ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: კონსტანტინე იამანიძე
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2017


ვერ გწერ

ვერ ვწერ,
და მახრჩობს რასაც ვინახავ.
ვერ გწერ, შორია, ქარიშხლებია.
და უშენობას ვმარხულობ.

და ირგვლივ,
ყველგან,
ბაბუაწვერის საფლავებია,
შენთან კი ყვავიან ატმები.

და ვხედავ
როგორ ეხვევა ხეებს,
ხვიარა
და რა ახლოა ყელთან
შენი თბილი ხელები.

ვერ გწერ.
და ვუსმენ მარტოობის ბოლო არიას.
რა უმწეოა გაღვიძება ოთახში,
სადაც, უძილობისგან მეძინება მხოლოდ
და ვიცი– დასაწყისია.

შენი ფეხის ხმა.
–დასაწყისის გადამღერება,
ჩემს ყურებშია
და ძილის წინ ჩამესმის
როგორ მოიპარება ოთახისკენ
ორი არსება:
ერთი ისეთი, როგორიც ხარ
და მეორე
-ისეთი, როგორიც მიყვარხარ.

ვერ გწერ,
და მახრჩობს რასაც ვინახავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები