არც ზღვას, ყუთზე ჰქონდა მთელი გულისყური გადატანილი. ლამის გულამდე აეტაცა და კიდევ ზევით ექაჩებოდა, გეგონებოდათ, ცაში უნდა აისროლოსო. დაუზოგავად ხარჯავდა ძალას, წარმოუდგენლად იძაბებოდა, ილაჯს იწყვეტდა და რატომღაც მაინც არ იყო თავისი თავით კმაყოფილი. ”მეტი! მეტი!” - იმეორებდა გულში და მართლაც, ვინ იცის, რა მარაგიდან, მეტსა და მეტ ძალას იკრებდა. ყველაზე საკვირველი ის იყო, რომ დაღლას ვერ გრძნობდა. პირიქით, რაც უფრო აწვებოდა მის მკლავებს ტვირთი, მით მეტად ემატებოდა ენერგია, მით უფრო ცოცხლად მიიწევდა წინ - მესამე სართულისაკენ!

***
უცნაურია ცხოვრება. ის არ არის ისეთი, ერთს რომ ჰგონია და არც ისეთია, ბევრს რომ ჰგონია - ცხოვრება ისეთი არის, როგორიც არის! რომ არა ეს ჯადოსნური ყუთი, პატარა ადამიანი დაწესებულების მესამე სართულზე ვერ ავიდოდა. იქ, სადაც ცოტა ხნის წინ სცადა ასვლა და დამარცხებული შუა გზიდან უკან დაბრუნდა. უეჭველია, პატარა ადამიანი ყუთს მიჰყავდა წინ და თვითონ არ მიჰქონდა! ახლა გზა ხსნილი ჰქონდა, აღარ აშინებდა ყველაზე ხალხმრავალი, ხმაურიანი მესამე სართული. სხვა დროს კი, ამ ტერიტორიაზე მოხვედრილს, ხელჶფეხი სად წაეღო, არ იცოდა. თანამშრომელთა წინაშე სათანადოთ თავის დაჭერა რომც მოეხერხებინა, სიტყვის თქმას მაინც ვერ ახერხებდა და ამით, თავის თავზე მეტად სხვას აგდებდა უხერხულ მდგომარეობაში. იქნებ სხვას სულაც არ ეპიტნავებოდა მასთან საუბარი, მაგრამ მაინც თავაზიანად ექცეოდა და... და, რა? არაფერი! რით პასუხობდა მას პატარა ადამიანი? არა, არავის აქვს უფლება, საზოგადოებაში საყოველთაოდ მიღებულ ქცევის ნორმებს გადაუხვიოს!
ოჰ, რა კარგია, რომ პატარა ადამიანს სამუშაო გამოუჩნდა! როდესც ადამიანი მუშაობს, მასში სიცოცხლე იღვიძებს, წუხილის, სევდის დრო აღარ რჩება, ერთი სიტყვით, მკვდარი სული აღარ არის. განა აუცილებელია, ადამიანმა მაინცდამაინც ალესილი ენის მეშვეობით გამოიჩინოს თავი და ირგვლივ მყოფებს თავისი არსებობა შეახსენოს?! არა, თუკი მას ესეც ეხერხება, კარგია, მაგრამ სავალდებულო ნამდვილად არ არის. იყოს კაცი თავისთვის, თუნდ სრულიად ჩუმად, ოღონდ ქანდაკებასავით გაშეშებული ნუ მიიპყრობს სხვების ყურადღებას, ნუ შეაწუხებს მათ, ხასიათს ნუ წაუხდენს. თუ გნებავთ, ანგარიშის გაწევა უწოდეთ ამას. არავის აქვს უფლება სხვის განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს! სწორედ ასე ფიქრობდა პატარა ადამიანი. ფიქრობდა ყოველთვის, ახლაც და ადრეც, მაშინ, როდესაც თვითონ აღმოჩნდებოდა მსგავს სიტუაციებში, წყეული ”ქანდაკების” როლში. წვალობდა ხოლმე, განიცდიდა, მაგრამ რა... არაფერი იცვლებოდა ამით.
დღეს პატარა ადამიანი ამ კოშმარისაგან დაზღვეული იყო - მას სამუშაო გამოუჩნდა! მართალია, ყუთის მესამე სართულზე ატანას არცთუ დიდი დრო სჭირდებოდა, მაგრამ სანამ ამ ყუთს გახსნიდნენ, ამოიღებდნენ იმას, რაც შიგ იდო და თავის ადგილს მიუჩენდნენ, ესე იგი დაამონტაჟებდნენ, კარგა ხანი გავიდოდა. ამასობაში იქნებ სამუშაო დღეც გასრულებულიყო! არ გასრულდებოდა და იქნებ კიდევ სხვა სამუშაოც გამოჩენილიყო.
სხვა სამუშაო... ოჰ, როგორ უყვარდა პატარა ადამიანს მუშაობა! ერთთავად საქმის გამოჩენას ელოდებოდა - წამებს ითვლიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად უქმად ყოფნა უწევდა. ხანდახან ერთ საწერ მაგიდას ან სხვა რაიმეს თუ გაიტანდნენ ოთახიდან ოთახში, სართულიდან სართულზე აანაცვლებდნენ. ამასთან, წინასწარ არავინ იცოდა, დღის რომელ მონაკვეთში გამოჩნდებოდა საქმე. ასეთ დღეებში უჭირდა ჩვენს გმირს - ლოდინი აუტანელი იყო მისთვის. იმდენად აუტანელი, რომ სამსახურზე თავის არიდება ჩვევად ექცა - განა მარტო აგვიანებდა სამსახურში მისვლას, ხშირად მისულიც გაპარულა. ეჰ, იმ კადრების უფროსს, მკაცრ ქალს, ჩვენს გმირს გაცდენებისათვის საყვედურებით რომ ავსებდა, წამით მაინც შესძლებოდა თავისი მსხვერპლის წრფელ, ალალ გულში ჩახედვა! ბევრს არაფერს, მაგრამ იმას კი დაინახავდა, საქმეზე რა თავის ამრიდებელიც იყო პატარა ადამიანი! მიათრევდა ყუთს მესამე სართულისკენ ბიჭებთან ერთად და სიხარულით მეცხრე ცაზე იყო. კიდევ კარგი, არ გაასწრო ბიჭებს, კიდევ კარგი, შესასვლელშივე რომ შეხვდა! მაშინ ხომ ყველაფერი წყალში  ჩაეყრებოდა. ხელიდან გაუსხლტებოდა ისედაც ალალბედზე გამოჩენილი საქმე. ამ ყუთის, ამ კარგი ყუთის წყალობით მესამე სართულს კი არა, მგონი, ცხრა მთასა და ცხრა ზღვასაც გადაივლიდა ჩვენი გმირი! სიმყუდროვის საძიებლად იმ მაცდურ სკვერში შესულს, როდის ერთხელ მოუხერხებია იქაურობის თავის დროზე მიტოვება, რომ დღეს მოეხერხებინა? არა, არა, იქ გაფანტული დროით ყველაფერს, საერთოდ, ყველაფერს დაკარგავდა! ამის გაფიქრებაც კი ზარავდა პატარა ადამიანს. იქნებ ახლა მაინც განეხორციელებინა დილანდელი იდეა - იდეა ხალხთან მეგობრობისა! მთავარი მაინც იმედის დაბრუნება იყო!
მეორე სართულის კიბის ბაქანზე მძიმედ ფეხშედგმულ სამეულს თანამშრომელთა ჯგუფმა, რომელშიც ის ახალგაზრდა, ლამაზი ქალი ისევ ერია, გზა დაუთმო ზედა სართულისაკენ მიმავალთ. რა თქმა უნდა, ეს არ დარჩენია ჩვენს გმირს შეუმჩნეველი - ესე იგი, გაუზვიადებელი. მას ხალხი გზას უთმობს! ხედავენ! ანგარიშს უწევენ როგორც პიროვნებას! რა ბედნიერებაა! რა ლამაზია ცხოვრება!
ასე იყო: ყველაფერს ხედავდა და ყველაფერს გრძნობდა პატარა ადამიანი, მაგრამ მისი გულისყური ყველაზე მეტად მაინც მესამე სართულისაკენ მიმავალ საფეხურებს ჰქონდა მიპყრობილი. გამარჯვებაში დარწმუნებული თითქოს შესძახოდა კიდეც იქაურობას - აბა, დამიდექიო! თავი უკვე იქ, მესამე სართულზე მყოფი წარმოედგინა, მაგრამ... მაგრამ ბრძოლისთვის ასე მხნედ განწყობილს მაინც მოუხდა მეორე სართულზე შეყოვნება - ბიჭები დაღლილიყვნენ ტვირთის თრევით, დავისვენოთო, თქვეს და ყუთი ძირს დაუშვეს. რა უადგილო იყო პატარა ადამიანისათვის ეს შესვენება, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, ჩვენი გმირი ბედს შეეგუა.

***
დაწესებულებაში თამბაქოს მოწევა არ იკრძალებოდა. ამ მხრივ, ერთადერთი, რაც თანამშრომლებს ევალებოდათ, ნამწვავების სანაგვე ყუთში ჩაგდება იყო, რათა იქაურობა ერთ დიდ საფერფლეს არ დამსგავსებოდა. პატარა ადამიანი არ ეწეოდა სიგარეტს. აი, მის მეგობრებზე კი ასეთი რამის თქმა მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლებოდა, ნაწილობრივ, რადგან ისინი არ ეწეოდნენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარს - რაც შეეხება სხვისას, სიამოვნებით უქიშინებდნენ.
- სიგარეტი არა გაქვს? - სასხვათაშორისოდ დაეკითხა დონ ჟუანი შავგვრემანს და იმწამსვე თავისი ჩვევის - ერთთავად თამბაქოს უქონლობის გამო, ცოტა დაირცხვინა და გაეღიმა.
შავგვრემანსაც გადაედო მისი ღიმილი, რადგან სიგარეტი, რა თქმა უნდა, მასაც არ ჰქონდა. სულ მალე ეს, ტვირთის თრევისგან ილაჯგაწყვეტილი ადამიანები რაღაც მსუბუქმა, უშინაარსო მხიარულებამ მოიცვა - გეგონებოდათ, ის მძიმე ყუთი მათი კი არა, სხვისი სათრევი ყოფილიყო. მერე და მერე სულ აიშვეს თავი: დონ ჟუანმა შავგვრემანს მუჯლუგუნები უთავაზა და ლამის ჩვენი გმირიც აიყოლია. ჩვენი გმირი მეგობრებთან ერთად გულიანად იცინოდა.
ბიჭებმა სიგარეტი იქვე მდგომ თანამშრომლებს გამოართვეს და როცა სიამოვნებით გააბოლეს, მაშინღა გაახსენდა პატარა ადამიანს, ამ დილით თაიგულიან უცნობთან თავს გადამხდარმა ისტორიამ რომ ერთი ღერი სიგარეტით დააჯილდოვა. უკეთესს ვის გაუმასპინძლდებოდა, თუ არა მეგობრებს! იმწამსვე გულის ჯიბეზე იტაცა ხელი, მაგრამ მაშინვე ისიც გაახსენდა, რომ ახლა უკვე უხერხულიც კი იყო გამოჩენა. გული დასწყდა და ბრაზიც მოერია თავის გულმავიწყობაზე. თუმცა მაშინვე იმასაც მიხვდა, რომ საგანგაშო არაფერი მომხდარა - მით უმეტეს, რომ ბიჭები სიგარეტს უკვე აბოლებდნენ, თან ისევ მხიარულად ელაზღანდარებოდნენ ერთმანეთს.

***
ყველაფერს თავისი დრო აქვს - თუ დაიწყო რამე, ის უნდა დამთავრდეს კიდეც. და აი, ბიჭების მხიარულებამ თანდათან განელება იწყო - დაღლილობა თითქოს ახლაღა მოაგონდათო. სიტუაციას დაეტყო, რომ მათი წუთშესვენება ნელ-ნელა იკრებდა ძალას. პატარა ადამიანმა მაშინვე იგრძნო ეს და მიხვდა, რომ მეორე სართულზე კიდევ კარგა ხნით შეყოვნდებოდნენ. რა თქმა უნდა, არ ესიამოვნა - ეს არ ეთავსებოდა მის ოპტიმისტურ სულისკვეთებას, მაგრამ რას გააწყობდა! მართლა მარტოკა ხომ არ აათრევდა ყუთს ზევით?! და საკუთარი უძლურების შეგრძნებამ თითქოს მოთენთა. საკმაოდ არასასიამოვნო აღმოჩნდა პატარა ადამიანისათვის ეს გრძნობა, უფრო მეტად კი მისმა უადგილობამ შეაწუხა. მიხვდა, თუ დაჰყვებოდა მოთენთილობას, კარგს არაფერს მოუტანდა - გამოფიტავდა, ისევ სუსტ, უმწეო ადამიანად გადააქცევდა და მთელი ძალისხმევით შეეწინააღმდეგა მას.
მოთენთილობას მუშტების ქნევით რომ ვერ დაამარცხებ, პატარა ადამიანმა კარგად იცოდა და მოქმედებას არა ფიზიკურად, არამედ თავის ფიქრებში, წარმოსახვით სამყაროში შეუდგა. ოცნებაში ჩაიძირა: ხან მესამე სართულისაკენ გაექცა ფიქრი - თანამშრომლებთან სრულაიდ თავისუფალი, მეგობრული დამოკიდებულების დამყარების იმედით იწყო ტკბობა; ხან თავისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს გადაუფრინა, კეთილ მეზობელთან განცდილი სასიამოვნო გრძნობის გასაახლებლად; ხანაც უფრო შორს გაიქროლა, ახალი სივრცეებისაკენ გაშალა ფრთები, შემდეგ უკან დაბრუნდა. ერთი პირობა იმ თაიგულიან ბიჭთან შეხვედრისას თავს გადამხდარ თავგადასავალსაც ჩაუქროლა, მაგრამ მხოლოდ ჩაუქროლა და მეტი არაფერი! განა თავი აარიდა მის მოგონებას, უბრალოდ, ყოველი შემთხვევისათვის მოიქცა ასე - თორემ ისე... მოკლედ, მას ამ უკანასკნელ შემთხვევაზე მეტი აღარ უფიქრია - სხვა მიმართულებით გააგრძელა ფრენა.
და დაფრინავდა იგი, იკარგებოდა უკიდეგანო სივრცეში. ბოლოს, მისი ათას მხარეს გაფანტული ყურადღება რაღაც ერთმა, კონკრეტულმა რამემ მიიპყრო, საკმაოდ ბუნდოვანმა, ერთი შეხედვით გამოუცნობმა რამემ. ეს ”რამე” არ იყო ფიქრის, წარმოსახვის წიაღიდან გამოსული, ეს იყო რაღაც კონკრეტული ნივთი თუ სხეული, რომელსაც პატარა ადამიანის გაბრუებული მზერა მიეტაცებინა და თავისი არსებობით ჩვენი გმირისთვის რაღაცის შეხსენებას ცდილობდა. რა იყო ეს ”რამე”? პატარა ადამიანმა მზერას თითქოს ფოკუსი გაუსწორა და მიხვდა, რომ თურმე კიბის მოაჯირს მისჩერებოდა. ძლიერ ეუცნაურა, ასეთმა წვრილმანმა როგორ წამართვა ყურადღებაო და უფრო გულისყურით დააჩერდა მოაჯირს. იფიქრა, აქ აშკარად რაღაც სერიოზული, ძალზე მნიშვნელოვანი რამ იმალებაო და სცადა, ამოეხსნა ეს ”საიდუმლო”, გამოეგლიჯა საკუთარი ქვეცნობიერისთვის საჭირო ინფორმაცია. დიდხანს იჭყლიტა გონება, ამაოდ აწვალა მეხსიერება - არაფერი გამოუვიდა. გეგონებათ, თავისივე თავი დასცინისო, ამხელა ინტელექტუალური გარჯის ფასად მოაჯირთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი, სრულიად ელემენტარული აზრი ამოუტივტივდა თავში - გაახსენდა თავისი ძველებური ერთჶერთი ჩვევა. თვითონაც არ იცოდა, წინათ, ამ საფეხურებზე ასვლა-ჩასვლისას, ერთთავად რატომ გაურბოდა მოაჯირისკენ ხელი. ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა, თითქოს თავს სწორედ მისი საშუალებით იმაგრებდა. თანაც, თუკი დაინახავდა, რომ კიბეზე მის საპირისპიროდ რომელიმე ისეთი თანამშრომელი მოემართებოდა (მით უმეტეს, თუ ეს თანამშრომელი ახალგაზრდა ქალი იყო), რომელსაც შედარებით ახლოს იცნობდა და თავს ვალდებულად თვლიდა, მისალმებოდა, მაშინ სხეულის საშინელი გრეხით მთელი სიმძიმით მას (მოაჯირს) აწვებოდა და... - ნეტა ამ ახალ ცხოვრებაშიც თუ გამოჰყვა ეს ჩვევა? - როგორღაც უცნაურად ამოუტივტივდა პატარა ადამიანს თავში ეს კითხვა და მაშინვე ღიმილი მოერია, რაებს ვფიქრობო, თუმცა წამსვე შეეცვალა აზრი. რატომაც არ შეიძლება ასეთ რამეებზე ფიქრი? ყველაფერი ეს, რამაც ეს წუთია ჩვენი გმირი გაიტაცა, ხომ უბრალო, პრიმიტიული საკითხებია და ისიც ხომ ცნობიერებაში სწორედ იმავეს, პრიმიტიულობას, უბრალოებას ეძებს! რად უნდა პატარა ადამიანს დამღუპველი სირთულე? რასაც ეძებდა, სწორედ ის უპყრია ხელთ. ასე რომ, თავისუფლად შეიძლებოდა იმავე საკითხებზე, სწორედ ასეთსა და სხვა ამისმაგვარ პრიმიტიულობებზე საკუთარ თავთან მსჯელობა და ფიქრი! ჰოდა, იდგა ჩვენი გმირი კიბის მოაჯირთან და ფიქრობდა, წუთი კი წუთს მისდევდა...

***
ვინ იცის, ნაადრევი იყო თუ ნაგვიანები, მაგრამ ეს კი მოხდა, რომ პატარა ადამიანი თანდათან დაცხრა. ლაღი ფიქრისგან მინიჭებულ სიამოვნებას როგორღაც შეეჩვია, გაუშინაურდა, გაიუბრალოვა. ახლა მისთვის ოცნება თითქოს მოსაწყენიც გახდა. ამასობაში კი იქ, სადაც პატარა ადამიანი და მისი ორი დაქანცული მეგობარი სულს ითქვამდნენ, ერთი შეხედვით ყველაფერი კვლავინდებურად, სრულიად ჩვეულებრივად იყო - შავგვრემანი ყუთზე ქათამივით ჩამომჯდარიყო და თავჩაქინდრული მარცხენა ხელის ნეკზე წამოზრდილ ფრჩხილს უაზროდ აწვალებდა. დონ ჟუანი კი თამბაქოს მკრთალ კვამლში გახვეული, უხმოდ, ბიჭებისაგან ზურგშექცევით კიბის მოაჯირს გადაყრდნობოდა და ქვედა სართულზე მდგომ, ვიღაც უცხო ბიჭთან კეკლუცად მოსაუბრე ახალმიღებულ თანამშრომელ ჯიშიან გოგოს უგროშო მუშტრის მზერით ფარულად თვალს ადევნებდა. არც იქვე მახლობლად მდგომ თანამშრომელთა ჯგუფს გამოუცოცხლებია იქაური ერთფეროვნება რაიმე გამორჩეული ქცევით, თუკი მაინცდამაინც მხედველობაში არ მივიღებთ იმ უმნიშვნელო ცვლილებას, რომელიც მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ორი კაცი გამოაკლდათ და თითქოს სწორედ მათ სანაცვლოდო, ამდენივე შეემატათ. სხვათა შორის, ის ახალგაზრდა ქალი, რომელიც მათში ერია, დაზუსტებით ვერ ვიტყვით (რადგან პატარა ადამიანი მისგან ზურგშექცევით იდგა და ვერ ხედავდა) მგონი, ისევ იქ დარჩა. რატომღაც აღარ დაინტერესებულა ამ ქალის იქ ყოფნა-არყოფნით ჩვენი გმირი - შესაძლოა, მისი იქ ყოფნა იმდენად აღარც კი აღელვებდა. რაღაც სხვანაირი გრძნობა, სხვანაირი განწყობა შემოსწოლოდა ამ დროს პატარა ადამიანს. იდგა წინანდებურად კედელს მიყრდნობილი, თვალებით იატაკს ჩაშტერებოდა და რაღაცაზე ფიქრობდა. მხოლოდ სახე ჰქონდა წინანდელისაგან განსხვავებით უფრო პირქუში და მის თვალებშიც სევდა იკითხებოდა. და ამ დროს ის განიცდიდა მართლაც რაღაც ძალზე უცნაურს, ქვეცნობიერს, თავადაც რომ ვერ ხვდებოდა, რას. იმდენად ვერ ხვდებოდა, რომ შიგადაშიგ იმაშიც ეპარებოდა ეჭვი: საერთოდ განვიცდი კი რამესო, მაგრამ მეორე წამს ისევ რწმუნდებოდა განცდილის რეალობაში და ეჭვის ნატამალიც აღარ რჩებოდა. ერთადერთს, რასაც შედარებით აშკარად გრძნობდა, ის იყო, რომ ეს მისი მდგომარეობა ვიღაცაზე თუ რაღაცაზე, უეჭველად გარეშეზე იყო დამყარებული და იქიდან იმართებოდა. თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ ირგვლივ (ეგრეთ წოდებულ - არა თავის თავში) ყველაფერი კვლავინდებური, უცვლელი, ისეთივე ჩვეულებრივი იყო, როგორც მანამდე და მისი ანგარიშით, არაფერს არ უნდა მოექცია თავისი ზეგავლენის ქვეშ მისი კატასტროფულად მოდუნებული არსება, მაგრამ... მაგრამ მაინც რაღაც სხვაზე, გარეშეზე დამოკიდებული ხდებოდა, მასში იძირებოდა, მთელი არსებით ერწყმოდა მას. იმდენად უჩვეულო (და იქნებ - არაადამიანურიც კი) გრძნობა იყო ეს, რომ ასე ეგონა: ნორმალური ადამიანური გრძნობებიდან მხოლოდ ერთს - მსუბუქი თავბრუსხვევის შეგრძნებასღა განვიცდი და სხვა ყველაფერი არამიწიერი განცდააო. მერე და მერე პატარა ადამიანს ისიც კი მოეჩვენა, რომ სამყაროს იმ ნაწილს, რომელშიც იმყოფებოდა, რაღაც გულისწამღებად ზანტი, უსიცოცხლო გრძნობებისაგან შეთხიპნილი ყრუ, უფერული ბურუსი და სივრცეში დარხეული მძიმე, თუმცაღა ოდნავ გასაგონ ხმაზე ჟღერადი, კიდევ უფრო გულის წამღები მელოდია გადაეფარა, უფრო ყრუ კივილს რომ ჩამოჰგავდა და სამყაროს ბუნდოვან უსასრულობაში იძირებოდა. უსასრულობის შეგრძნებას წააგავდა ეს ¬- სიცარიელე... სიცარიელე... სიცარიელე... და რა მარტო და მივიწყებული ხარ ამ დროს! მარტო და მივიწყებული - თვითონაც არ იცი, რატომ ან ვისგან!
თანდათან ამ უცნაურმა გრძნობამ თუ შთაბეჭდილებებმა პატარა ადამიანს (რა თქმა უნდა, ისევ ქვეცნობიერად, მაგრამ როგორღაც უკვე მაინც აშკარად) რაღაც გამოუცნობი რამის, რომელიღაც კონკრეტული მოვლენის მოახლოება ამცნო - მოდუნებული, თითქოსდა სამუდამოდ გაერთფეროვნებული გარემო რაღაცით უნდა გამოცოცხლებულყო. რაღაც სერიოზული სიახლე, ცვლილება უნდა შესულიყო მასში - (ასეა, სიცოცხლისათვის სიკვდილით ემზადება ხოლმე სამყარო...) და ეს სიახლე პირადად პატარა ადამიანს, უშუალოდ მის ბედ-იღბალს უნდა შეხებოდა, ოღონდ იმას კი ვერ მიხვდა ჩვენი გმირი, მაინცდამაინც პირადად მას რატომ უნდა შეხებოდა მოახლოებული მოვლენა - (რას იზამ, ფეთიანია ადამიანის წინთაგრძნობა...) - და მსუბუქმა, თითქმის შეუმჩნეველმა ფორიაქმა აიტანა. გაუკვირდა კიდეც საკუთარი თავისა - გეგონებოდათ, მართლაც შეგუებული იყოო იმ აზრს, რომ ასეთ უცნაურ გარემოებაში არც კი უნდა გამოვლენოდა სხვადასხვა ადამიანური გრძნობა თუ თვისება. ძლიერ ჩააფიქრა ყველაფერმა ამან, კედელს მიყრდნობილი შეირხა კიდეც - საყრდენი ფეხის გამოცვლა უნდოდა და უეცრად, თითქოს გამოერკვაო, ძლიერ ემძიმა თავისი მდგომარეობა. ახლა უფრო აშკარად, უკვე ფიზიკურად იგრძნო იმ რაღაც მოსახდენის მოახლოება, რომელიც პირადად მას, მის ბედ-იღბალს უნდა შეხებოდა.
ძნელია, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ რაღაც გაურკვეველი რამ უნდა მოხდეს მის თავს და ამ მოსახდენის წინაშე უძლურია - ვერაფერს შეცვლის, რადგან დაახლოებითაც არ იცის, რასთან აქვს საქმე, რა უნდა მოხდეს, რას ელოდება! მოსალოდნელი ცვლილების მოლოდინი მერე და მერე ავისმომასწავებელ აზრად აეკვიატა ჩვენს გმირს და თითქოს განგებო, ადვილად რომ გაეტეხა ეს საწყალი, წინასწარვე სულიერად დაასუსტა, ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ თავი ვეღარ დაეცვა უბრალო წვრილმანისაგანაც კი. გონება დაებინდა, აზრი გაეყინა თავში. მართლაც რაღაც ახლოვდებოდა, რაღაც მოხდებოდა - ასე სულიერად დასუსტებულს ხომ სულ უბრალო რამ, ნიავიც იოლად წააქცევდა, დაამარცხებდა! და აი, სულ მცირე ხანში, ბედისწერამ იგი (უკვე ყოვლად შემზადებული ადამიანი) კიდევ ერთი, უსაფუძვლო ტკივილით დააჯილდოვა - მესამე სართულზე, ზედ ჩვენი ბიჭების თავზე მეხივით დაიგრიალა დაწესებულების უფროსის ნერვიულმა ხმამ და იქაურობას დამანგრეველ ექოდ მოეფინა.
- აა, აქ ყოფილა! - ეს სიტყვები ჩვენმა გმირმა ლამის ხმამაღლა გამოსცრა და მთელ სხეულში ერთიანად დაუარა ტკივილმა. უკიდურესად დაიბნა და სანამ იმას მოიფიქრებდა, რა უნდა მოემოქმედებინა, მკაცრი, ბრაზიანი ჭაღარა ადამიანის სქელსათვალიანი სახე ქვევით მომავალი კიბის საფეხურებზე წამოელანდა - დირექტორი ძირს ეშვებოდა!
ეს კაცი თავისი სიმკაცრით ბევრად აღემატებოდა კადრების განყოფილების უფროს ქალს. განსხვავება ის იყო, რომ იგი არ ემტერებოდა პატარა ადამიანს - ის ძალზე პატარა თევზი იყო მისთვის. შესაძლოა, სახეზეც არც იცნობდა ჩვენს გმირს. თუმცა ჩვენი გმირი იმდენად იყო აფორიაქებული, რომ ახლა ვინმეს ვინმესთვის თითი რომ დაექნია, ამას დაუფიქრებლად თავის თავზე მიიღებდა. და აღარც არის გასაკვირი, რომ პატარა ადამიანი ძალზე დააფრთხო დირექტორის გამოჩენამ. შიშისაგან თვალები გაუფართოვდა.
ეს ციდან ჩამოვარდნილი კაცი (თუმცა ციდან ჩამოვარდნილს კი არა, ქვესკნელიდან ამომხტარს უფრო ჰგავდა) მართლაც პატარა ადამიანისაკენ მოიწევდა: უნდა შეეჭამა! შეესანსლა! გადაეყლაპა! საწყალი მსხვერპლი თვალებდაჭყეტილი ელოდა თავის აღსასრულს! მაგრამ... მაგრამ აქ, რა თქმა უნდა, უმტყუნა პატარა ადამიანს ავმა წინათგრძნობამ: ბრაზიან უფროსს იგი არც შეუჭამია, არც შეუსანსლავს, არც მისი გადაყლაპვა უცდია და საერთოდ, ყურადღებაც არ მიუქცევია მისთვის. უბრალოდ, გზად ერთი კიდევ დაიღრიალა რაღაც და ისე ჩაუარა, გეგონებოდათ, ამ ერთი წამის უკან მისი შესანსვლა ფიქრადაც არ ჰქონიაო. ამის შემდეგ ჩვენმა გმირმა ოდნავ მოითქვა სული და მეტ-ნაკლებად გამოერკვა. უფროსობის გამოჩენით პატარა ადამიანისამებრ დამფრთხალი ბიჭები ზედა სართულზე ასატან ყუთს უკვე ჩასჭიდებოდნენ და მის დასაძრავად ჩვენი გმირის წაშველებასღა ელოდნენ. რა თქმა უნდა, პატარა ადამიანმა არ დაახანა და ტვირთი ზედა სართულისაკენ მიმავალ გზას გაუყენეს.
დაწესებულების ერთფეროვანი ყოფა ”მკაცრი უფროსის” ხანმოკლე გამოჩენამ რაღაც ხნით გამოაცოცხლა, მაგრამ ეს გამოცოცხლება მალევე ჩაკვდა. ახლა თანამდებობის პირის გავლენა სივრცეში დამკვიდრებული იმ წამიერი სიჩუმითღა იგრძნობოდა, რომელმაც გამოააშკარავა მანამდე შეუმჩნეველი გაბმული შრიალი - დიდი კანცელარიის ხმა. თითქოს ყურებმა დაისვენესო, უფრო სწორად, მაშინღა იგრძნეს, რომ უნდა დაესვენათ. მაგრამ, არა! ეს დასვენება რაღაცით ადამიანის მიერ ფილტვების წამიერად დასვენების არასასიამოვნო მცდელობას უფრო წააგავდა. ამ დროს ადამიანის ინერციულობით განებივრებული შეგრძნება ფორიაქდება, მას რომელიღაც ერთი, თითქოს უმნიშვნელო ელემენტი აკლდება და ამით, მთლიანობაში, ყველაფერი ირღვევა: შეგუებულს შეუგუებელი ცვლის. ადამიანი შინაგანად უკმაყოფილებას განიცდის - შეგრძნება წამიერად მოითხოვს ყოველივე შეგუებულის აღდგენას, დაბრუნებას და ყურებშიც პროტესტის ნიშნად მძიმე სიცარიელის არასასიამოვნო შეგრძნება ისადგურებს. მართალია, ამ ახალ, შეუგუებელ ატმოსფეროს თუ გარემოს ადამიანი მალე შეეგუება, მაგრამ კიდევ უფრო მცირე ხანი უწერია თვითონ მის (შეუგუებლის) ხანგრძლივობას და მის ადგილს ისევ მისი წინამორბედი (შეუგუებელი) იჭერს - ანუ დიდი კანცელარიის ხმა ბრუნდება. სივრცე ჩვეული გუგუნით ივსება. რამდენიმე წამიც და, მრისხანე დირექტორი მთლიანად ამოვარდნილია დაწესებულების რეალობიდან  - ყველაფერი თავდაპირველ ყოფას საბოლოოდ უბრუნდება.

***
მესამე სართულის საფეხურებზე ბიჭებს უფრო მეტად გაუჭირდათ ყუთის თრევა. სხვებზე რაღა ვთქვათ და, პატარა ადამიანსაც, წინანდელისაგან განსხვავებით, ემძიმა. არც არის გასაკვირი, ისე იყო მოდუნებული, საკუთარი თავის თრევაც უჭირდა. იმ მხნეობიდან, რითაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ სულდგმულობდა, აღარაფერი შემორჩენოდა. ყველაფერი გაექარწყლებინა რაღაც ახალ, სიცოცხლის მომწამლავ გრძნობას. არადა, ეს გრძნობა თანდათან უძლიერდებოდა. კიბის ყოველი ახალი საფეხური, გეგონებოდათ, მძიმე ყუთთან პირი შეუკრავსო, მეტად და მეტად უმძიმებდა ნაბიჯს. ისეთი პირი უჩანდა, რომ ზედმეტი იყო ამ მდგომარეობის გადავლის იმედზე ყოფნა და ეს ყველაზე მეტად აფრთხობდა პატარა ადამიანს! ამაზე ფიქრისაც კი ეშინოდა მას! ეს ყველაფრის დაკარგვას, დანგრევას, წარღვნას ნიშნავდა მისთვის, მაგრამ მიუხედავად ასეთი უიმედობისა, გაურკვეველია, რა გზით, რაღაც მაინც უნდა ეღონა - ასე ფიქრობდა თვითონ! თუკი მის ფიქრს კიდევ ფიქრი ეთქმოდა! გონება ღალატობდა, აზრები დაუხვეწელადვე ეყინებოდა თავში, აშკარად აღარ ჰქონდა სრულყოფილად ფიქრის თავი, რათა გამოსავლის პოვნა ეცადა - უბრალოდ, ეცადა და მეტი არაფერი... გასაჭირის ჟამს ხომ თავის მოტყუებაც თავისებური გამოსავალია?! ჰო, გამოსავალია! და მზადაც იყო პატარა ადამიანი ამისათვის. ოღონდ მთლად ბრმადაც ვერ მოიტყუებდა თავს, ვერ გადააბრალებდა ყველაფერს რაღაც წვრილმანს. თვითონ სიტუაციის უარყოფა - თითქოსდა არაფერი ხდებაო, რა თქმა უნდა, სისულელე იყო. ამიტომ ერთადერთ შედარებით ლოგიკურ გამოსავლად მისი დროებითობად, რაღაც კონკრეტული მიზეზებით გამოწვეულ უბრალო განწყობად მიჩნევა ჩათვალა. ასეთ შემთხვევაში კი სიტუაციის მიხედვით, ყველაზე მარტივი ყველაფრის ბობოქარი დირექტორის მოულოდნელ გამოჩენაზე გადაბრალება იქნებოდა - იმ მრისხანე კაცს მარტო პატარა ადამიანის დათრგუნვა კი არ შეეძლო, მისი რიდი და შიში მთელ დაწესებულებას ჰქონდა. აქედან გამომდინარე, რადგან ეს კაცი იქაურობას უკვე გასცლოდა, ისევე როგორც სხვა თანამშრომლებს, მალე პატარა ადამიანსაც ყველაფერი გადაუვლიდა, მაგრამ...
მაგრამ სცადა და არ გამოუვიდა მთლად ასე ბრმად თავის მოტყუება: იგრძნო, რომ დირექტორი ისევე როგორც სხვების, მისი სინამდვილიდანაც მთლიანად უკვე ამოვარდნილიყო! ბოლოს და ბოლოს, ეს გრძნობა იმ მრისხანე კაცის გამოჩენამდე აეკვიატა, ჯერ ქვეცნობიერად აეკვიატა, მაგრამ მთავარია, რომ აეკვიატა. აქ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, მართალი ტყუილი უნდა მოეფიქრებინა მას.
შორსმჭვრეტელობისა და ღრმა ანალიზის კეთების თავი აღარ ჰქონდა და ამიტომ უყოყმანოდ წაეპოტინა იმ მარტივ ვერსიას, რომელზეც მის გადაღლილ გონებას ხელი მიუწვდა. ახლა ყველაფერი ტვირთს, მძიმე ყუთსა და თავის დაღლილობას გადააბრალა და იმავწამს ეს დაღლილობა კიდევ უფრო არაადამიანური ეჩვენა! რადგან ასე გადაწყვიტა, მაშ, ტვირთის დანიშნულ ადგილზე მიტანისას, ესე იგი მისგან გათავისუფლებისთანავე, დაღლილობასთან ერთად მთელი ეს მისი უარყოფითი შინაგანი მდგომარეობაც უნდა გაქარწყლებულიყო - მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, სულ მალე ეს აზრი, ისევე როგორც მისი წინამორბედი, წმინდა წყლის სისულელედ ეჩვენა: თვალწინ წარმოუდგა თავისი თავი იქ, მესამე სართულზე, ისევ უსაქმოდ მყოფი და ამაზე ფიქრს მაშინვე თავი ანება. უაღრესად დამწუხრებულმა უკანასკნელდ გაიმეორა გულში, რომ ეს მდგომარეობა არ არის მძიმე ტვირთის, მისგან გამოწვეული დაღლილობის ბრალი და ტვირთისგან დროულად გათავისუფლებაზე ფიქრის ნაცვლად მთელი ძალით (შემორჩენილით) ჩაეჭიდა - გეგონებოდათ, სამუდამოდ ტვირთთან დარჩენა განიზრახაო. ამ დროს თავში ხელახლა დაუტრიალდა საქმის, კონკრეტულ შემთხვევაში კი ყუთის მხსნელად მოვლენის ფილოსოფია და თითქოსდა ტვირთიც საგრძნობლად შემსუბუქებული ეჩვენა. რამდენიმე საფეხური ჩამოიტოვა უკან ოდნავ შვებამოგვრილმა და... და არაფერი! იმავე საკითხმა ახლა სხვა ასპექტით მიიქცია მისი ყურადღება. ძალიან კი უნდოდა, მეტი აღარ ეფიქრა, დასჯერებოდა გუნებაში გაკეთებულ უკანასკნელ დასკვნას, მაგრამ... და ეს ოხერი ტვირთიც კვლავინდებურად დაუმძიმდა! აი, მისი უკანასკნელი აზრი: ბოლოს და ბოლოს, იქ, ზევით, ოდესღაც ხომ მაინც მოუხდებოდა ყუთთან განშორება! შესაძლოა, ყუთის ადგილზე მიტანისთანავე მუშებისთვის ეთქვათ, არ გახსნათ ყუთი, რადგან მასში მოთავსებული მოწყობილობის დასამონტაჟებლად სპეციალისტს უნდა დაველოდოთო! მერე რაღა უნდა ექნა საწყალს?! ზედმეტად გააზვიადა ყუთისა და საერთოდ, საქმის გამოჩენის ამბავი. მართალია, სამსახურში გასაძლებად დიდ შეღავათად ევლინებოდა მუშაობა, მაგრამ ის არასდროს ყოფილა მისი ნამდვილი მხსნელი, მკურნალი - ეს უკანასკნელი ტკივილგამაყუჩებელ წამალს უფრო ჰგავდა, ვიდრე სამკურნალოს! პატარა ადამიანს მუშაობაში დრო გაჰყავდა ხოლმე, თავს იტყუებდა, თორემ ისე, რამდენიც უნდა ემუშავა, როგორი უხეიროც იყო, ისეთივე რჩებოდა. აი, დღესაც, საქმის გამოჩენას კი არ გაუმხნევებია ტუალეტიდან გამოვარდნილი! მეგობრების დანახვამ გაამხნევა - მეგობრები... ჰო, მეგობრები! - ლამის წამოიყვირა პატარა ადამიანმა და გეგონება რაღაც ახალი აღმოაჩინაო, მაშინვე ისევ ჩაფიქრდა. ან კი როგორ მოუვიდა, რომ ყუთზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე მათზე?! როგორ გაბედა და რაღაც ყუთი მეგობრობის გრძნობას გაუტოლა! სირცხვილი მას! და პატარა ადამიანი გაწითლდა. კიდევ რამდენიმე საფეხური მოიტოვა უკან. სირცხვილის გრძნობაც შემოეფანტა - როგორც ჩანს, ამის თავიც აღარ ჰქონდა. ის იყო, მეგობრობაზე ფიქრის გაგრძელება დააპირა, რომ უეცრად თვითონ ფიქრმა მიიქცია მისი ყურადღება - ახლაღა მიხვდა, რომ ფიქრის, ნორმალურად გააზრების უნარი დაბრუნებოდა. დაიმედებულმა მაშინვე თავისი შინაგანი მდგომარეობა მთლიანად გადაამოწმა - აშკარა შეღავათს გადააწყდა! ამდენი ტანჯვის შემდეგ რა საოცარი შეგრძნება იყო ეს - კაშკაშა ნათელი უზარმაზარ მღვიმეში... პატარა ადამიანმა მანამდეც იცოდა, მაგრამ დღეს, სწორედ ამ წამს, კიდევ უფრო დარწმუნდა მეგობრობის გრძნობის სიდიადეში!

***
მესამე სართულამდე თითქმის აღარაფერი რჩებოდა. კიბის უკანასკნელ საფეხურებს მიუყვებოდნენ ბიჭები. პატარა ადამიანი მაინც ერიდებოდა იქითკენ თვალის გაპარებას, ბრმად ადგამდა ნაბიჯებს - ღელავდა! ვერ ვიტყვით, ეშინოდაო. პირიქით, მხნედაც გრძნობდა თავს - მას ხომ მეგობრები ჰყავდა გვერდით! მაგრამ აი, მესამე სართულის სიღრმიდან რაღაც ხმებმა, შეძახილებმა გამოაღწია - ეტყობა, ვიღაცა ვიღაცას ეხუმრებოდა. მერე ამას სიცილჶხარხარიც მოჰყვა - გულის წამღები, შემაძრწუნებელი! ოჰ, ეს ხმები! ხმები! კაცს ბედნიერება კი არა, მისი ძიებაც შეგზარდებოდა... და ამის შემდეგ ყველაფერი ერთ წამში ჩაეტია: პატარა ადამიანმა წაიბორძიკა! არ წაქცეულა, ყუთიც არ გავარდნია ხელიდან - დროზე მოასწრო თავის შემაგრება, მაგრამ ამას აღარავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა! თავში რის ვაივაგლახით დალაგებული აზრები ხელახლა აერია. როგორც ჩანს, თვით მეგობრობის გრძნობაც კი ვეღარ აღმოჩნდა საკმარისი პატარა ადამიანის გასამხნევებლად... და მართლაც, რა უნდა გაეკეთებინათ ბიჭებს მისთვის? კაციშვილი არაა პატარა ადამიანის მხსნელი, მისი მშველელი! რა მარტოა, უმწეო, ყველასაგან მიტოვებული ამხელა ქვეყანაზე, ამ უსასრულობაში!..
კიდევ ერთი ნაბიჯი... ორი... სამი... ხვეული კიბის ბოლოში პატარა, ფერადი ფილებისაგან ჭადრაკისებურად მოპირკეთებული ბაქნის თავში აღმართული მაღალი, ვითომდა იქაურობის მოდარაჯე, სინამდვილეში კი ჩვეული გულგრილობით ერთთავად პირთამდე გულგახსნილი, სიძველისაგან მორყეული და გაცვეთილი ხის კარი უსიცოცხლოდ და ერთფეროვანი განურჩევლობით ეგებებოდა გამვლელჶგამომვლელს. ამ კარში თითქმის ყოველ წამს გადიოდა ვიღაც ან გამოდიოდა. ნაცნობები ზღურბლზე ერთმანეთს ესალმებოდნენ, გზას უთმობდნენ, ხან კი ერთიმეორეს მხრებით ეჯახებოდნენ. ხშირად შეჩერდებოდნენ, საქმიანად საუბრობდნენ, ან უბრალოდ, ერთმანეთში ლაზღანდარობდნენ - მთელ დაწესებულებაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი იყო! მეოთხე... მეხუთე... მეექვსე ნაბიჯიც და ბიჭებმა ამ მნიშვნელოვანი ადგილის ზღურბლს ყუთიანად გადააბიჯეს!..

***
გასაძლები გასაძლებად ყველაზე აუტანელი მაშინ ხდება, როდესაც ის თავისი ხანგრძლივობის უკანასკნელ წამებს ითვლის. და აი, პატარა ადამიანისა და მისი ორი მეგობრის მძიმე ფიზიკური შრომა დასასრულს მიუახლოვდა, რის გამოც კიდევ უფრო დამძიმებულმა ყუთმა მთელი თავისი სისასტიკით შეუტია მათ. ვინ იცის, უფრო შორს რომ ჰქონოდათ ყუთი გადასატანი, ეგებ შეესვენათ კიდეც, მაგრამ დარჩენილი მანძილი იმდენად მცირე იყო, რომ ყუთის დაშვება-აწევა კიდევ უფრო დაღლიდა ბიჭებს. დაღლილები კი იცოცხლეთ, იყვნენ: ისედაც უფერული, ახლა კი მიტკალივით გათეთრებული დონ ჟუანი სიმწრის ოფლში ცურავდა და მისი გასაცოდავებული გამომეტყველება არანაკლებ წელში გამწყდარ, ოთხად მოკაკულ შავგვრემანს სიცილს გვრიდა, სიმწრის სიცილს. სიცილი ხელებში ძალას აცლიდა, წელში უფრო ხრიდა, მაგრამ თვალს მაინც ვერ წყვეტდა დონ ჟუანს. ეს კომედია, რა თქმა უნდა, მარტო ამ ორის საცოდაობით არ ამოიწურებოდა. პატარა ადამიანი მათზე ბევრად უარეს დღეში იყო. უბრალოდ, თავიანთი ”უბედურებით” გართულ მეგობრებს ამ უკანასკნელის არსებობა სრულიად გადაავიწყდათ. ბოლოს, როდესაც პატარა ადამიანის მდგომარეობამ კულმინაციას მიაღწია და განწირული ადამიანის შებარბაცებით ტვირთის თავისი წილი სიმძიმე თანაბრად გადაუნაწილა ორივეს, მაშინღა მოიცალეს მეგობრებმა ამ საბრალოსთვის. თუმცა უკვე გვიან იყო - პატარა ადამიანი უგონოდ ჩაიკეცა!

გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები