ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ჰერელი
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2017


წყაროსთვალა

წყაროსთვალა

მსურს, თქვენზეც დავწერო, ბალახებო...
კედლებზე ამოსულებო,
მნახველს რომ გულებს ულაღებთ.
რომ დგახართ წელგამართულები, -
არ უძოვიათ, არ გაუთელავთ,
ჯერაც - ეგ სიხასხასე ულაყებს.

დაღმართზე დაგორებულო ქვებო,
დროულად ჩამოშლილებო,
თან მიგაქვთ სიძველის ნაკეცები...
და კედლებზე შემხმარი ჩრდილები,
სოფლიდან წასული ჩრდილები,
საკუთარ თავებს დაეძებენ, -

ორღობეებში... გაკვანძულო გზებო
და მიწებო, შემორჩენილებო ბექობს,
ხეობა თქვენს ამბებს ყვება:
რომ, დიდი ხანია, მთამ გადაიწერა (ლექსივით)
ძაღლების ყეფა.

რომ ქარი სხეულს ტყეებში მიაქნევს
და ფოთლები ულაგიათ ფეხებთან
ნასახლარ მიწურებს,
აზვირთებული ხევი იხვევს ნისლის იალქნებს
და ღამის ბინდში მიცურავს...

ბოლამომშრალო საკვამურებო,
წელში მოტეხილებო,
ცალი ხელითღა ეჭიდებით ცის კიდეს, თურმე... –
გადააქვთ მძიმე ფიქრები და ქარტეხილები
ხევიდან ხევში წლებს -
ანუ ურმებს.

მითხარით, მინდვრის ყვავილებო,
ეს ხავსიანი ლოდები და ქვები რომ მაკრავს, -
რამ ჩამოშალა?!
ჩავყვები დაბლა ნაბილიკარს, ნასახლარს...
მაგრამ -
სოფლის თავში
წყაროს თვალი არ ამომშრალა...

2017 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები