ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2017


ჟულიენ სორელი

უსასოობა, უსაგნობა, უნაპირობა
მოფერებები მაინც არის ალბათ საჭირო,
დღევანდელმა დღემ წარსულები ბევრჯერ იგლოვა,
იქნებ სიფრთხილით მომავალი გადავარჩინო.

დიდგვაროვანთა სისხლიც არის ჩვენებრ ლპობადი
უგვირგვინობამ, სიამაყე ბევრჯერ დაწინდა,
ოხ ზეციერო ალბათ ზღვებსაც გადავტოპავდი,
რომ მეც მელოდეს ბნელ პარიზში ჩემი მატილდა.

ოხ ღმერთ ჩემო ვერიერშიც დავსახლდებოდი
და ბეზანსონშიც ვემთხვეოდი უღირსთ სამსჯავროს,
თვითონ სიცოცხლის იდეებით ავმაღლდებოდი
ოღონდ ღალატმა სხვისი ცოლის გული გაათბოს.

რა უცნაური ნადიმია გრძნობის ალმური,
გრძნობა შეცნობის ამ ცდუნებით ბევრჯერ რომ სცოდეს,
ზოგჯერ სიკვდილი სუნთქვაზეა თვით საამური,
როგორც სჯეროდა ვერიერელ ჟულიენ სორელს.

რა უცნაურად იფერება ზოგჯერ საწუთრო,
როგორ გიახლებს ძვირფას მძევლად ზოგჯერ განგება,
როცა სულს უნდა სამართალი დაისაკუთრო,
ზოგჯერ პატივით შენიღბული არის წამება.

უარსებობა არსებობის არის აჩრდილი,
სიზმრის სიზმარი, ნაფერები ჩვენი ცხივრება,
სურვილები კი გაღვიძების არის წადილი
ილუზიებში ჩაქსოვილი ჩვენი გონება.

ბრუნო შემცდარა დედამიწა სულ არ არსებობს,
ეს ჩვენ გვინდა და დედამიწა თითქოს ტრიალებს,
თუ შემოვიკრებთ მოჩვენებით აზრებს საერთოს
მაშინ სამყარო ერთ დიდ ჩრდილად გვაერთიანებს.

რელიგიებიც უკანასკნელ ნავსაყუდელს ჰგავს,
ჭრელი ცოდვების ბოლო ქოხს და ბოლო შენდობას,
უსასოობას უფრო ბევრი მიმდევარი ჰყავს,
ვიდრე ცოცხალ და უკვე მომკვდარ ღმერთთა ერთობას.

მოგესალმებით აჩრდილების ქვეყნის მძევალი,
შეშლილ წუთებში გამოვჭედავთ მოგონილ ცოდვებს.
მინდა მატილდა, საოცნებოთ მყავს დე რენალი
და წარსულებში გამოვუდექ ჟულიენ სორელს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები