ნაწარმოებები



ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პროზა
3 ნოემბერი, 2017


ინსპირაცია

მარის სჯეროდა, რომ ლაშა გენიოსი მწერალი იყო და თუ მოცემულ დროს ასე არ იყო, მომავალში უსათუოდ ბევრ გენიალურ ნაწარმოებს დაწერდა. ცოლის ასეთი დამოკიდებულება ლაშას  უზომო კმაყოფილებას ანიჭებდა, მაგრამ პრობლება ის იყო, რომ  წერა  ეზარებოდა. როცა მიხვდა - რაც დაწერა შედევრი ვერ გამოუვიდა, ამ საქმიანობაზე გული აიცრუა.
რამდენიმე თვის წინ მარიმ თავის ნათესავს, გამოცდილ კრიტიკოსსა და მწერალს წააკითხა ლაშას ნამუშევრები.
- ნიჭიერი ბიჭი ჩანს, მაგრამ, ორ-სამ წელიწადში ერთი ნოველის წერით ოსტატად ვერ ჩამოყალიბდება. მარტო ნიჭით ვერაფერს მიაღწევს. კრიტიკას არ უნდა შეუშინდეს. არ უნდა დაფრთხეს, თუ ყველა ნაწერი ღირებული არ გამოუვა. წერა ვარჯიშით ისწავლება."
-იცით, რაღაც უცნარი დამოკიდებულება აქვს ამ საქმის მიმართ. ასე თქვა: სულაც არ მინდა, რომ ყველა  კარგ მწერლად მაღიარებდესო. ისე უნდა წერდე, რომ ერთეულებს მოწონდე, ერთეულებს და გამორჩეულებსო. თუ ყველას მოწონხარ - ბანძი მწერალი ხარო. ამბობს, რომ მასის მოხიბვლა ადვილია.
კრიტიკოსს გაეღიმა.
-ერთეულებს მოწონდეო? შეიძლება ერთეულებს ბანძი ნაწარმოებიც მოწონდეს... აქ მთავარი გულწრფელობაა. არ უნდა მოგერიდოს და სულის ფსკერზე დალექილი შლამიდან ყველაზე საჭოჭმანო აზრები და ვნებები  უნდა ამოზიდო. უნდა გაშიშვლდე მკითხველის წინაშე. ხოლო, თუ გინდა მისგან ჩაქოლვას გადარჩე, ეს აზრები საეჭვო რეპუტაციის პერსონაჟს უნდა მიაწერო."
აქ თვალებმოჭუტულ და  ორატორობის ექსტაზში შესულ კრიტიკოსს გაახსენდა, რომ დამწყებ მწერალს კი არა, მის ცოლს ელაპარაკებოდა და ჩვეულებრივ ვრცელი შეგონებანი ახლა ამით შეწყვიტა.
მას მერე ყოველ უქმეებზე სხვადასხვა ტურებში მოგზაურობას აიძულებდა მარი ქმარს.  იქნებადა, რაიმე მძაფრ შთაბეწდილებას  ინსპირაცია გამოეწვია. ერთხელ უთხრა ლაშამ რომ  ბუნებასთან სიახლოვე მასში ყოველთვის მოაზღვავებდა-ხოლმე ასოციაციებს, " აზრები  ნაკადებად მოდიან და ერმანეთს ჯაჭვის რგოლებივით აესხმებიან. მოთხრობები წამის მეათედებში გაიელვებენ და  იკარგებიანო." ჰოდა მარის უნდოდა, როგორმე ამ გაქცეული მოთხრობების დაჭერაში დახმარებოდა ქმარს.
იმ შაბათსაც საინტერესო მარშრუტი შეარჩიეს.

ნაექსკურსიებს მდინარის პირას, დიდი ცაცხვის ძირას მოწყობილ მაგიდაზე გაშალეს სუფრა.
საათი-საათნახევრის შემდეგ ტურის მონაწილეთა უმრავლესობა წამოიშალა და მდინარის ნაპირას გაფანტულ ხეთა ჩრდილებს შეაფარა თავი. სუფრასთან მარის და ლაშას გარდა ორო საშუალო ასაკის მამაკაცი და ერთიც ოცდაათს გადაცილებული ქალი დარჩნენ. აღმოჩნდა, რომ სამთავე მარტონი წამოსულიყვნენ და ერთმანეთს ახლა ეცნობოდნენ. მამაკაცებს, ლაშას მსგავსად, რამდენიმე სირჩა კონიაკი ჰქონდათ დალეული და, როგორც ჩანდა, ამაზე გაჩერებას არ აპირებდნენ.  ქალს კი საინტერესოდ და სასიამოვნოდ მიაჩნდა ამ საზოგადოებაში ყოფნა.
შალვა საოცრად სათნო იერის, შუბლშემელოტებული, ჭაღარანარევშავთმიანი მამაკაცი იყო.
ანზორი-მაღალი, ბეჭებში მოხრილი,  უღიმილო და სათვალიანი კაცი.
ნინო -ასევე სათნო სახის, სასიამოვნო გარეგნობის ქალი. მან თავიდანვე მიიქცია ლაშას და მარის ყურადღება. დანარჩენი ქალებისგან განსხვავებით კაბა ეცვა. თანაც გრძელი, თითქმის კოჭებამდე და  ფერდობზე ასვლაში ხელს უშლიდა. ეკლესიაში კუთხეში მიიყუჟა და როგორც ჩვევიათ უფლის ჭეშმარიტებას ნაზიარებთ, გულმხურვალედ  ლოცულობდა.
ბოთლი გამოცალეს, მაგრამ სუფრიდან ადგომა არც ერთს უფიქრია. სიამოვნნებდათ მასლაათი.
ორიოდ წუთით სიჩუმე ჩამოვარდა.
უცებ მარის რაღაც აზრი გაუჩნდა და თვალებანთებულმა  დაიწყო:
-მოდით, ჩვენს შესახებ ისეთი ისტორიები მოვყვეთ, რომლის გამხელაც ყველაზე მეტად გვეთაკილება. ამბობენ, რომ ადამიანებს  გულის  გადაშლა უცნობთან უფრო უადვილდება. ჰოდა, გთავაზობთ სამზეოზე გამოვიტანოთ, რაც სულის სიღრმეში, ყველაზე ბნელ ადგილას ფუთფუთებს. ამით ცოტათი მაინც შევმსუბუქდებით, რას იტყვით?
ანზორს და შალვას ყოყმანი დაეტყოთ. ნინო მაშინვე დათანხმდა. (თითქოს დიდი ხანი ელოდა ასეთ შანსს) და დანარჩენებიც შეაგულიანა:
- სახალისო იქნება. რას ვკარგავთ. ასიდან ათი შანსია, რომ ჩვენი გზები როდესმე ისევ გადაიკვეთოს. მამაკაცები უხალისოდ დათანხმდნენ.
-მე დავიწყებ-თქვა ნინომ, ჯერ  თვალები მოჭუტა, მერე სახეზე ჩვეული ღიმილი მოეფინა და დაიწყო:

ხუთი წელი საზღვარგარეთ ვცხოვრობდი. როცა ჩამოვედი უზომოდ მონატრებული მქონდა აქაურობა და დედაჩემს მთელი ახლო თუ შორეული სამეზობლოს შესახებ დაწვრილებით მოვაყოლე. ერთ მეზობელს შვილი ცერებრიალური დამბლით ყოლია დაავადებულია. ძალიან რთული მოსავლელია და გაიტანჯა საწყალი დედამისიო. უნებურად რაღაც სიხარული ვიგრძენი. ეს რომ გავაცნობიერე, საკუთარი თავით შევძრწუნდი. აქამდე თავს სიკეთის განსახიერებად ვთვლიდი. შემდეგ რამდენიმე დღე ვცდილობდი ჩავღრმავებოდი ამ სიხარულის მიზეზს და ბოლოს მივაგენი: რადგან ეს მეზობელი ძალიან ბოროტი ქალი იყო, აღნიშნული ფაქტი ჩემმა ქვეცნობიერმა მის სასჯელად, ანუ ღვთის სამართლიანობის დასტურად ჩათვალა. არავინ იცის სინამდვილეში რა და როგორ ხდება, მაგრამ მე გაოცებული დავრჩი, როცა გავიგე, რომ ეს - ჩემი შეხედულებით დასჯილი თავს ღმერთისგან უსამართლოდ დაჩაგრულად მიიჩნევდა.

შალვას და ანზორს ეს მონათხრობი სულაც არ ეჩვენათ სათაკილო ისტორიად, მაგრამ აზრი ხმამაღლა არ გამოუთქვამთ,
- "ძალიან ბოროტი"- თქვენი მოსაზრებაა, თუ რაიმე ფაქტით გამყარებული შეფასება? - იკითხა ლაშამ და რატომღაც მარის მიაჩერდა.
- ბოროტი - ამ მცნების კლასიკური გაგებით. - უპასუხა ნინომ და კიდევ უფრო ფართოდ გაუღიმა. - რახან ეჭვი შეგეპათ. ახლავე  მოგიყვებით მის ისტორიას.
მის მეზობლად მაზლის ოჯახი  ცხოვრობდა. რძლებს და შორის გაუთავებელი კონფლიქტი იყო. ერთხელაც მაზლი გარდაიცვალა. რამდენიმე წელში მაზლისცოლი ფსიქიურად დაავადდა. ამ ქალმა კი ისე მოახერხა, რომ ბინა გადაიფორმა, საბუთზე ავადმყოფ რძალს მოტყუებით მოაწერინა ხელი. მერე ის ფსიქიატრიულში გამოამწყვდია, ცხრა წლის გოგონა კი- ბავშთა სახლში.
- კი მაგრამ მისი ქმარი რა ჯანდაბას ფიქრობდა ამ დროს? -აღშფოთდა შალვა.
- ქმარი ერთი დონდლო და ბოთე კაცია, როგორც ცოლი გაუწკაპუნებს ისე იქცევა. 
-ნწ. ნწ- თავი გადააქნია ანზორმა

-  ახლა თქვენი რიგია, ანზორ. - მიმართა ნინომ ღიმილით.
ანზორმა სიგარეტის მოწევის ნებართვა სთხოვა მანდილოსნებს. ნელა მოუკიდა,თავი ასწია და  კვამლის ბოლქვები მაღლა გაუშვა.
-  ჩემი ცოლი დედისერთა იყო  და სიდედრ-სიმამრთან ვცხოვრობდით. ერთხელ ავარიაში მოვყევი და წელიწადზე მეტ ხანს ლოგინიდან ვერ ავდექი. მაშინ სოფელში ვცხოვრობით და მიწასთან ჭიდილი და ჯაფა იყო საჭირო თავის გასატანად. სანამ არ გამოვკეთდი, სიმამრი  მაგონებდა:  "მუქთამჭამელებს ვერ ავუდივარო", ზოგიერთს ლოგინში კოტრიალი გაუტკბაო და სხვა. მას შემდეგ შემძულდა და წლების მანძილზე ვერაფრით მოვახერხე ამ გრძნობის ჩახშობა. ოცი წელი ვიცხოვრე ლაგამამოდებული სიძულვილით, მაგრამ გარეგნულად არაფერს ვიმჩნევდი, ნორმალური ურთიერთობა გვქონდა.
როცა დაბერდა და ჩემი შესანახი გახდა, ფიქრობდა, რომ მეც დავაყვედრიდი ლუკმას. ( მისი საზომით მზომავდა.) ქურდულად ჭამა დასჩემდა. მიიპარებოდა გაზქურასთან და ჩუმად, ქვაბიდან ჭამდა. ვაცნობიერებდი, რომ ისევე იტანჯებოდა უმწეობისგან, როგორც მე - მაშინ. როცა გარდაიცვალა უცნაური შვება ვიგრძენი და სულაც არ შემზიზღებია ამისთვის საკუთარი თავი. 

დღესაც არ ვიცი, მხდის თუ არა საკუთარ თავზე გამარჯვებულად ის გარემოება, რომ სიძულვილს ვფარავდი. ვიცი, რომ ამით ღვთიურობის მორალი დავარღვიე- მოყვასი მძულდა. არ ვიცი, ღირსეულია თუ უღირსი თავის ამგვარი დათრგუნვა. იქნებ ჯობდა ერთხელ მაინც კაცურად მიმეხალა სიმართლე მისთვის.
"აჰა, იმედია ამაზე პასუხს ლაშას მოთხრობაში ვიპოვი"- გაიფიქრა მარიმ.
- არა, რას ამბობთ, ამით ხომ ვერაფერს შეცვლიდით, გარდა იმისა, რომ გულს ატკენდით.- ხელები გაასავსავა ნინომ.
სხვებს სიტყვა არ დაუძრავთ.

- ჩემი  ცოდვა ამპარტავნებაა - საკუთარი ინიციატივით დაიწყო ლაშამ. - თავს  დედამიწის მოსახლეობის, მინიმუმ ნახევარზე ჭკვიანად ვთვლი. ჩემთვის ქრისტე იეშუა ჰა ნოცრი უფროა, ვიდრე ყოვლისშემძლე და ყოვლისდამბადებელი. - ხოლო  ხვთისმსახურების რიტუალები  იმათთვისაა მოგონილი, ვისი გონებაც ვიწრო  ჩარჩოებშია ჩაჭედილი. ჩემი აზრით, თუ ღმერთი მართლა არსებობს, ის არანაირ რიტუალებამდე არ დაწვრილმანდება.
მარი სახეზე წამოჭარხლდა. პირველად გაიგონა ლაშასგან ასეთი მკრეხელური აზრი.
ლაშას გასაკვირად კი ამ თემას, რომელსაც ყოველგვარ საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოსდევდა, აქ კამათი არ გამოუწვევია.
მარი ჯერ კიდევ გონებაში ხარშავდა ქმრის სიტყებს.
მამაკაცები, როგორც ჩანდა ამ საკითთხში ლაშას თანამოაზრეები იყვნენ. ან კიდევ  ეს თემა მათვის ჩაუღწეველ სიღმეს მოითხოვდა და თავი არ შეიწუხეს.
ნინომ კი - ღმერთმა შეგინდოსო-  და სერიოზული სახით პირჯვარი გადაწერა.
-თქვენი რიგია, ბატონო შალვა. - უხერხული დუმილი მარიმ დაარღვია.
შალვა ერთჯერადი ჩანგლით თეფშზე უხილავ  წრეებს ხაზავდა. შემდეგ ჩანგალი დადო და დინჯი ხმით ალაპარაკდა:

- ვერ ვიტან მოჩვენებით თავმდაბლობას, ამოტომ გეტყვით, რომ ცხოვრებაში არაერთი თავი ხახვი გამიცია. და არა იმიტომ, რომ ჯოჯოხეთის კუპრიდან ამოსაყვანად გამოდგომოდა ჩემს მფარველ ანგელოსს. სიკეთის კეთების მოთხოვნილება მქონდა.
ერთხელაც სოციალური სტატუსი შემეცვალა და მასთან ერთან  - აზროვნებაც.  მოხდა ისე, რომ პოლიტიკური აქტიურობის წყალობით საკმაოდ კარგ თანამდებობაზე დავინიშნე.  საერთოდ, ყველა საქმეს კარგად ვითვისებ. ახალ სამსახურშიც რამდენიმე დღეში გავერკვიე სიტუაციაში და ისეთი აწყობილი სისტემა აღმოვაჩინე პირადი კეთილდღეობისთვის, რომ მისი დანგრევა სიგიჟე იქნებოდა. ადრე, სანამ რიგითი მოქალაქე ვიყავი, მძულდა კორუმპირებული მოხელეები. მაგრამ ძნელი ყოფილა თაფლის ქილაში ჩაჰყო ხელი და არ გაილოკო. თანამშრომლებსაც ვერ დავაღალატებდი. მე მხოლოდ ერთი რგოლი ვიყავი კარგად აწყობილი ჯაჭვისა. წარმოიდგინეთ, ასი ათას კაცს რომ თითო ლარი ჩამოურიგო, რა შეიცვლება მათთვის? ორი-სამი კაცისთვის კი ეს სერიოზული თანხაა. ასეთი შანსი იშვიათად ეძლევა ადამიანს. უნდა მოასწრო, უნდა გამოიყენო. ხომ გაგიგონია, როცა დედამიწა ტრიალებს, ჩაეჭიდე და მიჰყევი, თუ არადა ჩამოგაგდებენ; როცა ერთ ფეხს გადადგამ, მეორეც უნდა მიაყოლო.  ვფიქრობდი, -  ჯერ ქონებას დავაგროვებდი და მერე ქველმოქმედების შესაძლებლობაც მექნებოდა. იქნებ ეკლესიაც კი ამეშენებია, რამდენიმე წელი კიდევ რომ დამცლოდა.

ყველაფერი კარგად აეწყო. განგების მადლობელი უნდა ვყოფილიყავი. ოჯახიც უზრუნველყოფილი მყავდა და მეც არაერთი ნატვრ ავიხდინე, მაგრამ ის, ის ქალის არამსგავსი მიმწარებდა სიცოცხლეს. ისიც ჩემი რანგის მოხელე იყო, ოღონდ კონკურენტი პარტიიდან.  ნამდვილი “სტერვა” იყო. უფროსებთან თანამშრომელთა დასმენა და ზურგსუკან მიწის გამოთხრა მისი ხელობა იყო. ორჯერ, კინაღამ სამსახური დამაკარგვინა. მისი მაქინაციების შესახებ ვერაფერს ვიგებდით. სხვა კი თითსაც ვერ გაანძრევდა, მას რომ არ გაეგო. ზოგადად, იცით პოლიტიკური კონიუქტურა როგორი რამაა?  როცა ვინმეს რაიმეში ამხელენ,  მის მეთოდებს საგულდაგულოდ იმახსოვრებენ. რათა მომავალში, თუკი მის ადგილს დაიკავებენ, გამოიყენონ.
ირონია, სარკაზმი, შანტაჟი, ზემოდან ცქერა, - ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობა იყო.  ერთხანობას ვფიქრობდი, რომ ეს ერთგვარი ფლირტი იყო, ჩემს შესაბმელად მოფიქრებული, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ყველას მიმართ ასთი იყო.

"ასე მგონია ზღაპარს იგონებს. ზედმეტად ზოგადად ყვება."- გაიფიქრა ლაშამ.

- იმდენად საზიზღარი პიროვნება იყო, დარწმუნებული ვიყავი, რომ საკუთარ დედასაც არ ეყვარებოდა. გველივით გამჭოლი და ცივი თვალები ჰქონდა.
მთელი ხუთი წელი ყოველდღიურად ვხედავდი მის საძაგელ სიფათს. ყოველ დილით იმ იმედით მივდიოდი სამსახურში, რომ მის თავს გადამხდარ უბედურ შემთხვევას გავიგებდი. მახსოვს ერთ ზამთარს სამსახურის შენობასთან ჩემს თვალწინ ფეხი აუცურდა, მოლიპულ ქვაფენილზე ინერციით დაენარცხა. მე კი საშინელი იმედგაცრუება ვიგრძენი, როცა დავინახე, რომ ცოცხალი ადგა, მხოლოდ რამდენიმე ნეკნის მოტეხილობით.
"ესენი მარის გამიჟებენ"- გაიფიქრა ლაშამ, როცა ცოლის შეშფოთებულ სახეს შეხედა.

შალვა მშვიდად განაგრძობდა:

- ტრადიციად გვქონდა, მაისის დასაწყისში ექსკურსიას ვაწყობდით.
იმ მაისს კლდოვანი ტერიტორიის დასალაშქრად წავედით. სხვათაშორის, სამსახურს გარეთ ცდილობდა მეგობრული ყოფილიყო, რამდენადაც ამის შესაძლებლობას შხამიანი ხასიათი აძლევდა.
გვერდიდან ვერ მოვიშორე, ძნელად გადასასვლელ ადგილებში ხელის შეშველებას მთხოვდა. ხან ხელკავით ჩამომეკიდებოდა და ტვინს მიბურღავდა უინტერესო საუბრით. როცა ხელს გამიშვებდა და გავუსწრებდი, მეხვეწებოდა დამეცადა.
ერთგან საკმაოდ ჩამოვრჩით ჯგუფს. ციცაბო ფერდობზე გაჭრილ ბილიკზე მივდიოდით. ის უკან მომყვებოდა. უცებ ცივი ხმით შეკივლა. მოვიხედე და ბილიკის მონაკვეთი ჩაშლილიყო, ფეხი აცდენოდა, გადავარდნილიყო და ხრამისკენ მისრიალებდა. "გველია და გველურად ამთავრებს"- გამეფიქრა. ზედ უფსკრულის პირას ამოსულ ნორჩ ხეს წაავლო ხელი. სხეულის ნახევარი უფსკრულში ჰქონდა ჩაკიდული. ფრთხილად ჩავირბინე დაბლა. წინადღეების ნაწვიმი მიწა რბილი და არასაიმედო იყო. ერთ, მოზრდილ ტოტს ჩავეჭიდე და ხელი გავუწოდე, მაგრამ ვერ მივაწვდინე. წამებში ათასმა აზრმა გამირბინა თავში. -“რა იქნება ახლა დადგეს ის სანატრელი მომენტი. რამდენი ადამიანი იგრძნობს შვებას. ბოლოს და ბოლოს სიკვდილი არც ისეთი საშინელებაა. ყველა კვდება. რა დიდი მნიშვნელობა აქვს როდის დადგება ფაქტი?! ვინ იცის, იქნებ მისთვის იმქვეყნად უკეთესი ყოფა იყოს.”
მისმა მუდარამ გამომარკვია. მთხოვდა ორი ნაბიჯით კიდევ ჩავწეულიყავი. ჩემს საყრდენ ხეს ვერ მოვშორდებოდი. სიცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩავიგდებდი. თანაც, მარჯვენა მკლავზე ნევრის ანთება ახალმოშუშებული მქონდა და დიდი დატვირთვა არ შეიძლებოდა. ვერ დავუშვებდი, რომ ტკივილი განახლებულიყო. "დაე, ღმერთის ნება აღსრულდეს!"-ამის გაფიქრება-ღა მოვასწარი და იგი  ბზრიალით გადაეშვა ხრამში...
  სიჩუმე ჩამოწვა.

- "ექსპრომტად მოიგონა, თნაც -უნიჭოდ"-გადაუჩურჩულა ლაშამ მარის. გოგო თვალებგაფართოებული უყურებდა მთხრობელს.
-რა იყო ბიძიკოებო? არ მოგწონვართ - მიმართა შალვამ მათ. - მეც ისეთივე ვარ, როგორებიც თქვენ ხართ. - სათნო იერი წაშლოდა სახიდან და მზაკვრულად იღიმებოდა.

ლაშამ მკაცრად შეხედა. მერე წამოდგა, მარის ხელი ჩაკიდა და უხმოდ წაიყვანა მდინარისკენ.
"საინტერესო სიუჟეტი კი გამოდნება ამ ამბისგან. -  აზრების დალაგება დაიწყო  -
ასე მგონია ჩემს საცდუნებლად შეკრეს პირი. ამიტომ ხომ არ იღიმოდა მარი წეღან ისე ეშმაკურად? მაგრამ სამ თანამზრახველს რამდენიმე საათში როგორ გაიჩენდა?.. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს...

მოთხრობას ასე დავიწყებ:  ყველას შეგვიძლია უკიდურესი სიკეთის და უკიდურესი ბოროტების ჩადენა... არა,მოიცა,  ასე ხომ არ აჯობებს? ყოველ ჩვენგანში თითო ნიკოლაი სტავროგინი ზის."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები