ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: გელაშვილი ანნა
ჟანრი: პროზა
4 აგვისტო, 2017


ქაჯანა და მაკარონა

"ბირჟას ვამაგრებდი უბნის ერთ-ერთი ლაწირაკი რომ მომადგა, წერილი მომაწოდა და ისეთი კისრისტეხით გავარდა, მეგონა ბომბი მომცა და გაქცევით თავს უშველა. წერილში სიყვარულს მიმხელდა უბნელი გოგო და მიუხედავად იმისა, რომ სახელი არ ჰქონდა მითითებული, მაშინვე ეჭვი ჩემს გვერდით მეზობელ ქაჯანაზე მივიტანე, ამის მიზეზად კი მისი ჩემდამი გადამეტებული ყურადღება მივიტანე.
  ქაჯანას ოთახის ფანჯარა ჩემს აივანს უყურებს.                                                                                    ერთი კვირა ვამკობდი ქარაგმებით,ისიც ცოტა არ იყოს გაკვირვებით ეკიდებოდა ჩემს უეცარ შემობრუნებას  მის მიმართ, მაგრამ რადგან მისი წერილი საბუთად მედო, დიდი მნიშვნელობა ამისთვის არ მიმინიჭებია.                                                                                                        ერთი კვირის შემდეგ, (ისევ ზემოთხსენებული  წერილით ზურგამაგრებულმა) გავბედე და  ყაჩაღივით გადავძვერი მის ფანჯარაში.
სიმართლე გითხრათ, თუ რამე ემეტებოდა ყველაფერი თავზე დამამხო, მაგრამ მე როგორც ჯელტმენმა ღირსეულად ავიტანე მისი შემოტევა და როცა ხელ-ფეხი გააჩერა, თავიდან თმაზე შერჩენილი მისი ბალიშის ბუმბლები ჩამოვილაგე და ამოვიგმინე: -„რას მერჩი გოგო მოყვრად მოვედი, მტრად ხომ არა მეთქი“ კოპები შეყარა, დოინჯი შემოილაგა და ჩემი ხმით გამომაჯავრა                                                                  -„ ახლა არ მითხრა მე ძმა და შენ დაო...“ ისე მტკიცეთა და ბრაზით მითხრა დამოწმება ვერ გავბედე და მიკიბ-მოკიბვითა და ოფლით დაცვარული სახის წმენდით სიმართლე შევაპარე...
„ახლა გადადი, დავფიქრდები და დაგიძახებო“ –შერბილებულად მითხრა და როცა გადასვლისას ხელი წამაშველა მივხვდი, ისევ მომიწევდა ამ ფანჯრით სარგებლობა.

  იმის მერე, აგერ 1 წელია, როცა ხალხი ძილს მიეცემა, გადავძვრები ქაჯანას ოთახში და მის საწოლსა და მკლავებში ვნებივრობ.
დიდი მაიმუნი გოგოა, ჩაკეტავდა ოთახის კარს და თუ ოჯახის წევრთაგანი დაუკაკუნებდა, მიზეზები არ ელეოდა, - გახდილი ვარ, ვერ გაგიღებ, წიგნს ვკითხულობ (ვერ იტანდა, როცა ვინმე კითხვას აწყვეტინებდა). მეც ამასობაში, გადავიპარებოდი უკან და როცა ქაჯანა მიხმობდა, ისევ მის სარეცელში ვეშვებოდი თავით. ასე დავძვრებოდი ყოველღამე ჩემი აივნიდან მის ფანჯარაში და ყოველთვის ერთნაირად ვიშვიშებდა - არიქა, არ დამღუპო ბებიაშენის ყბაში ნუ ჩამაგდებ, ნელა ქენი, ნელა გადმოდი, არაფერი დაგიშავდესო, გაიძახოდა და დაფეთებული ისახავდა პირჯვარს. ამ დროს ვგიჟდებოდი მასზე და განგებ ფეხს ფანჯრის რაფაზე ხან გარეთ ჩავაგდებდი ხან შიგნით, ისიც მეცემოდა და უკან გადამითრევდა, ერთი საათიანი ლექციის შემდეგ, თუ როგორ უნდა გადავსულიყავი,  წასვლის ნებას მომცემდა, სამშვიდობოს რომ დამიგულებდა ერთს ისეთს ამოისუნთქებდა თითქოს ეს ესაა ჩამომსხა ზურგიდან.
  ამ დროს მავიწყდებოდა ჩემ ქვემოთ მცხოვრები გოგო, რომელიც ჩუმად მიყვარდა და რომელსაც მაკარონას ვეძახდი, კალმის წკირივით წვრილი ფეხების გამო.                                                              მაკარონაზე ნაკლებად ლამაზი როდი იყო ქაჯანა, მაგრამ, სინაზის ნატამალი არ გააჩნდა - სულ ქაჯივით დარბოდა და ქაჯანაც ამიტომ დავარქვი.  ბებიაჩემი რომ ამბობდა, - ეგ გოგო ბევრ ბიჭს "მოიმწყვრევს" და გააგიჟებს, ეშმაკის ფეხიაო, მეცინებოდა, მაგრამ მართლა ეშმაკის ფეხმა, თავბრუ ისე დამახვია, დაღამებას ვნატრობდი, მის ოთახში და შემდეგ საწოლში რომ მესკუპა.     
  დღისით კი სულ სხვანაირი იყო, ბირჟაზე ჩვენთან ერთად იდგა  და როგორც სჩვევია, მოურიდებლად კისკისებდა... მაკარონას ედაქალებოდა და როცა მათ ერთად ვხედავდი, თავში ტვინი მერყეოდა... მაკარონა მორცხვად მიყურებდა, ქაჯანა კი ხელს მიტყაპუნებდა ბეჭებზე, მიწვევდა, დამცინოდა...                                                                                                        - სირცხვილია, გაჩერდი, გეყოფაო, - არიგებდა მაკარონა და თვალებს მიფახულებდა.                   

    ქაჯანა და ბებიაჩემი ვერასოდეს თანხმდებოდნენ და მუდამ ომი ჰქონდათ ერთმანეთში.
ერთხელ მოატყუა, გიო დაიჭირესო და მანამ არ უთხრა სიმართლე, სანამ გული ცუდად არ გაუხდა საბრალოს.
- უთხარი რამე ამ ეშმაკის ფეხსო, - შემომჩივლა ბებიამ.
- ამაღამ  ვეტყვი, საწოლში-მეთქი, - ვუპასუხე, იმ იმედით, რომ ვერ გაიგონებდა (ყურს აკლია) და ქაჯანას, რომელიც ბებიაჩემს ეჭყანებოდა, თვალი ჩავუკარი. აყვირდა და აქაქანდა დასამუნჯებელი ბებიაჩემი,
- ხომ გითხარი, ხომ გითხარი, ეს მაიმუნი შემიცდენს ბაღანეს-მეთქი! - ყვიროდა ბებია მთელი უბნის გასაგონად... ამ ამბიდან მეორე დღეს მაკარონა გათხოვდა. გულის სიღრმეში გული დამწყდა მაგრამ რადგან აღარაფერი მაკავებდა, გადავწყვიტე მისთვის მიმებაძა!
 
  აივანზე სიგარეტს ვაბოლებდი და ქაჯანას ველაპარაკებოდი, მაკარონას ქალაბიჭა დაიკო რომ მესტუმრა და დის წერილი მომაჩეჩა:
. "მართლა ძალიან მიყვარდი. მეგონა, შენც იმავეს გრძნობდი, რასაც მე... იმედი გამიცრუე. ჯერ კიდევ მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, წერილზე რომ არ მიპასუხე, მე კი შენმა მზერამ შემაცდინა"... - ვკითხულობდი მაკარონას წერილს ენაჩავარდნილი და თავი ცუდ სიზმარში მეგონა!
საღამომდე ბოლთას ვცემდი, ერთი პირობა გადავიფიქრე კიდეც დილით დაგეგმილი მაგრამ,  როცა სახლებში შუქი ჩაქრა, ინსტიქტურად გადავძვერი ქაჯანასთან და უნდა ვაღიარო, ისე სიამოვნებით არასოდეს მოვფერებივარ, როგორც მაშინ... მეგონა, მასაც წამართმევდნენ და როცა დილის 5 საათზე ჩემს მკლავებში მონებივრე ქაჯანამ  ხელ–ფეხის კვრით გამაღვიძა, - ადექი, უკვე თენდება, გადადი სახლშიო, - უშფოთველად ვიცვალე გვერდი და წავიბურტყუნე, - დღეს მე და შენ ჯვარი უნდა დავიწეროთ და გამოძინება მაცადე-მეთქი, ქაჯანამ  კოპები შეყარა, იჭვნეულად დამაცქერდა, მერე გაწეწილი თმა ჩემი რეზინის სამაჯურით აიკრა, ბალიშზე  მძიმედ დაახეთქა თავი, ზურგი შემაქცია და ჩემსავით წაიფრუტუნა– არც მე მაწყენს გამოძინებაო!“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები