ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ორპირი ქარი
ჟანრი: პროზა
3 აგვისტო, 2017


არჩევანი



                                                                                                                                                                                                          ზოგჯერ თავად აკეთებ არჩევანს,
                                                                                                                                                                                                    ზოგჯერ კი არჩევანი ჩერდება შენზე.
                                                                                                                                                                                                                                            გეილ ფორმანი
                                                                                                                                                                                                                                          „თუ დავრჩები“

  ცხოვრება მდინარეს ჰგავს, მიდის მიუყვება კალაპოტს. არ გეკითხება, არ გელოდება. არ გიტოვებს არჩევანს. უნდა გაჰყვე... უნდა მინებდე და მიჰყვე. ვერ იცურებ აღმა, ვერ შეეწინააღმდეგები ცხოვრების მდინარებას. ვერ აჯობებ, გადაგივლის, გადაგთელავს. წაგიღებს და გადაგკარგავს. ამიტომ ჰგავს ცხოვრება მდინარეს - ხან მშვიდია, ხან მჩქეფარე, ხან კალაპოტში მიედინება, ხან კი არღვევს საზღვრებს, ანგრევს ჯებირებს და გადმოედინება. უწესრიგოდ და ყოვლის წამლეკავად მიედინება. მერე გზადაგზა მშვიდდება, შენაკადებად ნაწევრდება. მიედინება წვრილ-წვრილ ნაკადულებად. ბოლოს კი, სადღაც ქვემოთ, გზის დასასრულში, ისევ ერთ მდინარედ ერთიანდება.
  ცხოვრება მოგონებების ერთობლიობაა. კარგი და ცუდი მოგონებების სიმრავლე განსაზღვრავს ჩვენს ბედს და უბედობას. კარგ მოგონებებს ადამინები გულში ვინახავთ, ცუდ - კი მხრებზე ტვირთივით მივათრევთ მთელი ცხოვრება. თავს გადახდენილი ამბები იმ მდინარეებივითაა, კალაპოტებიდან რომ გადმოდის, ყველაფერს ანადგურებს და დანაწევრებულებს, შენაკადებად მიმავალს, სიცოცხლის ბოლოს ისევ ერთ მთლიანობად გვაერთიანებს.
  დრო ყველაფრის მკურნალია. დრო ვერაგი რამაა, დაუნდობელი და უკანმოუხედავი. ტკივილს ვეჩვევით, მაგრამ იარები არ შუშდება. იმ მძიმე წუთებს დანაწევრებული მდინარის შენაკადების ნაპირებზე ვინახავთ. აღარ გვტკივა, მაგრამ მაინც მძიმე ტვირთად გვაწევს. არ შუშდება იარები... არ იშლება მოგონებები... მდინარეა ჩვენი ცხოვრება, არჩევანს არ გვიტოვებს...

***

  მე და დათო 5 თვის დაქორწინებულები ვიყავით. დათის ვეძახდი. ძალიან მიყვარდა. ახლაც მიყვარს. სადაც არ უნდა იყოს, მაინც მეყვარება...
  ახალი ნაყიდი მანქანა გვყავდა. მართვას მასწავლიდა...
  ვაკეში ვცხოვრობდით, აბაშიძეზე...
  მას უნდოდა მანქანის მათვა მცოდნოდა. მე მხოლოდ მისი ხათრით ვიჯექი საჭესთან. მეგონა მძღოლობა არ იყო ჩემი საქმე, მაგრამ ხათრს ვერ ვუტეხდი. ხშირად გამოვყავდი ღამ-ღამობით ქალაქში, მასწავლიდა გზებს, ქუჩების დასახელებებს... დიდი მოთმინებითა და მონდომებით ეკიდებოდა ამ საქმეს. მე უფრო სხვა რამ მეგონა - მას ჩემთან ახლოს ყოფნა უნდოდა. სამსახურიდან მოსული ივახშმებდა და სასეირნოდ გამოვყავდი. თან ძალიან ბევრს ვსაუბრობდით. მუსიკასაც კი არ ვრთავდით. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით... არა, ოთხნი ვიყავით: ჩვენ ორი და თბილისი და ღამე...
ვერაგი ღამე...
ერთ ჩვეულებრივ საღამოს, საათნახევრიანი სეირნობის შემდეგ სახლში ვარაზის ხევით ვაპირებდი დაბრუნებას. მან ხელით მანიშნა, ვერის ახალ გზაზე ჩადიო.
- შორი გზა მოვიაროთ და შინ მშვიდობით მივიდეთ. - ბოლო წამს შევცვალე გადაწყვეტილება და მის არჩეულ გზაზე გადავუხვიე. შუა ღამე იყო და მანქანები თითქმის არ მოძრაობდნენ. სიჩქარეს მოვუმატე. სწრაფად მივდიოდი, მაგრამ არ გადამიჭარბებია დაწესებული ზღვრისთვის. მერე ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი გააზრება გამიჭირდა. წინ წყალი იყო, საბურავები შხუილით შევარდა ნიაღვარში.
- რა ხდება დათი?
- არ ვიცი, დიდი წყალი ყოფილა. დაამუხრუჭე. - იყვირა მან. დავამუხრუჭე, მაგრამ დავაგვიანე. მანქანა ღრმა წყალში იყო შესული და მართვას აღარ ემორჩილებოდა.
- საჭე არ გაგექცეს, იქნებ მოვბრუნდეთ. - თავადაც მოკიდა საჭეს ხელი. მომეშველა. მაგრამ ვერ შევძელით მანქანის გამოყვანა. ვერ მოვასწარი... ვერაფერი მოვასწარი. წყალი იმატებდა.
- ფანჯრებს ავუწიოთ. - იყვირა დათომ, მაგრამ ვერ  მოასწრო. ჩემს მხარეს შუშა სანახევროდ აიწია, წყალი კი ზემოთ იწევდა. თან უკან მიგვაქანებდა. მანქანა გზის ჯებირებს აქეთ-იქით ეხეთქებოდა.
- რა ხდება დათი? ვიღუპებით...
- მაშველი გამოვიძახოთ სანამ სულ გავივსეთ წყლით.
- 112 დარეკე.
- სახურავზე უნდა ახვიდე.
- ვერა დათი, ვერ შევიმაგრებ თავს.
- დამიჯერე, უნდა ახვიდე! ძალიან გთხოვ! ადი და სახურავს მოეჭიდები, კარის ჭრილს მაგრად მოკიდე ხელი და რაც უნდა მოხდეს არ გაუშვა.
- შენ?
- შენ რომ ახვალ, მეც ამოვალ. - მეშინოდა. ძალიან მეშინოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა უნდა ავსულიყავი. წყალი უფრო და უფრო იმატებდა, მოგლეჯილ ხეებსა და დამტვრეულ ტოტებს მოათრევდა. მანქანა გზის საფარს სრულად იყო მოშორებული და ნიაღვარი მიათრევდა.
- მეშინია, დათი.
- ნუ გეშინია, ჩემო გოგო, შეძლებ! - თმებში ჩამაფრინდა. ძლიერად მაკოცა ტუშებზე. მაგრად ჩამიხუტა და მითხრა:
- შენ უნდა შეძლო. - ხელით მიბიძგა. მომეშველა ფანჯრიდან სახურავზე ავძვერი. - ხელი არ გაუშვა. - ძლიერი ხმაურის ფონზე, მისი ღრიალიც კი ძლივს გასაგონი იყო. ერთი ხელით მანქანის სახურავის შიდა სახელურს მოვეჭიდე, მეორე ხელი კარის ჭრილს წამოვდე. მანქანა წრეზე ტრიალებდა და მოგლეჯილ ხეებს ეხეთქებოდა. თანდათან წყლით ივსებოდა. დათიმ ამოსვლა შეძლო, მაგრამ სანამ სახურავზე ამოძვრომას მოახერხებდა მანქანა ფერდობს შეასკდა და ძლიერად შეირყა. „ხელი არ გაუშვა“, გამუდმებით ეს მესმოდა ყურში... უფრო გულში მესმოდა ვიდრე ყურში... მისი ბოლო სიტყვებიც ხომ ეს იყო „ხელი არ გაუშვა“... არ გაუშვა... არ გაუშვა... არ გამიშვია. ვეჭიდებოდი მთელი ძალით. მაგრამ... თვალი რომ გავახილე ის ჩემ გვერდით აღარ იყო... ნიაღვარმა გაიტაცა... ლამის ხელიდან გამომლიჯა და გაიტაცა...
- დათიიიი... - დავუძახე. ძებნა დავიწყე. - დათიიი...
არსად იყო...
ვერსად მოვკარი თვალი...
ჩემთან აღარ იყო...
კალაპოტიდან გადმოვარდნილმა მდინარემ მომტაცა მისი თავი...
ვეძებდი...
ვეძახდი...
ვიცოდი არ მიმატოვებდა...
არ მიმატოვებდა...

  მანქანა შლამში გაიჭედა და ცურვა შეწყვიტა. მე ისევ დათის ვეძახდი. ვყვიროდი...
- დათიიიი...
მერე, არ ვიცი რამდენ ხანში, წამები საუკუნეებად მეჩვენებოდა - ორი მაშველი მოვიდა მანქანასთან.
- მე კარგად ვარ. ჩემს დათის უშველეთ. წყალმა წაიღო. - ვუყვიროდი მაშველ ბიჭებს. ისინი ჩემკენ მოიწევდნენ.
- ხელი მომეცით, ქალბატონო, გამოგიყვანთ.
- მე კარგად ვარ, დათის უშველეთ...
- კიდევ არის ვინმე?
- წყალმა წაიღო...
- სადაა? ხედავთ სადმე?
- ვერა, ვერ ვხედავ.
- ხელი მომეცით, ქალბატონო!
- ჩემს დათის უშველეთ, ძალიან გთხოვთ.
- ჯერ თქვენ გამოგიყვანთ. მომეჭიდეთ.
- უშველეთ რა, გთხოვთ... გადამირჩინეთ ჩემი დათი...
  არ მინდოდა მე გადარჩენა. უიმისოდ სიცოცხლე არ მინდოდა. რატომ მეც არ წამიღო წყალმა?!..
  „ხელი არ გაუშვა“... თითქოს იცოდა, რომ მარტოს მომიწევდა ბრძოლის გაგრძელება...
  „რაც არ უნდა მოხდეს, ხელი არ გაუშვა“...
  „ხელი არ გაუშვა“...

  რატომ დათი, რატომ?! მე ხომ უშენოდ სიცოცხლე არ მინდოდა. არც გადარჩენა მინდოდა უშენოდ. მე არაფერი მინდოდა უშენოდ...
- იპოვეთ რა ჩემი დათი... უშველეთ გთხოვთ... გადამირჩინეთ...
- დაინახეთ საით წაიღო დინებამ?
- არ დამინახავს, არაფერი დამინახავს... როგორ მომტაცა არც ეგ დამინახავს... დათიიი...
  ვყვიროდი გაუჩერაბლად. თან ვტიროდი, თან ვყვიროდი... დათიიი... ვერ ვიპოვე. ვერ გადავარჩინე. არც მე მინდოდა გადარჩენა... არ მითხოვია გადარჩენა, ის უნდა  გადაერჩინათ მაშველებს... მე არ მინდოდა. არ მინდოდა...
ისე უცებ მოხდა ყველაფერი, ვერ გავიაზრე. თვალი რომ გავახილე, საავადმყოფოს პალატაში ვიყავი. თავთან შუახნის ქალი მედგა. ჩემი გამოღვიძება რომ შენიშნა, თვალებზე ცრემლი შეიმშრალა. მომიახლოვდა და დამაჩერდა.
- დათი აქ არის?
- არა...
- ჩემი დათი, ვერ იპოვეს?
- არ ვიცი, ვერ გეტყვი. - ტუჩებთან ჭიქა მომიტანა და წყალი პირში ჩამასხა.
- შეუძლებელია ვერ ეპოვათ... არ შეიძლება, არ შეიძლება...
- დათი ვინაა შვილო?
- ჩემი ცხოვრებაა...
- შვილია?
- ქმარია.
- არ ვიცი დედი. აქ სხვებიც მოიყვანეს და მოვიკითხავ შენს დათის არ ინერვიულო. - გავიდა და მალევე შემობრუნდა. - არავინ არაა აქ მასეთი სახელით.
- არა, შეუძლებელია. - წამოვიწიე. ხელზე წვეთოვანი მედგა. - მომხსენით ეს რაღაც, უნდა წავიდე.
- ახლა ვერ წახვალ შვილო.
- გამიშვით, უნდა წავიდე. დათი უნდა მოვძებნო. - საექიმო კომოდის უჯრიდან რაღაც წამალი ამოიღო.
- ახლა გარეთ გასვლა საშიშია, ყველგან ზოოპარკიდან გამოქცეულ ვხოველებს ეძებენ. საშინელი ამბავი ხდება. საშინელებაა...
- ჩემი დათი უნდა მოვძებნო.
- დილას, დედი, დილას. ნუ გეშინია, შენი დათი კარგად იქნება. - ეს ბოლო სამი სიტყვა იმხელა იმედი და შვება იყო ჩემთვის, ვერ წარმოიდგენთ. - მან ვენაში შემავალ მილს თავი მოხსნა და რაღაც წამალი ჩაუშვა შიგ.
- კარგად იქნება?
- ხო, დედი, კარგად იქნება, დაიძინე.
- ხომ კარგად იქნება. იპოვნიან ხო?..
- ხო, დედი, იპოვნიან, აუცილებლად იპოვნიან. მითხარი შენს ახლობლებს რა ნომერზე დავურეკოთ? - ნახევრად მიძინებულმა ჩემი დის ნომერი ვუკარნახე.
- უთხარით, დედას ნურაფერს ეტყვის. ჯერ დათი იპოვნონ. - მეტი არაფერი მახსოვს. ჩამეძინა.
    ჩუმი ქვითინი აღწევდა ჩემამდე. თვალი რომ გავახილე დავინახე დედა ტიროდა. უკვე გათენებული იყო.
- დათი იპოვეს?
- არ ვიცი... - მითხრა მან.
- უნდა მოვძებნო. - წამოვდექი. ვერავინ დამაკავებდა. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი ერთ წუთს არ გავჩერდებოდი კლინიკაში. გადასხმის მილი მე თვითონ მოვიგლიჯე ხელიდან.
- ტანსაცმელი მოგიტანე. - მითხრა ჩემმა დამ. მომეხმარა ჩაცმაში და გვერდით ამომიდგა. ერთად გავედით შენობიდან.
  2015 წლის 13 ივნისი საშინელი დილა გათენდა. საშინელი ღამე იყო და კიდევ უფრო საშინელი დღე დადგა.
დღე დათის გარეშე.
  სად უნდა მომეძებნა, ან საიდან დამეწყო არ ვიცოდი. უამრავი ხალხი იყო გამოსული. მაშველები, მეხანძრეები, ექიმები, უბრალო მაცხოვრებლები, უცხოელები. ყველა გამოსული იყო და ერთიანი ძალებით ტერიტორიის გასუფთავებას ცდილობდნენ. დაშავებულებს პოულობდნენ.
  ზოოპარკთან ახლოს ბეჰემოტი დასეირნობდა...
  ყველასთან მივდიოდი და ვეკითხებოდი:
- ჩემი დათი ხომ არ გიპოვნიათ? - არ იცნობდნენ, არ იცოდნენ როგორი იყო. - ქერა ბიჭია, ხუჭუჭი თმით და ცისფერი თვალებით. ძალიან ლამაზია. შეუძლებელია ვერ იცნოთ.
- აქ ისეთი დაშავებულები ამოიყვანეს, ვერ გაარჩევდით გოგონა.
  დავდიოდი და ყველგან ვეძებდი, ყველას ვეკითხებოდი. ვხედავდი როგორ თავდაუზოგავად მუშაობნენ, ბიჭები, გოგონები, ქალები და კაცები. მეხმარებოდნენ დათის მოძენაში. ასე მეგონა ყველა მე მეხმარებოდა, მაგრამ...
  ვერ ვიპოვეთ...
  ვერსად ვიპოვეთ...
  დღემდე ვეძებ და ვერ ვპოულობ...
  ჩემი დათი დამეკარგა. მდინარემ მომტაცა. იმ მდინარემ, რომელიც ურჩად გადმოვიდა ნაპირებიდან და წალეკა ჩემი ცხოვრება, ჩემი მომავალი...
  მე გადარჩენა არ მინდოდა... მე უიმისოდ ცხოვრება არ მინდოდა... მაგრამ ჩემთვის არ უკითხავთ რა მინდოდა. არჩევანის საშუალება არ მქონია...
  იმ ერთი ძლიერი კოცნით დამემშვიდობა და დამიბარა, ხელი ძლიერად მომეჭიდა. მან იცოდა... ალბათ, გული უგრძნობდა... თითქოს მიხვდა რა გველოდა...
  უიმისოდ მარტო ვარ. უიმისოდ ნახევარი ვარ, ან უფრო ცოტა, ნახევრის ნახევარი ვარ. რომ შემძლებოდა მე ვიქნებოდი მის ადგილზე. რომ შემძლებოდა დროის უკან დაბრუნება, იმ საბედისწერო ღამეს ვერეს გზაზე არ გადავუხვევდი.
  „შორი გზა მოვიაროთ და შინ მშვიდობით მივიდეთო“. არ იყო ეს სამშვიდობო გზა. მან რა იცოდა, არც მე ვიცოდი...
  დრო იარებს არ აშუშებს. ეს ტკივილი მხრებზე სიმძიმედ მაწევს. ჩემი ცხოვრების მდინარე წვრილ-წვრილ შენაკადებად დანაწევრდა.
  ბედია ყველაფერი და არჩევანი. რატომ მე? ან რატომ ის?
  დღემდე ვეძებ...
  13 ივნისის ვერაგმა ღამემ მე სიყვარული წამართვა. სიხარული ტკვილად გადამიქცია.
  მაიც მოვძებნი...

ქეთევან ბარნაბიშვილი
თბილისი
05:33
20.07.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გუკა ვულოცავთ დაბადების დღეს