ნაწარმოებები



ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2017


„არიოლ-რეშკა"

ისევ ქალაქი, ისევ ქუჩა, ისევ აქცია,
ტუჩის კუთხეში გეღიმება, რადგან არ გჯერა...
კარგა ხანია ის ხარ, რადაც გადაგაქციეს,
სიცრუის ქოთანს სხვა ყური აქვს აქ და ამჯერად.
ნაგვის ურნებთან მომცრო რიგი ვადაგასულთა,
ისევ იმათი, ყოფა ცხვირწინ რომ აახიეს.
რისი დავა და რა კამათი ახლო წარსულთან,
არ გაგიმართლა? ესე იგი შენზე ახია!
ტყუილ-მართალის კოქტეილის მსუყე ნაზავი,
ან რა აზრი აქვს მის გარჩევას, როცა გამრჩევიც
დგას ჩახვეული სიცრუესთან ღვიძლი ძმასავით,
ქუჩა კი ყვირის - ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი!
ჯოგის კანონი კრავთა ბღავილს ყურად არ იღებს,
ქუჩებს ასფალტი შემოატყდათ ამდენ ბოგინით.
ყველა წამღებმა წასაღები უკვე წაიღო,
ფართო სუფრასთან გაიშალა ფართე ლოგინიც!
შუბლის ძარღვები არ მოუჩანს სახეს ბილბორდზე,
„არიოლ-რეშკა“ ააგდე და ხელზეც დაისვი!
ჰოდა, ის დროა ნელი სვლით და სწრაფად მირბოდე,
იმ დროსთან ერთად, რომ არ მოდის შენთან თავისით!..
      15.10.16

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები