ნაწარმოებები



ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2017


მე, ღმერთი და ჯაარი

(თანასასმენელი - https://www.youtube.com/watch?v=Fk5OG5O3ZlE&feature=share)

ცა ღმერთის ყავის ფინჯანია. -
ამდენი არ უნდა მომეწია,
ახლა შაქარი ვიჯავრო თუ
როგორმე გამოვწოვო მომენტიდან
მემენტო. მორების კორიდორი.
მე ორი ნატეხი და Carte noire
Space is (ჩვენში დარჩეს) only noise
ან გინდა ფღანგულიდან - ნოე მოვა
კიდობნით. გაგვიყოლებს ბაგებამდე.
სახლში ვართ, ჩათვალე, ფიქტობრივად.
მთავარი ალბათ მაინც გაგებაა
ნაწერის. ფიქრების. პიქტოგრამის.
ჯაარი ნაბიჭვარი ვიღაცაა.
ვერ ვაძღებ. ვერ ვაბოლებ მოსაწევით.
სხვები გავდივართ და ვიხოცებით,
აბა "სიმთვრალე" და "მოსაწყენი"
გახლავან სინონიმნი. სხვა რა გითხრა
ვეჩვევი ამ პალატას - სამოც-თორმეტ.
ღამით კი კედლის ნახატიდან
ის ტიპი მეკითხება - სად მოძებნე
ეგ ტრეკი. - მე რავიცი. და ლაპარაკს
გავუბამ სარტრისა და კამიუზე.
ადრე ჩაეძინა დედაქალაქს.
ჩუმად იღრიალე. გამიღვიძებ.

ლუდზე გავაგზავნეთ ფიცჯერალდი.
ალბათ პრუსტი ნახა. რეიდშია.
აწი ალბათ აღარ დაგვიჭერენ -
ქალაქმა ვიღაც მარი ეირჩია.

როდემდე უნდა ვიჯდე ამ ოთახში? -
დაფაზე პოეტიკა. რიტორიკა.
ვჭრი და ნეტა ვინღა ამონტაჟებს
ტელეფონს, ვჭრი და ნეტა რატომ რეკავს?
რაღაც ინტენსივა. ცენტრი. ფუგა.
უნდა ამოვავსო ნაპრალები.
დაბრუნდი თუ ღმერთი გწამს მალე უკან!
ახლა მაინც სადღა იპარები? -
მარტო ხარ ამ ოთახში, სხვა ყველა კი
თაროა, წაკითხულის მირაჟები.
ხიდიდან გადააგდე ეგ პერანგი;
სხვისია, ამიტომაც იტანჯები.
და მოდი, ავირჩიოთ შენი სახლი;
(ცა ღმერთის შავი ყავის ფინჯანია).
მე შენ თითქოს მუდამ მიყვარდი, ან
ახლა შემიყვარდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები