ნაწარმოებები



ავტორი: ბ/ბ
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2017


ეშმაკის ტირანია

ცივი რევოლვერი ტყვიას ვერ იკავებს,
სევდას გაიმეტებს გრძნობის მეცენატი,
ფერხულს დაუვლიან, როგორც ბერიკები,
მთვარის აჩრდილები — სულით ზნე-ფერადი.
სასხლეტს ებჯინება თითის ბალიშები,
ერთი გაბედვა და სხვისი ტკივილია
შენი სიცოცხლე რომ ცეცხლში დაიწვება,
ვერ რომ იმყოფინე ლექსთა გალერეა.
დაუკმაყოფილად სდევდი მატერიებს,
შენთვის ეს გრძნობები ნაგვის ტოლფასია,
ბედად, ეს მიდგომა ახლაც მატერორებს,
სევდამ გამიბედა სულის ანექსია.
მზერა გაიცივე, სივრცე გაიმართა,
თანაც ძარღვში სისხლი უკვე დაგშრობია,
არ სცან ანგელოზი — გველი დაგებედა,
შენვე უარყავი სწორი მელოდია.
ნოტებს უგზო-უკვლოდ ეძებ გამალებით,
დოს შენთვის წყობაში რე აღარ მოჰყვება,
სუნთქვამ თანდათანად იწყო განელება,
არც ერთ სამყაროში აღარ მიგესვლება.
ფერხულს დაუვლიან, როგორც ბერიკები,
შენი ფიქრები და უკვე გვიანია...
ცივმა რევოლვერმა ტყვია ვერ იკავა,
შენზე გაბატონდა ეშმას ტირანია.
                                                            ~ბ.ბ.~

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები