ნაწარმოებები


შაბათს, გადაცემა "სოფლის დილაში",საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102.4 დილის 9 საათსა და 45 წუთზე თამარ ბოლქვაძე ( თანანა ) კითხულობს "ლილე 2017"-ის გამარჯვებულ ნაწერს - ნინო ქადაგიძის "რუფინე-ქერისფერს"!!!

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 ოქტომბერი, 2017


საქართველოში უცხო ენების სწავლების შესახებ

საქართველოში უცხო ენების სწავლების შესახებ


საქართველოში რუსული ენა ავიწყდებათ ან დაავიწყდათ, ინგლისური ენა ვერ ისწავლეს და ვერც ისწავლიან, ვინაიდან,  დღეის მდგომარეობით, საშუალო სკოლებში სწავლის პროცესი სრულიად მოშლილია, მოსწავლეების დიდი ნაწილი საერთოდ არ დადის სკოლაში, სწავლა საერთოდ არ უნდათ, არც ერთი საგნის, მათ შორის, არც უცხო ენების.

მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ უცხო ენების პედაგოგების მომზადებას წლები კი არა, ათწლეულები ჭირდება, პედაგოგების რამდენიმე თაობის ცვლა, დღეის მდგომარეობით საქართველოში რუსული ენის პედაგოგების ეს თაობა ჯერ კიდევ არსებობს, ინგლისური ენის პედაგოგების, მრავალი ათწლეულების გამოცდილების მქონე, თაობა კი ჯერ კიდევ არ არსებობს, და მოსალოდნელია, რომ არც შეიქმნება, პირველ რიგში, ორგანიზაციული და ეკონომიკური მიზეზის გამო, პედაგოგების ხელფასი იმდენად დაბალია, რომ ამ სამსახურში ადამიანები დიდხანს ვერ გაჩერდებიან, შესაბამისად, ვერ მოხდება თაობათა ჯანსაღი ცვლა, სწავლის მაღალი ხარისხის პედაგოგიური გამოცდილების გადაცემით.

თუნდაც რომ სასწავლო პროცესი ოდესმე, შორეულ მომავალში,  მოწესრიგდეს, მაინც, საქართველოში ინგლისურად მოლაპარაკე უცხოელები არ არიან საკმარისი რაოდენობით, ანუ ქართველებისთვის არ არსებობს ენობრივი პრაქტიკა, პრაქტიკის გარეშე კი ენის მისაღებ დონეზე, მხატვრული ლიტერატურის და მეცნიერების აღსათქმელად საჭირო დონეზე, სწავლა შეუძლებელია.

გაიხსენეთ, 1801-1990 წლებში, რუსული ენის სასწავლოდ მეტ-ნაკლებად იყო ენობრივი პრაქტიკის მიღების შესაძლებლობა, და მაინც, ქართველი ხალხის მეტმა ნაწილმა ვერ შეძლო რუსული ენის მაღალ დონეზე სწავლა, და რატომ ფიქრობს ვინმე, რის საფუძველზე, რომ დღეის მდგომარეობით, როცა საქართველოში არ არსებობს ინგლისური ენის სწავლისთვის ისეთივე პირობები, რაც მანამდე რუსული ენისთვის იყო, რომ ქართველი ხალხის მეტი ნაწილი შეძლებს ინგლისური ენის მაღალ დონეზე სწავლას?

თუ საქმე ისე გაგრძელდა, როგორც ახლა არის, ვერც ერთ ენას, მათ შორის ვერც ინგლისურ ენას, მისაღებ დონეზე, მხატვრული ლიტერატურის და მეცნიერების აღსათქმელად საჭირო დონეზე, ხალხის უდიდესი ნაწილი ვერ ისწავლის. ვერც ინგლისურ მხატვრულ ლიტერატურას და ვერც მეცნიერებას ვერ ეზიარება ვერც ორიგინალში, და, სამწუხაროდ, ვერც თარგმანში, საქმე ის არის, რომ საქართველოს სახელმწიფოს არ აქვს იმის მატერიალური შესაძლებლობა, რომ ინგლისურენოვანი მხატვრული და მეცნიერული ლიტერატურის სათარგმნელად ქართველი მთარგმნელების მთელი არმია მოამზადოს და ფინანსურად უზრუნველყოს, თანაც ეს შეუძლებელია არა მარტო პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც კი, მთელი ქართველი ხალხი მთარგმნელებად რომ იქცეს, და თარგმნის მეტი არაფერი აკეთოს, მაინც, ფიზიკურად ვერ შეძლებს მთელი ინგლისურენოვანი მხატვრული და მეცნიერული ლიტერატურის თარგმნას ქართულ ენაზე. შედეგად საქართველო აღმოჩნდება მსოფლიო განვითარების მიღმა, ე. წ. ”მესამე სამყაროს” წიაღში, კოლონიზირებული განუვითარებელი ქვეყნების რიგებში, მემკვიდრეობითი უვიცობის  და ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის ქვესკნელში, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს.

დააკვირდით, ბოლო ათწლულების განმავლობაში არა მარტო ეკონომიკაში, არამედ განათლებაშიც, მათ შორის უცხო ენების ცოდნაშიც, უკვე მოხდა ქვეყნის კატასტროფული დაკნინება. გრძელდება საშინელი პროცესი. დააკვირდით, უცხო ენების ცოდნის თვალსაზრისით, საქართველოს კუთხეები უბრუნდებიან ე.წ. ”ფესვებს”, 1801 წლამდე არსებულ მდგომარეობას. შეიქმნა სასწაული მდგომარეობა, ხალხის უდიდესი ნაწილი რუსულ ენას ივიწყებს ან უკვე დაივიწყა, ხოლო ინგლისური ენა ვერ ისწავლა და ვერც ისწავლის. მეტიც, ხალხის დიდმა ნაწილმა არა თუ უცხო ენები, რუსული ან ინგლისური, არ იცის, არამედ, მაგალითად, სამეგრელოში, 1990-იანი წლებიდან დაწყებული, უფასო საშუალო განათლების სისტემის მოშლის შედეგად, უკვე ქართული სალიტერატურო ენაც კი არ იცის, იცის მხოლოდ მშობლიური, ანუ დედის და მამის, სალაპარაკო ენა, ოჯახში რომ ლაპარაკობენ, ის ენა  - მეგრული.

ხალხო, გაიგეთ, შეიგნეთ, ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. ეს ყველაფერი საქართველოს მტრების მიერ წინასწარ დაგეგმილი დივერსიაა. მიზანი არის საქართველოს გადაქცევა ე. წ. ”მესამე სამყაროს” წაქცეულ ქვეყნად, ქართველი ხალხისთვის საქართველოში ცხოვრებისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნა და მისი ქვეყნიდან იძულებით-ნებაყოფლობითი წესით გაძევება, შემდგომში საქართველოს მტრების მიერ ქართველი ხალხის ქონების მითვისების მიზნით.


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
9.10.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები