ნაწარმოებები



ავტორი: თორია მარიამი
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2017


მამაჩემს

მამი,ეს წელიც გავიდა და ასე მარტივად,
დედაქალაქში რომ გაუშვი პატარა გოგო
არ დაგიბრუნდი,ამაყადაც აღარ დავდივარ,
არც ისეთივე ბავშვური ვარ,ცხოვრება როგორ
გვეთამაშება,აქ სხეული სულზე მეტია,
იცი,ამინდზე ვსაუბრობ და დღითიდღე ვიწყენ,
ვპოულობ,მაგრამ ვკარგავ ლამის ყველა ჩემიანს,
ბოლოს უფალი შემომრჩება,ხელებს კი ცისკენ
ისე ავაბყრობ,სოფელში რომ ვიცოდი,გახსოვს?!
ყველა დაცემას,ყველა ტკივილს შენ რომ მირჩენდი,
ახლა ვენახებს,ხეხილებს და მდელოებს ათოვს,
შენ თვეებია მელოდები,მე ვერ მივხვდები
რომ საძნელოა და საკუთარ სულში გუბდები,
ლოდინი,რითაც მელოდები რთულია როგორ,
იმ იმედით,რომ ისეთივე დაგიბრუნდები
ქალაქში მყოფი,მაგრამ მაინც სოფლელი გოგო.
იღვიძებ ისევ იმავე დროს,გამთენიისას,
სოფლის ბავშვები მდელოებზე ხბოებს დენიან,
შენ მეუბნები,გამოყრუვდა მთელი სოფელი,
მე კი გპასუხობ,რომ ქალაქიც მოსაწყენია.
ცაა ისეთი,გარემოც რომ გადაფითრდება,
მე ახლა შენივ დაჟინებით დიდი გოგო ვარ,
ჩვენი სოფელი თეთრია და ლამაზფიფქება,
აქ არაზუსტი პროგნოზია–ზანტად მოთოვა!
ცხოვრება ძაფის გორგალია,ერთი ბოლო ვარ,
კეთროვანივით გავერიყე ადამიანებს,
ოღონდ მელოდე,მე ჩამოვალ,ოღონდ მელოდე,
მამი,ეს წელიც გავიდა და დავაგვიანე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები