ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
3 აგვისტო, 2017


მოთხრობათა კრებული "დღიური" - 6. აფხაზეთის ომის ერთი დღე

აფხაზეთის ომის ერთი დღე


1993 წლის ზაფხულის ცხელი დღეები იდგა... ომის ქარ-ცეცხლს საქართველოს ყოველი კუთხე კუნჭული მოეცვა; ისროდნენ იქ, სადაც ფრონტის ხაზი იყო და იქაც, სადაც არ იყო. ქვეყნის მასშტაბით ყოველ ფეხის ნაბიჯზე კაცი შეიარაღებულ ადამიანს გადააწყდებოდა, სულ სხვადასხვა ყაიდის სამხედრო სამოსელში გამოწყობილნი, თავიანთ ნებაზე მოსიარულე, თავიანთ საკუთრებაში არსებული იარაღით შეიარაღებულნი, თავიანთი თავების მეთაურები იყვნენ ¬- თავდაცვის სამინისტრო, ეროვნული გვარდია, მხედრიონი, საძმოები... ეს იმ სამხედრო ფორმირებათა არასრული ჩამონათვალია, რომელნიც ერთ საერთო მტერთან არაკოორდინირებულად აწარმოებდნენ ომს. ასეთი არა ოგანიზებულობის ფონზე, თავად ომის შინაარსიც სრულიად ქაოსური და ბუნდოვანი იყო - ერთმნიშვნელოვნად ვერავინ იტყოდა, თუ ქვეყანაში რა სახის ომი მიმდინარეობდა, სამამულო, სამოქალაქო თუ კედევ რაღაც სხვა სახის. თუმცა, ვინ იცის, იქნებ ამ ომს ერთი კონკრეტული სახის ნაცვლად, ერთდროულად სწორედ, რამდენიმე სახე ჰქონდა - ომი სამამულოდ ითვლებოდა, რადგან ქართველებს აფხაზებისა და ოსების ხელით რუსეთი ებრძოდა; სამოქალაქო კი იმიტომ იყო, რომ მართალია, სხავადასხვა რჯულის, მაგრამ მაინც, ერთი ქვეყნის მოქალაქეები ესროდნენ ერთმანეთს და ცალკეულ შემთხვევაში, ქართველმა კაცმაც დაღვარა ქართველის სისხლი! ამ ომს შესაძლოა, კიდევ რაღაც, სხვა სახე თუ დანიშნულებაც ჰქონდა, რადგან თუ აფხაზები და ოსები აღასრულებდნენ სხვა ერის ნებას, არც ქართველთა ქმედება იყო საკუთარი, გააზრებული სურვილით ნაკარნახევი.
90-იანი წლების საქართველოს მახასიათებელ ნეგატიურ თავისებურებებზე საუბარი გაუთავებლად შეიძლება. სასიხარულო თითქმის არაფერი იყო. თუმცა, ალბათ გამომდინარე იმ ფაქტორიდან, რომ ადამიანს ყოველთვის კეთილი დასასრულის იმედი აქვს, ქართველი კაცი მხნედ იდგა, მტრის თვალის დასავსებად იღიმებოდა, იცინოდა კიდეც და, როცა ამის საჭიროება იყო, დროს დაცემამდე ქეიფში ატარებდა! ჰაერში ტყვიების გაუთავებელი სროლაც ალბათ, ქართული უტეხი ბუნების გამოჩენის თავისებური ფორმა იყო, ანუ - იხარე ჭერო, მოკვდი მტერო! მაშ, სხვანაირად როგორ უნდა აიხსნას ის ფენომენი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის სროლის ხმის მუსიკალურ მელოდიად აჟღერებაში მდგომარეობდა - “დახ, დახ, და-და-დახ!” - შემოკლებული ვერსია; აი, სრულიც: “დახ, დახ, და-და-დახ! და-და-ა-და, და-და-დახ!”, - რომელიც ფრონტის ხაზიდან მრავალი კილომეტრით დაშორებულ წერტილებში, თვით დედაქალაქის შუაგულში, რუსთაველის პროსპექტზეც გაისმოდა ხოლმე!

ქ. ფოთი
მეორე დღე იწურებოდა რაც დედაქალაქიდან აფხაზეთის ფრონტზე გაგზავნილი ტელე-ჟურნალისტთა ჯგუფი ქ. ფოთში უიმედოდ “გაჭედილიყო”. ჟურნალისტები თბილისიდან ტელევიზიის კუთვნილი კომფორტული მიკროავტობუსით ზარ-ზეიმით გააცილეს, მგზავრობისათვის თითქოს ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ დაწყებული საბუთებიდან სათადარიგო ბორბლით დამთავრებული, მაგრამ... სამეგრელოს რეგიონს რომ მიუახლოვდნენ, იძულებულებმა გეზი სოხუმის ნაცვლად, ფოთისკენ აიღეს. აი, რაში მდგომარეობდა საქმე: გზად ხელისუფლებაზე განაწყენებული ლოთი ქობალიას მიერ კონტროლირებადი ტერიტორია უნდა გაეარათ. ლოთმა თავდაპირველად თანხმობა განაცხადა ჟურნალისტთა გატარებაზე, შემდეგ სიტყვა გატეხა და ერთი გვარიანად შეაგინა კიდეც იმ პიროვნებას, ვინც აღნიშნულ თემაზე მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. ასე და ამგვარად, ოთხი კაცისა და ერთი ქალისგან დაკომპლექტებული ჟურნალისტთა ჯგუფი ფოთში აღმოჩნდა.
ირგვლივ კეთილი ადამიანები რომ არ არსებობდნენ, ქვეყანას რა ეშველებოდა?! ქვეყნისა რა მოგახსენოთ და, ფოთში “გაჭედილ” ჟურნალისტთა ჯგუფს კუდამოძუებული თბილისში დაბრუნება რომ მოუწევდა, ეს ეჭვგარეშეა - ფოთის კომენდატმა, გულისხმიერმა გენერალმა ჯგუფს აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ვერტმფრენით გადასროლის პორობა მისცა. პირველ დღეს ვერტმფრენში ჟურნალისტებისთვის თავისუფალი ადგილი არ აღმოჩნდა. მეორე დღესაც იგივე მოხდა და ჟურნალისტებს ფრონტზე მოხვედრის იმედი რომ გადაეწურათ, კომენდანტისაგან სასიხარულო ცნობა მიიღეს - გამთენიისას ვერტმფრენი მათ სოხუმში გადაისროდა და იმავე დღის ნაშუაღამევს, უკან დააბრუნებდა.
როცა კომენდანტისაგან გამგზავრების ცნობა მიიღეს, შებინდებული იყო, არც თუ დიდი დრო რჩებოდა მოსამზადებლად; უნდა მოესწროთ ინვენტარის საჭირო და ნაკლებ საჭირო ნივთებად დახარისხება, რადგან მიკროავტობუსის გარეშე მიემგზავრებოდნენ, ყველაფერს თან ვერ წაიღებდნენ. ინვენტარის მომზადებასთან ერთად, ჟურნალისტებს ასეთი მოულოდნელი ფორმით გამგზავრებისთვის ფსიქოლოგიურად შემზადებაც უწევდათ. როცა თბილისიდან პერსონალური ტრანსპორტით გამოემართნენ, თავს მეტად დაზღვეულად გრძნობდნენ - ავტობუსი ციხე-სიმაგრე თუ არა, თავისებური სახლი მაინც არის, მოძრავი სახლი, რომლის მეშვეობითაც კაცი ხიფათიან ადგილს გაერიდება და მშვიდობიანს შეეფარება, ღამესაც გაათევს მასში, გამოიძინებს. და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დადებითი ფაქტორი, რაც ავტობუსს გააჩნდა, ჟურნალისტები გადაადგილებისას ნაკლებად იქნებოდნენ სამხედროთა გულისხმიერებაზე დამოკიდებულნი, ფოთში თუ კომენდანტის სახით გამოუჩნდათ გულისხმიერი ადამიანი, სოხუმში როგორი ხასიათის ხალხი დაუხვდებოდათ, ეს არავინ იცის.
შუაღამე გადაიწვერა...
ჟურნალისტთა ჯგუფის წევრთაგან უკანასკნელს, ზაზა ლონდარიძეს ჩასთვლიმა. ზაზა ჯგუფის ყველაზე უმცროსი, შეიძლება ასე ითქვას, მეხუთე წევრი იყო - ასაკითაც ყველაზე პატარას, არც ჟურნალისტური გამოცდილება ჰქონდა. ტელევიზიაში ოთხიოდე თვის წინ ოპერატორის თანაშემწის თანამდებობაზე მიიღეს. უმეტესად, მეორეხარისხოვანი საქმეების კეთება უწევდა, ტელეაპარატურის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჩოჩება, კაბელების მიერთება, ჩახსნა და სხვა ამდაგვარი წვრილმანები, მაგრამ გონიერი და მონდომებული ბიჭი იყო და თავის პროფესიას მოთმინებით ეუფლებოდა. ჯგუფშიც რაღაც სათადარიგო ბორბლის მსგავსი სტატუსით ჩართეს, კონკრეტულად არაფერი ევალებოდა, ხოლო ზოგადად კი, ის ყველაფერი, რასაც დაავალებდნენ... და მთლად დამხმარე მუშად რომ არ ეგრძნო თავი, გულზე ფოტოაპარატი დაკიდეს. აი, ასეთი იყო ზაზა ლონდარიძის ფრონტზე გამგზავრების მისიის ოფიციალური, ყველასათვის ხილული მხარე. მაგრამ არსებობდა უხილავი მხარეც, რაც ზაზას პირად საიდუმლოს წარმოადგენდა. ეს საიდუმლო გამომგზავრების წინ არც მშობლებს, არც მეგობრებს გაანდო. საიდუმლო შემდეგში მდგომარეობდა: იგი ბუნებით პატიოსანი, პატრიოტი ადამიანი იყო, საბჭოთა ჯარში ნამსახურევს, გულს უღრღნიდა ის აზრი, საქართველოს დასაცავად ერთი ტყვიაც რომ არ ჰქონდა გასროლილი. რა თქმა უნდა, ესმოდა, ფრონტზე ჟურნალისტის მოღვაწეობა მეომრის ღვაწლზე არანაკლებ მნიშვნელოვანი რომ არის, მაგრამ თვითონ ხომ ფაქტიურად ჟურნალისტიც არ იყო! ანდა, რომც ყოფილიყო, ბოლოს და ბოლოს, რა დიდი საქმეა ფრონტზე ერთი დღით ჩასვლა! “სათადარიგო ბორბალი...” - ფიქრებში ეს სიტყვა თავის როლს თავადვე შეურჩია. ჰოდა, გეგმავდა ჯგუფის თბილისში დაბრუნების შემდეგ, თავად ფრონტზე დარჩენილიყო, რომელიმე სამხედრო ქვედანაყოფში მოხალისედ ჩაეწერებოდა და ქვეყნისა და საკუთარი სინდისის წინაშე ვალს მოიხდიდა. მაგრამ ეს, როგორც უკვე ვთქვით, მისი საიდუმლო ოყო. გადაწყვეტილება ბოლომდე არ ჰქონდა მიღებული, ადგილზე ჩასვლას ელოდებოდა, რომ ზოგიერთ დეტალში უკეთესად გარკვევის შემდეგ, საბოლოოდ ჩამოყალიბებულიყო. არადა, ასეთი დეტალები, რომელიც გარკვევას საჭიროებდა, უამრავი იყო. მის გადაწყვეტილებაში პირველი ბზარის გასაჩენად მარტო ის ფაქტიც საკმარისი აღმოჩნდა, მეამბოხე ქობალიამ ქართველი ჟურნალისტები მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რომ არ გაატარა. როგორ არ იცოდა, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, მაგრამ მთლად ასე კატასტროფულად თუ იყო საქმე, ვერაფრით წარმოედგინა - “ვის ეომება ქართველი კაცი?! საბრალო საქართველო... ოდესღაც მას დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე მართავდა, დღეს კი... იგი მაიმუნების ხელში ჩავარდა!” - ფიქრობდა ზაზა.

ბაბუშერას აეროდრომი
ვერტმფრენი ქ. სოხუმთან, ბაბუშერას გასამხედროებულ აეროდრომზე დაეშვა. ზაზა არასოდეს ყოფილა ამ მიდამოებში და ილუმინატორიდან ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა. მთელი მისი არსება რაღაც მძიმე, უცნაურ გრძნობას მოეცვა. თითქოს შიშიც იყო ეს გრძნობა, ან იქნებ, პასუხისმგებლობის განსაკუთრებული შეგრძნება. როცა ილუმინატორს მოსწყვიტა თვალი, ვერტმფრენის სალონში აღარავინ იყო, იქაურობა უკანასკნელმა დატოვა, ზანტად მოძრაობდა... ვერტმფრენიდან ჩასულმა, ფეხი აეროდრომის მიწაზე დადგა და როგორც სითბოდან ყინვაში გასულ ადამიანს სახეზე სუსხი დააცხრება ხოლმე, ისე დააცხრა ომის ქარცეცხლით გაჯერებული აფხაზეთის უცხო კლიმატი და ძვალსა და რბილში დაუარა. ცოტაც, და ზაზა უკვე მიხვდა, რომ ის შემოწოლილი მძიმე გრძნობა შიში არ იყო, არც პასუხისმგებლობის განსაკუთრებული შეგრძნება, ეს იყო გაუცხოება იმ მისიის მიმართ, რომელიც ფრონტზე გამომგზავრებით იტვირთა. თბილისში ყოფნისას ყველაფერი სხვაგვარად წარმოედგინა, ფიქრობდა, დისციპლინა ფრონტზე მაინც დახვდებოდა. “ბრძოლას დისციპლინა იგებს და არა მებრძოლთა გმირობა!” - ეს სიტყვები ზაზამ საბჭოთა ჯარში მსახურების დროს ერთი რუსი მაიორისგან მოისმინა. მაიორმა ასე ჩამოაყალიბა თავისი აზრი: ომი საზარელი ურჩხულია! მებრძოლთა გმირობა კი არის ის, რაც ამ ურჩხულს ღირსებით ჰმოსავს. მაგრამ ბრძოლის ბედს არა გმირობა, არამედ, გონივრულ ტაქტიკასთან თანაზიარი დისციპლინა სწყვეტს!
- ზაზა! ზაზა! - ფიქრებში ჩაძირულს მიაძახა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რადგან დანარჩენებს კარგა მანძილით ჩამორჩენოდა.
- მოვდივარ...
გეზი აეროპორტის მოსაცდელისაკენ აიღეს, შენობაში შევიდნენ. იქ თავი უამრავ შეიარაღებულ ადამიანს მოეყარა. როგორც ჩანს, მათი ვერტმფრენის ჩაფრენამდე სამხედროებით დატვირთული ავიალაინერი დაფრინდა და ის გრუხუნი, ყრუდ რომ ისმოდა, იმ ლაინერის მოტორების ხმა იყო. ჟურნალისტთა ჯგუფისთვის დახვედრა არ მოუწყვიათ, წინასწარ ინფორმირებულნი იყვნენ, რომ სოხუმში გვარდიის სამმართველოს შტაბამდე თავიანთი ძალებით უნდა მიეღწიათ (ეს სულაც არ იყო ძნელი, რადგან აეროპორტიდან ქალაქამდე უამრავი ტრანსპორტი მოძრაობდა და დამგზავრებაზე არავინ ეტყოდა უარს), შტაბში ვინმე პოლკოვნიკ ნარიმანიძეს მოძებნიდნენ და ის ყოველგვარ დახმარებას აღმოუჩენდა. სოხუმისკენ მიმავალი ტრანსპორტის მოლოდინში ჟურნალისტებმა მოსაცდელ დარბაზში თავისუფალი ადგილი მოძებნეს და სიცივეში მოხვედრილი ვარიებივით, ერთ ჯგუფად შექუჩდნენ.
დარბაზში ღრიანცელი იდგა...
- ყველა ჩვენ გვიყურებს... თეთრი ყვავებივით ვჩანვართ!
- ია, ჩვენ კი არა, შენ გიყურებენ! - შეუსწორა გიორგიმ, ჯგუფის ხემძღვანელმა.
- რა საყურებელი მე ვარ?!
- გეპრანჭებიან!
- გიორგი მართალს გეუბნება, ასეთი მომხიბვლელი არასოდეს დაგვნახებიხარ, მოგიხდა აფხაზეთის კლიმატი! - საუბარში ავთო ჩაერთო.
- გაქრი! - გაეღიმა იას, - ასე მგონია, მთელი ეს ხალხი ეს წუთია დიდი სუფრიდან წამოიშალნენ...
- ზოგი ჯერ კიდევ სუფრას უზის... აგე, რა ტაშჶფანდური აქვთ!
დარბაზში აქა-იქ ხელდახელ მართლაც გაეშალათ სუფრა. ტაშ-ფანდური არა და, აკორდეონზე ვიღაც გრძნობაჩაქსოვილი უკრავდა. საერთო ღრიანცელის ფონზე, აკორდეონის მელოდიის გარდა, დარბაზში სადღაც შორიდან ავტომატური იარაღის სროლის ყრუდ შემოღწეული ხმა გაისმოდა ხოლმე და ძალზედ მძიმე ასოციაციას იწვევდა - ფრონტის ზურგში თუ ტყვიას ჟინის დასაოკებლად ჰაერში ისროდნენ, იქ ნასროლი ერთი ტყვია, შესაძლოა, ერთი ადამიანის სიკვდილის მომასწავებელი იყო! ერთი ადამიანის სიკვდილი... სიკვდილი ხან ახლოს არის ადამიანთან, ხან შორს, უფრო სწორად, ის მუდამ ახლოს არის, მაგრამ მისი შეგრძნება ვითარებიდან გამომდინარე დროის რომელიღაც მონაკვეთში განსაკუთრებით მძაფრდება. სიკვდილის თემა სწორედ ის თემა იყო, რომელსაც საკუთარ ფიქრებში ჩაკეტილი ზაზა ლონდარიძე (და ალბათ, არა მარტო ზაზა ლონდარიძე) ირგვლივ მოფენილ მეომართა თვალებში ფარულად ჩამყურე იკვლევდა - ამ ბიჭებიდან ვიღაც შინ ვეღარ დაბრუნდებოდა... ვიღაც! მაგრამ რომელი მათგანი იყო ეს “ვიღაც”? შეუძლებელია, რომ რაიმე ნიშანი არ ჰქონოდათ დადებული ასეთ ბიჭებს, ვისაც რამოდენიმე საათის თუ არა, რამოდენიმე დღის სიცოცხლე დარჩენოდათ. ეს ნიშანი მათ სახეზე უნდა ყოფილიყო აღბეჭდილი...  თურმე, ადამიანს როგორი მეტყველი სახე აქვს! აი, ის ქერა, უფერული ბიჭი... უფერული კი არა, სიკვდილის ფერის კანის მქონე ბიჭი... ამ ბიჭში სიკვდილი დააბიჯებდა! არა!
არა! - შემზარავი ფიქრის მორევში თავისდაუნებურად პირთამდე ჩაძირულმა ზაზამ ლამის ხმამაღლა იყვირა ეს სიტყვა და იმავ წამს, აუკრძალა საკუთარ თავს სიკვდილზე ფიქრი. თვალი არ ეცესო იმ ბიჭს... - გაიფიქრა.
- ზაზა... ზაზა... ზზზრ! გამოფზიზლდი, მაღვიძარა რეკავს... - გაეხუმრა გვერდში მჯდომი ჟურნალისტი (პაშკა) და მეგობრულად მხარი გაჰკრა; ზაზას გაეღიმა, - რა გჭირს?! რაც აქ ჩამოვედით, სულ სადღაც დაფრინავ!
- დაჭრეს... - იხუმრა ავთომ.
ყველას გაეცინა.
- ეგრე ნუ ხუმრობ! - იამ ავთოს თითი დაუქნია, - ენამ არ გიყივლოს... ჯვარი გვეწეროს ყველას!
შენიშვნა გათვალისწინებულ იქნა. ხუმრობა სხვა თემაზე გაგრძელდა - ქობალიამ ჩვენი ცოდვით არ გაიხაროს, მიკროავტობუსის გარეშე რომ დაგვტოვაო! ცენტრალურ ხელისუფლებასაც სამართლიანდ გაჰკრეს კბილი! რასაც, რაღა თქმა უნდა, მშობლიური ტელევიზიის ხელმძღვანელობის მოზომილი, იუმორით დაბალანსებული კრიტიკა მოჰყვა. სიცილ-ხარხარში რომ იყვნენ, უეცრად მათ ერთი გამომწვევი გარეგნობის იარაღ ასხმულ-დახუნძლული ახალგაზრდა კაცი მიუახლოვდა; ეს კაცი, ეტყობოდა, მძიმე ხასიათთან ერთად, ნასვამიც იყო.
- შეიძლება, შემოგიერთდეთ?! ჯიგარ, ცოტა მიიწი! მე რობო მქვია, დოლიძელი რობო! გიყურებთ და “ნასკვოზ” გხედავთ, პირველად ხართ ომში!
- დიახ, პირველად... მიკროავტობუსით... - სიტუაციის მოულოდნელობიდან გამომდინარე, გიორგიმ ბლუყუნი დაიწყო; მაგრამ სანამ კიდევ რაიმეს იტყოდა, რობომ გააგრძელა.
- ძმაო, პირველად რომ ხართ ომში, ამიტომაც მოვედი თქვენთან, უნდა დაგარიგოთ! გაცნობისთვის ორიოდ სიტყვას ჩემი პიროვნების შესახებ გეტყვით: ამ ომში პირველი დღიდან ვარ! ცხინვალის ომიც გამოვიარე... და ომი ჯერ სად იყო, რომ მე უკვე იარაღი მეჭირა ხელში! მიტუშა, პირველი გვარდიელი, ხომ გაგიგიათ(!), ძმები ვიყავით! - (ჟურნალისტებმა ისე დაუქნიეს თავი, ძნელი გამოსაცნობი იყო, მართლა იცნობდნენ თუ არა მიტუშას), - თბილისში, საკუთარი სახლის სადარბაზოში ჩაცხრილეს ის ცხონებული!
- აფხაზებმა ჩაცხრილეს?! - თვალებდაჭყეტილ ზაზას გულუბრყვილოდ წამოსცდა.
ჟურნალისტთა ჯგუფის წევრებმა სიცილი რისვაივაგლახით შეიკავეს; რობომ საჩვენებელი თითი ჰაერში მიატრიალ-მოატრიალა.
- თბილისში აფხაზებს რა უნდათ?! - დანარჩენ ჟურნალისტებს ირონიით გახედა, - ეს კაცი ცოტა ვერა გყავთ!
- წუხანდელი ღამენათევია... - სიტუაციის განტვირთვის მიზნით გაიხუმრა პაშკამ.
- მერე, რა უნდა ასეთს ომში?!
ჟურნალისტებმა, ვითარებიდან გამომდინერე, რობოს მხარდასაჭერად მხრები აიჩეჩეს. რობომ ფილტვებიდან ჰაერი მძიმედ ამოუშვა და ის იყო, საკუთარი პიროვნების ღირსებით წარმოჩენა უნდა გაეგრძელებინა, ზურგიდან თანამებრძოლი, დაახლოებით მისივე გარეგნობის მქონე მეომარი წამოადგა -შუბლზე ლენტაწაკრულს, შავი, ცრემლის ფორმის სათვალე ნაიარევ სახეს უმშვენებდა; მხარზე ხელი ჩამოადო და ყურში ისეთნაირად ჩასჩურჩულა, სხვებსაც რომ გაეგონათ.
- რემბო, ძმაო, ხომ არ გჩაგრავენ?!
- ვაჰ, “გროზნის” ვენაცვალე... - და ისეთნაირად ჩაიღიმა, ყველას აგრძნობინა, რომ მისი დამჩაგრავი ქვეყნად არავინ დაიარება.
“გროზნიმ” “რობო-რემბოს” მხარზე ჩამოდებული ხელი მსუბუქად მოუთათუნა და თვითონაც მისებრ ჩაიღიმა.
“აჰა, ესეც მეორე “ტანკი”, რომლის დამჩაგრავი ქვეყნად არავინ დაიარება...” - გაიფიქრა “რობო-რემბოზე” გულმოსულმა ზაზამ და მზერა სადღაც შორს, დარბაზის ბოლოსკენ მოისროლა. “გროზნი” არ შეყოვნებულა მათთან, მეომრებით გადაჭედილ დარბაზში გზა გასასვლელისაკენ გაიკვლია.
- “რემბო” ჩემი “კლიჩკაა”... თქვენთან, აი, რის სათქმელად მოვედი: ორი თვის წინ პოზიციაზე ტელევიზიიდან ჟურნალისტები გვეწვივნენ, ფირზე დეტალურად აღვგბეჭდეს, ვინ ვიყავით, სად ვიყავით, რამდენი ვიყავით და მერე ეს ტელევიზიით აჩვენეს! ტელევიზორი აფხაზებსაც აქვთ... იმავე დღეს პრიამოი ნავოდკით დაგვარტყეს - ორი ასკოლკა მომხვდა... სიკვდილს სასწაულად გადავურჩი! - მან ყელი მოიღერა და ქურთუკზე რამოდენიმე ღილი შეიხსნა კიდეც, რომ ვარდისფერი, ოღროჩოღრო ნაიარევი უკეთ გამოეჩინა.
სიჩუმე ჩამოვარდა. მანამდე თუ ჟურნალისტებს რობო-რემბოს პიროვნებაზე გულში ეღიმებოდათ, მისი შემოჭრის ასეთმა მოულოდნელმა დაბოლოებამ მისდამი დამოკიდებულება ერთბაშად შეცვალა - ეს კაცი მართალი ადამიანი იყო! მისი სიმართლე შესაძლოა მხოლოდ პირადული, ერთი კაცის სიმართლე იყო და შორს იყო იმ სიმართლისგან, რასაც საზოგადო სიმართლე ჰქვია, მაგრამ როცა ქვეყანაში ის საზოგადო სიმართლე ერთიანად იგნორირდება, ვაკუუმის აღმოსაფხვრელად, ადამიანებში თავ-თავიანთი პირადი (ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული) სიმართლეები იჩენს ხოლმე თავს. ჰოდა, სწორედ ერთ-ერთი ასეთი სიმართლის მატარებელი იყო ეს კაცი. ომმა, რომელმაც თავის ძირითად წესად უწესრიგობა აქცია, მეომრებიც თავისივე იერის შესაბამისი შემოიკრიბა. ვიღაცას ხომ უნდა ებრძოლა მტერთან?! რობოს შეეძლო, არ წასულიყო ფრონტზე, სახლში მჯდარიყო და ტელევიზორიდან ეცქირა სეირისათვის... მაგრამ წავიდა და ჭრილობაც მიიღო! ჟურნალისტთა მიერ რობოს სიმართლის შეცნობას ის ვითარებაც განაპირობებდა, რომ მისი ლამის სასიკვდილო ჭრილობის მიღებაში წვლილი ისეთივე ჟურნალისტებს მიუძღვოდათ, როგორებიც თვითონ იყვნენ და რომ არა რობოს გაფრთხილება, სხვა მეომრებთან მიმართებაში ალბათ თავადაც ანალოგიურ შეცდომას დაუშვებდნენ.
ჟურნალისტებსა და რობოს შორის წარმოქმნილი ძალზედ არასასიამოვნო დუმილი არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, რომ ის უცბად დარბაზში ატეხილ ჩოჩქოლს არ გაეწყვიტა. რა ხდება, რა ამბავიაო? რა ხდება და “კამაზები” მოგვადგნენ, სოხუმში მივდივართო...
სოხუმი... - ამ სიტყვაზე კიდევ ერთხელ შეაცივა ფიქრებში ჩაძირულ ზაზას, ისეთნაირად შეაცივა ვერტმფრენიდან მიწაზე ფეხჩამოდგმულს რომ შეაცივა და კიდევ ისეთნაირადაც, ირგვლივ მყოფ მეომართა თვალებსა და კანის ფერში სიკვდილის ძებნისას რომ შეაცივა. თუმცა, არა მარტო ზაზას შეაცივა ასე!
ჟუნალისტები ფეხდაფეხ მიჰყვნენ ხმაურით წამოშლილ სამხედროებს, ერთ-ერთი მანქანის ძარაზე მოთავსდნენ და კოლონა სოხუმისაკენ გრუხუნით დაიძრა. ია ერთადერთი ქალბატონი აღმოჩნდა კოლონის პირად შემადგენლობაში და რაღა თქმა უნდა, მას პატივით კაბინაში მიუჩინეს ადგილი.

სოხუმი
შტაბში პოლკოვნიკ ნარიმანიძის პოვნა არ გასჭირვებიათ, ერთი უბრალო, დაბალი ტანის მხიარული კაცი გამოდგა. პირველი, რითაც პოლკოვნიკმა ჟურნალისტების წინაშე თავი გამოიჩინა, ხუმრობა იყო - ცოტა დრო გქონიათ და აქაურობის “ათვისება”, თუ გნებავთ, ფრონტის ხაზის ნაცვლად “პლაჟით” დაიწყეთო! სტუმრები თავის კაბინეტში შეიპატიჟა, გაეცნო, სათითაოდ ჩამოართვა ხელი. იქაურ-აქაური ამბის გამოკითხვის შემდეგ, ტელეფონით ვიღაცასთან გადარეკა, ღრმა, ფუმფულა სავარძელში მჯდომმა, ფეხი ფეხზე გადაიდო, სიგარეტი გააბოლა და... - აჰა, სადილზე ცუგუროვკისკენ მანქანა გავა... ხარაშო, თბილისელი ჟურნალისტები უნდა გაიყოლო! რამდენი და... ექვსი! არა, ხუთი! კარგი, კარგი! - ყურმილი დაკიდა, - ბედი გქონიათ: ცუგუროვკაში წახვალთ! გაგიგონიათ, სოფელი ცუგუროვკა? ომამდე არც მე მქონდა გაგონილი, მაგრამ ახლა... ფრონტის ერთჶერთი ყველაზე ცხელი წერტილია. თუმცა, თქვენ არაფერი გემუქრებათ - ზახარიჩს პირადად ჩავაბარებ თქვენ თავს! ზახარიჩი - მტრის რისხვაა... მომარაგების უფროსად მუშაობს აქ, ჩვენთან, შტაბში. - გადაიხარხარა.
მისი მხიარულება ჟურნალისტებსაც გადაედო; ძალიან მალე გაუშინაურდნენ პოლკოვნიკს.
- ახლა კი, ჩემო ძვირფასებო, სამხედრო კაცის არცთუ დალხინებული ცხოვრების ფენომენის უკეთ შეცნობის მიზნით, შტაბის სასადილოში ჭიქა კომპოტზე, წიწიბურაში ჩალაგებულ წყვილ კატლეტსა და მცირეოდენ მტრისეულ, დიდებულ რუსულ არაყზე გეპატიჟებით! კარგ დროს გვეწვიეთ... შტაბში საუზმის დროა - როგორც იტყვიან, სიდედრს ყვარებიხართ! ქალბატონ იას შემთხვევაში კი - დედამთილს, არა?! აჰ, გათხოვილი არ ხართ! ნუ... თქვენი სილამაზის პატრონი, მალე გათხოვდებით! აქეთ მობრძანდით.
კომპოტით, წიწიბურაში ჩალაგებული წყვილი კატლეტითა და მტრისეული, დიდებული რუსული არყით დამშვენებული სუფრის ირგვლივ მჯდომთ, რაღა თქმა უნდა, თამადობა მასპინძელმა გაუწია. ჭიქებიც თავად შეავსო... და იმ დროს, როცა ჭიქებს ავსებდა, თითქოს ეს სამხედრო საიდუმლო იყო, ჟურნალისტებს წარბებაწეულმა ჩურჩულით გაუმხილა, რომ რუსებისა მხოლოდ სამი რამ არის ვარგისიანი - იარაღი, არაყი და ქალები!
პოლკოვნიკს რუსი ქალების ასეთი აშკარა ქება, ცოტა არ იყოს, უხეშ ხუმრობად გამოუვიდა, რადგან იას სახით სუფრას ისეთი ქალბატონი უჯდა, ვისაც ძარღვებში ბებიის ბებიითაც კი არ უჩქეფდა რუსული სისხლი. ეს უხერხული წვრილმანი თავად პოლკოვნიკმაც იგრძნო და თავისი შეცდომა ასე გამოასწორა - მშვენიერი იას სადღეგრძელომ რიგითობით თვით მშვიდობისა და გამარჯვების სადღეგრძელოებსაც კი გადაუსწრო. ჟურნალისტები დიდად კმაყოფილნი დარჩნენ პოლკოვნიკის მასპინძლობით. “საუზმის” დამთავრების შემდეგ, პოლკოვნიკმა ჟურნალისტებს შესთავაზა ცუგუროვკისკენ მიმავალი მანქანის გამოჩენამდე, მის კაბინეტში მოეცადათ ან სურვილისამებრ, დრო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეტიალში მოეკლათ. ჟურნალისტებმა ქუჩაში ხეტიალი არჩიეს... პოლკოვნიკს გულწრფელად გადაუხადეს მადლობა და ომის ქარცეცხლში ჩაძირულ სოხუმის გაერთფეროვნებულ ქუჩებს, თვალში საცემად გამორჩეულნი, ფერადი ლაქებივით შეერწყნენ. ინვენტარი კაბინეტში დატოვეს, თან მხოლოდ ერთი მცირე ზომის ტელე-კამერა და ის ფოტოაპარატი წაიყოლიეს, რომელიც ზაზას ჰქონდა ჩაბარებული.
სოხუმი... ეს ერთ დროს ლამაზი, მშვიდი, სტუმართმოყვარე ქალაქი ნანგრევებსა და ნაგავში ჩაძირულიყო - სახურავჩანგრეუულ, ნახანძრალ, ან სულაც უვნებელად გადარჩენილ, მაგრამ ღვთის ანაბარა მიტოვებულ გაძარცვულ სახლებსა და მაღაზიებს შორის გამავალი ქუჩები სავსე იყო კბილებამდე შეიარაღებული სამხედროებით, რომელნიც სულ სხვადასხვა ყაიდის სამხედრო სამოსელში გამოწყობილნი, თავიანთ ნებაზე მოსიარულე, თავიანთ საკუთრებაში არსებული იარაღით შეიარაღებულნი, თავიანთი თავების მეთაურები იყვნენ. და მაინც, მეომართა უმეტესობა თავისი გარეგნობით 90-იანი წლების საქართველოზე თვალმიჩვეული კაცისთვის სულაც არ წარმოადგენდნენ რაღაც განსაკუთრებულ, გამორჩეულ სანახაობას. მხოლოდ ზოგიერთი, კანტიკუნტად გამორეული მეომრის გარეგნობა იყო იმ თვალმიჩვეულ კაცისთვისაც კი გამაოგნებელი - იარაღით იმდენად გამომწვევად აღჭურვილნი და იმდენად დიდი შინაგანი მრისხანების მატარებელნი მიაბიჯებდნენ, რომ მათზე შემყურე სილვესტერ სტალონეს პერსონაჟს “რემბოს” შეშურდებოდა. აი, გამოჩნდა კიდეც ერთი ასეთი მებრძოლი, ჟურნალისტების მიმართულებით ვიწრო ქუჩის შუაგულში წელში მოხრილი და ნაბიჯ გაშლილი მოაბიჯებდა “ შავი სათვალე არ ეკეთა, არც შავი ლენტი ჰქონდა შუბლზე წაკრული, ავტომატიც კი არ ჰქონდა მხარზე გადაკიდული... თუმცა, ავტომატის მჭიდები, ეგრეთწოდებულ - “სამხედრო ლიფჩიკში”, მწკრივად ჰქონდა ჩალაგებული და ხელყუმბარებიც უმშვენებდა წელს, მაგრამ მთავარი ღირსება, რითაც ის შემხვედრთა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა - ორი, ერთი მეორის კოპიო, ლეგენდარული “მაუზერი” იყო. “მაუზერი” რევოლუციის დროინდელი (და ცოტა უფრო ადრინდელიც) პისტოლეტის სისტემის, ოღონდ ძალზედ დიდი ზომის, კონდახის მიერთების შემთხვევაში მოკლე თოფის სიგრძის ტოლი იარაღია. რაც შეეხება მის ლეგენდარულობას, ფილმებში ყველა ცნობილ რევოლუციონერს თუ აბრაგს (მათ შორის, დათა თუთაშხიას) ხშირ შემთხვევაში ხელთ სწორედ “მაუზერი” ეპყრა; და კიდევ, მის ლეგენდარულობასთან დაკავშირებით - ჭორი დადიოდა თითქოს ის იმდენად ძლიერი იყო, მისგან ნასროლ ტყვიას რკინიგზის რელსის სიმსხო ბრონის გახვრეტა შეეძლო. ბრონის გახვრეტას რაც შეეხება, არავინ იცის, მართლაც ასე იყო თუ არა, მაგრამ ერთი კი არის ცხადი, რომ თანამედროვე ომში რევოლუციის დროინდელი “მაუზერი” სიტლანქის გამო ძალზედ მოუხერხებელი იარაღია. ჰოდა აი, სწორედ ეს “მაუზერი” და თანაც, ორი ერთად, წამოესხა ჟურნალისტებისკენ მომავალ მეომარს და როგორც უკვე აღვნიშნეთ - წელში მოხრილი და ნაბიჯ გაშლილი მოაბიჯებდა. ორივე იარაღი არა წელზე, არამედ ბევრად დაბლა, სპეციალური ღვედების მეშვეობით ბარძაყებზე ჰქონდა მიმაგრებული და სიარულის დროს, მიუხედავად დიდი წონისა, სხვა შედარება არა მართებული იქნება, თუ არა - მიაფრიალებდა მათ. ჟურნალისტებმა ნაბიჯს უკლეს... თვითონაც რომ ვერ შეამჩნიეს ისე, ტროტუარზე მოსიარულეებმა კიდისკენ გადაიჩოჩეს. “მაუზერების მფლობელმა” ისე ჩაუარა მათ, თითქოს გზად კაციშვილი არ შეხვედრია.
- დაინახე?
- დავინახე...
- და...
- ომს არ წავაგებთ!
და უფრო დიდ მანძილზე რომ დასცილდნენ მრისხანე მეომარს, გააგრძელეს სიტყვა.
- რატომ არ გადაიღე?
- მოიცა, რა...
- რა მოიცა?
- რომ შევემჩნიე?!

გზამ ჟურნალისტები სანაპიროზე გაიყვანა. სანაპირო ზოლი, ეგრეთ წოდებული ბულვარი, დანარჩენი ქალაქის ფონზე უვნებლად გამოიყურებოდა - ნანგრევები არ ჩანდა, არც ნაგავი ეყარა, გრძელი მერხები თავთავიანთ ადგილებზე იდგა და პალმები ხარობდა. პალმები რაღა სახსენებელია და, ჟურნალისტებს ბულვარში, იმ ადგილიდან სულ რაღაც ორმოცდაათიოდე მეტრში, სადაც ისინი იდგნენ, ფუნქციონირებადი საზაფხულო კაფე დაუხვდათ. ერთადერთი, რაც თვალს აკლდა, მშვიდობიანი, უთოფო დამსვენებლები იყო. უთოფო იმიტომ, რომ ირგვლივ სულაც არ იგრძნობოდა ისეთ ადამიანთა ხალვათობა, ვინც სანაპიროს დროის სატარებლად სწვეოდა, მაგრამ ეს ხალხი ყველა სამხედრო, ან სამხედროებთან დაახლოებული, ასე ვთქვათ, გასამხედროებული სამოქალაქო პირი იყო.
კაფეში, რომლის ქოლგიანი მაგიდები ტერიტორიაზე უწესრიგოდ მიმობნეულიყო, ოთხი თუ ხუთი მოქეიფეთა ჯგუფი ილხენდა - ხან სიმღერას შემოსძახებდნენ, ხან სადღეგრძელოს და ხანაც, ჰაერში ტყვიებს ისროდნენ.
- პოლკოვნიკის სანაქებო არაყმა საღერღელი ამიშალა... - თქვა მოქეიფეებზე შორიდან შემყურე პაშკამ და კისერი წაიგრძელა.
- შე, ლოთო...
- კარგი, ეხლა, ია! ომში ვართ - იქნებ, შინ ვერ დავბრუნდეთ კიდეც... რა დროს სასმელზე თავშეკავების დროა?! ეს იგივეა, სიკვდილმისჯილმა სიგარეტს თავი დაანებოს!
- კაფეს ხომ არ ვეწვიოთ? - იკითხა ავთომ.
- იასთან ერთად?! - ხუმრობით დასძინა გიორგიმ, - მოგვტაცებენ!
- მე აქ არავის არაფერში ვჭირდები, მაგრამ... იმ გვარიანად შეზარხოშებულ ხალხში ერთი კაციც რომ გამოერიოს ისეთი, ვინც ჩვენი კოლეგების მიერ უნებურად მტერზე მიწოდებული კოორდინატებით “რემბოსთან” ერთად დაიბომბა, გაფრთხილებთ, ცოცხლები ვერ გადავრჩებით!
- ხო...
- მოდით, ზღვის პირას ჩავიდეთ.
წყალს მიუახლოვდნენ.
- შეხედე, რამდენი შუშები ყრია!
- ბოთლის ნამტვრევებია!
- ბოთლის კი არა, ბოთლების!
- ეს იმიტომ, რომ მიზანში სროლაში ვარჯიშობენ!
- ვაი, ცოცხალი ლოკოკინა ვიპოვე...
- ია, რა საყვარელი ხარ... ლოკოკინასთან ერთად! მოიხედე, პაშკა ფირზე გაფიქსირებს!
იას სიცილი წასკდა.
- რა გაცინებს?
- პოლკოვნიკ ნარიმანიძის სიტყვები ახდა: აქაურობის “ათვისება” “პლიაჟიდან” დავიწყეთ!

შტაბის შესასვლელთან დასაძრავად მომზადებული, ათუხთუხებული საბარგო “გაზ 66”-ის გვერდში დოინჯშემოყრით მდგომი, დაბალი ტანის, ორმოცდაათიოდე წლის, ღიპიანი წითური ოფიცერი მისკენ სეირნობით მიმავალ ჟურნალისტთა ჯგუფს, რაღაცაზე თუ ვიღაცაზე გაბრაზებული, უტიფრად დააცხრა.
- თქვენ ხართ ტელევიზიის ხალხი?!
- ჩვენ ვართ... რაშია საქმე?
- ვდგავარ, გელოდებით! ცუგუროვკაში წამოსვლა გადაიფიქრეთ?!
- აა, თქვენ...
- მე, ზახარიჩი ვარ! უნდა წაგიყვანოთ და მოგიყვანოთ უკან! ჰა, დასხედით ბორტზე, ისედაც დავაგვიანე! ქალბატონო, თქვენ კაბინაში დაბრძანდით!
- ინვენტარი დავტოვეთ პოლკოვნიკთან...
- თქვენი ნივთები უკვე ბორტზეა, აგე!
უკლებლივ ყველაფერი, რაც ჟურნალისტებმა პოლკოვნიკ ნარიმანიძის კაბინეტში დატოვეს, “გაზ 66”-ის ბორტზე ელაგა. ჟურნალისტები (იას გამოკლებით) მანქანის ძარაზე მოთავსდნენ. ზახარიჩსაც ძარაზე მოუწია ასვლა, რადგან “გაზ 66”-ში მძღოლის გვერდით მხოლოდ ერთი სავარძელი იყო დამონტაჟებული. ორი წუთიც და, მანქანა ცუგუროვკისკენ დაიძრა.
სოფელი ცუგუროვკა სოხუმის თავზე, მთებში მდებარეობს. იქით მიმავალი ცენტრალური გზა ასფალტირებულია, მაგრამ ის მონაკვეთი, რომელიც გადასახვევიდან სოფლამდეა, ნიაღვრისაგან დასერილი, ოღრო-ჩოღროდ დატკეპნილი მიწაა. მაგრამ მთავარი უბედურება, რაც გზის აღნიშნულ მონაკვეთს სჭირდა ის იყო, რომ ფრონტის ხაზთან ძალიან ახლოს მდებარეობდა და შესაძლოა, ნებისმიერ წუთში მტრისგან დაცხრილულიყო. მანქანამ გადაუხვია თუ არა ამ გზაზე, სამოცდაათიოდე მეტრში გაჩერდა. ძარაზე მსხდომნი დაბნეულნი (და ცოტა დამფრთხალნიც) ათვალიერებდნენ მიდამოს. დასახლება არ ჩანდა. მათი ყურადღება იმ სამმა სამხედრო მანქანამ მიიქცია, რომლებზეც “გრადის” ტიპის რეაქტიული ჭურვების გამშვები დანადგარები იყო დამონტჟებული.
- მოვედით? - იკითხა გიორგიმ.
- არა! - მოკლედ მოუჭრა ზახარიჩმა და ძირს ჩაბობღდა, - ცუგუროვკაში მისვლამდე, მცირე ხნით აქ შევისვენებთ... მე თუ მკითხავთ, საინტერესო აქ უფრო მეტია, ვიდრე იქ, ზემოთ, ოფოფასთან!
- ოფოფა ვინღაა? - იკითხა ავთომ.
- ოფოფა? - ირონიულად ჩაეღიმა ზახარიჩს, - ცუგუროვკაში მდგარი ბატალიონის მეთაურია. ჯიგარ! - მიმართა ჯერ კიდევ მანქანის ძარაზე მყოფ ავთოს, - ერთი, ეგ არყის ყუთი მომაწოდე... ჰო, ჰო, ეგა!
ავთომ მიაწოდა ყუთი, რომელშიც ხუთი თუ ექვსი ბოთლი დაბეჭდილი არაყი იდო. ამ ყუთის გარდა ძარაზე კიდევ დარჩა რაღაც ყუთები, ზოგი ტყვია-წამლისა იყო, ზოგიც პროდუქტის. “ეგ, ეყაროსო!” - ხელით ანიშნა ზახარიჩმა და სახეგაბადრული არტილერისტებისაკენ გაეშურა. ამასობაში მასპინძლებიც გამოეგებნენ.
- ზახარიჩ! - გადაეხვია ზახარიჩს ის არტილერისტი, რომელიც ყველაზე წინ მოაბიჯებდა, - რავა ხარ, ბებერო?! სტუმრები მოგიყვანია... სასმელიც! სასმელი შენი, საჭმელი ჩვენი!
- სასმელი მაგისი და საჭმელიც მაგისი! - ჩაუსწორა თანამებრძოლს სხვა არტილერისტმა და ახლა ის გადაეხვია ზახარიჩს.
ზახარიჩი არტილერისტებმა დიდი პატივით მიიღეს. ზახარიჩმა არტილერისტებს ჟურნალისტები გააცნო... გააცნო, ოღონდ, ეს საქმე როგორღაც, ზერელედ გააკეთა, თითქოს არა სტუმრები (თანაც ჟურნალისტები) ახლდნენ თან, არამედ სოფლის ავტობუსის ვიღაც მგზავრები იყვნენ. ეს ძალზედ არასასიამოვნო ფაქტი იყო - სანამ “გაზ 66”-ის ძარაზე ერთად ისხდნენ, სიფიცხეგამქრალი გულისხმიერებას იჩენდა, ლამის ძმობა შეჰფიცა ბიჭებს. ახლა კი... ორპირი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.
სურათი, რომელიც ჟურნალისტებმა არტილერისტთა პოზიციაზე ნახეს ქართული არმიის საიდუმლოს წარმოადგენდა და აქედან გამომდინარე, გადაღების უფლება მათ არ მიეცათ. ერთადერთი, რაც ფირზე დააფიქსირეს, ფოტოაპარატით გადაღებული სამახსოვრო კადრები იყო - არტილერისტები და ზახარიჩი; არტილერისტები, ზახარიჩი და ია; არტილერისტები, ზახარიჩი, ია და დანარჩენი ჟურნალისტები, რაღა თქმა უნდა, ზაზას გამოკლებით - ის სურათებს იღებდა. ამის შემდეგ, არტილერისტებმა “გაზ 66”-ის ძარიდან მათი კუთვნილი ყუთები ჩამოალაგეს და იქვე, მოფარებულ ადგილას მოწყობილ ფარდულის მსგავს ფიცრულში შეიტანეს. ზახარიჩი ფეხდაფეხ მიჰყვა მათ.
- ზახარიჩ, აქედან საით გიჭირავს გეზი? - ჰკითხა ერთ-ერთმა არტილერისტმა.
- “ოფოფასთან” უნდა ავიდე, ცუგუროვკაში!
- “ოფოფასთან”?! - სიცილი წასკდა, - ოფოფასთან მანქანა გაუშვი, შენ აქ მოიცადე! ამაზე უკეთეს ადგილს სხვაგან ვერ ნახავ... ოფოფა ისეა გაცოფებული, შეიძლება დაგხვრიტოს!
- დამხვრიტოს კი არა, მაგისი...
- ჰო, ჰო, მართალს გეუბნება! - საუბარში სხვა არტილერისტი ჩაერთო, - ოფოფას როხროხი ჩვენამდე აღწევს - გრადივით ხმა აქვს!
ყველას (ჟურნალისტების გარდა) გაეცინა. ზახარიჩმა ხელი ჩაიქნია და მანქანის უკან დაბრუნებამდე არტილერისტებთან დარჩენა გადაწყვიტა; მძღოლს მითითება მისცა, ნახევარ საათზე მეტ ხანს ცუგუროვკაში არ გაჩერებულიყო. შემდეგ (მგონი, ჟურნალისტების მისამართით) რაღაც, უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და არტილერისტებს მიუბრუნდა, საიდუმლოდ, ლამის ჩურჩულით დაუწყო ლაპარაკი. ზაზამ, რომელიც ყველაზე ახლოს იდგა ხითხითით მოჩურჩულე სამხედროებისგან, გაიგონა მათი საიდუმლო - ზახარიჩი არტილერისტებს სთხოვდა ჟურნალისტების თანდასწრებით ერთი-ორი ჭურვი მტრის ტერიტორიისკენ ეტყორცნათ(!) - რადგან მათგან ერთ-ერთმა (ალბათ, მეთაურმა) უპასუხა: კორექტიროვშიკი კავშირზე არ გამოდის, კოორდინატები არ მაქვს, სად ვისროლოო?.. ამან კი უპასუხა: ძველ კოორდინატზე გაუშვი, რა გენაღვლებაო(!) და ხელი ისე ჩაიქნია, თითქოს იმ ორი თუ სამი წყალში გადაყრილი ჭურვის საფასურს თავისი ჯიბიდან გადაიხდიდა. ამის შემდეგ, ზახარიჩი ერთ წამში შეცვლილი - მომღიმარი და ალერსიანი, ჟურნალისტებს მიუბრუნდა, ია ხელმკლავ გაყრილი მიაცილა “გაზ 66”-ის კაბინამდე, კარიც თავად გაუღო, ჩასვა, მიუხურა კარები, ბიჭებს უთხრა - ლომებო, დაიკავეთ თქვენ თქვენი ადგილი... და სწორედ იმ დროს, ბიჭები მანქანის ძარაზე რომ სხდებოდნენ, “გრადის” დანადგარიდან სამი თუ ოთხი ჭურვი იქნა ნასროლი! იქნებ, ხუთიც ისროლეს, შეუძლებელი აღმოჩნდა ამის დათვლა, გიგანტური ყუმბარის აფეთქების ხმა გამოიცა, ყუმბარის, რომელიც არა სადღაც სხვაგან, არამედ ჟურნალისტთა თავზე სკდებოდა. ძარაზე ნახევრად ამძვრალი პაშკა შიშისგან ძირს ჩამოვარდა. ეს იმდენად უხეში ხუმრობა იყო, რომ ხუმრობისა არც არაფერი ეცხო. გაოგნებულ ჟურნალისტებზე შემყურე არტილერისტებს სიცილი წასკდათ. მანქანა დაიძრა... მიწაყრილ, ნიაღვრისაგან დასერლ გზას ღმუილითა და ჯანჯღარით გაუყვა.
ზაზა ლონდარიძეში თუ ფრონტზე გამომგზავრების წინ საომრად დარჩენის სურვილი ყოყმანს თითქმის არ მოიცავდა, ახლა ეს სურვილი სხვა აღარაფერი იყო, თუ არა ყოყმანი და იმედგაცრუება. ერთადერთი, რასაც ჯერ კიდევ შეეძლო მის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება მოეხდინა, უშუალოდ ფრონტის წინა ხაზზე არსებული სიტუაცია იყო - თუ იქაც ისეთივე უდისციპლინობა და ქაოსი დაუხვდებოდა, როგორიც მთელ ქვეყანაში სუფევდა, არა თუ ფრონტზე დარჩენას, ზაზას აზრით, ქვეყანაში დარჩენასაც კი აზრი აღარ ჰქონდა. მაგრამ ზაზა პატრიოტი ადამიანი იყო და აქედან გამომდინარე, ჰქონდა იმედი, რომ ეს ასე არ იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, ვიღაცა ხომ აკავებდა მტერს, როგორ ახერხებდა ამას, თუ მოუწესრიგებელი და უდისციპლინო იყო?! სოფელ ცუგუროვკის პოზიციებამდე ბევრი აღარ რჩებოდა... ნეტა როგორი პიროვნება აღმოჩნდებოდა მეთაური “ოფოფა”? - ეს კითხვა ზაზა ლონდარიძეს თავში უტრიალებდა. ზაზას სწორედაც რომ უნდოდა, მეთაური “ოფოფა”, რომელსაც თანამებრძოლები ზურგს უკან დასცინოდნენ, სამაგალითო სამხედრო გამომდგარიყო! იქნებ, იმიტომაც დასცინოდნენ, მათზე წესიერი, მათი მჯობი რომ იყო! ეს კაცი ყველას ჯინაზე სამაგალითო სამხედრო უნდა ყოფილიყო - მტრების ჯინაზე, ლოთი ქობალიას ჯინაზე, ”რემბოების” ჯინაზე, ზახარიჩის ჯინაზე, არტილერისტების ჯინაზე, ტყვია-წამლის დაუდევრად მხარჯველთა ჯინაზე და ყველას ჯინაზე, ვინც ნებით თუ უნებლიედ ქართველი ხალხის მტრების წისქვილზე ასხავდა წყალს.

სოფელ ცუგუროვკაში იმ ადგილიდან, სადაც მანქანა გაჩერდა, სულ ათიოდე სახლი დაითვლებოდა - ერთსართულიანი, მომცრო ზომის, მიტოვებული სახლები დანგრეული ან ნახანძრალი თუ არა, გაძარცვული მაინც იდგა. მთელი ეს ტერიტორია ადამიანთა სისხლით გაჟღენთილი იყო. აქ ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა მტრის შემოტევა დაწყებულიყო ან ფარულად მოახლოებულ სნაიპერს ვინმე სიცოცხლისთვის გამოესალმებინა. მოშიშვლებულ ადგილებზე კაცი, მხოლოდ წელში მოხრილი, გადარბენით თუ გაბედავდა გადაადგილებას. ჟურნალისტთა გამოჩენა ”ოფოფასა” და მისი ბატალიონის წევრთათვის მოულოდნელი არ ყოფილა, საველე გადამცემით ისინი ინფორმირებულნი იყვნენ ვიზიტის შესახებ და როგორც კი მოახლოებული ”გაზ66”-ის ღმუილი შემოესმათ, სტუმრებს გამოეგებნენ. დამხვედრთაგან ძნელი არ გამოდგა მეთაურ ”ოფოფას” გამორჩევა - ორმოცდათხუთმეტიოდე წლის, მაღალი, ხმელი, ნერვიული გამომეტყველების მქონე კაცი იყო. ოფოფა რატომ შეარქვეს, ძნელი სათქმელია - გარეგნობით არც ოფოფს და არც სხვა რომელიმე ფრინველს გავდა; ეს, ალბათ, მის ხასიათთან დაკავშირებული შტრიხი იყო. სამი სამხედრო ახლდა, ერთი ოფიცერი - მისი მოადგილე და ორიც, რიგითი ჯარისკაცი. ოფოფა არ იღიმებოდა, არც მრისხანება ედგა თვალებში, სტუმრებს მისალმების ნიშნად მსუბუქად დაუკრა თავი.
- ზახარიჩი სადაა? - იკითხა მან.
- ზახარიჩი ქვემოთ, არტილერისტებთან დარჩა! - უპასუხა მძღოლმა.
- არტილერისტებთან დარჩა, არა... - სახე შეეცვალა, - ისევ ”მინტაის” კონსერვი გამოგატანა ჩემთან?!
- კაცო, მე რა შუაში ვარ, რასაც დამიდებენ, ის მომაქვს!
- ზახარიჩის ჩათლახი... ოჰ, ქალი გხლებიათ! - აღარ დაასრულა გინება.
თუმცა, რამოდენიმე წუთის შემდეგ, გარკვეულ მიზეზთა გამო მეტად და მეტად რომ აენთო, ქალბატონის თანდასწრებითაც მოურიდებლად იგინებოდა. ყველაზე მწარედ ზახარიჩს აგინებდა, იმის გამო აგინებდა, რომ მას და მის ერთი მოადგილისა და ხუთი ჯარისკაცისგან დაკომპლექტებულ ბატალიონს აგერ უკვე ერთი თვეა ”მინტაის” აყროლებული კონსერვის გარდა სხვა არაფრით ამარაგებდა. ხუთი ჯარისკაცით დაკომპლექტებული ბატალიონიო - ეს სიტყვა ტყუილად არ თქმულა, ”ოფოფას” პირად შემადგენლობაში მართლაც მხოლოდ ხუთი რიგითი ჯარისკაცი ჰყავდა. პოზიციაზე არსებული გაუსაძლისი პირობებისა და კიდევ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ფრონტზე მოხალისედ წასული მეომრები თვალსა და ხელს შუა შემოეფანტნენ. შტაბი პოზიციის სხვა ბატალიონით ჩანაცვლებას აჭიანურებდა, არც ძველის ახალი ძალით შევსებას დააყენა საშველი. ჰოდა, ასეთი სავალალო მდგომარეობა რომ იყო, ”ოფოფა” ზახარიჩის გარდა შტაბის უფროსსაც აგინებდა, გაიძახოდა - ”საპლიაკებითა” და ”დეზერტირებით” რომ დამიკომპლექტა ბატალიონიო! აი, კიდევ ვის აგინებდა: სარდალს, მთავარსარდალს, მთავრობას, ამინდს, მზეს, წვიმას... და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლანძღვა-გინების პარალელურად, ჟურნალისტებთან ურთიერთობასაც ასწრებდა - შეკითხვებზე პასუხობდა, უხსნიდა, აჩვენებდა... ყველივე ამის შემყურე ზაზა ლონდარიძეს რაღაც მძიმე, გულისამრევი გრძნობა შემოაწვა და, რადგან არსებულ სიტუაციაში სრულიად ზედმეტი იყო, იქაურობას გაერიდა. მახლობლად მყუდრო ადგილი შეიგულა და იქით გაემართა. ფიქრებში ჩაძირული რომ მიაბიჯებდა, უეცრად მიწაზე მწოლიარე ადამიანს, თუ უფრო ადამიანის გვამს გადააწყდა. გვამი იმიტომ იფიქრა, რომ სხეული უძრავი იყო და თან, ირგვლივ ომი მძვინვარებდა. დაფეთებული ერთ ალაგას შედგა, უკან დახევაც კი ვერ მოახერხა, იდგა ასე და მთელი ტანით თრთოდა. უფრო კარგად რომ დააკვირდა სხეულს, დამშვიდდა - მიწაზე ცოცხალი კაცი იწვა. ეს კაცი ისე იყურებოდა, დაჭრილიც არ უნდა ყოფილიყო. თუმცა, მისი ყოფა როგორღაც არც ჯანმრთელი ადამიანის მდგომარეობას შეესაბამებოდა. რადგან მიცვალებული არ იყო, ზაზამ ახლა იფიქრა ეს ადამიანი შეშლილიაო. მთლად შეშლილი თუ არა, ჭკუიდან მსუბუქად გადასულს უეჭველად ჰგავდა - ბალახში გულაღმა გაწოლილიყო, ფეხები გაეშალა, თავქვეშ ხელები ამოეწყო, ხელების ქვეშ, თითქოს მუთაქააო, ავტომატი ედო და არც თუ მთლად დალაგებული ადამიანის ღიმილით, ზაზას დაუფარავად ათვალიერებდა. იმდენად უცნაური შესახედავი იყო, ზაზას გაუკვირდა კიდეც, თავიდანვე თვალში რომ არ მოხვდა იგი. ასეთ სიტუაციაში ზაზამ ზედმიწევნით ზუსტად იცოდა, თუ მისი პროფესიის კაცს რა უნდა მოემოქმედა - ღიმილით მოემარჯვა ფოტოაპარატი და დაეფიქსირებინა ეს ერთი შეხედვით უბრალო, სინამდვილეში კი, უნიკალური კადრი. მაგრამ, ის ასე არ მოიქცა. ყველაფერთან ერთად, რიდიც იგრძნო ამ კაცის მიმართ. სურათის გადაღების ნებართვა თუნდაც, რაიმე უმნიშვნელო ნიშნით თავად მისგანვე უნდა დაშვებულიყო. ზაზამ უცნობს თვალი გაუსწორა და დაელოდა ამ ნიშანს. მაგრამ, დიდხანს ვერ გაძლო ასე... უცნობის მომღიმარი, ერთი შეხედვით ლაღი თვალები მის თვალებზე ბევრად მძიმე აღმოჩნდა. თვალი აარიდა და იმ უხერხულობის დასაფარად, რომელიც მთელს მის შინაგან მდგომარეობას ააშკარავებდა, გულისყური გარემოზე გადაიტანა, შორს, მოპირდაპირე ფერდობისაკენ გაიხედა, რომელიც ხევის იქით მდებარეობდა, ეს მტრის ტერიტორია იყო.
- ხშირად ისვრიან იქიდან? - მექანიკურად იკითხა მან.
- ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი... - თითქოს არც არავის მისამართით ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა უცნობმა და სტუმრისთვის უხერხულობის გრძნობა რომ გაეფანტა, მზერა თვითონც სხვა მხარეს, სიახლოვეში მდგომი ალუბლის ხეებისაკენ გადაიტანა, სადაც ერთი ტოტიდან მეორეზე, შესაძლოა, მართლაც გადაფრინდა ჩიტი, - რა საოცარი კადრი გაგისხლტა ხელიდან, ჩიტზე მნიშვნელოვანს ამ მიდამოებში სხვას რას დააფიქსირებ?!
”ეს კაცი შეშლილი არ არის!” - გაიფიქრა ზაზამ და მის სიახლოვეში ბალახზე ჩამოჯდა. თავის კოლეგებს გახედა, უფრო მეტად ის ჟურნალისტი აინტერესებდა, ვისაც მათ ”მოგზაურობაზე” სტატია უნდა დაეწერა, მეომრებზე ინტერვიუს ჩამორთმევაც მის მოვალეობაში შედიოდა. ჟურნალისტი ბატალიონის მეთაურთან ომის დეტალების გამორკვევით იყო გართული - ”ხუთი კაცით მტერი როგორ მოვიგერიოო?!” - გაჰყვიროდა ”ოფოფა” და შტაბის უფროსს ცოცხალსა და მკვდარს ულანძღავდა.
- მართლაცდა, გასაკვირია, შეტევაზე რომ წამოვიდნენ, ხუთმა კაცმა როგორ უნდა შეაკავოთ მტერი? - იკითხა ზაზამ.
- ჯერ არ წამოვლენ, ადრეა! - უცნობმა ეს ისე მშვიდად და დამაჯერებლად თქვა, ზაზა გაოცდა; მან გააგრძელა, - გზიდან, სანამ ამ პოზიციებისკენ გადმოუხვევდი ჩვენი არტილერია დგას, შეამჩნიე?
- იქ გავჩერდით კიდეც...
- მალე ეგენი მანდ აღარ იდგებიან, ფრონტზე ქართული მძიმე ტექნიკის ნასახი აღარ დარჩება, ტანკები, გაუბიცები, გრადი... აი, მაგ დროს გადმოვლენ შეტევაზე და დედაბუდიანად ამოგვბუგავენ!
ზაზას ტანში დაბურძგლა; თუმცა, არალოგიკური ეჩვენა მისი ნათქვამი და ამან დაამშვიდა.
- სად წავა მძიმე ტექნიკა?
- სად და... ვირის უკანალში! ჩვენი მთავრობა მძიმე ტექნიკის ფრონტის ხაზიდან დაშორიშორების ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად ემზადება!
- არაფერი გამიგია ასეთი ხელშეკრულების შესახებ... ეს რას ნიშნავს!
- მთავრობას რომ ჰკითხო, ეს ნიშნავს მშვიდობის დამყარების წინაპირობას, სინამდვილეში - კაპიტულაციაა! და კაპიტულაციაზე უარესიც!
ზაზა ჩაფიქრდა, ახლა უკვე შიში იგრძნო, რადგან მოსაუბრის სიტყვებში ავბედითი სიმართლე გამოსჭვიოდა.
- ასეთ შემთხვევაში, ფრონტის ხაზს იქითა მხრიდანაც ხომ დააცილებენ მძიმე ტექნიკას?
- დროებით დააცილებენ და მერე, უცბად, ერთიანად მოზიდავენ!
- ჩვენც რომ იგივე გავაკეთოთ, ამაში რა შეგვიშლის ხელს?
- თუ გახსოვს, შენ და ეს შენი გადამღები ჯგუფი აფხაზეთის ტერიტორიაზე როგორ მოხვდით?
ზაზას გაეღიმა; თუმცა, პასუხი სრული სერიოზულობით გასცა.
- თბილისიდან ტელევიზიის კუთვნილი მიკროავტობუსით წამოვედით - ქობალიასთან თითქოს მოლაპარაკება არსებობდა, უნდა გავეტარებინეთ... მაგრამ ბოლოს რა მოხდა არ ვიცი, ჩვენი უსაფრთხოება თავის თავზე არავინ აიღო. ორი დღეჶღამე ფოთში გავატარეთ და შემდეგ, სამხედრო ვერტმფრენით გადმოგვაფრინეს!
- ჰო, ვერტმფრენით... - თვალები დახუჭა უცნობმა, - ჩვენ აქ ყველანი ციდან ჩამოფრენილები ვართ... ოღონდ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოფრენილებს კი არა, მთვარიდან ჩამოფრენილებს მეტად ვგავართ! კუნძულზე ვიმყოფებით, ზურგი არ გაგვაჩნია! როცა მოულოდნელად ტანკების ხელახალი მოზიდვა გახდება საჭირო, აღმოვაჩენთ რომ ადამიანებისგან განსხვავებით ტანკებს ფრენა არ შეუძლიათ და დავრჩებით ამ ”ფილთა თოფების” ამარა! - ცალი ხელი თავს ქვემოდან გამოიღო და ცერა თითით ავტომატზე ანიშნა.
- ქობალიასთან რატომ არ ხერხდება შეთანხმება, კორიდორი რომ გახსნას?
- ყველა ყრუი, ყველა ცრუი, ამაყი და მანკიერი...
- ჩვენი ხელისუფლება საფრთხეს ვერ აცნობიერებს?!
- მე, რიგითი ჯარისკაცი თუ ვაცნობიერებ საფრთხეს, როგორ შეიძლება ის ვერ აცნობიერებდეს?!
- ესე იგი, ეს ომი გაყიდულია?
- სიამოვნებით გაყიდდნენ, მაგრამ მყიდველი არავინაა! მე თუ მკითხავ, რუსები იქით გადაიხდიან ფულს, ოღონდაც ჩვენმა ხელისუფლებამ ისეთი არაფერი მოიმოქმედოს, რითაც ამ ომს წერტილს დაუსვამს, რადგან ეს ომი საქართველოს მომაკვდინებელ გამოფიტვაზე მუშაობს! ერთი ტყვია თვითღირებულებით ერთი პურის ღირებულების ტოლია, თუ მეტის არა(!), რომელიც იქ, სადღაც, ქვეყნის სიღრმეში მშიერ კაცს დააკლდა. წეღან რომ მკითხე, იმათი პოზიციიდან ხშირად თუ ისვრიანო, ჩვენდა გულის გასახეთქად, არ ისვრიან ხშირად - იციან პურის ფასი! აქედან კი, შენც კარგად ხედავ, გაუდის არემარეს ბრაგა-ბრუგი - ჰაერს ვხვრეტთ! ცას ვხვრეტთ!
- ჰო, პირველი დღეა აქ ვარ და ეს მეც შევამჩნიე. ახლახანს, არტილერისტებმა რამოდენიმე ”გრადის” ჭურვი ჩვენს ”საპატივცემულოდ” უმისამართოდ გაუშვეს... და ჩვენ რომ დავფეთდით, ამაზე იცინოდნენ!
” არავინაა ამ უაზრობის შემაჩერებელი! ქართველები უკურნებელი სენით დავაადდით. ეს სენი თანდათან მთელ ჩვენს ორგანიზმს ითრევს. ის დღე შორს აღარაა, როცა ქვეყანას აღარც ჭურვების ფული ექნება, აღარც საწვავის, აღარც კარაქის, შაქრის... და მერე, ერთიმეორეს დავერევით იმ საბაბით, რომ დამნაშავეს საკუთარი თავის ნაცვლად ერთმანეთში დავინახავთ. კარს მომდგარი ”შენიღბული კაპიტულაცია” შესაძლოა, ერთადერთი გამოსავალიც არის - ქვეყნის ერთი ნაწილის დაკარგვა მთელი ქვეყნის დაკარგვის სანაცვლოდ!
ფიქრით დამძიმებულმა ზაზამ თავი ჩაქინდრა... ეს თემა გონებაში მრავალჯერ ჰქონდა ნატკეპნი, მაგრამ ფიქრებში ასე ღრმად არასდროს შეუტოპავს. ყოველთვის კეთილი დასასრულის იმედი ჰქონდა. ახლა კი, ეს იმედი ერთბაშად გადაეწურა.
- ამხელა ისტორიის, ამხელა კულტურის მქონე ერი ვართ, ნუთუ ამ ეპოქაში ერთი ადამიანი მაინც არ გამოგვერია ისეთი, ვინც ქვეყანას სათავეში ჩაუდგება, სწორი გზით ატარებს, საფრთხეს აგვარიდებს!
- ასეთი ერთიც გამოგვერია და ბევრიც, მაგრამ ჩვენ არ აღმოგვაჩნდა უნარი შეგვემჩნია ისინი. სულსწრაფობით ჩვენი ცხოვრება იმათ მივანდეთ, ვინც სიკვდილ-სიცოცხლის ფასად იმ კარებს ამტვრევდა, რომელიც სულ მალე თავისით გაიღებოდა!
- დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ფორმებს გულისხმობ?
- ამ ცხოვრების შემყურე ჩავწვდი ერთ სახარებისეულ სიბრძნეს: თუ კეისარს კეისრისას მისცემ, გარკვეული ხნის შემდეგ კეისარი თავისთავად დაგეხსნება, დასუსტდება, მოკვდება, ან კიდევ რაღაც დაემართება. თუ შეეწინააღმდეგები, მომაკვდავიც რომ იყოს, თან წაგიყოლიებს, გაგანადგურებს! მაგრამ ჩვენ, ქართველებმა ვერა და ვერ შევიგნეთ, კეისარს კეისრისა რომ ერგება... და არც ღმერთს მივეცით ღმერთისა! ამიტომაც ჩავცვივდით ასეთ დღეში!
- ყველა თვლის, რომ ეს ომი და სხვა დანარჩენიც, რუსებისგან თავსმოხვეული პროვოკაცია არის!
- იგივე სახარება გვასწავლის ერთ ლოყაში სილის გარტყმის შემთხვევაში მეორე ლოყის მიშვერას! რადგან ყველა სილის გამრტყმელი თავის დროზე სილითვე დადუმდება(!), ისევე როგორც მახვილით მოსული მახვილით კვდება!
- ძნელია საკუთარი თავის დადანაშაულება...
- ქართველებს ისეთი ჯადოსნური სარკე გვჭირდება, რომელსაც ვკითხავთ: სარკე, სარკე, ქვეყნად ვინ არიან ყველაზე კარგები? სარკე კი გვიპასუხებს: რაც კარგები ხართ, ქართველები ხართ!
- სულ თავიდან, როცა ერის წიაღში ეროვნული მოძრაობა ისახებოდა, ყველაფერი როგორი წრფელი, წყაროსავით ანკარა იყო!
- მიზანი ნათელი იყო, მაგრამ მის მისაღწევად ყველა დასაშვები თუ დაუშვებელი გზა გამოვიყენეთ, რამაც ერთმანეთის სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვამდეც კი მიგვიყვანა!
ჩაქინდრული თავი ზაზამ ახლა უკვე ხელებში ჩარგო. რაღაც ხანს დაჰყო ასე. მერე, მოსაუბრისკენ გააპარა მზერა - თვალებში ჩახედვით მისი პიროვნების გამოკვლევა სცადა... ტკივილსა და სევდას დაესადგურებინა უცნობის თვალებში. კიდევ, რაც ზაზამ მის თვალებში შეამჩნია, ის ცხოვრებისგან უაღრესად დაღლილი ჩანდა.
- ომში რატომ წამოხვედი?
კითხვას პასუხად დუმილი მოჰყვა.
- აქ როგორ ძლებ?
- სწორად შეამჩნიე, მე მეომარი არ ვარ... კარგა ხანია ომში ვიმყოფები და დღემდე აფხაზ ადამიანში ჩემი მტერი ვერ დავინახე! არ ვაპირებდი წამოსვლას, მაგრამ როცა ქართველების დასახოცად გადამთიელებით დაკომპლექტებული კონფედერაციის ჯარები ჩამოვიდნენ გულმა არ მომითმინა და წამოვედი! აქ ყოფნა არა ფიზიკურად, არამედ სულიერად მიჭირს! არა მარტო აქ ყოფნა მიჭირს, საერთოდ, ცხოვრება მიჭირს... დავიღალე! აქედან წასვლას გადაწყვეტილების მიღება სჭირდება, რისი უნარიც მე დავკარგე. დინებას მივყვები, დღეს შემიძლია ვიცხოვრო მხოლოდ იმ ცხოვრებით, რომელიც გუშინდელი დღიდან ინერციულად მერგო.
ზაზამ თვალები დახუჭა და ზურგზე გადაწვა...
- შენ ზაზა გქვია?
გაოცებისაგან ზაზამ თავი წამოსწია, ზუსტად ახსოვდა რომ მას სახელით არ გაცნობია. ”უცნობმა” იგრძნო მისი დაბნეულობის მიზეზი და ღიმილით დაამშვიდა:
” შენი ჯგუფის წევრები მეთაურის ოთახში გიხმობენ.
ზაზამ გონება მოიკრიბა და შეამჩნია ერთსართულიანი, ნაწილობრივ დანგრეული შენობის ფანჯრიდან ხელების ქნევით რომ მიუხმობდნენ. წამოდგა, ლასლასით გაემართა მათკენ. როცა შენობაში შევიდა, მიხვდა რომ ერთ დროს იქ, არც თუ მცირერიცხოვანი ოჯახი ცხოვრობდა, შესაძლოა ქართველები, შესაძლოა აფხაზები... ძირს დამტვრეული ჭურჭელი, დახეული ტანისამოსი, ბავშვის სათამაშოები და სხვა მწყობრიდან გამოსული საოჯახო ნივთები ეყარა. იგი იმ ოთახში შევიდა, სადაც ყველანი ერთად მრგვალი მაგიდის გარშემო იდგნენ.
- ზაზა, - მიმართა მას გიორგიმ, - ბატალიონის მეთაური ბატონი ოთარისა და მისი მოადგილე ბატონი... - სახელი დაავიწყდა; ”გივი”, შეახსენეს, - და ბატონი გივის ერთობლივი პორტრეტი მჭირდება, აპარატი მოიმარჯვე! ბატონო ჯემალ, ბატონო გივი, საბრძოლო სულისკვეთებით გაჟღენთილი პორტრეტი მინდა შევქმნათ! აი, მაგალითად, მაგიდაზე საბრძოლო რუქას ჩაჰყურებთ... ხომ გაქვთ რუქა?
- რუქა?
- ხო, ტერიტორიის რუქა!
- რუქა... რუქა არ მაქვს! რაში მჭირდება, აქაურობა ხუთი თითივით ვიცი!
- რა თქმა უნდა, გეცოდინებათ! უბრალოდ, რუქა ფონის რაკურსში... აი, რუქაც! - გიორგიმ ოთახის კუთხეში, საწერი მაგიდის თავზე გაკრული მსოფლიო რუქა ჩამოგლიჯა და მაგიდაზე გაშალა, - რუქა რუქაა, კადრში არ გამოჩნდება ის მსოფლიოა თუ ადგილობრივი! მოიწით აქეთ... დიდებულია! სულისკვეთება მაჩვენეთ! ზაზა... ზაზა გძინავას?!
ზაზამ ფოტოაპარატი მოიმარჯვა, გადაიღო ის რადენიმე კადრი, რასაც ითხოვდნენ და რადგან ამის მერე საჭირო აღარ იყო, შეუმჩნევლად გვერდითა ოთახში განმარტოვდა. ამ ოთახის ფანჯრიდან კარგად ჩანდა მტრის ტერიტორია და ის ალუბლის ხეებიც, რომელიც ჯერ კიდევ ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იდგა... საშინელი სევდა შემოაწვა. სევდის გარდა სხეულში ტკივილიც იგრძნო, ამ ტკივილმა ყელში წაუჭირა, ლამის დაახრჩო, თავშიც აუვარდა, საფეთქლები აუწვა. უმძიმეს დეპრესიაში ჩავარდნილმა სცადა, თავის თავს როგორღაც გამოსარჩლებოდა, დაემშვიდებინა საკუთარი თავი, გაიფიქრა: ”რასაც დაკარგვა უწერია ეს ხომ, ბოლოს და ბოლოს, უბრალო მიწააო...” - მაგრამ მაშინვე ისიც იგრძნო რომ ამ მიწაში იყო რაღაც ისეთი, რაც მიწაზე ბევრად მეტია. ეს მიწა მისი სხეულის ნაწილი იყო, რომელსაც თურმე მოკვეთა ემუქრებოდა.
ჩაიცუცქა, ზურგით კედელს მიეყრდნო და თვალები მწარედ დახუჭა. არ იცის ასე რამდენ ხანს დაჰყო. ბოლოს _ ”ზაზა!, ზაზა!” - ჩაესმა ყურში, ვიღაც აჯანჯღარებდა კიდეც. ”დაჭრილი ხომ არ ხარ?!”, ”რა მოგივიდა?!”, ”ვჩქარობთ!”, ”წასვლის დროა!”. ზაზა წამოდგა. ”წავიდეთ...”, წაილუღლუღა და გასასვლელისკენ გაემართა. როცა ეზოში გავიდა, იმ მხარეს გაიხედა, სადაც მდელოზე მწოლიარე ”მთვარიდან ჩამოფრენილი მეომარი” დატოვა - ის იქ აღარ იყო. არე-მარე მოათვალიერა, არსად ჩანდა. წამით გადაწყვიტა კიდეც ტერიტორია მოეარა ან ვინმესთვის ეკითხა მის შესახებ, მაგრამ გადაიფიქრა - მიხვდა, სათქმელი ერთმანეთისთვის აღარაფერი ჰქონდათ... თავისი ქვეყნის ორ ჭირისუფალს!
უკანაგზობაზე ”გაზ 66” არტილერისტებთან ორიოდ წუთით შეჩერდა, რათა ზახარიჩი თან გაეყოლიებინა. ზახარიჩის მანქანაზე დაჯდომას ორი წუთი არც კი დასჭირდებოდა, მანქანის ხმა გაეგონა და მომზადებული უკვე გზაზე იდგა, მაგრამ შეფერხება ერთმა პატარა, პატარა, ოღონდ მნიშვნელოვანმა დეტალმა მოახდინა - კაბინაში მჯდომმა იამ ზახარიჩს უკომენტაროდ, ცივად დაუთმო ადგილი, ჩამოვიდა და კოლეგების დახმარებით ძარაზე აფოფხდა. იას შემყურე, არც ზახარიჩს ამოუღია ხმა, ალკოჰოლით შეზარხოშებამოსწრებული ისე ჩაჯდა კაბინაში, თითქოს ჟურნალისტებს არც კი იცნობდა. სოხუმამდე მანქანა აღარ გაჩერებულა, არც ხმა ამოუღია ვისმეს...

- ესეც, შტაბი... იმედია, ნარიმანიძე კაბინეტში დაგვხვდება!
- შესაძლოა, არც დაგვხვდეს! ან სულაც, აღარ მიგვიღოს, როგორც ქართული მედიის წინაშე უკვე ვალმოხდილმა ადამიანმა!
- ნარიმანიძეს რას ერჩი, როგორც შეეძლო დაგვეხმარა!
- ეგრე, არც ზახარიჩს ვერჩი, არც ქობალიას!
- ერთი მაგათი დედაც... ყველასი!
- ნარიმანიძე წესიერი კაცია! მადლობის სათქმელად თუ არა, იმის გასარკვევად მაინც უნდა მივიდეთ, აეროპორტამდე როგორ მივაღწიოთ!
- რა მიღწევა მაგას უნდა, მაგრამ... ავიდეთ, იქნებ, ფრენა გადაიდო ან სხვა რაიმე ცვლილებაა. თუ გვიან მოგვიწევს სოხუმიდან გასვლა, აპარატურა დროებით ისევ მის კაბინეტში შევინახოთ.
- და-ვი-ძე-რით!
- ზაზა, რას შვრსები, ისევ დაგეძინა?! გაგვაგონე შენი ხმა! რაც თბილისიდან გამოვედით, ამ კაცს ვეღარ ვცნობ!
- რაღაც, სული შემეხუთა... ჰაერზე დავრჩები!
- ასე იჯდები ტროტუარზე?
- არა, გავივლი... სანაპიროსკენ წავალ, მალე დავბრუნდები.
- გინდა რომელიმე გამოგყვეთ?
- არა, არა, კარგად ვარ!
- სადმე რომ დაგვეკარგო! ვაი და, ერთმანეთს ავცდეთ!
- სანაპიროსკენ იგივე გზით ვიმოძრავებ, დილით რომელიც გავიარეთ. ფოტოაპარატიც ნარიმანიძესთან შეინახეთ!
- ფოტოაპარატი და პატარა კამერა თან გვქონდეს, რა იცი რა კადრი გამოგვიხტება!
გაწვდილი ფოტოაპარატი ზაზამ ისევ გულზე დაიკიდა. გიორგი, ია, ავთო და პაშკა შენობაში შევიდნენ, ზაზა სანაპიროსკენ მიმავალ გზას გაუყვა. გაბრუებული მიაბიჯებდა - ასეთი მძიმე დღე ცხოვრებაში არასდროს გასთენებია. ფიქრებში თავის თავს ელაპარაკებოდა, შიგადაშიგ, ხმამაღლა წამოისროდა სიტყვებს. თუმცა, სიტყვებს ხმამაღლა რომ წამოისროდა, ამას თვითონაც ამჩნევდა და მერე, ირგვლივ იყურებოდა საკუთარ თავთან მოლაპარაკე ხომ არ შემამჩნიესო. სანაპიროზე გასულს, საზაფხულო კაფე ისევ მოქეიფეებით სავსე დაუხვდა, სახე აარიდა მათ. ბულვარს იმ მხარეს გაუყვა, სადაც ხალხი არ იყო, მყუდრო ადგილი ნახა და სახით ზღვისკენ, ქვაფენილზე ჩამოჯდა. თვითონაც არ იცის, რამდენ ხანს დაჰყო ასე. ფიქრიდან მაშინღა გამოერკვა როცა ორი მეომარი მიუახლოვდა.
- ვა, ფოტოგრაფი! - წამოიძახა ერთმა.
- ჯიგარ, სურათი გადაგვიღე!
- მე ფოტოგრაფი არ ვარ...
- აბა, ვინ ხარ, ”ბაივიკი”?! კისერზე ფოტოაპარატი გკიდია!
- რომც გადაგიღოთ, დაბეჭვდას ვერ მოვასწრებ, ამაღამ თბილისში ვბრუნდები!
- ჩააჩხაკუნე და თბილისში დაბეჭდავ!
- სურათი როგორ მოგაწოდოთ?
- ბიჭო, რას გვევაჭრები - სურათს ჩვენ თუ არა, ჩვენი შვილები ნახავენ!
- სურათს გვაყვედრის... მოდი და იომე ასეთებისთვის!
ზაზამ ფოტოაპარატი მოიმარჯვა...
სიტუაცია განიტვირთა. თუმცა, ამის შემდეგ, მცირედ ინციდენტს კიდევ ჰქონდა ადგილი, რაშიც ზაზა ლონდარიძეს ბრალი აღარ მიუძღვოდა - აპარატის წინ პოზირებისას მეომრებმა წაიკინკლავეს, რადგან ორნი იყვნენ, ავტომატი კი ერთი ჰქონდათ! მსუბუქი ჯიკაობის შემდეგ, იარაღი მაღალ, ჩაფსკვნილ მეგობარს ერგო. ჩხაკ! ცხაკ! და კადრი დაფიქსირდა. როცა მეგობრებმა გზა განაგრძეს, პირველი, რაც ზაზა ლონდარიძემ მოიმოქმედა - ფოტოაპარატი ქურთუკში ჩამალა(!), ნიშნად იმისა, რომ იგი ფოტოგრაფი არ იყო(!) და არა მარტო ფოტოგრაფი არ იყო, იგი არავინ არ იყო!
მარტო დარჩენილი ისევ ფიქრის მორევმა ჩაითრია... თვალწინ წარმოუდგა ავბედითი სინამდვილე  - განწირული მიწა... განწირული ზღვა... განწირული ცა... და რა თქმა უნდა, განწირული ხალხი! იმდენად დამთრგუნველი აღმოჩნდა ეს ფიქრი, იძულებული გახდა გარიდებოდა არა მარტო ამ ფიქრს, საერთოდ ყველაფერს, რასაც კი ხედავდა და შეიგრძნობდა ირგვლივ. ფეხზე წამოდგა, ისედაც ზღვასთან ახლოს იყო, ახლა წყალს მთლად პირზე მიუახლოვდა, მსუბუქმა ტალღამ ფეხები დაუსველა. რამდენიმე წამი დაჰყო ასე... შემდეგ, ორი ნაბიჯით უკან დაიხია, მშრალ ადგილას ქვიშაზე ჩამოჯდა, ზღვის ჰორიზონტს მძიმედ მიაპყრო მზერა - ტალღების შრიალი ესმოდა... შრიალი... შრიალი... შრიალი... შრიალმა როგორღაც მოადუნა მისი შეგრძნება - იქ, სადღაც შორს, ჰორიზონტზე, განელებული, მდუმარე მზე ზღვის მშვიდ ლივლივში უდარდელად იძირებოდა.

დახ, დახ, და-და-დახ! - ხან ბუნდოვნად, ხანაც მკაფიოდ ქალაქის სიღრმიდან გამოისმოდა მელოდიად აჟღერებული სიკვდილის ხმა.



                                                      ნიკო ლეჟავა
                                                      25.XI.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები