ნაწარმოებები



ავტორი: ბუცეფალი
ჟანრი: პროზა
5 ნოემბერი, 2017


მიწა მეცხრე სართულიდან


მიწა მეცხრე სართულიდან

    დედა სახლში ყოველთვის გვიან ღამით,გადღაბნილი ტუჩსაცხითა და საოცრად დაღლილი სახით ბრუნდებოდა. ყოველთვის ველოდებოდი.
  სამზარეულოში ჟამთასვლისაგან ულმობლად გახუნებულ სავარძელზე ვიჯექი და ვუცდიდი როდის დაიჭრაჭუნებდა ენაჩავარდნილი კარის საკეტი. დედა უცნაური ქალი იყო. ბევრჯერ ჩაუდია თავისი ორიოდე წითელი ატლასის კაბა ტყავშემოგლეჯილ ჩანთაში და სახლიდანაც ხმაამოუღებლად ბევრჯერ გავარდნილა,მაგრამ ხმაურიანი კარი ყოველთვის იღებოდა მეორედ და სახლში კვლავ ბრუნდებოდა იგი - დაღლილი და უემოციო. ჩემს უკანაკნელ დაბადების დღეზე(სამი თუ ოთხი წლის წინს)მწვანეყდიანი,დიდი ასოებით ნაბეჭდი წიგნი მაჩუქა სადაც ძალიან ბევრი უცნაური და ჩემთვის გაუგებარი ამბავი ეწერა. მაგალითად,როგორ იბადება ურთიერთგნსხვავებული ემოციები,რა იწვევს ნერვული სისტემის ქმედუნარიანობის მოშლას და ა.შ. მაგრამ ყველაზე მეტად იმ ადგილის კითხვა მიყვარდა სადაც ბედნიერების აღქმაზე იყო საუბარი. ერთხელ ვკითხე, როდისაა ადამიანი ბედნიერი მეთქი? დაღლილი თვალებით გაოცებულმა დამიწყო ყურება.
-არ ვიცი - მიპასუხა მკვახედ და თვალები შაქრის ნატეხივით თეთრ ჭერს მიაპყრო. მე იმწამსვე მივხვდი, ჩემი თავიდან მოშორება გადაეწყვიტა,მაგრამ არ მოვეშვი და კითხვა ისე გავუმეორე, როგორც ბავშვმა, რომელიც ქუჩაში ნაყინის ყიდვას სთხოვს მშობლებს. დიდხანს არც უფიქრია,ლოგინიდან წამოიწია,ხელებს დაეყრდნო და მიპასუხა:
- ალბათ მაშინ როდესაც იცინის...
  დიდხანს მიყურა ყველანაირი ემოციისგან დაცლილი თვალებით;თანაც აშკარა იყო,სულ სხვა რაღაცაზე რომ ფიქრობდა. უცნაური სიჩუმის დასარღვევად ვკითხე ეგ რანაირად,წიგნში ხომ სულ სხვანაირად ეწერა მეთქი და კარადიდან წიგნის ამოღება რომ დავიწყე,მაშინ ძლიერად ჩამჭიდა მკლავში ხელი და საოცრად თბილად გამიღიმა. თან განუწყვეტლივ იმეორებდა: იმედია ახლა მაინც გაიგეო. დიდხანს იღიმოდა დედა და მეც ძალიან დიდხანს ვიტყუებდი თავს მისი ფარსი ღიმილით.
-კი მაგრამ ბედნიერი მაინც არ ყოფილხარ - ვუთხარი გაუცნობიერებლად. ოთახი ყრუ ქვითინის ხმამ აავსო და მე მიკვირდა სად დაიკარგა ასე უეცრად სიჩუმე...
  დედა ამ ბოლო დროს ხშირად ტირის. აბაზანაში საათობით იკეტება და იქიდანაც აძევებს სიჩუმეს,რომელიც ნელა,ფეხაკრეფით მოიპარება ჩემი ოთახისკენ,გვერდით მიჯდება და მაიძულებს უსახლკარო ცხოველივით შევიფარო.  ამ ბოლო დროს, იმდენად დავმეგობრდით,ხანდახან მეჩვენება კიდეც რომ მთელი  ცხოვრებაა მას ვიცნობ.  დედა სანამ „ასეთი“ გახდებოდა ხატავდა. ხატავდა სისხლიან მზეს, ყინულივით ცივ ზღვებსა და თავის გოგონას, ცისარტყელით ხელში.  ხატავდა ყოველსაღამოს,ყოველდღე. მაშინ,როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ხატვა,იღებდა ხელში თავის ლურჯულვაშა ფუნჯს და ნელ-ნელა იცლებოდა ემოციისგან.
  რამდენიმე დღის წინ ვნახე ტარმოტეხილი ლურჯულვაშებიანი ფუნჯი. ვიფიქრე, ვაჩვენებ მეთქი,მაგრამ ახლოსაც არ მიკარებს,გამუდმებით ფანჯარასთან ზის და სადღაც სივრცეში იყურება.
ერთხელ მითხრა, ამქვეყნად თითქოს უმნიშვნელო ადამიანები, ხანდახან ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცებს ქმნიან,მაგრამ არასდროს უნდა დაივიწყონ,რა შექმნეს და რისთვისო. კარგი იქნებოდა თავადვე გაეთვალისწინება,მაგრამ არაუშავს. დრო რომ იქნება,ალბათ შევახსენებ როგორ გაატანა საკუთარი თავი თავის უკანასკნელ ნახატს,ორივე ერთად მთელი სიყვარულით რომ წლები ვქმნიდით,მან კი ფურცელზე გადმოტანილი გრძნობა ფულზე გადაცვალა.
...

  ის  ღამეც  ერთად გავატარეთ მე და სიჩუმემ.
დედის ოთახი კვლავ აევსო ძლივსაღსაქმელ ქვითინს.



  .............................................................................................................................................................

      ფატი ჩემ წინ ზის,პირქუშად მიყურებს და მელოება როდის ვკითხავ აქ რატომ ზიხარ      მეთქი,თუმცა ამჯერად ჩვეულზე მეტად ჩუმად ვარ. უკმაყოფილოდ ათვალიერებს ოთახს,ხანდახან მაგიდას ხელს გადაუსვამს და თავის ქონიან თითებზე მტვერს რომ მოკრავს თვალს, სინანულით ევსება გული. ფატი ჩემი კარის მეზობელია. როდესაც დედა ბრუნდება ყოველთვის ფანჯრიდან უყურებს და გამუდმებით ვალის დაბრუნებას სთხოვს,თუმცა ყოველთვის იცის,რომ ვერ გადაიხდის დედა.
-დედაშენი სად დაეთრევა? - მეკითხება უკმეხად,თან ისე რომ ისევ თავის თითს ათვალიერებს და დამწუხრებული აქნევს თავს აქეთ-იქით.
-საქმეზე.
-ვიცი მე მაგის საქმეები...გუშინაც გვიან ღამით დაბრუნდა ვიღაც კაცთან ერთად - მითხრა სავსებით კმაყოფილმა და ქონიანი თითი ფარჩის კაბაზე შეიწმინდა - იმედია სახლში რომ მოდის,ახსენდება მაინც რომ შვილი ჰყავს.
-არაფერი მესმის - ვუთხარი და ისეთი სახე მივიღე,როგორც ბავშვმა,რომელმაც ახლახანს აღმოაჩინა რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს
- კარგად გიჭირავს თავი- მითხრა და ნიშნისმოგებით შემომხედა.
- უბრალოდ მართლა არ მესმის შენი... არ გვაქვს ფული.შეგიძლია რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს დაელდო,მაგრამ იმავეს გეტყვის როდესაც დაბრუნდება.
- შენ საიდან იცი,რომ ჩემი ვალი აქვს?
- გუშინ მის ოთახში ვნახე ფურცელი. ფული იყო გადახვეული და შენი სახელი ეწერა - ვუთხარი და მაშინვე ენაზე ვიკბინე მწარედ. მეგონა დაჟინებით მომთხოვდა წადი და გამომიტანეო,მაგრამ ფატიმ პატარა ბავშვივით შემომხედა,დაბნეული ბავშვივით,სიცრუე რეალობისგან რომ ვერ გაურჩევია და პასუხებს ითხოვს. თუმცა იგი არც პასუხებს ითხოვდა და მით უმეტეს არც სიცრუის გარჩევა უჭირდა რეალობისგან; მძიმედ ადგა, კაბა შეისწორა და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა. მე უკვე აშკარად ვგრძნობდი მისი ოფლის სუნს,თუმცა კი ყოველთვის მეშინოდა ამ ქალის, ეს სიახოვე სულაც არ იყო მაშინ საშიში. თმაზე ნელა შემახო თავისი მხურვალე ხელი და მკერდზე მიმიკრა. სხეულში უცნაურმა სითბომ დამიარა და მთელი არსებით ჩავეხუტე ადამიანს,რომელსაც რამდენიმე წუთის წინ სიამოვნებით გავარტყამდი ხელს სახეში...
                                                                ფატი ისე გავიდა ოთახიდან უკან არც კი მოუხედავს...

      ....

        რამდენიმე დღეა დედა ადრე ბრუნდება სახლში - აღარც დაღლილი სახე აქვს და აღარც გადღაბნილი ტუჩსაცხი უსვია, თუმცა საღამოობით მაინც იკეტება ოთახში და ტირის. ალბათ დროდადრო ესეც გადაუვლის და გაიღიმებს. დღეს დამიძახა, თმის დავარცხნაში დამეხმარეო, მთხოვა და ნაზად მომაწოდა სავარცხელი. გაკვირვებულმა შევხედე ჯერ სავარცხელს და შემდეგ მას. იგი ძლივსშესამჩნევად იღიმოდა და ნაზად ისწორებდა თმის ბოლოებს. მიკვირს ასე მალე,როგორ შეიცვალა,მაგრამ მთავარია რომ შეიცვალა და თუ ისევ ისეთი გახდება,როგორიც მახსოვს უბედნიერესი ადამიანი ვიქნები.
-ამას წინათ რომ ის ძველი ფუნჯი მაჩვენე,შეგიძლია მოიტანო? - მკითხა და ეს იმდენად მოულოდნელად მოხდა,რომ მე უცბათ დავიბენი.
- კი,როგორ არა - ვუპასუხე,სავარცხელს ხელი გავუშვი და ლურჯულვაშა ფუნჯის მოსატანად გავიქეცი... დედას უკვე გაემზადებინა, პატარა უხეში ტილო და მტვერდადებულ საღებავებს წმენდდა გულმოდგინებით. თავი ზღაპარში მეგონა... ფუნჯის დანახვაზე მოურიდებლად გამიღიმა. შემდეგ ფუნჯი ჩამომართვა,სკამზე მოკალათდა და თავით მანიშნა ჩემ გვერდით დაჯექიო. დედა იღიმოდა და უხვად მასაზრდოებდა ბედნიერებით.
- მაშ ასე,ქალბატონო... რა დავხატოთ? – მხრები ავიჩეჩე,არ ვიცი, რაც შენ გინდა მეთქი.
- ესეიგი მე მომანდობ მაგ საქმეს? - დედამ ფუნჯი ტუჩებთან მიიტანა და ღრმად ჩაფიქრდა. - მახსოვს პატარა რომ იყავი, პარკში წაგიყვანეთ. იქ უამრავი გასართობი იყო,მაგრამ რატომღაც ჯორზე დაჯდომა მოგინდა - პატარა,შენზე უფრო დაბალ ჯორზე,ძლივს რომ იდგა ფეხზე და საწყალი თვალებით იყურებოდა ირგვლივ. მახსოვს რომ მაშინ ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყავი... დიდი ხანია არ დამიხატავს,არ ვიცი როგორი გამომივა. იმედია ძალიან სასაცილოც არ იქნება- მითხრა და ვირტუოზულად შეათამაშა ფუნჯი ხელში. დედა ხატავდა დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ფერებითა და გრძნობებით. ხატავდა და მე ვგრძნობდი,თუ როგორ უბრუნდებოდა ძველებური მშვენიერება,ესოდენ დიდი ხნით დაკარგული და გაუჩინარებული. ხატავდა დედა მე ვხედავდი ქალს,რომელმაც ძალიან ბევრ ტკივილს გაუსინჯა გემო,მაგრამ ახლა ჩემ გვერდით იჯდა ყველაზე ლამაზ ნახატს მიძღვნიდა. მე ვუყურებდი ადამიანს,რომლის ხელახალი დაბადების პირდაპირი მოწმე ვიყავი. მე უბრალოდ დედაჩემს ვხედავდი - ბაგეგახსნილს,ცრემლშეშრობილსა და უბრალოდ ძველებურს.

  მეცხრე სართულიდან მოკრძალებულმა ბედნიერებამ იხილა მზის სინათლე...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები