ნაწარმოებები



ავტორი: ზურა ბანი
ჟანრი: პროზა
5 ნოემბერი, 2017


ჯეელი სულმნათი და კვიცი

                                                            ჯეელი სულმნათი და კვიცი.

    შოთიკოს მამას, გაბრიელს, სალამურების პატარა საამქრო ჰქონდა მტკვრის პირას. იმ ადგილას მტკვარი საკმაოდ ხშირად რიყავდა  წაბლის ხის სველ  ტოტებს. შოთიკოს კარგად ახსოვდა როგორ აგროვებდნენ ის და მამამისი ხის კუნძებს სანაპიროზე, მერე მზეზე აშრობდნენ და გამომშრალს უკვე გაბრიელი ამუშავებდა და მათგან სალამურებს თლიდა.
      შოთიკოს მამამისი უკვე კვირეები იყო რაც არ ენახა და გადაწყვიტა ბოლოსდაბოლოს მოენახულებინა. როდესაც საამქროს მიუახლოვდა,  საკმაოდ უცნაური და უსიამოვნო სუნი ეცა.  საამქროს კარები შეაღო თუ არა, სუნის მიზეზს იმწუთში მიხვდა -  საამქროს ისედაც პატარა ოთახში თეთრი კვიცი გაშოტილიყო.
  - მამა,აქა ხარ?- დაიყვირა შოთიკომ
  - ხო ჩემი ბიჭი, ჩამოხვედი მამიკო? - ხმაზე იცნო გაბრიელმა უმცროსი ვაჟი და ხელების შარვალზე წმენდით გამოვიდა მეორე ოთახიდან.
  - მამა, ეს რა არის? - მიუთითა ცხენზე შოთიკომ.
  - კვიცია. გულნარა. ასე დავარქვი. მოგწონს? - კვიცს კისერზე მოეფერა გაბრიელი.
  - აქ რატომ წევს?
  - აბა სად უნდა იწვეს შვილო, ბოსელი მე არა მაქვს და საცხენე?
  - რა საცხენე მამა, რა უნდა აქ კვიცს. შენ თვითონ ძლივს ეტევი.
  - აბა რა ვუყო, შვილივით შემიყვარდა და გარეთ ხომ არ გავაგდებ მგლების საჯიჯგნად, ისედაც მტრად ყავს გადაკიდებული ეს მგლები.
  - მგლები რა შუაშია? - გაიკვირვა შოთიკომ.
  - არ იცი ეგ ისტორია? თუმცა საიდან გეცოდინება, სიზმარში ხომ არ ნახავდი. მოდი ჩამოჯექი, მოგიყვები. ჭამა ხომ  გინდა, მშიერი იქნები.
  -არა მამი, ჯერ არ მშია. საგზალი მქონდა წამოღებული. - ცხენის გვერდით კუნძზე  ჩამოჯდა შოთიკო და ცხენს ხელი გადაუსვა - რა ისტორია იყო, მომიყევი აბა.
  - რა იყო და იმ დღეს სალამურების მუშტარს ველოდებოდი - დაიწყო მოყოლა გაბრიელმა - გარეთ ვიდექი, როდესაც მთის ძირში მეზობლის, გოჩას სამი ცხენი დავინახე, მათგან ერთ-ერთი კვიცი იყო, აი ეგა, რომ წამოკოტრიალებულა აქ. - მიუთითა კვიცზე  - ხოდა ტყის პირიდან ერთ დაჩაჩანაკებული მგელი გამოძვრა, ეგ მგელი აქ დაიარებოდა, ფრინველს დასდევდა, სხვას ვერ ერეოდა. იმ დღეს ეტყობა ეგ მგელი დიდ გულზე იყო და ცხენებისკენ გაიწია. ცხენებმა უკან არ დაიხიეს და ფლოქვებით ჩაქოლვა დაუწყეს. ზუსტად ამ დროს კლიენტიც გამოჩნდა და საამქროში შევიყვანე სალამურების სანახავად. კლიენტთან საქმეს რომ მოვრჩი, გარეთ გამოვედი. საამქროს ეზოში ბავშვები ერთმანეთს რაღაცას აღტყინებული უყვებოდნენ. მე რომ დამინახა, პატარა ლაურა ჩემსკენ გამოიქცა,  ჩვენი გოჩას  შვილიშვილი.  ხელი  მთის ძირისკენ  გაიშვირა და მოყოლა დამიწყო -“გაბრიელ ბაბუა, გაბრიელ ბაბუა, მთის ძირში კვიცი გვამზე ხტისო”, “ რა კვიცი გვამზე ხტისო?” - ვერ გავიგე მე. ამ დროს სხვა ბავშვებიც მოიდნენ და მომიყვნენ, თურმე ამ ცხენებს ის საწყალი მგელი ჩაუქოლიათ და მოუკლავთ, მერე ეს კვიცი მისულა და მგლის გვამზე დაუწყია ხტუნაობა. ეს დაუნახიათ სხვა მგლებს და დარევიან ცხენებს და სულ დაუგლეჯიათ, მაგრამ ამ კვიცს მოუსწრია გაქცევა და გოჩას სახლში შევარდნილა, გოჩას კი რაღაცნაირად მოუხერხებია მგლების გაყრა. - დაასრულა გაბრიელმა მონაყოლი.
  - მერე შენთან როგორ მოხვდა ეგ კვიცი?
  - დათვრა იმ საღამოს გოჩა და უცხენებოთ კვიცი რად  მინდაო და მაჩუქა.- უპასუხა გაბრიელმა და სალამურებს მიუბრუნდა.
  - საქმე როგორ მიდის, იყიდება სალამურები? - თემა შეცვალა შოთიკომ.
- მიდის რა ნელ-ნელა, არ ვწუწუნებ. - უპასუხა გაბრიელმა და კარადიდან ღვინის დოქი გამოიღო.  ამ დროს სახლის კარები გაიღო და ოთახში მაღალი, წვერებიანი მამაკაცი შემოვიდა. გაბრიელი ფეხზე წამოდგა და შემოსულს ხელი ჩამოართვა.  - გაიცანი, ჩვენი ახალი მეზობელია - გააცნო გაბრიელმა მეზობელი შვილს        - აბაზგინეთიდან ჩამოსახლდა.კარგი ადამიანია, ასკაცა ქვია. ქართულიც იცის.
- გამარჯობა, შოთა,შოთიკო. - გაუწოდა ხელი შოთიკომ.
- გაგიმარჯოთ, ასკაც აფსა. მამათქვენის ახალი მეზობელი გახლავართ. .- ოდნავი  კავკასიური აქცენტით უპასუხა ასკაცამ.
- ასკაც, თითო ჭიქის დალევაში ხომ დაგვიამხანაგდები?- ღვინის დოქი დაანახა გაბრიელმა.
- რატომაც არა,ის კი არა სახლში მეუღლის დამზადებული აფხაზურები მაქვს, ბავშვს გადმოვატანინებ.- პატიჟი არ დაუწყია ასკაცს, ღია კარში თავი გაყო და ბავშვს დაუწყო ძახილი - ანბუხარ...ანბუხარ,გამოიხედე ერთი - მეზობლის სახლის კარი გაიღო და ბავშვის თავი გამოჩნდა და იმის მაგივრად რომ მამამისისთვის მოესმინა, უეცრად ბღავილი მორთო - მამააა, მამააა, პაპიიი, მოდი, მოდი, მალეეეე!
  შეშინებული ასკაცა მყისიერად გამოვარდა გაბრიელის სახლიდან, მას უკან შოთიკო და გაბრიელი აედევნენ.
- რა იყო, რა მოხდა? - კარებში შესვლისთანავე იყვირა ასკაცამ.
- მამი, გველი, გველი იყო აქ. - ბავშვები და ახალგაზრდა ქალი, ალბათ დედა, კუთხეში მიყუჟულიყვნენ და ოთახის მოპირდაპირე კუთხისკენ იშვერდნენ ხელს. ასკაცმა იქვე მიუდებულ ბუხრის საჩიჩქნელ ჯოხს წაავლო ხელი და ოთახის კუთხეს მიუახლოვდა.- აბა სადა, დამანახვეთ. მიუბრუნდა ბავშვებს. - აგე იქ იყო მამი, იმ ნახვრეტიდან ჰქონდა თავი ამოყოფილი. - დაანახვეს ნახვრეტი. - მართლა გველი იყო, ჩამილ? - მიმართა ასკაცამ მეუღლეს,
- კი, მეც დავინახე, ისეთი საზიზღარი იყო - მიუგო მეუღლემ.
- მე ვიცი მაგას რასაც ვუზამ, მამალი ხომ გვყავს, ჩამილ? - .გაბრაზდა გველზე ასკაცა.
- კი როგორ არ გვყავს, მაგრამ მამალი რას უშველის?
        - მამლის ენა დაგვჭირდება, შაქარი და ცეცხლი.
- მამალს ენა სადაა აქვს, ასკაც ბიძია? - დაეჭვდა შოთიკო.
- როგორ არაა აქვს, პატარა ენა აქვს, არ გინახიათ? ეხლავე ამოვაჭრი მამალს და აქ მოვიტან. - უპასუხა . ასკაცამ, შემდეგ დანას სტაცა ხელი და გარეთ გავარდა. ცოტა ხანში დაბრუნდა, ხელში  მამლის პატარა ენა ეჭირა. მერე ჩამილას შაქარი დააყრევინა რკინის თეფშზე და ენა შაქარში მოზილა. - ამას ცოტათი მოშუშვა უნდა, აბა ბუხარი გაახურეთ.
მალე ოთახში დამწვრის სუნი დადგა. ასკაცამ ჩანგლით აიღო  შაქარში მოშუშული მამლის ენა და კედელში გაკეთებული ნახვრეტისკენ წაიღო.
- რას უზამს ენა ეხლას მაგას? - დაინტერესდა შოთიკო.
- რას უზამს? რას უზამს და გველს ხვრელიდან ამოიყვანს ენა ტკბილად მოშუშული, აგერ ნახავთ თუ არა, პირველად კი არ ვაკეთებ.- უპასუხა ასკაცამ და მოშუშული ენა გველის გაკეთებულ ხვრელში ჩააგდო.
- მერე ოთახში შემოვარდებიან ასკაც,რას აკეთებ?! - დაიყვირა გაბრიელმა.
- არა, ნუ გეშინია, ხვრელის მეორე ბოლოდან გამოვლენ და აქაურობას აღარც მოეკარებიან. - დაამშვიდა ასკაცამ.
ცოტა ხნის შემდეგ ასკაცამ ხვრელი მიწით ამოქოლა და სტუმრებს თავისი არაყის დაჭაშნიკება შესთავაზა. გაბრიელმა და შოთიკომ თავიდან იუარეს, მაგრამ მერე ჩამილაც შეუჩნდათ და ისინიც სუფრას მიუსხდნენ.
ქეიფს რომ მორჩნენ, უკვე კარგად გვიანი იყო. გაბრიელი და შოთიკო ბანცალ-ბანცალით სახლისკენ მიდიოდნენ.
- შოთიკო, შვილო, ხომ ხედავ რა ვაჟკაცი კაცია ასკაცა. ქართველი არ არის მაგრამ ბევრ ქართველს მირჩევნია ისეთი ყოჩაღი, დაუზარელი და საქმის გულით გამკეთებელი კაცია. აბა ის ჯობია, ეს ჩვენი ხალხი დღე-და ღამე უსაქმურად რომ ყრიან და მთელ ცხოვრებას  ლაზღანდარობაში და ნაძრახობაში რომ ატარებენ? როგორც ცხონებული ბაბუაჩემი იტყოდა, სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიცოცხლე სახელოვანიო! აბა მაგათი ცხოვრება ცხოვრებაა? წადი რა რამე გააკეთე, ხალხს შენი სახელი დაამახსოვრე რამეთი,.ვაა!
ამასობაში სახლს მიუახლოვდნენ. გაბრიელმა კარი გამოაღო და სანთლის ანთება დაიწყო. შოთიკომაც შედგა ფეხი სახლში, მაგრამ  თოკისავით რაღაცას წამოკრა ფეხი და პირდაპირ იატაკზე გაწოლილ კვიცზე გაიშოტა. ამასობაში გაბრიელმა სანთელიც აანთო.
- რა არის, რა მოგივიდა? ადექი, რას აწევხარ მაგ კვიცს, ბალიში კი არ არის. - გაუკვირდა გაბრიელს.
- რა ვიცი, რაღაც თოკი ეგდო მანდ და ფეხი წამოვკარი.- უპასუხა შოთიკომ.
- თოკს რა უნდოდა აქ? - გაუკვირდა გაბრიელს და სანთელი იატაკს დაანათა.- აუ, შენი დედა ჩავაძაღლე მე, შენი - წამოიყვირა გაბრიელმა და რაღაცის ფეხით კარებისკენ გათრევა დაიწყო.
- რა არის მამა, რა ხდება? - წამოდგა შოთიკო.
- რა არის და გველია,
- არ გიკბინოს, ფეხს ნუ ურტყამ ! - შეეშინდა შოთიკოს.
- არ გავს ცოცხალს,არ ინძრევა. - გაბრიელმა სანთელი ახლოს მიიტანა გველთან.- თავი აქვს დაჩეჩქვილი, ვინ დაუჩეჩქვა ნეტა?- გაუკვირდა გაბრიელს და კვიცისკენ შეაბრუნდა. - ეს რატომ არ იღებს ხმას ნეტავი, ? - დახედა კვიცს გაბრიელმა და თავზე ხელი გადაუსვა.
- ძინავს ალბათ? - შიშნარევი ხმით შეეკითხა შოთიკო.
- ძინავს კი არა, მოვკლავ იმ ასკაცაა თუ ერთკაცას, ხედავ ამას? - სანთელი კვიცის კისერთან მიიტანა და სისხლიანი წერტილი დაანახვა შოთიკოს. - ასკაცას დაბოლილ გველს ეტყობა ჩემს სახლში გამოუთხრია ხვრელის მეორე ბოლო  და  ჩემი კვიცისთვის უკბენია..
- გადარჩება მერე გულნარა?
- რას გადარჩება, ცივია ვერ ხედავ. მკვდარია, მკვდარი. ეტყობა სიკვდილის წინ თავი კი გაუჩეჩქვა ამ უხსენებელს, მაგრამ თვითონაც მოკლა ამის შხამმა. ვახ ასკაც, რას გიზამ რომ იცოდე, ამ გველით მიგახრჩობთ შენ და შენს ცოლს, გაბრაზებული წამოხტა გაბრიელი და კარებთან მიგდებული უსულო გველი აიღო. - ასკაც მოვდივარ! - დაიღრიალა კარებში გასვლისას.
შოთიკომ ერთი კი დააპირა მისი შეჩერება, მაგრამ მიხვდა რომ ვერ დაიჭერდა სიკვდილს მოწყურებულ მამამისს  ასკაც აფსას სახლისკენ მიმავალი ვიწრო გზაზე  და იქვე მინდორზე წამოგორდა. სანამ ჩაეძინებოდა,  დიდხანს ჩაესმოდა ასკაცის სახლიდან ბავშვების წივილ-კივილი და დიდების ბღავილი და ხრიალი, მაგრამ მერე ყველაფერი ჩაწყარდა და შოთიკოც ტკბილ ძილს მიეცა.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები