ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
8 ოქტომბერი, 2017


წერილი

საღამო მშვიდობის, ოკეანის სურნელო.
ვიცი, ახლა საღამოა... ან, რა მნიშვნელობა აქვს? ალბათ, ჩაბნელებულ, ჭუჭყიან პალატაში წევხარ და იარებს იშუშებ. ღირდა? ეგ აუტანელი ტკივილი ღირდა იმად, რომ დაგეკარგა ის ერთადერთი შანსი ჩემი ამბორისა? თუმცა, შენ ხომ უბრალო მოკვდავი ხარ – ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული. შეიძლება ცოტა მეტად გაბედული, მაგრამ მაინც მოკვდავი. თქვენი საწყისია შიში. შენ ყურთან დახრილმა ვიგრძენი ეგ შიში, – ოკეანესავით უძირო, ამოუწურავი და ცარიელი შიში. სიმშვიდით შენიღბული შიში.
შიშმა გამაბრაზა...
მერეც გეშინოდა, გარეთ გამოსული დაბნეული მზერით, რომ ცდილობდი გეპოვე. მაშინ დაკარგვის გეშინოდა – იმ შესაძლებლობის დაკარგვის, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გეძლევა.
შემძულდა შიში...
შენი შიში შემძულდა.
იმავე ღამეს გავფრინდი საფრანგეთში და იმავე ღამეს მქონდა სექსი ქმართან. ზუსტად ისეთი, როგორიც შენ ვერასოდეს გექნება. ისეთი, რომლის გულისთვის სულსაც კი მიჰყიდდი ეშმაკს. მაგრამ რაღა დროს, შენ სულს ახლა ბელზებელიც კი აღარ იყიდდა. არადა გქონდა შანსი, ოკეანის სურნელო, რეალური შანსი გადამღვროდი სხეულზე შხეფებად. მერე თუდაც ვეღარ შეგეკრიბა წვეთები, ვეღარ აღმდგარიყავი. არ ინანებდი, დარჩებოდი დაღვრილი, მაგრამ არ ინანებდი. ახლა ქილაში გამომწყვდეული ამაოდ ეხლები აქეთ-იქით. ვეღარ დაიღვრები. ვერც ეგ „ფრიცის გოგო“ გიშველის.
გგავსო...
სისულელეა, გულისწასვლამდე ვიცინე ამაზე.
ნეტავ, გენახა როგორ უხეიროდ ამოიცვა შენი ნაჩუქარი ვარდისფერი საცვალი და მერე თვითონვე გაიხადა. სურვილიც არ გაგჩენია შენ გაგეხადა. მაშინ, როცა კაფეში მზად იყავი ჩემთვის იქვე შემოგეხია და დამუფლებოდი.
მხოლოდ სინქრონში აგყვა. ეგეც რამეა...
ღირდა, ოკეანის სურნელო?
დრო გადის და იცოდე, ამაზე უკეთესი აღარ იქნება – დაბერდები იმ უკეთესის ძებნაში და მაინც ვერ იპოვი.
თუმცა, იმედი არ დაკარგო...
იქნებ, ერთხელ ისე მომენატრო, რომ ისევ გიპოვო და მეორე შანსი მოგცე. ახლა შორს ვარ. საფრანგეთში მხოლოდ ერთი თვე ვიყავი. მერე ოკეანე გადავცურე და სამხრეთ ამერიკის სურნელი შევისუნთქე. აღიარე, სუნთქვა შეიკარი. გეშინია, ოკეანის სურნელი არ ჩავანაცვლო...
მიყვარს ეგ შიში...
მთელი არსებით ვგრძნობ შენ სხეულში დავლილ ცახცახს. ისევ ყურთან ვიხრები და ღრმად ვისუნთქავ შენი შიშის სურნელს... ფილტვებში ვუშვებ და მთელი სხეულის გავლით გონებაში ვიტოვებ.
მე კი შენ გონებაში ვრჩები...
არ ვარ წინააღმდეგი, წარმომიდგინე – ეკვადორის რესპუბლიკაში, სანტა ელენას პროვინციაში ოკეანესთან ახლოს ვზივარ და ესპრესოს ვსვამ ნუშიან შოკოლადთან ერთად. ისევ ის ვარდისფერი საცვალი მაცვია. ჩემს მაგიდას მეტისი გოგონა ემსახურება, რომელსაც გაბზეკილ გავაზე პატარა ბავშვი შემოუსვამს, ვერსად დატოვა ალბათ. შენ მოგეწონებოდა...
თუ შეძლებდი შეგემჩნია, აუცილებლად მოგეწონებოდა.
მაგრამ შენ მხოლოდ ღვინის დამათრობელი სუნის შეგრძენების უნარი გექნებოდა, მე კი ოკეანის.
ახლა აქ რომ იყო ისევ იქ დავბრუნდებოდით საიდანაც დავიწყეთ...
– საღამო მშვიდობის.
– საღამო მშვიდობის.
– ვიცნობთ ერთმანეთს?
– კი, ვიცნობთ, თქვენ ედემის სურნელი ხართ, მე ოკეანის.
დაბრუნდებოდი ისევ იქ?
დაძლევდი შიშს?
დალევდი მორიგ ნეგრონს?
გაბედავდი შეხებოდი ჩემს მუხლისთავებს?
ცახცახებ...
არ გეშიანია – ცხოვრებაში პირველად, არ გეშინია.
ვიხრები და ვისუნთქავ შენს სურნელს – ვნების, ჟინის სურნელს. შტორმიანი ოკეანის სურნელს. სუნთქვას ვიკრავ და დიდი ხანი გიჩერებ ფილტვებში.
ექვსი დღის მერე, ჩვენი გაცნობის ერთი წლის თავზე, ისევ იქ... გინიშნავ პაემანს.
მაგიდა დაჯავშნილი იქნება სიკვდილის სახელზე.
გილოცავთ, სიკვდილი მეორე შანსს გაძლევთ.



                                                                                                                                                                                    ევანგელია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები