ნაწარმოებები



ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2017


ძველი ტკივილებიდან

ზოგჯერ ყველაფერს ზურგს ვაქცევ და
უკან მივდივარ,
რადგან ხანდახან ჩემი გზები მყუდროდ ირევა.
როგორც ტაძრის წინ -
გაპარული სამი თითიდან -
სუსტი პირჯვარი (მე თქვენს გვერდით)
ახლა ისე ვარ.

ისეც ხდება,რომ ჩემთან ახლოს სულით მოდიან,
მერე უბრალოდ მამადლიან ბედთან ჩივილსაც,
ბოლოს მტოვებენ
და ამიტომ ხშირად მგონია,
ყველა თვითმკვლელის
ვერ ნათქვამი სიტყვის ჩრდილი ვარ.

მე კი არც ვფიქრობ,
არც მადარდებს ჩემგან ვინ როდის - წავა,
წავიდა,
რადგან თვითონ არც კი მიცდია
წასვლა ვინმესგან
და უბრალოდ მუდამ ვცდილობდი,
რომ ცრემლებივით შემეკავა მათი დარჩენა,
ჩემთან,
რომ მაინც არ მტკენოდა,
ანდა პირიქით,
მათ არ სტკენოდათ ჩემი თავის ასე დაკარგვა,
მაგრამ ვფიქრობ და ახლა ვხვდები მართლაც ასე ვარ,
რომ ფრთებ მოტეხილ მერცხალივით ვერსად მივფრინავ.

ვრჩები იქ სადაც ყველაფერი არის უჩემო,
სადაც არავინ მომიკითხავს ყალბი სიტყვებით,
სადაც თვალებში მიყურებენ სველი ქუჩები,
სადაც უძილო ღამესავით ძვლებში ვიმტვრევი,


ჰო უფრო ხშირად ვაკვირდები,
მშობელს,
მეგობარს,
და უფრო ხშირად ჩემთვის უცნობ ხალხში ვერევი,
მე რომ მინდოდა,
ან პირიქით,
ან რომ მეგონა
დღეს არაფერი იმად არ ღირს,
ჰოდა შემეშვით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები