ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
26 ივლისი, 2017


მოთხრობათა კრებული "დღიური" - 5. პატარა ადამიანი

                      მეორე ნაწილი

დაბნეული დონჟუანი და შავგვრემანი გაოგნებულნი  დასჩერებოდნენ იატაკზე ყუთთან მიკრუნჩხული ადამიანის სხეულს, თვალები რომ გადმოკარკლოდა, პირიდან დუჟი სდიოდა და მომაკვდავივით ხროტინებდა - პატარა ადამიანს ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა. შეტევა იშვიათად ემართებოდა. კოშმარული წამები ერთმანეთის მიყოლებით ეშვებოდნენ შავი, პირქუში ციდან - უძლურებით აღსავსე კოშმარული წამები... და ბიჭებს ეგონათ, ეს აღარასოდეს დამთავრდებაო! აქამდე არც იცოდნენ, თუ პატარა ადამიანს ეს სენი სჭირდა, პირველად ხედავდნენ ამ ყოფაში ჩავარდნილს.
მესამე სართულზე პატარა ადამიანის ასეთმა ”ორიგინალურმა” გამოცხადებამ დიდი ხმაური გამოიწვია. ყოველი მხრიდან გამორბოდნენ თანამშრომლები. ჩვენს გმირს შემოეხვივნენ - ყვიროდნენ... კიოდნენ... მითითებებს იძლეოდნენ... და პატარა ადამიანზე ნასხურები წყლით თავადაც ილუმპებოდნენ. ასე გაგრძელდა დიდხანს. ბოლოს, პატარა ადამიანმა თანდათან იწყო შოკური მდგომარეობიდან გამოსვლა - კრუნჩხვამ გაუარა და თვალები გაახილა. თუმცა ჯერ ისევ ღონემიხდილი ჩანდა. ძვლები იმდენად ტეხდა, არათუ ადგომის, განძრევის თავიც არ ჰქონდა. ასე რომ, ერთხანს მოუწია გულშემატკივართა მეთვალყურეობით იატაკზე წოლამ და მერე რამდენიმე ახალგაზრდამ, რომელთა შორის მისი ორი მეგობარიც ერია, ფრთხილად გადაიყვანეს იქვე ახლოს, ოთახში, სადაც პატარა ადამიანისათვის უკვე გაემზადებინათ მასავით პატარა, თბილი სარეცელი.

***
ოთახში, ”დიდი კანცელარიის” ამ ერთჶერთ საკმაოდ აქტიურ უბანზე გადანაცვლებულმა საყოველთაო მღელვარებამ კიდევ რამდენიმე ხანს გასტანა - ეტყობა, იქაურები არ უნდა ყოფილიყვნენ ამგვარი შემთხვევებით განებივრებულნი. და მართლაც, ვინ იცის, ადამიანს კიდევ როდის მიეცემა ასეთი უჩვეულო სანახაობის ხილვის შანსი - არავის არაფერი გაემტყუნება. პატარა ადამიანს ყველა გულწრფელად თანაუგრძნობდა. თანაუგრძნობდა და დასასრულ, ავადმყოფს სუფთა ჰაერითა და სიმშვიდით მკურნალობა ერთხმად, ბეჭედდასმულ რეცეპტად გამოუწერეს. მერე კი ისე, რომ პატარა ადამიანს ზედმეტად არ ეეჭვა - აქ რაღაც განსაკუთრებული მოხდაო, ოთახიდან ერთიმეორის მიყოლებით გაიკრიფნენ. იქ მხოლოდ გუშაგნი დარჩნენ, ისინი, ვისაც ამ დიდ, ნათელ ოთახში თავისი სამუშაო კუთხე, პატარა მაგიდა და ერთი სკამი მაინც მოეძებნებოდა, - უსაქმოდ იქ არავინ უნდა გაჩერებულიყო! ავადმყოფს თავისი მდგომარეობისა, იმისა, რაც ახლახან თავს გადახდა, არაფერი უნდა სცოდნოდა! წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ავადმყოფში პანიკას გამოიწვევდა და სწორედ ამ უკანასკნელის აღკვეთა შედიოდა იქ დარჩენილთა მოვალეობაში. წარმოიდგინეთ, პატარა ადამიანის მეგობრებიც კი - დონ ჟუანი და შავგვრემანი, გამოპანღურებით არა, მაგრამ ხელდახელ შემუშავებული უმტკიცესი ინსტრუქციის თანახმად სწრაფად გამოაბრძანეს გარეთ.
ოთახში სიწყნარემ დაისადგურა. დროის რაღაც მონაკვეთი კიდევ ჩაბარდა წარსულს და საქმის სასიკეთოდ შემობრუნებასაც უფრო და უფრო უკეთესი პირი გამოუჩნდა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ პატარა ადამიანმა სიცოცხლის ნიშანწყლის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი სასიცოცხლო თვისებებიც გამოავლინა. მან გუნებაში უკვე შეძლო იმ სიტუაციის გამოკვლევა, რაც ეს წუთია თავს გადახდენოდა - გაიხსენა... გაიაზრა... და მიხვდა, რომ საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში ჩავარდნილიყო - ეპილეფსიური შეტევა ძალზე უადგილო დროს გამოეჩხირა! თუმცა იმასაც მიხვდა, რომ შეტევა რაღაცით მის სასარგებლოდაც იყო მომართული. რაღაც განსაკუთრებულ უფლებას ანიჭებდა პატარა ადამიანს, უფრო სწორად, რაღაც ვალდებულებებისაგან ათავისუფლებდა - ძალზე თავისებური, ფაქიზი განცდა იყო ეს მისთვის, ნახევრად ქვეცნობიერი შთაბეჭდილება. ეს განცდა თუ შთაბეჭდილება ნაწილობრივ პატარა ადამიანის ბავშვობასთანაც იყო დაკავშირებული. ასე შვიდი-რვა წლისა რომ იქნებოდა ჩვენი გმირი, წითელა თუ წითურა დაემართა, იწვა და შინაურები თავს ევლებოდნენ - არც სკოლაში ევალებოდა წასვლა, წიგნების კითხვა თუ საშინაო დავალებების წერა, არც მაღაზიაში გზავნიდა ვინმე - იწვა და იწვა... ყველაფრისაგან თავისუფალი! რასაც ისურვებდა, უსრულებდნენ! მაშინ ერთი დიდი, ნამდვილი წითელი მამალიც მიუყვანეს საჩუქრად... რა კარგი იყო მაშინ - ტკბილი ბავშვობა! რატომ შეცვალა ტკბილი ბავშვობა მწარე დიდობამ? - ამ კითხვაზე პასუხი პატარა ადამიანს არ მოეძებნებოდა. არადა, რამდენი რამე შეიცვალა მას შემდეგ. ჯერ იყო და, მამა გარდაეცვალა მოულოდნელად. მამის გარდაცვალების შემდეგ, ყველასდა გასაკვირად, არც დედამისს უცოცხლია დიდხანს. პატარა ადამიანს ბებია ზრდიდა - კარგი, საყვარელი, თბილი ბებია. ასაკმა მოუწია და, სამწუხაროდ, ამ უკანასკნელმა ნუგეშმაც მიატოვა ჩვენი გმირი.
ფიქრებით ბავშვობაში გადახვეწილი პატარა ადამიანი ისევ რეალობამ, ოთახის სინამდვილემ გამოარკვია. ოთახში სიწყნარე იდგა. სიწყნარე იდგა... სიწყნარე... სიწყნარე, მაგრამ ეს ცრუ, ხელოვნური სიწყნარე იყო! დაახლოებით ისეთი, კიბეზე დირექტორის გამოჩენამ რომ გამოიწვია და ადამიანს უფრო მეტად რომ ეცემა ყურში, ვიდრე ის თავდაპირველი, გარემოსათვის დამახასიათებელი ბუნებრივი ხმაური. ეს სიწყნარე ოთახის სივრცეს სიმსუბუქის შეგრძნებას ვერ ანიჭებდა. მხოლოდ წამიერად და ისიც ზედაპირულად თუ გამოკრთებოდა სიმსუბუქის კი არა, სივრცის მოდუნების, იქაურობის თითქოს თავისივე თავისაგან განტვირთვის შეგრძნება. ამ შეგრძნებასაც გარედან მოგუდულად შემოღწეული დაწესებულების გუგუნი მაშინვე ანეიტრალებდა, აქარწყლებდა და საბოლოოდ იქაურობა კიდევ უფრო მძიმდებოდა. ახლა ამ ერთ ოთახში, ამ ერთ სივრცეში ერთზე მეტი სივრცის ჩადგომა იგრძნობოდა, ერთზე მეტი სივრცე შესთვისებოდა იქაურობას: ერთი ხომ თავისთავად იქაური, ვითომ მიჩქმალული, დამალული, მაგრამ მაინც არსებული და შეგრძნებადი, ხოლო მეორე - გარედან შემოღწეული, სწორედ იმ ყრუდ, მოგუდულად შემოღწეულ დაწესებულების გუგუნს რომ მოსდევდა თან და რომელსაც, იქ, ოთახში ფეხის მოსაკიდებლად, იქაურობასთან შესათვისებლად ეს, ხელოვნურად გამოძერწილი სიწყნარე, სწორედ რომ საუკეთესო ნიადაგად ევლინებოდა. ერთი სიტყვით, პატარა ადამიანის შეგრძნებით, ამ დაწყევლილ ოთახში უკვე მარტო იქაურობა კი არა, მთელი დაწესებულება, მთელი სამყარო ჩაბუდებულიყო და ამის დიდი ხნით ატანა შეუძლებლად ეჩვენა. ეს ატმოსფერო აუცილებლად უნდა გადასხვანაირებულიყო! ვის შეეძლო გადაესხვანაირებინა, დაებრუნებინა ხელოვნური სიწყნარის ნაცვლად ბუნებრივი ხმაური? პატარა ადამიანის გარშემო მყოფ ადამიანებს? მათ, ვისაც წვლილი მიუძღოდათ ამ სიწყნარის დამყარებაში? არა! მათ ეს სიწყნარე გამართლებულად მიაჩნდათ! ისინი ამ დროს მნიშვნელოვანი რამით იყვნენ დაკავებულნი: გულისყურით ჩასციცინებდნენ ავადმყოფს, მის ყოველ მოძრაობას, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას თუ ოდნავ შერხევას. საწყალს განძრევის საშუალებაც არ მისცეს, როდესაც წამოდგომა სცადა. ეს გატრუნული ხალხი ისე წამოიშალა, აქაქანდა და ახმაურდა, გეგონებოდათ, სულ ერთიანად აპირებენო ყველაფერ იმის ანაზღაურებას, რაც უკანასკნელ წუთებში დუმილის სახით დაიკლეს. და თითქოს განზრახ, ამ დიდებული სცენის დასაგვირგვინებლად, ხმაურზე დერეფნიდან ვიღაც დაფეთებული გულშემატკივარი შემოვარდა - ესაო და ვიფიქრე, ხომ არ გარდაიცვალაო. საწყალ ავადმყოფს სხვა აღარაფერი დარჩენოდა, გარდა სასვენებელზე ხელახალი გართხმისა. დაბნეულობისაგან პატარა ადამიანმა ბევრი ვერაფერი გაიგო, ვერაფერს მიხვდა, გარდა იმისა, რომ გაუნძრევლად უნდა წოლილიყო - ასეთი იყო ხალხის ნება და პატარა ადამიანი ხალხის ნებას დაემორჩილა.
რამდენიმე წუთი კიდევ გავიდა. თანამშრომლებმა თანდათან იგრძნეს, რომ გადამეტებული მზრუნველობით პატარა ადამიანს თავის მდგომარეობაზე ყურადღებას უმახვილებდნენ და თავიანთი საქციელი თავადვე გამოასწორეს: ვიღაცამ საბეჭდი მანქანა ააკაკუნა, ჩურჩული ხმამაღალ ლაპარაკში გადაიზარდა - რაღაცები გაიხსენეს, გაიოცეს, გაიცინეს... მოკლედ, რომ იტყვიან, თავიანთი თავებისთვის მოიცალეს! და პატარა ადამიანმაც შვებით ამოისუნთქა, თან გულისყურით მოათვალიერა იქაურობა. სადამდეც მზერა მიუწვდებოდა, თანამშრომელთა სახეები და ვინაობა გადაამოწმა, რასაც აქამდე ვერც კი ბედავდა. გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ქალებით სავსე ოთახში იყო - ეს ქალების ოთახი იყო... ქალები... ქალები... ქალები.... ჰო, ქალები! პატარა ადამიანმა ახლაღა გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ის ამდენი ქალის წინაშე ტახტზე გაშხლართულიყო და არხეინად ნებივრობდა. სირცხვილისაგან შეხტა და წამოდგომა სცადა. წამოდგებოდა და მოუსვამდა კიდეც აქედან, მაგრამ თავთით მჯდომმა ხანში შესულმა ქალმა, რომელიც აქამდე თითქოს მხოლოდ ქაღალდების ქექვით იყო გართული, ალერსიანად დააწვინა სასვენებელზე. ამ ქალის ნება ბევრად განსხვავდებოდა იმ თანამშრომელთა ორიოდ წუთის წინანდელი რეაქციისაგან, პატარა ადამიანი წამოდგომის მცდელობისას ლამის მუშტებით რომ მიასვენეს უკან. და ჩვენი გმირიც ამ ქალის ნებას, თვითონაც რომ ეუცნაურა ისე, პროტესტის გარეშე დაჰყვა. მართალია, ცოტა ხანში ისევ შემოაწვა თავისი მდგომარეობისაგან, უფრო სწორად, მდებარეობისაგან აღძრული უხერხულობის გრძნობა, მაგრამ ხანში შესული ქალის თანაგრძნობამ ეს როგორღაც უფრო იოლად ასატანი გახადა.
ჩვენმა გმირმა ოთახში მყოფი თანამშრომლების თვალიერება ძალიან თავშეკავებულად, მათგან ფარულად განაგრძო. თითქოს ჯიბრზეო, უფრო ახალგაზრდები ჭარბობდნენ. აი, მაგალითად, ის, სულ ახალგაზრდა, ალბათ, ჩვენი გმირის ასაკისა თუ იქნებოდა... - არა, რას ამბობთ! მას არც იცნობდა პატარა ადამიანი! არასდროს მისალმებია - არც სახელი იცოდა მისი! კიდევ კარგი, ის გოგოც არ იჩენდა ინტერესს ჩვენი გმირისადმი, სხვებივით არ აპარებდა დროდადრო მისკენ მზერას. თან რაც მთავარია, გოგო არც ისე ლამაზი იყო, რომ პატარა ადამიანს უხერხულობის გრძნობა კიდევ უფრო გასძლიერებოდა. რაღა გავაგრძელოთ და, დანარჩენების ფონზე ეს ქალიშვილი დროებით მაინც შეიძლებოდა ჩვენი გმირის სათვალავიდან გამოგვერიცხა. სხვები, სხვები უფრო თრგუნავდნენ მას. თუნდაც ის, კუპრისფრად შეღებილთმიანი, საკმაოდ გამომწვევი, ვნებიანი ქალი, დედისტოლა ქალების წინ ფეხიფეხგადადებული ურცხვად რომ მისვენებოდა თავის ღრმა, აბსოლუტურად ინტიმურ სავარძელს და თითქოს...
არა, არა, - მეტი არაფერი დაუნახავს პატარა ადამიანს... არ დაუნახავს და მორჩა! ამ ვნებიანი ქალისაკენ აღარც გაუხედავს! მხოლოდ ერთადერთხელ მოჰკრა მას თვალი და მას მერე... მერე? ოჰ, ჯანდაბა(!), ამ ქალის იმ გოგოსავით სათვალავიდან ამოგდება ვერაფრით მოახერხა ჩვენმა გმირმა. მართალია, მისკენ აღარ გაუხედავს და ცდილობდა, აღარც ეფიქრა მასზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას თითქოს დაუნახავადაც ხედავდა, მასზე ფიქრობდა. ვინ იყო ეს ქალი? და ან ასე ძლიერ რატომ მოქმედებდა მისი იქ ყოფნა პატარა ადამიანზე? ვინ იყო, ამას, რაღა თქმა უნდა, გეტყვით, მაგრამ იმის თქმა, რატომ მოქმედებდა ასე განსაკუთრებულად მისი იქ ყოფნა ჩვენს გმირზე, ამის თქმა გაგვიჭირდება. ამის თქმა თვითონაც უჭირდა და იმდენად უჭირდა, რომ ამაზე დაფიქრებულს დასკვნის გამოტანის დრო რომ მოუწევდა, აზრები ერთიანად ებნეოდა. და მართლაც, რისთვის უნდა მიეწერა ამ ქალისადმი თავისი ასეთი უცნაური, ყოვლად გაურკვეველი გრძნობის არსებობა? მორცხვობისათვის? თუ იმ რაღაც-რაღაცებისათვის(?)... არა, არა, რაღაც-რაღაცებს თავი დავანებოთ, პატარა ადამიანი არ არის მაგის კაცი, მაგრამ ეს მორცხვობაც რომ არ იყო? ჩანს, აქ სრულიად სხვა, ძალიან რთული, შეუცნობადი რამ იყო! ამ საკითხზე დუმილს არჩევდა - დუმილი ხანდახან გამართლებული რამ არის... ის კონკრეტულ ვითარებაში იქცეოდა ისე, როგორც არ შეეძლო, რომ არ მოქცეულიყო: ემალებოდა იმ გამომწვევ ქალს და მაინც ერთთავად მის ცხვირწინ ტრიალებდა. ფიქრობდა იმაზე, რომ აღარ ეფიქრა ამ ქალზე (და ამით ხომ უკვე თავისთავად მასზე ფიქრობდა). ქალი კი ამ დროს მოურიდებლად, მალიმალ შეავლებდა მზერას... რა უნდოდა? რას ამოწმებდა? - ეს არ იცოდა პატარა ადამიანმა. პატარა ადამიანმა არც ის იცოდა, დროის რომელ შუალედში ესროდა ქალი მზერას - ან რა გააბედვინებდა ამის გადამოწმებას! ერთი პირობა პატარა ადამიანს ბრაზიც კი მოერია, იფიქრა: მის მზერას საპირისპირო მზერას დავუპირისპირებ და კუდით ქვას ვასროლინებო, მაგრამ... არათუ სცადა ეს, გაოგნდა - თუნდ ერთი წამით ეს როგორ დავუშვიო! სანამ ამ ოთახში იწვა ჩვენი გმირი, როგორმე უნდა აეტანა ქალის ცნობისმოყვარეობა! ერთადერთი, რაც შეიძლებოდა, ის იყო, რომ ფარულად ეკონტროლებინა ეს ქალი. ამით განა რამეს შეცვლიდა, უბრალოდ, დროს გაწელავდა და საკუთარ ცნობისმოყვარეობასაც გემრიელ ლუკმას გადაუგდებდა...
დიახ, ხანდახან პატარა ადამიანი სხვებზე არანაკლებ ცნობისმოყვარე იყო! და აი, ქალისაკენ ფარულად ისევ გააპარა მზერა - ქალი ისევ ისე, მუხლებმოშიშვლებული მისვენებოდა თავის ინტიმურ სავარძელს... მოდების ჟურნალის თვალიერებით იყო გართული და ჩვენ გმირს საშუალება მიეცა, ქალი თავიდან ფეხებამდე, უფრო სწორად, არა თავიდან ფეხებამდე, არამედ ფეხებიდან თავის მიმართულებით შეემოწმებინა... მართლაც, ეს ქალი რაღაცნაირად უფრო ფეხებიდან იწყებოდა, ვიდრე თავიდან. საერთოდ, არც იყო ღრმა, ლაბირინთული ფსიქიკის მქონე. ადამიანებთან ურთიერთობაში (განსაკუთრებით მამაკაცებთან) პირველობა უყვარდა, რასაც არა მისი ინტელექტი, არამედ მისი გარეგნობა და აქტიური ხასიათი განაპირობებდა. თუმცა თავად თვლიდა, რომ ბრძენი, ფსიქოლოგიაში დიდად განსწავლული ვინმე იყო. ამ ქალის პიროვნული შტრიხებიდან ბევრი რამ საფუძვლიანად ჰქონდა პატარა ადამიანს გამოკვლეული. სიმართლე იქნება, თუ ვიტყვით: პატარა ადამიანი ადამიანებში, მით უმეტეს, ქალებში, კარგად ერკვეოდა! დიახ, ასეა! ქალების საკითხი მთელი ცხოვრება აწვალებდა, მოსვენებას არ აძლევდა და ისიც ერთთავად ქალის ბუნების ქექვასა და ძიებაში იყო. თითქოს არაფერი, მაგრამ წარმოიდგინეთ, ამ ხნის განმავლობაში რამხელა ცოდნასა და გამოცდილებას დააგროვებდა! იქნებ გაგეცინოთ და, ჩვენს გმირს ადამიანების გამოსაცნობი თავისებური მათემატიკური ფორმულაც კი ჰქონდა შემუშავებული, რომელსაც ყოველ მათგანს ცალკეულად უყენებდა. შედეგსაც სახარბიელოს აღწევდა - აღწევდა, ოღონდ... ოღონდ მერე რაღაც შეუშლიდა ხელს: როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა, ბრინჯივით იბნეოდა, ყველაფერი წყალში ეყრებოდა. რაც კი რამ ჰქონდა ნაფიქრი, ერთბაშად ავიწყდებოდა! თუმცა ეს მაშინ, ადრე! ახლა კი სხვანაირად იყო საქმე! ახლა პატარა ადამიანი ქალებს თითქოს გვერდიდან უყურებდა, ესე იგი, მთლად არ იყო საქმე საქმეზე მიმდგარი - მას ხომ გამოლაპარაკებას (ანუ უშუალო კონტაქტს) არავინ სთხოვდა! ერთი სიტყვით, აი, ამ წამს არავითარი საშიშროება არ იყო იმისა, პატარა ადამიანი შემცდარიყო მდედრობითი სქესის გამოკვლევაში - თუნდაც ამ კუპრისფრად შეღებილთმიანი ქალის გამოკვლევაში. როგორც გითხარით, დიდი ხანია იცნობდა. რამდენიმეჯერ (რა თქმა უნდა, ოფიციალური, სამსახურებრივი საბაბით) გამოლაპარაკებია კიდეც. მართალია, ასეთ გამოლაპარაკებას დიდი არაფერი შედეგი მოაქვს, მაგრამ იმასაც გააჩნია, ვისთვის? აი, ისეთი გულმეცნიერი ადამიანისათვის, როგორიც ჩვენი გმირია, ეს უკანასკნელი ბევრ რამეს ნიშნავს! ჰოდა, ახლაც იცნო მან ქალი, გაახსენდა, რაც მასთან დაკავშირებით ჰქონდა გამოკვლეული. მართალია, გარეგნობითა და ზედაპირული ქცევით მართლაც გამომწვევი და საკმაოდ პრეტენზიული ჩანდა, მაგრამ არ იყო იგი ისეთი ღრმა ფსიქიკის მქონე ადამიანი, როგორადაც თავს აჩვენებდა. თუ კარგად დააკვირდებოდით (მით უმეტეს, დიდი ხნის ნაცნობი), შეამჩნევდით რაღაც ფარულ, ოსტატურად მიჩქმალულ, მაგრამ მაინც თვალში საცემ იმ დაძაბულობას, რომელიც პოზიორობას სდევს თან. ძალიან უნდოდა, მაგრამ ვერ იყო ეს ქალი ის, ვინც უნდოდა, რომ ყოფილიყო და ამით, ცოტა არ იყოს, სასაცილოდაც იხდიდა თავს. ამას წინათ, როდესაც ჩვენმა გმირმა ნახა (მართალია, იმ დღეს არ გამოლაპარაკებია, მაგრამ სამაგიეროდ სხვასთან წაუსწრო თავდავიწყებით მოლაპარაკეს და...), აშკარა, ქარაფშუტული ნიშნებიც კი შეამჩნია. დიახ, ამ ქალში მართლაც იყო რაღაც ქარაფშუტული... - ქარაფშუტა! ქარაფშუტა! ქარაფშუტა! - პატარა ადამიანმა გულში რამდენიმეჯერ გაიმეორა ეს სიტყვა და ამ ქალის მომაჯადოებელი გავლენისაგან საბოლოოდ გათავისუფლდა. მართალია, ჩვეს გმირს არ ახასიათებდა ადამიანების განკითხვა, მით უმეტეს, მათი აუგად მოხსენიება, მაგრამ... ხანდახან ასეც ხდება - გაცხარებული ცხვარის ამბავი ყველას გვსმენია!
პატარა ადამიანი იმდენად შეაგულიანა თავისმა ფიქრებმა, რომ ადგა და არც მეტი, არც ნაკლები, საბრალო შავთმიანი ქალი ჩვენთვის, მართალია დაუსწრებლად, მაგრამ კარგად ნაცნობ კადრების განყოფილების უფროსს, უმნიშვნელოვანეს ფიგურას, ძალიან სერიოზულ ქალს შეადარა. ეს შედარება, დაახლოებით, ტბისა და ზღვის (შესაძლოა, ოკეანესიც...) თანაფარდობას გაუტოლდა და ცოტა შეებრალა კიდეც პატარა ადამიანს შავთმიანი ქალი. ამის შემდეგ ჩვენი გმირის ფიქრები მთლიანად კადრების განყოფილების უფროსმა - უსერიოზულესმა ქალმა დაიპყრო. მაინც ვინ იყო ეს ქალი? ვინ იყო და... და... არა, პატარა ადამიანმა არ იცოდა, ვინ იყო იგი! შესაძლოა, ქაჯიც ყოფილიყო, ადამიანის სახით შენიღბული ქაჯი - ქაჯი ან ალქაჯი! ჩვენმა გმირმა არ იცოდა იმ არსების ზუსტი სახელწოდება, ვინც ჰყავდა მხედველობაში, მაგრამ... არა, არა! ეს არსება არ იყო არც ქაჯი და არც ალქაჯი! ამ ქალზე ასეთი ეჭვი ძალიან მცირე ხნით შემოაწვებოდა ხოლმე ჩვენს გმირს - არადა... ნეტავ ქაჯი მაინც ყოფილიყო, ეცოდინებოდა, რომ ქაჯთან აქვს საქმე და ასე აღარ დაითრგუნებოდა მისი გამანადგურებელი ზეგავლენისაგან, ზეგავლენისაგან, რომელიც პატარა ადამიანის უმწეობასა და უსუსურობას სრულად წარმოაჩენდა. აღარ დაითრგუნებოდა მისი ზეგავლენისაგან, რადგან ეცოდინებოდა, რომ საქმე ჰქონდა არა თავისივე მსგავს არსებასთან, არამედ ქაჯთან, ზებუნებრივ ძალასთან! ზებუნებრივ ძალასთან დამარცხება გასაკვირი ხომ არც უნდა იყოს, მაგრამ... კადრების განყოფილების უფროსი ქალი, სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ, ქალი იყო! კიდევ კარგი, ახლა თავზე არ ადგა ჩვენს გმირს! სულ ერთი წამით წარმოიდგინა პატარა ადამიანმა ამ ქალის ოთახში გამოჩენა და ისევ გააჟრჟოლა. განა რა უნდა ექნა იმ ქალს ამ საბრალოსთვის? და განა ოდესმე რაიმე უქნია - სამუშაო საათების გაცდენისათვის ჩამორიგებულ საყვედურებს თუ არ ჩავთვლით? ეჰ, ძალიან უცნაური ვინმეა ჩვენი გმირი! აი, ახლა, რაღაც მომენტში, საპირისპირო სურვილმა გაჰკრა გულის სიღრმეში. კადრების უფროსს სწორედაც რომ უნდა ენახა სამსახურებრივი დავალების შესრულების დროს ტრავმირებული ჩვენი გმირი, ან ვინმეს ამბავი უნდა მიეტანა მისთვის. ეს ბრძოლის ველზე სამხედრო დავალების შესრულებისას დაშავების მსგავსი რამ იყო - და ამას, რაღა თქმა უნდა, ჰქონდა თავისი ხიბლი!
პატარა ადამიანს თვალი უნებურად მძიმე, მჭიდროდ მიხურული კარისაკენ გაექცა და როგორღაც შეემზადა კიდეც კარის შემომღებ კადრების განყოფილების უფროსთან ”შესარიგებლად”... არა, კარგად იცოდა, რომ ამ ქალის გამოჩენა მხოლოდ და მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო, მაგრამ მაინც, თავისი ფანტაზიის ნაყოფს ძალზე რეალურად, სინამდვილის ტოლფასად აღიქვამდა. აი, შემოვიდა ეს ძლიერთა შორის უძლიერესი ქალი (ჩანს, პატარა ადამიანის ამბავი უკვე შეეტყო) და სარეცელზე მწოლიარეს დააჩერდა. დიდი პაუზა!!! პატარა ადამიანმა თევზივით პირში ჰაერი დაიგუბა და... პაუზა გაგრძელდა! კიდევ გაგრძელდა! ჩვენი გმირი დაიბნა. რომ ეგონა, ფიქრებით ამ ძლიერი ქალის ფიქრებსა და ქმედებას ვაკონტროლებო, თურმე ნუ იტყვით, სრულიადაც არა ყოფილა ასე! ის ქალი პიროვნულად იმდენად ძლიერი იყო, რომ პატარა ადამიანმა თავისი მარტივი, ალალი ინტელექტით ვეღარ გამოიანგარიშა მისი შემდგომი რეაქცია - შეიბრალებდა თუ დაუყვავებდა მას! იქნებ გუნებაში დაეცინა კიდეც საბრალოსთვის, ამ უმწეო, უსუსური არსებისათვის!
პატარა ადამიანი მიხვდა, რომ ფიქრებით ძალიან შორს შესტოპა და ფანტაზიორობა შეწყვიტა, გამოერკვა და თავი იმით დაიმშვიდა, რომ ყველაფერი, რამაც ასე დააფრთხო, მხოლოდ და მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი იყო, მოჩვენება, სიცარიელე და მეტი არაფერი. თუმცა რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ მდგომარეობიდან ვეღარა და ვეღარ გამოვიდა: ვაი და, მართლა შემოაღოს იმ ქალმა კარიო! დიახ, მისი ეჭვი საფუძველს არ იყო მოკლებული - იმ ქალს წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგებოდა! რა გამოუვალ მდგომარეობაშია პატარა ადამიანი, გამოსავალზე ლაპარაკიც ზედმეტია! და უეცრად, პატარა ადამიანს გონება გაუნათდა: კადრების განყოფილების უფროსი ქალი ქაჯია! ადამიანი არ არის - ქაჯია ან ალქაჯი! არც კი გამოჩენილა, არც კი გაჰკარებია იქაურობას და მაინც რა აღარ უქნა ამ საწყალს - წაშალა! გაანადგურა! ის შორიდან, დაუსწრებლად მოქმედებს ადამიანებზე! ჩვენი გმირი სასწრაფოდ უნდა გაეცალოს აქაურობას! არც ერთი ზედმეტი წუთის დაკარგვა არ შეიძლება! - ასე დაასკვნა თვითონ. - არა მარტო მესამე სართულს, დაწესებულების ტერიტორიას უნდა გასცდეს დაუყოვნებლივ! იქნებ საერთოდაც მიატოვოს სამსახური! ეს ადრეც ბევრჯერ უფიქრია - ახალი სამსახური უნდა იშოვოს! ანდა არც იშოვოს და შინ გამოიკეტოს! გამოიკეტოს, როგორც ტუსაღი - ნებაყოფლობითი ტუსაღი.... თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან სასმელ-საჭმელს ვინ მიაწვდიდა? ხშირად ოცნებას ფრთებს გამოასხამდა და წარმოიდგენდა: ვითომ ვიღაცას მისთვის ყოველდღე ადამიანისათვის სამყოფი მინიმალური რაოდენობის საკვები მიაქვს... ყოველდღიურად? არა, ასეთი რამ კვირაში ერთხელაც შეიძლებოდა - ოღონდ პროდუქტი მთლიანი კვირის სამყოფი იქნებოდა! ჩვენი გმირი ასეთი შემთხვევისათვის თავისი ბინის შესასვლელ კარში პატარა სარკმელს ამოჭრიდა, რომ კარი აღარასოდეს გაეღო - ასე იცხოვრებდა სიცოცხლის ბოლომდე!..
და პატარა ადამიანს უეცრად გაახსენდა, როგორი სულისკვეთებით გამოიჭრა ამ დილით თავისი ბინის იმ კარიდან, რომელიც ფიქრით უკვე სამუდამოდ, სიცოცხლის ბოლომდე ჩარაზული დატოვა - გაახსენდა და მხოლოდ ერთხელ, სადღაც, გულის სიღრმეში მძიმედ ამოიკვნესა და ცივად გაარიდა თავი ამ თემაზე ფიქრს. ისევ ჩარაზული კარი წარმოუდგა თვალწინ - სამუდამოდ ჩარაზული კარი... გარე სამყაროსთან კავშირის შესანარჩუნებლად კარში დატანებული იმ პატარა სარკმლის გარდა კიდევ ხაზის რადიოს დაიტოვებდა... თუმცა ახლა ცხოვრებისაგან ასე გადაქანცული განმარტოებული ცხოვრების ფასად რადიოსაც დაუფიქრებლად შეელეოდა - ოღონდ კი ცოტაოდენი საკვები მიეწოდებინა მისთვის ვინმეს... ცოტაოდენი საკვები - არა გასაძღომად, არამედ დასანაყრებლად! ისედაც, პატარა ადამიანი ბავშვობიდანვე არ იყო დიდი მჭამელი! თუმცა გემრიელი კერძები, როგორც ყველას, ძალზე უყვარდა... გემრიელი კერძები... კერძები? ოჰ, ჯანდაბა! რა დროს კერძებია?! პატარა ადამიანს მოეჩვენა, რომ ასეთი ფიქრებით თავს დასცინოდა - ადექი და წადი, მოსცილდი მანდაურობას!..

(ნერვები აღარ მყოფნის, მეც ამაყვირა!)

აი, პატარა ადამიანმა წამოიწია, თითქმის ნახევრად წამოჯდა კიდეც, ფეხი ჯერ არ ჰქონდა ძირს გადმოდგმული, რომ უცაბედად თავთით მჯდომი ხანში შესული ქალი გაახსენდა - მისი სითბო და ყურადღება... როგორღაც მოერიდა მასთან დაუმშვიდობებლად (დაუმშვიდობებლად თუ იქნებ დაუკითხავადაც) იქაურობის მიტოვება. არა უშავს, ორიოდ წამს კიდევ შევიცდიო, იფიქრა და ქალისკენ ძალიან მორიდებული, მადლიერებით აღსავსე მზერა გააპარა. პატარა ადამიანის გასახარად ქალმა ღიმილით უპასუხა და ჩვენი გმირი მიხვდა, რომ ეს ღიმილი მას ოთახიდან გასასვლელ გზას ულოცავდა. მეტად და მეტად ესიმპათიურა მას ეს ქალი. ეტყობოდა, შვილებისა და შვილიშვილების პატრონი იყო!.. პატარა ადამიანი ფრთხილად წამოჯდა და ახლა ოთახის დანარჩენ მკვიდრთაკენ გააპარა მზერა - ასეა თუ ისე, ისინიც ხომ ზრუნავდნენ ჩვენს გმირზე! ჩვენი გმირის მზერა უფრო მეტად ოთახის იმ ნაწილმა მიიტაცა, რომელიც აქამდე წოლის გამო მისთვის უხილავი იყო - იქ ახალი სახეები აღმოაჩინა... აღმოაჩინა და ელდა ეცა: ოთახის კუთხეში, საბეჭდ მანქანასთან ის გოგო იჯდა, რომელთანაც პირისპირ შეყრა მისი გაცნობის დღიდანვე უკიდურესად აღელვებდა. ამ გოგოსთან შეხვედრა თვით კადრების განყოფილების უფროსთან, ქაჯ ქალთან შეყრაზე მეტ თავსატეხს უჩენდა პატარა ადამიანს. თუმცა თავსატეხს სრულიად განსხვავებული საფუძველი და შინაარსი ჰქონდა. თუ კადრების განყოფილების უფროსი ქაჯი იყო, ეს გოგო პირიქით - ფერიას ჰგავდა! მართალია, პატარა ადამიანზე ათი-თხუთმეტი წლით უფროსი მაინც იქნებოდა და უკვე აღარ ეთქმოდა გოგო, მაგრამ მისი ხასიათიდან, ქცევიდან გამომდინარე, თავმდაბალი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა - ნაზი, უთქმელი არსება იყო. ნუშისებური თვალებით დამშვენებული სახე, კოხტა, ჰაეროვანი ტანი და რაღაც იდუმალი, ალბათ, მეოცნებე ადამიანებისათვის დამახასიათებელი სინაზე ჰქონდა. ჰო, ამ ადამიანსა და პატარა ადამიანს შორის იყო რაღაც დიდი, სულიერი მსგავსება. მიკიბულ-მოკიბულის გარეშე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს გმირს თავდავიწყებით უყვარდა ეს არსება! მართალია, თავს ვერ უტყდებოდა, სწორედ რომ ”მიკიბ-მოკიბვას” არჩევდა ამ საკითხზე, მაგრამ ეს უეჭველად სიყვარული იყო _ პატარა ადამიანს შეყვარებული ჰყავდა! და ეს აქამდე, სანამ ჩვენ გავიგებდით, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ თვითონ იცოდა! არათუ სიყვარულის ახსნა, გოგოსთან გამოლაპარაკებაც კი უჭირდა. ორიოდ წლის განმავლობაში სულ სამი-ოთხი სიტყვა თუ ექნებოდა მისთვის ნათქვამი! ისე კი სამსახურში ყოფნისას (და არა მარტო სამსახურში) სულ მისკენ მიუწევდა გული, მიუწევდა, მაგრამ სინამდვილეში ერთთავად გაურბოდა. აქამდე ეს გოგო (პატარა ადამიანის ეგრეთ წოდებული შეყვარებული) მეორე სართულის ერთ-ერთ ოთახში იჯდა და არც მბეჭდავი იყო! როდის აქეთ გადმოიყვანეს მესამე სართულზე და ან საბეჭდი მანქანის ხმარება როდის ისწავლა, ეს უცნობი იყო პატარა ადამიანისთვის. ამ გარემოებამ უკიდურესად დააბნია ჩვენი გმირი და არა მარტო დააბნია, მეტიც, ასეთ საგანგებო ვითარებაში მასთან შეხვედრა გამანადგურებელი აღმოჩნდა მისთვის! პატარა ადამიანმა გაჭირვებით შეიკავა თავი, რომ თავქუდმოგლეჯილს არ მოეკურცხლა იქიდან - და არა მარტო იქიდან! მოეკურცხლა სამყაროს ნებისმიერი წერტილიდან - იქიდან, სადაც იყო, სადაც არ იყო იქიდანაც და იქიდანაც კი, სადაც ვერც ვერასოდეს იქნებოდა! სად მოეკურცხლა? ჯანდაბაში!

***
პატარა ადამიანი ძალზე დაიღალა... და მოტყდა! თავი დახარა - რამდენიმე წამი კიდევ უნდა გაეძლო იმისთვის, რაც თავს დაატყდა და მერე ფრთხილად გაძურწულიყო ოთახიდან ”ჯანდაბისაკენ”! ”შეყვარებულს”, რა თქმა უნდა, ვეღარ ესროდა მზერას და მასზე ფიქრისთვისაც რომ დაეღწია თავი, რამდენადაც გამოუვიდა, ყურადღება სხვა თანამშრომლებისაკენ გადაიტანა. გადაიტანა და მაშინვე თვალში ეცა ერთი აქტიური ქალბატონი, რომელიც ხმამაღლა მოუთხრობდა დანარჩენებს რომელიღაც ახალი ტელესერიალის შინაარსს, ტელევიზიას ჯერაც რომ არ გაეშვა ეთერში და მას, როგორც გამონაკლისს, საშუალება მისცემოდა, ორმოცდაათამდე სერია პირატული გზით მოპოვებული ვიდეოკასეტების მეშვეობით ეხილა. ძალზე საინტერესო ტელესერიალი ყოფილა! სხვათა შორის, პატარა ადამიანსაც უყვარდა მძაფრსიუჟეტიანი ტელესერიალები, მაგრამ ახალი სერიალის ზეპირად ხილვის თავი ახლა ნამდვილად არ ჰქონდა, მით უმეტეს, რომ ფილმში თვითმკვლელობაზეც ყოფილა რაღაც-რაღაცები და ამ თემაზე კიდევ რაღაც ახლის გაგებას ვეღარ აიტანდა. როგორც იცოდა, თვითმკვლელს კარგი დღე არ უწერია იმ ქვეყნად - პირდაპირ ჯოჯოხეთში მიექანებაო! უზენაესის ნებით ადამიანს არა ჰქონია ასეთი ნაბიჯის გადადგმის უფლება!
წამით განვლილი ცხოვრება გაახსენდა, ზოგიერთი შემთხვევა და ისე, უზენაესთან გაურჩება რომ არც უფიქრია, თვითმკვლელს თანაუგრძნო. თუმცა მაშინვე მიხვდა, რაც ჩაიდინა და თითქოს პატიება ითხოვაო, სხვა თემაზე გადაიტანა ფიქრი. ამასობაში ტელესერიალის სიუჟეტში სიკვდილი სიცოცხლემ შეცვალა და ამ გარემობამ პატარა ადამიანს კიდევ უფრო გაუადვილა ფიქრი. მართალია, არც ეს ”სხვა თემა” იყო მთლად დალაგებული, მაგრამ პატარა ადამიანი ახლა უკეთესს ვერც ვერაფერს ინატრებდა. იგი ოთახის დასატოვებელი გეგმის დამუშავებას შეუდგა - რამდენიმე წამი გავიდა მას მერე, რაც ტახტზე წამომჯდარიყო. მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მაშ, ნელ-ნელა შეუძლია წამოდგეს და გასასვლელისაკენ წავიდეს. მთავარია, ნელი ნაბიჯით იაროს, მის შინაგან დაძაბულობასა და ნერვიულობას რომ არ გაესვას ხაზი... ჰო, ყველაფერი მშვიდად, სასურველია, ღიმილითაც კი გავაკეთოო, შეახსენა თავს და ფრთხილად წამოდგა. თვალი ოთახს მოავლო, მზერა თითქოს ოთახში მყოფებისკენ ჰქონდა მიმართული, სინამდვილეში, არც ერთისთვის არ შეუხედავს - ეშინოდა! ერთი-ორი ფრთხილი ნაბიჯი, კიდევ და კიდევ და კარსაც მიაღწია, ფრთხილად გამოაღო და მგონი, გასვლისას თავშეკავებამ უმტყუნა - სწრაფად გახტა ღია კარში, თანაც ოთახში მყოფებისთვის გასვლის წინ მადლიერების ნიშნად არაფერი უთქვამს და კარიც ზომაზე მეტად მიიჯახუნა.

***
დერეფანს, რომელსაც პატარა ადამიანი მიუყვებოდა, ორივე მხრიდან კარების მწკრივი მიუყვებოდა - ზოგი დახურული იყო, ზოგი ღია. ხალხი მრავლად ირეოდა დერეფანში. შესაძლოა, მათგან ბევრმა იცოდა პატარა ადამიანის ეპილეფსიური შეტევის შესახებ და ახლა ცნობისმოყვარედ აკვირდებოდნენ, მაგრამ მათი ცნობისმოყვარეობა პატარა ადამიანისათვის უკვე სულერთი იყო - ვიღას უნდა ენახა ასე დაბეჩავებული იმაზე მეტს, ვინც უკვე ნახა? დიახ, იმ მბეჭდავ გოგოს, ეგრეთ წოდებულ მის შეყვარებულს! და კიდევ მეგობრებს - დონ ჟუანს, შავგვრემანს... პატარა ადამიანის უცნაურობების შესახებ ბევრი რამ იცოდნენ ბიჭებმა და ახლა ეს წყეული ეპილეფსიაც დაემატა. ნაცემივით მილასლასებდა ჩვენი გმირი ამ გულცივ, ადამიანთა გაუთავებელი მოძრაობით გაცვეთილ დერეფანში. მიუხედავად იმისა, რომ აქ მუდამ ბევრი ხალხი ირეოდა, მაინც ყრუ, ადამიანური სითბოსაგან დაცლილი ადგილი იყო!
ასე გაიარა ჩვენმა გმირმა დერეფანი, მთელი უსასრულობა - (თუმცა სინამდვილეში დერეფანი მხოლოდ ოციოდე ნაბიჯს თუ მიითვლიდა) - და მეორე (კიდევ უფრო მოკლე) დერეფანში გადაუხვია, საიდანაც დაწესებულების ცენტრალურ კიბემდე ძალიან ცოტა მანძილი რჩებოდა. მეორე დერეფანი თითქმის არაფრით განსხვავდებოდა პირველისაგან, ოღონდ ოდნავ განიერი იყო და შედარებით მეტად განათებული, მაგრამ ამ დერეფანში პატარა ადამიანს კიდევ უფრო მეტად შემოაწვა სევდა, რისი მიზეზიც მთლად კარგად თვითონაც ვერ ახსნა. მან მხოლოდ ერთი რამ იცოდა დაზუსტებით _ იგი პირდაპირ ”ჯანდაბისაკენ” მიაბიჯებდა და ყოველი ახალი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ სულ უფრო მცირეოდენი მანძილი რჩებოდა მასსა და ”ჯანდაბას” შორის.
ისე გაბრუებული იყო პატარა ადამიანი, იმ ”ჯანდაბამდე” მიღწევაც გაუჭირდებოდა, მაგრამ თავს რის ვაივაგლახით ძალა დაატანა და რამდენადაც მოახერხა, ყურადღება გარემოზე, დერეფნის სივრცეზე გადაიტანა. ნაღვლიანი თვალები იატაკს, კედლებსა და კარებს აადევნა. მგონი, თვლაც იწყო კარების, მაგრამ მექანიკურად, თავისდა შეუმჩნევლად. რატომღაც რიცხვი ”ექვსი” აეკვიატა თავში და თითქოს რიცხვმა მისგან განსაკუთრებული ყურადღება მოითხოვაო, ტვინში რამდენიმეჯერ უცნაურად გაეჩხირა. ეუცნაურა ეს პატარა ადამიანს, შედგა, შედგა და უეცრად შეამჩნია, რომ თვალი ერთ-ერთ კარზე გაშტერებოდა - ეს სწორედ მეექვსე კარი უნდა ყოფილიყო! რატომ იყო მეექვსე, ამას ვეღარ გეტყოდათ. გონება დაძაბა და ყურადღებით მიაცქერდა: კარს ნომერი არ ჰქონდა - ეს ცხადლივ გაარჩია. ნაბიჯი გადადგა და უფრო ახლოდან შეათვალიერა. შეათვალიერა და უცებ მიხვდა, კარს ნომერი ექვსი (ყოვლად უმიზეზოდ) თვითონვე მიაწერა, მიაწერა მაშინ, როდესაც თავისდა შეუმჩნევლად ითვლიდა დერეფანში განლაგებულ კართა მწკრივს. ისიც კი გაახსენდა, როგორ ითვლიდა: ერთი, ორი, კიდევ რამდენიმე და ბოლოს, ექვსი. ამაში თითქოს არაფერი იყო საგანგაშო და ის იყო ნაბიჯის გაგრძელებას აპირებდა, რომ ისევ შედგა და ახლა იმან დააფიქრა, რატომ გაჩერდა მაინცდამაინც რიცხვ ექვსზე, ანუ იმ კართან, რომელსაც რიგით მოუწია ამ ციფრმა. რაღაც აზრი უღრღნიდა გონებას, მაგრამ პატარა ადამიანი ჯერ კიდევ იმდენად იყო გაბრუებული, რომ ამ არაცნობიერი აზრის გასაცნობიერებლად უნარი არ ჰყოფნიდა. მუხლებში სისუსტეს გრძნობდა და ყურები უწიოდა.
- კარი... კარი... კარი... - და უეცრად პატარა ადამიანს გონება გაუნათდა - მიხვდა, რა საიდუმლოც იმალებოდა მეექვსედ წოდებულ კარს მიღმა. მიხვდა, მაგრამ ვაი ამ მიხვედრას. კარი, ანუ ოთახი, რომელსაც ჩვენი გმირი მიახლოებოდა, კადრების განყოფილების უფროსის ”საშინელი კაბინეტი” იყო! რატომ საშინელი? რატომ და იმიტომ, რომ ასე ნაუცბადევად სხვა მეტად შესაფერი სიტყვა, უბრალოდ, ვერ შეარჩია პატარა ადამიანმა. შეიძლება, ამ კაბინეტში ვიღაცებს წვავდნენ... ვიღაცებს ჭამდნენ კიდეც...
კარი ნახევრად შეღებული იყო და ხმები ისმოდა! პატარა ადამიანს ჟრუნატელმა დაუარა: ამ ხმებში მან თავისი მეგობრების (თუ უკვე მტრების...), დონ ჟუანისა და შავგვრემანის ხმა გაარჩია. ისედაც სულიერად გატეხილი პატარა ადამიანი მთლად მოტყდა, წაიშალა, თითქოს გაქრა ამ ქვეყნიდან - მას მეგობრებმაც უღალატეს...
ერჩივნა, ნამდვილად ერჩივნა ჩვენს გმირს ხელმეორედ დაეკარგა გონება, ოღონდ ამ კარის წინ არ გაევლო. ამ დროს რომელიღაც კარი გამაყრუებლად მიაჯახუნეს და თითქოს ზურგში მოხვდაო ეს ხმა, წინ გაისროლა. გამოჩნდა ”ქაჯეთის ციხის” პირველი მკვიდრი, პირველი ეშვი ამ დაბჩენილი ხახისა!
ვინ იყო ეს ”ეშვი”? არც დონ ჟუანი, არც შავგვრემანი და მით უმეტეს, არც კადრების განყოფილების უფროსი ყოფილა. სულ სხვა აღმოჩნდა - მორიგი ”მხეცი” პატარა ადამიანის რეალობაში! ქალი თუ კაცი? ეჰ, ვინ იცის, ვინ იცის - საერთოდ, ქაჯებსა და ალქაჯებს აქვთ კი სქესი? მართალია, გარეგნობით ზოგიერთნი კაცებს ჰგვანან, დანარჩენები კი ქალებს, მაგრამ სინამდვილეში... სინამდვილეში ეს არავინ იცის! ყოველ შემთხვევაში, პატარა ადამიანის მიერ ”ეშვად” შერაცხული ავსული გარეგნულად ქალს ჰგავდა. ჰო, ქალი იყო, პირობითად! პატარა ადამიანი დიდი ხანია იცნობდა მას, იცნობდა ამ დაწესებულებაში მოსვლის პირველი დღიდანვე. პირველად ჩვენი გმირი სწორედ ამ ოთახში შემოიყვანეს და ”ეშვი” იქ დახვდა. არადა, პატარა ადამიანმა იცოდა, რომ ”ეშვს” სამუშაო კუთხე სრულიად სხვა ოთახში ჰქონდა! უბრალოდ, ძალიან ხშირად სტუმრობდა კადრების განყოფილების უფროსს, მეგობრობდა მასთან. ეს ქალი (ეგრეთ წოდებული ეშვი!) ლამაზი იყო. თუმც ძალიან ჰგავდა კატას - არა მხოლოდ გარეგნობით, ხასიათითაც! თითქმის არასოდეს ლაპარაკობდა უცხოებთან - მოკალათდებოდა სავარძელში და საათობით გაუნძრევლად იჯდა. ადამიანების თვალიერება უყვარდა. გვერდული მზერით გაუთავებლად ათვალიერებდა ყველას.
პატარა ადამიანმა კიდევ წაიწია წინ, კიდევ უფრო მეტად ჩარგო თავი ურჩხულის ხახაში და უბედურების მოლოდინში რომ იყო, მოვლენები სრულიად სხვაგვარად განვითარდა. ისე, რომ პატარა ადამიანმა მოულოდნელობისაგან პირი დააღო: მთავარი ქაჯი, ანუ კადრების განყოფილების უფროსი, ბუნაგში არ დაუხვდა, მხოლოდ სამი ადამიანი იყო იქ - დონ ჟუანი, შავგვრემანი და ”ეშვი”. მთავარი ქაჯის უპატრონოდ დარჩენილ ”ტახტს” დონ ჟუანი დაჰპატრონებოდა: იჯდა სავარძელში და ფეხები წინ გაეშვირა. შავგვრემანიც გვერდით ჰყავდა. საცოდავი მხოლოდ ”ეშვი” იყო - თუმცა ეშვი კი არა, კატა! ჰო, სწორედ რომ კატა, დამფრთხალი კატა, სადღაც კუთხეში მიკრუნჩხულიყო. კატა ტყვე იყო! ან მძევალი! მძევალი? არა,ს ის უეჭველად ტყვე იქნებოდა! თანაც, როგორი ტყვე? უთუოდ ბრძოლის გარეშე დანებდებოდა ბიჭებს - ის ხომ კატაა, მისთვის სულერთია, ვინ იქნება მისი ბატონი!
სად იყო ამ დროს კადრების განყოფილების უფროსი, დამარცხებული მთავარი ქაჯი? სად და, პატარა ადამიანის აზრით, ის სადღაც იქვე, იატაკზე ეგდებოდა განგმირული, დონ ჟუანის ან შავგვრემანის ფეხთით - ის სხვაგვარად არ დანებდებოდა ბიჭებს.
პატარა ადამიანი ოთახში შევიდა. ზღურბლზე ცოტა არ იყოს, ფეხი დაება - უხერხულობისა თუ შიშისმაგვარი გრძნობა დაეუფლა. თუმცა ეს არცთუ ისე თვალში საცემი იყო და ამ არასასიამოვნო წვრილმანის დაფარვის მიზნით პატარა ადამიანმა, ახლა უკვე დაბნეულობისაგან, უფრო თვალში საცემი შეცდომა დაუშვა: ”შეიძლება?” - იკითხა შესვლისას. ოთახში შესასვლელად მეგობრებისაგან ნებართვის აღება ნამდვილად ზედმეტი იყო და ამით დარცხვენილმა პატარა ადამიანმა ოთახში ისე შეაბიჯა, ისე იპოვა იქვე, კართან თავისუფალი სკამი, თავი არ აუწევია - ელოდა, რა მოხდებოდა.
მეგობრებმა გულწრფელად გაიხარეს მისი დანახვით - ისაო, ესაო, თავს როგორ გრძნობო, როგორ ხარო, ნუ გეშინია, ეგ არაფერია, ჩვენ აქ ვართო... ცოტა გადაიღალა კიდეც პატარა ადამიანი ზედმეტი ყურადღებისგან. თუმცა ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. იცოდა, რომ რაღაცებს უეჭველად გამოჰკითხავდნენ, ამისთვის წინასწარ შემზადებული იყო.
შეხვედრის პირველმა წუთებმა, შეიძლება ითქვას, მშვიდობიანად ჩაიარა. ბიჭებმა ჩვენი გმირის მოკითხვით გული იჯერეს და მალე იგი ყველას გადაავიწყდა და პატარა ადამიანმა შვებით ამოისუნთქა. თვალი მოსწყვიტა თავის მოწითალო ფეხსაცმელებს და იქაურობას მოკრძალებულად მოავლო მზერა, ოღონდ ადამიანებს თვალი ვერ გაუსწორა და ისევ ოთახის თვალიერებას დასჯერდა.
სხვათა შორის, ეს ოთახი ჩვენს გმირს აქამდეც კარგად ჰქონდა შესწავლილი. ზეპირად იცოდა, რომელ კუთხეში რა ნივთი იდო. მართალია, აქ ძალზე იშვიათად უწევდა შესვლა, მაგრამ ყოველი იშვიათი ვიზიტი თავს ძალიან დიდი ხნით ამახსოვრებდა, ძალზე მძაფრი შთაბეჭდილებებით დატვირთული გამოდიოდა ხოლმე იქიდან. შთაბეჭდილებები, ძირითადად, უარყოფითი იყო, თუმც იყო ისეთებიც, რომელთა წყალობით ჩვენს გმირს მხნეობა ემატებოდა. ისევე როგორც მისი ბინა, ეს ოთახიც ათასი წვრილმანი ნივთით გამოეტენა კადრების განყოფილების უფროსს. სამუშაო ინვენტარის გარდა, აქ საყოფაცხოვრებო ნივთებსაც მრავლად ნახავდით. ზოგიერთი თითქოს სრულიად ზედმეტი იყო იქაურობისათვის, მაგრამ თითოეულს ისე უცნაურად, იდუმალი კანონზომიერებით ჰქონდა ადგილი მიჩენილი, რომ რაღაც განუყოფელი მთლიანობა იქმნებოდა. კონკრეტული დანიშნულება თუ მნიშვნელობა არა ცალკეულს, არამედ მთლიანობას, ნივთთა კრებულს ენიჭებოდა. აქ ყველაფერი რაღაცისთვის იყო საჭირო...
პატარა ადამიანისათვის ასეთი საჭიროება შემდეგში მდგომარეობდა: ცხოვრებისაგან გარიყულს ტანჯავდა თავისი მდგომარეობა, განიცდიდა, ებრძოდა კიდეც მას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა და ამ მოუშუშებელ იარას, ამ მარტოობის ტკივილს ყველაფერ იმის შემოკრებით იამებდა, რასაც ნამდვილ, მჩქეფარე, მისთვის საოცნებო ცხოვრებასთან ჰქონდა კავშირი, თუნდაც ესენი უსულო საგნები ყოფილიყო. არ დაიჯერებთ და, პატარა ადამიანს შინ მეგაფონიც ჰქონდა. ხშირად ჩართავდა ხოლმე, თუმც, რა თქმა უნდა, მასში არასოდეს არაფერი ჩაუძახია.
კადრების განყოფილების უფროსის ოთახშიც მსგავსი ”თბილი ქაოსი” იყო. რამდენჯერ უფიქრია, რომ ამ ორ ადამიანს ბევრი რამ ჰქონდა საერთო, ერთმანეთს ჰგავდნენ. მეტიც, ხანდახან სჯეროდა, რომ ოდესღაც ეს ქალიც მასავით იტანჯებოდა. ერთ მშვენიერ დილას (იქნებ ისეთივე დილას, როგორიც პატარა ადამიანს გაუთენდა დღეს) - სძლია თავს და... და თავისუფალ ცხოვრებას მონატრებული (თუ უფრო დახარბებული) ერთბაშად თავაშვებულ ცხოვრებაში გადაეშვა.
...ნუთუ მეც ასე დამემართება, როდესაც საკუთარ უმწეობაზე გავიმარჯვებო? - თავს დაეკითხა პატარა ადამიანი და მაშინვე ზიზღით ტუჩი მოეღრიცა. ჯერ ერთი, ძალიან შეეპარა ეჭვი თავის გამარჯვებაში და მეორე - რომც გაემარჯვა, ვერ წარმოიდგინა საკუთარი თავი თავაშვებულ ცხოვრებაში გადავარდნილი!..
უეცრად პატარა ადამიანს დონ ჟუანის ენერგიულად აქნეულმა ხელმა გააწყვეტინა ეს ფიქრი. ხომ არ ჩხუბობსო, გაიფიქრა. არა, დონ ჟუანი არ ჩხუბობდა, რაღაცას ყვებოდა აღტაცებით. ჩვენმა გმირმა ვერც გაიგო, რას ყვებოდა, მაგრამ დასტურის ნიშნად მაინც თავი დაუკრა, რადგან დონ ჟუანმა მისკენაც გამოიხედა. ამ ჟესტით პატარა ადამიანმა ყველას აჩვენა, რომ იგი განა კოლექტივისაგან გარიყულია, მათთან არის!
პატარა ადამიანი ფიქრით ისევ იმ ავადსახსენებელ ქალს გადასწვდა. ქალი აშკარად გაბოროტებული ჩანდა და ბოროტებამ სწორედ მაშინ იჩინა თავი, როდესაც პატარა ადამიანის აზრით, პირიქით, კეთილშობილება უნდა მოჭარბებულიყო მასში და ანგარიში გაეწია ისეთი უმწეო ადამიანისათვის, როგორიც ცოტა ხნის წინ თვითონ იყო. უმწეო ადამიანებს ხომ შეცნობა უნდა და შეცნობით სხვა ვინ შეიცნობს უკეთესად, თუ არა ის, ვისაც ეს საკუთარ თავზე გამოუცდია! - ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა და რადგან ასე ესმოდა ჩვენს გმირს, გაცნობის ლამის პირველივე დღეს მისთვის გულის გადაშლა სცადა. გადაუშალა კიდეც! იქნებ რაიმე ესწავლებინა, დაერიგებინა, მაგრამ ქალმა ირონიულად ესღა ჰკითხა: Как, прямо оттуда, с психушки? (როგორ, პირდაპირ იქიდან, საგიჟეთიდან?)
სხვა აღარაფერი გაუგონია პატარა ადამიანს - იმ დღიდან დაკარგა ყველაფრის რწმენა! სიკვდილის მოახლოებაც კი იგრძნო... აღარავისთვის გაუმხელია ის საიდუმლო, რაც ამ ქალს გაანდო. მოგვიანებით ქალის გამართლებაც სცადა. პატარა ადამიანს ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ ბოროტება სიკეთეზე ვერ გაიმარჯვებს. მართლაც, ძნელი წარმოსადგენია, კეთილი გაუკუღმართდეს! ხომ შეიძლება, იმ ქალის ჩვენი გმირისადმი უარყოფითი დამოკიდებულება კეთილი ზრახვებითაც იყო განპირობებული: თავის უმწეობაზე გამარჯვებული კადრების განყოფილების უფროსი აგრესიული მოპყრობით თავისნაირებს ცხოვრებას კიდევ უფრო უმძიმებდა და ამ უმარტივესი გზით თვით ყველაზე პესიმისტსაც აიძულებდა, საკუთარი თავი თუნდ სიკვდილის ფასად გარდაექმნა, გაეძლიერებინა. ასეა, ზრუნვა და ფერება ყოველთვის არ არის შედეგიანი! რომ იტყვიან, ნაზუქს ხანდახან მათრახიც უნდა წააშველო, თორემ ზრუნვა და მოფერება მკვლელსაც სჭირდება... და იქნებ ყველაზე მეტად მას - რომ აღარ მოკლას!
ერთი სიტყვით, თუ ქალი შეგნებულად იქცეოდა ასე, ე. ი. ჰუმანური ადამიანი ყოფილა და კეთილი საქმისთვის თავს არ ზოგავდა! არ დაეძებდა, რას იფიქრებდნენ მასზე! ასეთი ადამიანები გმირები არიან! სწორედ რომ გმირები! - დაასკვნიდა ხოლმე ჩვენი გმირი, დაასკვნიდა, მაშინ, როდესაც თავის ბინაში განმარტოვდებოდა და გვიან ღამით, ბალიშში თავჩარგული ძილს რომ ამაოდ ელოდებოდა... მერე გაჭირვებით ჩაეძინებოდა. ოღონდ, დილით სამსახურში მისულს, თუ მესამე სართულზე ასვლა მოუწევდა (ან სადმე სხვაგან გადაეყრებოდა კადრების განყოფილების უფროსს), ყველაფერი თავიდან იწყებოდა: წუხანდელი ნააზრევიდან აღარაფერი რჩებოდა _-კადრების განყოფილების უფროსი კვლავ ქაჯი ხდებოდა!
- ის ქაჯია! ქაჯი! ახლაც ქაჯია!
უეცრად პატარა ადამიანმა იგრძნო, რომ შიში დაეუფლა. გაფაციცდა, საშიშროება აქვე ჩასაფრებულიყო. ოთახის იმ კუთხისკენ გაიხედა, რომელსაც ახლა ტანსაცმლის საკიდი ეფარებოდა - იქ ქაჯი იმყოფებოდა, ცოცხალი და უვნებელი! დაბალ სკამზე იჯდა, თანამშრომლებისთვის ზურგი შეექცია და ელექტროქურაზე შემოდგმულ ყავიან მადუღარას კოვზით ურევდა!

***
მეხის გავარდნის შემდეგ ცაზე ღრუბლები გადაიყარა, მაგრამ ცას აღარ ეთქმოდა სიცოცხლის, სინათლის ცა. მისი ადგილი დიდმა, უკიდეგანო რუხმა ლაქამ დაიკავა. ამ რუხი ლაქის ქვეშ, დედამიწაზე, ცივი, ნესტიანი სიკვდილი დაწანწალებდა. სიკვდილიც აღარ იყო ისეთი, როგორიც სინამდვილეში არის. სიმძაფრე გამოსცლოდა, გაუფერულებულიყო. სხვა ყველაფერიც გაუფერულებულიყო და გაუბრალოებულიყო - სამყარო საკუთარ გულგრილობაში იძირებოდა...

***
პატარა ადამიანმა თავი ხელებში ჩარგო. ყველაფერი ეს ისე მოჰბეზრებოდა, ახლა ვინმეს ბასრი დანა რომ მოეღირებინა, ოდნავადაც არ გაერიდებოდა, რადგან მისთვის სიკვდილი ღირებულებით სიცოცხლეს წამოეწია! ღონემიხდილი ისევ თავის მოწითალო ფეხსაცმელებს დააჩერდა, თან ფიქრობდა, ფიქრობდა, რამდენადაც შეეძლო. იცოდა, რომ უბედურება კადრების განყოფილების უფროსის შემობრუნების შემდეგ დატრიალდებოდა. საცაა ყავა ადუღდებოდა. ერთი პირობა პატარა ადამიანს თავზე მეტად დონ ჟუანი და შავგვრემანი შეებრალა. ჩვენს გმირს ვერაფრით აეხსნა, ”მთავარმა ქაჯმა” დონ ჟუანს თავისი ”ტახტი” რატომ დაუთმო? ან შავგვრემანს ის სიამაყე, ახლა სახეზე რომ ჰქონდა აწეპებული, აქამდე როგორ არ გადაახია თავზე? თავდაპირველი ვერსია, რომ ბიჭები მოღალატეები და ქაჯებთან შეკრულები იყვნენ, პატარა ადამიანს უკვე აბსურდად ეჩვენებოდა - ბიჭების გულუბრყვილობა მოწმობდა ამას, გულუბრყვილობა, რომელიც ამ წუთში აშკარად იკითხებოდა. ყოველი წამი ავისმომასწავებელ წინათგრძნობას უძლიერებდა ჩვენს გმირს - ძალიან, ძალიან ეშინოდა პატარა ადამიანს თავის აწევის... ეშინოდა და ისევ და ისევ თავის მოწითალო ფეხსაცმელებს დასჩერებოდა - მოწითალო ფეხსაცმელები კი სირცხვილისაგან ისე გაწითლებულიყვნენ, საცაა აალდებოდნენ.
აი, წამოდგა ფეხზე კადრების განყოფილების უფროსი (იგივე ქაჯი, იგივე ალქაჯი, იგივე...) და შემობრუნდა. ხელში მადუღარა უჭირავს. ვაითუ ყავა პატარა ადამიანს გადაასხას თავზე. პატარა ადამიანმა საცოდავად ახედა ქვემოდან. არა! ეტყობა, ამჯერად გადაურჩა ყავის თავზე გადასხმას, რადგან მთავარი ქაჯი დონ ჟუანს დააცხრა. თითქოს პირველად შეამჩნია, რომ ”მსხვერპლი” მის ”ტახტზე” მოკალათებულიყო. თითის აქნევა და დონ ჟუანი სავარძელში აღარ იჯდა! მერე  შავგვრემანიც მოიცილა - ის ხომ ახლოს იჯდა ”მბრძანებლის” ტახტთან... და ბოლოს, ”მბრძანებელმა” პატარა ადამიანზე გადაინაცვლა!
დიდი პაუზა...
დიდი პაუზა? არა, დიდი პაუზა არ ყოფილა! ეს ისე (და ცოტა პატარა ადამიანის ხათრითაც...), შევისვენეთ! სინამდვილეში კი აი, რა მოხდა: კადრების განყოფილების უფროსმა პატარა ადამიანს ღიმილით თვალი ჩაუკრა. წინასწარ მომზადებულ ფინჯნებში ყავა დაასხა. ერთი თვითონ დაიდგა, ერთიც მეგობარ ქალს გაუწოდა და მესამე ფინჯანი კი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ ყოვლად ამოუხსნელი ბუნების ქალმა პატარა ადამიანს უბოძა - თვალით ანიშნა, ახლოს მოიწი და დალიეო!
პატარა ადამიანმა იმარჯვა და მადლიერების ნიშნად თავიც კი დაუკრა კადრების განყოფილების უფროსს - საოცარ ქალს! ამასობაში შავგვრემანმა თავის სკამიანად ოთახის ერთ-ერთი კუთხისაკენ გადაინაცვლა. საცოდავმა დონ ჟუანმა კი ელექტროქურასთან მდგომ იმ დაბალ სკამზე მოიკალათა, მცირე ხნის უკან კადრების განყოფილების უფროსს რომ ჰქონდა დაკავებული. ახლა შეიქნა პატარა ადამიანისათვის ნათელი, რა პატივი ერგო დონ ჟუანს ცოტა ხნით ”მბრძანებლის ტახტი” რომ დაიკავა - ცხოვრება მართლაც რომ სასაცილოა...
პატარა ადამიანმა შვებით ამოისუნთქა - ეს იყო გვირაბის ბოლოს გამოჩენილი სინათლე. თუმცა განცდებისა და ეჭვისაგან საბოლოოდ გათავისუფლებამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლდა და ერთი პირობა ისევ მოეჩვენა, რომ ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდებოდა, წინასწარ იყო გათვლილი, მის დასაღუპად გამოგონილი! დასაღუპად თუ არა, მაშ, მასხრად ასაგდებად! ალბათ, გულში ხითხითებდნენ, მის დასანახად კი თავაზიანად იღიმებოდნენ! პატარა ადამიანმა ვეღარ მოითმინა და ოთახში მყოფები მოათვალიერა. მოათვალიერა და დანახულმა გააოგნა. ცივმა ოფლმა დაასხა - ყველანი მას მისჩერებოდნენ! არა, არა, მას კი არა, მის ზურგს უკან, კარის ზღურბლზე მდგარ სტუმარს მისჩერებოდნენ. პატარა ადამიანმაც მიიხედა ახალმოსულისაკენ - ერთი ახალგაზრდა, შეუხედავი ქალი აღმოჩნდა. სტუმარზე მეტად შინაურს ჰგავდა, ან ცდილობდა, ასეთი შთაბეჭდილება შეექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ოთახში მყოფთაგან არავის მიუპატიჟებია და არც ის უცდიათ, ცხვირწინ მიეჯახუნებინათ მისთვის კარი, ზღურბლზე მჟავე სახით გაჩერებულიყო და თითქოს გუნებაში ბჭობდა, იქ მყოფთათვის ზურგი მიექცია თუ პირიქით, შესვლით პატივი დაედო. ამ ქალსაც იცნობდა პატარა ადამიანი. ”მეტიჩარა” - ასე დაარქვა ჩვენმა გმირმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ. ერთხანს ”მეტიჩარასაც” იკვლევდა და ბევრი რამაც გამოიკვლია, მაგრამ ამ საქმიანობაზე სულ მალე აუცრუვდა გული, რადგან საკმაოდ პრიმიტიული და მოსაწყენი რამ აღმოჩნდა მისთვის. ”მეტიჩარა” ერთი უბრალო, ცოტა არ იყოს, უცნაური ქალი ბრძანდებოდა - უცნაურად თავს განზრახ გაჩვენებდა! ოღონდ კი ყველასაგან გამორჩეული ყოფილიყო და რას არ იგონებდა!..
ერთი სიტყვით, ოთახს, რომელიც კადრების განყოფილებად იწოდებოდა, დიდად საპატიო სტუმარი, ეგრეთ წოდებული - ”მეტიჩარა”, ეწვია. როგორც იქნა, გადაწყვიტა და ოთახში შესვლით იქ მყოფნი გააბედნიერა. პატარა ადამიანი სკამიანად კედელს აეკრა, რომ გზა დაეთმო. მეტიჩარა თვალით სკამს ეძებდა - თავისუფალი სკამი აღარ იყო და ადგილის დათმობა მისთვის ფიქრადაც არავის მოსვლია! თუმც მეტიჩარამ პრობლემა ძალიან მარტივად გადაჭრა: ფანჯრის რაფაზე შემოჯდა. გზად, ოთახის შუაგულში, დიდ საწერ მაგიდას რომ გაუსწორდა, იმ მაგიდას, რომელზეც პატარა ადამიანის ხელუხლებელი ყავით სავსე ფინჯანი იდგა, მცირე ხნით შეყოვნდა. იქ მყოფნი კიდევ ერთხელ ყურადღებით შეათვალიერა, დარწმუნდა, ყავიანი ფინჯანი რომელიმე მუშათაგანს რომ ეკუთვნოდა და აწუწუნდა - დაბალი წნევის გამო დილიდან თავი მისკდებაო და პატარა ადამიანის ყავა თან გაიყოლა. პატარა ადამიანმა შეამჩნია, როგორ აილეწა კადრების განყოფილების უფროსი - აშკარად აღიზიანებდა მეტიჩარა. სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. პატარა ადამიანმა ყურადღება მოიკრიბა - აბა, რა მოხდებაო? ხომ იცით, ჩვენი გმირი ცნობისმოყვარეც რომ იყო და ცოტა ჭორიკანაც!
მეტიჩარამ ხელჩანთიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა, ერთი ღერი ამოიღო და სანამ თითებში სრესდა, დონ ჟუანმა საფერფლე მიაწოდა. იმან კი, მადლობის ნაცვლად, სანთებელა მაქვსო, უთხრა და სიგარეტს მოუკიდა. კვამლი ღრმად ჩაისუნთქა, ნათურას ქათამივით ახედა და დაგუბებული კვამლი წვრილ ზოლად მისკენ მიუშვა. ამ დროს მეტიჩარას კადრების განყოფილების უფროსისაკენ ჰქონდა ყურადღება მიმართული. ქცევაზე ეტყობოდა, რომ აქაურთაგან მხოლოდ მას თვლიდა ტოლად და სწორად. იმასაც ატყობდა, რომ უგუნებოდ იყო ”ოპონენტი” და ეს სიამოვნებას ჰგვრიდა. დუმილი ისევ მეტიჩარამ დაარღვია - რაღაც სახიფათოდ აქტიურობდა. ლაპარაკი ზერელედ წამოიწყო, თვითონაც რომ არ აინტერესებდა, ისეთ რამეზე. ვიღაც ახალ თანამშრომელზე ჰკითხა კადრების უფროსს, წინა დღით მისი თანდასწრებით რომ შემოეტანა საბუთები. პროვინციელი იქნებაო, თავადვე დაასკვნა ბოლოს და ისეთი სახე მიიღო, თითქოს უნდოდა ეთქვა - ოღონდაც მასზე არაფერი მკითხოთო!
კადრების განყოფილების უფროსი მოჭუტული თვალებით მიაჩერდა ახალმოსულს და თითქოს ახლაღა შეამჩნიაო, ერთიანად გამოიცვალა, გამოცოცხლდა, სრულიად სხვა ადამიანი გახდა, ვეღარ იცნობდით ისევ ის იყო თუ სხვა. თამაში დაიწყო! - ეს აშკარად  დააფიქსირა პატარა ადამიანმა.
- Ну, как дела? (ჰა, როგორა ხარ?) ნამდვილად ადამიანებთან ურთიერთობის დიდოსტატი იყო. მისი ირონიული ღიმილი პატარა ადამიანსაც გადაედო. მეტიჩარა მოიკითხა, გამოჰკითხა აქეთური, იქითური, ქმარი როგორ გყავსო და რატომღაც ტელეფონი მოინდომა უცბად. დონ ჟუანს მისდგა, რომ მიმჯდარხარ მანდ და ტელეფონი გვერდით გიდევს, ხომ ხედავ, მჭირდებაო. ტელეფონი მართლაც დონ ჟუანის გვერდით, პირდაპირ იატაკზე იდო. როგორც ჩანს, მისით განყოფილების უფროსმა ცოტა ხნის წინ, ყავის მოდუღებისას ისარგებლა. დონჟუანმაც იმავწამს მიაწოდა ტელეფონი. თურმე კადრების განყოფილების უფროსს თავისი საყვარლები გახსენებია. გამოაცხადა, მათთან ვრეკავო. საყვარლები რაღა სათვალავში ჩასაგდებია, როცა სულ ცოტა, სამი ქმარი ჰყავდა გამოცვლილი, მაგრამ რჩევა მაინც მეტიჩარას ჰკითხა, რომელს დავურეკოო.
მეტიჩარა ის ჩიტი არ იყო, ხაფანგში იოლად გაბმულიყო. ეტყობა, იცნობდა თავისი ოპონენტის საყვარელთაგან ვიღაცებს და ირონიულად ერთ-ერთის კანდიდატურა შესთავაზა. თითქოს ჭკუაში დაუჯდაო, ქალი წამით ჩაფიქრდა და მერე ნომერი აკრიფა, მაგრამ მაშინვე დააგდო ყურმილი და ერთი ვაჟკაცურად (მაგრამ, რა თქმა უნდა, ქალური გულით...) შეაგინა ტელეფონს - არსად რეკავს, ან თუ რეკავს, შინ არავინ მხვდებაო! შემდეგ თითქოს ახლაღა დაუფიქრდა მეტიჩარას წინადადებასო, შეთავაზებული კანდიდატურა დაუწუნა - არ მინდა, შენს ქმარსა ჰგავსო... სახეც რაღაცნაირად დამანჭა, ალბათ, მისი ქმრის გამომეტყველებას გამოხატავდა.
ეს სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა მეტიჩარასთვის - ქმარი მისი სუსტი წერტილი იყო!  აშკარად, არ მოელოდა ამდენს თუ გაუბედავდნენ, თანაც მეორეხარისხოვანი ადამიანების თვალწინ. მეორეხარისხოვან ადამიანებში მეტიჩარა მუშებს გულისხმობდა. სახეზე ალმური მოედო, თვალები აემღვრა - მზად იყო, ბრჭყალებით ძგერებოდა კადრების განყოფილების უფროსს და სულ თმით ეთრია, მაგრამ ამ პროვინციული, მდაბიო გამოხდომის უფლებას თავს ვერ მისცემდა! თანაც მისი ოპონენტი პასუხის მოლოდინში მართალია, ირონიული, მაგრამ მაინც ღიმილით მისჩერებოდა. რამდენიმე წამი მეტიჩარამ არათუ საპასუხო დარტყმა, თავდასაცავიც კი ვერაფერი მოიფიქრა, რადგან კადრების განყოფილების უფროსს არავინ ჰყავდა ისეთი ძვირფასი ადამიანი, ვისაც მეტიჩარა გულიანად შეუგინებდა. ერთი სიტყვით, აშკარად მარცხი იგემა და როგორც მისი ხასიათის პრაქტიკულობიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო, სამარცხვინო დამარცხების უპირობო აღიარებას ისევ ნაწილობრვი კაპიტულაცია არჩია: თავისი ქმრის საჯაროდ ქებას მოჰყვა! თურმე მის ქმარს დასაწუნი არაფერი ჰქონია! ძალიან თანამედროვე, უკომპლექსო კაცი ყოფილა, დასავლური ორიენტაციისა და რაღაც... აქაური... იქაური... გნებავთ, გარეთ... გნებავთ, სახლში... დღისით... ღამით... სხვათა შორის, ღამესთან დაკავშირებული საქმიანობანი კადრების განყოფილების უფროსის ეშმაკური წაქეზებით მეტიჩარამ უწვრილმანეს დეტალებამდე აღწერა. ზოგიერთ ისეთ საიდუმლოს მოხსნა თავი, რომ არა მარტო პატარა ადამიანს, დონ ჟუანსაც კი თმა ყალყზე დაუდგა.
დიდხანს ილაპარაკა მეტიჩარამ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალიან ჩქარობდა, იქაურობის დატოვება სურდა, ვიდრე კადრების განყოფილების უფროსისაგან მორიგ დარტყმას მიიღებდა. ამავე დროს ქმრის საქებარი სიტყვის შუაზე გაწყვეტაც ფრიად ეძნელებოდა. ბოლოს, როცა ქება-დიდებას მორჩა, ისე სწრაფად იკითხა, რომელი საათიაო, პატარა ადამიანს ეგონა, ესეც მისი ქმრის საქებარი სიტყვის ნაწილიაო. დონ ჟუანმა მოახსენა რომელი საათი იყო. ოჰო, - თქვა მეტიჩარამ. თურმე დიდი დრო გასულიყო. აგერ თხუთმეტი წუთი იქნებოდა, რაც დაწესებულებაში შესვენების დრო დამდგარიყო. მეტიჩარამ ოთახიდან ისე სწრაფად მოუსვა, რომ ყავის ფინჯანი, რომელიც უკვე ბოლომდე გამოეწრუპა, ლამის თან გაიყოლა. ზღურბლზეღა გაახსენდა, შებრუნდა ოთახში, მაგიდაზე დადგა და გარეთ გავარდა.
ბიჭებიც წამოიშალნენ. პატარა ადამიანმა წამოდგომისთანავე პირი კარისაკენ იბრუნა, ერთი სული ჰქონდა, გასცლოდა იქაურობას. უპირველესად კი მესამე სართულის ტერიტორიას და მერე მთლიანად დაწესებულებას! მესამე სართულის დატოვება უკვე გარანტირებული იყო, აი, დაწესებულების დატოვება შედარებით ძნელი იქნებოდა პატარა ადამიანისათვის. საქმე ის არის, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად ბიჭებთან უნდა შეეთანხმებინა, აუცილებლად, რადგან თუ იმ დღეს კიდევ იქნებოდა რაიმე გადასატან-გადმოსატანი, ბიჭებს მისი წილი ტვირთიც უნდა ეთრიათ! მე შინ გამიშვით და თქვენ ჩემ მაგივრადაც იმუშავეთო, ცოტა არ იყოს, ძნელად სათხოვარი რამ არის, თუმცა ასეთ შეღავათს ხომ ხშირად უკეთებდნენ ბიჭები ერთმანეთს და ახლა პატარა ადამიანს არ უნდა გასჭირვებოდა მეგობრებისთვის სამსახურიდან გაპარვის ნებართვის გამოთხოვა. პატარა ადამიანი საამისოდ უფრო ხელსაყრელ დროს შეარჩევდა. დრო კი საკმაოდ ბევრი ჰქონდა. შესვენება რამდენიმე წუთის წინ დაწყებულიყო. ახლა ბიჭები დერეფანს გაუყვებიან, შემდეგ დაწესებულების ცენტრალურ კიბეს მოიტოვებენ უკან, პირველი სართულის ფოიეში აღმოჩნდებიან, იქიდან შიდა, ვიწრო საფეხურებით კიდევ ერთი სართულით ქვევით, სარდაფში დაეშვებიან, სადაც სასადილო იყო განთავსებული. უყვარდა პატარა ადამიანს ბიჭებთან ერთად ამ სასადილოში განმარტოება. სადმე კუთხეში მყუდრო მაგიდას ამოირჩევდნენ, შეექცეოდნენ გემრიელ კერძს, ლაპარაკობდნენ ლამაზ ქალებზე, პოლიტიკაზე, ხელოვნებაზე. რამდენჯერ მოუთათბირებიათ და პირდაპირ სასადილოდანვე გაპარულან სამივენი სახლებში. მართალია, მეორე დღეს საყვედურს ვერ ასცდებოდნენ, მაგრამ ამას დიდი უბედურებად არ თვლიდნენ. ერთხელ პატარა ადამიანმა ”თავისუფლების სიმბოლოც” უწოდა სასადილოს. იქ ამბოხებაც შეიძლებოდა მომზადებულიყო - რა თქმა უნდა, არეულობის პერიოდში, მაგრამ ჯერჯერობით ისევ ისეთი მდარე მშვიდობა იდგა!
აი, მივიდოდა, მიაღწევდა პატარა ადამიანი სასადილომდე და... თუმცა რატომ სასადილომდე? იქნებ მანამდეც გადაეხვია სახლის მიმართულებით? სასადილოში მისვლამდე სთხოვდა ბიჭებს სახლში გაშვებას! ეჭვიც არ ეპარება - უყოყმანოდ დასთანხმდებიან! ჰოდა, წავა სახლში, ჩაიკეტება თავის ციცქნა ოთახში, საწოლზე დაემხობა, ბალიშში თავს ჩარგავს და თავის მდგომარეობას გამოიგლოვებს - მერე... მერე ისევ ყველაფერი ახლიდან დაიწყება!
პატარა ადამიანმა ცერად გახედა ბიჭებს, აინტერესებდა, ოთახიდან უკვე გამოდიან თუ არაო. მართლაც გამოდიოდნენ და ის იყო იმ უკანასკნელი ნაბიჯის გადასადგმელად მოემზადა, რომელიც დერეფანში აღმოაჩენდა, უეცრად კადრების განყოფილების უფროსის ხმამ შეაჩერა. იმ ქაჯ ქალს ყავის მოსადუღებლად წყალი სჭირდებოდა! შესაძლოა, მოსადუღებლად კი არა, ფინჯნების გასარეცხადაც. მთავარი ის არის, ბიჭებს სთხოვა, მომიტანეთო. Ну давайте, ребята! (აბა, მიდით, ბიჭებო...) კონკრეტულად რომელიმე მათგანისათვის არ დაუვალებია, იცოდა, რომელიმე მოუტანდა. პატარა ადამიანს არ წაუყრუებია, მაგრამ ოთახისაკენ შებრუნება მაინც დააგვიანა. რაღაც საზიზღარი გრძნობა დაეუფლა - მიხვდა, რაც მოხდებოდა და საკუთარი თავი შეზიზღდა!
პატარა ადამიანს ცხოვრებაში არაფერი დაზარებია. პირიქით, სანამ სთხოვდნენ რამეს, ცდილობდა, მანამდე გაეკეთებინა ყველაფერი, თუკი შეეძლო. თუმცა ამას ბევრი ბოროტად იყენებდა - ეჩვეოდნენ მისგან უანგარო მომსახურებას და ლამის წამდაუწუმ სთხოვდნენ რაღაცებს. რა თქმა უნდა, ამ დროს ზრდილობიანად თხოვნით ტონს ინარჩუნებდნენ, მაგრამ პატარა ადამიანს აღიზიანებდა ბავშვად, გულუბრყვილო ადამიანად რომ თვლიდნენ, რომელსაც მათი ეშმაკობისა არაფერი გაეგებოდა! აბა, ეცადა და ასეთ დროს გაურჩებულიყო - სხვა დანარჩენზე რომ არაფერი ვთქვათ, მარტო იმ მთხოვნელის გაოცებას რას გაუძლებდა ჩვენი საბრალო გმირი! ასეა, როცა მიაჩვევ ადამიანებს უანგარო მომსახურებას, ბოლომდე უნდა ემსახურო, უღელი ბოლომდე უნდა ზიდო! რადგან გადაჩვევა მიჩვევაზე ბევრად ძნელია - თუკი მიჩვევას ვერ აღუდექი წინ, გადაჩვევასთან რაღას გახდები! ხათრი აღარ არსებობს, ვალდებული ხარ და მორჩა! და რაც ყველაზე ტრაგიკულია, ამაში დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ შენ ხარ - შენ მიაჩვიე! ამიტომაც შემოაწვა პატარა ადამიანს ზიზღნარევი გრძნობა არა ვიღაცის, არამედ საკუთარი თავის მიმართ!
თავდაპირველად ფეხი კი აითრია, მაგრამ ორიოდე წამის შემდეგ სწორედ ზემოთ აღნიშნულმა ვალდებულების გრძნობამ აიძულა იგი, ოთახში შებრუნებულიყო - გრაფინი ფანჯრის რაფაზე იდგა. ეს კარგად ახსოვს ჩვენს გმირს. სხვათა შორის, რამდენჯერაც ამ ოთახში მოუწია შესვლამ, იმდენჯერ წყალზე გაგზავნეს! წყლის, სიგარეტისა და სხვა წვრილმანების მოტანა პატარა ადამიანის სამსახურებრივ მოვალეობაში არ შედიოდა. ის ხომ ჩვეულებრივი მუშა იყო და არა ვინმეს მსახური, მაგრამ ბევრი, როგორც უკვე ვთქვით, სწორედ ამ სახის ექსპლუატაციას უწევდა. ოჰ, როგორ უნდოდა ამ დროს პატარა ადამიანს მთელი ქვეყნის გასაგონად ეყვირა, რომ აღარ გააჩნია თავმოყვარეობა, რომ ადამიანებმა წაუბილწეს ეს გრძნობა!
ცუდ დღეში ჩავარდა პატარა ადამიანი, ყველაფრის სურვილი დაკარგა, უკვე აღარ სჭირდებოდა მეგობარი, არც სახლში წასვლა, განმარტოება და აღარც იმ თავისი უხეირო ხასიათისა თუ ბუნების გარდაქმნა! პატარა ადამიანი მოემზადა, რომ ყველაფერი, რაც კი რამ გააჩნდა, არაფერში გადაეცვალა - ეს უკიდურესად გაუსაძლისი მდგომარეობა იყო მისთვის. არადა, ამ მდგომარეობიდან მისი გამოყვანა სულ უმარტივესი გზით შეიძლებოდა: დონ ჟუანს ან შავგვრემანს უნდა დაესწრო ჩვენი გმირისთვის და წასულიყვნენ წყალზე! მხსნელს პატარა ადამიანიც სიხარულით გაჰყვებოდა და თქვენ წარმოიდგინეთ ჭურჭელსაც კი ხელიდან გამოსტაცებდა. იქნებ აღარც გაეშვა მხსნელი წყალზე და მარტო წასულიყო! ეს აღარ იქნებოდა იძულება და პატარა ადამიანიც დამცირებულად აღარ იგრძნობდა თავს! ვის შეეძლო ასეთ მხსნელად მოვლენოდა პატარა ადამიანს - დონ ჟუანს? პატარა ადამიანი დონჟუანისაკენ იმედით თვალს აპარებს... არა, დონ ჟუანი არაა ის პიროვნება, ვინც ჩვენი გმირის გადარჩენას იტვირთებს - წყალზე წასვლა რომ აერიდებინა, ისევ სკამზე ჩამომჯდარიყო და ელექტროქურას ყასიდად ჩაჰკირკიტებდა! მაშ, იქნებ შავგვრემანმა გადაარჩინოს! ჭურჭელს თუ არ წაეტანება, მაშ, თან გაჰყვება, მხარში ამოუდგება - ესეც საქმეა, მაგრამ ეს უკანასკნელი საამისო სურვილს არც ისე გულითადად ავლენს, ყოყმანობს! ვერა, ვერც ასეთი ადამიანი გასწირავს თავს სხვისი გულისთვის - ვერც გაამტყუნებ! თანაც, ეს საბრალო ჩვენი გმირი, თავისი ცხოველი სურვილის მიუხედავად, რომ შავგვრემანი წყალზე წაჰყვეს, თვითონვე, თავისდა უნებურად, ცდილობს მარტო წავიდეს, ყველას დაასწროს გრაფინის აღება!
ერთადერთ იმედად პატარა ადამიანს იღბალი დარჩა: იქნებ გადაეფიქრებინა ”მკვლელს” მისი წყალზე გაგზავნა, იქნებ სხვისთვის დაევალებინა ეს საქმე! შებრალება ხომ ადამიანური გრძნობაა, ბოლოს და ბოლოს, ჩვენს გმირს სულ ახლახან ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა! პატარა ადამიანი იმედის თვალს კიდევ ერთხელ მიმოავლებს ოთახში მყოფთ, განსაკუთრებით კადრების განყოფილების უფროსის ფიქრების გამოცნობას ცდილობს, რადგან იღბლის გარდა, ცოტა ადამიანების იმედიცა აქვს. ახლა ვინმემ უნდა შეაჩეროს, წყლის გრაფინამდე ორი ნაბიჯიღა რჩება! უკვე ერთი! არა, არავინ შეაჩერა, არავინ იხსნა პატარა ადამიანი!
პატარა ადამიანმა გრაფინს ხელი წაატანა, მოსწია თავისკენ და ძლიერ ემძიმა. ლამის ხელიდან გაუვარდა - მას ახლა ბუმბულიც ემძიმებოდა! კარისაკენ მიბრუნება რომ დააპირა, უეცრად კადრების განყოფილების უფროსმა შეაჩერა - რაღაცას ეუბნებოდა. თავიდან ვერ მიხვდა ჩვენი გმირი, ამჯერად რას მოითხოვდნენ მისგან, მაგრამ როგორც შემდეგ გაიგო, თურმე ქალი ეკითხებოდა, ხომ არ გიჭირსო წასვლა. ასეთ დროს ჩვევად ჰქონდა პატარა ადამიანს უარის ნიშნად თავის გაქნევა, მაგრამ ახლა ვერაფერი მოახერხა, იდგა და კედელს მიშტერებოდა... და სახის ნაკვთების ოდნავ მოძრაობით დაეტყო, რომ გულში რაღაც ძალიან ნაღვლიანი წაილუღლუღა.

პაუზა - (რომელიც ნამდვილად იყო) და...

სასწაული მოხდა - ჭურჭელში, რომელიც პატარა ადამიანს ხელთ ჰქონდა, წყალი აღმოჩნდა, ლამის პირთამდე იყო სავსე. რა თქმა უნდა, წყალზე აღარ გაუგზავნიათ, მაგრამ მისთვის ეს უკვე აღარაფერს ნიშნავდა. თავის ადგილზე დადგა გრაფინი და ოთახიდან გამოსვლისას კადრების განყოფილების უფროსს თვალებში უხმოდ ჩახედა. იცოდა, რომ ქალს წყლის მოტანა განზრახ არ დაუვალებია მისთვის. უბრალოდ, გადაავიწყდებოდა, რომ ჭურჭელში წყალი ესხა. ახლა სხვა რამ აინტერესებდა პატარა ადამიანს, სხვა რამის გარკვევა სცადა და გაარკვია კიდეც: ამ ქალს არ გააჩნდა ხელთ არანაირი გარანტია - წყეულიმც იყოს ”უსუსურ ადამიანთა გადარჩენისთვის” შეთითხნილი მისი აბსურდული თეორია (თუკი საერთოდ არსებობდა ასეთი). არა, ეს ქალი ნამდვილად სიცოცხლეზე ააღებინებს ხელს კაცს!..

***
ზღურბლზე მდგარ პატარა ადამიანს ეჭვი გაუჩნდა იმისა, რომ ეს დღე მის ცხოვრებაში სხვა დღეებივით აღარ დამთავრდებოდა.
სასადილოსკენ მიმავალს მთელი გზა ხმა არ ამოუღია, ბრმად მისდევდა ბიჭებს, აღარც ფიქრის თავი ჰქონდა და აღარც რაიმეს განიცდის. მხოლოდ სასადილოსთან მიახლოებისასღა გამოერკვა. ჰაერი მძიმე, შეხუთული ეჩვენა, კერძების მძაფი სუნისაგან კინაღამ გული აერია. მიხვდა, საჭმელი ეზიზღებოდა! თუმცა ისიც გაახსენდა, რომ იმ დღეს ლუკმა არ ჩაედო პირში. აშკარად ავადა ვარო, - გაიფიქრა. მართლაც მოწამლულს ჰგავდა. სცადა, გაეხსენებინა, წინა დღეს რა ჭამა. სანამ ამას დააზუსტებდა, სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანმა წაართვა ფიქრი - გაოცდა, მის მდგომარეობაში მყოფს რომ კიდევ ჰქონდა ასეთ წვრილმანებზე ფიქრის თავი. ისიც საოცარი იყო, სასადილოში რომ შედგა ფეხი, რადგან მთელი გზა, ცნობიერად თუ არაცნობიერად, შინ წასვლაზე ფიქრობდა. იქნებ ახლა მაინც გადაეხვია გზიდან, გაქცეოდა იქაურობას? სანამ ამაზე ფიქრობდა, მაგიდასთან მიჯდომაც მოასწრო და კოვზითაც უკვე ოხშივარადენილ წვნიანს ურევდა. აქედან გაქცევა არცთუ ისე იოლი საქმე იყო. ნაცვლად იმისა, გამოსავალი ეძებნა, პატარა ადამიანი ერთიანად მოდუნდა, დაჰყვა მოვლენათა მსვლელობას.
მცირე ხანს მაგიდასთან გაუნძრევლად იჯდა, წვნიანის კოვზით წვალებასაც კი თავი ანება, შემდეგ მიმოიხედა, იქაურობა შეათვალიერა: კედლები, მაგიდები და რაც მთავარია, სასადილოში მოტრიალე ადამიანები.
აქ შემოსულს ხალხმრავლობა არასდროს დახვედრია, მაგრამ არც მთლად სიხალვათე იყო. რამდენჯერ აქ ისეთ ადამიანსაც გადასწყდომია, რომელთანაც პირისპირ შეყრა, იქ, ზემოთ, ალბათ, სულს გააფრთხობინებდა ჩვენს საბრალო, კომპლექსებით დამძიმებულ გმირს. სასადილოში კი ასეთი შეხვედრები უმტკივნეულოდ, გართულების გარეშე ჩაივლიდა ხოლმე. ჩვენი გმირის დაკვირვებით, აქ ადამიანის პიროვნების შეცნობის განსაკუთრებული სტანდარტი არსებობდა. სასადილოში  ყველანი თანასწორნი იყვნენ, ყველას შიოდა და ერთი და იმავე გზით იოკებდნენ ბუნებრივ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას!  ჭურჭელიც კი ყველასთვის საერთო იყო - იმ თეფშით და კოვზით, რომელიც ამჯერად პატარა ადამიანს ხვდა წილად, მცირე ხნის შემდეგ, შესაძლოა, ვინმე ძალიან სერიოზულ პერსონას ესარგებლა. უყვარდა პატარა ადამიანს სასადილოს ატმოსფეროში შერწყმა და ამით განტვირთვა. ახლაც, წესით, ხასიათი უნდა გამოკეთებოდა, მაგრამ დღევანდელი დღე ხომ უმძიმესი იყო მის ცხოვრებაში და სასადილოში კი არა, სიმშვიდეს, ალბათ, ვეღარც სახლში გამოკეტილი მოიპოვებდა! ამიტომაც მოეჩვენა აქაურობა დღეს აუტანლად, კერძების სუნმა გული აურია. ეს ბიჭებიც რა მადიანად შეექცეოდნენ! ვეღარ გაუძლო მათ ცქერას პატარა ადამიანმა და მზერა ისევ საკუთარი მათლაფისაკენ გადმოიტანა. ოდნავ წინ გააჩოჩა, თითქოს ასე უფრო მარჯვედ შეხვრეპდა, თუმცა იმის გააზრებაც ზიზღს გვრიდა, რომ ეს მისი ულუფა იყო. გადაწყვიტა სადმე შორს, კედლების იქით ბრმად გადაესროლა მზერა, იქაურობას გამოთიშოდა, მაგრამ ისიც იგრძნო, რომ ამით, შესაძლოა, ბიჭებისათვის წაეხდინა ჭამის ხალისი - რა უფლება აქვს, საკუთარი უმადობით სხვასაც დაუკარგოს მადა! პატარა ადამიანმა ერთი კოვზი წვნიანი როგორღაც შეხვრიპა. გემოს ჩატანების ნაცვლად კბილს კბილი დააჭირა, რომ გული არ არეოდა, შემდეგ კოვზის უაზრო ტრიალს მოჰყვა მათლაფაში - ახლა უკვე ჰქონდა უფლება მცირე ხნით დრო გაეწელა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ვალდებულების გრძნობამ კიდევ აიძულა რამდენიმე კოვზი წვნიანის შეხვრეპა. ბოლოს, რა დაინახა, ბიჭები ჭამას ამთავრებენო, გულზე მოეშვა. ე. ი. მალე გავიდოდნენ სასადილოდან, მაგრამ ახლა იმაზე დაფიქრდა, სასადილოდან გასულები საით აიღებდნენ გეზს. ნუთუ ისევ ზედა სართულებისკენ დაიძვროდნენ და სამუშაო დღის ამოწურვამდე დაწესებულებაში მოუწევდა ჩვენს გმირს ყურყუტი?! ყოფილა შემთხვევა (და თანაც არაერთი), სამივენი სასადილოდანვე გაპარულან! ახლა კი ბიჭებს სიტყვაც არ დასცდენიათ ამაზე, პატარა ადამიანს კი თავად  ეძნელებოდა შეთავაზება. მხოლოდ თავის თავზე თუ სთხოვდა ბიჭებს, რომ შინ გაეშვათ. და აი, ჩვენი გმირი უკვე მზად არის სათხოვნელად, მაგრამ ის გარემოება აფერხებს, რომ ბიჭები ჯერ კიდევ ჭამით არიან გართული და სხვა რაღაცებისათვის არ სცხელათ. არა უშავს, ცოტას მოიცდის პატარა ადამიანი!
თანდათაობით ჩვენი გმირი მოეშვა, თითქოს დაწყნარდა კიდეც. თავისი პატარა ოთახი და იქაური სიმყუდროვე წარმოუდგა თვალწინ. თუმცა უკვე იცოდა, რომ იქაურობა ვეღარ ეყოფოდა ტკივილის მოსაშუშებლად... შიგადაშიგ ბიჭებს შეავლებდა თვალს - აბა, რამდენი დარჩათო! ერთხელ კითხვაზეც უპასუხა დონ ჟუანს. ბოლოს, გადაწყვიტა, განა პირდაპირ ეთხოვა მათთვის, შორიდან ჩამოეგდო სიტყვა შინ გაპარვაზე - ეს თხოვნაც იქნებოდა და თავისებურად იდეის შეთავაზებაც. იქნებ ბიჭებს ჭკუაში დასჯდომოდათ და ერთად გაპარულიყვნენ! არ მორიდებია, ისე წამოიწყო - სამსახურიდან გაპარვის უკანასკნელი შემთხვევის გახსენება სცადა. სხვათა შორის, მაშინაც სასადილოდან გაიპარნენ. მაშინაც ამ მაგიდასთან გადაწყვიტეს გაპარვა. ახლაც აშკარად კარგი პირი უჩანდა პატარა ადამიანის წამოწყებას. შავგვრემანს საქმე გამოუჩნდა - ნათესავთან ვარ წასასვლელიო. დონ ჟუანსაც სადღაც მიეჩქარებოდა და უარს არ იქნებოდა, მაგრამ ერთი გუთვალისწინებელი რამ გამორჩა ჩვენ გმირს მხედველობიდან. თუმცა რაღა გამორჩა, თავისთავად მოხდა, თანაც საშინელი რამ: დარბაზში ის გოგო შემოვიდა, პატარა ადამიანს რომ უყვარდა მალულად. დიახ, სწორედ ის მბეჭდავი გოგო იყო, იმ ოთახიდან, შეტევაგადატანილი პატარა ადამიანი რომ შეიყვანეს მოსასვენებლად!
ეს გოგო, ანუ პატარა ადამიანის ეგრეთ წოდებული შეყვარებული, კუთხეში, სამზარეულოს ახლოს იდგა, ხელში ჩაი და ბუტერბროდი ეჭირა და მოკრძალებული მზერით დარბაზში თავისუფალ მაგიდას ეძებდა. პატარა ადამიანისა არ იყოს, ეს გოგოც ძალიან რიდიანი იყო - არავის შეაწუხებდა. ბიჭებისაგან არცთუ შორს იდგა და მათკენაც გამოიხედა, თავაზიანად დაუკრა სამივეს თავი და მაშინვე სხვა მხარეს გაიხედა - დარბაზის ბოლოს რამდენიმე თავისუფალი მაგიდა შენიშნა. დააპირა კიდეც იქით წასვლა, მაგრამ დონ ჟუანის ცერემონიულმა მისალმებამ შეაფერხა და აიძულა, ღიმილით ეპასუხა - ეტყობა, ახლოს იცნობდნენ ერთმანეთს.
დონ ჟუანს თვალები გაუბრწყინდა, იფიქრა, ”ნადავლი” მახეში გავაბიო. ზეწამოიჭრა, გოგო მოიწვია და ზუსტად პატარა ადამიანის პირდაპირ დაასკუპა. რა მოხდებოდა, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს: პატარა ადამიანს ლამის გული საგულედან ამოუვარდა! მერე თითქოს გაიბერა გული და მთელ სხეულს შეეზარდა, უცებ კი ისე შეიკუმშა, ერთ პატარა წერტილად ექცა. პატარა ადამიანს თითქოს სხეულიც შეეკუმშა და შეკუმშულ გულშივე შთაენთქა. ბოლოს სულ გაქრა, წაიშალა და პატარა ადამიანისაგან მხოლოდ სიცარიელე დარჩა...
რაღაც ხნის შემდეგღა იგრძნო მან, რომ ისევ არსებობდა - თანაც შეყვარებულის ცხვირწინ და იცით, რა მოიმოქმედა? მექანიკურად თავი მათლაფაში ჩარგო და წვნიანის გამალებით ხვრეპას შეუდგა! არაფერს ვამბობთ იმაზე, როგორ მოახერხა ეს. ოდნავ მოგვიანებით, ისე რომ ჭამა არ შეუწყვეტია, გაამართლა თავისი საქციელი: დონ ჟუანი და შავგრემანი გოგოს გადამეტებულად ელოლიავებოდნენ, რაღაცებს სთავაზობდნენ - ხომ არ ინებებთ, მოგართმევთო(!), ვაი და, ჩვენი გმირისთვისაც მოეცალათ - ისაო, ესაო, უმადოდ რატომა ხარო? რა უნდა ეთქვა პატარა ადამიანს? გაგონილი ექნებოდათ ბიჭებს, ნაავადმყოფარ კაცს კარგი კვება ესაჭიროებაო და ათას რამეს შესთავაზებდნენ, წვნიანსაც ბოლომდე შეახვრეპინდებდნენ! ერთი სიტყვით, სასადილოში ყოფნა კიდევ უფრო გაუხანგრძლივდებოდა ჩვენს გმირს! ჰოდა, სადამდე უნდა ყოფილიყო ჯოჯოხეთში ნებაყოფლობით?!
როცა წვნიანი ნახევრამდე დაიყვანა, ისევ გულისრევა იგრძნო. ეგონა, კბილის კბილზე დაჭერაც აღარ მიშველისო. თავისდა გასაოცრად, თავი კი შეიკავა, მაგრამ მათლაფა გვერდზე გასწია და კოვზიც ხმაურით დააგდო ზედ. დააგდო და მაშინვე მიხვდა, ამას ”საჯარო პროტესტად” ჩამითვლიანო და ძალიან დაფრთხა. თუმცა ერთგვარად კმაყოფილიც კი დარჩა იმის გამო, რაც ჩაიდინა! პატარა ადამიანმა თავს უფლება მისცა, სკამის საზურგეს აკვროდა. რამდენიმე წამს ასე გაჭიმულმა დაჰყო და მერე თანამესუფრეებისკენ ფარულად მზერა გააპარა. ისიც აინტერესებდა, აბა, ვის რამდენი დარჩა კერძიო, მაგრამ უფრო მეტად მათი რეაქცია აინტერესებდა თავისი პროტესტნარევი საქციელის გამო. რეაქცია იქ მყოფებს ნორმალური ჰქონდათ, ყოველ შემთხვევაში, ყბა არავის ჩამოვარდნია და პატარა ადამიანმა თავი უფრო მხნედ იგრძნო. ახლა კოვზი ხელახლად რომ სჭეროდა ხელში, წინანდელზე უფრო ხმაურიანად დაახეთქებდა მათლაფას!
ცოტა ხანიც და, მაგიდიდან ყველანი ერთად აიშლებოდნენ. ჩვენმა გმირმა დროის გასაყვანად მზერა სადღაც შორს, დარბაზის ბოლოში გადაისროლა. ასე იჯდა რამდენიმე ხანს. შემდეგ მზერა შედარებით ახლოს, ჭერზე გადაიტანა, დეკორატიული ნათურების თვალიერებას მოჰყვა და ბოლოს, საკუთარ მუხლებს დააცქერდა. ხელიც გადაისვა, თითქოს პურის ნამცეცებს იბერტყავდა, მაგრამ უეცრად თითებზე სისველე იგრძნო. დააცქერდა სისველის ადგილს, ამოჰყვა ზევით, ყელამდე შეკრული ქურთუკის მიმართულებით და რას ხედავს - მთელი გულისპირი წვნიანის წვეთებით აქვს დაწინწკლული!..

***
შინ მისული პატარა ადამიანი სასადილოს ამბებს რომ იხსენებდა, მოაგონდა თუ გამოქცევისას მოსადილეებით სავსე ერთჶერთ მაგიდას როგორ შეენარცხა და გადააბრუნა. გამოსასვლელშიც ვიღაცას ფეხებში აებლანდა და მასთან ერთად გაიშხლართა კიდეც იატაკზე. ის, რაც მას არ დაამახსოვრდა, ეს იყო თუ როგორ მიაღწია სახლამდე - ტრანსპორტით თუ ფეხით, სიარულით თუ სირბილით. ალბათ, ფეხით მივიდა და თანაც, გარბოდა, რადგან ძლიერ დაღლილი იყო და ოფლი ღვარად სდიოდა. მიდამო ეცნო: მინგრეულ-მონგრეული ქუჩა, უწესრიგოდ მოფანტული ბარაკები, წუხანდელი ავდრისაგან შემორჩენილი წუმპეები, რომლებიც კარგა ხანს არ დაშრებოდა. მოზრდილი გუბის ზედ შუაგულში შედგა და თავისი ბინის ფანჯარას მიაჩერდა. გუბეში რომ იდგა და წყალი ფეხს უსველებდა, ვერ გრძნობდა. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვან რამეზე ფიქრობდა. მერე ნაბიჯი გადადგა წინ, მას მეორეც მიაყოლა, მესამეც და ლასლასით გაემართა შინისაკენ. თითქოს სულის მოსათქმელად ეს შესვენება ეყოო, აღარ ქშინავდა. დამშვიდებულს გავდა, ამ ორიოდ წუთში მან ძალიან მნიშვნელოვანი რამ გადაწყვიტა!
სადარბაზოსთან მიახლოებული შეჩერდა - შორიახლო ბავშვებს მოჰკრა თვალი, ყიჟინით მისკენ რომ მოექანებოდნენ. წამით ეკარგებოდა ბავშვები მხედველობიდან, ეგონა, მეჩვენებიანო, მაგრამ მერე ისევ დაინახავდა და მათი ხმაურიც გარკვევით ესმოდა. თითქოს სადღაც ჰყავდა ეს ბავშვები ნანახი, თითქოს იხსენებდა კიდეც. იქნებ მისი ბავშვობის ზღაპრიდან იყვნენ გადმოსულები? ან იქნებ უბნის ბავშვები არიან, სახლიდან გამოსულს ყოველდღე რომ ეგებებოდნენ, გარს ეხვეოდნენ ჭუჭყიანები, ამოგანგლულები, ლამის ზამთარშიც ტიტლიკანები. ნეტა ვინ უშვებს ბავშვებს ასეთ ამინდში გარეთ?
ბავშვებს რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩათ პატარა ადამიანამდე. უეცრად ოდნავ მოზრდილებმა სირბილს უკლეს, უკან ჩამორჩნენ, რადგან პატარა ადამიანის სახეზე მოულოდნელი, მათთვის გამოუცნობი გამომეტყველება ამოიკითხეს, დანარჩენები კი ისევ ყიჟინით მოექანებოდნენ. ყველაზე პატარა პირდაპირ ჩვენს გმირს მიაწყდა:
- ბიდია, ბიდია, ქუდი დაგივარდა, - მიაყარა სხაპასხუპით, იმის შიშით, სხვამ არ დამასწროსო.
მერე დუმილი ჩამოვარდა. პატარებიც მიხვდნენ, რომ ჩვენს გმირს რაღაც ძალიან სერიოზული რამ სჭირდა. რამდენიმე ნაბიჯით დასცილდნენ და წრე შემოარტყეს. ”ბიდია” დიდხანს იდგა უძრავად და ცას მისჩერებოდა, თითქოს ვიღაცას თუ რაღაცას ეძებდა. ოდნავ რომ შეირხა, შეშინებული ბავშვები შემოეფანტნენ და მანაც გზა გააგრძელა. წავიდა ისე, რომ ქუდის ასაღებად არც დახრილა. არადა, ეჭვი არ შეჰპარვია ბავშვების სიტყვებში, უბრალოდ, ქუდის ასაღებად თავი არ ჰქონდა, ქუდისა, რომელიც არ ხურებია.
ბინაში შესული მაგიდას მიუჯდა და თავი ხელებში ღრმად ჩარგო - იტანჯებოდა, უაღრესად იტანჯებოდა. სადღა უნდა გამოეყო თავი? თავისი ოთახისაც კი ერიდებოდა, თვალს ვერ უსწორებდა, რცხვენოდა იმისა, დილით ასე ცოცხალი, ენერგიული რომ გააცილა აქაურობამ. როგორი დაუბრუნდა? გამოსავალი ერთი იყო... მაგრამ ეძნელებოდა... თუმცა უნდა გაეკეთებინა!
წამოდგა, კომოდს მიუახლოვდა, ჩაიმუხლა და უჯრას დაეჯაჯგურა, ძალა არ ეყო გამოსაღებად. იქ დანა იდო, დასაკეცი, ბოლო ხანებში მუდამ გაშლილი, ხელისგულზე ოდნავ გრძელი დანა. ნუთუ მაინც ამგვარად მოუწევდა ყველაფრის დასრულება? ამაზე ბევრჯერ უფიქრია. წარმოდგენაში ყოველთვის ეძნელებოდა სიკვდილი, მაგრამ არასდროს ეგონა, ასე არანორმალურად ძნელი თუ აღმოჩნდებოდა. სახლისკენ მომავალს არც ეპარებოდა ეჭვი, რომ საკუთარ თავს განაჩენს სწორედ ამ გზით გამოუტანდა, მხოლოდ ამასღა ფიქრობდა, ამაზე ოცნებობდა, ამით ცოცხლობდა, მაგრამ ახლა... ახლა?
უეცრად გაშეშდა პატარა ადამიანი, სხვაგვარი გრძნობა დაეუფლა: გამწარდა, გაბოროტდა, სახე დაემანჭა. ოჰ, რა დიდი სიამოვნებით აჩვენებდა ახლა სხვა, თავის მდგომარეობაში მყოფს დანის ხმარების წესს. გაეცინებოდა კიდეც მის რეაქციაზე და სულსაც დალევდა! ამის გაფიქრებაზე კიდევ უფრო აილეწა. უკიდურესად დაიძაბა, ერთ წამს დაჰყო ასე და მერე ერთიანად მოეშვა - გულგრილი გახდა. გაეცინა კიდეც დანით გაკვეთილის ჩატარებაზე. თუმცა იმასაც მიხვდა, ახლა ”ასეთი მშვიდი” უფრო საშიში რომ იყო და ამით ერთგვარად კმაყოფილიც დარჩა.
კიდევ დაეჯაჯგურა უჯრას, რომელიც პატარა ადამიანის გასაოცრად იოლად დაჰყვა პატრონის ნებას. რას წარმოიდგენდა, თუ ასე ადვილად გამოაღებდა უჯრას, დასწვდებოდა დანას, პირს თავისკენ უზამდა და მუცელზე მიიბჯენდა. არც ეჩქარებოდა - წვერით ადგილიც კი მოისინჯა. იცოდა, რომ გადაწყვეტილებას ახლა ვერაფერი შეაცვლევინებდა. ამას უფრო თამაში ეთქმოდა - მაიმუნობა ყველაფრის წინაშე, იმ ყველაფრის წინაშე, რაც სულ მალე არაფრად უნდა ქცეულიყო. იმდენად ლაღად აზროვნებდა, რომ უკვირდა. გულდაგულ არჩევდა, სხეულის რომელი ნაწილი აჯობებდა - იქნებ მუცლის ნაცვლად გულის არე? უფრო საიმედო ადგილია. თითებით მოისინჯა გულის მხარე, თითქოს ეფერებოდა კიდეც დამცინავად.
ის იყო დანის პირს ახალ ადგილზე გადანაცვლებას უპირებდა, რომ გულის ჯიბეში რაღაც საგანს გადააწყდა. ამ რაღაცას (საგანს), შესაძლოა, ხელი შეეშალა განზრახულის სისრულეში მოყვანაში - განა დანის წვერს გადაეღობებოდა, უბრალოდ, გარეშე რამ იყო და იქ არაფერი ესაქმებოდა. აუჩქარებლად ჩაიყო ჯიბეში ხელი, ის რაღაც ამოაძვრინა და გადაგდებას რომ უპირებდა, უეცრად ხელი გაუშეშდა: სიგარეტის ღერი აღმოჩნდა, რომელიც დილით ქუჩაში უცნობს გამოართვა და გადაგდების ნაცვლად სხვისთვის, რომელიმე მწეველისთვის შემოინახა. ყველაფერი დაწვრილებით გაახსენდა, თავი ათასმა, ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრმა გამოუჭედა. უეცრად აუტანელი ტკივილი იგრძნო - მერყეობა შეეპარა. ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა საკუთარ ბუნებას, გატყდა. ახლა იგი აღარც თვითმკვლელი იყო და აღარც... და აღარც თავისი თავი!
ჩამუხლულს მუხლმა უმტყუნა. ისე ჩამოუცურდა დანიანი ხელი, ვერც კი შეამჩნია. ზურგით კომოდს მიაწვა და ამ მდგომარეობაში გაქვავდა. ოთახს მოავლო თვალი. იქაურობისთვის დილანდელი იმედის გაცრუება გულს უთუთქავდა, ტანჯავდა, მაგრამ მაინც შესთხოვა ოთახს: იქნებ შებრალებოდა იქაურობას, ეპატიებინა მისთვის სამარცხვინო საქციელი და ისევ მიეღო ისეთი, როგორიც ჩვენი გმირი სინამდვილეში არის!
მაგრამ არა! იმედგაცრუებულმა თვალები დახუჭა. ოთახმა ვერ ანუგეშა პატარა ადამიანი, უფრო სწორად, ჩვენი გმირი თავის მომავალს ვერ ხედავდა ამ ოთახში! ნუთუ ამის შემდეგ შესაძლებელია სიცოცხლე? მზერა ისევ სიგარეტის ღერზე გადაიტანა. უნდა აკეთოს თუ არა ადამიანმა სიკეთე? - გაუელვა ფიქრმა. პატარა ადამიანმა იცოდა ამ კითხვის პასუხი, მაგრამ ამჯერად (და შესაძლოა, სიცოცხლეში პირველად) გაუჭირდა მისი გამოთქმა და კითხვა უპასუხოდ დატოვა. ართუ უპასუხოდ დატოვა, გამწარებულმა ღერი თითებში მოიქცია. დაიძაბა, არანორმალურად დაიძაბა, სცადა, გადმოენთხია ყოველივე ავი, რაც კი რამ სულში მოეძებნებოდა. გადმოანთხია კიდეც, მაგრამ სიგარეტის ღერი მაინც მთელი დარჩა - იატაკზე თავისგან შორს გააცურა, სადამდეც გასწვდა.
თითქოს დიდი ტვირთი მოიხსნაო, ოდნავი შვება იგრძნო, მაგრამ ეს არ იყო სიცოცხლისაკენ შემობრუნება. პირიქით, სიკვდილი უფრო დროული ეჩვენა - მშვიდი, თავისუფალი სიკვდილი. დანას თითები შემოაჭდო, ერთ წამს დაჰყო ასე, სული მოითქვა და წვერი მუცელზე მიიბჯინა - გულს მოერიდა. ახლა ასეთი სიკვდილი უფრო ერჩია - ნელი, არაწამიერი. მეორე ხელიც წაატანა ტარს, სული ჩაიგუბა პირში და ნელა მიაწვა. დანის წვერი ჯერ ისევ სხეულის ზედაპირს ეხებოდა, მაგრამ მაინც საშინლად მწვავე ტკივილი იგრძნო. გაუძლო. აი, ცოტაც და... ალბათ, იქ უკვე სისხლის პირველი წვეთი იზრდება - ჯერ ისევ დანის წვერი ეფერება სხეულს! გააჟრჟოლა! შეეზიზღა ყველაფერი, საერთოდ ყველაფერი - სიკვდილიც და სიცოცხლეც! დანა მუცლიდან მოიშორა და ცრემლიანი სახე მუხლებში ჩარგო - ჩხვლეტის შეგრძნება სიკვდილზე უფრო მწარე და აღმოჩნდა...
დიდხანს იყო ასე, მუხლებში თავჩარგული. თვითმკვლელობის ხელახლა მცდელობაზე ფიქრიც კი წარმოუდგენლად ზარავდა. თუმცა კიდევ უფრო წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ამ გრძელი სიცოცხლის დარჩენილი ნაწილის ნაბიჯ-ნაბიჯ გავლა. არა, გადაწყვეტილებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეიცვლიდა - სიკვდილი უნდა ყოფილიყო გამოსავალი! უბრალოდ, რამდენიმე ხნით გადადო ეს საქმე. დანისთვის ხელი არ გაუშვია. ტკივილს ჯერ ისევ გრძნობდა. საზიზღრობა უფრო იყო ეს, ვიდრე ტკივილი. ისიც იცოდა, რომ ახლა, მეორედ ცდისას, უფრო გაუჭირდებოდა. ძალა მოიკრიბა. კიდევ ერთხელ გახედა ოთახს. ამჯერად ოთახისგან შეწყალებასა და მფარველობას აღარ ითხოვდა - ბოდიშს უფრო უხდიდა... და მადლიერიც იყო მისი! ყოველ კუნჭულს სინჯავდა, თავზე ევლებოდა, ეთხოვებოდა. მერე სარკმელს გახედა, ნახევრად ჩამოგლეჯილ ფარდასაც შეავლო თვალი. სარკმლის იქით მდებარე სამყარომ მონუსხა. ცხოველი სურვილი აღეძრა, მასაც გამოსთხოვებოდა - იქნებ სამყაროსთვისაც მადლობა ეთქვა. ისიც მოეჩვენა, რომ აქამდე სწორედ ეს (სამყაროსთან გამოუთხოვებლობა) აკავებდა, ხელს უშლიდა მოსახდენის აღსრულებაში.
ფეხზე წამოდგა, მიუახლოვდა სარკმელს, ხელები ფანჯრის მინას მიაბჯინა და ცას გახედა, მერე ჰორიზონტს და ბოლოს, ძირს, მიწაზე გადაიტანა მზერა. რატომღაც არ ფიქრობდა სულიერს, კერძოდ, ვინმე ადამიანს თუ მოჰკრავდა თვალს. ზუსტად არ იცოდა როგორი, მაგრამ სამყარო ახლა როგორღაც აბსტრაქტული, სიცოცხლისაგან დაცლილი წარმოედგინა. მისდა გასაოცრად, იქ, დაბლა, სწორედ ადამიანს მოჰკრა თვალი. მთელი გულისყურით, მთელი არსებით მას მიეჯაჭვა. იქ ბავშვი თამაშობდა - ხის ნაფოტი ნავად ექცია და წყალში აცურავებდა. ჯერ ერთი ნაპირიდან გააცურებდა, შემდეგ შემოურბენდა ან პირდაპირ გატოპავდა გუბეში და მეორე, საწინააღმდეგო ნაპირიდან აბრუნებდა ნავს უკან. იმდენად ჩაითრია პატარა ადამიანი ამ უმანკო, ულამაზესმა სანახაობამ, სრულიად გადაავიწყდა, დანა რომ ჰქონდა ხელთ. თითქოს თავადაც ბავშვად იქცა. ინატრა, ფრთები ჰქონოდა. გადაევლებოდა სარკმელს და იქ, დაბლა აღმოჩნდებოდა ბავშვთან. მასთან ერთად ითამაშებდა. მერე პატარასაც გამოასხამდა ფრთებს, ფრენას ასწავლიდა და ცაში აიჭრებოდნენ - ნავსაც თან წაიღებდნენ... და გუბის ნაცვლად ლაჟვარდში იცურავებდნენ! მთელ ქვეყანას გადაუფრენდნენ, ღრუბლებს გადაყრიდნენ და მზესთან მივიდოდნენ - სიცოცხლეს აჩუქებდნენ ყველას.
იმდენად ცხადად წარმოიდგინა პატარა ადამიანმა ეს, რომ წინ გადაიზნიქა, თითქოს მართლაც გასაფრენად ემზადებაო. ვერ გაუძლო მინამ მის სიმძიმეს და გამაყრუებელი ჭახანით ჩაიმსხვრა. დაფეთებული პატარა ადამიანი უკან გახტა. ხმაურზე მეტად იგი სხვა რამემ შეაშფოთა: სწორედ ამ დროს ბავშვი მეორე ნაპირისაკენ მიეშურებოდა ნავის შესახვედრად. მინის ჩამსხვრევის ხმაზე მოიხედა, ფეხი რაღაცას წამოჰკრა და პირდაპირ წყალში გაიშხლართა. არ წამომდგარა, თავი წამოსწია მხოლოდ და მშველელის მოლოდინში ტირილს მოჰყვა.
გონება საზარელმა აზრმა ამოუთუთქა პატარა ადამიანს: უეჭველად მიუძღოდა მას ბრალი ბავშვის წაქცევაში! რატომღაც სიკეთის ქმნის სურვილი ჩვენს გმირს მუდამ ბოროტებად უბრუნდებოდა. არა, აშკარად ზედმეტი ადამიანი იყო! სხეულში გაასმაგებულმა ტკივილმა დაუარა. ერთიღა შეამჩნია: დანა ისევ ხელთ ჰქონდა. რაღაც წაიბუტბუტა ავსა და კარგზე და... ხელმეორედ მიიბჯინა მუცელზე ბასრი ნივთი! ასე გაბოროტებული არასდროს ყოფილა ჩვენი გმირი - ის აღარ იყო ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება პატარა ერქვა. დანას მიაწვა, მიაწვა იმაზე მეტად, ვიდრე წეღან, მაგრამ ამჯერადაც რატომღაც დანა წინ ვერ დაიძრა.
მთელი სხეულით ცახცახებდა პატარა ადამიანი. იცოდა, თუკი ოდნავ მაინც გაუხსნიდა სხეული პირს ბასრ დანას, მერე მას ვერაფერი შეაჩერებდა. აი, ეს ოდნავ გახსნა იყო პრობლემა, არაფრისდიდებით რომ არ ადგებოდა საშველი! არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდა ასე. ბოლოს, ვეღარ გაუძლო ჩვენმა გმირმა ამ, ადამიანის ბუნებრივი შესაძლებლობებისათვის შეუთავსებელ მდგომარეობას, კივილნარევი ხმა აღმოხდა და დანა შორს მოისროლა.
დიდხანს იდგა ოთახის შუაგულში თავჩაქინდრული და მხრებში მოხრილი. მერე საწოლთან მილასლასდა, ზედ დაემხო, თავზე ბალიში წაიფარა და... ჯერ ყრუ ქვითინმა გამოაღწია ბალიშის ქვემოდან, რომელიც სულ მალე ისტერიულ ტირილში გადაიზარდა და იქაურობა გააყრუა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები