ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
8 ოქტომბერი, 2017


კურუმ, კურუმ...


4  აგვისტო

- იყავით სულ ცოტათი ჯენტლმენი,  ახალგაზრდავ, თუ შეიძლება,  გამატარეთ!
- მიბრძანდით, ქალბატონო!
- ანზორ, ამომირჩიეთ, ისეთი რომ  ღირდეს სახლში მიტანად,  ტყუილად არ დამღალო  ამ სიცხეში!
- ქალბატონო ზეინაბ,  გაგიჭრათ,  თაფლივით ტკბილია!
- რომ გაჭრი და არ ივარგოს, მერე იმაზე უნდა ვიდარდო ზარალში  ჩავარდა  კაცი-მეთქი. შენც ისეთი ამირჩიე, რომ მეორეჯერაც მოვიდე!
- ახლავე, ნახეთ  აი, როგორ ზარივითა რეკამს, თავს დავდებ, ტკბილი იქნება!
- კარგი, ხო რაც არის არის, არაა  საჭირო საზამთროს გულისთვის  თავის დადება, სხვა უფრო ღირსეული საქმისათვის შემოინახე!  აი,  გამომართვი ფული!
- გემრიელად მიირთვით!
- ახალგაზრდავ, იმედია თქვენი საზამთრო ჩემზე უკეთესი არ იქნება?!
- აბა რა გითხრათ,  რაღა საზამთრო  გიყიდია და რაღა ლატარეა გითამაშიათ! 
- ვითომ და რატომ უნდა იყოს თქვენი უკეთესი?
- არა, ეს არ მითქვამს,  უბრალოდ  იცით ალბათ მჯობნის მჯობნი საზამთრო  არ დაილევა?!
- კარგია ანდაზების ხასიათზე თუ ხარ ამ სიცხეში,  ისე  ეს ანდაზა კაცზეა და  არ საზამთროზე! 
- ვიფიქრე  საზამთროზეც... 
- ხოდა  ზოგჯერ თქმითაც დაშავდების!
- ვინ იყო ეს ქალი?
- არ იცი?  ზეინაბ მასწავლებელი!


25 აგვისტო.

ღმერთო რა დავაშავე,  რატო არ ესმის  ჩემი მშობლებს,  მე ხო  ,,მამაო  ჩვენო“  სულ ზეპირად ვიცი და ბოლომდე ისე ვამბობ, ერთსაც არ  ჩავისუნთქავ.    როგორც ვატყობ,  ძალიან სიამოვნებთ ჩემი გაბრაზება!  თვის ბოლოს თბილისში მივდივართ, შენც უნდა წამოხვიდე  და იქ უნდა ისწავლოო!  მიდიხართ,  ხო მაგრამ იქნებ და  მე არ მოვდივარ! ახლა კიდე ჩემი მოსყიდვა უნდათ,  მეზობელს  ინგლისიდან  ახალი  სასკოლო ზურგჩანთა ჩამოატანინეს, როგორიც მინდოდა:  სქელი,  ხვლიკისფერი ნაჭრის  და  ოქროსფერი, მსხვილი ძაფებით  შეკერილი,    თან უამრავი ჯიბეებით , მოიცა დავთვალო,  რვა, მეცხრეც, ჯიბეზეც ჯიბე.  მაგარია. ხოდა ავიღებ ამ ჩანთას, ჩავაწყობ ჭადს, ყველს,  ცოტა კიტრს,  ვაშლს  და ბათუმში გავიპარები. მსოფლიოს რუკაც არ დამავიწყდეს, სადმე რომ არ გავიბნე. ან სად უნდა გავიბნე, დედამიწა ხო მრგვალია,  ვიარ,  ვიარ  მაინც უკან დავბრუნდები,  ხოდა დავბრუნდები სამოცი წლის მერე. მგონი სამოცი ბევრია, მაშინ  ბაბუა და ბებია ვერ მიცნობს!  მოდი,  ოც წელიწადში დავბრუნდები!  მაგრამ  მანამდე კი  ჯერ უნდა ავითესო, მიყარონ მერე კაკალი, მამალი  ინდოურივით, როგორ შემოსძახებენ,  რომ დავუსტვენ:  კურუმ, კურუმ...   
ფრთხილად უნდა ვიყვე, თორემ  ვინმე აუცილებლად დამინახავს,  რომ ჩანთით ხელში  სადღაც მივდივარ.  მერე ესენი, მზობლები  ხო ყველა შერლოკ ჰოლმსები არიან და  კონან დოილები? თუ დაგინახეს მტრისას,  ყველაფერს  გამოგკითხავენ, ვისი ხარ?  სა მიხვალ?  რეიზა?  სიმართლეს  ეტყვი და  დაიწყება ჭკუის დარიგება:  მამაშენმა რა თქვა,  გიშობს?  დედაშენმა ეს იცის?  ბებიაშენი ჭკუიდან ეიწევა,  ბაბუაშენს  წნევა  გლეჯს ან ინფარქტი გარანტირებული აქვს,  აფსებ ოჯახს?  ამიტომ სჯობს ღელე-ღელე  და ყანა-ყანა ვიარო და ცენტრალურ გზაზე ისე გავიდე.  ეს ხვიჩა,  კიდე, ვეუბნები,  არ გინდა სახლიდან წავიდეთ? -  რატო? – უკვირს!  არ მოგბეზრდა  ეს სკოლა და სწავლა, წავიდეთ  ქვეყანა მოვიაროთ. რა ქვეყანა მოვიარო, ახლა უნდა წავიდე და თხებს წყალი  დავალევინო და  გადავაბა!  - თხები  მოიცდის! - ვეუბნები.  რო გწყურია, შენ მოიცდი?  -  ვითომ  სიტყვაში მომიგო. ხოდა იყოს სახლში  და თხებს    მიხედოს!  მე კი  მთავარია  ბათუმამდე  ჩავაღწიო.  გემზე ავიპარო,  სულ ერთია  სატვირთო იქნება თუ  სამგზავრო, მთავარია დიდი იყოს, რომ ვერავინ შემნიშნოს, აბა პატარა ნავში ყველა დამინახავს!  გავყვები  და წავალ სადმე უცხო ქვეყანაში, სულ ერთია  სად! სადმე შორს, რომ არ დავინახო  ეს ჩემი  მოძალადე  მშობლები, ერთიც და მეორეც.  კიდე კარგი და-ძმა არ მყავს,  საცოდავები,  როგორ გაუძლებდნენ ამ ბარბაროსებს, თბილისში გააგრძელებ სწავლასო, მეუბნებიან,  მე თუ მინდა ამ თბილისში წამოსვლა,  არც კითხულობენ.  რა უნდათ ამ თბილისში,  რომ კითხო იხრუკება თბილისიო,  სუნთქვა არ შეიძლებაო,  ყველა ასე ამბობს, სოფლად რომ ჩამოდიან,  ანუ მეც უნდათ,  რომ დავიხრუკო.  ვერ მოგართვით! ვინმეს არ ეგონოს  რამის მეშინია, სხვა თუ ძლებს მეც გავძლებ, მაგრამ    მიდიხარ, ჯერ უნდა მკითხო მოგყვები?  შვილო,  მე ხო გაგაჩინე, დედა ვარ, უშენოდ როგორ ვიყო?  -  დედა მეუბნება. ასე მაგელანიც გააჩინა  დედამისმა, მაგრამ მერე იმან დედამიწას შემოუარა.
ეჰ,    ან ორეულის შექმნა  რომ შემეძლოს. ელემენტებიანის ან დენზე  დასატენის,  ჩავრთავდი და ეყოლებოდათ ქალაქში  მეორე ლაშა,  გინდაც სადილად,  გინდა ვახშმად , მე თავი დამანებეთ...
- ლაშა!  -  აჰა, დედაჩემი მეძახის! ხმას არ ვცემ. ახლა საერთოდ გავქრები,  უჩინმაჩინი გავხდები,  ვერ დამინახავს!  კარადაში  ხო არ შევძვრე?  ნაბიჯების ხმა მესმის, უკვე კართანაა. როგორ მინდა ახლა გავქრე. სადაცაა კარი გაიღება.  ახლა ვიტყვი:  კურუმ, კურუმ და გავქრები.  ის  ვიცი, თუ რაიმე ძალიან გინდა,  გისრულდება: კურუმ, კურუმ...
- სადაა ეს ბოვშვი!  - ოთახში შემოსული  დედაჩემი აქეთ იქეთ იხედება,  მაგარია ანუ ვერ მხედავს. არადა  და მის წინ  ვზივარ ტახტზე და თვალებშიც ვუყურებ, ის მაინც ვერ მამჩნევს.  ნუთუ თამაშობს?  მხედავს და  თითქოს ვერ მხედავს? ახლავე გავარკვევ,  კედელზე სარკეა, სარკეში თუ არ ვჩანვარ,  ანუ  ვერ მხედავს. თითის  წვერებზე, უხმაუროდ ვუახლოვდები სარკეს.  ოი საკვირველებავ,  არ ვჩანვარ.  დედაჩემი ოთახიდან ისევ აივანზე გადის.
- დედა,  ბაღანე არ იცი სად არის? -  ბებიას ეძახის.
- არა, ნენა, ოდაში ამევიდა  თითქოს!  - მესმის ბებიას ხმა.  მეც აივანზე გავდივარ, აბა ბებია თუ დამინახავს. ის ინდოურის ჭუჭულებს  ძალად  ატენის  ჭინჭრის ფხალს. ისიც მოძალადე.  ჯერ ჰკითხე უნდა ეს შენი ფქვილში არეული ფხალი, აბა შენ ჭამე, თუ კაია.  ბებიაც ვერ მხედავს.  ვაჰ, რა  მაგარია, მართლა ვერავინ  მხედავს ანუ შემიძლია, ღელე-ღელე კი არა, ნორმალურად, გზაზე გავიდე,  ავტობუსშიც ავიდე, გზის ფულსაც არავინ მომთხოვს და  და გემზეც  ვერავინ ვერ შემნიშნავს. მშვიდობით მშობლიურო სოფელო,  მშვიდობით საქართველო, დედა და მამა, ბებია და ბაბუა, მეზობლებო, ჩემო  ძმაკაცო ხვიჩა,  მიხედე შენს თხებს და გიტოვებ საქორიაზე  გამოქვაბულს, რომლის არსებობა მხოლოდ ხუთმა ვიცით.  ახლა კი ოთხნი  რჩებით, ბიჭებს ეტყვი ,  რომ საიდუმლო მისიით ვარ წასული.  გიტოვებ მთელ ავლა-დიდებას, რაც იქ გვაქვს,  მხოლოდ ფანარი უნდა ავიღო, გზაში დამჭირდება, შენ სანამ ახლა ფანარს იშოვნი, მანამდე ლამპით შეგიძლია ისარგებლო. წესი  უნდა დაიცვა იცოდე, ქალის ფეხი  არ  უნდა შევიდეს იმ გამოქვაბულში, თორემ ისევ დავკარგავთ მას, როგორც ადამმა  დაკარგა  ერთ დროს სამოთხე.
ეზოში დედაჩემის  ხმა მესმის. ხვიჩას ეძახის , ალბათ ჰკითხავს ჩემზე სად არისო. 
- ხვიჩა!
- ბატონო!
- ლაშა  შენთანაა? 
- არა, ნუნუ ბიცოლა!
- დღეს ნახე?
- კი წეღან  ჩვენსას  იყო და სახლში წამევიდა!
- არაა სახლში!
ახლა თუ კითხა,  სადმე ხომ არ  აპირებდა წასვლასო, დავიღუპე,  იმდენად დებილია ეს ხვიჩა, ტყუილს  ვერ ამბობს. მეც დებილი  ვარ,  ვის გავუმხილე ჩემი გეგმები -  ამ  თხების ხელმწიფეს?  დედაჩემი არაფერს არ ეკითხება, თორემ  ახლა უკვე შეყრილი იქნება მთელი სოფელი,  ბებია აუცილებლად შეიკივლებდა: შვილო, შვილო, შვილიშვილო...  მოთქმას დაიწყებს... სად ხარ შვილო!  ბაბუას ალბათ  ცრემლები წამოუვა, თან უხმოდ,  ამა წინათ  ბავშვობის  ძმაკაცი გარდაეცვალა და ვუყურებდი, კრანში რომ წყალი მოდის,  ისე მოდიოდა ცრემლები...  დედა და მამა რას იზამენ?  მე რა ვიცი  რას იზამენ, იმათ რომ ვუყვარდე  ასე იოლად არ გამიმეტებდნენ და სოფელს არ მომაცილებდნენ! ეჰ, ისევ ბებია და ბაბუა მეცოდება. იმათ  გულის ტკენას  მირჩევნია გამოვჩნდე. ისევ ოთახში ვბრუნდები,  სარკესთან  მივდივარ,  კვლავ არ ვჩანვარ!  ხმა თუ ისმის ჩემი... ერთი, ერთი,  ერთი... ჩუმად ვამბობ... მესმის... მაგრამ სხვას ესმის?  მოიცა, ჯერ უნდა გამოვჩნდე სანამ ქვეყანა შეყრილა,  მაგრამ როგორ გამოვჩნდე? გავიხსენო  რა ვთქვი მაშინ ძალიან  რომ მინდოდა უჩინმაჩინი  გავხმდარიყავი?  კეკალი, ინდაური,  ხო:  კურუმ,  კურუმ...  როგორც ვიცი პულტით ტელევიზორს რა კნოპკითაც  რთავ, იგივეთ თიშავ,  ვამბობ:  ,,კურუმ, კურუმ...“    უი, რა კარგია ვჩანვარ! 
    3 სექტემბერი
როგორ  მალე გავიდა ზაფხული, ეჰ, კარგია, სულ ზაფხული რომ იყოს, მაგრამ ბავშვებიც რომ მომენატრა, ჩემი ონავრები, უკვე  მეექვსეში არიან.  დირექტორი მირეკავს,  ზეინაბ მასწავლებელო,  თქვენ სადამრიგებლო  კლასში ახალი ბავშვი გადმოდის    და  იქნებ  გაესაუბროთ,  მამა, ამბობს ცოტა ჯიუტი ბავშვია, თუ  მიიჩნევთ რომ  საგნებს ვერ დაძლევს შეგვიძლია უარი ვთქვათო.  განსაკუთრებით მათემატიკის ცოდნის შემოწმება მთხოვა, ალბათ  იმიტომ, რომ როცა ბავშვმა  მათემატიკა კარგად იცის,  მას არ უჭირს არც საბუნებისმეტყველო  დარგები, არც ქართული თუ უცხო ენები.  ვნახოთ... გარდა ამისა ხასიათი,  ეს კი სულ პრობლემაა,  თან უცხო  მოსწავლე როგორ შეეგუება ახალ გარემოს,  დასავლეთიდანაო, ევროპის არა , საქართველოს...


4  სექტემბერი 
სკოლაში  მივდივართ, ასე მგონია ტელევიზორში რომ პატრულს დამნაშავე მიჰყავს , ისე ვარ. აქეთ დედა, იქეთ მამა,  ვარსკვლავებიღა  აკლიათ. ჯერ დირექტორის კაბინეტში ვიყავით.  დირექტორი კაცია, დიდი ულვაშები აქვს, აი ფილმში  გიორგი სააკაძეს  რომ აქვს ისეთი, ოღონდ ეს არის ხმალი არ უკეთია.  კაბინეტში რომ შევდიოდით, მეგონა მეტყოდა: ,,ლაშა, შემოდი კარავში...“  ასეთი არაფერი  უთქვამს,  მხოლოდ მოგვესალმა და ყველას ხელი ჩამოგვართვა, ანუ მეც  -  ლომის ტორივით  ჰქონდა ხელი.  მერე ნიშნების ფურცელი ნახა. მგონი ყველა ნიშანი წერია, რაც კლასში შეიძლება  მოსწავლემ  მიიღოს. ეტყობა  ჩემმა ნიშნებმა  დიდად არ მოხიბლა. 
- გასაგებია!  -  თქვა,    და მერე მე შემომხედა. თუმცა რა გააგებინა ჩემმა ნიშნებმა ვერ  მივხვდი, ყოველ შემთხვევაში მე ვერაფერი გავიგე.
- ჩხუბისთავი ხომ არ არის?    -  ახლა  მშობლებს მოუბრუნდა.  ეტყობა გადაყვლეფილ იდაყვებს მოჰკრა თვალი.
- არა!  - ამბობს დედაჩემი, აბა რას იტყვის, ერთი სული აქვს ოღონდ მიმიღონ. ლამის ყოველდღე  დაბღოტილი რომ ვბრუნდები სახლში ახლა არ ახსოვს.  ჩხუბი კი არა ომები გვაქვს ქვედა უბნელებთან. სოფელში ორად ვარ დაყოფილი,  ქვედა უბნელები  - სათხიელები და ზედა უბნელები  საქორიელები.  ახლა  რომ დასუსტდა საქორიელთა რაზმი,  ამას ვდარდობ.  ისევ ხვიჩა მახსენდება  და მისი თხები.  ახლა ვუკვირდები,  სათხიე - თხები,  შპიონად ხომ არაა შემოგზავნილი ხვიჩა,  არა, გამორიცხულია, ეჭვი მეგობრობის უსასტიკესი მტერია, უნდა განვაგდო...  სამი დღეა რაც თბილისში  ვარ და ვხვდები, უკვე როგორ მენატრება სოფელი,  საქორია,  თხების ხელმწიფე... 
- სამწუხაროდ კონტიგენტი შეზღუდული გვაქვს. ახლა გასაუბრებას გაივლის.  რომ არ ინერვიულოს, თქვენი  ყოფნა  გასაუბრებაზე აუცილებელი არ არის!  -  მშობლებს ეუბნება  დირექტორი. 
ეს კარგია,  მოვიცილე პატრული, ისე და რომ გავიშტერო თავი და არაფერი ვთქვა ხო დამაბრუნებენ სოფელში. იფ რა კარგი მოვიფიქრე, ამას კონან დოილიც ვერ მიხვდებოდა ბავშვობაში.
- აბა წავიდეთ ლაშა, შენს დამრიგებელსაც გაგაცნობ!  - მეუბნება სიმპატიური  ქალი, რომელიც სასწავლო ნაწილად გაგვეცნო, მგონი ამან უკვე ჩამრიცხა სკოლაში.
სამსართულიანი შენობაა,  კრიალებს ირგვლივ ყველაფერი.  ერთ ადგილიანი  მერხები და  კოხტა სკამები,  ისე  ალაგია,  გეგონება  თარაზოთ  გაუსწორებიათო.  ეჰ,  უსწორ-მასწორო იატაკი და დანჯღრეული  მერხები მირჩევნია ჩემი სოფლის.  ცოტაც და  საკლასო ოთახს მივადექით, რომელსაც რომაულად  აწერია -  მეექვესე. კლასში კარადასთან  ქალი დგას,  წიგნებს ალაგებს, ოი საკვირველებავ, ბებიაჩემი  -  თოვნასი ბებო,  გაკვირვებული  ვუყურებ,  თუმცა  არა, ეს უფრო მაღალი და ახალგაზარდაა. რომ დაგვინახა  ჩვენსკენ წამოვიდა.
- ქალბატონო ზეინაბ, ახალი მოსწავლე მოგიყვანეთ!  -  ეუბნება სასწავლო ნაწილი,  -  აბა თქვენ იცით, მკაცრად გამოსცადეთ!  -  ამას კი ამბობს, მაგრამ თან ღიმილით და ასევე ღიმილით  მიდის. 
- ფეხზე რატომ დგეხართ,  დაბრძანდით გეთაყვა! 
      გულში მეცინება, ქალაქია,  სოფელში აბა ვინ გეტყვის გეთაყვას.  ის მასწავლებლის მერხთან ჯდება,  ჩანთიდან  დიდ რვეულს და ავტოკალამს იღებს.  მე ბოლო მერხისკენ  მივდივარ,  ჩემს საყვარელ  ადგილას და ფანჯარასთან და ვჯდები.
- შე, კაცო, აგერ წინ დაჯექი, ამ სიშორეზე დეპეშა გადმოგიგზავნო და ისე გესაუბრო თუ დაგირეკო?  - იცინის.  გამოდის თბილისშიც იცინიან  მასწავლებლები.  არადა  მომსპობს ეს სიცილი,  ყველა  ისე გიღიმის ან თითქოს შტერი ვარ ან თითქოს ჩემზე უკეთესი არავინ ენახოთ ჯერ, არადა სასიამოვნოა კია,  რომ გიღიმიან.  მის წინა მერხზე ვჯდები.
- აბა გავიცნოთ ერთმანეთი, ზეინაბ  მასწავლებელი!
- ლაშა,  მოსწავლე!  -  ვეუბნები მე. ისევ გაიცინა,  თან ისე, ვიფიქრე ახლა თუ  ეს გადაფიჩინდა  უყარე მერე კეკალი, ინდოურივით.  ცოტა ხანში დაწყნარდა, თან სათვალე მოიხსნა და ცრემლები მოიწმინდა. 
- შენ გაგახარებს ღმერთი,  რა  გამაცინე. მშვენიერი პროფესიაა შენ ასაკში!  იქნებ გვარიც მითხრა, ლაშა!
-   ქორიძე !
- ძალიან კარგი, ჩავიწეროთ! მათემატიკით დავიწყოთ, ანუ თუ ვიცით მათემატიკა, ყველაფერი  ვიცით!  აბა ერთი გამოსახულება  ამომიხსენი, ძალიან მინდა უპასუხო,  ანუ არ აჩქარდე ხო?
- კარგი, მასწ?
- სამის პლუს სამი გაყოფილი სამზე? 
ამას რად უნდა დაფიქრება, სამს პლუს სამი  ექვსი,  გაყოფილი სამზე ორი. მაშინ რატო მითხრა არ აჩქარდეო. ანუ  მივხვდი ეშმაკობას:  ფრჩხილში თუ იქნება  სამს პლუს სამი მაშინ არის პასუხი ორი,  რადგან  ფრჩხილი არ თქვა, გამოვიდა სამს ემატება  სამი გაყოფილი სამზე ,  ანუ ერთი და ჯამი  გამოვიდა  ოთხი.
- ოთხი!
- შენ რა კარგი ბიჭი ყოფილხარ, აღარ  გეკითხები რატო-მეთქი, თუმცა ზოგი მპასუხობს ამ კითხვაზე  პასუხი ორიაო  და ისე როდის იქნება ორი? - არ გეკითხებიო და მაინც მკითხა!
- თუ სამ პლუს სამი ფრჩხილებში იქნება!
- მშვენიერია!  წილადებზე  როგორა  ვართ?
- კარგათ!
- ძალიან კარგი,  ოღონდ უნდა თქვა კარგად, ეს არაფერი... წესიერი  წილადი  გეცოდინება, წესიერი ახალგაზრდა ჩანხარ!  აბა  არაწესიერზე  რას მეტყვი?!
- უზრდელს ვეძახდით  სოფელში! 
-   აბა,  რომელია უზრდელი წილადი?
- უზრდელია მასწ,  წილადი თუ მრიცხველი  ტოლია ან  მეტია მნიშვნელზე. 
- კიდევ კარგი დირექტორი არ გვისმენს, გურულ სასწავლო პროგრამაზე როგორ გადამიყვანე, ყაზახო!  - იცინის.  მერე აგრძელებს.
- კარგი,    აბა ერთი  ორი მაგალითი ნებისმიერი უზრდელი წილადისა!
- ერთი თუ ორი?
- კარგი,  ორი  იყოს! 
- ანუ როცა ტოლია და როცა განსხვავებულებია არიან  მნიშვნელი და მრიცხველი,  ვთქვათ სამი მესამედი ან  შვიდი მეხუთედი!
- შენ  რა კაი ბიჭი ყოფილხარ!  მშობლებს  უთქვამს  ცოტა ჯიუტიაო?
მშობლებზე  სჯობს ამასთან არაფერი ვთქვა, თუ მოვაღე პირი, მარა ხომ არ გავაგებინებ რა მტკივნეული მამა და დედა მყავს...
- ახლა  უკვე ვიცი შერეულ რიცხვს რას ეძახდით, გადარეულს ალბათ ხო? - კვლავ იცინის.
- არა, აბდალა რიცხვებს!
- მიდი აბა დაფასთან  და დამიწერე  ერთი აბდალა რიცხვი!
დაფასთან გავდივარ. ასე მგონია გამოცდაზე კი არ ვარ  ვთამაშობთ,  არადა ვაპირებდი არაფერს ვუპასუხებ-მეთქი, სულ დამავიწყდა,    როგორც ამბობენ, შევტოპე, ახლა ძნელია უკან  გამოტოპვა. ვწერ, თან ვამბობ:
- აბდალა რიცხვი შვიდ მთელი, სამი მეშვიდედი!
- გვიყურებდეს ახლა სასწავლო ნაწილი?! -  იცინის ისევ,  -  გადააქციე აბა უზრდელ წილადად! 
ჯერ ტოლობის ნიშანს ვწერ  და გვერდით  ვუწერ, თან ვამბობ:
- ორმოცდათორმეტი  მეშვიდედი!
- გადასარევი, კაი ბიჭი ხარ შენ ხო იცი!
- ვიცი! 
- აუჰ,  მთლად  თავდაბლობით არ გამოირჩევი, ისე, კაცმა რომ თქვას, ესეც იცი?!
- კი!
-   ხო მართლა რა გყავდა მთემატიკაში, პრინციპში რა მნივნელობა აქვს რა გყავდა!  აბა  წიგნებს თუ კითხულობ, მხატვრული  ლიტერატურა?
- კი!
- ბოლო რა წაიკითხე?
- ბასკერვილების ძაღლი!
- ანუ დეტექტივები მოგწონს,  რა მოგეწონა ამ მოთხრობაში!
- ძაღლი!
- ძაღლი რატო?!
- ცოდოა, ჯერ იარაღად იყენებენ, რომ სხვა მოკლან და მერე თვითონ მას კლავენ!
- ამხელა მოთხრობა ერთ ხაზში ჩაატიე,  აბა ერთი ლექსი გვითხარი...
- ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო...
        ,,ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო...
- ეს მეხუთე კლასის მასალა რომ არაა?
- თეატრალური  მონტაჟი გვქონდა სკოლაში და ეს  ლექსი მე მომცეს სასწავლად...
- აბა რომელიმე არსებითი სახელი მითხარი  ნათესაობით ბრუნვაში!
ნათესავი ვინ მყავს არსებითი სახელი, მოდი ქორს ვიტყვი.
- ქორის!
- ყოჩღ! მიფრინავს  რომელ ბრუნვაშია აბა თუ მეტყვი?
- მიფრინავს  არის ზმნა,  ზმნა არ იბრუნება,  იუღლება.
- ყოჩაღ,  სკოლაში უცხო ენას რომელს გასწავლიდნენ?
- გერმანულს!
- შპრეხენ ზი დოიჩ? 
- ია, ზერ გუთ!
- ლაშა,  რა კარგი კაცი ხარ! რა ვქნათ ახლა ჩვენ, მადლობა ვუთხრათ შენს მშობლებს ჩვენს სკოლაში,  რომ მოგიყვანეს!
  რა მაგარია!  აი,  შანსი,    რა კარგი ქალი ჩანს,  ამას ვთხოვ  და დამაბრუნებენ უკან.
- შეიძლება გთხოვოთ,  მშობლებს უთხარით,  არაფერი ამან არ იცის,  გამოშტერებულია და  საიდანაც წამოგიყვანიათ, იქ დააბრუნეთ ეს ბავშვი-თქო!
- უი, რატო  ლაშა?  იცი, თავიდან ვფიქრობდი  ვინა რის  ეს, ახლა ამის ატანა არ გინდა?  მაგრამ  ახლა არც მე რომ მემეტები,  მინდა  ჩემს სადამრიგებლოში იყო, თან  როგორ გინდა ტყუილი ვთქვა?!  გასაგებია, შენი ძველი სკოლა,  ძველი მეგობრები არ გემეტება, მაგრამ აქ ახლებს გაიჩენ,  პრინციპში უკვე ერთი გაიჩინე,  ჩათვალე ზეინაბ მასწავლებელი შენი მეგობარია!
ხელს მიწვდის,  მეც ვართმევ. მართლა როგორ გავს თოვნასი  ბებოს,  ხელიც  ბებიასავით  თბილი აქვს.
- აბა როგორა საქმე ?  -  სასწავლო ნაწილმა შემოიხედა კლასში.
- საქმე ასეა,  უკვე დავმეგობრდით  და მგონი ლაშას უნდა ვთხოვოთ ჩვენს კლასში  გააგრძელოს სწავლა, ძველ სკოლას კი მადლობის წერილი უნდა გავუგზავნოთ! 
- მართლა, ზეინაბ  მასწავლებელო, ქვემოთ მშობლებიცაა,  ალბათ კარგი იქნება მათაც თუ გაიცნობთ,  გაუხარდებათ, თუ  ასეთი კარგი შთბეჭდილება  მოუხდენია, ყოჩაღ ლაშა!

 
15 სექტემბერი   

მეზობლები დავიძმაკაცე,    ფეხბურთსაც ვთამაშობთ და  წყლის დასასველებლებით ომობანაც ვითამაშეთ,  იქ სადაც  კორპუსებს გადაღმა ფერდობია და პატარ ღელეცაა, ეს ღელე მერე სკოლასთან გაივლის.  ხვიჩა მესიჯებს მწერს, ბოლო  ომი სათხიელებთან მარცხით დამთავრდა, საღამომდე ტყვედაც ვყავდით, უნდოდათ ჩვენი გამოქვაბულის ადგილი გაეგოთ,  მაგრამ არც ერთი არ გავტყდით, რადგან ომის კანონების მიხედვით, ძალიან არ ვუწამებივართო. 
დღეს პირველი დღეა სკოლაში.  დედა მეუბნება გაგყვებიო. გაყოლა რად მინდა, ორი გაჩერებაც არ არის  ჩვენი კორპუსიდან.  ეს  წითური  მანდატური, კაცი,  რატომღაც კატას მაგონებს,  ვფიქრობ, რომ  გამარჯობის  მაგივრად მიაუს  მეტყვის, ამიტომ ვესალმები,  მაინტერესებს, მართლა ასე იქნება?  მაგრამ ის ჩეულებრივ,  ადამიანივით მეუბნება,  - გაგიმარჯოს. კიდე კარგი ჩემს ფიქრებს  არ კითხულობს და  კატა რომ მგონია არ იცის.  მეორე მანდატური ქალია,  ისეთი გაწკიპული  დადის და ისეთი მკაცრი სახე აქვს,  ზღპარებში  რომ არის გაუცინარი, ყინულის  დედოფლები. ნეტა ფეხის გულზე რომ უხიცინებენ, მაშინ თუ ეღიმება,  ამას  რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ გავიგებ.    გამარჯობის თქმაც მერიდება, დანაშაულში არ ჩამითვალოს  და არ ვესალმები.  უცებ წარმოვიდგინე, რომ ვეუბნები: - ქალბატონო მანდატურო, შეიძლება ფეხის გულზე შეგიხიცინოთ?  ნეტა რა რეაქცია ექნება! აი მაშინ მაინტერესებს მისი სახე, მე კი  ქალაქს კი არა მგონი სოფელსაც დამატოვინებენ.  ვიცი რომ  ჩემი  კლასი მეორე სართულზეა,  კლასში შევდივარ,  რამდენიმე  ბავშვია, რომლებიც ერთმანეთში  ლაპარაკობენ და ყურადღებას არ  მაქცევენ.  მივდივარ  უკანა ადგილს  ფანჯარასთან, უი , რა კარგია, ცარიელია, იქ  არავინ  ჩანს,  ჩემს  ხვლიკისფერ  ჩანთას    მერხზე ვდებ.
- მანდ ზურა ზის!  - მეუბნება ერთი  გოგო,  თხის წვერებივით აქვს კიკინები. ამაზეა ზუსტად ნათქვამი, არა მკითხე მეამბეო!
- აბა, სად არის ზურა? - მე ვეკითხები,  - ზურა, გამოდი ზურა! - და მერხის  ქვეშ ვიხედები.
- მოვა!
- ხოდა რომ მოვა ზურამ დამელაპარაკოს! 
გოგო ცხვირს იბზუებს და გარეთ გადის, რა ეწყინა.  ამიტომ ვეუბნები ხვიჩას,  ქალის ფეხი არ ვნახო ჩვენს გამოქვაბულში-მეთქი. მე  პენალი ვიღებ  ჩანთიდან და იმასაც მერხზე ვდებ, მოვნიშნე ტერიტორია, ახლა ზურა  კი არა  სათხიელების  მთელი  ლაშქარიც ვერ დამძრავს აქედან.  ხვიჩას მესიჯს ვუგზავნი, რომ  სწავლის დაწყებასთან  დაკავშირებით  დროებით  ზავი  გამოაცხადოს .
აი ზეინაბ მასწავლებელიც, უი რა გამოპრანჭულა, ისე იმ დღესაც ლამაზი იყო,  მაგრამ დღეს  უკვე მერიდება, თოვნასი ბებოს რომ შევადარე, მაგრამ რა ვქნა - ჰგავს. ალბათ  ბებია მომენატრა და მისი გამომცხვარი კეცის ხაჭაპური,  აბა  აქ  გემოს ვერ გაუგებ,  ხაჭაპურია თუ ჩალა ვერ არჩევ. 
- გამარჯობათ ბავშვებო,  როგორ ხართ ?  როგორ დაისვენეთ? ლაშა, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს კლასში,  ბავშვებო  უნდა  ახალი კლასელი გაგაცნოთ! 
- მასწ, იქ ხო ზურა ზის! 
ამ გოგომ ხო შემჭამა,  რა!   
- ნინი, ასე უნდა სტუმრის მიღება, ან ზურას,  შენ ფიქრობ ნაყიდი აქვს ის ადგილი? - უცინის ზეინაბ  მასწავლებელი. 
მოვიდეს ერთი ის ზურაა, თუ ამბრაზურა,  კარგა ხანია ვინმე არ  მიმიტყიპავს. კლასში ვიღაც შემოდის, ორი ჩემხელაა, ზურგზე უზარმაზარი  ჩანთით,  აი ფილმი რომ არის: ,,შკაფი მოყავთო!“ - ზუსტად ის არის.  ოღონდ ეს არ იყოს ზურა და  სამ დღეს შემწვარ კარტოფილს  არ შევჭამ. მე ხომ ბედი არა მაქვს, რა!   
- აი, ზურაც მოვიდა...  ზურას წელს, იმიტომ რომ შარშან  კარგად იქცეოდა და ყურადღებით  იყო გაკვეთილებზე  დავსვათ წინა მერხზე, სადაც გიორგი იჯდა.  ბავშვებო იცით  ხო,  გიორგის მშობლები გერმანიაში წავიდნენ საცხოვრებლად  და გიორგიც წაიყვანეს.
- კი ვიცით მას,  სკაიპით ვლაპარაკობთ!
- აბა იცნობდეთ ყველა, თქვენი ახალი  მეგობარი და  კლასელი, ლაშა  ქორიძე! 
ზურა თვალებით მბურღავს, ის,  ნინი რაღაცას ეჩურჩულება. ეჰ,  სად არი ჩემი ლაშქარი, საქორიელთა...

22 სექტემბერი
06.30
სიზმარმა  გამოაღვიძა ზეინაბ მასწავლებელი,  სისხლით მორწყული  წყარო ემუდარებოდა  მიშველეო,  ოფლიანს გაეღვიძა.  წამოდგა, სინათლე აანთო.  გარდაცვლილი მეუღლის სურათს შეხედა:  ეჰ, ბეჟან,  ბეჟან, სიზმარში წყარო  მესიზმრება,  შენ მაინც გნახო,  კაცო!“  - თქვა და სამზარეულოში  გავიდა. წყალი დალია.  მერე  ფანჯარაში გაიხედა, მელნისფერ ცას ვარდისფერი შერეოდა მამკოდას მთის  მხრიდან, ცაზე ცისკრის ვარსკვლავი კიაფობდა, თენდებოდა თბილისში.    ტელეფონი აიღო და შვილს დაურეკა.  რამდენიმე ზარის შემდეგ  გავიდა. 
-  თორნიკე, როგორ ხარ? 
-  კარგად, დედა,  მშვიდობაა, შენ როგორ ხარ?
-  მეც კარგად, რაღაც სიზმარი ვნახე და ...
-  დედა, იცი რომელი საათია ახლა აქ?
-  ხო კარგი,  ვიცი და ისე დედაშვილობა ოცდაოთხსაათიანია!
-  ხო კარგი დედა, ნუ მიბრაზდები!
-  კარგი ხო,  დაიძინე!
ტელეფონი გათიშა. ისევ სიზმარზე დაფიქრდა, რას უნდა ნიშნავდესო.  სამკითხაო  წიგნი ახსოვდა, ახლგაზარდობაში ნაყიდი,  სიზმრები ახსნაც იყო  იმ წიგნში, მაგრამ ახლა დაეზარა მოძებნა.  უნდა მომზადებულიყო,  სადამრიგებლო კლასი ექსკურსიაზე  მიჰყავდა დღეს.

10.00
დღეს ექსკურსიაზე მივდივართ, დედას უნდოდა წამოსვლა, არა-მეთქი, დედა სახლშიც მეყოფა...  თან  ვიცოდი,  რომ გოგოების მშობლები  მოდიოდნენ  მხოლოდ, ისიც ყველა არა. კლასს შევეჩვიე, ერთი ის ნინი მიყურებს  ალმაცერად.    ზურას დავუძმაკაცდი,  თურმე ეს ნინი  მისი დეიდაშვილია.  მარშუტკაში მე და ზურა ერთად ვზივართ.  რაგბზე დავდივარო,  გინდა შენც იარე, შენ სადმე დადიოდიო, მეკითხება... მე ტყეში-მეთქი და მოვუყევი ჩვენს ლაშქრობებზე და ომებზე.  ზუსტად ამ დროს მომივიდა ხვიჩას მესიჯი, მწერს სათხიელები  დროებით ზავის სანაცვლოდ გვთხოვენ  ვასწავლოთ  გამოქვაბულის გზა, ამასთან ერთად ითხოვენ ყოველგვარი ზედმეტი  პირობის გარეშე გადავცეთ გამოქავბულიო.  არანაირად არ დათანხმდეთ,  უპასუხეთ, რომ მოვიფიქრებთ-თქო.  ჯერ ორიოდ კვირა  ვითომ ფიქრობთ-მეთქი. კარგიო, ხვიჩა მწერს.  ზურა ჩვენს მიმოწერას თვალს ადევნებს,  მერე ბაში-აჩუკივით მეუბნება, მიმიღეთ თქვენს ლაშქარშიო.  კი მეთქი,  ხვიჩას ვწერ,  რომ ლაშქარში მატება გვაქვს,  ჩვენს რიგებს შემოემატა ზურა-ამბრაზურა.    ეს ვინ არისო.. მერე გაგაცნობ-მეთქი.  ჩვენს წინ სავარძელზე  ნინი  ზის,  ისევ  კიკინებით,  ხან გადმოგვხედავს, რას ვაკეთებთ.  კიდე კარგი თხასავით არ კიკინებს,  თუმცა უნდა გამოვტყდე, რომ  ლამაზია... 
ჯერ ჯვარზე ვიყავით,  მერე სვეტიცხოველში,  სავსე იყო იქაურობა უცხოელი ტურისტებით,  განსაკუთრებით ხალხმრავლობა  სვეტიცხოველთან  იყო.  ტაძრის გზაზე პატარა სავაჭრო ფარდულები გაემართათ,  რომლებიც  სავსე იყო კი ქართული  თუ უცხოური სასუსნავებით. ერთ ადგილას თაფლი  იყიდებოდა  სხვადასხვა  ქილებით და ჩურჩხელები, წარწერა კი სხვადასხვა ენებზე, ოღონდ არცერთი ქართული.  ზეინაბ მასწავლებელმა გამყიდველს ჩხუბი დაუწყო, რატო ქართული წარწერა არ აქვსო, ახლა კონტროლის პალატიდან მოვლენ და ჯარიმას რომ დაგაკისრებენ ხუთას ლარიანს, მერე ხო ისწავლით ჭკუასო. თითქოს  ქორმა ჩამოუქროლა  ჭუჭულებსო,  ისე დაფრთხა და  აფუცხუნდა  ყველა,    თვითონ ზეინაბ მასწავლებელი კი  ტაძრის შესასვლელისკენ წავიდა,  კრუხს რომ  წიწილები აედევნებიან,  ისე მივსდევდით  ჩვენც,  წინა დღით  გაგვაფრთხილა, ერთ ნაბიჯზე, ჰა-ჰა,  მხოლოდ ორ ნაბიჯზე შეგიძლიათ მომცილდეთო.    მერე მშობლებმა  მოიტანეს ამბავი,  გამყიდველები ერთმანეთს  უამბობდნენ,  ვიღაც ალქაჯი  (ეს ისე თქვეს,  ზეინაბ მასწავლებელს არ გაეგონა)  დაგვესხა  თავს,  ნეტა მეტს არ  ჩამოივლიდესო, თან  მთელი სავაჭრო რიგი ფლომასტერებს და პასტებს ეძებდნენ,  ქართული ასოებით აწერდნენ  სახელებს სხვადასხვა ნუგბარსო. 
ის იყო ტაძრის ეზოში უნდა შევსულიყავით,  ვხედავთ ვიღაც აყლაყუდა ტიპი, როგორ ანამწვავებს  სიგარეტს  ტაძრის  შესასვლეთან მდებარ სვეტზე. ზეინაბ მასწავლებელმა ერთ მშობელს სთხოვა, ბავშვებთან იყავიო.  მერე იმ სტუმართან მივიდა და ახლავე სიგარეტი  აიღეო, ეუბნება. ის გაკვირვებული უყურებდა,    ვერ ხვდებოდა რა უნდოდა,  კარგი რომ არაფერი,  ისედაც მიხვდა, ეტყობა უცხოელი  იყო და ქართულის  ინჩი-ბინჩი არ  გაეგებოდა.  ვიღაც ქალს, ეტყობა ამათ  გიდს ჰკითხა: 
- ჭჰატ სჰოულდ ტჰის წომან დო? 
- რა უნდა და უთხარი მაგ ვაჟბატონს, რომ აქ  მოწევა და დანამწვავება არ შეიძლება-თქო!  უთხრა ზეინაბ მასწავლებელმა იმ ქალს. იმან,  უხერხულია, სტუმარიაო.  სტუმარი რომაა, იმიტომ  ვეუბნები მშვიდად,  თორემ ქართველი რომ იყოს ყურებით დავითრევდიო.    შემცბარმა  გიდმა მაშინვე უთარგმნა. უცხოელი იძულებული გახდა  ნამწვავი აეღო  და ღიმილით წაეღო სანაგვე ყუთისკენ, რომელსაც ლექსად  ეწერა: ,,დაგავე ნაგავი“.
,,რად მინდა ასეთი  ევროპა?“  - ჩუმად თქვა  ერთმა  მშობელმა.  მერე ყველანი ერთად ტაძრის ეზოში შევედით. 



23 სექტემბერი
16.00

სვეტიცხოვლიდან, ისე რომ არსად გავჩერებულვართ,    ბორჯომის  ხეობაში ავედით,  გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების მიერ აგებულ მწვანე მონასტერში  სანთლები ავანთეთ.  ნეტა ჩემი  მოწაფეები თუ ააგებენ რაიმეს,  ეჰ  ნეტა კი არ დაანგრევდნენ და...  საოცარო ბუნებაა ირგვლივ,  თითქოს ხეების სულ სხვანაირად მწვანეა და მონასტრის კედლებსაც  კი  მწვანე ფერი დაჰკრავს. იქვე პატარა  წყაროც ვნახეთ,  რომელსაც მონასტრის ეზოში მთელ სიგრძეზე სისხლისფერი ქვები ჰქონდა ჩაყოლებული.  გიდმა ეს  მტრის მიერ ნაწამები  ქართველი ბერების სისხლიაო.  ალბათ ეს არის  ჩემი სიზმარი- მეთქი, გავიფიქრე... 
ისე ლამაზია ირგვლივ ყველაფერი, თითქოს სამოთხეში ვართ  და მონასტრიდან წამოსულებმა გზაში სახაჭაპურე  ,,სამოთხე“  ვნახეთ და იქ გავიარეთ, სუფრა  გავწყვეთ,  ბავშვებმა ლექსები და სიმღერები თქვეს.  მშობლებმაც იმღერეს,  ფიქრმა გამიელვა, ხომ  არ ჩამოვაყალიბო ანსამბლი ცალკე მშობლების ცალკე მოსწავლეების ან საერთო... ლაშა კი, გეგონება მთელი  ხუთი წელი  ამათ ერთად სწავლობდაო, ისე დაუამხანაგდა ყველას... ცოტა ნინი ცდილობს დისტანცია დაიჭიროს.  ლიმონათს დაგისხამო  და იმან,  არ მინდა, გმადლობთ გეთაყვაო,  უთხრა.  ლაშამ    კი,  იმის მაგივრად  წყენოდა,  სიცილით  სკამიდან კინაღამ გადატრიალდა. 

23  სექტემბერი 

08,50
რა საშინელი ორშაბათი გათენდა.  სკოლის უკან მოედანზე სამშენებლო მოედანი გაუმართავთ, ღობერიც შემოუღობავთ, სურათიც გაუკრავთ, ეტყობა თერთმეტსართულიანი კორპუსის  წამოჭიმვა უნდათ.  სანამ სკოლის ეზოში შევიდოდი ჯერ  ბულდოზერთან  ხალხი შჯგუფულიყო და იმათთან მივედი,  რა ხდება აქ-მეთქი.  კორპუსს ს ვაშენებთო.  კი, მაგრან  ბავშვების  სტადიონი,  სკვერი ან წყაროს რას უშვრებით-მეთქი,  წყარო გვირაბში  გაივლის, სტადიონი ცოტათი შემცირდება, მაინც დარჩება,  სკვერს კი სხვაგან გავაკეთებთო,  ამი უფლება ვინ მოგცათ-მეთქი და  ქალბატონო,  ჩვენ მუშები ვართ და რასაც გვეტყვიან, ვაკეთებთო.    ამათთან საუბარს აზრი არ ჰქონდა,  მივხვდი. სკოლის ეზოში შევედი.  ესეც ჩემი სიზმარი.
-  ბავშვებო,  სკვერს გვიუქმებენ, წყაროს მარხავენ,  მე ახლა გამგეობაში მივდივარ, იცოდე არ იხმაუროთ, შესვენებაზე წესიერად მოიქეცით!
-  მას, მეც წამოვალ რა!  - ლაშა მემუდარება.
-  შენ  კლასში დარჩები,  უფლება არ მაქვს საგაკვეთილო პროცესს მოგწყვიტო!
-  გთხოვთ,მასწ...  ხო გვინდა წყაროს გადარჩენა, მეც მოგეხმარებით რა,  გთხოვთ!
-  მოიცა მაშინ,  დედაშენს დავურეკავ, მერე  დირექტორსაც უნდა ვთხოვო, ისე უფლება არ მაქვს!
-  კარგი,  მასწ,  თუ ასეა, მე ამასობაში მამასაც ვთხოვ, ახლავე დავურეკავ!



23  სექტემბერი 

  09,00

- ბატონო შალვა,  გამგეობაში უნდა წავიდე, ორი გაკვეთილი  ფანჯარა  მაქვს და მოვალ კიდეც, შესვენებისას გოგოებს ვთხოვ და ყურადღებით იქნებიან კლასთან . 
- ზეინაბ  მასწავლებელო, ღირს მაგათთან ომი? 
- ომს ყოველთვის აქვს აზრი,  სიზმრად გადამექცა ამ წყაროს ამბავი!  ლაშას წავიყვან, არ მასვენებს, წამოგყვებიო!
- მე  ვერ შეგეწინააღდეგებით,  მშობლები  რას იტყვიან, სწავლის  დროს ბავშვი გამგეობაში დადისო!
- დავურეკე უკვე დედას და თანახმაა!
- მამას?
-   მამას თვითონ ლაშამ დაურეკა!
- კარგით, ქალბატონო ზეინაბ!

23  სექტემბერი 
09.15
- ნუ გეშიანიათ, მას, ვერაფერს  ვერ მიზამენ, თქვენ გამგეობაში  წადით მე სკვერში გადავალ და მუშებს შევაჩერებ!
- შენ ხომ არ გაგიჟდი, იმ ველურებთან მარტოს მიგიშვებ!
- მას მე არაფერი არ მომივა, ნუ გეშინიათ! 
- არა-მეთქი, ან ჩემთან ერთად წამოხვალ, ან კლასში დაბრუნდები!
- კარგით რა  მასწ,  წყარო ხო გეცოდებათ? გინდათ,  რომ დამარხონ?
- არა-მეთქი!
- კარგით, მაშინ, მე კლასში ვბრუნდები!
- ხო,  ასე  სჯობს! 

,,ერთი ახლა თვალს მიეფაროს! უკვე აღარ  ჩანს!  ეს კატა-მანდატურიც მე მიყურებს,  ახლა ამასაც უნდა დავემალო, ვითომ  ზეინაბს გავყევი:  ესეც ასე: კურუმ, კურუმ... „
,,ასე უცებ სად გაქრა ის ბავშვი,  რაღაც სიტყვები კი გავიგონე,  კურუმ, კურუმო, თუ რაღაცაო...  მოვიხედე და არსად არის,  მაცალოს მოვბრუნდე უკან.

23  სექტემბერი 
09,30.

გამგეობა  30 სართულიანი ცათამბჯენში იყო განთავსებული,  გამგებლის ს კაბინეტი კი  ბოლო ორ სართულს მოიცავდა. თვითონ შენობის ფუძე წესიერ ექვსკუთხედს წარმოადგენდა,  ხოლო  ბოლო ორ სართული  ექვსკუთხა პირამიდას, შესაბამისად  შენობას შორიდან წვერწამახულ  HB  ტიპის ფანქარს ჰგავდა,  რომლებიც  ლამაზად  წვერწამახული,    გამგებელს ყოველთვის უხვად ელაგა  შავ საფანქრეში. უცებ კაბინეტის კარი გაიღო, წინ ქალბატონი ქალბატონი ზეინაბი მოდიოდა,  უკან  კი მდივანი ქალი  მოსდევდა,  ბატონი ქაიხოსრო ჯერ დაკავებულია და ვერ მიგიღებთო.    გამგებელი  ამ დროს ვიღაცას  ტელეფონით ეუბნებოდა,    ვაშლატამას კომპოტი გამიკეთეო.
- ბატონო ქაიხოსრო,  მაპატიეთ, ვუთხარი თქვენზე დაკავებულია-თქო, არ გამიგონა, მეც დაკავებული ვარო და შემოვიდა!  -  მდივანი ქალს სახეზე წითელი  ფოთლები ჰქონდა დაყრილი,  უფრო იმის შიშით,  გამგებელი არ  გამიწყრეს  და ამ თვის  პრემიას არ გამომიწერსო.  ქაიხოსრო  ტყავის სავარძლიდან  წამოიმართა  და  კაბინეტში შემოსული  ორი ქალბატონისკენ დაიძრა.
- არა უშავს, ქალბატონო თვალგული,  მობრძანდით ზეინაბ მასწავლებელო ,  როგორ მიხარია თქვენი ნახვა,  როგორ ვნატრობდი თქვენი მოსწავლე  ვყოფილიყავი  და თუნდაც ყურიც აგეწიათ ჩემთვის,  სამწუხაროდ  თქვენ მაშინ  მოხვედით ჩვენს სკოლაში, როცა მე ვამთავრებდი  და  აი ასე ავცდით ერთმანეთს!
- ყურის აწევას რაც შეეხებ, ახლაც არ დაგზარდებით!
- რა დავაშავე,  ვერ ვხვდები,  ზეინაბ  მასწავლებელო!
- ანუ ჩვენი სკოლა გახსოვს? 
- როგორ არ მახსოვს,  მთელი თორმეტი წელი იქ არ ვიყავი, მგონის სახლში არ ვატარებდი იმდენ დროს  რამდენსაც  იქ, რაღაც შეწუხებული ჩანხართ, ყურადღებით გისმენთ! 
- ძალიან კარგი, რომ ყურადღებით მისმენ,  გაგიგიათ წყაროს მარხავდნენ?
- ვერაფერი გავიგე!
- სკოლას უკან სტადიონი რომ აქვს გახსოვს ალბათ?
- როგორ არ მახსოვს! რაც მე იქ  კეტები დამიხევია, ადრე ასფალტი ეგო, ახლა ხალიჩის მინდორია,  წელს მგონი ვადა გადის,  ვაპირებთ ახალი დავაგოთ!  ცოტათი  სტადიონის ზომის შემცირება  მოგვიწევს!
- გასაგებია, სტადიონს გადააქეცევთ სამშენებლო სტადიონად, მის  ადგილზე წამოჭიმავთ კორპუსს,  სტადიონის უკან რომ სკვერი იყო, გახსოვს? 
- კი,  ესეც მახსოვს!
- ახლომდებარე მოსახლეობას და სკოლის ბავშვებიც  სიცხეს იქ აფარებდა  თავს. დღეს დილით მოვიდნენ, დახაზეს,  გამოხაზეს და თურმე აპირებენ  ხეები დაჭრან,  წყარო დამარხონ ! 
- ქალბატონო ზეინაბ, ალბათ  გვირაბში გაუშვებენ წყალს,  წყაროს დამარხვა ვინ გაიგონა!
- ჯერ ეს ერთი, რომ  გვირაბში გაშვებული და დამარხული ერთი და  იგივეა, მეორეც  აუცილებლად  სტადიონს უნდა მოადგან კორპუსი! 
- არ ვიცი, ქალბატონო ზეინაბ,  ეს მიწა  და  სტადიონიც  ხო სკოლის ეზოს გადაღმაა. ალბათ გაყიდულია  მიწა და მეპატრონეს შეუძლია თავისებურად გადაწყვიტოს, მის კუთვნილ მიწაზე რას გააკეთებს!
- გაყიდულია რას ნიშნავს? ვინ გაყიდა? ვის ქონება გაყიდა,  ბავშვებს რომ ართმევს  წყაროს,  თავზე უნდა წამოუმართოს უზარმაზარი კორპუსი, ჯერ ეს ერთი მეორეც  როგორ გინდა იმ ხმაურსა  და ორომტრიალში გაკვეთილები ჩავატაროთ,  ამაზე დაფიქრებულხართ?
- გავარკვევთ  ქალბატონო ზეინაბ და  დაგიკავშირდებით!
- როდის დამიკავშირდებით, როცა    კორპუსი აშენდება?!
- არა, მანამდე დაგიკავშირდებით!
- იქ კორპუსის მშენებლობის უფლებას გინდაც შევეწირო არ მოგცემთ,  არც წყაროს დაგამარხინებთ,  პირველი მაშინ მე დამარხეთ!
- როგორ გეკადრებათ,  ზეინაბ მასწავლებელო!
- ასე მეკადრება!
- დარწმუნებული იყავით  ყველაფერი კარგად  იქნება! 
- სწორედაც,  რომ  არ ვარ დარწმუნებული,  იმიტომ  ვარ აქ! 

23  სექტემბერი 
10,00

- კაბინეტში შემომივარდა, როგორ გაბედეთ და კორპუსს აშენებთო,  ან წყაროს როგორ მარხავთო! 
- კომპრომატები არ გვაქვს რაიმე ამ ქალზე?
- რა ვიცი, რა კომპრომატი უნდა გვქონდეს,  მასწავლებელია, დიდი-დიდი ჟურნალში შეიძლება  ჰქონდეს შცდომა  გაპარული!  ქმარი გარდაცვლილი ჰყავს, ბიჭი  ინგლისშია რომელიღაც უნივერსიტეტის  პროფესორი,  თან მთელ სკოლას და მოსახლეობას უყვარს. 
- აბა რა ვქნათ,  რომ  მოვისყიდოთ, ან მოდი ბინა მივცეთ! 
- ნუ მაცინებ,  შენ ზეინამ მასწავლებელი არ იცი, ეტყობა? 
- იცინე შენ და  მთელი გამგეობა დაგვლანძღა, როგორ ბედავთ და ბავშვებს სკვერს უუქმებთო, იმასა კი არ ამბობს იმ კორპუსში,  ამ სკოლის მოსწავლეები  რომ იცხოვრებენ.
- დამელოდე, მეორე ტელეფონზე  პრარაბი რეკავს! 
- მეც მომასმენინე ერთი რას ამბობს,  იქაც  ხომ არ მიუვარდა?
- გისმენთ  აქვსენტიჩ,  რა ხდება ხო მშვიდობაა დაიწყეს ექსკალატორებმა ამოთხრა? 
- აქ რაღაც  საოცრება ხდება,  ტრაქტორს მინა ჩაელეწა და ზეთი დაექცა და ვერ მუშაობს,  მანქანას პაკრიშკები  დაუსკდა,  მუშებს  წყარო წუწავს ,  სამუშაო ტანსაცმელს  თითქოს ქარი აფრიალებს და სულ წყალში ჩაიყარა, არადა ნიავიც არ ქრის,  მუშები  გაგვექცა ყველა,  გაჩერებულია სამუშაო!
- შენ ერთი ჩემი ძმა,  ბევრი მოწიე? დამალაპარაკე მანდ ვინმე! 
- არავინ არ არის,  გაიქცა ყველა-მეთქი!
- შენ სად ხარ ? 
- მე სად ვარ და ორი გაჩერების იქეთ, ფეხით თან,  ჩემს მანქანას  ოთხიდან სამი  პაკრიშკა დაშვებული აქვს.
- რეზო სად არის? 
- რეზო ეკლესიაში  მივდივარ, უნდა  ვილოცო , ცოდვები მოვინანიოო!
- ესეც არქიტექტორი რა!  მაგას ურჩევნია ეკლესიები აშენოს! კარგი ხო, მოიცა მერი მირეკავს! გისმენთ ბატონო გედეონ!   
- რას შვები  ბიჭო შენ, იცი საერთოდ!
- რაზე ამბობთ ბატონო გედეონ! 
- რის  წელია  წელს იცი ?!
- თხის მგონი! 
- გაგათხავებ შენ,  არჩევნების წელია, ბიჭო, რა მომიყვანე ის ქალი ამ დილით  კაბინეტში!
- ქალბატონი ზეინაბი?  რა, ვქნა, ბატონო გედეონ, ხელშეკრულება გვაქვს სპონსორთან! 
- ხოდა მაგ სპონსორს ეტყვი ერთ კვირაში სკოლასთან  სკვერს კეთილმოაწყობს და  სტადიონს განაახლებს, თორემ იმ ხელშეკრულებას თავზე გადაგახევთ  ორივეს!
- კარგით, ბატონო გედეონ  და კორპუსი? 
- გამონახეთ რამე ალტერნატიული ფართი,  სადაც  გინდათ, გინდაც  ჯანდაბაში ააშენეთ , ოღონდ სკოლას ას მეტრზე  ახლოს არ გააკაროთ!

23  სექტემბერი 

12.00

- მასწ, თქვენ რომ წახვედით აქ რა  ხდებოდა!  ექსკალატორს მინა ჩაემსხვრა  და ზეთი დაეღვარა და ვერ მუშაობდა, მუშების ტანსაცმელი  ფრიალ-ფრიალით  სულ  წყაროში ჩაცვივდა, იქ ვიღაცას მანქანა  დგას, მერსედესი  სამი პაკრიშკა დაეშვა...  მუშები  ყველანი თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ...
- ლაშა, შენ სად იყავი?
- მე ხო თქვენთან ერთად..  უი, ხო სახლში ვიყავი, მამაჩემს ძველებური ქართული ხმალი აქვს,  გიორგი სააკაძის ნაქონი, ვიფიქრე მუშებს შევაშინებ-მეთქი და  რომ  დავბრუნდი  არავინ დამხვდა!
- სახლში იყავი ხო, აბა ხმალი  სად არის?
- მუშები რომ გაქცეული დამხვდნენ,  ხმალი  სახლში დავაბრუნე, აბა მანდატური აქ ხმალს შემომატანინებდა?!
- რაღაც არა მგონია მისით გაქცეულიყვნენ,  აკი მეგობრები  ვიყოთ-მეთქი, რაღაცას მალავ!
,,კიდე კარგი, კარი გაიღო და სასწავლო ნაწილი შემოვიდა, ზეინაბ  მასწავლებლო, მერია მოსული და თქვენთან საუბარი სურსო!“

7  ოქტომბერი 
რა მაგარია, ის სამსახური სადაც მამაჩემმა მუშაობა დაიწყო, გაუქმდა.  დღეს სოფელში  ვბრუნდებით,  ხვალ უკვე ბებიას და ბაბუას ჩავეხუტები.  გუშინ  კი განახლებული სტადიონი და  სკვერი გაიხსნა, უამრავი ხალხი იყო.  გახსნის ღონისძიებაც  ჩატარდა. ზოგმა იმღერა , ზოგმა ლექსი თქვა, ზოგმა კიდე იცეკვა, ისე ატრიალებდნენ ხმლებს, სულ ნაპერწკლები ცვიოდა.  ზეინაბ მასწავლებელმა  ჩვენი კლასის მოსწავლეების და მშობლების ერთობლივი  გუნდი  ჩამოაყალიბა და გვდირიჟორობდა,  მე და დედაც ვმღეროდით,    ხო, სულ დამავიწყდა,  წყაროც გადარჩა და ისე  რაკრაკით მიედინება, გეგონება ისიც მღერისო.    ხვიჩას  მესიჯს  ვწერ,  რომ  ხვალ  ჩამოვდივარ  მეორე დღესვე  ვგეგმავთ დიდი შეტევას.  კლასს რომ დავემშვიდობე  ზურა-ამბრაზურას, ამხელა კაცს,  თვალზე ცრემლები ადგა, მანამდე ჩემთან დავპატიჟე,  სოფელში,  დეიდაშვილიც წამოიყვანე, გამოქვაბულსაც განახებთ-მეთქი...  სულ გადამავიწყდა, პრინციპი რომ...  ხო აღარ  ვიტყვი, ხო ვთქვი,  დამავიწყდა-მეთქი...  მერე კლასელები კიბეებზეც ჩამომყვნენ,  ოი, საოცრებავ,  ნინი, რომელსაც ჩემი ხმის გაგონებაც კი არ უნდოდა ისე სლუკუნებდა, მეგონა მოვკვდი, და ხელით მეორე ხელი მოვისინჯე, ცოცხალი ვარ-მეთქი...  ხო, სოფელში მთელი  კლასი დავპატიჟე, მაგრამ მაინც ყველაზე უფრო ზურა, ნინი და ზეინაბ მასწავლებელი მინდა ჩამოვიდეს.  მაგარი იქნება,  ზეინაბ მასწავლებელს ჩემს თოვნასი  ბებოს გავაცნობ.  ცოტა მენანება ახალი  სკოლის დატოვება, მაგრამ  ჩემი სოფელი, ჩემი ბაბუა და ბებია  მთელ ქვეყანას მირჩევნია.  ეზოში გამოვედი  და  ჭიშკრისკენ მივდივარ,  მინდა გადავასწრო, ამ ნინის შემხედვარე  მეც არ ავტირდე.  ხოდა არ მინდა უკან მივიხედო, მაინც მივიხედე.  ყველანი გარეთ იყვნენ  არა და ზარი დარეკილი იყო.  მანდატურებიც იქვე იდგნენ, არ გაბრაზებულან.  არადა მინდოდა, სკვერში გადავალ,  წყაროსთანაც მივალ და დავემშვიდობები-მეთქი, მაგრამ რა ვიცი,  ახლა მომერიდა  -  ჩემს კორპუსთან  გადავალ და იქ დავემშვოდობები . ჭიშკართან რომ მივედი, კიდე მივიხედე უკან,  იქნებ ზეინაბ მასწავლებელიც გამოჩნდეს-მეთქი, მაგრა არ ჩანდა.  მერე ტელეფონი ატოკდა ჯიბეში.  მესიჯის ხმა იყო, ხვიჩაა ალბათ!    უი, ზეინაბ  მასწავლებელი!  უკან  ვიხედები ახლა ისიც  კლასელებთან დგას და ხელს  მიქნევს,  ხელში ტელეფონი კი უჭირავს...  მეც ვიღებ ტელეფონს, თურმე მესიჯს მიგზავნის, მესიჯში კი, ოი,  საოცრებავ, მხოლოდ  ორი სიტყვა:  კურუმ, კურუმ... 

1 სექტემბერი, 2017 წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები