ნაწარმოებები



ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2017


  ჩამოტვირთვა

ოთარ ჭილაძეს

ცაში აშვებულს ვხედავ გავაზებს,
დაცარიელდა მიწა ოთარი.
წვიმაში გრძნობებს შემოგვთავაზებს
ყელი გამშრალი და ნალოთარი.

როდესაც ჩემში იღვიძებს მირზა,
ცაზე მზე არის არც ისე თბილი
და როგორც ტყვია ამცდარი მიზანს
ისე უბრალოდ, ვნატრულობ თბილისს

და სულერთია, ვიძენ თუ ვკარგავ
" ქარმა ფანჯარას ტოტი მოარტყა. "
შეღამებისას მოვკვდები ალბათ
თეთრ ყვავებს მერე სულს გამოვატან

და სულერთია, ვკარგავ თუ ვიძენ
ჰო, სულერთია ჭერიც, და ფუძეც.
დაწერილია – დღეების სიგრძე
და ვინც კი შეძლო გარბის ან უძლებს.

რა მოხდა მერე, ვწვები თუ ვდგები,
რაც სანახავი არ იყო ვნახე
და სულერთია განვლილი წლებით
შემეცვალა თუ მეცვლება სახე.

ჰო, სულერთია, ვზოგავ თუ ვხარჯავ,
ნისლები მომსდევს თუ მივსდევ ნისლებს.
" მიჭირავს ხელში პლანეტის მაჯა. "
და მთვარე ფეხზე მკიდია ისევ!

ადამიანზე გამძლეა თიხა?
პირიქითაა მე გეტყვი: ჩემთვის.
წვიმით გაჟღენთილ ოთახში ზიხარ
მე კი სუნი მსდის მიწის და დენთის

და სულერთია,  სულერთი ვფიცავ
ჰო, სულერთია თიხაც და კაციც.
ავაყირავე ზეცაც და მიწაც
როგორც კედელმა ჩამოფშხვნა ცარცი.

                        2017 წ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები