ნაწარმოებები



ავტორი: სოფო88
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 ნოემბერი, 2017


ხარკად ქცეული მზერა

სარკესთან ვზივარ, ჩემს თვალებს თვალებში გამჭოლად ვაცქერდები და ვხედავ...ჰო, ჩემს თვალებში ჩემივე შემფასებლური მზერით ვხედავ ჩემსავე განვლილ გზას. თვალები ყველაზე დიდი დღიურია, რომელშიც საკუთარი პიროვნების სული იწერება... თვალები ყველაზე დიდი წიგნია, რომლიდანაც წლებთან შეზრდილი "მე" იკითხება და ამ "მე"- სთან დაკავშირებული შავ-თეთრი რეალობაც!..
ისაუბრე მზერით,  ისმინე მზერით, გაეცანი და გამოიცანი მზერით. ბოლოს კი დაინახე...იმ ხედვით დაინახე, რომელიც სწორ ბილიკზე გაგიყვანს და სხვასაც არ გაუჭირდება შენს კვალზე ამაყად სიარული.
და მეც ვუყურებ...ვუყურებ და ვხედავ...სარკე თამამად ირეკლავს თაფლისფერ ნათებას, ოქროსფერ ტონს უმატებს ცხოვრების ოკეანეს, გამჭვირვალე სხეულით ღრმად წვდება დროსაგან  დალექილ გადაღლილ ფენებში და ააშკარავებს სულის საიდუმლოს...არსებობის სიამესა თუ შიშს!
ჰო, მე ვხედავ ამ ცოტათი გადაღლილი, უფრო მეტი სინათლეაკრეფილი და ყველაზე დიდი სიკეთით "დამძიმებული" მზერით. ვხედავ და ვფიქრობ რამდენად სწორია ჩემს თვალებში მოქცეული კონკრეტული სამყარო....ვფიქრობ და ვამბობ, რომ არ უნდა იყოს სიცოცხლესთან შეუსაბამო, ადამიანური ყოველდღიურობით  განებივრებულ და ამავე დროს გაცრეცილ სიცოცხლესთან...
ჩვენ, კაცობრიობა ცოდვაშერეული ხელთათმანებით ვცდილობთ ყინვისგან დაწითლებული თითების გათბობას და ვერც კი ვხვდებით როგორ ვფუთავთ სიყალბეს, ნარკოტიკივით როგორ შეგვყავს სხეულში გამღვალი სიცივე. თუმცა თვალები ძალდატანების გარეშე ამჩნევენ და ამჟღავნებენ ყოველგვარ განცდას, ისრუტავენ და აჩვენებენ  რეალურ სახეებს...
ხარკის გამცემია თვალები, ცრემლების სახით გასცემს სევდასა და სიხარულს, სინანულსა და სინათლეს, ვნებასა და სიყვარულს, წუთიერ თავდავიწყებას და სამუდამო ბედნიერებას... ჰოდა...შეწვდით, ხელი მოკიდეთ და აიღეთ, ვისაც რა გნებავთ, ვისაც რა გეკუთვნით! აკრიფეთ ეს ურიგოდ გაბნეული  შეგრძნებები! შეწვდით და მოირგეთ...მოირგეთ ხარკი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები