ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახა გრძელიშვილი
ჟანრი: პროზა
31 ივლისი, 2017


ცის დასი

      აიხედეთ ცაში, - ახლა ღრუბელთა მიღმა უფრო         
                                                                                                                        ბევრს დაინახავთ ვიდრე ხედავდით!
    უხსოვარ დროიდან ზეცის ლაჟვარდისფერ სცენაზე დღედაღამ დაუღალავად თამაშობდა ცის  დასი. ისინი წარმოდგენებს მხოლოდ ერთეულებისთვის დგამდნენ. კმაყოფილი იყვნენ იმით, თუკი ქვევიდან ვინმეს ოცნებით ანთებულ თვალებს წააწყდებოდნენ. მაშინ იმ ქალაქის თავზე ისინი დიდხანს ჩერდებოდნენ და საათობით წარმოდგენას აწყობდნენ, რომელსაც იმისდა მიხედვით დგამდნენ , თუ რა ასაკის იყო მაყურებელი. ზოგჯერ ღრუბლები იდგნენ უძრავად და თავიანთ როლის გააზრება მაყურებელთათვის მიენდოთ. მათ თამაში უყვარდათ და მხოლოდ ამით არსებობდნენ.  იყო შემთხვევები, როდესაც ცხოვრებისგან გართულ ადამიანებს იმ ქალაქში ოცნებისთვის დრო არ რჩებოდათ.  დიახ!  რჩებოდათ ჩხუბისთვის ,ცემისთვის, სიყვარულისთვის, ტირილისთვისაც კი, მაგრამ ოცნებისთვის არა! – მაშინ დაუბერავდა ქალაქის თავზე  მძლავრი ქარი ( სპექტაკლის რეჟისორი) და მთელ დასს უმოწყალოდ სხვა მხარეში მიაქროლებდა, სადაც ერთი ადამიანი მაინც ეგულებოდა მაყურებლად. წარმოდგენა მაშინ იწყებოდა როდესაც აიხდებოდა ჩამუქებული ფარდა – (დგებოდა აისი) შემდეგ აინთებოდა რამპა –  (დღისით მზე, ღამით მთვარე), ჰქონდათ ანტრაქტი, ამის მერე კი ღამის სპექტაკლი, – სადაც რამპას ცვლიდნენ, იცვლებოდნენ პერსონაჟები და ასე თამაშობდნენ გათენებამდე, იმ იმედით რომ ღამით მეოცნებე ადამიანს ჯერ კიდევ არ ეძინა და მათ უყურებდა. ჰქონდათ კომედია, ჰქონდათ ტრაგედიაც რასაც თან ერთვოდა მათი ცრემლები.
    აი დასავლეთ მხარეს, როგორც  მიგრიდის ველზე*, ღმერთთა უზარმაზარი ლაშქარი გამზადებულა.  იმდენად დიდი, რომ ძლივსღა მოსჩანს მათ რიგებში მეომართა კუშტი სახეები. მხედრობა დრტვინავს, ერთი სული აქვთ ბრძოლაში ხმლით, შუბებით და ელვის ისრებით გაიკაფონ გზა მითიური ბუმბერაზებისაკენ. მოწინააღმდეგეთა შორის მოუსვენრად ნიავი ნავარდობს, თვითოეულ მეომარს ყურში რაღაცას ეჩურჩულება. ეს  – ის თხზავს პიესებს,  დიახ! ის  არის  ავტორი იმ არაერთი გენიალური ქმნილებისა, რომელთა ნახვაც მხოლოდ ადამიანთა  მეოცნებე ნაწილს  შეუძლია. ის იყო ლაშქარი ერთმანეთს უნდა დასტაკებოდა, რომ მათ შორის მოულოდნელად გაჰკრთა ვეებერთელა თაგვი, რომელიც ჯიუტად მისდევდა შიშისაგან თავაწყვეტილ ძაღლების ხროვას. ამის დანახვაზე რომელიღაც ღმერთი ბრაზისგან გასივდა, გაიბერა, მთელი ლაშქარი ერთ გუდაში გამოჰკრა და თაგვს გამოენთო.
    ორი ადამიანი მისჩერებოდა ცას, ერთს ეღიმებოდა, მეორეს კი  უკვირდა პირველის ღიმილი. – ერთი მზად იყო დაეფიცებინა  იმაზე თუ როგორ მისდევდა წიწილა უშველებელ კენგურუს,  – მეორე კი მხოლოდ ღრუბელთა გროვას ხედავდა იმავე ადგილს. ვისთვის ცის კაბადონზე გამოსახულიყო მეთევზე უზარმაზარი ანკესით, რომელსაც თევზის მაგივრად რაღაც გაურკვეველი სახის არსება დაეჭირა. – ვისთვის კი ეს საავდრო ღრუბლები იყო. - უხერხულად იშმუშნებოდნენ და იწვიმებსო იძახდნენ.
–დედა, შეხედე ცაზე პატარა გოგონაა.
დედამ შვილს გაკვირვებულმა შეხედა და მერე ზემოთ აიხედა. – ლაჟვარდოვან სცენაზე მხოლოდ ერთი, პატარა გოგონა დარჩენილიყო. – გალაკტიონის „ბავშვი“! – უზომო სიხარული ჩაეღვენთა ქალს გულში ამის აღმოჩენაზე. შვილი ჩაიხუტა და დაიჩურჩულა. – „ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი, ნუკრის თვალებით, თმით მიმოზებით.“  ზეციდან კი პატარა ბავშვი დიდხანს უქნევდა მათ ხელს სანამ ქარმა ისიც არ წარიტაცა. . .
  დიახ! ყველაფერი ხდებოდა. ირეოდა ისტორია, თვალის დახამხამებაში გარდაიქმნებოდნენ ღრუბლები პერსონაჟებად. – მათთვის კი მთავარი იყო შესძლებოდათ ადამიანებს ამის დანახვა. ისინი ხომ მათთვის თამაშობდნენ. აი ასე გრძელდებოდა დასაბამიდან დღემდე და ასე გაგრძელდება მანამ , სანამ თუნდაც ერთი მეოცნებე ადამიანის თვალები არ მოშორდება ზეცას...













––––––
მიგრიდის ველი –  გერმ.მით. ადგილი სადაც ღმერთები აღსასრულის ჟამს თავიანთ მტრებს უნდა შებრძოლებოდნენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები