ნაწარმოებები



ავტორი: ქრისტინე პახომოვა
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2017


საცვლების აუდიტორია

ვასაჯაროვებ ჩემს ცხოვრებას,
თოკზე გაკიდული სარეცხივით.
პერანგები თავდაყირა,
შარვლები წელში გამოყვანილი,
კაბები აქაც ნაკვთებს მალავენ.

ყველაფერი უკუღმა,
გარდა მაქმანიანი საცვლებისა.

დაჰყურებენ. შეჰყურებენ.
ხანდახან თვალსაც აპარებენ მეზობელი სახლები
და ფანჯრებს აფახურებენ.
არავის აინტერესებს
ამოყირავებული პერანგების
დაღვრემა,
როგორც ჩემი უკუღმა ნასწავლი ცხოვრება:
ჯერ პრაქტიკა, მერე თეორია;
არც შარვლის ტოტების მოძრაობის ტრაექტორია,
ქარიან ამინდში;
არც კაბების დარცხვენა აინტერესებთ.

მხოლოდ საცვლები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები