ნაწარმოებები



ავტორი: რევი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 ოქტომბერი, 2017


მეც თქვენნაირი მინდა ვიყო.

არ მახსოვს ზუსტად როდის იყო, გამახსენდა, რომ წერა მომინდა. არ ვამბობ რომ წერა კარგია. საშინელებაა, მით უფრო მაშინ, როცა თავი ყველაზე მარტოსული ვინმე გგონია. თუმცა, ვფიქრობ, ამის გარეშე არც არავინ წერს. დაიგლეჯენ ნერვებს საკუთარი კბილებით და ამოჩქეფილ სისხლს მელნად იყენებენ. მოკლედ, მივხვდი რომ ეს ჩვენი ცხოვრება თუ არსებობა ერთი დიდი და უნიჭო მეტაფორაა. მეტაფორაში ვცხოვრობთ, მაგრამ შეგრძნებები იგივეა, რაც საკუთარი სისხლის მელნად გამოყენებისას იქნებოდა. ვამჩნევ, რომ აქ წინადადებებს ერთმანეთთან ლოგიკური კავშირი თითქმის არ აქვთ და ჰოო, ახლა  სასიამოვნო ხმაური მესმის, მაგრამ არა გარესამყაროსი. ემბიენტს ვუსმენ. ვხედავ ამ ხმაურს, მაგრამ არ მესმის და არც მინდა გავიგო. სახურავზე ვარ, დახრილია. ამის გამო ხანდახან ქვემოთ ვცურდები, მერე ისევ ზემოთ ვიწევ და ასე, დაუსრულებლად. აქ ჯდომას თუ გავაგრძელებ ეს შეუქცევად პროცესად გადაიქცევა. წარმოიდგინე ზემოთ რომ აღარ ავიდე და დაბლა დაყრილ ქვებში ჩემი თმა ტვინს შეერიოს. მაგარი სანახავი ვიქნები. ქარია. არც მაგისი მესმის, ვხედავ უბრალოდ. საერთოდ მგონია რომ უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ფეხებზე დავიკიდე. საიდანღაც მოეთრა, ათასებთან ულაპარაკია და ახლაც ჯანდაბაში წასულა. უმოწყალოდ აქნევს ხეებს მარცხნიდან მარჯვნივ, ხან პირიქით. შეიძლება რამეს უნდა ვხედავდე ამ წინ და უკან ქროლვაში, თუმცა არც ეგ მაინტერესებს. არასდროს მეცოდინება ის რაც მინდა რომ ვიცოდე. ამ ადგილს ვეძებდი, ნორმალურია. მზე ჩადის, ყველგან ფოთლებს ვხედავ, ყვითლები არიან და კიდევ უფრო ყვითელი მზე როგორღაც ოქროსფერს ხდის. ამ ქარის გამო ზოგჯერ ჩემს თვალებსაც. არ გავურბივარ. სხვა დროს ამაზე საშინელი რეაქცია მექნებოდა, მაგრამ დღეს ამას ვეძებდი. ეს უკვე ვთქვი. როცა ვეღარ წერ, იმაზე უნდა წერო რომ ვერ წერ. ყვითელი არ მიყვარს, მზეც არ მიყვარს და არაფერი მიყვარს რაც მახსენებს, რომ ცოცხალი ვარ. სიამოვნებით ვიქნებოდი რამე იასამნისფერ სითხეში შეტივტივებული სხეულაკი. არ მეცოდინებოდა საიდან მოვედი, რა მინდა და მერე სად წავალ. სადმე წასვლის, ტრაკის განძრევის მოთხოვნილებაც კი არ მექნებოდა. ახლა ეს მოვალეობაა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვიცი რაც მინდა, სად უნდა წავიდე და ვიცი საიდან მოვედი. საქმე კი იმაშია, რომ არ ვიცი რისთვის მივდივარ იქ, სადაც მივდივარ და რისთვის მინდა ის, რაც მინდა.
ამაზე პასუხი მჭირდება. ქარში ვერ ვიპოვნი და, რა თქმა უნდა, არც ეს მზე აპირებს მოწყალება გაიღოს.
კიდევ კარგი, გამოუსწორებელი რომანტიკოსი არ ვარ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები