ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: მმმმმ
ჟანრი: პროზა
2 აგვისტო, 2017


* * *

ფრთხილად უნდა იყო.
დაჭმუჭნულ ფურცლს დაშტერებოდა და თავში უტრიალებდა მოჩურჩულე ხმა ამას რომ ამბობს - ფრთხილად იყავი, ფრთხილად. აქ რომ მჯდარიყო, მაგიდაზე გადმოიხრებოდა, შუბლი და თვალები გაუფართოვდებოდა და შეიძლება ხელიც წაევლო ხელზე. მაგრამ ის აქ არ იყო.
შვიდი საათი რჩებოდა. ზუსტად შვიდი. ოთახს მოავლო თვალი. ფიქრები მოჩვენებისებრ ნისლში ხვევდა საგნებს და მან გაიფიქრა - ეს ყველაფერი მე დამავიწყდება, და თუ არ დამავიწყდება, ვერასოდეს გავიაზრებ.
ფურცელი ისევ დაეკუჭა და არეულად დაძრწოდა ოთახში. სიმშვიდე არსად იყო. ფრთხილად იყავი ფრთხილად. ხმამაღლა გაუმერა თავს და ბინის კართან შედგა. დაეკეტა თუ არა? რამდენჯერმე გაიწვდინა ხელი და შედგა. უნდა დაკეტოს თუ არა? ..ქუჩაში დგას, ის კი არ ახსოვს კარი დაკეტა თუ არა. ჰა, ჰა! ფურცელს ათამაშებს ჯიბეში და ყველაზე ბნელ მოსახვევს არჩევს.
- მშიშარა, მშიშარა! - ყვირის და კუთხეში ბარს ამჩნევს.
- რაში გჭირდება ასეთი საათი?
ბარმენი დაკვირვებით უყურებს. ცდილობს მიხვდეს მთვრალია თუ არა.
- რატომ კიდია კედელზე საათი, თუ ის სწორ დროს არ აჩვენებს?
ამის ცოდნა აუცილებელია, ბარმენი კი ამბობს:
- ელემენტია გამოსაცვლელი.
რამდენი რამის თქმა შეიძლებოდა, მან კი მხოლოდ ეს თვა - ელემენტია გამოსაცვლელი. ჰა-ჰა!
- მაშინ რატომ არ ცვლი?
ბრაზობს და ბარზე ხელს აბრახუნებს.
- მისმინე, მეგობარო, ჩემი ბარია, ჩემი საათი, ჩემი ელემენტი...
კუთხეში ვიღაცას ხედავს. ოფლისგან ულაპლაპებს მხრები და ფანჯარას მისჩერებია.
- ელოდები ვინმეს?
ფიქრისგან გამოერკვა, თავს აქნევს და ამ დროს თმები ნახევარწრეზე მისრიალებს.
- -მაშინ მე აქ დავჯდები, კარგი? ცოტა დრო მაქვს.
თავს უქნევს. ახლა თმები წინ ეყრება და წამიერად სახეს უფარას.
- იმ კაცს ვკითხე, რაში ჭირდება საათი, რომელიც სწორ დროს არ უჩვენებს. მან კი იცი რა მითხრა? სწორი დრო მხოლოდ ისა, რომელსაც ეს საათი უჩვენებსო. ჰა-ჰა! შენ რას იტყოდი. რომ მეკითხა, ესა და ეს საათი გაჩერებულა და ახლა ვერავინ გაიგებს რა დროა, განსაკუთრებით თუ არსებობს ვიღაც, ვისთვისაც აუცილებელია იმის ცოდნა თუ რა დროა, უსამართლობა არაა?
- იმას გეტყოდი, რომ კიდევ რამდენიმე ჭიქა უნდა გადაკრა და მოეშვა.
- მოვეშვა! ჰა-ჰა-ჰა! კიდევ ერთი ჭიქა! - იყვირა - არა, შვიდი იყოს! უფრო სიმბოლურია! შენი აზრით, უფრო სიმბოლური იქნება თუ შვიდ ჭიქას დავლევ?
- ყველაფერი სიმბოლური იქნება, თუ ასე მოინდომებ.
ორივე ხელით ჩააფრინდა.
- ეს შრამი საიდან გაქვს?
- ყოფილი ქმრისგან.
- ყოფილი ქმრისგანო, ასე თქვი? ჰა-ჰა! რამდენი რამ შეგეძლო გეთქვა, შენ კი ის თქვი, რომ ეს მშვენიერი შრამი ყოფილი ქმრისგანაა.
უკვე კარისკენ მირბოდა, ხელს ჰაერში იქნევდა და ყვიროდა:
- უსამართლოდ მომექეცი, უსამართლოდ! ახლა კი მშვიდობით იყავი!
მოედანს მიაღწია, სკამზე წამოწვა და ჯიბეში ფურცელი ჩაბღუჯა.
- თქვენ მან მომსხდარხართ, უსირცხვილოდ ციმციმებთ და ყველას ახსენებთ საგნების უშინაარსობას.
მუშტი მოუღერა. ნეტავ ხალხი თუ დადის აქ, იქნებ დადის კიდეც და მე კი ვერ მავჩნევ.
- ინდაური ვარ, ინდაური! ჰა ჰა ჰა!
- უკაცრავად, აქ ვერ დაიძინებთ. - თითქოს თვითონ არ ამბობდა სიტყვებს, სხვა მხარეს იყურებოდა.
- აქ ვერ დავიძინებ. - გაიმეორა მან, წამოხტა და სირბილით მოშორდა მოედანს.
სინათლე სიბნელეში ანათებს და სიბნელემ ვერ მოიცვა იგი. ჰა ჰა ჰა! ამოიღმუვლა და მუშტები დაუშინა მკერდს. რა ვქნა, რომ ვერაფერი ვნახე. და თუ არაფერი იყო სანახავი, მაშ რატომღა გამოვიხედე?
- ერთი ამბავი უნდა მოგიყვე.
- ცოტა ხნის წინ მიყვირე, ჯანდაბაში გამიშვი, ახლა კი ისტორიას მიყვები?
- ასეა, ასე. ვერ მოვისვენე. აქედან რომ წავედი, ბაზრობას ჩავუარე და იქ ერთი ქალი შემხვდა. ნაჭერს აფენდა კიბეზე დასაწოლად, გვერდით კი ძაღლი ტრიალებდა.
ხელზე წაავლო ხელი.
- მითხარი, განა ბედისწერა არაა რომ ერთ ადგილას მოვხვდით ერთსა და იმავე დროს?
- მისმინე, ვხედავ რომ რაღაც ხდება შენს თავს. მე კი ასეთებისთვის არ მცალია. შენი ნერვიული ქცევიით კლიენტებს მიშინებ. აჯობებს, შემეშვა.
საზურგეზე გადაწვა და თვალები დახუჭა, ხელები დაბლა ჩამოეკიდა.
- თან, ცოტა არ იყოს მეც მაშინებ. გიჟივით იცევი, რაღაცაზე ხარ გაცოფებული თუ რა ხდება, არ ვიცი. ეს ჩემთვის უცხო არ...
- გაცოფებულიო? ჰა ჰა ჰა!
- არ გინდა ეს დამთრგუნველი ლაპარაკი, გითხარი, შემეშვი-მეთქი.
- კარგი, მასე იყოს! მაგრამ მანამდე ისტორია უნდა მოგიყვე.
- ჯანდაბას, გისმენ, ორი წუთი გაქვს.
- ორი წუთი! ჰა ჰა! ჯერ ერთი რამ მითხარი, კარგად დაფიქრდი და ისე მითხარი.
- აბა, გისმენ.
- ....
- ამ ლაპარაკისთვის არც დრო მაქვს და ვერც აზრს ვხედავ.
- ერთი კაცი იყო, რომელმაც ღორებს რაღაც სენი შეყარა, ის ღორები კი კლდიდან გადაცვივდნენ. შენი აზრით, რატომ?
- ალბათ, ფეხი დაუცდათ.
- ფეხი დაუცდათ! ჰა ჰა! ღორები, რომლებსაც ერთმანეთის მიყოლებით უცდებათ ფეხი და უფსკრულში ეშვებიან. საოცარი სანახაობაა! ჰაჰ! მათ ადგილას კი რა დარჩა?
- ცუდი სუნი?
- ჰა ჰა ჰა! მართალი ხარ! მაგრამ სანამ სუნი შეავსებდა ყველაფერს, მანამდე იყო მშვენიერი სხვა რამე. რა ჯობია მშვენიერ სხვა რამეს?
- მისმინე, ძალიან მიმზიდველი ხარ. ეს ბრაზით მოკუმული ტუჩები და ნევროტული ქცევა სექსუალურსაც კი გაჩენს, მაგრამ უკვე ძალიან დამღალე. მეორე დღეა არ მიძინია, ფული მაქვს საშოვნი, რომ ჩემი შვილები შიმშილით არ მოკვდნენ. გაიგე? შენ კი დროს მაკარგვინებ.
- მე იდეების მეშინია. შენ ის ხარ, რაც ხარ და მე კი ის ვარ, რაც ვარ. ეს ყველაფერი კი იდეების ბრალია. ყველაფერი იდეების ბრალია. მშვიდობით!
სანაპიროს მიადგა. ფრთხილად, ფრთხილად, ფეხი არ დაგიცდეთ. კაბის შრიალი და ზღვის ტორტმანი. სადღაც აქ ნახეს გვამი. წყლით შეშუპებული და თევზებით ნაჭამი. კენჭი ესროლა ტალღას. სხვა რაღა გავაკეთო?
- მეზღვაური ხომ არ გჭირდებათ? ჰა ჰა ჰა!
- არა. - ეჭვის თვალით მიუგო წვერებიანმა. - მეზღვაურები საკმარისად გვყავს.
- არ წახვიდეთ. - ხელზე ჩაებღაუჭა. - იცით, ბებიაჩემს ინდაური ყავდა. ეზოში ყავდა დაბმული და ყოველ დღე ყელში უტენიდა წყალში დამბალ პურს. მანამდე კარგად აგორგოლავებდა, აი ასე. ის კი ხროტინებდა. მე დღეს მივხვდი, რომ ის ინდაური მე ვარ! რამდენიმე წუთის წინ მივხვდი, ჰა, და გონება გამინათდა! განა საცოდაობა არაა?
მისი ხელი მოიშორეს, დაბლა დავარდა და თვალები ჩაუცრემლიანდა.
- საცოდაობაა, საცოდაობა!
უყვიროდა კაცს, რომელიც აჩქარებული ნაბიჯით შორდებოდა. საათის კითხვა კი დაავიწყდა. ოთხზე დამდგარი მიღოღდა კლდესთან ხელების ლოკვით. მთვარეს ახედა და აყმუვლდა. სადღაც ძაღლებმა დაიწყეს ყეფა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები