ნაწარმოებები



ავტორი: იტაჩი
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2017


კარალიოკები

ძველებურ არ ჩანს მთვარე ნამგალა,
აისი ცრემლებს ვეღარ იოკებს.
ასე ადრიან წვიმს და ამგვარად,
ქარი ასკდება კარალიოკებს.

ჩამოგვეშლება მთების ფერწერა
და რახან ამას პირობა ჰქვია.
რაც მოსახდენი არის, მერწმუნე,
მაინც მოხდება ადრე თუ გვიან

როცა ორივე ჩვენი გზით წავალთ,
მრავალჯერ ნანახ სიზმრების ბოლოს.
არ დაგიტოვებ საჩუქრად სხვა ვალს -
უგულო ხელის დაქნევას მხოლოდ

და ბარემ ახლა გავჭრი ჰორიზონტს,
ვიქცევი ვაზის ცრემლად, ვენახად,
მოისურვილებ, შენთან რომ ვიყო -
ვიქნები, მაგრამ ვერსად ვერ მნახავ.

ძალა გასცლიათ ტოტებს და სანამ
და სანამ ტოტებს გასცლიათ ძალა,
ყველაფერს ვხედავ ოდნავ დასანანს,
არა "ძვირფასო" ოღონდ შენ არა!

ერთხელაც თვალებს მოჰკრავ ნამგალას,
დილებსაც, ცრემლს რომ კარგად იოკებს
და იგრძნობ ქარებს გულიცანცარა,
მაგრამ ვერ ნახავ კარალიოკებს.

არ გაგიშალე წიგნის ტომები,
შენ ვერ ახმობდი წარსულის ყვავილს,
უეჭველია, მიმატოვებდი,
რომ არ დამესწრო წავსულიყავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები