ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2017


ორი ლექსი

* * *
მიყვარს თვალები, რომლებსაც არ ხრი
სიმორცხვისა და სინაზის გამო.
რომლებსაც ცრემლის სადენი არხი
არ გააჩნია და მლაშე გემო
არ ჩააქვს ტუჩთან სინაზის გამო.
არ ალპობს სახეს სინაზის გამო.
არც რათქმაუნდა სიბრაზის გამო.
ხოლო, როდესაც პალმები არხევს
ქარს და ჰორიზონტ გადმოჭრის გემი,
შენი ჯიუტი თვალები გამი-
გებს მხოლოდ რასაც ვერ მიგებს ხალხი.
მასეთ თვალებთან ხუმრობა არ ღირს.
არ ღირს თვალებთან თვალებით ჯანყი.
შენი ეზო ვარ, ხარ ჩემი სახლი,
გვაქვს ღმერთის სუნი და ვაშლის გემო.
მიყვარს თვალები რომლებსაც არ ხრი
სიმორცხვისა და სინაზის გამო.

* * *
მგონი ვბრუნდები, თითქოს მზად ვარ, თითქმის ყველაფერს
ჰქვია თავისი სახელი და ვიცი ამიტან
ისეთს როგორიც არ გიყვარვარ, ვახვევ ყველა ფირს,
ბედნიერებას ვეჭიდები, ალბათ ამითაც

ვცდილობ დავბრუნდე, სადაც ჩემი თავი დავტოვე,
ამ ცხელ წვიმებთან არაფერი არ მაქვს საერთო,
გარდა მიზეზის. ვეძალები უცნობ ავტორებს
და უფრო ვცდილობ გადამწვარი გული აინთოს.

პირველად ღმერთზე ათეისტის ენით გავიგე,
მან მომაყარა რწმენისათვის სწორედ ხურდები,
მას შემდეგ ვეძებ, ვპოულობ და ვითვლი კაპიკებს,
ჰოდა შენთანაც კაპიკების ძალით ვბრუნდები.

ვბრუნდები, თუმცა სხვა სახელი უნდა დაერქვას,
წასვლის არ იყოს, გადარჩენა ჰქვია ამასაც,
ვბრუნდები, რადგან მელოდები ასე ლამაზი,
ლურჯი ხუნდებით მელოდები. როგორც გაირკვა

ღმერთი არსებობს და თეთრია, მხოლოდ თვალები,
შენი თვალების Copy-Paste ესეც სიახლე.
მიყვარხარ! - ესეც დაბრუნების ჩემი ალიბი,
და შენ იგივეს ალბათ ვინმე სხვა კაცს მიახლი,
რომ არ დავბრუნდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გუკა ვულოცავთ დაბადების დღეს