ნაწარმოებები



ავტორი: მეომარი
ჟანრი: პროზა
18 ოქტომბერი, 2017


ხვამლის საიდუმლო (ნაწილი II)

ტელეფონის ზუზუნმა გააღვიძა. არც დაუხედავს ნომერზე, პირდაპირ უპასუხა:
- ჰო სანდრო...
- რა იყო, კიდევ გძინავს ბიჭო, ადე დროზე, მანქანასთან გელოდები.
- აუ, ამო რა, სანამ მოვემზადები, ხომ ვიცი, ცხრაჯერ უნდა დამირეკო.
- კაი, ამოვდივარ. ადე, ადეეე...
უხალისოდ წამოდგა ზურა. მთელი ღამე რაღაც უნაურობები ესიზმრებოდა. ხან თოკზე იყო ჩამოკიდებული და ქვემოთ შავ უფსკრულს დაეღო ხახა, მერე ვიღაც მოსდევდა და მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ადგილიდან ვერ იძვროდა. აბაზანაში შევიდა, წყალი მოუშვა და სარკეში საკუთარ თავს დააკვირდა. თვალებიც ცოტა არ იყოს, ჩაწითლებული ჰქონდა. სახეზე ხელი ჩამოისვა, ცოტა შეფხიზლდასავით და ზარიც აწკრიალდა. გააღო თუ არა, სანდო ქარიშხალივით შემოიჭრა:
- აუ შენ კიდე ხალათით დატანტალებ, დროზე თქო, დღეს ბიძაჩემის მეგობარს რომ უნდა შევხვდეთ, აღარ გახსოვს?
- ვინაა ეს ბიძაშენის მეგობარი?
- ვინაა და რომ გეუბნებოდი, სამი დღე იყო გამოქვაბულში დაკარგული და მეოთხე დღეს თვითონ გამოჩნდაო, ის ტიპია.
- მოდის ეგეც? - აბაზანიდან გამოსძახა ზურამ.
- არა ბიჭო, მაგან რუკა უნდა მომცეს, თავისი შედგენილი. არქეოლოგიური ექსპედიცია რომ იყო წასული, გოგუაძე და სასტავი, მაგასთან გაიარეს კონსულტაციები. მოკლედ მაგარი ტიპია რა, ბიძაჩემი და ეგ ერთად იბრძოდნენ ავღანეთში, მყინვარწვერზეც ერთად ვიყავით. კარგი იქნებოდა, წამოსულიყო, მაგრამ რაღაც გადაუდებელი საქმე მაქვსო.
- მაცადე და გამოვალ ახლავ, არ მესმის - ზურას ხმა წყლის ჩხრიალს ერწყმოდა.
სანდრო სამზარეულოში გაბორიალდა და მაცივარი გამოაღო. ქვედა თაროზე „კულას“ ბროწეულის წვენი იდგა და აღარ უფიქრია, ისე შეავსო კარგა მოზრდილი ჭიქა. დივანზე დაებერტყა და ტელევიზორი ჩართო. საინფორმაციო გადაცემაში კიდევ ბორჯომის ტყე პარკში გაჩენილ ხანძარს დასტრიალებდნენ მეხანძრე მაშველები, თურქული ვერტმფრენიც იღებდა უკვე მონაწილეობას და როგორც ადგილობრივმა გამგებელმა თქვა, თუ ქარი არ გაძლიერდებოდა, ხანძრის ლიკვიდაცია უმოკლეს ხანში მოხდებოდა.
- რას ფიქრობ ამ ხანძრებზე?  - ზურას ვეებერთელა პირსახოცი ეჭირა და თავს იმშრალებდა, - თავისით ჩნდება ვითომ?
- გამორიცხული არაფერია, მაგრამ რატომღაც მაეჭვებს სისტემატიკა, მერე გაჩვენებ ჩემს მიერ გაკეთებულ რუკას და პერიოდულობას ამ ხანძრებისას. საინტერესო ჰიპოთეზაც მაქვს, მაგრამ ეხლა მაგის დრო არაა.
- მაინც რას ფიქრობ ასეთს? - ჩაეკითხა ზურა.
- მონიტორინგის სისტემაა დასანერგი და ბევრად იაფი ტქენოლოგიების მეშვეობით შეიძლება ამის გაკეთება, ვიდრე ექსკავატორით და სამხიდიანი მანქანებით მიუვალ ტყეებში ხეტიალი.
- შენ რომ მაკედონელის დროს დაბადებულიყავი, ხომ გაჩუქებდა ნახევარ მსოფლიოს, - გაეცინა ზურას.
- მიდი, მიდი, არ უნდა ღლიცინი ყველაფერზე, დღეს კამერებიც უნდა ვიყიდოთ, იაფად ვნახე.
- რა კამერები?
- რა და მართლა რამემ რომ შეგვჭამოს, კამერა დააფიქსირებს და ვიდეომასალა დაიდება.
- შეგვჭამოს? - ზურას წუხანდელი სიზმარი გაახსენდა და ცოტა უსიამოვნოდ გაკენწლა გულში,- რამ უნდა შეგვჭამოს, დათვმა თუ გველეშაპმა?
- არ ვიცი ჯერ, გადავწყვეტავთ ერთად ,- თვალი ჩაუკრა სანდრომ და წამოდგა, - დავეშვით.
გუშინდელი წვიმის ნასახიც არ ეტყობოდა არემარეს. მზე ისე აჭერდა, ქუჩაში სუნთქვა ჭირდა. საბედნიეროდ, გზაზე საცობში არ მოხვედრილან, ისე ამოყვეს თავი დიდუბეში და ნახალოვკისკენ შეუყვა გზას ზურას ლენდ კრუიზერი.
- ესეც თბილისია? - გადახედა ზურამ სანდროს, რომელიც საქარე მინის გვერდით მდებარე სახელურს იყო მოჭიდებული და ისე ასცქეროდა აღმართს.
- ჰო, თან საკმაოდ ძველი უბანია, შენ წარმოიდგინე, - ქვაფენილზე ხტუნვას აყოლებდა სანდრო ხმას, - ცოტა ნელა და მარცხნივ შეუხვიე აქ.
მანქანა ძველებურ, გახუნებულ ჭიშკარს მიადგა, რომელსაც ძველი საღებავის კვალი აქა-იქ შერჩენოდა.
- მოვედით, - ღვედი მოიხსნა სანდრომ.
ზურამ სადგომ მუხრუჭზე დააყენა მანქანა და ჩამოვიდა. სანდრომ კარი შეაღო და „თენგო ძია“-ო, დაიყვირა.
ეზოს ჭიშკრიდან პირდაპირ პირველ სართულზე შედიოდი, რომლის მარჯვენა ფლიგელს ეტყობა გარაჟის დანიშნულება უნდა ჰქონოდა ერთ დროს, ეხლა კი მანქანის ნაწილებით, ძველი, დამტვრეული ავეჯით და ათასი ხარახურით იყო გამოვსებული. მარცხენა მხარეზე, ძველებური, ჩამოსხმული კიბეების ხვეული ადიოდა მეორე სართულისკენ. პირველ სართულზე მდებარე ოთახებში ეტყობოდა არავინ ცხოვრობდა, რაღაც ჭუჭყნარევი, სევდიანი ფერი დაჰკრავდა ფანჯრებზე შერჩენილ მინებს. პირველი სართული იმდენად დაბალი იყო, კიბეზე შედგომისას ზურას თავის დახრა მოუწია, სუნიც უცნაური იდგა, სიძველის, ავტომანქანის ზეთის თუ რაღაცის.
კიბის თავში ხანში შესული მამაკაცი იდგა და ცოტა არ იყოს, კუშტად ათვალიერებდა კიბეზე ამომავალ ახალგაზრდებს.
- გამარჯობა, ძია თენგო, ეს ზურაა, - მიაყარა სანდრომ.
- ზურა, სასიამოვნოა - ხელი გაუწოდა ზურამ და როდესაც თენგომ მისი ხელი ჩაბღუჯა და მარწუხიმაგვარი ტორები მოუჭირა, ზურა იმწავსვე აშკარა პატივისცემით განიმსჭვალა ამ ადამიანისადმი.
- შემოდით, - დაიგრგვინა მასპინძელმა და წინ გაუძღვა ბიჭებს.
ზურამ რაც მოასწრო, შეეთვალიერებინა, თენგო საშუალოზე ოდავ მაღალი, საკმაოდ კარგი აგებულების შუახნის მამაკაცი იყო. ეტყობოდა წვერს დიდი ხანია ატარებდა, მაგრამ კოხტად ჰქონდა მოვლილი და შეკრეჭილი. ჭაღარა კარგად მორეოდა მის თმას და წვერს და უნებლიეთ, გაფიქრებინებდა ადამიანს, რომ მოხუცებულაო, მაგრამ თუ მის ღრმად ჩამჯდარ, ჭროღა თვალებს დააკვირდებოდით, ისეთი ცეცხლით აენთებოდა ხოლმე უცებ, ცოტა არ იყოს, აკრთობდა თანამოსაუბრეს. ტანთ სამხედრო ტიპის შარვალი ეცვა და მოკლემკლავიანი მაისური, რაც კარგად აჩენდა მისი ასაკისათვის საკმაოდ გასაოცარ ფიზიკურ ფორმას და მუსკულატურას.
ოთახში რომ შევიდნენ, ზურას თვალში ეცა ძველებული სერვანდი და მაგიდა, ასეთი სოფლად ჰქონდა მამამისის ბიძაშვილს და სულ იმას იკვეხნიდა, ანტიკვარიაო. სკამებიც საკმაოდ ძველი ჩანდა, მაგრამ იშვიათი ნაკეთობის. ზოგადად ყველაფერს სიძველის და რაღაცნაირი, მოსაწყენი მედიდურობის იერი დაჰკრავდა. ამ ყველაფერთან ცოტა არ იყოს, კონტრასტს ქმნიდა კედელზე დაკიდებული პლაზმური ტელევიზორი, პატარა თაროზე დაადებული,  აფრიკული შავი ხისგან გამოთლილი ნიღაბი და დივანის მაღლა დაკიდებული, ოპტიკურსამიზნიანი შაშხანა.
- აქა მშვიდობა, - ამოთქვა ზურამ.
- მშვიდობა ნუ მოგიშალოთ ღმერთმა, - დაიბუხუნა თენგომ და სანდროს შეხედა: - აბა გისმენ ძმიშვილო.
- თენგო ძია, ამასწინ რომ გესაუბრეთ, იმ საქმეზე ვართ მოსული.
- ანუ არ იშლი შენსას? - ზურას მოეჩვენა, რომ  თენგოს სახეზე ღიმილმა გადაურბინა, თუმცა მისი თვალები ისევ მწველი მზერით ათვალიერებდა მას და სანდროს.
- არა, რადგან ვთქვი, უნდა გავაკეთო. ჯგუფი უკვე მზად მყავს და ყველაფერი გვაქვს, რა თქმა უნდა თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ყველაზე მთავარი გვაკლია - გაეცინა სანდროს.
- მე როგორც დაგპირდი, რუკას მოგცემ, შემიძლია ესეც გაგატანო, თუ მოხმარება იცით რომელიმემ, - დივნის მაღლა აიქნია თავი თენგომ, - ბადრისგან სიცოცხლით ვარ დავალებული და მისი დისშვილისთვის არაფერს დავიშურებ.
ზურამ ცოტა არ იყოს, შეფიქირიანებულმა ახედა შაშხანას.
- რაში უნდა დაგვჭირდეს იქ, ძია თენგო, ამდენ ხალხს მგელი და ტურა არ მოგვეკარება და დათვი ჩვენ ბიჭებს რომ დაინახავს, არა მგონია ამათთან შებმა მოინდომოს, ორი ამაზე დიდი ბუმბერაზი შემოგვიერთდება კიდევ, - ზურას გადახედა სანდრომ.
თენგოს თვალებში წამიერად ცეცხლმა იელვა, მაგრამ მოერია ისევ თავს და სანდროს შეხედა:
- სანდრო, ძალიან მინდოდა მეც წამოვსულიყავი, მაგრამ სიტყვა მაქვს ნათქვამი და ამ სიტყვას ვერ გავტეხ, მე მთაზე აღარასოდეს დავბრუნდები.
- შეგიძლიათ გვითხრათ, რა ნახეთ იქ, სანდრომ როგორც მითხრა, სამი დღე იყავით გამოქვაბულში, - ზურამ გაბედა და პირდაპირ თვალებში შეაჩერდა ამ უცნაურ მოსაუბრეს.
თენგოს არაფერი უპასუხია, წამოდგა და გვერდით ოთახში გავიდა. სანდრომ ზურას აწეული ცერა თითით ანიშნა, კარგი კითხვა იყოვო და ისევ სერიოზული სახე მიიღო. თენგო რომ შემობრუნდა უკან, ხელში პლასტმასის ცილინდრის ფორმის საგანი ეკავა. თავის ადგილს დაუბრუნდა და ცილინდრი ფრთხილად გახსნა. როდესაც ზედა ნახევარი გვერდით გადადო, სანდრომაც და ზურამაც მეორე ნახევარში წრიულად დახვეული, მოყავისფრო, წყალგაუმტარი ქსოვილის ნაჭერი დაინახეს. თენგომ ეს ნაჭერი ამოიღო და მაგიდაზე გაშალა. ქსოვილზე უცნაური მოხაზულობის ფიგურა იყო დატანილი და ზურამ წარწერების გარჩევაც შეძლო, -„ბოგა“, „თეკენთერი“ , „სამალავი“, „პრომეთეს მღვიმე“. რუკაზე დაკლაკნილი ხაზები ზოგან კვეთდა ერთმანეთს, ზოგან სცილდებოდა. მხოლოდ ერთი ხაზი იყო, რომელიც ფიგურის ცენტრამდე აღწევდა და იქ წყდებოდა.
თენგომ დამატებითი განათებისთვის ჭერზე დაკიდებული, ძველებური ჭაღი აანთო და ბიჭებს შეხედა:
- გიყურებთ, სისხლი გიდუღთ და არც ფათერაკის შიში გაქვთ. საკუთარი თავი მახსენდება, მეც ასეთი დაუდგრომელი ვიყავი თქვენს ასაკში. არ მოგატყუებთ და გეტყვით, ის რასაც თქვენ აპირებთ, ხიფათთან არის დაკავშირებული, მაგრამ მამაცს ფორტუნა წყალობსო, გამიგონია და ასეც არის. ასე რომ, ბიჭებო კარგად მომისმინეთ და ეცადოთ დაიმახსოვროთ, რასაც ეხლა გეტყვით. ...
თენგოს ხმა იმდენად დამაჯერებელი იდუმალებით ჟღერდა, ზურას ბავშვობა გაახსენდა, სათავგადასავლო მოთხრობები, ჯეიმზ ფენიმორ კუპერი და რობერტ ლუის სტივენსონი. უსმენდა თენგოს და თვალს მის თითს აყოლებდა, რომელიც ნაჭერზე დახატულ რუკაზე დაცოცავდა და თითქოს ისიც შედიოდა ყინულიან გამოქვაბულში და შემდეგ თოკით ეშვებოდა ხის ფუღუროში არსებულ მღვიმეში. როდესაც თენგოს თითი ცენტრისკენ მიმავალ ხაზს გაჰყვა და დასასრულთან გაჩერდა, თენგოც დადუმდა. სანდროც და ზურაც კითხვის მზერით მიაჩერდნენ თენგოს.
თენგო ცოტა ხანი უხმოდ იდგა და რუკას დასჩერებოდა, შემდეგ გავიდა მეორე ოთახში, საიდანაც ცოტა ხანში დაბრუნდა და პატარა, ძველებური ლამაზი დოქით არაყი, საინზე კოხტად დაწყობილი, დაჭრილი ლორის ნაჭრები და შავი პური შემოიტანა. ეს ყველაფერი მაგიდაზე დააწყო და სერვანდიდან ჭიქები გამოიღო.
- მე ვერ დავლევ, მადლობა ბატონო თენგო,- იუარა ზურამ, მაგრამ თენგოს აწეულ ხელს და მზერას რომ წააწყდა, აღარ გაძალიანებია.
თენგომ ჩამოასხა და ჭიქა ხელში აიღო:
- იმ ხალხის მოგონებისა იყოს, კაცებო, ვისაც ალალად და ვაჟკაცურად უცხოვრია და დღეს ჩვენს გვერდით აღარ არიან, - თენგომ ჭიქა პირში მოაპირქვავა და ლორის ნაჭერს დასუნა.
- ხსოვნა იყოს, - სანდრომაც სულმოუთქმელად გადაჰკრა.
- ეგრე იყოს, გაანათლოს ღმერთმა, - დაეთანხმა ზურაც და ცარიელი ჭიქა დადგა მაგიდაზე.
- მანდამდე ერთად მივედით, - დაიწყო თენგომ თავისთვის, თითქოს დაწყებულ საუბარს აგრძელებსო, - მერე აღარაფერი მახსოვს, გონს ქუთაისის საავადმყოფოში მოვედი. რომ გამოვკეთდი, მთას მივაშურე, მაგრამ მაგ ჩასასვლელს ვეღარ მივაგენი. რამდენჯერაც სიღმეში შევბედე, თეთრი, რძისფერი ნისლი დამხვდა და სადმე ნაპრალში ჩაჩეხვას, უკან დაბრუნება ვარჩიე. ჩემი ძმადნაფიცი კი ვეღარ ვიპოვე, ვერც მკვდარი და ვერც ცოცხალი.
- ეგ არ ვიცოდი, ძია თენგო, - სანდროს სახეზე თანაგრძნობით გამოწვეული წუხილი ეხატა, - არც სადმე უთქვამთ და არც დაწერილა.
- ჰო, არ გაახმაურეს, სიონში სტიქაროსნად მსახურობდა, თან პატრიარქის დაცვაში მუშაობდა და მერე რატომღაც, ყველაფერი მიატოვა და მონასტერში იყო კარგა ხანს. იქიდან სულ სხვა ადამიანი დაბრუნდა, სულ მჯეროდა, რომ გამოჩნდებოდა, მაგრამ უკვე იმედიც გადამეწურა, - თენგომ მეორე ჭიქა დაასხა, - ამ ჭიქით კიდევ თქვენ გაგიმარჯოთ, მშვიდობით მოგატაროთ და დაგაბრუნოთ უკან...
მდუმარედ ეშვებოდნენ ქვაფენილიან დაღმართზე. მზე უკვე კარგად გადაწვერილიყო და თვალებში ანათებდა ბიჭებს. რადიო ამინდის პროგნოზს გადმოსცემდა და კიდევ ერთხელ შეახსენა ბიჭებს, რომ ჰაერის ტემპერატურა ხვალაც 35 გრადუსს გადააჭარბებდა.
- რაო? - გახედა სანდრომ ზურას, -მოგეწონა ძია თენგო?
- უცნაური ტიპი ჩანს, მაგრამ არის რაღაც, რაც მოგხიბლავს. ოჯახი არ ჰყავს?
- კი, მაგრამ წლებია გაშორებულია ცოლ-შვილს. საკმაოდ დიდი და გავლენიანი სანაცნობო წრე იყავს, იქეთაც და აქეთაც, - მრავალმნიშვნელოვნად გადააქნია თავი სანდრომ, - არ მუშაობს ოფიციალურად არსად, მაგრამ ზოგჯერ თვეობით იკარგება.
- საიდან იცი შენ ამდენი, შერლოკ ჰოლმსობაც დაიწყე? - გაეცინა ზურას.
- ბიძაჩემი ჩავიგდე ხელში ნასვამი და იქიდან, - სანდრომ ისე დააჭყიტა თვალები, ულვაში რომ ჰქონოდა და ბაკენბარდები, მართლა სკოტლანდ იარდელ კონსტებლს ჰგავდა. ორივეს სიცილი აუტყდათ. ქუჩის თავში კი თენგო იდგა, გულზე ხელები დაეკრიფა  და დაღმართზე დაშვებულ მანქანას  ისევ იმ ზერით აკვირდებოდა, როგორც ახალმოსულებს შეხვდა.
ზურამ გეზი თავისუფლების მოედნისკენ აიღო. კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია „ალტა“-ში მიეშურებოდა სანდრო, როგორც იქნა აიხდენდა ოცნებას და GoPro-ს ფირმის კამერას შეიძენდა. ამჯერად არ გაუმართლა და გამყიდველი ახალგაზრდა მამაკაცი აღმოჩნდა, რომელიც როგორც ეტყობოდა, ბრწყინვალედ ერკვეოდა მსგავს ხელსაწყოებში და საქმესაც მეტისმეტად  სერიოზულად ეკიდებოდა.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ უკვე მანქანაში ისხდნენ და სულსწრაფი სანდრო ცდილობდა საქარე მინის სარკეზე დაემაგრებინა კამერა.
- აზრზე ხარ, 128 გიგაბაიტიანი ჩიპი მოყვა, ეს ერთი კვირა რომ ჩაწერაზე გვქონდეს ჩართული 24 საათის განმავლობაში, იმასაც დაიტევს, - აღფრთოვანებული იყო სანდრო შენაძენებით, - თუმცა, რატომაც არა, თითოში ორასოცი ლარი გადავიხადეთ....დაგვხოცავს გია ბიძია, - დაამატა პატარა პაუზის შემდეგ სიცილით.
- დამშვიდდი, მარტო მამაჩემის ფული არაა ეგ, დანაზოგი მქონდა მეც - თვალი ჩაუკრა ზურამ, - ასე რომ ეხლა შენზეა, როდის დათქვამ გამგზავრების ზუსტ თარიღს.
- დღეს 16 ივლისია, 20-ში გამთენიას დავიძრებით აქედან. იმ ბედოვლათებს შენ შეატყობინებ თუ მე დავურეკო? ჯობია ისევ შენ, მე არ დამიჯერებენ და მაგათი ღადაობის ნერვები არ მაქვს - მუდარით  შემოხედა სანდრომ ზურას.
- ჰო, კარგი, კარგი, - გაეცინა ზურას, - მე დავურეკავ.
- კაი აბა, მე აქ ჩამოვალ, აღარ შეხვიდე ბოლომდე - სანდრო სპორტის სასახლის უკან მდებარე, ახლად აშენებულ კორპუსში ცხოვრობდა. მანამდე იქ, ძველი ბარაკის ტიპის საცხოვრებლები იყო და როდესაც ისინი აიღეს, სანდროს ოჯახს ერთი სამოთახიანი ბინა ერგო მანამდე კუთვნილი ფართის მიხედვით.
ზურა დაელოდა შუქნიშანის მწვანე ფერს, ქვეითთა გადასასვლელს გასცდა და ტროტუართან შეაჩერა.
- აბა დროებით, - სანდრომ „ალტას“ ცელოფნის პარკს ხელი დაავლო და მანქანიდან ჩავიდა. ზურამ მანქანა დაძრა და მოეჩვენა,  რომ გაჩერებაზე მდგომი ტიპი თენგოს ჰგავდა. ცოტა რომ გაცდა, სარკეში გამოხედა და გაჩერებაზე უკვე აღარავინ იდგა. „მომეჩვენა ალბათ“, - გაიფიქრა ზურამ და სიჩქარეს მოუმატა.


(იხილე როგორ გაგრძელდა)

----------------------------------------------------------------------------------------------

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები