ნაწარმოებები


შაბათს, გადაცემა "სოფლის დილაში",საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102.4 დილის 9 საათსა და 45 წუთზე თამარ ბოლქვაძე ( თანანა ) კითხულობს "ლილე 2017"-ის გამარჯვებულ ნაწერს - ნინო ქადაგიძის "რუფინე-ქერისფერს"!!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
3 ოქტომბერი, 2017


მეორე დედა


ლოგინში ისევ იცვალა მხარი. ცას ოდნავი შუქი შეპარვოდა. ვერაფრით მოახერხა დაძინება. ამ დღეს მისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უნდა მიეღო, მას კი, ვერაფრით მოეფიქრებინა, რა ექნა.
ანელა მალე 45 წლის გახდებოდა. დედისერთა გოგოს ხელიგულზე ზრდიდნენ. მართალია, მამა სრულიად პატარას დაეღუპა ავტოავარიით, მაგრამ დედა და ბებია ცივ ნიავს არ აკარებდნენ გოგოს. საკმარისი იყო რამე ენატრა, რომ ორიოდე დღეში ნატვრა ახდენილი იყო. კარგად სწავლობდა, კარგად მღეროდა. მეგობრები და თაყვანისმცემლები არ აკლდა. მცხრე კლასში ყოფნისას ქალური პრობლემები დაეწყო. სად არ წაიყვანა დედამ, როგორ არ უმკურნალეს, მაგრმ ვერაფერი უშველეს და 16 წლის გოგო საშვილსნოს გარეშე დარჩა. კინაღამ აუცრუვდა გული ცხოვრებაზე, არც სწავლა უნდა, არც არვის ნახვა. ბებია მისმა დარდმა ჩაიყვანა ნაადრევად საფლავში. არ მიატოვეს მეგობრებმა, მასწავლებლებმა. განსაკუთრებით ტასო მასწავლებელი აქტიურობდა. იმდენი ეჩიჩინა, იმდენი მაგლითი მოუყვანა, რომ ნელ-ნელა მოაბრუნა ცხოვრებისკენ. სკოლა წარმატებით დაამთავრა. ტასო მასწავლებლის სიყვარულით ბიოლოგიურზე ჩააბარა. არც უნივერსიტეტში აკლდნენ თაყვანისმცემლები, მაგრამ ყველას გაურბოდა -“ ვის რაში ვჭირდებიო უშვილო“.
უმაღლესი დაამთავრა და მშობლიურ სკოლას დაუბრუნდა. ეცოდებოდათ სოფლელებს. ხან ვინ მოვიდოდა მაჭანკლად და ხან ვინ. ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა გაჰყოლოდა შვილებიან მამაკაცს, თან უმრავლესობა ცოლს გაცილებული იყო. „რომ მოიბრუნოს გული ცოლისკენ? ხომ უფრო საწყლად დავრჩებიო“ - ფირქობდა და ყველას უარით ისტუმრებდა. ასე მიჰქროდნენ წლები.
ერთი კვირაა ანრი გააცნეს. მასზე სამი წლით უმცროსი, ორი შვილის მამა. მეუღლე ექვსი წელია გარდაცვლია. გაცნობისთანავე მოეწონა როგორღაც. ხელოსანიაო, მაგრამ ოქროსხელება ხელოსანიო, უთხრა მეზობელმა. წყნარი, მორიდებული კაცი ჩანს.
„ბავშვები მოუთმენლად ელიანო დედას, არ გაუჭირდებათო შეჩვევა. თუ გამომყვები, ვეცდები, არაფერი დაგაკლოთო შენ და შვილებს. ბავშვები აღარ ვართო, სიყვარულობანა რომ ვითამაშოთო, შევეჩვევით და შეგვიყვარდებაო ერთმანეთი. ანიტა რვა წლისააო, აივენგო - ექვსის, მას გადაჰყვაო დედა“. (ყველას სახელი ა-ზე რომ იწყება - გაეღიმა ანელას).
სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ხვალ უნდა უთხრას საბოლოო პასუხი.
დედა დათანხმებას ურჩევს. „პატარები არიან, დედა არც ახსოვთ, ადვილად შეგიყვარებენ. აღზრდას მოჰყვება სიყვარული, საკუთარი შვილებივით იქნებიან, მე ვბერდები, სანამ გინდა იყოო მარტო“.
ისევ იცვალა გვერდი. რა ჰქნას? ბავშვი ხომ აღარაა. წლები მირბიან. დედას  რამე რომ მოუვიდეს? ძმა არ ჰყავს და და. მამაც დედისერთა იყო, მხოლოდ ერთი დეიდაშვილია და ისიც რუსეთში ცხოვრობს.
„შევხვდები, კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ და როგორც გული მირჩევს, ისე ვიზამ“- გადაწყვიტა და თვალები დახუჭა.
სამ საათზე ქალაქის სკვერისკენ მიდიოდა გაბრუებული, გაორებული. თითქოს სხვის ფეხებს მიჰყავდა იქითკენ. შორიდან მოჰკრა თვალი ანრის მანქანას. კაცმაც დაინახა. შებრუნდა, უკანა კარი გამოაღო, დაიხარა და იქ მჯდომს რაღაც უთხრა.
მანქანიდან ბავშვები გამოცვივდნენ.
- დედიკო, ჩემი დედიკო! - მორბოდა ბიჭი.
- ჩემიცაა ბიჭო, გამიჩერდი... - ტირილით მოსდევდა კიკინებიანი გოგონა.
ადგილზე გაიყინა.
- დედა! - ფეხებზე შემოეხვია ბიჭუნა.
- ამდენ ხანს სად იყავი დედიკო? - წელზე მოეხვია გოგონა.
თითქოს პირში ტყვია ჩაასხესო, ვერაფერი თქვა. ფეხებმა უმტყუნეს, ჩაიკეცა. ორივე ბავშვი ტირილით შემოეჭდო ყელზე. მანაც ხელი მოხვია პატარებს, გულში ჩაიკრა  და ცრემლები წასკდა.                                               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები