ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2017


მე-ომარი

სწორდიი!...
ჭაობის ფერია ჩაფხუტი.
კუს ბაკანივით ჩაფხუტი
ჩამოვიფხატე თავზე.
მე-ომარი ვარ.
აქ ყოფნას მირჩევნია სახელფასო ბარათი ვიყო
ოჯახში დარჩენილი;
პერიოდულად ვისრიალო ბანკომატის პირში
და ჩემში ჩარიცხული უნიკალურობით დავანაყრო
ადამიანები.
ჰო ადამიანები, ქოფაკის შემართებით რომ ასრულებენ
სამყაროში მინიჭებულ მოვალეობებს,
საკაცობრიო მისიებად შენიღბულ სისტემებში.
ჩვენ ერთმანეთი უნდა გამოვხშიროთ
და ამით ვიხსნათ მსოფლიოზე მზრუნველთა
იდეები გადაგვარებისგან.
მსოფლიო წესრიგზე დაფიქრებული იერარქების,
თითქოს ბუნებრივი რესურსები სულაც რომ ფეხებზე
ჰკიდიათ.
ვინ მომცა ფიქრის უფლება?
ვინ მომცა იარაღი?
ვინ შემიქმნა გამოუვალი მდგომარეობა?
ვინ მომცა ომებით მადლიერ საზოგადოებაში
პირში სისხლის ჩაგუბების უფლება?
- ვინც მომცემს ფულს!
სმენაა!...
და ვისმენ მომავალ ბრძანებას.
მე კონტინენტებს შორის მოძრავი ოცნება არ ვარ
რომელიც ბავშვებს ესიზმრებათ,
იმ ბავშებს, ჩემნაირები რომ უნდა გახდნენ
და არა - ჩემნაირები.
არც იმ პირობითი ბავშვობის მხსნელი ვარ,
რომელსაც არ ვებრძვით - საბავშვო ბაღებით,
სკოლებით, მშვიდობით, კულტურით.
ჩემშია ტერორი, ტერორი თქვენშია,
მტერშია ტერორი, პლანეტა მტვერშია...
მივმართავ სიკვდილის პიგმენტურ აჩრდილებს,
დავხიოთ ფორმები, გავიქცეთ აქედან.
მართლა რომ გავიქცეთ, ვინ მოგვცემს ფულს?!
ნაბიჯიით იარ!...
ვერ გავჩერდები, ყველა დაიძრა.
წესი წესია თუ უკვე აქ ხარ.
წესრიგია და კოორდინაცია.
რა მნიშვნელოვანი სიტყვებია...
თუმცა იმაზე ბევრად ნაკლებად,
ვიდრე სიცოცხლე, ვიდრე შვილი, ვიდრე ოჯახი
- ჩემი თუ სხვისი.
წინ ძალაუფლებისკენ!
იმ ერთ კვირაზე ვფიქრობ
ხელფასის დარიცხვამდე რომ არის დარჩენილი.
ჩემი შვილი სასკოლოდ უნდა მოამზადონ,
სხვისი - სასიკვდილოდ.
მე მისია მაკისრია და ამაში მიხდიან ფულს.
სდექ. თავისუფლაად!
დასჭექა ხმამ. ამოვისუნთქე.
გავჩერდი და თავისუფლებაზე ბევრი ვიცინე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები