ნაწარმოებები


შაბათს, გადაცემა "სოფლის დილაში",საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102.4 დილის 9 საათსა და 45 წუთზე თამარ ბოლქვაძე ( თანანა ) კითხულობს "ლილე 2017"-ის გამარჯვებულ ნაწერს - ნინო ქადაგიძის "რუფინე-ქერისფერს"!!!

ავტორი: ნათთია
ჟანრი: პროზა
6 ოქტომბერი, 2017


ჰარი

    პირველად რომ ითოვა , ჰარი მაშინ მოვიდა. უკვე ვგრძნობდი , ვცარიელდებოდი და ვინმეს უნდა ამოვევსე. დიდი ზურგჩანთა რომ კართან დადო და სპორტული ფეხსაცმელებიც ჩემი ფეხსაცმელების გვერდით მიაწყო, გამეღიმა. ხმა არცერთს არ ამოგვიღია.უხმოდ მივეწებეთ ერთმანეთს იმ ღამეს  და დავიძინეთ.  მაშინ გაჩნდა ნდობა.
      ბევრი არაფერი გვქონდა . რიგრიგობით ვადუღებდით ჩაის და ორთქლზე ვითბობდით ხელებს. იატაკზე ვსხდებოდით , კედლებზე ახოხოლიკებული წიგნებიდან რომელიმე წიგნს ავიღებდით, თვალდახუჭული ვშლიდით და ხმამაღლა მიკითხავდა შემთხვევით არჩეულ ეპიზოდებს.  მუხლებზე ვუდებდი თავს და ვფიქრობდი, რომ მისი ოდნავ ჩახრინწული ხმა , ყველაზე სასიამოვნოდ ჟღერდა თითქმის ცარიელ სახლში. მაშინ გაჩნდა სიმშვიდე.
    როცა ძალიან აცივდა და ფანჯრებმა ვეღარ შეაკავეს ჩაის ორთქლის სითბო, ჩვენი ჯემპრები დავარღვიე და ფარდები მოვქსოვე. ჭრელი გამოვიდა და ჰარიმ მითხრა,  რომ ყველაზე ლამაზი შემოდგომა გვქონდა ზამთარში. მაშინ პირველად მომეხვია ისე, რომ კანქვეშ ფიქრები აფათურთდნენ. ტკბილი კანი ჰქონდა. ვნებები რომ ვერ მოვთოკეთ, დავნებდით. მაშინ გავჩნდით ქალი და მამაკაცი.
- უნდა გავგრძელდეთ! - ვთქვი მე. ვეცადეთ. ველოდეთ. როცა თეთრ ხალათიანმა ფურცლების დასტა დაგვიდო წინ და თავი უარის ნიშნად გადაიქნია, ჰარიმ საფეთქლები დამიკოცნა. მერე თოვლში ჩავწექით და ამბები მოვიგონეთ, რომ ორნი ვკმაროდით სამყაროს. და დავიჯერეთ . მაშინ გაჩნდა ბედისწერა.
სხვა ზამთარს, როცა არ თოვდა და გაზაფხულამდეც ჯერ კიდევ შორი იყო, ფანჯრები ფართოდ გავაღე და ცივი ჰაერი ხარბად შევისუნთქე. გზის მეორე მხარეს ჰარიმ ჩაიარა .  სხვის ფანჯრებს გახედა და კიბის საფეხურებსაც უხმოდ აუყვა. თვალები ამომიშრა. ვგრძნობდი , რომ სარკეებად გადამექცეოდნენ გუგები. თავს ვუშველე და თვალები დავითხარე. დაბრუნდა ჰარი და ვერ შეამჩნია. მაშინ გაჩნდა წყვდიადი .
- ჩემს პერანგზე ლაქებია! - დამიყვირა ჰარიმ და პერანგი მესროლა.მე ჭიქა ვესროლე. ჰარის ასცდა. კედელს არა. მერე ყველაფერი ვისროლე , რაც ხელში მომყვა. კარი გაიჯახუნა და წავიდა. ნამსხვრევებზე ფეხები გადამეხლიჩა, მაგრამ არ მტკიოდა. სისხლიანი ფეხებით შევწექი ლოგინში და თავზე საბანი წამოვიფარე. სიზმრებიდან შეხებამ გამომაღვიძა. ჰარის ხელის გულებში მოექცია ჩემი ვაშლისხელა ძუძუები , ზურგზე მომწებებოდა და კისერს მიკოცნიდა. ვფიქრობდი , რომ გადასარჩენად სიტყვებს მოვიშველიებდით.  მერე ფიქრიც შევწყვიტე. მაშინ გაჩნდა სიჩუმე.
- დავბერდით! - ვუთხარი ჰარის და მისი დაკოჟრილი ხელების ძებნა დავიწყე. ვაფათურე წყვდიადში და ვერსად ვიპოვნე.
- ჰარი! - ცარიელმა ოთახებმა გამომძახეს ექოდ მილეული ხმა.
ვგრძნობდი ისევ ვცარიელდებოდი . მაშინ გაჩნდა მონატრება, მაგრამ მე და ჰარი გავქრით .
 

   
   
   
     

   




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები