ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ჯანმრთელი ავადმყოფი
ჟანრი: პროზა
7 ოქტომბერი, 2017


გენიოსი დოქტორი

დოქტორმა ლაძმა გულის ჯიბიდან ამოიღო ორი ცალი პაპიროსი, ერთ ერთი მათგანი შუაზე გადატეხა, ნახევარი პაპიროსი პირში ჩაიდო, ხოლო ერთ ნახევარი ისევ გულის ჯიბეში ჩააბრუნა. შემდეგ სათვალე მოიხსნა, თვალები ოდნავ მოჭუტა, აუდიტორია მოათვალიერა და მისთვის ჩვეული უჩვეულო რიტმით წამოიწყო:
-მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა სრული შემადგენლობით ვატარებთ სხდომას. უნდა აღინიშნოს რომ პირადად ჩემთვის ეს სხდომა დასკვნითი უნდა იყოს და აქედან გამომდინარე ძალზედ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ წამოწყებულ საქმეს.

დოქტორი ლაძის უჩვეულო რიტმი კი იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია ერთი რთული წინადადება ისეთი სისწრაფით წარმოთქვას, რომ სხვამ იგივე დროში ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოასწროს. ან პირიქით ერთი უბრალო წინადადება ისე გაწელოს, რომ სათქმელი გადაავიწყდეს. აი ასეთი უჩვეულო მეტყველება ჰქონდა დოქტორ ლაძს.

-გისმენთ დოქტორ ლაძ, წარადგინეთ თქვენი პროექტი...
-დიახ... რა საკვირველია, რა საკვირველია... - დაუდასტურა მან, საქაღალდეში წაღმა-უკუღმა ჩალაგებული ფურცლებიდან რამოდენიმე ამოიღო და იქმსხდომთ დაურიგა.

ფურცლებზე გამოხატული იყო რაღაც უსწორმასწორო, არასიმეტრიული, ელიფსის მაგვარი ნახატი. თითქმის ყველა წევრი დაიბნა რადგან ნახატს თავი და ბოლო ვერ უპოვეს. ბოლოს ერთ ერთმა მათგანმა - დოქტორმა ვირმა იპოვა ამოცანის ამონახსნი - ფურცელზე, მარცხენა ქვედა კუთხეში პატარა ვარსკვლავი ეხატა - და მან საზეიმოდ განაცხადა:
-ასე უნდა მეჭიროს არა ? ვარსკვლავი ქვევით...
-არა დოქტორო ვირ, თქვენ ცდებით, ეგ ვარსკვლავი მარჯვენა ზედა კუთხეში ხატია და არა მარცხენა ქვედა კუთხეში.

დოქტორმა ვირმა ცივად შეატრიალა ფურცელი.
-მაშ ასე ბატონებო ! - წამოიწყო დოქტორმა ლაძმა - როგორც ხვდებით, მე დღეს თქვენ უნდა გაგაცნოთ ჩემს მიერ შექმნილი დროის მანქანა.

ამ სიტყვებმა აუდიტორიაში პატარა ხმაური გამოიწვია. იქ ზოგმა ქვედა ტუჩი აპრიხა და თავისთვის ჩაილაპარაკა "დროის მანქანა?...", იქ ზოგმა მარცხენა წარბი აპრიხა და ასევე თავისთვის ჩაილაპარაკა "საინტერესოა...", ზოგმა მთლად ორივე წარბი შეკრა და არც არაფერი უთქვამთ, მაგრამ ეს წამიერი მოვლენა იყო.
-განაგრძეთ, განაგრძეთ - წყნარად შეახსენა დოქტორმა ვირმა. ერთად ერთი შემთხვევა იყო როცა ნორმალურად დაილაპარაკა მან, რადგან სულ აგდებულად ლაპარაკობს ხოლმე.
-დიახ ბატონებო, მე შევძელი შემექმნა ისეთი დროის მანქანა, რომლითაც შესაძლებელია მოგზაურობა არამარტო წარსულში, არამედ მომავალშიც კი !
-თუ შეიძლება უფრო დეტალურად აგვიღწერეთ თქვენი წარმოდგენა, საერთოდ დროზე და სივრცეზე. გულდასმით მოგისმენთ, დრო მემგონი საკმაოდ გვაქვს - თქვა დოქტორმა გელამ და როგორც იტყვიან, სმენად გადაიქცა.

დოქტორი ლაძი სკამზე უფრო კომფორტულად მოკალათდა, ჩაიში შაქარი ჩაიყარა, შემდეგ მოურია, კოვზი თეფშზე ჩამოდო და წამოიწყო:
-ჩემი თეორია ადასტურებს, რომ დრო და სივრცე განუყრელი მეგობრები არიან, ანუ დრო წარმოქმნის სივრცეს და პირიქით - სივრცე წარმოქმნის დროს, უფრო ზუსტად კი -სივრცე წარმოქმნის დროს. ათწლიანი გამოკვლევის შედეგად მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ დრო წრეზე მოძრაობს. დიახ ბატონებო, წრეზე მოძრაობს, როგორც საათის ისრები, როგორც დედამიწა, პლანეტები მზის სისტემაში, ასევე დროც წრეზე მოძრაობს. აქედან გამომდინარე მე შემოვიღე ათვლის სისტემა და ათვლის წერტილი. როგორც ყველა საზომ ხელსაწყოზე, აქაც ათვლის წერტილი ნულია! აბა ბატონებო წარმოუდგენელი არ არის... იძახონ ეხლა მათემატიკოსებმა რამდენიც უნდათ ნული არ არსებობს, ნული არ არსებობსო, ეგ ნული მოგიღებთ ბოლოს !
ესეიგი ბატონებო, მე შომეოვიღე ათვლის სისტემა. ეს ათვლის სისტემა ძალზედ მარტივია, წარმოიდგინეთ ერთი დიდი წრე - ნახაზებში ეხლა მეზარება ქექვა და უცბად აგიხსნით - წარმოიდგინეთ წრე და ერთი წერთილი აღნიშნეთ ამ წრეზე - ეს არის ათვლის წერტილი, ნული! მაშასადამე აქედან იწყება ჩვენი არსებობა, ცივილიზაცია, ევოლუცია, განვითარება... ნულის შემდეგ მოდის : ერთი, ორი... ხუთი... ათი... ათასი... და ასე შემდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა არა უსასრულოდ. მე სამწუხაროდ არ ვიცი კიდევ რამდენი ხანი ვიარსებებთ, მაგრამ დაახლოებით მაინც ცნობილია ჩემთვის, ასტროფიზიკაზე და კოსმოსურ გამოკვლევებზე დაყრდნობით რომ ჩვენი დროის წრე იწყება ნულიდან და ოთხი ათასი წლის შემდეგ ისევ ნულთან მიდის. ანუ ეხლა, ოცდამეერთე საუკუნეში ჩვენ ამ წრის ნახევარი უკვე გავიარეთ.
ახლა რაც შეეხება დროის მანქანას. როგორც მოგეხსენებათ, აქამდე შექმნილი ყველა დროის მანქანა, თეორიულად და მხოლოდ თეორიულად, მარტო წარსულში შეძლებდა მოგზაურობას, ხოლო ჩემს მიერ შექმნილი დროის მანქანა წარსულშიც იმოგზაურებს და მომავალშიც !

დოქტორი ლაძი ცოტა ხნით გაჩუმდა და რეაქციას დაელოდა.
-თუ შეიძლება აგვიხსენით, როგორ შეიძლება წარსულშიც და მომავალშიც მოგზაურობა? -ვეღარ მოითმინა დოქტორმა გელამ.
-დოქტორო გელა, მე სულ ახლახანს მოგახსენეთ ყოველივე ეგ.
დოქტორი გელა დაიბნა, სხვებმაც ვერ გაიგეს რას გულისმობდა დოქტორი ლაძი.
-სულ ახლახანს არ მოგახსენეთ, რომ ჩვენ წრეზე ვმოძრაობთ და რადგანაც დროის ათვლის სისტემა წრეზეა, ჩვენ თუ გადავალთ შორეულ, ძალიან შორეულ წარსულში... აღმოვჩნდებით მომავალში.

ამ ნათქვამმა აშკარა ,ოწონება გამოიწვია სხდომაზე. აღფრთოვანებულმა დოქტორმა ვირმა ტაში შემოსცხო და ხელი მუხლზე დაირტყა.
დოქტორმა ლაძმა ოდნავ ჩაახველა, გულის ჯიბიდან იმ პაპიროსის მეორე ნახევარი ამოიღო და მოუკიდა.
დუმილი დოქტორმა გელამ დაარღვია.
-და რატომ მაინც და მაინც 4000 წელი ?
-დოქტორო გელა, მე მესმის რომ ჩემი თეორია თქვენს რწმენას ლახვარს სცემს და ნაწილ-ნაწილ კუწავს, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს სიმართლეა და თქვენც უნდა გაუსწოროთ თვალი. ნუ იქნებით რელიიგიის ასეთი ფანატიკოსი.
-ნოე არ ყოფილიყო ნახავდი სად იქნებოდი შენ ეხლა... - ჩაილაპარაკა დოქტორმა გელამ.
-დოქტორო გელა, იქნებ ნოე არც არასოდეს ყოფილა ? მე კიდევ აგერ გახლავართ, ვერ მხედავთ ? - დამცინავად უპასუხა დოქტორმა ლაძმა.
-ხო კაი ! გეყოფათ ეხლა ! - აგდებულად წამოიძახა დოქტორმა ვირმა.
-და რაც შეეხება 4000 წელს, ას უკვე მოგახსენეთ. აგრეთვე მათემატიკურად გამართლებული რიცხვია 4000, რადგან დამრგვალებულია და საერთოდ რამ მოგაფიქრებინათ მაგ შეკითხვის დასმა დოქტორო გელა ? - დოქტორ ლაძს აშკარად ბრაზი მოაწვა - თქვენის აზრით იმ აბდა-უბდა ბიბლიის გარდა არაფერი არსებობს ქვეყანაზე ? ეტყობა არასოდეს გიფიქრიათ ღრმად ამ თემაზე. თქვენის აზრით პირამიდები ვინ ააშენა ? მილიონობით მონებმა, რომლებიც იმ საშინელ სიცხეში მუშაობდნენ და ეზიდებოდნენ ისეთი მასის ქვებს და აშენებდნენ ისეთ გრანდიოზულ შენობებს, რომელთა აშენება დღევანდელი ტექნოლოგიებითაც შეუძლებელია ?
არა დოქტორო გელა, ის პირამიდები მართალია შორეულ წარსულში აშენდა, მაგრამ ისეთ შორეულ წარსულში, რომ ჩემი თეორიის თანახმად ის მომავალია და არა წარსული.

აქ დოქტორ გელას თვალები წამოენთო.
-მოიცადეთ, მოიცადეთ... ესე იგი თქვენ იძახით რომ პირამიდები მომავალში აშენდა ?
-დიახ, დიახ...
-და ასევე თქვენი თეორიის თანახმად, როდესაც დროსი ისარი 4000 წელს მიუკაკუნებს, ჩვენ ყველანი - ადამიანები, საერთოდ გავქრებით არა ?
-დიახ, დიახ... და გაჩნდება ახალი ადამი და ევა... - დამცინავად დაუდასტურა დოქტორმა ლაძმა.
-მაშასადამე ჩემო ჭკვიანო დოქტორ ლაძ, ადამიანები თუ გაქრებიან, მათი შექმნილი ყველა საგანი უნდა გაქრეს ან თავის პირვანდელ სახეს დაუბრუნდეს, არა ? აბა ეხლა ამიხსენით დოქტორო ლაძ, რანაირად მოხდა ჩვენთან 21-ე საუკუნეში მომავლის პირამიდები ?
-თურმე რას მეკითხებით დოქტორო გელა... აქ უკვე საქმე გვაქვს პარალელურ სამყაროებთან, დროის გადახვევებზე, სივრცისა და დორის შეუსაბამოებაზე, ან ცდომილებებზე, რომლებმაც შეიძლება ისეთი უჩვეულო მოვლენა გამოიწვიოს, რომ ნებისმიერი გენიოსი გაკვირვებაში მოიყვანოს... ამის ნათელი მაგალითია პირამიდები.
-მემგონი შეცდომებს უშვებთ დოქტორო ლაძ - ირონიულად გაიღიმა დოქტორმა გელამ.
-თუ გგონიათ რომ ეხლა ვიგონებ ყველაფერს ამას, ა ბატონო ! ინებეთ ჩემი ნაშრომი და გადაიკითხეთ ! მანდ წერია ყველაფერი დაწვრილებით - და დაახლოებით ათას ხუთასი თაბახის ფურცელი საქაღალდეში გახვეული, მაგიდაზე გაუცურა.
-თუ კაცი ხარ ! ამას რა გადაიკითხავს ! - წამოიძახა დოქტორმა ვირმა.

დოქტორმა ლაძმა თვალი გადაავლო აუდიტორიას და საერთო შეკითხვა დასვა:
-ბატონებო, შეკითხვა ხომ არ დაგებადათ რამე, ან რაიმე ხო არ არის გაუგებარი ?
-დიახ, დიახ... - არ დააყოვნა დოქტორმა ვირმა - ჩემთვის გასაგებია ყველაფერი ერთის გარდა...
-დისმენთ!
-ჩემთვის გაუგებარია, რატომ ჩაიყარეთ ჩაიში ოთხი კოვზი შაქარი ?
-ამას შემდეგში მოგახსენებთ...

და მოულოდნელად ფეხზე წამოდგა დოქტორი ლაო, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად იყო.
-ნება მიბოძეთ ბატონებო წარმოვადგინო ჩემი ნაშრომი - წარმოთქვა მან, საქაღალდე გახსნა და ყველას დაურიგა თითო-თითო შეკვრა ქაღალდები. დაახლოებით 3000 ფურცლიანი ეგზემპლარები სავსე იყო : ნახაზებით, სქემებით, ფორმულებით და ყველაზე ნაკელბად შეგხვდებოდათ სიტყვები. თანაც შემოკლებული სიტყვები, როგორებიცაა : "ე.ი." , ან "ა.შ." , ან "ე.მ.ძ." , ან სულაც "დ.ტ.მ.შ."...
-გისმენთ ჰა ! - წამოიძახა დოქტორმა ვირმა.
-ბატონებო, როგორც წინა სხდომაზე მოგახსენეთ, - წამოიწყო დოქტორმა ლაომ - დღეს მე უნდა წარვადგინო ნაშრომი "ადამიანი რობოტი"!
-დიახ, დიახ... გვახსოვს...
-მე შემიძლია მოკლედ აგიხსნათ ამ ადამიანის აგებულება, ხოლო შემდეგ როდესაც მაგ ნახაზებს და ფორმულებს გადახედავთ თქვენთვის ყველაფერი ცხადი იქნება.
-ჩვენ მზად ვართ მოგისმინოთ - გაამხნევა დოქტორმა გელამ.
-დიახ! მე დოქტორმა ლაომ, ძირფესვიანად შევისწავლე ბიოლოგია და კერძოდ ანატომია, ადამიანის მთლიანი აგებულება და ამ მეცნიერებაზე დაყრდნობით შევადგინე ადამიანის ტვინის ელექტრული სქემის მოდელი ! რომელიც წარმოდგენილია ჩემს ნაშრომში.

ყველანი დადუმდნენ. დოქტორი ლაძი ხარბად ეწეოდა ნახევარ პაპიროსს და ცალი თვალი დოქტორი გელასკენ ეჭირა. ამ უკანასკნელმა დაარღვია დუმილი.
-თუ შეიძლება, უფრო დეტალურად აგვიღწერეთ, როგორი იქნება თქვენს მიერ შექმნილი ადამიანი ? - და შემდეგ დაამატა - ...რობოტი...
-ჩემს მიერ შექმნილი "ადამიანი რობოტი", იქნება ზუსტად ისეთი როგორიც მე მინდა, რა თქმა უნდა თავიდა, ხოლო მერე განვითარდება თავისით, აირჩევს ცხოვრების გზას და ჩვეულებრივად, როგორც ჩვენ ვარსებობთ ისე იარსებებს. აგრეთვე მე შემიძლია ჩემს მიერ შექმნილ ადამიანს მივცე მაგალითად მარტო საშუალო განათლება, ან ზოგადი განათლება, ან უმაღლესი განათლება, ან ფიზიკური ამტანობა და ა.შ. მე შემიძლია შევქმნა ნებისმიერი ტიპის ადამიანი !

სხდომაზე კვლავ დუმილი ჩამოწვა.
დუმილი კვლავ დოქტორმა გელამ დაარღვია.
-პატიოსანი ადამიანის შექმნაც შეგიძლიათ ?
-დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ღირს...
-რატომ ? როგორ თუ არ ღირს ?
-დოქტორო გელა, გადახედეთ ჩემს ნაშრომს და მიხვდებით რომ 165-ე ფორმულის თანახმად, გარდამავალ პროცესებში, ტვინის 258-ე ქვესქემის მეოთხე კვანძში დაენის ცვლილებამ, ანუ პატიოსნების აგზნებამ, შეიძლება გამოიწვიოს ძაბვების რეზონანსი, რაც რა თქმა უნდა გამოიწვევს სიხშირის ცვლილებას, ან ძაბვის ვარდნას და ასეთ შემთხვევაში "ადამიანი რობოტი", ყველაზე უკეთეს ვარიანტში კომაში ჩავარდება და მთელ ცხოვრებას კომაში გაატარებს, 98% კი გულის შეტევით მოკვდება, რადგან 258-ე სქემა პირდაპირ მიერთებულია 306-ე სქემაზე, რომელიც გულის ერთ-ერთ მთავარ ქვესქემას წარმოადგენს. ამ სქემაზე დაუშვებელია ყოველგვარი ძაბვის ვარდნა და სიხშირის ცვლილება...
-გასაგებია, გასაგებია... - დამაჯერებლად ჩაილაპრაკა დოქტორმა გელამ.
-რადგან გასაგებია, მივუბრუნდები მთავარ პრობლემას. ბატონებო, მთავარი პრობლემა მდგომარეობს შემდეგში, ეს ყველაფერი რაც ჩემ ნაშრომში წერია, სრული ჭეშმარიტებაა, თეორიულად გამართული, იდეალური ნაშრომია, მაგრამ, მაგრამ.... დღევანდელი ხელსაწყოებით, ტექნოლოგიებით და ტექნიკური ნაწილებით შეუძლებელია ისთი ტვინის აწყობა, რომელიც ზუსტად თუ არა დაახლოებით მაინც იქნება ადამიანის თავის ტოლი, გეომეტრიულ ზომებს ვგულისხმობ... რადგან ჩემს მიერ შექმნილ ადამიან რობოტს დასჭირდება უზარმაზარი ფართი. ჩვენ უნდა ვეძებოთ ამ ზომების შემცირების გზები, რათა პრაქტიკულად შესაძლებელი იყოს ჩემი თეორიის განხორციელება...
-დოქტორო ლაო, მემგონი რომ რაღაც შეცდომა უნდა გქონდეთ აქ - ნელა წარმოთქვა დოქტორმა ლაძმა, ფურცლებში ჩაყვინთული თავი ასწია, სათვალე მოიხსნა და თვალებმოჭუტულმა გამჭოლი მზერა ესროლა დოქტორ ლაოს.
-დოქტორო ლაო, თქვენ შვილები არ გყავთ ? - ჰკითხა მას დოქტორმა გელამ.
-მყავს... - საცოდავად წარმოთქვა მან.
-მერე არ...
-დოქტორო ლაო, მე მომისმინეთ - შეაწყვეტინა დოქტორ გელას სიტყვა დოქტორმა ლაძმა. - შეცდომაა მეთქი,860-ე გვერდზე, 65-ე სქემაზე გიწერიათ, რომ მოკლე ჩართვის ძაბვა წინაღობას უდრისო...
-დიახ,დიახ.. შემდეგ ?
-შემდეგ ? რაღა შემდეგ ? ვერ ხვდებით თქვენს შეცდომას ?
-ვერ გამიგია რა არის მაგაში გაუგებარი, რომ მოკლე ჩართვის ძაბვა უდრის რეაქტიულ წინაღობას! - აგდებულად წამოიყვირა დოქტორმა ვირმა.
-დოქტორო ვირ, თუ შეიძლება დაწყნარდით - შესთავაზა დოქტორმა ლაძმა.
-დიახ, გისმენთ... რა არის შეცდომა ? - დაბნეულმა იკითხა დოქტორმა ლაომ.
-რა არის და... დოქტორო ლაო, როგორ შეიძლება წინაღობა ძაბვის ტოლი იყოს ?

დოქტორი ლაო მთლად დაიბნა. აიღო ერთ-ერთი ეგზემპლარი და 860-ე გვერდის ძებნა დაიწყო. შემდეგ როგორც იქნა მონახა და თავიდან ბოლომდე რომ ჩაიკითხა სავარძელში მექანიკურად ჩაეშვა, ცივმა ოფლმა დაასხა, შუბლზე ძარღვები დაებერა და ლოყები ოდნავ აუტოკდა. სახეაწითლებული ნერვულად ათვალიერებდა ფურცლებს და ისეთი სახე ჰქონდა თითქოს არც არაფერს ეძებსო. ბოლოს ხელებიც აუთრთოლდა, თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა. მოულოდნელად, ხელების სწრაფი მოძრაობით მთელი ნაშრომი ნაკუწებად აქცია, თან ხელებს კბილებსაც ახმარდა, საშინლად იღრინებოდა და ალაგ-ალაგ უცნაურ ბგერებს გამოსცემდა.
დოქტორმა ლაძმა ამასობაში დრო იხელთა, საშაქრეს ეტაკა და მთელ შაქარს ხახაში გადაუძახა.
დოქტორმა ვირმა ფურცლები მაგიდაზე მოაქუჩა და ცეცხლი წაუკიდა, მაგრამ მისთვის შეუმჩნევლად, როდესაც ფურცლებს უკიდებდა, ტანსაცმლის მარჯვენა სახელოზეც მოეკიდა ცეცხლი. ცოტა ხანში მთელს სხეულზე მოედო და როდესაც შენიშნა რომ იწვოდა, წამოხტა და მაგიდის გარშემო დაიწყო სირბილი, თან საშინელ ხმაზე იგინებოდა მეგრული სიტყვებით. დოქტორ გელას ყველაფერ ამის შემყურეს გული წაუვიდა.
ცოტა ხანში ოთახში შემოცვივდნენ თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ხალხი, სათითაოდ სტაცეს ყველას ხელი და გარეთ გაათრიეს.
დოქტორი ლაძი საშინლად ჯღაოდა:
-არააააა... არ მინოდა ოთხი კოვზიიი !!! არ მინდოდაააა.... !!
დოქტორ ვირს სამი კაცი ეტაკა, ჯერ სქელ ნაჭერში გაახვიეს, ჩააქრეს ხოლო შემდეგ ისიც ოთახიდან გაათრიეს.
დოქტორი ლაო უცბად დამშვიდდა, წამოდგა და თავისით გაჰყვა თეთრტანსაცმლიან ხალხს, ხოლო დოქტორი გელა საკაცით გაიტანეს.


მთავარმა ექიმმა თითოეული თანამშრომელი გააფრთხილა : მეორეჯერ არ განმეორებულიყო მსგავსი ფაქტები. მან აგრეთვე აკრძალა პაციენტის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედი კინოფილმების ჩვენება მათთვის. სასტიკად უსაყვედურა თანამშრომლებს ასანთისა და საშაქრის უმეთვალყურეოდ დატოვება.
ამის გარდა მთავარმა ექიმმა წერილი გაგზავნა ჯანდაცვის სამინისტროში მოთხოვნით, რათა უფლება მიეცათ დამამშვიდებელი წამლების ორმაგი დოზის გამოყენებაზე.


--------------------------------------

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები