ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თორრნიკე.
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2017


ჭაჭკარის რექვიემი (ჩემს მეორე მეს, მამასახლის თორნიკე ნაროზაულს)

ჭაჭკარში გალობს რუსი მხატვრების ქორო,
ეს მელოდია არაფრით არ ჰგავს გოგენს...
ადრე ერდოზე მამალს ებრძოდა ქორი,
თმას უვარცხნიდა ქარი ჯავახელ გოგოს.

ტყაპუჭს ბერტყავდა
მუხლებდაღლილი გლეხი,
ხირიმს პოხავდა ჯერაც უწვერო ბიჭი,
მერცხლისბუდურზე იგრიხებოდა მეხი,
ხმას უხამებდა მჭახე ჭრიჭინის ჭრიჭინს.

არ ბრუნდებოდა ომში წასული ქმარი,
კრთოდა კერიის გულდანაცრული ცეცხლი,
წყვდიადს იცვამდა ტანზე იმედებმკვდარი
ცოლი და ჰაერს ადუღებული ვერცხლის

გემო დაჰკრავდა. არ იცინოდა არვინ.
ძველად სიკვდილი უფრო იაფი ღირდა.
ძველი მესხები არაფრით ჰგავდნენ დარვინს,
გულთან მიჰქონდათ დარდი და არა პირთან.

არ მისტიროდნენ ღვინის გამოცლილ თასებს,
კარში ხვდებოდნენ თავდაჩადრულთა რასას,
მათი თვალები მშვიდობით იყო სავსე,
თუმც ვერასოდეს იმკიდნენ სთესდნენ რასაც.

სევდის სუნი სდის ძველი დიდების ექოს,
ვუმზერ შუაცეცხლს და გაქვავებულ ნაცარს,
წარსულის ნაცვლად დროა, რომ აწმყო ვქექო,
იქნებ მივაგნო სადმე მომავლის მარცვალს.

დაობებული პურის ფერი აქვს ჭაჭკარს,
დაობლებული უცხოტომელებს ელის...
ყველა ხე გახმა, ყველა ყვავილი დაჭკნა,
მარტოხე დავრჩი და მეც...
არ მიგვატოვო ელი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები