ნაწარმოებები


შაბათს, გადაცემა "სოფლის დილაში",საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102.4 დილის 9 საათსა და 45 წუთზე თამარ ბოლქვაძე ( თანანა ) კითხულობს "ლილე 2017"-ის გამარჯვებულ ნაწერს - ნინო ქადაგიძის "რუფინე-ქერისფერს"!!!

ავტორი: მეომარი
ჟანრი: პროზა
12 ოქტომბერი, 2017


ერთხელ, აგვისტოში

დილიდან რაღაც ცუდი წინათგრძნობა უღრღნიდა გულს. „ომია, ბოლოს და ბოლოს, აბა კარგი რა უნდა მოხდეს“- იმხნევებდა თავს. მთელი ღამე გაათენეს, ვაშლის ბაღებში ავტომატის სახურავით მოთხრილ სანგარში. მოწინააღმდეგის ჯგუფს ელოდებოდნენ, რომლებიც სადაზვერვო ოპერაციაზე იყვნენ შემოსული.
ბაღებს იქით სოფელი იწყებოდა. გამთენიისას ძაღლები აყეფდნენ. დილის ბურუსში ჩაძირულიყო არემარე. ღამის ბინოკლისგან გადაღლილი მზერა მიაპყრო სოფლის განაპირას მდებარე ბუჩქნარს. ბიჭებს დახედა. ორს ეძინათ. მისი და ილოს მორიგეობის დრო იყო. ილოსაც ჩასძინებოდა ტყვიამფრქვევთან.
შორიდან ისმოდა ყრუ გუგუნი, თითქოს დედამიწა ბორგავდა, ოხრავდა და კვნესოდა, სისხლი აწუხებდა მარჩენალს, მისივე შობილების სისხლი, რომელსაც ასე უმოწყალოდ ღვრიდნენ და რისთვის, არავინ იცოდა. ალბათ სამშობლოსთვის, სიცოცხლისთვის, სიყვარულისთვის. ეჰ, დასრულდება კი ეს ყველაფერი ოდესმე, - გაუელვა თავში და კვლავ ბუჩქნარს ჩააშტერდა. არა, ეს ძაღლი არაა.
- სსს, ილო - გადაუსისინა ჩაძინებულს.
- ჰა, რაო - წამოყო თავი ილომ.
- ბუჩქნარი, პირველ საათზე.
ნეტა რა უნდა იყოს, ოღონდ ადამიანი არა, ოღონდ შენ არა, ვინც ხარ, ფიქრობდა გულში. ილო გაქვავებული მიშტერებოდა წერტილს. დანარჩენებსაც გაღვიძებოდათ. მეორე ლანდი გამოჩნდა ბუჩქებთან.
- ილო, მე ვესვრი,- გადაუჩურჩულა, - თუ გვიპასუხეს, მერე შენ იცი.
ილომ თავი დაიქნია და გაიყინა. ოღონდ ადამიანი არა, ოღონდ ადამიანი არა,- იმეორებდა გულში და მცველი გახსნა. ბუჩქების გვერდით, დიდ ქვას დაუმიზნა. გაიქეცით და ნუ გვიპასუხებთ, სთხოვა ისევ ლანდებს და სასხლეტს დააჭირა. დილის ნისლი გაფანტა თითქოს მჭახე ხმამ და ლულიდან გამოვარდნილმა ცეცხლის კონამ. ისევ სიჩუმე. ბუჩქები დუმს. მეორედ დააჭირა. ხმა არ გაუგონია, მაგრამ ბუჩქიდან გამოვარდნილმა ცეცხლის ენამ ყველაფერი თქვა. თავი ჩაღუნა. ილო მრისხანებდა ამჯერად. ილოც, ლექსოც და ნოდარიც. სამივე. ბუჩქს გახედა. თეთრ ქვასაც ბოლი ასდიოდა. გეყოფათ, - ხელის აწევით შეაჩერა ბიჭები. ბინოკლი მომარჯვა და ბუჩქს გახედა. უნდა მივიდე, - გაუელვა თავში.
- სსს, ილო, წამოხვალ? - იცოდა რომ წამოვიდოდა, მაგრამ მაინც..
სამასიოდე მეტრი მოხერხებულად გადაირბინეს. ბუჩქების წინ პატარა არხი გადიოდა, იქიდან არ ჩანდა.არხიდან ბუჩქები ძალიან ახლოს იყო, ხელის გაწვდენაზე. ვიღაცამ დაიკვნესა. არხიდან ამოხტა და ბუჩქს მიუახლოვდა. ორნი ყოფილან, გაიფიქრა. ერთი აღარ იყო, უცნაურად მოგრეხილ სხეულს სიცოცხლის არაფერი ეტყობოდა. მეორე თვალებს აბრიალებდა შეშინებული, ხვდებოდა რომ რაღაც საშინელება ხდებოდა მის თავს. თვალებიდან ცრემლი გადასდიოდა საფეთქლებზე. არა, არ ტიროდა. ტირილით სხვანაირად ტირიან. სიცოცხლეს ეჭიდებოდა, ალბათ ვიღაცა ენატრებოდა, უხმოდ ამოძრავებდა გამშრალ ტუჩებს. კარგია, სახეში რომ მაინც არ მოხვდა, გაიფიქრა და თვითონვე შეზარა ამის წარმოდგენამ. უხმოდ დასცქეროდნენ. სუნთქვა შეწყდა. დაიხარა და თვალები დაუხუჭა.
ეს თვალები არ ასვენებდა დილიდან, გაყინულს მზერას შერჩენილი ტკივილი, შიში და საყვედური ყველას მიმართ. ვერა და ვერ მოთავსდა მოხერხებულად ამ თივის ლეიბზეც. სახელდახელოდ მოიწყვეს ბიჭებმა საძინებლები, ვაშლის ხეებს ქვეშ პატარა თივის ზვინები იდგა და მანაც ერთ-ერთს მიაშურა. გადაღლილი სხეული ტეხდა, ფეხები უხურდა და წყუროდა საშინლად. ძილი ჯობია, - გაიფიქრა და თვალები დახუჭა. ზუზუნი, ზუზუნი, ეს გაუთავებელი ზუზუნი. ზუზუნი და სიბნელე. ხვდებოდა, რომ ეძინა და სიამოვნებდა. სიზმარი არ იცოდა, რა იყო..
გრუხუნმა გააღვიძა. ვიღაცამ გადაურბინა ზედ და ჩამონგრეულ სახლს მიაშურა. ადე გვბომბავენ, ილო იყო. წამოიზლაზნა და აღჭურვილობა აიღო. სახლისკენ არ წასულა, გზის პირას კანაოში გადაინაცვლა. ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი მოხერხებულად მიაწყო და წამოწვა. ცაზე ღრუბლის ნასახიც კი არსად ჩანდა. ეხლა რომ ზედ დამეცეს ჭურვი, - გაიფიქრა და გაეცინა. როგორც ჩანდა, დაბომბვა შეწყვეტილი იყო, ბოლო აფეთქების მერე კაი ხანი გავიდა. წამოდგა, ჯავშანჟილეტი შემოიცვა, გადაამოწმა, მჭიდები, დანა, ხელყუმბარები, ყველაფერი ადგილზე იყო. პისტოლეტს მჭიდი მოხსნა, შეამოწმა, კვლავ გადატენა და კაბურაში დააბრუნა. ახლა წყლის დალევაც შეიძლება - გაიფიქრა. ავტომატი ზურგზე გადაიტანა და სადაც მეთაურობა ეგულებოდა, იქით დაიძრა. წყალი უეჭველი ექნებათ, ისე როგორ მოისვენებდნენ - ჩაეცინა გულში. არ შემცდარა. მეთაური ხანმოკლე თათბირს მართავდა. გაუხარდათ მისი მისვლა.
მოდი, მოდი, შენ გვჭირდებოდი - ადგილი დაუთმო ერთ-ერთმა ოფიცერმა და ცივი წყლიანი ბოთლი მიაწოდა. ყოველი ყლუპი სიამოვნებდა და ცდილობდა რაც შეიძლება, მეტ ხანს გაგრძელებულიყო ეს პროცესი.
ახალი დავალებაა, ქალაქი მოწინააღმდეგის ძალებითაა სავსე და არ ვიცით, რას აპირებენ, რომელ მიმართულებაზე დაიძრებიან. მოკლედ, მზვერავები შედიხართ და აკვირდებით მოწინააღმდეგის მოძრაობას. ჰმ, შედიხართ,- გაიფიქრა, - რა ადვილი სათქმელია. დამთავრდა თათბირი. მზვერავები დიდი კაკლის ხის ქვეშ იყვნენ მიწოლილნი.უცებ აუხსნა რა იყო გასაკეთებელი და დაიძრნენ. შვიდნი იყვნენ სულ. ორი სნაიპერი მათ შორის. სოფლის განაპირას გავიდნენ. წინ ტრიალი მინდორი იყო გადაშლილი, არ გაისვლებოდა. ხელის გულზე ეყოლებოდი მოწინააღმდეგეს. ცა კი მათი იყო, გამანადგურებლები დილის მერე დაშლიგინებდნენ და ძიძგნიდნენ ჩვენს პოზიციებს და მიწა წყალს. ბინოკლი მოიმარჯვა და ქალაქის მიმართულებას დააკვირდა. ცაში ასული მტვრის ფარდა კარგს არაფერს მოასწავებდა. ტექნიკა დაძრეს ძაღლებმა,- გაიფიქრა და მეკავშირეს დაუძახა.
- 05, თვალი ვარ მიღება, 05 როგორ გესმის ჩემი.
- 05 გისმენ, თვალი.
- დაიწყეს, დიდი ალბათობით ტექნიკა დაგვარტყავს.
- ხედავ ტექნიკას?
- მტვერს ვხედავ.
- დაელოდეთ და ტექნიკა რომ გამოჩნდება, გადმოგვეცით.
ბრიყვები, - ჩაილაპარაკა სიბრაზით და რაციას ხელი გაუშვა. გონება გამალებით მუშაობდა. ტექნიკა თუ დაძრეს, სადაზვერვო ჯგუფი უნდა იყოს წამოსული წინ. ისევ მოიმარჯვა ბინოკლი და ქალაქიდან ამომავალი გზის ნაპირების გულდასმით დათვალიერება დაიწყო. ამას რას ვაკეთებ, გაუელვა თავში, სილუეტზე მესვრის ბავშვიც კი. თითქოს დაადასტურესო, ტყვიამ გაიწივლა და მოპირდაპირე კედელს დაეძგერა. იმ წამსვე ჩაჯდა. მეკავშირე, - გასძახა,-გადაეცი რომ კონტაქტი გვაქვს.
- უკან დაიხიეთო, - გადმოსძახა მეკავშირემ.
- როგორც მოვედით იმ გზით გავდივართ, - გასძახა ბიჭებს და მხარზე ხელის დარტყმას დაელოდა, მანამდე კვლავ იმ მიმართულებას მიშტერებოდა, საიდანაც ისროლეს. მალევე დაბრუნდნენ. მეთაურის თვალებში კითხვის ნიშნები შენიშნა.
- ყუმბარმტყორცნელებითაა საჭირო მთავარი გზის დაცვა, ტექნიკა მხოლოდ მაგ გზით შემოვა - დაიწყო მან, - შემიძლია პირადად ვუხელმძღვანელო.
- არ გვინდა ეხლა აქ ბაევიკობა, - შეაწყვეტინა მეთაურმა, - შენი მზვერავებით ჩემთან დარჩები.
- მე იქ ვრჩები, სადაც ჩვენი ბიჭები არიან - კბილებში გამოსცრა, - შენი ბრძანება შეიტენე ერთ ადგილას!
- მე მივდივარ წინა ხაზზე, მალე დაგვარტყამენ. არავის გაიძულებთ, ვისაც არ გეშინიათ სიკვდილის, წამომყევით - არც შეუხედავს ბიჭებისთვის, ისე ჩაილაპარაკა ეს სიტყვები. დაიძრა. სიმწრისგან ჩაეცინა, როცა მხოლოდ ილო და გოგა დაინახა მის გვერდით, დანარჩენებმა ვერ შეძლეს, ან კიდევ...თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.
წინა ხაზი პირობითად ქვია, თორემ არც სანგრებია, არც წინაღობები. სოფლის განაპირას, ბაღში უწესრიგოდ მიწოლილი ჯარისკაცები. სერჟანტები სხედან გზის პირას. მზვერავების დანახვაზე თვალები უბრწყინდებათ.
- თქვენ გესროლეს წეღან? - კითხულობს ერთი.
- ტანკები დაგვარტყამენ და მოემზადეთ,- ამბობს ის და დასმულ შეკითხვას მხოლოდ თავის ქნევით პასუხობს.
საშინელი გრუხუნი ანგრევს არემარეს. ხედავს, გზაზე ტანკი დგას და ლულიდან ჯერ ისევ ბოლი ასდის. მოვიდნენ, გაიფიქრა მან და არემარეს მოავლო თვალი. აღარავინაა. ბოლო ჯარისკაცი სადღაც ქვემოთ დაინახა, რომელიც ღობეზე გადაძვრა. უნდა დავწვე, დამიანახავენ, გაიფიქრა და მიწას გაერთხა. საფეთქლებში უამრავი ჩაქუჩები აკაკუნდნენ. ფრთხილად, ნელი მოძრაობებით დაიწყო ყუმბარმტყორცნის მოხსნა ზურგიდან. ძალიან ახლოსაა, ალბათ მეც დამაზიანებს, მაგრამ ვცდი მაინც და ტანკს გახედა. ტანკმა ერთხელაც გაისროლა. ჩვენებს ესვრის ქვემოთ, გაუელვა თავში და ყუმბარმტყორცნი მოიმარჯვა. ტანკი დაიძრა და გაუვალ მაყვლის ბუჩქებს მოეფარა. ბუჩქებში სროლას აზრი არ აქვს, ადგილი უნდა შევიცვალო. წამოიწია და გზის გადაღმა ვიღაც დაინახა.
ჩვენი ჯარისკაცია! - მოდი მოდი, ხელის ქნევით ანიშნა მან. ჯარისკაცმა  გადმოირბინა გზა და ბაღში მდგარ, სამშენებლო ბლოკებზე შედგმულ მანქანას მოეფარა. ისიც წამოჯდა და მასთან მიირბინა წელში მოხრილმა.
- რომელი ასეულიდან ხარ?
- ბრავო.
- დანარჩენები?
- უკან დაიხიეს, მე ვერ ავდექი, გზასთან ძალიან ახლოს ვიწექი.
- ნუ გეშინია, ჩვენ აქედან გავალთ, დამშვიდდი.
ჯარისკაცი კანკალებს. ქვემოთ, დიდი ბრძოლებია, ხმები მოწმობს.
ნეტა ილო სადღაა, ფიქრობს ის და უკან იყურება, ბუჩქებისკენ, სადაც ილო იჯდა. უცებ მანქანა ბლოკებიდან ვარდება და გვერდიდან ისე ძლიერად ხვდება, ორივე იქცევა.
- წადი გაიქეცი, უღრიალა ჯარისკაცს და მანქანას შეხედა, რომელიც მისკენ მოხოხავს, მანქანას მეორე მხრიდან ტანკი აწვება და გადავლას ცდილობს.
- უნდა ავდგე, გადამივლის, უნდა ავდგე - ფიქრობს და მაინც უკან-უკან ფორთხვას აგრძელებს, ბოლოს იკრიბავს ძალას, ავტომატს ბღუჯავს და გზისპირა კანაოსკენ ცდილობს გაქცევას. არემარეს აზანზარებს საშინელი აფეთქების ხმა. გრძნობს, როგორ ეცლება მიწა ფეხებიდან, საშინელ ალში ეხვევა და თავით ეხეთქება მიწას. დგება და ხედავს, ტანკი ალშია გახვეული, კოშკურაც მის გვერდით აგდია. ბუჩქებიდან კი გოგას გაღიმებული სახე მოჩანს, რომელსაც ხელში ყუმბარმტყორცნი უჭირავს.
გზას გახედა. გზაზე ქვეითთა საბრძოლო მანქანა დგას და ტყვიამფრქვევით ცელავს სოფლის ბაღს, მას ვერ ხედავენ აშკარად. ყუმბარმტყორცნს იმარჯვებს და დაუმიზნებლად ესვრის. გაუჭირდა ფოკუსირება და ჭურვი სულ ცოტათი სცდება მიზანს. მეორეც მაქვს, ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი გაახსენდა, რომელიც ზურგზე აქვს ისევ, ვერ მოასწრო წეღან მოხსნა. იმარჯვებს და გზისკენ მიხოხავს, ახლოს უნდა მივიდე, არ ავაცილო, მხოლოდ ეს ფიქრი უტრიალებს თავში. თავს წევს და თითქმის ზედ არის მიმდგარი, იმდენად ახლოს, რომ დეტალების შეერთების ხაზებს და ჭანჭიკების თავებს გარკვევით ხედავს. მუხლზე დგება და გამშვებ ღილაკს ხელს აჭერს. ჭურვი უკანა მარცხენა კარში ხვდება საბრძოლო მანქანას და ტყვიამფრქვევი სროლას წყვეტს.
- საღოოლ! -ისმის ილოს ყვირილი, რომელიც გოგას გვერდზე წამომართულა ბუჩქებიდან, - წამოდი, წამოდი, აფეთქდება ეხლა!
ადგომა უნდა, მაგრამ ვეღარ დგება. მგონი მარცხენა ფეხს ვეღარ გრძნობს. სისხლი არაა, არც ტკივილი.ალბათ დაცემისას ამომივარდა. მოფორთხავს,ხვდება რომ ჯავშანმანქანა თუ აფეთქდა, მასაც დააზიანებს. ილო მორბის ბუჩქებიდან და ჟილეტის სამხრეთი ცდილობს მის წათრევას. ბოლო, რაც მის ხედვას ამახსოვრდება, თეთრ კვამლში გახვეული ჯავშანმანქანაა გზაზე და ტაკაცატკუცით მოგიზგიზე ტანკი. ყველაფერი თეთრ ნისლში იძირება. ალბათ ასე მთავრდება სიცოცხლე. ქვემოთ ისევ იბრძვიან.ნეტა ვინ...
გონს საავადმყოფოში მოდის.
- არ ადგე, კანტუზია გაქვს, მბრძანებლობს თეთრხალათიანი პატარა გოგონა. გვერდით ვიღაც წევს, თავზე დახვეული დოლბანდიდან სისხლი ჟონავს.
- ნეტა ქვემოთ ვინ იბრძოდა... ეს კითხვა უტრიალებს თავში.
მოგვიანებით იგებს.
შინდისელები იბრძოდნენ ქვემოთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები