ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
19 ოქტომბერი, 2017


იქნებ სულაც ცრემლით?

იქნებ  სულაც ცრემლით?
- - - - - - - - - - - - - - - - -

ოკეანის სანაპიროზე კენჭებისა და ნიჟარების  ძებნას ჰგავს ,, ფეისბუქში’ პოეზიის კითხვა. ზოგჯერ მინის ფერადი ნატეხიც შეგხვდება, რაღა ნატეხი!  ამდენ მიქცევა- მოქცევაში  წახნაგებმოქლიბული, დამრგვალებული და უკვე გამჭვირვალე კენჭად ქცეული. ზოგი ნიჟარა ისეთი უცხოა, ისეთი ლამაზიც!..., მაგრამ  ნაპირი აქვს ძალიან ჩამომტვრეული , ან მთლად გატეხილია და  მოწყენით ტოვებ იქ, საიდანაც აიღე,  კენჭები კი,  სველი კენჭები,  რა ლამაზებია, ზოგი ფერადად დაჭრელებული, ზოგიც გულის ფორმისა, ზოგი- ბუნებრივად გახვრეტილი, თვალთან მიიტან, გაიხედავ და ჩამავალ მზეს დაინახავ. მოაგროვებ, წაიღებ შინ, დაშრება და სადღაა იდუმალი მშვენიერებები!
    ყველა ერთმანეთს ემსგავსება.
        მაგრამ არის კენჭები, რომელიც არც ამ დროს ჰკარგავენ მშვენიერებას და რაკი ერთხელ შეგიჩერდა მათზე  თვალი,  ვეღარც დათმობ. არადა, თითქოს არც ფორმა აქვთ დიდად გამორჩეული, პირვანდელი ფერი კი ისევ მოჰყვება, თითქოს ისევ  სველია  რაღაც შინაგანით,
იქნებ სულაც ცრემლით?
მანანა ფრუიძის ლექსებზე ვსაუბრობ. ჩემი კბილა ავტორია და ფეისბუქამდე მისი არსებობის შესახებ  არც გამეგონა, არადა , როგორც მისი წიგნის რედაქტორი როლანდ ხოჯანაშვილი წინასიტყვაობაში წერს, თურმე თავად ანა კალანდაძეს გადაუცია თეთრი მიხაკების თაიგული,  მისთვის -  ერთ-ერთი პოეზიის საღამოზე ლეჩხუმიდან ჩამოსული უცნობი პოეტი გოგონასათვის.
      არასოდეს მჯეროდა პოეზიაში თვითნაბადი ნიჭის ძალისა,  ჩემთვის პოეზია ხელოვნების  დარგია და  ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლება, ადამიანმა, რომელსაც პოეზიის რაობის შესახებ პოპულარული ლიტერატურაც არ დაუმუშავებია, არ იცნობს ლექსის თეორიას, ფორმებს და ასე შემდეგ,  რაიმე ღირებული შექმნას.
მანანა ფრუიძის მაგალითი მიბიძგებს, გადავსინჯო ამ მხრივ ჩემი პოზიცია.
      ხალხური პოეზია - ეს სრულიად სხვა ფენომენია, კოლექტიური  შემოქმედების ნაყოფი, პოეტური კლიშეებით გაჯერებული, მაგრამ ხომ მუდამ იყო ის, ვიღაც ერთი,  ის - პირველმთქმელი , ვინც  ამოსთქვამდა თავის ხვაშიადს და  სხვებს გადაულოცავდა... ალბათ ძველ დროში მანანა ფრუიძე ასეთი პირველმთქმელი იქნებოდა.

ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა
....
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს..

იტყოდა და დაიკარგებოდა.
ან სულაც ,,ბითლზის’  სიმღერის, ,,მან დატოვა სახლი’  ამბავივით გაგვიმხელდა გადაკარგვამდე:

მურისციხემდე მომყვა მდევარი,
სიპს ცხენისწყალი ტალღებს ახლიდა,
მე, თავნება და დაუდევარი,
ვიპარებოდი მამის სახლიდან.

ან ძველი  გლოვის მგოსანივით  ასე დაიტირებდა  დაიაურთა ოჯახის უბედურებას:
დადექ! პასუხი გამეც, არღუნო,
არ  გაურბიან პასუხს ძლიერნი,
კიდევ რა რისხვა უნდა გვარგუნო,
რომ არ დაგირჩეს მიწა მშიერი?!

კაცის ღალატი დაგაქვს ტალღებით,
მოუსავლეთში გადაკარგულო,
სად გადამალე ლორქო ბალღები,
დადექ, პასუხი გამეც, არღუნო!

მანანა ფრუიძის პოეზიის იმ ნაწილში, რომელიც სიყვარულს ეხება, ეროტიზმის მთელი ფეიერვერკია:

ძარღვებს დაუვლის საბოლოოდ  ვნება ვერაგი
და სხეულიდან ფეხაკრეფით განედინება

  აქ გავჩერდები.
უსასრულოდ შემეძლო მაგალითების მოხმობა, მაგრამ დაე, მკითხველმა თავად მოიძიოს,  მე მხოლოდ იმას დავპირდები, რომ იმ ლექსებში ელის უაღრესად წრფელი, მოკრძალებული და უეცრად თამამი,  მგზნებარე ვნების მომთოკავ-ვერმომთოკავი, დამნდობი და არც დამნდობი არსება,  რომელსაც შეუძლია, ორი  სხარტი  პოეტური მონასმით გაგრძნობინოს,  რომ მის პოეზიაში მძიმე სიყვარულით დანაღმული მთელი ველია:

,,შორს, ტყვიასავით გასროლილ ქუჩას
მიჰყვება შენი ამაყი ლანდი.

მანანა ფრუიძე  ხორციელად - საქართველოდან შორს, ოკეანის გადაღმა, ფლორიდაში ცხოვრობს,  მაგრამ ცოცხლობს  ისევ იმ თავის მშობლიურ ლეჩხუმში, სადაც  ზამთრობით

სიცივით მხრები უთახთახებთ თავლაში ჭაკებს
და ჩადის მთვარე, გადაღლილი და ნამთვრალევი.

თუ ხელში ჩაგივარდათ, აუცილებლად წაიკითხეთ მანანა ფრუიძის  პატარა  პოეტური კრებული - , ,,კაწალ-კუწალები’, 2015...
ან იქნებ უკვე იცნობთ კიდეც, ფეისბუქზე უავტოროდ მიმობნეულ მის ლექსებსა თუ სტრიქონებს.

ნინო დარბაისელი სტრონი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები