ნაწარმოებები



ავტორი: სოფო88
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 ნოემბერი, 2017


ღიმილის თავისუფლება!

ვიღიმი...ვიღიმი მუდამ...ყოველთვის და ყოველგან...ვიღიმი იქ, სადაც ყველას უხარია, რათა ჩემი ღიმილით სხვებთან ერთად მეც შევეხო სიცოცხლის უხილავ თუ ხილულ სიმებს. ვიღიმი იმ წუთს, როცა არსებობა  რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე გვაყენებს, როცა ღიმილი კი არა ფიქრი, ყურადღება და გაფაციცებული მზერაა საჭირო, მე კი მაინც ვიღიმი, ერთადერთი მიზნით-კულმინაციას მზად შევხვდე, მოჭარბებულმა ემოციამ რომ არ შთანთქას ჩემი არსება...ღიმილი აუცილებელია, თუნდაც დასასრული დასასრულს გავდეს...ღიმილით ხელახალი იმედი იბადება, ჩვილის არტახებით სათუთად შეფუთული და დაუბინძურებელი.
ვიღიმი მაშინაც, როცა ირგვლივ ყველა ტირის, გიჟი არ ვარ, არც უბედურებების მოყვარული, უბრალოდ ვიღიმი, რათა ჩემმა ერთმა იმედიანმა სიტყვამ მაინც შეძლოს მდგომარეობის შემსუბუქება, ღიმილის გარეშე კი სიტყვა თავის მიზანს ვერ მიაღწევს, ცარიელი იქნება ის, დიდი ხნით მიტოვებული სახლივით, პატრონს, რომ აღარაფრად უღირს და დროისთვის მიუგდია საჩიჩქნად სამადლო ლუკმასავით. აი, ამიტომ ვიღიმი, თუმცა სხვაფერია ამგვარი ღიმილი.
ვიღიმი მაშინაც, როცა მე თავად მტკივა, როცა უსიხარულობა მინამავს თვალებს, როცა გულთან ერთად სულსაც ეშინია...სულსაც ეშინია უინტერესობის, უსასრულობის. ვიღიმი, რათა ცრემლგაჩხერილ თვალებს ცოტა სხივი მაინც ვაჩუქო, სხვებისთვის ზიზღის მომგვრელი რომ არ იყოს ეს უსურვილოდ შობილი ნამი!..
ღიმილი თავისუფალია, არ იზღუდება, არ გვითანხმდება როდის გააცისკროვნოს ჩვენი ბინდშეპარული სული, როცა უნდა და სადაც უნდა მაშინ გადაწვება თბილ ბაგეზე დაღლილი კაცივით და ფერადად არეკლავს თვალებში ლოცვას...ჰო, მხურვალე ლოცვის მსგავსია ღიმილი, როგორც ლოცვისას ვიფარებთ სიკეთის მანდილს, ასევე  ვმოსავთ უბიწოებით ჩვენს მზერას ღიმილის ფრთებით. შეუძლებელია ღიმილის დაფარვა, როგორც არ უნდა ვეცადოთ, ის მაინც თამამად იცეკვებს წამწამთა დაკვრისას.
ღიმილი სიცოცხლეა, ღიმილი ბედნიერებაა, ღიმილი თავისუფლებაა...ერთად თავმოყრილი ღიმილიანი თვალებია დაუსრულებელი თავისუფლება...ჰოდა გავიღიმოთ "ყოველთვის, ყოველ დროს და ყოველგან"... სიცოცხლე, ბედნიერება და თავისუფლება ჩვენს ხელთაა, ჩვენვე შეგვიძლია მათი გაშლა და გამარადიულება. გავიღიმოთ...გავიღიმოთ და ვიფრინოთ უფრთოდ! გავთავისუფლდეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები