ნაწარმოებები


შაბათს, გადაცემა "სოფლის დილაში",საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102.4 დილის 9 საათსა და 45 წუთზე თამარ ბოლქვაძე ( თანანა ) კითხულობს "ლილე 2017"-ის გამარჯვებულ ნაწერს - ნინო ქადაგიძის "რუფინე-ქერისფერს"!!!

ავტორი: ინაგადადავიდა
ჟანრი: პროზა
8 ოქტომბერი, 2017


თაფლობის თვე

  საქორწილო მოგზაურობიდან დაბრუნებული აეროპორტიდან მომავალ ტაქსის უკანა სავარძელზე იჯდა და უხალისოდ ათვალიერებდა ქალაქის გახვითქულ,მტვრიან ქუჩებს. ორდღიანი გადაბმული მგზავრობის გამო გვარიანად დაღლილი და გამოფიტული იყო. თითქოს ნახევრად სიზმრისეულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ერთმანეთში ერეოდა ათასგვარი ფიქრი.ამას ემატებოდა დაძინების სურვილი და მისი გადაღლილი გონების მუშაობის პროცესი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნას წააგავდა. ცხელოდა,აწუხებდა მეუღლის გახურებული,ბალნიანი ხელი რომელიც მჭიდროდ მიტმასვნოდა მის სხეულს. თუმცა მაინც არ იშორებდა. პირიქით,ქმარს რომ ეკითხა ხომ არ გაწუხებსო ალბათ გაიღიმებდა და ეტყოდა-სრულებითაც არაო.

      ფანჯრიდან დაინახა ორი ახალგაზრდა მეგობარი. ერთი წინასწარ უხსნიდა მეორეს რაღაცას შემდეგ წავიდა და იქვე მდგარ ძეგლთან უცნაურ პოზაში დადგა. თავი 90გრადუსით მიატრიალა,თმა უკან გადაიგდო და გაშეშდა. მეგობარმა იმ წამსვე დაძრო ფოტოაპარატი და ოსტატურად დაიჭირა ეს ძვრიფასი წამი. შემდეგ ორივე დიდი ინტერესით აკვირდებოდა ფოტოაპარატს.საბოლოოდ,როგორც ჩანს ეს ფოტოც დაიწუნეს და ვინ იცის მერამდენედ,პირველი გოგონა კვლავ ძეგლისკენ გაემართა.  ტაქსი ოდნავ,ძლივს შესამჩნევად ჯაყჯაყებდა. ახლა მას სასაცილოდ ეჩვენებოდა ეს ყალბი პოზიორობა,არადა 2 ვის წინ ზუსტად ასე სცდილობდა რამდენიმე იდეალური ფოტო გადაეღო საზღვარგარეთ მყოფს. იცოდა,რომ თავისი შეყვარებული რომელმაც აგერ თვენახევრის წინ ხელი თხოვა აუცილებლად ყურადღებით დაათვალიერებდა მის ახალ ალბომს სოციალურ ქსელში. ახლა ეს ყველაფერი მისთვის ერთი დიდი სისულელე იყო.

    სექსმა იმედები გაუცრუვა. ამაზე პირდაპირ არ ფიქრობდა,თითქოს საკუთარ თავს გაურბოდა,მაგრამ ეს იმედგაცრუების შეგრძნება მოუშორებლად დალექილიყო მის ფიქრებში. სექსი მას სულ სხვანაირი წარმოედგინა,რას აღარ უყვებოდნენ მასზე,რა აღარ წაეკითხა ან ენახა კიდეც. თაფლობის თვის წინ ათასგვარად წარმოიდგენდა ხოლმე გასატარებელ პერიოდს. თუმცა სიამოვნება თითქმის არც ერთი სექსუალური აქტისგან არ მიუღია. ალბათ,ყველა აჭარბებს სექსზე საუბრისას,ან შესაძლოა რაღაც პერიოდი სჭირდება,რომ ბოლომდე გაიხსნას.ანდაც შესაძლოა ეს სულაც თავისი  პარტნიორის უნიათობის ბრალი იყოს.თუმცა ამ უკნასკნელი პრობლემის რეალურობას ვეღარასდროს გაიგებს რადგან ამიერიდან პირველი,ერთადერთი და უკნასკნელი სექსუალური პარტნიორი ჰყავდა.

      მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულს ელოდა მობეზრებული სამსახური,რომელსაც დაემატებოდა ქმარზე ზრუნვისა და ბედნიერი ოჯახის მშენებლობის პროცესი. უნდოდა ძალიან ბევრი ეფიქრა მომავალზე,ყველაფერი დეტალურად დაეგეგმა. ჯერ კიდევ მოგზაურობაში მყოფი,საღამოს სეირნობისას სცდილობდა წარმოედგინა და დაეგეგმა თავისი ცხოვრების ახალი ეტაპი,თუმცა რაღაც აუხსნელი მიზეზების გამო კონცენტრირებას ვერ ახერხებდა. შინაგან სისუსტეს გრძნობდა. იგი ვერაფრით ხვდებოდა რატომ არ შეეძლო კონკრეტული გეგმების დაწყობა და მომავლის სურათების წარმოდგენა. ყოველი მცდელობისას მისი ფიქრები იშლებოდა ათას ნაწილად და იფანტებოდა. მოწყენილობას ამის გამო თან ერთვოდა გაბრაზებაც. სურდა ყველაფრი თავის ადგილას დაელაგებინა,თუმცა დაქუცმაცებული ფიქრები ერთმანეთში უარესად აირეოდა ხოლმე და ისიც მთლიანად წყვეტდა ფიქრს დისკომფორტული შეგრძნებისგან გასათავისუფლებად.

    ამგვარი ფიქრები და განწყობები ნელ-ნელა მასში თვითშეფასების შემცირებასაც იწვევდა. ახლა ტაქსიში მჯდარი იმასაც კი ფიქრობდა იქნებ გონებრივი შესაძლებლობები არ მყოფნის მომავლის დაგეგმვისათვის და ამ თემებზე ფიქრი სულაც არააა ჩემი საქმეო. ბოლოს და ბოლოს იგი მარტო აღარ იყო,ახლაც მას ჰყავდა ქმარი- საყრდენი კედელი და მზრუნველი. ღმერთო რაზე ფიქრობს? საშინლად დაღლილი და არეულია. ფანჯარაში გაიხედა. ქუჩის მაგივრად ამჯერად საკუთარი სახე შეეჩეხა. ტაქსის ფანჯარაში არეკლილი საკუთარი გამოსახულება უაზროდ და უემოციოდ უყურებდა. ჩანდა მისი კოხტა,პატარა ცხვირი,მოსუქებული წითელი ლოყები და სქლად გადაჭიმული წარბები. მაინც რა უნდა გააკეთოს თავის ცხოვრებაში დამდგარ ახალ,მნიშვნელოვან ეტაპზე? ამაზე ხომ წარმოდგენაც არ აქვს. ისევ დაიწყო… გადაღლილობის ბრალია. 2-3 დღე კარგად უნდა დაისვენოს,გამოიძინოს,ენერგია აღიდგინოს და შემდეგ ყველაფერი თავისით მშვიდად გაუყვება კალაპოტში ჩამდგარ დინებას.

      ქმარმა მხარზე ხელი გადაუსვა,ჯერ მოუთათუნა შემდეგ კი მიიხუტა და თავში აკოცა. მართალია საშინლად დასცხა და მკერდიდან ამოსული ოფლის სუნი არ ესიამოვნა,მაგრამ უფრო მჭიდროდ მიეკრა მეუღლეს,ახლა თვითონაც შემოხვია წელზე ხელი და მთელი ძალით მიაწვა მის სხეულს. ცოტა ხანში ჩაეძინა…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები