ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2017


בית אל


შენ, აი, შენ,
როდესაც ბრუნდები სამსახურიდან - დაცლილი იარაღი,
ოცდამეერთე საუკუნის პროლეტარი,
საყვედურებით ავსებ ღმერთს და
სწამებ უსამართლობას.
სწორედ ამ დროს,
შეიძლება გზაზე შეგეფეთოს ტაძარი,
რომელსაც ექნება გახსნილი კარიბჭე!
შეიძლება ამოიღო ჯიბიდან ხელები,
გადაიძრო (ან წამოიხურო) კაპიუშონი და შეხვიდე,
გადააბიჯო ზღურბლს, რომელსაც აწერია  „ბაით ელ“
ანუ „ღმერთის სახლი“ (ივრითზე)
ხოლო შიგნით,
რატომღაც -
კათოლიკური მესა!

შეიძლება შეხვიდე და ჩამოჯდე,
ნება  დართულია!
აქ -შეიძლება!
შეიძლება შუბლიც მიადო მერხს და
ისე უსმინო:
ტექსტს გაუგებარს - გასაგები მუსიკის ფონზე.

(ისე გამშვიდებს, თითქოს ვინმემ გულში ჩაგიკრა)

...და შეიძლება, სულ უბრალოდ,
აღმოაჩინო, რომ ამ ქვეყნად ადამიანი
შექმნილია ზუსტად იმდენი
რამდენსაც ჰყოფნის (თან თანაბრად)
პური, წყალი,  მიწა, ჰაერი!
მაგრამ ბავშვივით გულუბრყვილო ამხელა ღმერთმა,
კაცს მიანდო მისი გაყოფა...

ო, ღმერთო, ერთო,
შენ რამდენი სახლი აგიგეს?
ალბათ ყველგან ნამყოფიც არ ხარ!
და ზუსტად ახლა,
ჩემთვის -
მართლმადიდებლურად მონათლული ქრისტიანისთვის,
ამ კათოლიკურ სამლოცველოში,
რომელსაც ზღურბლზე
ებრაულად  აწერია „ბაით ელი“ ანუ „სახლი ღმერთისა“
რა კარგი ქენი,
რა დროულად შემოიარე.
                                                2017. 3.09.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები