ნაწარმოებები



ავტორი: ხატია82
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2017


ვარსკვლავები

პატარა ბიჭებს უნდოდათ კაცური კაცები გამხდარიყვნენ,
მზესავით ცოლები უნდოდათ პატარა ბიჭებს,
შვილები უნდოდათ ვარსკვლავებივით,
მყარად უნდოდათ ფეხზე დგომა, მშობლებისთვისაც...
მანამდე დიდი გზა იყო გასავლელი, საცალფეხო...
ბეწვის ხიდები ყოფილა გადებული ბიჭობას და კაცობას შორის...
ქუჩაში უნდა ყოფილიყვნან და ქუჩის ბიჭებად არ დარჩენილიყვნენ...
თავიც უნდა დაეცვათ და პატარა გოგოებიც...
დიდებიც არ უნდა ჩაერიათ და  პატარა ძალაც უნდა ეკმარათ, დიდი ომებისთვის...
დედებისთვისაც უნდა დაეჯერებინათ და დედიკოს ბიჭებიც არ ყოფილიყვნენ,
მათ  დედებსაც უნდა ცოდნოდათ, როდის გადაეჭრათ ჭიპლარები მათი კაცობის მოსამზადებლად...
ძნელია  პატარა ბიჭობა,  ძნელი...
ერთ-ერთ  ბეწვის ხიდს ვერ გადაივლი და შენს კაშკაშა მომავალს სინათლე აკლდება...
ერთ-ერთ ბეწვის ხიდს ვერ გადაივლი და შენს სულში  ყინული იმატებს...
კიდევ ერთს ვერ გადაივლი და შეიძლება ბიჭობიდან გახვიდე,
მაგრამ არაკაცობაში მოხვდე...
ძნელია პატარა ბიჭობა!
ძნელი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები