ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ც ი გ ა ნ ი
ჟანრი: იუმორისტული
2 აგვისტო, 2017


ნომოფობია

  მშიშარა არასდროს ვყოფილვარ. სხვა გოგონებივით სიბნელის და ღამის არასდროს მშინებია. არც ძაღლების შემშინებია როდესმე. ბიჭებთანაც თამამად დავსეირნობდი, ვიცოდი უბატონოდ ხვას ვერავინ გამცემდა. ვინმე რამეს მაწყენინებდა და საკადრის პასუხსაც მიიღებდა...
  მოკლედ ისე გავიზარდე შიში არაფრის  მქონდა. ჩემს მშობლებს უხაროდათ მამაცი გოგო გვეზრდებაო. მეამაყებოდა ასეთი რომ ვიყავი და გადიდგულებული ვტრაბახობდი კიდეც.

  ერთხელ ჩემმა მეგობრებმა გამოცდა მომიწყვეს, მოიფიქრეს ყველაზე საშიში რამ რასაც მათი აზრით ვერ გავაკეთებდი. არ არის ძნელი მისახვედრი, 12 წლის ბავშვისთვის რა იქნებოდა ყველაზე ძნელად გადასალახი შიში.  ღამით სასაფლაოზე უნდა წავსულიყავი და იქიდან რამე წამომეღო. სანამ შებინდდებოდა, ხუთი ბავშვი ერთად შევედით სასაფლაოზე და ერთ-ერთი მიცვალებულის სურათთან დავდეთ თოჯინა, რომელიც ღამით მისულს უნდა წამომეღო.
გამოვედით სასაფლაოდან და დაღამებას დაველოდეთ. კარგად რომ ჩამობნელდა ჩემი მეგობრები ახლოსაც არ მისულან სასაფლაოს ჭიშკართან. გზის მოპირდაპირე მხარეს ლამპიონის ქვეშ დადგნან და გამომემშვიდობნენ დიდის ამბით, თითქოს უკანასკნელად მხედავდნენ.
  ამ ასაკში ასეთი საშიში გასართობები ხშირია. მოგვიანებით რომ ვიხსენებდით იმ ღამის ამბებს თავადაც არ მოგვწონდა ჩვენი საქციელი...
  მოკლედ. მე სასაფლაოზე შევედი, მოვძებნე ის საფლავი სადაც თოჯონა დავმალეთ და ასაღებად დავიხარე. ამ დროს, რაღაც ჩურჩულივით გავიგონე. გავჩერდი და მივაყურადე. აღარ განმეორებულა. ჩავთვალე ქარის შრიალი იყო და წამოვედი. გზად, რომ მოვდიოდი რაღაცას ფეხი წამოვკარი და დავეცი. ის იყო ჩემში შიში გაღვიძებას აპირებდა, თითქოს სადღაც შიგნიდან ამოძვრომას ლამობდა. ალბათ შიში იყო ის დაკლაკნილი „რაღაც“  ნატკენი მუხლიდან წვასთან ერთად რომ მოდიოდა გულისკენ. სრული სიბნელე იყო და ხელის ფათურით დავიწყე დავარდნილი თოჯინის ძებნა. მოძრაობამ, შემოპარული შიშის გრძნობასავით მცოცავი სიცივისა და წვის შეგრძნება გამიყუჩა. თოჯინა რომ ვიპოვე სწრაფად წამოვვარდი ფეხზე და სირბილით მივირბუნე, ლამპიონის შუქით განათებული ჭიშკრისკენ. ჩემი მეგობრები შიშისგან დაზაფრულები დამხვდენენ. დედაჩემთან გაქცევას აპირებდნენ, ტირილს ძლივს იკავებდნენ. მე კი ისე გავდიდგულდი, ერთი ციდა ბავშვი ლამის ორი მეტრი გავხდი სიმაღლეში. ქედმაღლურად გადავხედე ბიჭებს. ისეთი მაგარი გოგო ვიყავი სიტყვებიც რომ არ იყო საჭირო.
  მას შემდეგ აღარავის უცდია ჩემი გამოცდა, ან ჩემში რაიმე შიშის ძებნა. იმასაც ამბობდნენ რომ გული არ მქონდა, არც ნერვები მქონდა. მე ის გოგო ვიყავი რომელსაც არაფრის ეშინოდა და ასეთად გავიზარდე კიდეც.
  მაგრამ...
  სკოლა რომ დავამთავრე, ტელეფონი მიყიდეს. მაშინ ყველაზე „მაგარი“ ტელეფონი იყო მოტოროლა V3. სკოლა ხუთებზე დავანთავრე და ნამდვილად ვიმსახურებდი ასეთ ტელეფონს. შავი იყო და ისე მომწონდა ჭკუას ვკარგავდი მასზე. მაშინ „ადნაკლასნიკი“ იყო მადაში და მეც ჩემს ტელეფონში შემეძლო გამეხსნა ჩემი პროფაილი. ფოტოებსაც ვიღებდი, მუსიკასაც ვუსმენდი. მასში ყველაფერი ეტეოდა, რაც მინდოდა. 4 წელი მქონდა ეგ ტელეფონი, ისეთი მოვლილი და შენახული იყო, ახალი გეგონებოდათ. მერე დრო რომ გავიდა მოძველდა, ახალი მიღწევების მქონე ტელეფონები გამოვიდა და იძულებული გავხდი მეც სიახლისთვის ამეწყო ფეხი. ვიყიდე მესამე თაობის ტელეფონი და მას შემდეგ დამეწყო ტელეფონომანია. ეს ჩემი გამოგონილი სიტყვაა. მე ვეძახი ჩემს მანიაკალურ, ტელეფონების ცვლის და ყიდვა-გაყიდვის ჩევევას ასე. საკმარისი იყო რამე ახალი გამოსულიყო რომ მაშინვე ძველს ვყიდიდი და ახალს ვყიდულობდი. ფულიც რომ არ მქონოდა ვისესხებდი და ისე ვიყიდიდი. საბოლოოდ „აიფონის“ ბოლო მოდელზე შევჩერდი და სრულად მოვერგე.
  თუ რამე მქონდა ყველაფერი ამ ტელეფონში იყო და თუ რამეს ვაკეთებდი ყველაფერს ტელეფონით ვაკეთებდი. ის იყო ჩემი კავშირი გარესამყაროსთან.  თითქოს ჩემი ერთი ნახევარი იყო. სულ ერთად ვიყავით, სულ თან დამქონდა და სულ ვაკონტროლებდი არაფერი მოსვლოდა. მარტოს მაშინაც არ ვტოვებდი, როცა დასატენად ვაერთებდი. მივდიოდი და დავხედავდი, ხომ არაფერი იყო ისეთი რომ გამომპარვოდა. ჩემი ყოველდღიურობის, აწმყოს, წარსულის და მომავლის ამსახველი ნივთი იყო. ყველა მოგონება მასთან იყო კავშირში და მასში იყო. ხანდახან მეგონა ჩემი ენა იყო, უმისოდ დამუნჯებული ვიქნებოდი და ხალხს ხმას ვერ მივაწვდენდი. ხშირად ერთ ოთახში მყოფ ჩემს დას ტელეფონზე მიმოწერით ვესაუბრებოდი.
  ჩემი სამსახურიც მასში იყო. ყველა კომპიუტერული პროგრამა იქ მქონდა და თუ რამეს ვაკეთებდი, ყველაფერს ტელეფონში ვაკეთებდი და მერე გადამქონდა კომპიუტერში.
  სოციალური ქსელები, ფოსტა, სხვადასხვა საიტები, მუდმივ კონტროლს საჭიროებდა, მუდამ „ხაზზე“ უნდა ვყოფილიყავი, რომ არაფერი გამომპარვოდა. მეორეს მხრივ ჩემი ამბების გაზიარება და სხვადასხვა ტერიტორიებზე „დაჩექინება“ რომ არ დამეგვიანა. მოკლედ ყველანაირად ჩართული და აქტიური ვიყავი.
უამრავი ფოტო და ვიდეო მალასა ინახებოდა ჩემი ტელეფონის მეხსიერებაში. გარდა ამისა სხვა სახის ინფორმაცია, საკონტაქტო მონაცემები თუ „ხარა-ხურა“ მასალები, ყველაფერი მასში იყო. ის ჩემი გონების ნახევარს წარმოაედგენდა. რაც საჭირო იყო, ყველაფერს მახსენებდა, ჩემი ტვინის მაგივრადაც კი მუშაობდა. ასე რომ, ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნდა ეს ტელეფონი იყო. არა იმიტომ რომ ფასი ჰქონდა დიდი, არა! მნიშვნელობა ჰქონდა უდიდესი...
  ბებიაჩემი განიცდიდა სულ ტელეფონი გიკავია ხელშიო. მე კი სანაცვლოდ ვეუბნებოდი, რომ თავად იყო უაზროდ წინააღმდეგი ტელეფონის. გაგონებაც კი არ უნდოდა მობილური ტელეფონის არსებობის და ლამის ისევ დეპეშებს აგზავნიდა როცა ვინმესთან დაკავშირება უნდოდა. თუმცა, მართალი იყო ბებია, ტელეფონი სულ ხელში მეკავა. საპირფარეშოში და სააბაზანოშიც კი შემქონდა რომ შევდიოდი. ძილის წინ კი აუცილებლად გადავავლებდი თვალს ყველა სოციალურ თუ საკონტაქტო სფეროს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიძინებდი. ტელეფონს კი თავთან ვიდებდი და დამტენზე ვაერთებდი.
ასე ვიყავი წლები.
  სიყვარულიც კი ტელეფონით ვიპოვე. ქორწილიც დავგეგმე. გავთხოვდი კიდეც. ორსულობაც ტელეფონით ხელში და სოციალურ ქსელში გავატარე. ახლა რომ ვაკვირდები ჩემი ცხოვრება რეალით შოუს ჰგავდა. ყველა ცხოვრებისეულ მოვლენას საჯაროდ ვაზიარებდი. სამშობიაროდანაც კი ლამის პირდაპირი ჩართვა მქონდა. პატარასაც ტელეფონით ხელში ვზრდიდი, ძუძუს რომ ვაწოვებდი თან ფეისბუქს „ვსქროლავდი“ და შვილის ფოტოებს საჯარო პოსტებად ვდებდი.
  რას ვმუშაობდი, სად ვისვენებდი, რას ვჭამდი თუ ვსვამდი, სად ვიყავი, საიდან სად მივემგზავრებოდი, რას ვყიდულობდი ყველაფერს ფოტოებს ვუღებდი და სოციალურ ქსელებში ვანთავსებდი. ნელ-ნელა განუყოფელი გავხდით მე და ტელეფონი, სოციალური ქსელი კი ჩემი ცხოვრება გახდა. გაფიქრებაც კი არ მინდოდა რა ვიქნებოდი, უტელეფონოდ და თუნდაც უფეისბუქოდ, სხვებზე რომ არაფერი ვთქვა.

  ერთ დღეს, სახლში. უცაბედად დაიკარგა ჩემი ტელეფონი. არ ყოფილა შემთხვევა სადმე დამრჩენოდა, ან ბავშვისთვის მისაწვდომ ადგილზე დამედო... მაგრამ, ასე თვალსა და ხელს შუა გაქრა ჩემი ტელეფონი. ყველა სახლში ვიყავით და დამნახავი არავინ იყო. სასწრაფოდ დავრეკე ჩემი ქმრის ტელეფონიდან, გამორთულიაო ავტომოპასუხემ მიპასუხა. თუ არ გავგიჟდებოდი არ მეგონა. ოფლმა დამასხა, წარმოვიდგინე რამდენი რამე დავკარგე იმ ტელეფონთან ერთად და ლამის ჭკუიდან შევიშალე. ჯერ ბებიას მივვარდი დამიბრუნე ტელეფონიმეთქი ვეჩხუბე. იფიცა მე არ ამიღიაო. მერე ბავშვთან მივედი, დავუყვავე,
- დედიკო, მომეცი ტელეფონი და კამფეტს გიყიდი.
- არ მაქვს.
- სიხარულო დამიბრუნე ტელეფონი და სათამოშოს გიყიდი.
- მე არ ამიღია.
- დედას სიცოცხლეო მითხარი სად დადე ჩემი ტელეფონი და ორ სათამაშოს გიყიდი.
- არ ვიცი სადაა. - მითხრა ბავშვმა. მე თანდათან მდგომარეობიდან გამოვდიოდი და ხმას ვუწევდი. ბოლოს ყვირილი დავიწყე. სადაა ჩემი ტელეფონი მეთქი. დავიწყე
  ყველგან მისი ძებნა. გავჩხრიკე მთელი სახლი და ტელეფონი ვერსად ვიპოვე. დავდიოდი ოთახიდან-ოთახში და დავეძებდი გამწარებული, თან ჩემთვის ვლაპარაკობდი, ხან ყვვიროდი და ოჯახის წევრებს ვლანძღავდი. სცადეს ჩემი დამშვიდება, მაგრამ რომ არ გამოუვიდათ იდგნენ და მიყურებდნენ. მე კი უფრო და უფრო ვგიჟდებოდი. თავში ხელებს ვიშენდი და თმას ვიწიწკნიდი განერვიულებული. მერე მკლავების ქავილი დამეწყო და გაუთავებლად ვიქექებოდი. იმდენი ვიფხანე, ნაკაწრები გამიჩნდა და სისხლი წამომივიდა. თან დავდიოდი ოთახიდან - ოთახში და ვყვიროდი. თვალებს შეშინებული ვაცეცებდი და ყველგან ჩემს ტელეფონს დავეძებდი. ოჯახის წევრები მიხვდნენ, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი. დედაჩემმა დამამშვიდებელი დამალევინა. ქმარი კი მომეხვია, ხელები დამიკავა, რომ არ მომექავა კისერი და მოფერება დამიწყო. მამშვიდებდა. მე კიდევ გამუდმებით ვიმეორებდი:
- ახლა, რომ ვინმე ცუდად გახდეს, როგორ დავრეკო?! ბავშვი რომ ცუდად გახდეს, რა მეშველება.
- ჩვენ აქ ვართ ნუ გეშინია, არაფერი მოხდება. - მეუბნებოდა ქმარი.
- ხანძარი რომ გაჩნდეს, სახანძრო როგორ გამოვიძახო?!
- არ გაჩნდება, ნუ გეშინია.
- მიწისძვრა, რომ მოხდეს და სახლი დაინგრეს, როგორ შევატყობინებთ რომ აქ ვართ.
- არ დაინგრევა, ნუ გეშინია. - და ამ ყველაფერს, გამუდმებით ვიმეორებდი. მერე დამამშვიდებელმა იმოქმედა და ცოტა ხნით ჩამეძინა. თითქოს უკეთ ვიყავი, მაგრამ ვგრძნობდი რომ გავნახევრდი. დავცარიელდი. რა უნდა გამეკეთებინა არ ვიცოდი. საპირფარეშოსაც კი ვერ მივაგენი. ისევ ტელეფონს ვეძებდი. იმ ღამეს ვერ დავიძინე.
  დროსა და სივრცეში დავიკარგე. მეგონა მოვწყდი სამყაროს, ბევრი რამ გამოვტოვე, დროს ჩამოვრჩი. დავცარიელდი. დავცოტავდი და გავქრი.
  დილას რომ ავდექი, თვალებდასიებულს ყავაც კი არ მინდოდა რომ დამელია. კუთხეში იატაკზე დავჯექი, მუხლებს ხელები შემოვხვიე და წინ და უკან მოძრაობა დავიწყე. აღარც ბავშვისთვის მიმიხედავს, აღარც ვინმეს დავლაპარაკებივარ... თითქოს სხვაგან ვიყავი. ამ დროს მომესმა:
- ვიპოვე! - სამზარეულოში თქვა ჩემმა მეუღლემ. მაგ სიტყვას ალბათ სხვა კვარტალშიც გავიგონებდი. მკვდარიც რომ ვყოფილიყავი, მაშინაც გავიგონებდი. ფეხზე წამოვვარდი და სამზარეულოში შევირბინე.
- სადაა?
- მაცივარში შეგიდია. - გამოვგლიჯე ჩემი ტელეფონი ხელიდან და გულში ჩავიკარი. ცივი იყო. საძინებელში შევირბინე და სატენზე შევაერთე რომ გამეთბო. ვიდექი იქვე და ვდარაჯობდი „გონს“ როდის მოვიდოდა...
  ჩემი ქმარი ექიმია. ამ ამბიდან ორი დღის შემდეგ ექიმის კაბინეტთან ვიცდიდით, რომლის კარზეც ეწერა „ფსიქიატრი“. იმ ერთი დღის გამო, ერთბაშად გადავახტი ნევროპათოლოგის და ფსიქოლოგის კონსულტაციას. ასევე ერთბაშად დაიმსხვრა მითი იმის შესახებ, რომ უშიშარი ვიყავი. თურმე ტელეფონის დაკარგვის მშინებია კატასტროფულად.
  ექიმმა ფსიქიატრმა, რომელიც საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურებოდა და სულაც არ ჰგავდა ჩემი წარმოსახვის პროტოტიპს. არც დაქაჩული თვალები ჰქონდა, არც ნერვიული საუბარი და არც შაქრის აბებს მიტენიდა პირში, მივხვდი ბროწეულის ოყნას არ დამინიშნავდა. თბილად და იუმორით გამომკითხა საერთო მდგომარეობა. გულდასმით მომისმინა. აშკარა იყო, ჩემს მეუღლეს უკვე გავლილი ჰქონდა მასთან კონსულტაცია.
  ექიმმა მოკრძალებულად ამიხსნა, რომ ის რაც მე დამემართა არის „ნომოფობია“, რომელიც არანორმალური მდგომარეობაა და 2014 წლიდან აღიარებული ფსიქიკური დაავადებაა. ეს დაავადება თავს იჩენს მაშინ როცა ტელეფონით კავშირის დამყარება შეუძლებალია. პირველად სიმპტომებად ითვლება: ნერვიული აღგზნება, შფოთი და ხელის გულების გაოფლიანება. ამის გაგონებაზე გამახსენდა, როცა თათბირზე შევდიოდი და ტელეფონს ჩემს მაგიდაზე ვტოვებდი, ყოველთვის აღელვებული და აფორიაქებული გამოვდიოდი სათათბირო ოთახიდან და ხელის გულები სველი მქონდა. მაშინ მეგონა ბავშვის გამო ვღელავდი ასე. სინამდვილეში კი ეს ჩემი შიში ყოფილა, რომლის მართვა არც ისე იოლი ჩანდა.
- არ ინერვიულოთ. - მითხრა ექიმმა, - ნომოფობია, მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ფობიადაა მიჩნეული. სტატისტიკურად ტელეფონის მქონე ქალების 70% და მამაკაცების 61% განიცდის ამ შიშს. თუმცა მოგვარებადია. ეგ კი თქვენზეა დამოკიდებული რამდენად მოინდომებთ. - მერე ფურცელზე რაღაც დაწერა, ქაღალდი ოთხად დაკეცა და გამომიწოდა. - თუ განკურნებას გადაწყვეტთ ეს ერთად-ერთი წამალია. - გამოვართვი რეცეპტი და გამოვედით კაბინეტიდან.
  დერეფანს დაფიქრებული მოვუყვებოდი...
  გავშალე ფურცელი - იქ ეწერა „ტელეფონი“ და ჯვარი ჰქონდა გადასმული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები