ნაწარმოებები



ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2017


შარშან ჯიუტად

შარშან ჯიუტად, თუ თოვლივით მარტშიც გელოდე,
შენ მაინც მოდი, რა აზრი აქვს დრო თუ არ იცდის?!
ახლა ქუჩებიც, შენს თვალებში მარჩიელობენ
და მეც მოვყვები ქუჩას შენსკენ, ტროტუარივით...
მომაქვს სხეული, შენს სულისთვის შეუსაბამო,
თანაც, მაგ თვალებს ეს თითები არ ეკადრება.
იქნებ, თოკებზე გამოფინე შენი საბანი,
ფერმკრთალ თვალებში ჩარჩენილი ზამთრის კადრები :
თოვლის თავშალი რომ ებურათ გარეთ გაზონებს
მთვრალი ცაცხვები, გაჰყვიროდნენ „ვინო ვერიტას“.
მე კი ჯიუტად, ჩემს სამყაროს სულზე გაზომებ
და ვერ ვხვდები, რომ ეს სამყარო შენს სულს ვერ იტევს.
ხელგაშვერილი აივნებიც, მარტში გელოდნენ
ნუ შეგაშინებს, ულმობელი დრო თუ არ იცდის
დღეს შუქნიშნებიც, შენს თვალებში მარჩიელობენ,
და მეც მოვყვები ქუჩებს შენსკენ, ტროტუარივით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები