ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: პალადა
ჟანრი: თარგმანი
9 ოქტომბერი, 2017


ძიუნიტირო ტანიძაკი / სვირინგი

ძიუნიტირო  ტანიძაკი / სვირინგი
Junichiro  Tanizaki / The  Tattooer
.
იმ  დროში... ქარაფშუტობა  ითვლებოდა  უშუალო  ხასიათის - სირბილედ... და  ცხოვრება  იყო  იოლი, გაცილებით  იოლი, ვიდრე  დღეს - გაუთვალიწინებელი  მოვლენებისა  და  რადიკალური  ცვლილებების  ეპოქაში. დიახ, იყო  ისეთი  გადაპრანჭული  დღესასწაულების  საუკუნე... როცა - მჭერმეტყველება, უდარდელი, მაამებელი  მასხარებისა, ცნობილი  და  მდიდარი  ხალხის  გუნება - გაწყობისთვის  იყო  განკუთვნილი  და  რაღა  თქმა  უნდა, სასახლის  კარის  დიდებული  ქალბატონებისა, თუ  გეიშების  გასამხიარულებლად. ხოლო  სათაყვანო  გმირები: სადაკურო, ძირაია  და  ნარუკამი... ილუსტრირებული  რომანების  ფურცლებზე  და  თეატრალურ  წარმოდგენებში - ქალებს  ანსახიერებდნენ...

მაშინ, სილამაზე  მოიაზრებდა: ძლიერებას, ხოლო  სიუშნოვე: სისუსტეს. ადამიანები, სილამაზის  გამო  ყველაფერზე  მიდიოდნენ; უკან  არაფერზე  იხევდნენ... შეჰყავდათ  რა  კანქვეშ - შხამიანი  საღებავების  ნაზავი  და  უცნაური  ფორმისა, თუ  შინაარსის  მქონე  ფერად - ფერადი  ნახატებით  იფარავდნენ  თითქმის  მთელ  სხეულს. ამდენად, მხიარული  კვარტლის - ედოს  მუშტრებიც, თავიანთი  პალანკინებისთვის, მხოლოდ  ნაირფერი  სვირინგებით  მოხატულ  მტვირთავებს  ქირაობდნენ; აგრეთვე, ქალები  იოსივარიდან  და  ტაცუმიდან  გაცილებით  კეთილგანწყობილნი  იყვნენ - მოსვირინგებულთა  მიმართ. ამგვარი  სამშვენისების  მოყვარულთა  შორის  იყვნენ: არა  მარტო  აზარტული  მოთამაშეები, მეხანძრეები  და  სხვა  მსგავსი  წვრილფეხობა... არამედ  ფრიად  პატივცემული  მოქალაქენიც... და  ზოგჯერ - თვით  სამურაებიც  კი. დროდადრო  რიოგოკუში  ეწყობოდა  ჩვენებები, სადაც  მონაწილეები  ამაყად  იწონებდნენ  თავს  ახალ - ახალი  სვირინგებით; ერთმანეთს  უქებდნენ  სამშვენისებს  და  მთელი  სერიოზულობით  მსჯელობდნენ  ნახატების  ავ - კარგზე...

იმ  დროში  ცხოვრობდა... უჩვეულო  ოსტატობის  მქონე  ახალგაზრდა  მესვირინგე, სახელად  სეიკიტი. მისი  შედარება  შეიძლებოდა  მხოლოდ  ისეთ  ოსტატებთან, როგორებიც  იყვნენ: ტიარიბუნი  ასაკუსიდან, ან  იაცუჰეი  მაცუსიმა - მატიდან. ათობით  ადამიანის  კანი  აბრეშუმივით  ეფინებოდა  მისი  ფუნჯის  ქვეშ, შემდეგ  კი - ნემსისა. მას  ეკუთვნოდა  უმრავლესობა  ნამუშევრებისა, რომელნიც  საყოველთაო  აღრფთოვანებას  იმსახურებდნენ - სვირინგების  გამოფენებზე. დარუ - მა  კინი  განთქმული  იყო: დახვეწილი  რეტუშით... კარაკუსა  გონტა: მეწამურ  ფერთა  სიხასხასით... სეიკიტი  კი, განთქმული  იყო: განუმეორებელი  სტილითა  და  მხატვრული  სინატიფით.
ადრე, სეიკიტი, ტოიოკუნისა  და  კუნისადის  უკიიო - ე  სკოლის  მხატვარი  იყო. ხოლო  მას  შემდეგ, რაც  მაღალი  ხელოვნება  მესვირინგის  ხელობაში  გაცვალა, დაგროვილი  გამოცდილება კი, უკვე  თავს  იჩენდა, ნამუშევრის  ზედმიწევნით - დახვეწილ  შესრულებასა, თუ  ფერთა, განსაკუთრებულ, ჰარმონიულ  შეხამებაში. ისინი, ვისი  კანი  და  აღნაგობაც  არ  მოსწონდა... ვერანაირი  თანხით  ვერ  შესძლებდნენ  სეიკიტის  დაყოლიებას. ხოლო  ვის  მოსვირინგებასაც  ინებებდა, უსიტყვოდ  უნდა  მინდობოდა  ოსტატს, რომელსაც  თავად  უნდა  შეერჩია  ნახატი  და  დაესახელებინა  სასურველი  ფასი, რომ  შემდეგ: მთელი  თვე, ზოგჯერ  კი - ორიც, აეტანა  მისი  ნემსით  მიყენებული  აუტანელი  ტკივილი.

სულის  სიღრმეში, სეიკიტი  იდუმალ  ნეტარებას  განიცდიდა  და  ერთი  სანუკვარი  ოცნებაც  ჰქონდა. მას  სიამოვნებას  ანიჭებდა  იმ  საბრალოების  კრუნჩხვა - კვნესა, რომელთაც  ნემსით  ჩხვლეტდა; უშანთავდა რა - შეშუპებულ, ალაკრულ  ხორცს. და  რაც  უფრო  ხმამაღლა  კვნესოდა  მისი  მსხვერპლი, მით  უფრო  მეტად  ნეტარებდა  მტანჯველი. უდიდეს  სიამოვნებას  კი  ჰგვრიდა  ყველაზე  მტკივნეული  პროცედურები: რეტუშის  დადება  და  კანის  კინოვარით  გაჯერება...
მას  შემდეგ, რაც  გადაიტანდნენ: ხუთ, ან  ექვს  ასეულ  ჩხვლეტას, ჩვეულებრივ - დღის  სეანსის  განმავლობაში, შემდეგ  კი  ორთქლის  აბაზანას  მიიღებდნენ; საღებავის  უკეთ  გამოსავლენად... ყოველი  მათგანი, სიქაგამძვრალი, ცოცხალ - მკვდარი  ეცემოდა  სეიკიტის  ფეხებთან.
მხატვარი  გულგრილად  დაჰყურებდა  ამ  უბადრუკ  სანახაობას:
- "დავიჯერო, მართლაცდა  გტკივათ?!", კმაყოფილი  ღიმილით - აღნიშნავდა  იგი.
როცა  განაწამები  ტკივილისგან  ყვიროდა, ან  სიმწრისგან  კბილს  კბილზე  აჭერდა; ტანჯვას  კი  ისე  დაემანჭა - თითქოსდა  აგონიაში  ყოფილიყოს, სეიკიტი  ეუბნებოდა:
- "მისმინეთ, თქვენ  ხომ  ედოკო(*წარმოშობით  ედოელი, ანუ  ტოკიოელი)  ხართ?!"... "თანაც, ჯერ  ბწკენაღა  თუ  გიგრძვნიათ"... და  ძველებურად  აგრძელებდა  მუშაობას - აუღელვებლად; კმაყოფილი  სახით  დაჰყურებდა  რა - მსხვერპლის  ცრემლით  დანამულ  ღაწვებს.
ზოგიერთი  მათგანი, შედარებით  თავმოყვარე, ძალამოკრებილი  ითმენდა  მწარე  ტკივილს, არ  აძლევდა  რა  თავის  თავს - წარბშეკვრის  ნებასაც  კი. ასეთ  შემთხვევაში, სეიკიტი  მხოლოდ  ირონიულად  იცინოდა; ქათქათა  კბილების - ბასრი  ელვით...
- "აჰ, შე  ჯიუტო!" "ესე  იგი  არ  გინდა  გატყდე?!"... "კარგი  მაშინ, ვნახოთ!"... "მალე  სიმწრისგან  ოთხად, რომ  მოიკეცები... დარწმუნებული  ვარ: ამას  უკვე, რომ  ვეღარ  გაუძლებ!"
აი, უკვე  მერამდენე  წელია - ერთი  ოცნებით  ცხოვრობდა  სეიკიტი... ნატრობდა: შეექმნა  ნამდვილი  ხელოვნების  ნიმუში, უმშვენიერესი  ქალის  სხეულზე; რომ  მასში  ჩაექსოვა  მთელი  სული  და  გული. ამისათვის  კი, უპირველეს  ყოვლისა, უმნიშვნელოვანესი  იყო - ქალის  შინაგანი  სამყარო; მხოლოდ  მშვენიერი  სახე  და  ლამაზი  ტანი - ნამდვილად  არ  იყო  საკმარისი. მან  გულმოდგინედ  შეისწავლა  ედოს  მხიარული  კვარტლების  ყველა  ცნობილი  ლამაზმანი, მაგრამ  სამწუხაროდ, ვერცერთი  ვერ  აკმაყოფილებდა  მის  მოთხოვნებს. გავიდა, უშედეგო  ძიების, რანდენიმე  წელიწადი... წარმოსახვაში  არსებული - სრულყოფილი  ქალს  სახება  კი, ძველებურად  უჩქროლებდა  გულს  და  კვლავინდებურად  უღვივებდა  იმედის  ნაპერწკალს.

ერთხელ, ზაფხულის  საღამოს, უკვე  ოთხი  წლის  უშედეგო  ძებნა - ძიების  შემდეგ, სეიკიტი, თავის  სახლთან  ახლოს - ფუკაგავეში, რესტორან "ჰირასეის" მხარეს  მიდიოდა, როდესაც  დაინახა: კარიბჭესთან  მომლოდინე  პალანკინის  ფარდაგიდან  გამომზირალი, საოცარი  სიმშვენიერის, თოვლივით  ქათქათა - ქალის  შიშველი  ტერფი... სეიკიტის  მახვილ  თვალს, ადამიანის  კიდურები - არანაკლებს  ამცნობდა, ვიდრე  თვალები  და  სახე. ის კი, რაც  მან  დაინახა, ნამდვილი  სრულყოფილება  იყო; ჩამოსხმული  ფეხის  თითები, ნატიფი  ფრჩხილები - ენოსიმას  სანაპიროს  ნიჟარების  სადაფის  მსგავსი... მრგვალი, სალუქი - მარგალიტის  დარი  ქუსლები... ატლასივით  მბზინავი  კანი, თითქოსდა  მთის - ბროლის  ჩანჩქერებში  ნაბანი. დიახ, ეს  ფეხი  ნამდვილად  იყო  ღირსი - მისთვის  დაღვრილ  სისხლში  გაევლო... შემდეგ  კი - მებრძოლების  ძირს  განრთხმული  სხეულებისთვის  გადაებიჯებინა. მხატვარი  მიხვდა, რომ  ეს  უმშვენიერესი  ტერფი  შეიძლება  ეკუთვნოდეს - მხოლოდ  იმ  ერთადერთ  ქალს, რომელსაც  იგი  ამდენი  წელია  ეძებდა. სუნთქვაშეკრული, იმ  იმედით, რომ  უცნობი  ქალის  სახეს  იხილავდა, უკან  აედევნა, მაგრამ  გაიარეს  რა - რამდენიმე  კვარტალი, უცბად  დაკარგა  პალანკინი  თვალთა  ხედვიდან.

სეიკიტის  სანუკვარი  ოცნება - მწველ  ვნებად  გადაიქცა. და  აი, ერთხელ, ამ  შეხვედრიდან  ერთი  წლის  შემდეგ, გვიან  გაზაფხულზე, ფუკაგავაში - საგას  კვარტალში, ოსტატი  უთენია  გამოსულიყო  თავის  სახლის  ბამბუკის  ვერანდაზე  და  ქოთნებში  მოღაღანე  ომოტოს  შროშანების  ცქერით  ტკბებოდა... მოულოდნელად, რომ  გაისმა  ჭიშკრის  საკეტის  ჭრიალი. ბაღის  კუთხიდან  გოგონა  გამოჩნდა. დრაკონებითა  და  გველეშაპებით  მოხატული  ჰაორის  მიხედვით, მან  დაასკვნა, რომ  ნაცნობი  გეიშას  მიერ  გამოგზავნილი  შიკრიკი  უნდა  ყოფილიყო.
- "დაიკომ, ეს  კიმონო  თქვენთან  გამომატანა  და  შემოგითვალათ: მოგეხატათ  მისი  შიდა  მხარე"... უთხრა  გოგონამ, გახსნა  რა - ზაფრანის  ფერი  შეკვრა; ამოიღო  ქალის  აბრეშუმის  კიმონო(გახვეული  ქაღალდის  სქელ  ფურცელში; მსახიობ - ტოძიაკუ  ივაის  პორტრეტით) და  წერილი.
წერილი: თხოვნას  ადასტურებდა, ამასთანავე  აცნობებდა, რომ  ამბის  მომტანი  მალე  თავად  გახდებოდა  გეიშა  და  იმედოვნებდა, რომ  სეიკიტი, პატივს  დასდებდა  რა - მათი  დიდი  ხნის  მეგობრობას, უარს  არ  ეტყოდა  გოგონასთვის  პროტექციის  გაწევაზე.
- "არსად  მინახიხარ  ადრე?... ამ  ბოლო  დროს, ხომ  არ  შემოგივლია  ჩემთან?" - ჰკითხა  მხატვარმა; თან  რომ, ყურადღებით  შეისწავლიდა  სტუმრის  გარეგნობას.

გარეგნულად, გოგონა  თხუთმეტი - თექვსმეტი  წელისას  თუ  ჰგავდა, მაგრამ  მისი  სახე  შემკული  იყო  უჩვეულო, ჩამოყალიბებული  სილამაზით... თითქოსდა  უკვე  მრავალი  წელი  ჰქონდა  გატარებული  მხიარულ  კვარტლებში; თითქოსდა  უკვე  ეცდუნებინა - ათობით  ცოდვილის  სული. იგი, ღირსეული  მამაკაცებისა  და  მომხიბვლელი  ქალების  მთელი  რიგი  თაობების  ჯადოსნურ  გაგრძელებას  გავდა, რომელთაც  ეცხოვრათ  და  გარდაცვლილიყვნენ  ამ  უზარმაზარ  დედაქალაქში, სადაც  თავი  მოეყარა  ყოველგვარ  მანკიერებასა  და  მთელ  სიმდიდრეს - ერისას.
ოსტატმა  გოგონა  ვერანდაზე  დასვა  და  მისი  ნატიფი, შიშველი  ფეხების  თვალიერებას  შეუდგა... (თუ  არ  ჩავთვლით: მსუბუქ, ჩალის - "ბინგო" სანდლებს).
- "შარშან, ივლისის  თვეში, ხომ  არ  მოგიხდა, ჰი - რასეადან  პალანკინით  გამგზავრება?", ჰკითხა  მან!
- "შესაძლოა"... უპასუხა  გოგონამ; ღიმილი  მოჰგვარა  რა, მისმა  უცნაურმა  შეკითხვამ.
- "მამაჩემი  სანამ  ცოცხალი  იყო, ხშირად  დავყავდი  თან, ჰირასეაში."...
- "აი, უკვე  ხუთი  წელია  გელოდები!"... "დიახ, დიახ, შენს  სახეს  პირველად  ვხედავ, მაგრამ  მე  დამამახსოვრდა  შენი  მშვენიერი  ტერფი!"... "მისმინე, რაღაცა  მინდა, რომ  გაჩვენო"... "მოდი  ავიდეთ  ჩემთან - ერთი  წუთით!"...

მხატვარმა  ხელი  მოჰკიდა  გოგონას, რომელიც  უკვე  წამომდგარიყო  დასამშვიდობებლად, და  მეორე  სართულზე  აიყვანა - თავის  სახელოსნოში, საიდანაც  წყალუხვ  მდინარეზე  იშლებოდა  ხედი. მან  თაროდან  ჩამოიღო  ორი  ტილოს  გრაგნილი  და  ერთ - ერთი  მათგანი  გაშალა. სურათზე  გამოსახული  იყო: ჩინელი  დიდგვაროვანი  ქალი, რჩეული - იმპერატორ  ჩუსი; შანების  დინასტიიდან. ყმაწვილი  ქალი, თითქოსდა  ქანცგაეწყვიტა  ოქროს  გვირგინის  სიმძიმეს, უხვად, რომ  მოეოჭვათ  მარჯნებითა  და  ლიაფ - ლაზურიტებით; ალბათ, ამიტომ  თუ  დაყრდნობოდა  ქვის  მოაჯირს. მისი  მდიდრულად  მორთულ - მოკაზმული  კაბის  კალთები  კი, კიბის  საფეხურებზე  იყო  მიმოფენილი. მარჯვენა  ხელით  ღვინის  მოზრდილი  თასი  მიჰქონდა  პირთან; თან  უმზერდა  რა, სიკვდილით  დასჯის  სამზადისს - სასახლის  ბაღში. მსხვეპლი, ტან - ფეხიანად  მიეჯაჭვათ  სპილეძის  ბოძზე, რომლის  წიაღშიც  ცეცხლი  უნდა  დანთებულიყო. პრინცესას  წინ  მოდრეკილი, თავდახრილი  მამაკაცის  სახის  გამომეტყველება, რომელიც  უკვე  დამორჩილებოდა  თავის  ბედს... გასაოცარი  ოსტატობით  გადმოეცა - ავტორს.

როგორც  კი  შეხედა  გოგონამ  ამ  უცნაურ  სურათს, თვალები  უნებურად  გაუბრწყინდა  და  ტუჩებიც  მყისვე  აუთრთოლდა. მისი  სახე, გასაოცრად  დაემსგავსა  ტილოზე  გამოსახულ  ქალს. ნახატში, მან  იპოვა  თავისი  ფარული: "მე"!
- "ამ  ტილოზე  ასახულია  შენი  სული!" - თვითკმაყოფილი  ღიმილით, თვალმოუშორებლად  წარმოსთქვა  მხატვარმა.
- "რატომ  მეუბნებით  ასეთ  საშინელებას?!" - შეანათა  გოგონამ, გაფითრებული  სახე.
- "ქალი, სურათზე - შენ  ხარ!"... "მისი  სისხლი  შენს  ძარღვებში  სჩქეფს!"...
ისე, რომ  ატუმრისთვის  თვალი  არ  მოუშორებია - მეორე  გრაგნილი  გაშალა. სურათს  ერქვა: "ამაოება". მასზე  ქალი  იყო  გამოსახული, რომელიც  საკურას  მიჰყრდნობოდა  და  ტკბებოდა  თავის  ფეხებთან  დაყრილი, უთვალავი  მამაკაცის  უსიცოცხლო  გვამის  ცქერით. გვამთ  თავს  დასტრიალებდა  ფრინველთა  გუნდი - გამარჯვების  ჰიმნის  ჟრიამულით. ქალს, თვალები  უსაზღვრო  სიამაყითა  და  სიხარულით  გაცისკროვნებოდა.
გოგონას  სახეზე  ეწერა, რომ  მას  თავის  თავში  აღმოეჩინა  ის  იდუმალი, თუ  სანუკვარი... ასე  ღრმად, რომ  მიმალულიყო, სადღაც, სულის  მიუწვდომელ  კუნჭულში...
- "რა  არის  აქ  გამოსახული, ბრძოლის  ველი, თუ  აყვავებული  ალუბლის  ბაღი?!"...
- "ამ  სურათზე, შენ  ხედავ  საკუთარ  მომავალს!"... "დღეიდან, მამაკაცები  ზუსტად  ასევე  გასწირავენ  სიცოცხლეს  შენი  გულისთვის!" - სთქვა  ოსტატმა, მიუთითა  რა - ცბიერი  ქალის  გამოსახულებაზე, რომელიც  წვეთი  წყალივით  ჰგავდა  გოგონას.
- "თითქოსდა  საკუთარ  თავს  ვხედავდე - სხვა  ცხოვრებაში"... "ოჰ, გთხოვთ, მოაშორეთ  ეს  ნახატები!"... იხვეწებოდა  იგი, გრაგნილებისგან  ზურგშექცეული, თითქოსდა  უნდოდა  გასცლოდა... რაღაც  უხილავ, ანდამატივით  მიმზიდველ  ძალას...
- "დიახ, გამოგიტყდებით, რომ  მართალი  ბრძანდებით: სულის  სიღრმეში - მეც  ასეთი  ვარ!"... "და  ამიტომაც  გევედრებით: მომაშორეთ  ნახატები!"... "მეტი - ნამდვილად  აღარ  შემიძლია!"...
- "ნუ  ღელავ!"... "სჯობს, უფრო  ყურადღებით  დააკვირდე!"...

- "შეიძლება, ჯერ  კიდევ  გაქვს  შიშის  გრძნობა, მაგრამ  ეს  მალე  გაგივლის!"... და  სეიკიტის  სახეზე, ჩვეულმა - ირონიულმა  ღიმილმა  გაიელვა.
გოგონა, იატზკზე  ჩაჩოქილი  და  კიმონოს  სახელოში  სახეჩარგული, იმეორებდა:
- "გთხოვთ, გამიშვათ!"... "არ  მინდა  თქვენთან  დარჩენა, მეშინია!"...
- "ცოტა  მოიცადე... მე  შენგან  ნამდვილ  მზეთუნახავს  შევქმნი!"... აღგზნებულმა  ჩაიჩურჩულა  მხატვარმა - თან  ფრთხილად  მიუახლოვდა  რა, გოგონას. მას  კომონოს  ქვეშ, მკერდთან, ჰოლანდიელი  ექიმის  მიერ  ნაბოძები, მათრობელა  სითხით  სავსე  პატარა  ქილა  ჰქონდა  დამალული.

მდინარის  ზედაპირზე  მზე  ოქროსფრად  ენთო... და  მისი  არეკლილი  შუქისგან, მთელი  სახელოსნო, თითქოსდა  ცეცხლის  ალში  იყო  გახვეული. სხივები, წყლის  ზედაპირიდან  სულ  სრიალ - ბზრიალით  მოლიცლიცებდნენ... ოქროს  ტალღებში, რომ  გაეხვიათ: ქაღალდის  მოხატული  ტიხრები  და  ღრმა  ძილს  მიცემული  გოგონას  სახე. მხატვარმა, ჩაკეტა  რა - კარი, ხელსაწყო  მოიმარჯვა, ჩამოჯდა  და  მოულოდნელად... აღფრთოვანებისგან  გაშეშდა. მთელი  სისრულით, მხოლოდ  ახლაღა  შეიგრძნო  ქალის  მომხიბლელობა. გაიფიქრა, რომ  შეეძლო  აი  ასე, ხმის  ამოუღებლად, მჯდარიყო  ათი  წელი, ასი  წელი, თუნდაც  მარად... და  მაინც  ვერ  იჯერებდა  გულს  ამ  მშვენიერი  სახის  ცქერით. და  ალბათ  ისე, როგორც  უძველესი  მემფისის  მცხოვრებლებმა  შეამკეს  ეგვიპტის  გასაოცარი  მიწა  პირამიდებით  და  სფინქსებით, იგი  აპირებდა: თავისი  სიყვარულით  შეემკო  გოგონას  აბრეშუმივით  კანი.
და  აი, მარცხენა  ხელით  ფუნჯი  აიღო  და  წვერით  ქალის  ზურგს  შეეხო... ხოლო  მარჯვენათი - ნემსი  მოიმარჯვა. ახალგაზრდა  ოსტატის  სული, თითქოს  სითხედ  იღვრებოდა  და  ნელ - ნელა  სქელ  საღებავებს  ერთვოდა, რომ  შემდეგ - სამუდამოდ  აღბეჭდილიყო  გოგონას  სხეულზე. თვითეული  წვეთი, გაზავებული  კინოვარის  სპირტით; რიუკიუს  კუნძულებიდან... მისი  სულის  ნაჟურს  უერთდებოდა... და  მისი  ვნება, თანდათან, სვირინგის  ელფერს  იძენდა.

მალე  შუადღე  მიიწურა  და  გაზაფხულის  წყნარი  დღე, შეუმჩნევლად, საღამოს  ბინდ - ბუნდმა  შეცვალა. ოსტატს  ერთხელაც  კი  არ  შეუსვენია; გოგონაც  არც  ერთხელ  არ  შეფხიზლებულა. გეიშას  ლაქია, რომელიც  მოვიდა  იმის  გასაგებად - თუ  რატომ  დააგვიანდა  შიკრიკს  დაბრუნება, მხატვარმა  უკან  გასიტუმრა: უთხრა  რა, რომ  იგი  დიდიხანია  უკვე  რაც  მისგან  წასულიყო.
როცა  მთვარემ, მდინარის  მეორე  ნაპირზე, რესტორან "ტიოსიუს" სახურავს  გადმოხედა; მოეფინა  რა, სანაპიროზე  მიმოფანტულ  შენობებს - ზეციურ  ნათებად... სვირინგი, ჯერ  კიდევ, სანახევროდაც  არ  იყო  მზად. სეიკიტი, უკვე  სანთლის  შუქზე  მუშაობდა - თავაუღებლად.
ნებისმიერი, თუნდაც  უმცირესი  ნაწილის  დამუშავება - მისთვის  არცთუ  იოლი  იყო. ყოველი  ნემსის  ჩხვლეტაზე, მხატვარი  ისე  ოხრავდა, თითქოსდა  ნემსის  წვერი  მას  უსერავდა  გულს. თანდათან... სვირინგი, უზარმაზარი  ობობის , "ძიროს" ფორმას  იღებდა. და  იმ  დროისთვის, ღამის  ცას, ნათელი, რომ  შეეპარა... ამ  უცნაურმა, ვერაგმა  არსებამ, თავისი  რვა  საცეცი  გოგონას  ბეჭებს  შემოაჭდო.
როცა  გაზაფხულის  ღამე  ცისკარმა  გაანათა... მდინარის  წელზე, ზემოთ - ქვემოთ  მოცურავე  ნავების  მოჭრიალე  ნიჩბების  ხმამ  ნისლი  გააფრთხო - სიოსგან  დაბერილი  თეთრი  აფრების  თავზე... და  მზის  სხივებმაც - მყისვე  ააბრდღვიალა  სახლის  სახურავები: ტიუსიუში, ჰაკოძაკსა  და  კუნძულ  როჰანზე.

გადადო  რა  ფუნჯი - გვერდზე; მხატვარი  გოგონას  ზურგზე  ობობის  ცქერით  ტკბებოდა. მისი  სული  ამ  სვირინგში  იყო  დატყვევებული. და  ახლა, როცა  უკვე  მუშაობას  მორჩა, მხოლოდ  სიცარიელესღა  გრძნობდა. ქალს, ჯერ  კიდევ  არ  ეტყობოდა  სიცოცხლის  ნიშანწყალი, როდესაც  გაისმა  სეიკიტის  დაბალი - ჩახრინწული  ხმა:
- "შენგან, რომ  ნამდვილი  მშვენება  შემექმნა... სვირინგში  მთელი  სული  და  გული  ჩავაქსოვე!"... "იაპონიაში, არ  მოიძებნება  ისეთი  ქალი, რომელიც  შენ  შეგედრება!"... "შენში  უკვე  გაუბედავობის  ნატამალიც  აღარ  არსებობს!"... "დიახ, ამიერიდან, ყველა  მამაკაცი  შენი  ფეხის  მტვრად  იქცევა!"... პასუხად, სუსტი  კვნესა  მოსწყდა  გოგონას  ბაგეებს. იგი, ნელ - ნელა  გონს  მოდიოდა. ყოველ  ჩასუნთქვაზე  და  ამოსუნთქვაზე, სანთლის  შუქზე, ავად  ირხეოდა გიგანტური "ძიროს" საცეცები.
- "ალბათ  სუნთქვა  გიჭირს!"... "ობობას  საცეცებში  ჰყავხარ  მოქცეული!"...
ამ  სიტყვებზე, გოგონამ  თვალი  გაახილა  და  დაბნეულმა  მიმოიხედა. გუგები  ნელ - ნელა  ენთებოდა; ისე, როგორც  საღამოს  ბინდში - სავსე  მთვარე  ივსება  შუქით. მისი  მოელვარე  მზერა... ოსტატის  სახეს  შეეყინა.
- "ჩქარა, მაჩვენეთ  სვირინგი!"... "და  თუ  თქვენ  ჩემთვის  საკუთარი  სული  არ  დაიშურეთ, ალბათ, მართლაც  ნამდვილ  მზეთუნახავად  ვიქეცი!"...
გოგონა, თითქოსდა  ძილისგან  ჯერაც  ვერ  გამოფხიზლებულიყო, მაგრამ  მხატვარმა, მის  ხმაში  უკვე  შენიშნა - ალესილი  მახვილი.
- "ჰო, მაგრამ... ჯერ  აბაზანის  მიღებაა  საჭირო... საღებავები, უკეთ, რომ  გამოვლინდეს."... "ეს  მტკივნეულია, მაგრამ  ცოტაც  უნდა  მოითმინო!" - დაიჩურჩულა  ოსტატმა.
- "თუ  ეს  გამალამაზებს, მზად  ვარ - ყველაფერი  ავიტანო!"... და  მიუხედავად  მტანჯველი  ტკივილისა, რომელიც  მთელ  სხეულს  უფლითავდა... გოგონამ  გაიღიმა.

* * *
- "აჰ, როგორ  მიჭამს  ცხელი  წყალი - კანს!"... "გთხოვთ, მარტო  დამტოვეთ!"... "ადით  სახელოსნოში  და  იქ  დამელოდეთ!"... "არ  მინდა, მამაკაცმა  მნახოს - ტკივილისგან  მოკეცილი!"...
აბაზანიდან  გამოსულს, იმის  თავიც  კი  არ  ჰქონდა, რომ  ტანი  გაემშრალებინა. ხელი  ჰკრა  რა, მხატვრის  დასახმარებლად  გამოწვდილ  ხელს, იატაკზე  ჩაკეცილი, განაწამები, ისე  იგრიხებოდა  და  კვნესოდა, თითქოსდა  დემონებს  ჰყავდათ  შეპყრობილი. გაწეწილი  თმები - შუბლზე  უწესრიგოდ  ეყარა. გოგონას  ზურგსუკან - სარკეში... ორი  ქათქათა  ქუსლი  ირეკლებოდა.
სეიკიტი  გაოგნებული  იყო  ცვლილებით, რომლიც  გუშინდელი  დღიდან, ქალში  მომხდარიყო... უსიტყვოდ  გაეცალა  და  სახელოსნოში  ავიდა.
სულ  რაღაც - ნახევარი  საათის  შემდეგ, ქალიც  ზემოთ  ამოვიდა... მოხდენილად  გამოწყობილს, საგულდაგულოდ  დავარცხნილი  თმა  მხრებზე  სცემდა. თვალებში  სრული  სიმშვიდე  ედგა, ტკივილის  კი - კვალიც  გამქრალიყო; ვერანდის  მოაჯირს  დაყრდნობოდა  და  გულგრილად  გასცქეროდა: ღრუბლების  ნაფლეთებით - ოდნავ  შეფიფქულ  ცას...
- "სურათებს, სვირინგთან  ერთად  გჩუქნი!"... "აი, აიღე  და  წადი"... მან  გოგონას  ორივე  გრაგნილი  წინ  დაუწყო.
- "საერთოდ  დავძლიე: ადრინდელი  გაუბედავობა!"... "და  თქვენ  ხართ  პირველი, ვინც  ჩემი  ფეხის  მტვერდ  იქცა!"... ქალის  თვალებმა - ალმასის  სამართებლებივით  გაიკვესა; მას  უკვე  ესმოდა, გამარჯვების  ჰიმნის  პირველი  აკორდები...
- "სანამ  წახვალ, კიდევ  ერთხელ  მაჩვენე  შენი  სვირინგი"... სთხოვა  ოსტატმა.
უხმოდ  დაუქნია  რა - თავი; მხრებიდან  მსუბუქად  გადაიძრო  კიმონო... დილის  მზის  სხივები  ალივით  მოეკიდა  ქალის  ბეჭებს... და  სვირინგი  ცეცხლისფრად  აგიზგიზდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები