ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
4 მაისი, 2008


თავი 6. პირველი განშორება & თავი 7. პირველი ნაცნობობა ("მაგდა")

თავი 6.  პირველი განშორება

ყოველდღე აკითხავდა მაგდა გიას...  ყოველდღე - ორი თვის განმავლობაში. რეანიმაციის განყოფილებაში დიდხანს არ აჩერებდნენ, მაგრამ 10-15 წუთით მაინც ახერხებდა-ხოლმე გიას ნახვას.

ხუთი დღის შემდეგ გია პალატაში გადაიყვანეს. ახლა უკვე მთელ დღეს მაგდა ეჯდა ავადმყოფს გვერდით, ღამე სამორიგეოდ კი - გიას დედა ენაცვლებოდა. საავადმყოფოში მაგდას უკვე ყველა იცნობდა.

ქეთოს ისე შეუყვარდა მაგდა, საკუთარ შვილებში არ არჩევდა. იცოდა, დღეს თუ არა - ხვალ მაგდა მისი რძალი გახდებოდა და მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, სულ "შვილიკო" და "დედიკოთი" მიმართავდა-ხოლმე. მაგდაც ძალზე შეეთვისა ქეთოს. ერთი სიტყვით, მომავალ რძალ-დედამთილს შორის ნამდვილი დედა-შვილური სიყვარული გაჩნდა.

ლევანი, გიას მამა, ძალზე აფასებდა მაგდას ასეთ ერთგულებას და ყველანაირად ცდილობდა, მაგდასთვის პატივი ეცა, ესიამოვნებინა.

გიას უმცროსი ძმა, გურამი, რომელიც ხუთი წლის იყო მხოლოდ, ტკიპასავით ეკვროდა-ხოლმე მაგდას, კალთაში ჩაუჯდებოდა და ხან ზღაპარს აყოლებდა, ხან - ჩუმად ამღერებდა, ხან "იწილო-ბიწილო" და "აფრინდა, აფრინდა..." ვითამაშოთო, - ეხვეწებოდა. მაგდაც ყოველნაირად ცდილობდა, გურამისთვის გული არ დაეწყვიტა და თხოვნაზე არასოდეს ეუბნებოდა უარს.

გიას დაც ჰყავდა, 11 წლის ხათუნა. გურამი და ხათუნა ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვის უფრო ძლიერად უყვარდა მაგდა. ამ ორთაბრძოლაში, უმეტესად, გურამი "იმარჯვებდა"-ხოლმე. მათ შემყურეს მაგდასა და გიას გულიანად ეცინებოდათ.

რამდენჯერმე ნინომაც მოაკითხა გიას, ქეთოც გაიცნო, ლევანიც... ქალებმა მალე გამონახეს საერთო ენა. ხშირად მათი საუბარი მაგდასა და გიას შეეხებოდა. ორივე დედა ერთ აზრზე იდგა: ბავშვებს ჯერ უმაღლესში უნდა ჩაებარებინათ, პირველი კურსი დაეხურათ და  შემდეგ იფიქრებდნენ ქორწილზე, - ისინი ხომ ჯერ მხოლოდ 17 წლისანი იყვნენ!!!

ნინომ იოლად დაითანხმა შვილი, ქეთოს კი ბევრი მტკიცება დასჭირდა გიასთვის, რომ მისთვის ცოლის მოყვანა ჯერ "ცოტა" ადრე იყო; რომ ქეთო მაგდას წინააღმდეგი კი არ იყო, პირიქით, ერთი სული ჰქონდა, როდის შემოაღებდა მაგდა მათი სახლის კარებს, მაგრამ ჯერ მისთვისაც ადრე იყო გათხოვება; რომ, ბოლოს და ბოლოს, ორივე ჯერ სტუდენტი უნდა გამხდარიყო და მერე შეეძლოთ ეფიქრათ ოჯახის შექმნაზე. ამასობაში ისინი 19 წლისაც გახდებოდნენ... და მერე აღარაფერზე ექნებოდათ სანერვიულო, აღარც სწავლის გაგრძელებაზე (მათ ხომ ისედაც დაკარგეს ერთი წელი!), აღარც გრძნობების გამოცდაზე (რაზეც გიას საშინელი გულისწყრომა დაიმსახურა!)...

საპირველსექტემბროდ გამოწერეს გია საავადმყოფოდან. ახლა უკვე ისე ხშირად ვეღარ ხვდებოდნენ ერთმანეთს, - ორივე სტუდენტობისთვის ემზადებოდა. მაგდა ჟურნალისტობაზე ოცნებობდა, გიას კი - ფიზიკის ფაკულტეტზე უნდოდა სწავლის გაგრძელება. მეცადინეობაზე რომ არ შეშლოდათ ხელი, ერთნაირად შეადგინეს სამეცადინო განრიგი: ორივეს ერთსა და იმავე დროს უწევდა შესვენება. ამ ორსაათიანი შესვენების დროს ან ერთ-ერთის სახლში ხვდებოდნენ ერთმანეთს, ან მათთან ახლოს, ბაღში სეირნობდნენ-ხოლმე. თან ორივენი მუშაობდნენ ნახევარ-ნახევარ განაკვეთზე. ამის გამო დრო კიდევ უფრო მცირე რჩებოდათ-ხოლმე ერთმანეთისთვის...

ასე, ერთმანეთზე ფიქრსა და საგნების მომზადებაში გაიფრინა თითქმის ცხრა თვემ... და აი, მაისის მიწურულს გიამ მაგდას მეტად "უცნაური" და მოულოდნელი ამბავი შეატყობინა, - გია ჯარში გაიწვიეს!...
ლევან გეგეჭკორი გიას ჯარიდან დატოვების სასტიკად წინააღმდეგი იყო. ამბობდა, "ჯარი ბიჭს კაცად აქცევს, ადამიანურ თვისებებს ან გაუღრმავებს და ან შესძენსო."

ჯარი... სამხედრო ფორმა... 2 წლით მაგდასთან განშორება... აი, რა ელოდა გიას!... და გია ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ მშობლების ამგვარი აღტყინება მის ჯარში გაწვევაზე სწორედ რომ მაგდასთან დროებით განშორების საბაბით იყო გამოწვეული. ლევანი ფიქრობდა, რომ ეს დროებითი  განშორება გიას გრძნობებს "დააღვინებდა", დაწმენდდა... ამასობაში ცოტა მოიზრდებოდნენ კიდეც, რადგან 17-18 წლის "ბავშვები" ცოდონი იყვნენ ოჯახის უმძიმესი ტვირთის ასაკიდებლად, სხვა გზას კი გიას დასაოკებლად, უბრალოდ, ვერ ხედავდა ლევანი.  თავიდან ლევანს ცოტა გაუჭირდა ქეთოს დაყოლიება, მაგრამ... მისი გადაწყვეტილება ურყევი იყო, - გიას სამხედრო ფორმა უნდა ჩაეცვა.

წასვლის დღე მოახლოვდა.

შეკრების პუნქტიდან მეორე დილით უთენია გაჰყავდათ ახალწვეულები. გია მშობლებს წინა საღამოს დაემშვიდობა, თან კი სთხოვა, - ხვალ დილით აღარ მოხვიდეთ გასაცილებლად, თორემ ეს განშორება უფრო გამიჭირდებაო. ამ თხოვნას სხვა მიზეზიც ჰქონდა, - წასვლის დღეს მხოლოდ მაგდა მივიდოდა სადგურზე.
დილის 7 საათზე გადიოდა გიას მატარებელი, მაგრამ დრო და საათი რა სახსენებელი იყო?! - ერთი საათით ადრე მივიდა მაგდა სადგურზე.
ახალწვეულები მატარებლის გასვლამდე 40 წუთით ადრე მოიყვანეს. მათ განკარგულებაში მთელი 40 წუთი იყო!...
- მაგდა, ხომ დამელოდები?! ხომ არ მიღალატებ?!...
- გია!... გია, გაჩუმდი, გეხვეწები!... ნუთუ ასე მიცნობ?! ნუთუ მეტ ნდობას არ ვიმსახურებ?!... რატომ მელაპარაკები ასე?! - ცრემლების ყლაპვით ამბობდა მაგდა და გიას ხელს არ უშვებდა.
- მაგდა, ჩემო ცისფერო ფერია! მე ვერ გავძლებ უშენოდ, გესმის?... აი, შენი სურათი, ჯიბეში მიდევს… ალბათ არც მოვიშორებ ეს ორი წელი.
- მეც ჩანთაში მიდევს ჩვენი სურათი, გახსოვს, მეათე კლასში მაისის ბოლოს რომ გადავიღეთ?!... - ცრემლებს შორის გაღიმება სცადა მაგდამ.
- მახსოვს, მაგდა, მახსოვს!... ფუნიკულიორზე ვიყავით მთელი კლასი. "ბოლო ზარი" გვქონდა იმ დღეს. ერთი თხოვნა შემისრულე, - ჩემს საყვარელ ზღვისფერ თვალებში ცრემლი არ დამანახო! სატირლად ადრე გვქონდა საქმე, როცა ყოველდღე  "წერილს ვწერდი გაღმა გასატანად"... ახლა რაღა გვაქვს სატირელი?! კარგი, გეყოფა! აბა, გამიცინე?  გამიცინე, თორემ მეც ავტირდები!...

უცებ გაიფრინა 40-მა წუთმა...

- ვაგონებში!... - გაისმა ბრძანება და ბაქანზე ხმაურმა იმატა. ვინ ვის ეხვეოდა, კოცნიდა... ვინ - დარიგებას იძლეოდა, ვინ - ჩუმად იდგა და გაშეშებული შეჰყურებდა ვაგონებისკენ დაძრულ ხალხს...

მალე ყველა წამსვლელი ვაგონში იჯდა და ფანჯრებს აწყდებოდა.
გია რაღაცას ეძახდა ფანჯრიდან, მაგრამ იმ ყაყანსა და ხმაურში მაგდას არაფერი ესმოდა. მხოლოდ ერთხელ გაიგო, როგორ დაუძახა გიამ "მაგდა, თავს გაუფრთხილდიო" და... მატარებელი დაიძრა.

დიდხანს მისდევდა მაგდა დაძრულ მატარებელს, რომელიც სულ უფრო და უფრო უმატებდა სიჩქარეს. მალე ჯერ გიას ვაგონი მიეფარა თვალს, შემდეგ კი - მთელი მატარებელი... შემდეგ გამცილებლებიც დაიშალნენ... სადგური დაცარიელდა.

მაგდა ერთიანად დაცლილი დაბრუნდა სახლში.
დღეიდან ლოდინის ორი წელი იწყებოდა... წინ კი - მისაღები გამოცდები იყო. მაგდა სტუდენტობისთვის ემზადებოდა!.





თავი 7.  პირველი ნაცნობობა


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ხალხი ირეოდა: დაიწყო საბუთების მიღება.

ნინო თან გაჰყვა მაგდას, მაგრამ შენობაში არ შეუშვეს. უნივერსიტეტის კარი დღეიდან მხოლოდ აბიტურიენტებისთვის იყო ღია. ნინომ ხის ქვეშ ჩრდილში მონახა ადგილი და სკამზე ჩამოჯდა, მაგდამ კი ხელში ჩაბღუჯული საბუთებითა და აფართხალებული გულით შეაბიჯა უნივერსიტეტის კარებში.

ერთ-ერთმა კარისკაცმა თვალი გააყოლა ფერიასავით სათუთ გოგონას და გვერდით მდგარ კოლეგას ჩაულაპარაკა:
- აფსუსი არ იქნება, ეს რომ გარეთ დარჩეს, ვერ მოეწყოს და, ბოდიში და, ვიღაც ხეპრე - სტუდენტი გახდეს?...

მაგდა იქით გაემართა, სადაც გამოკრული იყო: "ჟურნალისტიკის ფაკულტეტი." ამ ადგილას საკმაოდ ბევრი აბიტურიენტი იდგა.
- თქვენ ხართ ბოლო? - მიმართა მაგდამ განაპირას მდგარ გოგონას.
- დიახ, - გოგონა მობრუნდა და მომღიმარი მწვანე თვალები შეანათა მაგდას.
"ღმერთო, ნეტა მეც მოვეწყობოდე და ესეც! ჩვენ დავმეგობრდებოდით, აუცილებლად!" - გაიფიქრა მაგდამ და გოგონას გაუღიმა.
- პირველად აბარებ?
- დიახ... შენ?
- მე - არა, ორი წელი ვაბარებდი სამედიცინოზე. ორივეჯერ "ოთხი" მივიღე და კონკურსში მონაწილეობა აღარ გავაგრძელე. ეს დედაჩემის ოცნება იყო - სამედიცინოზე რომ მესწავლა. მე თავად კი ყოველთვის აქეთ მომიწევდა გული. წელს აღარავის დავუჯერე და აქ შემომაქვს საბუთები. თუ "ფრიადი" მივიღე, ჩავირიცხები.
- მედალი გაქვს?
- ჰო...
- მეც...
- წელს დაამთავრე სკოლა?
- არა, შარშან. მაგრამ შარშან არსად ჩამიბარებია სხვადასხვა მიზეზთა გამო.
- რა გქვია?
- მაგდა. შენ?
- ნათია... იცი, მე აქ არავის ვიცნობ...
- არც მე, შენს გარდა, - გაეცინა მაგდას.

მალე მათი რიგიც მოვიდა. სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალმა მათი საბუთები ჩაიბარა.
- გოგონებო, საგამოცდო ფურცლები გამოცდის დღეს დაგირიგდებათ. წარმატებებს გისურვებთ.

გოგონები გარეთ გამოვიდნენ.
ხეების ჩრდილში შეყუჟულ მშობლებს ორი ქალი გამოეყო და მათკენ გამოემართა. მაგდამ ნათიას ხელი ჩამოართვა:
- წარმატებას გისურვებ! გამოცდებზე შევხვდებითო, - უთხრა და დედისკენ გაიქცა.

- ვინ იყო? რა კარგი გოგონა ჩანს, - ნინომ თვალი გააყოლა ნათიას და მის გვერდით მიმავალ სიმპათიურ ქალს.
- ეს ნათიაა, დედა. ახლა გავიცანი. მართლა კარგი გოგონა ჩანს. ნეტა ორივე მოვეწყობოდეთ...
- ეჰ, ნეტამც, მაგდა... თუმცა, გული მიგრძნობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როდის გაქვთ პირველი გამოცდა?
- 3 აგვისტოს, დედა.

გამოცდის წინა დღეს მაგდა ადგილს ვერ პოულობდა, ღამეც თვალი არ მოუხუჭავს.
გამოცდა დილის 9 საათზე იწყებოდა. 8 საათზე მაგდა მშობლებთან ერთად უკვე უნივერსიტეტის ეზოში ტრიალებდა.

მალე ნათიაც გამოჩნდა გულშემატკივართა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ამალით.
ნათიამ მაგდა დაინახა, თავისიანებს რაღაც გადაულაპარაკა და მისკენ გამოემართა. მაგდაც ნათიასკენ წავიდა, ნინომ და მალხაზმა კი ხის ჩრდილში მდგარ სკამზე დაიკავეს ადგილი: წინ ლოდინის 5 საათი ედოთ.

9 საათზე გვარების ამოძახება დაიწყეს. ნათიას და მაგდას, ვინაიდან საბუთები ერთად ჰქონდათ შეტანილი, გამოძახებამაც ერთად მოუწიათ.

უნივერსიტეტის კიბეზე ერთად ადიოდა ორი მშვენიერი გოგონა: ცისფერ კაბაში გამოწყობილი “ცისფერი ფერია” და თეთრად შემოსილი ნათია.

- ნეტა ორივე მოეწყობოდეს, ჰა, მალხაზ? არა?
- ნინო, ნუ ხარ უცნაური!... ჩვენი თავი გაგვჭირვებია და ახლა კიდევ ვიღაც სხვაზე მანერვიულე! – ჩაიბუზღუნა მალხაზმა.
- კარგი, ხო... მაგიტომ კი არ მითქვამს, ქვეყანა შეყარე-მეთქი?!... მე ვამბობ, მინდა მაგდას კარგი მეგობარი ჰყავდეს. ეს გოგონა კი, რატომღაც. მომეწონა!

ნათიას გულშემატკივრები იყვნენ მისი მშობლები, ძმა – მერაბი და ძმის მეგობარი – ნოდარი.
“ნოდარს კარგი ფეხი აქვს,ჩვენი მეკვლე სულ ეგ არის და ნათიასაც, იქნებ, კარგ ფეხზე გამოყვესო,” – სთხოვა დედამ მერაბს.
“დეიდა ელენე, ოღონდ ნათიას გაუმართლოს და ამაზე როგორ გეტყვით უარსო,”- შემოუთვალათ პასუხად ნოდარმა და აი, ახლა “კარგი ფეხის მქონე ნოდარი” ნათიას გულშემატკივართა ამალაშია.
ნოდარს ხუმრობა უყვარდა და გამოცდაზე მიმავალმა გზაში ნათიას უთხრა:
- რას გეტყვი, იცი? ახლა შენ მთლად ჩემი ფეხის იმედად ნუ იქნები, შენ თვითონ უნდა გაანძრიო თავი, ბიძია!...
- კი, “ბიძია”, მაგრამ “კაი ფეხი” რომ გვერდით მეყოლები, არც ეს არის ურიგო, - უპასუხა ნათიამ.

როცა ნათია მაგდასკენ გაემართა, ნოდარმა თვალი გააყოლა მას და მაგდას დანახვაზე გაშეშდა.
- მერაბ, ვინ არის ეს გოგონა? – ჩუმად იკითხა ნოდარმა.
- ვინ? რომელი?
- აი ის, ნათია ვისთანაც მივიდა?!
- აზრზე არა ვარ! ნათიას მეგობრებს მე ყველას ვიცნობ, ეს კი არ მინახავს.
- გენიალური გოგოა!
- მაცადე, თუ ძმა ხარ!... რა დროს გოგოებია?! ნერვიულობისაგან ლამის ტვინში ამივარდეს სისხლი!...
- ნუ გეშინია, მერაბ!...აბა მე აქ რისთვისა ვარ?! – მხარზე ხელი დაჰკრა ნოდარმა მერაბს.
- ეი, შენ, “წითელო ჯვარო”, წამლები თუ გაქვს წამოღებული? დღეს ბევრი პაციენტი გეყოლება აქ...
- არა, ჩემო მერაბ! ჩემი პაციენტი აქ არ იქნება!... ან, თუ იქნება, ძალიან ცოტა!... აი, მაგალითად, შეიძლება ვინმეს აპენდიქსის შეტევა დაეწყოს, ან ამ წყალ-წყალა თბილი ბურახის სმით გაუსკდეს კუჭი, ან...
- ჰო, კარგი, კარგი!... საველე ჰოსპიტალს ნუ გახსნი აქ! მოიცა, რაღაცას აცხადებენ... აუუუჰ, აირია მონასტერი!...

მართლაც, რადიოს ჩართვისთანავე ერთმანეთში აირივნენ აბიტურიენტები და მშობლები. ყველა კიბეს მიაწყდა. განსაკუთრებით მშობლები აქტიურობდნენ. ფერდაკარგული, შეშინებული აბიტურიენტები წვალებით მიარღვევდნენ გზას ასასვლელისაკენ “მშობლების გაუვალ ტყეში”.

ნათიამ და მაგდამ გვერდიდან მოუარეს ხალხის ამ აყაყანებულ ბრბოს, ბარიერის ქვეშ გაძვრნენ და კუთხეში გაჩერდნენ.

“...მოდებაძე ნათია ვახტანგის ასული... გელოვანი მაგდა მალხაზის ასული...” აცხადებდა დიქტორი აბიტურიენტთა გვარებს. გოგონები ადგილიდან დაიძრნენ. ნათიამ, ინსტიქტურად, ხელი ჩაჰკიდა მაგდას და ისე ავიდნენ კიბეზე.

კიბის თავიდან ორივემ ერთდროულად მოიხედა. გოგონებმა თვალებით მოძებნეს თავისიანები, ხელი დაუქნიეს და უნივერსიტეტის შენობაში შევიდნენ...

- მერაბ, შვილო, რა გვარის იყო ის გოგონა? – მიუბრუნდა ელენე შვილს.
- რომელი გოგონა, დედა... აქ 200 გოგონას გვარი გამოაცხადეს...რომელზე მეკითხები?
- აი ის, ნათიასთან ერთად რომ ავიდა...
- არ ვიცი, ვერ გავიგე...
- მე ვუსმენდი, დეიდა ელენე... მაგდა გელოვანია ის გოგონა, - მიუბრუნდა ელენეს ნოდარი.
- ღმერთო, რა კარგები იყვნენ!... ნეტა ესეც მოეწყობოდეს, არა, ვახტანგ?!
- აბა. შენ ეგა თქვი!... კარგი მეგობრის ფასი არაფერია, ჩემო ელენე!
- წამოდით, მანქანაში დავსხდეთ. 5 საათი აქ ხომ არ ვიდგებით? მანქანა აქვე მყავს გაჩერებული! – ნოდარი მანქანისკენ გაემართა, მისი გული კი, მატარებლის ბორბლებივით, ერთი და იმავეს იმეორებდა: “მაგდა გელოვანი... მაგდა გელოვანი... მაგდა გელოვანი...”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები