ნაწარმოებები



ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2017


...

და სანამ ქარი წამიღებდეს;
და სანამ წვიმა წამლეკავდეს;
სანამ სიტყვები ჩამკირავდნენ
შენი პოეზიის გალავანში;
უნდა მოვიდე და შემოგხედო;
უნდა შემოგიდგე ბებერ მხრებში;
უნდა მოვიდე და მოგეფერო -
გაგიძლიერო ფრთები...
სანამ უშენობა დამანგრევდეს;
სანამ ჩამომშლიდეს ძველ კოშკივით;
სანამ აპრილია მოსასწრები,
ატმის სულმთრთოლვარე ყვავილებით -
უნდა მოვიდე და მოგეხვიო;
უნდა მოვიდე და დაგიტოვო;
სულში ჩაგიკირო მარადისად,
ჩემი ოცნებების კირითხუროვ...
ყველა ბილიკი და ყველა გზა და
ყველა დაბრკოლება ნანახია;
თითქოს რაღამ უნდა გაგვაკვირვოს,
ჩვენ - ბედისწერისგან ნაგვემები...
ჰოდა, მოვალ მაინც,
მოვალ ისევ,
მოვალ და გაზაფხულებს დაგპირდები;
რომ ამოგიშენო გალავანი;
რომ გაგიძლიერო უფრო ფრთები;
რომ მოვიდე და შემოგხედო,
გითხრა: სიკვდილს იქით მეყვარები...
სანამ ქარი უფრო წამიღებდეს,
სანამ წვიმა უფრო წამლეკავდეს,
სანამ სიტყვები ჩამკირავდნენ
შენი პოეზიის გალავანში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები