ნაწარმოებები



ავტორი: ნონესთ
ჟანრი: პროზა
11 აგვისტო, 2017


ისევ აივანზე მძინავს (ანუ ისევ გავათენე)

თუ იქ(ცაში) მართლა ზის ვინმე და გვიყურებს, მე გეტყვი, რომ ის ყოვლისშემძლე არაა.
გუშინ ისევ დამესიზმრე და გათენებას ისევ პლედშემოხვეული შევხვდი, ბალიშზე მიყრდნობილი და ყურსასმენებში გაჟღერებული შენი სიმღერებით. ეს ყველაფერი ჩემს სახეზე უკვე კვალსაც არ ტოვებს. უემოციო სახე და გაყინული ხელ-ფეხი, შავ და ლურჯ ფერებდაკრული.
შენი ოთახის ფანჯრიდან დანახული მზის რა მოგახსენო და ჩემი სოფლის აივანზე ყველა ფერი სხვანაირად ჩანს.
გინახავს ჩემს მაჯაზე ნაიარევები? ისინი მუდამ თეთრია და როგორღა მიწაზე მაკავებენ, სხვა ყველაფერი ცვალებადია. ლაქები თითებზე, ლოყებზე, ლაქები შენს სხეულზე, რომლებსაც ვერ ხედავ, ჩემს ფიქრებში კი გამუდმებით დაწანწალებენ.
ლაქები - ლოყებზე ღია მწვანე და მოცისფრო, როგორც ყველაზე თბილი და ბუნებრივი ჟესტი, ჩვევა. ლაქები ტუჩის კუთხესთან - ყველაზე ღია, ყველაზე ნათელი, გულის ძგერასავით ფეთქავს გამუდმებით. მარცხენა ხელის თითებზე თბილი, მწვანე ლაქები მაქვს, შერიგებისაა დატოვებული, მარცხენაზე ალბათ ყველაზე მყარად ჩამჯდარი ლაქები მაქვს, შენი თვალების ფერი და მუქი ლურჯი ერთმანეთში შეზრდილი, როგორც ყველაზე ლამაზი ტკივილი, როგორც ყველაზე ძლიერი განცდა, ემოცია, როგორც სიყვარული, რომელსაც უბრალოდ ვერ გააქრობ, ვერ ამოშლი, ვერ გაათეთრებ.
არ ვიცი ამის კითხვისას იმაზე თუ დაფიქრდი, შენ სად გაქვს ჩემუ დატოვებულუ ლაქები და რა ფერისაა. გეტყვი.
შენ მუქუ ლურჯი და შავი ლაქები გაქვს. ეს უკანასკნელი - მკლავზე, ალბათ არც გახსოვს, ხმას რომ არ მცემდი, ერთხელ დაგიწირე და შემოგაბრუნე, რაღაც ისეთი გკითხე, რამდენ ხანს აპირებდი ასე ყოფნას და პასუხად მხოლოდ გაყინული ირონია მივიღე. იმ მომენტიდან შენს იდაყვზე სასოწარკვეთილება სასოწარკვეთილება ცოცხლობს, უკითხავად.
და მუქი ლურჯი ლაქები.. შენს ბეწებზე, ჩემი ხელების ფორმის, როგორც ბოლო ჩახუტების ტკივილი და ცრემლები, რომლებიც არ დაგცემია.
ეს ლაქები უნებართვოდ დავტოვე შენზე, ძალაუნებურად და ვიცი, არ არსებობს წყალი და საპონი, რომლითაც მათ ჩამოირეცხავ. უბრალოდ ამით იცხოვრებ, როგორც ჩემი ფიქრები ცხოვრობენ შენი ცრემლებით.
და მჯერა, თუ იქ(ცაში) მართლა ზის ვინმე და გვიყურებს, ის ყოვლისშემძლე არ არის. რომ ყოფილიყო, არ მომიწევდა მენახა შენი უაზროდ მწვანე თვალები, მთლიანად წითელში ჩაძირული და მათგან გადმოსული ბლანტი სითხე, რომელიც დღემდე ჟონავს ჩემს მოგონებებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები