ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახა გრძელიშვილი
ჟანრი: საბავშვო
9 აგვისტო, 2017


ამბავი იმისა თუ რატომ აქვთ ვეფხვებს ნარინჯისფერი ბეწვი შავი ზოლებით

უხსოვარ  დროში  ჩემო  პატარა  მეგობარო,  ვეფხვები  თეთრი,  ქათქათა  ბეწვით  იყვნენ  შემოსილნი,  -  დღეს  კი  მათი ბეწვი  სხვა  ფერის  არის.  ზოოპარკში  დაჰკვირვებიხარ, ისინი როგორი ნარინჯისფერები არიან  შავი ზოლებით?
აბა კარგად მოეწყვე და  ყურადღებით მომისმინე!  - მოგიყვები თუ როგორ მოხდა ეს ამბავი.
ინდოეთის  შორეულ  სიღრმეში,  ერთ ვეებერთელა ტყეში,  გამოქვაბულში ცხოვრობდა მონადირის ოჯახი, კაცი თავის ოჯახს ნადირობით არჩენდა. - დაიხსომე!  მაშინ  ჯერკიდევ  არ  იცოდნენ  მიწის  დამუშავება,  ხორბლის  დათესვა,- ესე იგი არც ისეთი გემრიელი ფაფის გაკეთებაც ეცოდინებოდათ,  შენმა დედიკომ რომ იცის...
მაშინ ადამიანებს არც ისე მოხდენილად ეცვათ,ა ახლანდელ დროში რომ აცვიათ,  მთელ მათ სამოსელს, მხოლოდ რომელიმე ნადირის ტყავი შეადგენდა.
დედ- მამას პატარა, ოქროსფერთმიანი ვაჟი ჰყავდა, ბავშვი საშინლად ცნობისმოყვარე გახლდათ. პატარა გამუდმებით ეკითხებოდა მშობლებს ცხვრების შესახებ, რომელიც ერთ დღეს მამამ მოიყვანა ტყიდან.
-მამა, რატომ აქვს ამ ცხვრებს ასეთი ხუჭუჭა თმა?
-  იმათ არაფერს ვეკითხები, ცხვრები კი გამუდმებით  -მე, მეეს გაიძახიან?!
-დედა, დედი! - ისინი ხორცს პირს რატომ არ აკარებენ? ნუთუ რაღაც ბალახი  და ხის ფოთლები, იმ ხორცზე გემრიელია ჩვენ რომ  მივირთმევთ?
განა მშობლები ყოველთვის არ პასუხობდნენ პატარა ცნობისმოყვარეს?!  მაგრამ ვაჟი რის ცნობისმოყვარე იქნებოდა, ყოველდღე იგივე არ ეკითხა, ანდა ახალი კითხვები არ გასჩენოდა.
ერთ დღესაც ცხვრებთან ბატკანი გაჩნდა, აღარ მახსოვს ეს როგორ იყო,  მაგრამ ფაქტია, დილით რომ გაიღვიძა ვაჟმა; ორი  ცხვრის მაგივრად სამი დახვდა. ბატკანი იქვე დაკუნტრუშებდა და დედას ხშირად ქვეშ უძვრებოდა - ალბათ მიხვდი, იქ რძეს მიაგნო. ბუნებრივია ჩვენ პატარა ცნობისმოყვარეს, კვლავ გაუჩნდა კითხვა: - თუ საიდან მოვიდა, ეს ბატკანი მათთან.
მაშინ მამამ უამბო თუ როგორ ჩნდებიან პატარა ბატკნები ამ ქვეყნად, მაგრამ რაღა გასაკვირია თუ ვაჟმა ვერაფერიც ვერ გაიგო,. ერთ რამეს კი მიხვდა: - რომ ძალიან შეიყვარა და დაუმეგობრდა ბატკანს.
იმ დროს, როდესაც მონადირის გამოქვაბულთან ახლოს, საქონლის სადგომში ბატკანი მოევლინა ქვეყანას,  - გაუვალ ჯუნგლებში, მთის ფერდობზე,  ვეფხვების  ოჯახში დაიბადა ბოკვერი. რომელიც დაბადებიდანვე თავის  თანატოლებში იმით გამოირჩეოდა, რომ ძალიან თეთრი, ფაფუკი ბეწვი ჰქონდა და ანცობდა. სხვები  რომ დედის კალთას  არ შორდებოდნენ, ეს ანცი ბოკვერი მშობლებს გამუდმებით საძებნელი ჰყავდა.  ხშირად დაუსჯია მამას თავისი პატარა  - მსუბუქად მიუტყეპავს, მაგრამ ეს არ სჭრიდა მასზე.
დრო მალე გადიოდა ჩვენი პატარები თვალსა და ხელს შუა იზრდებოდნენ, იზრდებოდა ოქროსფერთმიანი ვაჟი, ოღონდ ეგ იყო ახლა უფრო მეტი კითხვა აწუხებდა. იზრდებოდა ბატკანი და მე, მეეს, იძახდა. იზრდებოდა ვეფხვის ბოკვერი და სულ უფრო და უფრო ღრმად შედიოდა ტყეში.
ზაფხულის ერთ მზიან დღეს,  - ჩემო მეგობარო ისეთი ამბავი მოხდა... თუმცა  უფრო დაწვრილებით აი როგორ იყო.
რა აღარ ნახა ანცმა ბოკვერმა, რა აღარ შეიცნო თავისი ჭკუით. ხიფათიც ბევრი გადახდა, მაგრამ ბედის წყალობით ყოველთვის თავი დაუხსნია. განსაკუთრებით  ფრთაფარფატა პეპლებთან თამაში მოსწონდა. ზოგჯერ ისე ერთობოდა მათთან თამაშით რომ, ტყეში გზა-კვალი ერეოდა. მერე,  ხან რომელ ჩიტს ჰკითხავდა თავის სახლის გზას  და ხან რომელს. მართალია ნაირფერი ჩიტები ყოველთვის დაუზარლად მიასწავლიდნენ სახლისკენ გზას,  - მათ ხომ ქვეყნად ყველაფერი იცოდნენ!  - მაგრამ სახლში მისულს საყვედური  და მამის სასჯელი ელოდა. უნდა გენახათ, როგორი გატაცებით უსმენდნენ თანატოლები ამ ჩვენ ბოკვერს, რომელიც ათასგვარ ამბებს უყვებოდა მათ.
შენ წარმოიდგინე - ერთხელ კურდღელსაც კი გაჰკრა კბილი, ხოდა ძალიანაც ეგემრიელა. მას შემდეგ როდი კადრულობდა დედის რძეს. მშობლებს კი მაინდამაინც არ მოსწონდათ ეს ამბავი, მაგრამ ფიქრობდნენ რაკი ჩვენს დარიგებას არ ისმენს, უთუოდ შეეყრება ისეთი ფათერაკი, რას ჭკუას ასწავლის ჩვენს ონავარსო, ერთი ეგ იყო ძალიან კი დარდობდნენ.
ხოდა, ერთ ასეთ, ზაფხულის მზიან დღეს, მის ნესტოებს რაღაც უცნაური სუნი ეცა, მიჰყვა მას და თავისდაუნებურად, ერთ გამოქვაბულს მიადგა,  სადაც ცეცხლი სუსტადღა ენთო, გამოქვაბულთან ცხვრები  მიირთმევდნენ ბალახს,  ონავარმა ბოკვერმა, კიდევ ერთხელ დაყნოსა ჰაერი და დარწმუნდა რომ ეს სასიამოვნო სუნი ამ უცნაური , ხუჭუჭა არსებებისგან მოდიოდა. - აბა რა იცოდა ვეფხვის ბოკვერმა, რომ ის არსებები ცხვრები იყვნენ . მის ყურადღებას ყველაზე მეტად ბატკანი იქცევდა, რომელიც გამუდმებით დახტოდა და დაკუნტრუშებდა.
აი, ბატკანი ამ კუნტრუშ-კუნტრუშით დასცილდა მშობლებს, ვერც კი შეამჩნია როგორ მიუახლოვდა გვიმრებში მიმალულ ონავარს, ბოკვერმაც იფიქრა მოდი ამ უცნაურ, ხუჭუჭა არსებას გავეთამაშები და ჩემ ძალასაც ვაჩვენებო, ჯერ თათები მისცხო და მისცხო გვერდებში, მერე კი კბილიც გაჰკრა და  ეს ჩვენი ბატკანიც შემოეჭამა.  ცხვრებმა  სამწუხაროდ გვიან იკრეს ნადირის სუნი და მორთეს ბღავილი: -  მეე ... მეე... ბეეე.
ამ ხმაზე ოქროსფერთმიან ბიჭს გაეღვიძა და თვალების სრესით გამოვიდა გარეთ, გამოვიდა და რას ხედავს! - სადღაა  ბატკანი! - რაღაც უცნაურ, თეთრ არსებას მოუქცევია თათებში და ახრამუნებს მის მეგობარს. ვაჟი ამის დანახვაზე გაბრაზდა, და ყვირილი მორთო, მერე შევარდა გამოქვაბულში, ცეცხლიდან ახალშეკეთებული , მოზრდილი წკეპლა გამოიტანა: -  ურტყა და ურტყა, ურტყა და ურტყა ბოკვერს  სანამ  ყოველ დანარტყამზე შავი ზოლები არ დააჩნდა. ამასობაში მონადირეც გამოსულიყო ხმაურზე.
-კარგი ბიჭუნა, ეყოფა. ახლა გავუშვათ და იმედია ჭკუას ისწავლის.
როგორც იქნა, ძლივს მილასლასდა მშობლებთან , ერთიანად ნაცემი ბოკვერი, თანატოლებიც გარს შემოუსხდნენ და ინტერესით აკვირდებოდნენ მის შავ ზოლებს. მაშინ კი შერცხვა პატარა ბოკვერს, ისე შერცხვა რომ ერთიანად გაწითლდა. საოცარი კი ის იყო რომ ამიერიდან მას ტანზე ნარინკისფერი ბალანი, შავი ზოლებით დარჩა.
იმხანად, ტყეში მონადირის კიდევ რამდენიმე ოჯახი დასახლდა, რაკი ცხვარს ფაფუკი ბეწვი, გემრიელი ხორცი და რძე ჰქონდა, მათაც მიჰყვეს ხელი ცხვრის მოშენებას. მართალია ჩვენმა ონავარმა ბოკვერმა ჭკუა ისწავლა და ადამიანს სათოფეზე აღარ გაჰკარებია, მაგრამ სხვა ბოკვრები  ცხვრის მადის აღმძვრელ სუნზე თავს ვერ იკავებდნენ და გამუდმებით ხან რომელ ბატკანს გააქანებდნენ პირისკენ ხან რომელს. ჭკუის სასწავლებლად მონადირენიც გამოიტანდნენ ცეცხლზე აშიშინებულ , გრძელ წკეპლას და ერთი კარგა, გვარიანად მიტყეპავდნენ ამ ჩვენ ონავრებს.  აი ასე გრძელდებოდა მანამ,  სანამ მთელ ინდოეთში გვერდებაჭრელებულ  ბოკვრების გარდა, სხვა,  თეთრი ფერის ბოკვერი აღარ დარჩა.
იყვნენ ისეთები რომლებსაც არც დედის და არც თანატოლების წინაშე არ რცხვენოდათ, ასეთები თეთრ ბეწვით, მაგრამ შავი ზოლებით დარჩნენ.
შემდეგ ეს ბოკვრები დაიზარდნენ, იქცნენ ნამდვილ ვეფხვებად, მაგრამ მათი შთამომავლობა უკვე ნარინჯისფერი ბეწვით და შავი ზოლებით მოევლინა ქვეყანას.
აი ამიტომ არიან, ჩემო პატარა მეგობარო, ვეფხვები ასეთი ლამაზები:- ნარინჯისფერები, შავი ზოლებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები