ნაწარმოებები



ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2017


ომში უნდა წავიდე


ომში უნდა წავიდე,
ვთქვი ერთ დღეს,
როცა მტერმა ჩემი ქვეყნის საზღვარი დაარღვია და
მერე მთელი ქვეყნის დაჭრა დაიწყო...
ეს ჩემი დიდი ბაბუის ნაქონი პერანგი,
სულ ბუნებრივი საღებავებით შეღებილი,
ბალახის სუნით და მიწის სუნით გაჟღენთილი,
მემკვიდრეობით რომ გადმოეცა,
მერე ბაბუას რომ ეცვა,
მერე მამაჩემს და ბიძაჩემებს,
მერე რომ მართალია, დაპატარავდა, მაგრამ
ჩემმა ძმებმა და ბიძაშვილებმაც რომ ატარეს,
მერე რომ გაცვდა და მოთიბული ბალახივით ამოხუნდა,
მაგრამ იმათმა მეგობრებმაც რომ ატარეს
და ახლა ჩემი ოჯახის ქალებს
მაინც სათუთად ჰქონდათ შენახული
ბორჯღალიან ძველებურ სკივრში,
და ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს უნახავდნენ,
დაარღვია და დაჭრა მტერმა,
აი, მაშინ ვთქვი სულ პირველად,
ომში უნდა წავიდე.

ომში უნდა წავიდე,
ვთქვი მეორედაც,
როცა მტერმა ჩემი საყვარელი ზღვა კოვზით კი არ დალია,
არამედ ერთიანად ამოხაპა,
ხარბად ჩაისხა მუცელში და
ჩაიყოლა ჩემი და ჩემი მეგობრების ნაფეხურიანი სანაპირო -
ჩვენივე ტანის თბილი კონტურებით,
ჩაიყოლა თეთრი სახლები და შაშვის ნისკარტისფერი ეზოები,
ეზოებთან ერთად ქუჩები,
ქუჩებთან ერთად ბაღი და სკვერი...
სადაც საღამოობით შეყვარებულებს ვკოცნიდით,
ჩვენ მაგივრად კი ჭორიკანა მეზობლებივით
ჩუმად მოთვალთვალე მიმოზები იმორცხვებდნენ.

ომში უნდა წავიდე.
ვთქვი ისევ,
როცა მტერი ზღვისგან გამოთვრა, გაილეშა
და ჩექმებით მიასრისა
მიწას მიწა,
დაბას - დაბა,
სოფელს - სოფელი.
ადამიანს - ადამიანი
და მერე მკვდრები
დომინოსავით ჩაამწკრივა
და პირველს ჰკრა ხელი.
ომში უნდა წავიდე,
ვთქვი კიდევ,
როცა მტერმა თოლიასავით ქალაქს
თავი დაუნდობლად წააცალა,
იმ ქალაქს,
საიდანაც აგვისტოს ბოლოს ჩამოდიოდნენ
შეყვარებული ჩემი მეგობრები -
ეს ძალიან ლამაზი გოგოები
და ძალიან სიმპათიური ბიჭები -
ოქროს ზოდები
მზით შეღებილი თმით და ჯინსებით,
ნიჟარისპრინტიანი მაისურებით და პანამებით,
ზღვის მლაშე სუნით და მხიარული არდადეგებით ამოვსებული
ზურგჩანთებით,
მერე დანარჩენ დროს -მომავალ ზაფხულამდე
ეს ძალიან ლამაზი გოგოები
კონსპექტების რვეულებიდან ფურცლებს ხევდნენ,
უკან უშვებდნენ თვითმფრინავებად
და თვითმფრინავების ფრთებზე შეგეძლო
წა
გეკ
ითხა:
... ...
რომ იცი
აფხაზ... როგორ
სამეფო მიყვარხა...
იყო ერთ-... და მენატრ...
ადრინდელი ვ+მ=სიყვარულ...
ფეოდალური ქ ისევ მინდა ზღვა...
ართული სახელმ... შენთან ერთად მინდ ...

ომში უნდა წავიდე,
ვთქვი მაშინაც,
როცა ეს ძალიან სიმპათიური ბიჭები -
ოქროს ზოდები,
ერთხელაც იქ, უკან დაბრუნდნენ ჯარისკაცებად
და მტერმა რკინის კუბოებად გადაადნო მათი სხეული.

ომში უნდა წავიდე.
ვთქვი და, რა თქმა უნდა, არ წავედი.
რადგან აღარც ომი იყო, აღარც მშვიდობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები